მთავარი,სიახლეები

როგორ ისაკუთრებს „ოცნება“ ბათუმის ოპოზიციურ საკრებულოს – ინტერვიუ

11.05.2022 • 1463
როგორ ისაკუთრებს „ოცნება“ ბათუმის ოპოზიციურ საკრებულოს – ინტერვიუ

„ხელისუფლების მიტაცება“ – ასე დაასათაურა ბათუმის საკრებულოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები კონსტიტუციონალისტმა მალხაზ ნაკაშიძემ. საუბარია „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც საკრებულოს შუალედური არჩევნების გზით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოს შეკრება საჭირო აღარ იქნება.

ბათუმში საკრებულო ამ დრომდე ვერ იკრიბება. იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა პარტიებთან თანამშრომლობა არ მოუწიოს და არც ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, პარლამენტში მმართველი პოლიტიკური გუნდი საარჩევნო კოდექსის შეცვლას აპირებს, პრაქტიკულად იმისთვის, რომ ბათუმის საკრებულოში ოპოზიციის ჩართულობა აღარ დასჭირდეს.

„ბათუმელებმა“ მალხაზ ნაკაშიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის კონსტიტუციონალისტია და ბათუმის სახელმწიფოს უნივერსიტეტის პროფესორი.

  • ბატონო მალხაზ, წერთ, რომ ხელისუფლების მიტაცებასთან გვაქვს საქმე, როცა პარლამენტი საარჩევნო კოდექსს ბათუმის საკრებულოს არგებს. გვითხარით თქვენი არგუმენტები. 

ეს არის ხელისუფლების მიტაცება, რადგან საკრებულოს არჩევას, უფლებამოსილების ცნობას და საკრებულოს საქმიანობას განსაზღვრავს კანონი. კონსტიტუცია განსაზღვრავს არჩევნების ძირითად პრინციპებს, თუ როგორ უნდა ტარდებოდეს არჩევნები. კანონის და კონსტიტუციის მიზანია, შეზღუდოს ხელისუფლება, რომ არ მოხდეს ძალაუფლების უზურპაცია.

როდესაც ტარდება არჩევნები და გვაქვს კონკრეტული შედეგი, შესაძლოა, ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვოს უმრავლესობა. ამ ვითარებაში საერთაშორისო პრაქტიკაა ის, რომ იქმნება კოალიცია, ნაწილდება პასუხისმგებლობა. ჩვენს შემთხვევაში კი, რა ხდება? – მმართველმა პარტიამ ვერ მოიპოვა უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში, მას სხვა პარტიებთან თანამშრომლობა არ უნდა და პირდაპირ კანონს ცვლის. ეს, ცხადია, ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპს, გამოხატავს კონსტიტუციის მიმართ უპატივცემულობას და უგულებელყოფს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. გამოდის, რომ „ქართულ ოცნება“, რომელსაც აქვს უმრავლესობა პარლამენტში, ძალაუფლებას იყენებს ბოროტად და შეუძლია საკრებულო უბრალოდ გააუქმოს.

საკრებულოს ირჩევს მოსახლეობის უმრავლესობა და ამომრჩევლის განწყობების მიხედვით ნაწილდება მანდატები. ეს მანდატები განაწილდა და  „ქართული ოცნება“ ამ რეალობის შეცვლას ცდილობს სხვადასხვა მეთოდით, რადგან მან ვერ მოიპოვა უმრავლესობა. ის მიდის ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ.

  • კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ ერთიანი სტანდარტის დანერგვა სურთ. ისინი საუბრობენ მერზე, რომლის უფლებამოსილებაც ძალაში შედის არჩევნების შედეგების შეჯამებიდან მე-11 დღეს. 

ეს არაა არგუმენტი, რადგან საკრებულო არჩევითი ორგანოა და არამხოლოდ საქართველოში, ყველგან ასეა: საკრებულო თავად ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას. პარლამენტის შემთხვევაშიც ასეა – პირველ შეკრებაზე ცნობენ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას. ეს, ზოგადად, არის არჩევითიო ორგანოს პრინციპი. ამიტომაცაა, ყველა არჩევითი ორგანოს შემთხვევაში პირველი სხდომის ჩატარება დეტალურად გაწერილი, რომ საკრებულოს დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერიოს ვერავინ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეაფერხონ საკრებულოს მუშაობა, არ აამოქმედონ და ის გააკეთონ, რასაც ახლა აკეთებენ.

  • ეს არის ერთპარტიულობის გაძლიერება, თუ ხედავთ ავტორიტარიზმის ნიშნებსაც? 

აქ არის ამის ნიშნები და ეს სჭირდება მმართველ პოლიტიკურ ძალას ძალაუფლების კიდევ უფრო გასამყარებლად. მმართველი პარტია ფიქრობს, რომ ყველა საკრებულოში, ყველა დონეზე თვითონ უნდა იყოს ერთპარტიულად უმრავლესობაში, ანუ ცენტრალური მთავრობის პირდაპირი გაგრძელება უნდა იყოს ადგილობრივი ხელისუფლებაც. ის არ უშვებს იმას, რომ თუნდაც ერთი ქალაქი იყოს ისეთი, სადაც  შეიძლება თვითონ არ იყოს გადაწყვეტილების მიმღები. მოქალაქეებმა ბათუმში აირჩიეს სხვა საკრებულო და მათ უნდათ, რომ სხვა შემადგენლობა შექმნან.

ავტორიტარიზმის ნიშანი ისაა, რომ საკრებულო არჩეულია, მაგრამ იქ არაა „ოცნებისთვის“ სასურველი უმრავლესობა და შენ ამ დროს კანონს ცვლი, რომ ეს უმრავლესობა შექმნა. ეს არაა დემოკრატია, ეს დემოკრატიიდან გასვლაა.

  • რა საფრთხე ექმნება ქვეყანას, როცა უმრავლესობა შეიძლება ჩამოყალიბდეს არა არჩევნების გზით, არამედ ის შექმნან, მაგალითად, კანონის შეცვლის გზით? 

ეს აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს დემოკრატიული განვითარება და არჩევნები. წარმოიდგინეთ, ერთი მხრივ, ჩვენ ვაკეთებთ განაცხადს ევროკავშირის კანდიდატობაზე და მეორე ხელით, ამას აკეთებენ ბათუმში. ეს აშკარად არაა კონსტიტუციის შესაბამისი.

  • რა უნდა გაეკეთებინა „ქართულ ოცნებას“, რომ ეს ყოფილიყო კონსტიტუციური და დემოკრატიული? 

ევროპულ ქვეყნებში რომ იგივე მომხდარიყო, დაიწყებოდა მოლაპარაკებები, შეიკრიბებოდნენ და გადაინაწილებდნენ პასუხისმგებლობას.

  • საარჩევნო კოდექსის შეცვლამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში თქვა, რომ „სტაბილურ უმრავლესობას“ შევქმნით და საკრებულოს ცალკეულ წევრებთან ვითანამშრომლებთო. ეს რა გზავნილი იყო თქვენთვის? 

ეს განცხადებაც იყო დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ მიმართული. რას ნიშნავს ცალკეულ ადამიანებს დაველაპარაკები, როცა საკრებულოში წარმოდგენილია პარტიები? ეს პირდაპირი განაცხადი იყო იმაზე, რომ კულუარულად ხდება გარიგებები და ეს იყო ძალის დემონსტრირება – აი, მე მყავს უმრავლესობა პარლამენტში, მთავრობა ჩემს ხელშია და ყველა დაშვებულ, თუ აკრძალულ წესს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჩემთვის სასურველი მოცემულობა შეიქმნას.

  • რა რეაქცია შეიძლება ამას მოჰყვეს, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ქალაქში, სადაც გამოჩნდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი? 

არ ვიცი. შესაძლოა, ამ პროცესმა ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებში გამოიწვიოს პესიმისტური დამოკიდებულებაც: წავედით არჩევნებზე, მაგრამ რა? ეს არჩევნების წართმევაა. მეც მხარი დავუჭირე ოპოზიციას და მიმაჩნია, რომ ჩემს ხმას მართმევენ.

  • გართმევენ, თუ უკვე წაგართვეს? რა შანსი რჩება დღეს თვითმმართველობის პროცესი დემოკრატიის სასარგებლოდ შემობრუნდეს? 

წამართვეს, კი. ბუნებრივია, გასაჩივრდება ეს გადაწყვეტილება, მაგრამ სასამართლოშიც რა შედეგს მივიღებთ, არ ვიცი.

ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ალბათ მოსახლეობის პროტესტი, რომ გამოვიდეთ ყველა და ვთქვათ, რომ ასეთი საკრებულო ჩვენ არ აგვირჩევია, ეს არ არის ჩვენი ნება და ნუ გვართმევენ არჩევნებს. მეორეა ის, თუ რას გააკეთებს ოპოზიცია. მე დღეს ვერ ვხედავ მათ მიდგომას, რა არის. რა აზრი ექნება მუშაობას ასეთ საკრებულოში, სადაც „ქართული ოცნება“ შექმნის უმრავლესობას, თავად გადაინაწილებს თანამდებობებს და ოპოზიციას არავითარი გავლენა არ ექნება?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: