2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებიდან თითქმის 7 თვის შემდეგ, დღეს, 30 მაისს, ბათუმის საკრებულომ აირჩია საკრებულოს თავმჯდომარე და მუშაობას შეუდგა.
ბათუმის საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი შეიცვალა – თვითმმართველობის მმართველი ორგანო აღარ არის ოპოზიციური, როგორც ეს 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად იყო. 35 წევრისგან შემდგარ საკრებულოში ახლა 17 წევრი მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, 17 – ოპოზიციას, ხოლო 1 წევრი უპარტიოა, თუმცა „ოცნების“ მხარდამჭერი.
საკრებულოს თავმჯდომარე „ოცნების“ კვოტით აირჩიეს.
ამ მოცემულობამდე ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულომ რამდენიმეთვიანი გზა გაიარა. ამ სტატიაში ქრონოლოგიურად მოგიყვებით იმაზე, თუ როგორ იქცა ბათუმის ახალი მოწვევის ოპოზიციური საკრებულო „ოცნების“ საკრებულოდ.
- 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგები
2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას ჰქონდა. მათგან 15 წევრი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა, 3 – გახარიას პარტიას და 1 – „ლელოს“.
16 წევრი ჰყავდა „ქართულ ოცნებას“.
წინასწარი შედეგების გამოცხადებიდან მოკლე ხანში, საკრებულოს შეკრებამდე, ბათუმში პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს განხილვა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისაღები იქნებოდა როგორც ოპოზიციისთვის, ისე მმართველი პარტიისთვის. ძირითადად განიხილებოდა „ლელოს“ წევრისა და გახარიას პარტიის წარმომადგენლების კანდიდატურები, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.
- გახარიას პარტიის წევრის „განეიტრალება“
სანამ ბათუმში მომავალი საკრებულოს თავმჯდომარის ვინაობას განიხილავდნენ, გახარიას პარტიის წარმომადგენელმა ბათუმის საკრებულოში, ირაკლი თავდგირიძემ, რომელიც ასევე გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო, გუნდი დატოვა და განაცხადა, რომ საკრებულოში მუშაობას გააგრძელებდა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.
ეს გადაწყვეტილება მან იმით ახსნა, რომ მისთვის „კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან ნებისმიერი სახით თანამშრომლობა“.
მისი ამ განცხადებისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ ირაკლი თავდგირიძე მმართველმა პარტიამ მოისყიდა. სწორედ ეს ეჭვი გააჟღერა გახარიას პარტიამაც. „გასაყიდი უნდა გაიყიდოს“ – განაცხადა მაშინ გახარიას გუნდმა.
„ჩემი ქმედება გამოაჩენს, მე გაყიდული ვიყავი, მოსყიდული ვიყავი თუ ქალაქისთვის მივიღე გადაწყვეტილება“ – ასე გამოეხმაურა ირაკლი თავდგირიძე ყოფილი თანაპარტიელების განცხადებას.
დღეს, 30 მაისს, ირაკლი თავდგირიძემ მხარი დაუჭირა „ოცნების“ წარმომადგენლის, რამაზ ჯინჭარაძის არჩევას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. მისი მისვლა დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე გადამწყვეტი იყო – წინააღმდეგ შემთხვევაში კვორუმი ვერ შედგებოდა და სხდომა ჩაიშლებოდა.
გახარიას პარტიის ყოფილი წევრის პოზიცია დღეს „ოცნებამ“ დააფასა – იგი მმართველმა პარტიამ საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაასახელა და აირჩია კიდეც.
- საკრებულოს ოპოზიციური წევრის გარდაცვალება
საკრებულოს შეკრებამდე, 2021 წლის 18 ნოემბერს, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბათუმში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ მმართველი პარტია ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას ცდილობდა, 100 000 დოლარი შესთავაზეს და მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
ამის დასადასტურებლად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჯაროვა აუდიოფაილი, რომელიც თავად ნუგზარ ფუტკარაძემ ჩაწერა. ჩანაწერში მკაფიოდ ისმის, როგორ სთავაზობდნენ ნუგზარ ფუტკარაძეს, დატოვოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გახდეს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი და „ნეიტრალი“.
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა მისი შედეგების შესახებ ამ დრომდე არ არის ცნობილი.
- შუალედური არჩევნები „ოცნების“ სასარგებლოდ
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ დღის წესრიგში დადგა შუალედური არჩევნების გამართვის საკითხი იმ მაჟორიტარულ ოლქში, რომელსაც ფუტკარაძე წარმოადგენდა ბათუმის საკრებულოში.
2022 წლის 2 აპრილს ბათუმის №4 საარჩევნო ოლქში თვითმმართველობის შუალედური არჩევნები გაიმართა. არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მათე ფუტკარაძე, რომელიც საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის შვილია და „ქართული ოცნებიდან“ – რამაზ ჯინჭარაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
№4 საარჩევნო ოლქში 2 აპრილის არჩევნებზე ამომრჩეველთა რაოდენობა 497-ით გაიზარდა. ამომრჩეველთა რაოდენობის ზრდა, ძირითადად, „ოცნების ქალაქში“ 400-მდე ახალი ამომრჩევლის რეგისტრაციის ხარჯზე მოხდა. ამ ამომრჩევლების მისამართი ასე იყო მითითებული – „ფრიდონ ხალვაშის გამზირი 188-ის მიმდებარედ“, იქ, სადაც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის აჭარის მთავრობა კორპუსებს აშენებს, თუმცა ჯერ უცნობია, ზუსტად ვინ მიიღებს ბინას ახალაშენებულ კორპუსებში.
ოპოზიციის მტკიცებით, „ქართულმა ოცნებამ“ ეს სქემა გამოიყენა ამომრჩევლის მოსასყიდად.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ ოლქში „ოცნების“ კანდიდატის ვინაობა იყო. „ოცნების ქალაქში“ რამაზ ჯინჭარაძეს წლებია იცნობენ, როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და აჭარის მთავრობის იმ კომისიის ხელმძღვანელს, რომელსაც, ფაქტობრივად, უნდა გადაეწყვიტა, ვინ მიიღებდა ბინას მთავრობის მიერ აშენებულ ახალ კორპუსებში.
სწორედ ამიტომ მიიჩნევდნენ წინასაარჩევნო პროცესის დამკვირვებლები, რომ საქმე გვაქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან, რამაც ამომრჩევლის თვალში სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ იმუშავა.
- როგორ შეიცვალა კანონი
რამაზ ჯინჭარაძის ბათუმის საკრებულოს წევრად არჩევა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ბათუმის საკრებულოს მუშაობა დაეწყო. საქმე იმაშია, რომ ჯინჭარაძის საკრებულოს წევრად უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო იყო ბათუმის საკრებულო შეკრებილიყო, კვორუმი კი არ დგებოდა, რადგან „ოცნების“ წევრთა რაოდენობა კვორუმისთვის საკმარისი არ იყო, ოპოზიცია კი პროტესტის ნიშნად სხდომაზე არ მიდიოდა.
სიტუაცია ჩიხში შედიოდა და დგებოდა ბათუმის საკრებულოს არჩევნების ხელახლა ჩატარების საკითხი.
10 მაისს საქართველოს პარლამენტში „ოცნების“ დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან“ შეიტანეს განსახილველად კანონპროექტი საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად – შუალედური არჩევნების გზით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოს შეკრება აღარ იყოს საჭირო. პარლამენტმა კანონი დაამტკიცა და ამგვარად, რამაზ ჯინჭარაძე ავტომატურად გახდა ბათუმის საკრებულოს წევრი.
საბოლოოდ, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე გახდა, რომელიც დღეს, 30 მაისს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩია „ოცნებამ“. დღეს სხდომას პოზიცია არ ესწრებოდა.
- ვის რამდენი ხმა აქვს ამჟამად ბათუმის საკრებულოში
პოლიტიკურ ძალთა ბალანსი ბათუმის საკრებულოში ასე ნაწილდება:
„ქართულ ოცნებას“ საკრებულოში 17 წევრი ჰყავს: რამაზ ჯინჭარაძე, ნატალია ზოიძე, ზურაბ ნაკაიძე, ასლან ბალაძე, როსტომ ხალვაში, ნერიმან ცინცაძე, რიჩარდ სირაბიძე, ლევან ცხოიძე, დავით მახარაძე, ნინო ცხვარაძე, ლევან ბერიძე, თენგიზ აფხაზავა, თეონა ბერიძე, გოჩა მგელაძე, ლევან დოლიძე, გიორგი ლომთათიძე და მინდია გოგუაძე.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ბათუმის საკრებულოში 14 წევრი ჰყავს: კახაბერ ქაშიბაძე, რევაზ ხარაზი, ლაშა კილაბერია, მამუკა ქობულაძე, ნატო ნაცარაშვილი, ალექსანდრე ვარშალომიძე, ილია ჯინჭარაძე, ქეთევან ლასტაკანიძე, ბაჩი მექვაბიშვილი, ირაკლი ზოიძე, ეკატერინე ზარია, თეკლა კავაზიშვილი, ნაზი ფუტკარაძე და ნოდარ დუმბაძე.
პარტიას – „გახარია – საქართველოსთვის“ საკრებულოში ჰყავს 2 წევრი: აკაკი გვიანიძე და ნატალია ძიძიგური.
„ლელოს“ საკრებულოში 1 წევრი ჰყავს: დღემდე, 30 მაისამდე, საკრებულოში „ლელოს“ ირაკლი კუპრაძე წარმოადგენდა, თუმცა მან მანდატი დატოვა და დღესვე ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კუპრაძის ნაცვლად „ლელოდან“ საკრებულოში შედის ვაჟა დარჩია.
1 დამოუკიდებელი დეპუტატი – ეს ირაკლი თავდგირიძეა, გახარიას პარტიის ყოფილი წევრი, რომელიც დღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს და დიდი ალბათობით, იგი „ოცნებას“ დაუჭერს მხარს.