განათლება,მთავარი,სიახლეები

მარნეულელი 18 წლის სტუდენტის ცხოვრება ბათუმში

30.05.2022 • 2871
მარნეულელი 18 წლის სტუდენტის ცხოვრება ბათუმში

18 წლის სამინა რუსტამოვა ეთნიკურად აზერბაიჯანელია. ის ქალაქ მარნეულიდანაა, ახლა ბათუმში ცხოვრობს და სწავლობს. 2021 წელს მან პროგრამა 1+4-ით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა.

სამინას ვკითხეთ, თუ რატომ ამჯობინა თბილისის რომელიმე უნივერსიტეტში სწავლას ბათუმი და ბსუ. მან გვითხრა, რომ მთავარი მიზეზი ზღვის განსაკუთრებული სიყვარული იყო:

„ძალიან მიყვარს ზღვის სუნი. სულ სანაპიროზე ვარ და ტალღების ხმას ვუსმენ“.

ბსუ-ში 20-მდე ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტი სწავლობს. 2021-2022 წელს კი აქ ოთხმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა სტუდენტმა ჩააბარა.

სამინამ უნივერსიტეტში პირველი სემესტრი ონლაინ ისწავლა. ამბობს, რომ არ ეგონა, თუ ბსუ-ში გაზაფხულის სემესტრში სწავლა აუდიტორიებში დაიწყებოდა, ამიტომ მშვიდად იყო. ის არ ეძებდა საცხოვრებელს ბათუმში და არ ფიქრობდა სხვა დეტალებზე, რაც ბათუმში მის საცხოვრებლად გადმოსვლას შეიძლება ხლებოდა თან.

მას შემდეგ, რაც სამინამ გაიგო, რომ უნივერსიტეტში სწავლა აუდიტორიებში გაგრძელდებოდა, მან და მისმა ოჯახის წევრებმა ბათუმში ბინის ძებნა დაიწყეს. გვიყვება, რომ ბინის პოვნა ძალიან გაუჭირდათ, იმის გამოც, რომ ბათუმში ვერ მოდიოდნენ და მარნეულიდან ეძებდნენ ბინას.

„ბინას ვერ ვპოულობდით, ყველა ბინა ძალიან ძვირი ღირდა. საბოლოოდ, უნივერსიტეტის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ მოვახერხეთ ბინის დაქირავება უნივერსიტეტთან ახლოს“ – გვიყვება სამინა.

„ყოველთვის ძალიან მინდოდა ქართული ენის სწავლა, იმიტომ, რომ საქართველოში ვცხოვრობ და ქართული ენა ჩემი მეორე დედა ენაა“, – გვითხრა მან. მისი საყვარელი საგანი უნივერსიტეტში ახლა ქართული ენის გრამატიკაა. სამომავლოდ სამინა სწავლის გაგრძელებს ისევ ბსუ-ში, სამედიცინო ფაკულტეტზე აპირებს.

სამინა რუსტამოვა კურსელებთან ერთად ბსუ-ში. ფოტო: თათია დავითაძე

მისი 1 წლის სწავლის საფასური უნივერსიტეტში 2250 ლარია.

„ჩემი აზრით, საქართველოს უნივერსიტეტებში არ უნდა იხდიდნენ სტუდენტები სწავლის საფასურს ეთნიკური უმცირესობებიდან, რადგან ყველას ოჯახს არ შეუძლია ამ საფასურის გადახდა სტუდენტებისთვის“, – ამბობს სამინა.

სამინა ქართულ ენას სკოლაში პირველი კლასიდან სწავლობდა. მისი თქმით, ქართულად საუბარი მხოლოდ მე-11 კლასში შეძლო. ის ამ დროს დამატებით მეცადინეობდა ქართულ ენას მასწავლებელთან:

„ბევრი მოსწავლეა მარნეულში და მარნეულის სოფლებში, ვისაც უნდა, რომ ქართულში დამატებითაც იმეცადინონ მასწავლებლებთან, თუმცა ვერ ახერხებენ, რადგან სწავლის საფასურს ვერ გადაიხდიან“.

სამინას თმით, იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში კარგი ქართულის მასწავლებელი გყავს, შესაძლებელია სკოლის ასაკიდან შეძლო ქართულად საუბრის დაწყება, მაგრამ თუ არ გყავს, კარგი ქართულის მასწავლებლის გარეშე ეს შეუძლებელია.

სამინა ბათუმში საცხოვრებლად დედასთან ერთად ჩამოვიდა. დედამისი პროფესიით დიზაინერია და მარნეულში საკუთარ ატელიეში მუშაობდა. სამინას თქმით, დედას მასთან ერთად საცხოვრებლად ბათუმში გადმოსვლაზე არც კი უყოყმანია, რადგან არ უნდოდა ის უცხო ქალაქში მარტო დარჩენილიყო.

სამინას დედა თავისი პროფესიით დასაქმდა ბათუმში, ერთ-ერთ ატელიეში. მარნეულში კი ახლა სამინას უმცროსი ძმა და მამა მარტო ცხოვრობენ.

სამინა ახლახან ბსუ-ს ვოკალისტთა ჯგუფს შეუერთდა: „ბავშვობიდან ვუკრავ პიანინოზე, ვმღერი. გადავწყვიტე ბსუ-ს ვოკალის ჯგუფში მევლო. დიდი ხანი არ არის რაც დავდივარ, თუმცა ძალიან მომწონს“.

სამინას ვკითხეთ, აპირებს თუ არა ბათუმში დარჩენას წელს უნივერსიტეტში არდადეგების დროს. მან გვითხრა, რომ დარჩენა და ვოკალის ჯგუფში მეცადინეობა უნდა. არ ვიცი, რამდენად შევძლებ ბათუმში საყვარელ ადგილებს, ბულვარს და ცენტრალურ პარკს შეველიო თუნდაც რამდენიმე თვით – ამბობს სამინა. 

სამინა ბათუმში ხშირად სეირნობს დედასთან და მეგობრებთან ერთად. მას ბათუმში ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ქართველი მეგობრები ჰყავს.

„ეთნიკურად ქართველები ნაკლებად ინტერესდებიან როგორ ვცხოვრობთ ჩვენ, ეთნიკურად აზერბაიჯანელები. მე ძალიან მინდა დაინტერესდნენ და ხშირად ვესაუბრები მათ ჩვენს შესახებ“ – გვითხრა სამინამ.

ის ამბობს, რომ მოსწონს ბსუ და ის მასწავლებლები, რომლებიც მას ასწავლიან. მისი აზრით, კარგი იქნება თუ ეთნიკურად ბევრი აზერბაიჯანელი აირჩევს ბსუ-ს.

________________

მთავარ ფოტოზე: სამინა რუსტამოვა

ამავე თემაზე:

რატომ გადაწყვიტა მარნეულელმა ბიჭმა სტუდენტობა ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: