მთავარი,სიახლეები

პოლონეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი გახდეს

30.05.2022
პოლონეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი გახდეს

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ პოლონეთი მზადაა, მომავალში უკრაინის უსაფრთხოების ოფიციალური გარანტი გახდეს.

„მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა, როგორც მეზობლების. ამიტომაც, როდესაც ომი დასრულდება, თუ სამშვიდობო შეთანხმების ასეთი პირობა იარსებებს და თუ უკრაინა შემოგვთავაზებს, რომ ვიყოთ მისი უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტი, დიახ, პოლონეთი ამაში მონაწილეობას მიიღებს“, – თქვა ანჯეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში.

უკრაინული მედიის ცნობით, როგორც მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა მუშაობს შეთანხმებაზე საერთაშორისო პარტნიორებისგან უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად, თუმცა რუსეთის მონაწილეობის გარეშე. მისი თქმით, პროექტი შემუშავებულია, შესათანხმებელი რჩება გარკვეული დეტალები.

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები იყო განხილვის ერთ-ერთი თემა 8 მაისს, დიდი შვიდეულის შეხვედრაზეც.

ჯერ კიდევ მარტის ბოლოს, რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი, დავით არახამია ამბობდა, რომ უკრაინას თავისი უსაფრთხოების გარანტებად გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების ხილვა სურს – მათ შორის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, თურქეთის, გერმანიის, პოლონეთისა და ისრაელის.

გამოცემა „ნოვოე ვრემია“ წერს, რომ უკრაინას ამ ქვეყნებისგან უფრო ძლიერი გარანტიების მიღება სურს, ვიდრე ამას კოლექტიური თავდაცვის შესახებ NATO-ს მეხუთე მუხლი ითვალისწინებს. გარანტორები ვალდებულნი იქნებიან, სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, უკრაინას დახმარება რამდენიმე დღეში აღმოუჩინონ.

მთავარი ფოტო: ანჯეი დუდა კიევში/ფოტო პოლონეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: