მთავარი,სიახლეები

„ოცნება“ საარჩევნო კოდექსს ცვლის იმისთვის, რომ ბათუმში ოპოზიციას გვერდი აუაროს

10.05.2022 •
„ოცნება“ საარჩევნო კოდექსს ცვლის იმისთვის, რომ ბათუმში ოპოზიციას გვერდი აუაროს

„ერთიანი მიდგომა და სტანდარტი“ – ამ სიტყვებით ცდილობს „ქართული ოცნება“ ახსნას კანონპროექტი, რომელიც კონკრეტულად ბათუმის საკრებულოზეა მორგებული, უფრო ზუსტად კი, ერთ დეპუტატზე – რამაზ ჯინჭარაძეზე.

„ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსს ცვლის და აპირებს, შუალედურ არჩევნების გზით არჩეული დეპუტატის – რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოს შეკრება აღარ იყოს საჭირო – „საარჩევნო კოდექსის“ შეცვლის შემთხვევაში, ცესკოს შუალედური არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოცემიდან მე-11 დღეს, დეპუტატს, არჩეული მერის მსგავსად, შეუძლია უფლებამოსილებას შეუდგეს.

ამ შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული კანონით გათვალისწინებულ დათქმას დაუკავშირეს ცვლილება: განმარტავენ, რომ რეალურად „ერთიან სტანდარტზე“ ზრუნავენ, თუმცა არ განმარტავენ, რატომ არ შეეხება იგივე წესი, მაგალითად, საკრებულოს სხვა წევრებს, რომლებიც შუალედურ არჩევნებზე არ აურჩევიათ, ან ახლა რატომ დადგა იმის საჭიროება, რომ შეეცვალათ „საარჩევნო კოდექსი“?

„შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ამ არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-11 დღიდან იკავებს შესაბამისი საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გამოკლებული წევრის ადგილს საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით,“ – წერია კანონპროექტში, რომელიც პარლამენტის ოფიციალურ საიტზე დღეს, 10 მაისს აიტვირთა.

კანონპროექტის ავტორები არიან დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

რამაზ ჯინჭარაძე ბათუმის შუალედურ არჩევნებში, 2 აპრილს აირჩიეს „ქართული ოცნებიდან“. მისი უფლებამოსილების ცნობისთვის „ოცნება“ საკრებულოში კვორუმს ვერ აგროვებს. ბათუმში საკრებულო ამ დრომდე ვერ იკრიბება. კვორუმისთვის საჭიროა, ოპოზიციიდან მინიმუმ ერთი კაცი დაესწროს საკრებულოს სხდომას. ოპოზიცია [ენმ, ლელო, გახარიას პარტია] 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც, ბათუმი ოპოზიციურად განწყობილი ქალაქია და საკრებულოს მანდატების უმრავლესობაც ოპოზიციამ მოიპოვა.

იმისთვის, რომ ამ მოცემულობას აუაროს გვერდი, „ქართულმა ოცნებამ“ ეს გამოსავალი იპოვა – საარჩევნო კოდექსს ცვლის.

კანონპროექტში ხაზგასმულია ისიც, რომ კანონის ამოქმედებისთანავე „დაიწყოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს იმ არჩეული წევრის უფლებამოსილება, რომლის უფლებამოსილებაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ დაწყებულა, მაგრამ შესაბამისი შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით დასტურდება საკრებულოს ამ წევრის არჩევა“.

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს სხდომის ჩატარება ბოლო 12 აპრილს სცადა, თუმცა კვორუმი ვერ შეიკრიბა. გასული თვეების განმავლობაში კი, ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია ითხოვდა სხდომის გამართვას, თუმცა სხდომაზე „ქართული ოცნება“ არ ცხადდებოდა.

ბათუმში საკრებულო 2021 წლის 2 ოქტომბერს აირჩიეს, პირველი სხდომა 3 დეკემბერს დაიწყო – ჩაიშალა კვორუმის არარსებობის გამო.

ბათუმის საკრებულო 35 წევრისგან შედგება და  სხდომის გამართვისთვის, ასევე დეპუტატის უფლებამოსილების ცნობისთვის, საჭიროა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ მინიმუმ 18 ხმა. ოპოზიციას 17 ხმა აქვს და მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ვერც სხდომა გაიხსნება და ვერც რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება იქნება ცნობილი.

კანონის შეცვლის შემთხვევაში კი, რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობა საკრებულოს აღარ დასჭირდება. შესაბამისად, საკრებულო შეიკრიბება უკვე რამაზ ჯინჭარაძის მონაწილეობით და თავმჯდომარესაც აირჩევს, თუკი ეს ცვლილება კანონში 3 ივნისამდე შევა [3 ივნისის შემდეგ რიგგარეშე არჩევნები ცხადდება] და ასევე: „ქართულ ოცნებას“ მხარს დაუჭერს დამოუკიდებელი დეპუტატი ირაკლი თავდგირიძე. ის არჩევნების შემდეგ გახარიას პარტიას გაემიჯნა და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას არ აპირებს.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ბათუმის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ ჰყავდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ თქვა: „ბათუმის საკრებულოში გვეყოლება უმრავლესობა“. მაშინ ირაკლი კობახიძე ამბობდა ასევე, რომ ითანამშრომლებდა საკრებულოს ცალკეულ წევრებთან.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: