მთავარი,სიახლეები

რა გამოიძიეს ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე – 2 თვეში ბათუმში „გადამწყვეტი არჩევნებია“

02.02.2022 •
რა გამოიძიეს ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე – 2 თვეში ბათუმში „გადამწყვეტი არჩევნებია“

როგორც პროკურატურა, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ ვერაფერს ამბობს, რა ეტაპზეა, ან რატომ ვერ დასრულდა ამ დრომდე ბათუმის საკრებულოს წევრის – „ნუგზარ ფუტკარაძის საქმის“ გამოძიება. უცნობია, დადებს თუ არა გამოძიება შედეგს 2 აპრილამდე, როცა ბათუმი საკრებულოს გარდაცვლილი წევრის ნაცვლად შუალედურ არჩევნებში სხვას აირჩევს.

„ფაქტია, ეს გადამწყვეტი არჩევნებია ბათუმში, გამოძიება პასუხს არ გვაძლევს და არც მაქვს იმედი,“ – ამბობს გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის და, ნაზი ფუტკარაძე, რომელიც ასევე ბათუმის საკრებულოს წევრია.

ის ადასტურებს, რომ ჯერ პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატი არ შეურჩევია, თუმცა განიხილება მათე ფუტკარაძის კანდიდატურა. მათე გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის შვილია.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები გასული წლის ოქტომბერში ჩატარდა, ამ დრომდე ბათუმში საკრებულო არ მუშაობს – საკრებულო ვერ ირჩევს თავმჯდომარეს და სხვა თანამდებობის პირებს. ბათუმის საკრებულოში ოპოზიციამ თავდაპირველად უმრავლესობა მოიპოვა, თუმცა ენმ-ს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა,

გახარიას პარტიიდან საკრებულოში შესულმა წევრმა ირაკლი თავდგირიძემ კი თქვა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დაუჭერს და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა. საკრებულოში ძალთა ბალანსი ახლა ასეა: 17 – 17.

„ნეიტრალურის დაჭერას“ სთხოვდნენ ნუგზარ ფუტკარაძესაც, სავარაუდოდ, იმ აუდიო ჩანაწერის მიხედვით, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, 24 ნოემბერს გაავრცელა.

პარტიის ლიდერების მტკიცებით, მმართველი პოლიტიკური პარტია თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის უშუალო ჩართულობით და აბაშიძის ხელისუფლების პოლიციელების – ბადრი ბაკურიძის და ვაჟა თაბაგიძის მონაწილეობით საკრებულოს წევრის მოსყიდვას აპირებდა 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ.

აუდიო ჩანაწერში ისმის, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს სთხოვენ დამოუკიდებელ დეპუტატად ყოფნას და საშუამავლო თანხას – 20 პროცენტს ითხოვენ.

თუ ნუგზარ ფუტკარაძე დასთანხმდებოდა „ნეიტრალობას“, ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოში მოპოვებულ უმრავლესობას კარგავდა.

სამართალდამცველებს გამოძიება არ დაუწყიათ ამ აუდიო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ. გამოძიება ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების დღეს, 18 ნოემბერს დაიწყო „სიცოცხლის გაუფრთხილებლად მოსპობის“ მუხლით.

უცნობია, შეიცვალა თუ არა საქმეზე კვალიფიკაცია. ფაქტობრივად, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ პროკურატურას ბრალი ვინმესთვის ჯერ არ წარუდგენია.

„ნუგზარ ფუტკარაძის საქმის“ გამოძიების ფარგლებში გამოჰკითხეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მაგალითად, ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან გიორგი კირთაძე, ასევე ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში მირდატ ქამადაძე.

კიდევ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ამ საქმეზე?

„დაზარალებული სტატუსიც არ გვაქვს, არაფერი ვიცი… რამდენიმე დღის წინ შევხვდი პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და ვუთხარი, რომ თუ ვერ იძიებს საქმეს, იქნებ გადასცეს ზემდგომს. ვუხსნიდი, რომ ეს მკვლელობის საქმეა რეალურად.

ჩანაწერის მიხედვით, ცხადად ჩანს ქრთამის მიცემა. ადგილზე მიტანილიც კი აქვთ ის თანხა. ჩემი ძმის ხმა ისმის, მე მაგ ფულს ხელს არ მოვკიდებ, ნულები რომც მიამატოთო. ასე არაფერს გამოიძიებენ.

გამოიძიებენ კი არა, საკრებულოს წევრებს შეხვედრა გვინდოდა მერთან აუდიტის დასკვნაზე, სადაც კონკრეტულ დარღვევებზეა საუბარი და პოლიციამ გამოგვაძევა. ეს, ბუნებრივია, არჩილ ჩიქოვანის დავალებით ხდება, თორემ პოლიციელებს თვალებიდანაც ეტყობა, რომ ამის გაკეთება არ სურთ,“ – ამბობს ნაზი ფუტკარაძე, გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის და.

„ამასობაში ბადრი ბაკურიძე, რომელიც ნუგზარ ფუტკარაძეს დავით რიჟვაძის დავალებით 100 ათას დოლარს სთავაზობდა, უკვე სტამბოლშია,“ – ამბობდა მირდატ ქამადაძე 27 ნოემბერს.

ნაზი ფუტკარაძე წყაროებს ვერ ასახელებს, მაგრამ გვიყვება, რომ მისი ინფორმაციით, ბადრი ბაკურიძე ისევ საქართველოშია და ისიც გამოჰკითხეს სამართალდამცველებმა ვაჟა თაბაგიძესთან ერთად, რომელიც სკანდალურ აუდიოჩანაწერში ფიგურირებს.

„დაბრუნდა, ალბათ, რადგან მისცეს გარანტია, რომ არ დაიჭერდნენ… როგორ დაიჭერენ, როცა დავით რიჟვაძეა პირდაპირ საქმეში?

გავიგე ასევე, რომ ამუშავებენ ვერსიას, თითქოს მანამდეც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა ნუგზარს, მაგრამ ფაქტია, ის დადიოდა მოსახლეობაში, გიმარჯვა კიდეც. ზეწოლის შემდეგ შეერყა მას ჯანმრთელობა. არ გაიყიდა ეს კაცი და ამომრჩეველმაც ახლა მინდა ეს გაიაზროს, რომ არ უნდა გაიყიდოს, ჩვენ ამისთვის ვიბრძვით,“ – ამბობს ნაზი ფუტკარაძე.

მოგების რა შანსი აქვს ახლა ოპოზიციას? – ესეც ვკითხეთ ბათუმის საკრებულოს წევრს.

„ჩემმა ძმამ მოიგო დაახლოებით 200 ხმით არჩევნები ამ ოლქში… იყო, ბუნებრივია, ნუგზარის ფაქტორი, მაგრამ ენდობიან პარტიასაც. მთავარია, ხალხმა ირწმუნოს, რომ მომავალი მის ხელშია. როგორმე უნდა ეშველოს პარალიზებულ საკრებულოს და ქალაქს,“ – გვითხრა ნაზი ფუტკარაძემ.

ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის მე-4 მაჟორიტარული ოლქიდან გახდა ბათუმის საკრებულოს წევრი. ამ ოლქში გაიმართება შუალედური არჩევნები 2 აპრილს.

რა ეტაპზეა „ნუგზარ ფუტკარაძის საქმის“ გამოძიება? – შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყების პრესცენტრში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ. სამუშაო დღის განმავლობაში პასუხი არ მიგვიღია. პროკურატურის პრესცენტრში კი ადასტურებენ, რომ საქმეზე საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებენ, მაგრამ ვერაფერს გვეტყვიან.

___

მთავარი ფოტო: ნუგზარ ფუტკარაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: