მთავარი,სიახლეები

ბალანსი საკრებულოს კომისიებში, 1 ოპოზიციონერის პროტესტი და თავმჯდომარის პასუხი

30.05.2022 • 1460
ბალანსი საკრებულოს კომისიებში, 1 ოპოზიციონერის პროტესტი და თავმჯდომარის პასუხი

„თქვენი მოსაზრება ხომ გამოთქვით, გეუბნებით, რომ არანაირი კაზუსი არ არის და ვაყენებ კენჭისყრაზე საკითხს, რა არის, ვერ გავიგე“, – მიმართა საკრებულოს წევრს, აკაკი გვიანიძეს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ. მას შემდეგ, რაც მან საკრებულოს კომისიების დაკომპლექტების შეთავაზებული ვერსია გააპროტესტა.

აკაკი გვიანიძე საკრებულოს წევრია „გახარია საქართველოდან“ და დაჟინებით ითხოვდა მისთვის განემარტათ, რა პრინციპით გადაანაწილეს კომისიებში ადგილები და რატომ იყო „ოცნების“ შეთავაზებული გადანაწილება კანონთან შესაბამისი. საკრებულოს უმრავლესობამ საკითხი ისე დაამტკიცა, მისი განხილვა ამოწურული არ იყო.

რამაზ ჯინჭარაძემ დღესვე, თავმჯდომარის ამპლუაში პირველივე სხდომაზე ჩათვალა, რომ რადგან საკრებულოს წევრს მოსაზრების დაფიქსირების საშუალება მიეცა, საკითხის განხილვა ამოიწურა, მიუხედავად იმისა, მიიღო თუ არა მან განმარტება, ან ეს განმარტება იქნება თუ არა გასაგები ამომრჩევლისთვის, რომელიც საკრებულოს მუშაობას თვალს ადევნებს. ამის შემდეგ, მალევე თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.

„მომხრე… წინააღმდეგი? – ასე, რომ გადაწყვეტილება მიღებულია“, – ეს იყო რამაზ ჯინჭარაძის ბოლო სიტყვა კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით საკრებულოს წევრის პროტესტზე.

როგორც დღევანდელ სხდომაზე გამოჩნდა, რამაზ ჯინჭარაძეს ჯერ კარგად არ გაუაზრებია, რომ საკრებულო სამინისტრო არ არის, სადაც მინისტრმა შეიძლება მოისმინოს, მაგალითად, მოადგილის მოსაზრება, თუმცა გადაწყვეტილებას ის თავად იღებს და დისკუსია შეიძლება აქ აუცილებელი არ იყოს. საკრებულო კი კოლეგიალური ორგანოა და აქ დისკუსიის, ზოგჯერ კი ცხარე დისკუსიის ადგილია. თვითმმართველობის რეალური არსი სწორედ ის არის, რომ საკითხები კოლეგიალურად, ღიად განიხილონ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ.

უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს საკრებულოს სხდომაზე საკითხების მხოლოდ ჩამონათვალი მიიტანეს და სრული პაკეტი არც ვებგვერდზე გამოუქვეყნებიათ.

„ასე აპირებთ თანამშრომლობას?“ – უკმაყოფილება გამოხატა აკაკი გვიანიძემ – „ამიხსენით…“

ამის შემდეგ სიტყვა ითხოვა „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ თენგიზ აფხაზავამ. მან კოლეგის უკმაყოფილება უგულებელყო და თავმჯდომარეს დღის წესრიგში ორი საკითხის დამატება სთხოვა.

აკაკი გვიანიძის პროტესტი კომისიების დაკომპლექტების შემოთავაზებულ ვერსიას შეეხებოდა.

საკრებულოში იმუშავებს ოთხი კომისია: იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურის  და განათლების კომისია. ყველაზე მეტი დატვირთვა მოდის ორ  – იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაზე.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს განაცხადა, რომ ეს ორი მნიშვნელოვანი კომისია 15-წევრიანი იქნება, ხოლო დარჩენილი სამი კომისია – 12-წევრიანი. კანონის მიხედვით, ადგილები კომისიებში პროპორციულად ნაწილდება.

„ოცნება“ აცხადებს, რომ მნიშვნელოვან ორ კომისიაში ოპოზიციას 8, „ოცნებას“ კი 7 წევრი ეყოლება. დარჩენილ სამ 12-წევრიან კომისიაში კი 6-6 წევრის შეყვანის უფლება ექნება როგორც „ოცნებას“, ასევე ოპოზიციას.

ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი სამართლიანია, თუმცა რა მოხდება, თუ საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ირაკლი თავდგირიძე, რომელსაც დღეს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ჩააბარეს, საფინანსო-საბიუჯეტო და ასევე, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიაში მოინდომებს შესვლას? – ამ კომისიებშიც ძალები გათანაბრდება, გადაწყვეტილებას კი ხმების გაყოფის შემთხვევაში თავმჯდომარეები მიიღებენ. ოთხივე კომისიის თავმჯდომარე „ოცნების“ წევრია.

საკრებულოს წევრი აკაკი  გვიანიძე მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ მიისაკუთრა უმრავლესობა კომისიებში. მისი განმარტებით, „ოცნებას“ ოფიციალურად აქვს მანდატების 48%. ორ კომისიაში, სადაც შესაძლებელია „მათი მხარდამჭერი“ დამოუკიდებელი დეპუტატის დამატება, წევრთა რაოდენობად განისაზღვრა 15 ადგილი, აქედან, 7 მანდატი ერგო „ოცნებას“ +1 დამოუკიდებელი წევრი იქნება, თუმცა ამ შემთხვევაში ფორმალურად დაცულია კანონის მოთხოვნები.

„რაც შეეხება კომისიებს, სადაც აღარ იყო საშუალება მხარდამჭერი დამოუკიდებელი დეპუტატის დამატება, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა 12 ადგილით, საიდანაც „ქართულმა ოცნებამ“ 6 ადგილი მიიღო. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ კვოტა არის ნახევარი, ანუ 50%, რაც არ არის სრული შემადგენლობის 48% პროპორციული წარმომადგენლობა. ამასთან, ხუთივე კომისიის თავმჯდომარედ საკრებულომ აირჩია „ოცნების“ წარმომადგენელი და სხდომაზეც გაჟღერდა, რომ ხმების გაყოფის შემთხვევაში აპირებენ ე.წ. თავმჯდომარის პრივილეგიით  სარგებლობას, ანუ მისი გადამწყვეტი ხმის უფლებით აღჭურვას. ყოველი ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკრებულოს გადაწყვეტილება კვოტირებასთან დაკავშირებით მიმაჩნია კანონთან შეუსაბამოდ და ვაპირებ სასამართლოში დავას“, – აცხადებს აკაკი გვიანიძე.

35-წევრიან საკრებულოში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა: ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 17 მანდატი, დამოუკიდებელი დეპუტატი – 1 მანდატი, „ნაციონალური მოძრაობა“ – 14 მანდატი, „გახარია – საქართველოსთვის“ – 2 მანდატი, „ლელო“ – 1 მანდატი.

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით:

მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე აირჩევა მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთაგან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო, ხოლო ახლადარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.“

აკაკი გვიანიძემ საკითხის შესწავლის თხოვნით დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს – „საიასა“ და „გამჭვირვალობა საქართველოს“ მიმართა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: