მთავარი,სიახლეები

„ლევილი სარეველას მიაქვს” – მამულის სარეაბილიტაციოდ 5 მილიონი ევროა გამოყოფილი

30.05.2022 • 3262
„ლევილი სარეველას მიაქვს” – მამულის სარეაბილიტაციოდ 5 მილიონი ევროა გამოყოფილი

პარიზის ლევილის მამული, სადაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) მთავრობის წევრები ცხოვრობდნენ, საქართველოს ოფიციალურად 2016 წელს გადმოეცა.

ლევილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზეა.

მოქალაქე ანი კალმახელიძე სოციალურ ქსელში ფოტო-ვიდეომასალას აქვეყნებს, სადაც ჩანს, რა მდგომარეობაშია ლევილის მამული, რომლის რამდენიმეწლიანი რეაბილიტაციისთვისაც 2016 წელს საქართველოს მთავრობის განკარგულებით და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით, 5 მილიონი ევრო უნდა გამოეყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

ანი კალმახელიძემ ლევილის მამულის ფოტოები 2022 წლის 29 მაისს გადაიღო. ლევილის მამული სარეველაშია ჩაფლული, ფოტოებზე შენობის მინების ნაწილი ჩამსხვრეულია. ანი კალმახელიძე გვიყვება, რომ მამულის დასათვალიერებლად მისულს არც დარაჯი შეხვედრია და არც დაცვა.

ანი ამბობს, რომ მამულის ეზოში სულ მცირე ორი წლის წინ გაჩერებული, დაჟანგული და მიტოვებული ავტომანქანა დგას, რომელიც ნაგვითაა სავსე და უკანა სავარძელზე ალკოჰოლის ბოთლები ყრია.

 

„ლევილში აქამდე არასდროს ვყოფილვარ. დასათვალიერებლად პირველად მივედი და ასეთი მდგომარეობა დამხვდა. შატოს, ამ ისტორიული ძეგლის მინები ჩამსხვრეულია, იქ შესვლა ნებისმიერს შეუძლია. მე იქ არავინ დამხვედრია, ლევილის მამულს არავინ აკონტროლებს. შენობას მეორე მხრიდან უზარმაზარი ლურჯი „ბრეზენტი“ აქვს გადმოფარებული, რადგან როგორც მივხვდი, შატოში წყალი ჩადის.

შატოში რომ შეიხედოთ, უწესრიგოდ ყრია რუსულ-ფრანგული ხელნაწერები, წიგნები, სამზარეულოს ნივთები…

ვინაა ამაზე პასუხისმგებელი, წარმოდგენა არ მაქვს. სარეველებში არანაკლებ ორი წლის წინ გაჩერებული მანქანა გდია. შიგ სიბინძურე იყო, უკანა სავარძლებზე ალკოჰოლის ბოთლები და რაღაც დოკუმენტებიც ეყარა. არაფერს შევხებივარ, მხოლოდ ფოტოები გადავიღე. არ ვიცოდი რა მექნა.

გვაქვს უზარმაზარი შატო პარიზში, რელიკვია, რომელიც წყალს და სარეველას მიაქვს,“ – ამბობს ანი კალმახელიძე.

ლევილის სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2021 წელს დასრულდა.

აშენდა კამპუსი, ორანჟერეა, 150 კვადრატული მეტრის ფართობი, სადაც შატოს სრულ რეაბილიტაციამდე საქართველოს პირველი მთავრობის წევრების შთამომავლების 4 ოჯახს უნდა ეცხოვრა.

რეაბილიტაციის პირველი ნაწილის დასრულებისას, 2021 წელს, კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებდა, რომ იზრუნებდა ლევილის რეაბილიტაციის პროექტის ყველა დანარჩენი ეტაპის წარმატებით განხორციელებაზე.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ლევილის მამულის რეაბილიტაციის დროდ 2017-2027 წლებია განსაზღვრული, ვადის ნახევარი უკვე გასულია.

ლევილის ბაზაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის განკარგულებით იგეგმება ლევილის ქართული აკადემიის გახსნა, აქ უნდა მოეწყოს ქართული სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, ეთნოკულტურული გარემო და სხვა.

აქვე უნდა მოეწყოს კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციის მქონე ცენტრიც. ლევილის შატოს პირველი სართული მთლიანად უნდა დაიკავოს პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილმა ისტორიულმა სივრცემ.

ლევილის შატოს მეორე სართულზე, ნოე ჟორდანიას კუთვნილ ოთახში, უნდა მოეწყოს ნოე ჟორდანიას კაბინეტი.

ქართულ აკადემიაში კი, რომლის დაარსებასაც აქ გეგმავს საქართველოს მთავრობა, რამდენიმეთვიანი როტაციის პრინციპის დაცვით, საქართველოდან პარიზში გაგზავნიან ისტორიულ-კულტურული სფეროს წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და მკვლევრებს.

შატოს მეორე სართულის სივრცის ნაწილში უნდა მოეწყოს რეზიდენტებისთვის საცხოვრებელი ოთახები, სამზარეულო და სასადილო სივრცე.

ეს არის ცხრილი, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს ლევილის რეაბილიტაციისას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი 5 მილიონი ევრო 2017-დან 2026 წლამდე.

თანხის გადანაწილების ცხრილი საქართველოს მთავრობის 2016 წლის განკარგულებაშია მოცემული [განკარგულება №1456, 2016 წლის 21 ივლისი].

თუ ამ ოფიციალურ დოკუმენტს დავეყრდნობით, ლევილის მამულის რეაბილიტაციისთვის უკვე დაიხარჯა 3 მილიონ 245 ათასი ევრო – 2017-დან 2021 წლის ჩათვლით, მიმდინარე, 2022 წელს კი, 651 ათასი ევრო დაიხარჯება.

გადაბეჭდვის წესი