მთავარი,სიახლეები

ჩემი ქმედება გამოაჩენს გაყიდული ვიყავი თუ არა – გახარია გუნდის ყოფილი წევრი ბათუმიდან

03.12.2021 •
ჩემი ქმედება გამოაჩენს გაყიდული ვიყავი თუ არა – გახარია გუნდის ყოფილი წევრი ბათუმიდან

„არავის არაფერს არ ვუმტკიცებ“ – უთხრა „ბათუმელებს“ დღეს, 3 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს წევრმა, ირაკლი თავდგირიძემ. იგი დამოუკიდებელი დეპუტატია მას შემდეგ, რაც დატოვა პარტია „გახარია – საქართველოსთვის“.

„არც ერთი პარტიის კუთვნილება არ ვარ. თუ ჩემი ხმა იქნება გადამწყვეტი, რა ფორმით შეიქმნება უმრავლესობა, იმის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას. არც ერთ პარტიასთან არ ვარ, დამოუკიდებელი დეპუტატი ვარ.

ამ ეტაპზე არც ოპოზიციას არ აქვს უმრავლესობა არც „ქართულ ოცნებას“. კონსულტაციები იქნება და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – უთხრა ირაკლი თავდგირიძემ „ბათუმელებს“.

კითხვას, მიიღო თუ არა პარტია „საქართველოსთვის“ დატოვებაზე გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ, ირაკლი თავდგირიძემ ასე უპასუხა:

„არც ზეწოლის, არც მოსყიდვის, ეს არის პოლიტიკური განცხადება მხოლოდ. ჯერჯერობით ვარჩევ დუმილს ამასთან დაკავშირებით. მინდა, რომ საქმე მივიყვანო ბოლომდე. ჩემი ქმედება გამოაჩენს მე გაყიდული ვიყავი, მოსყიდული ვიყავი თუ ქალაქისთვის მივიღე გადაწყვეტილება. არავის არაფერს არ ვუმტკიცებ, ეს არის პოლიტიკა, ყველას შეუძლია პოლიტიკური განცხადება გააკეთოს“.

ირაკლი თავდგირიძემ ბათუმის საკრებულოში შესვლის წინ დატოვა პარტია. ოფიციალური მიზეზი: არ სურს თანამშრომლობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ლელოსთან“.

ირაკლი თავდგირიძის პარტიიდან წასვლის შემდეგ გახარიას გუნდმა განაცხადა, რომ „გასაყიდი უნდა გაიყიდოს“.

დღეს ბათუმის საკრებულოში პირველი სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

____

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს ბათუმის საკრებულოში 19 წევრი უნდა ჰყოლოდა, ხოლო „ქართულ ოცნებას“ 16 წევრი. მას შემდეგ, რაც ირაკლი თავდგირიძემ გამოაცხადა, რომ გახარია პარტიას ტოვებს და ასევე გარდაიცვალა ენმ-ს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე, მანდატები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 16 მანდატი, ენმ – 14 მანდატი, „გახარია საქართველოსთვის“ – 2 მანდატი, ლელო – 1 მანდატი, დამოუკიდებელი კანდიდატი – 1 მანდატი.

ბათუმის საკრებულო 35-წევრიანია. ნუგზარ ფუტკარაძის შემცვლელის ასარჩევად არჩევნები შემდეგი წლის მაისში გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: