მთავარი,სიახლეები

აჯობებს უკრაინელებმა დროულად გამოიყვანონ დანაყოფები შესაძლო ალყის ზონებიდან – ინტერვიუ

27.05.2022 • 7663
აჯობებს უკრაინელებმა დროულად გამოიყვანონ დანაყოფები შესაძლო ალყის ზონებიდან – ინტერვიუ

რუსი ოკუპანტების ერთ წერტილში კონცენტრაციის შესამცირებლად გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ელოდება, რომ უკრაინა ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებით ტაქტიკურ კონტრშეტევას დაიწყებს მალე. ამავდროულად, გადამდგარი გენერალი ამჩნევს, რომ რუსეთის შეტევებში უკვე იგრძნობა ტაქტიკური ადგილების დაკავების მიზანი, რაც უკვე თავდაცვით პოზიციაში უპირატესობის პირობას შექმნის.

ვახტანგ კაპანაძე ომში რუსი სამხედროებისგანაც ელის პუტინის წინააღმდეგ სვლას, მათ ეშინიათ გასამართლების და თავის გადარჩენისთვის იბრძვიანო, ფიქრობს გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ვახტანგ კაპანაძე საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ის ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, როგორია ბოლო ცნობები ფრონტიდან? „მას შემდეგ, რაც პოპასნაიას ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ რამდენიმე სოფელი აიღეს, რუსეთის სახმელეთო ჯარები ცდილობენ ალყაში მოაქციონ სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი, თუმცა უკრაინული ძალები ინარჩუნებენ კონტროლს რამდენიმე სექტორზე და რუსეთს მთელი დონბასის დაკავების საშუალებას არ აძლევენ,“ – ასეთია ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაცია.

რუსებმა ფაქტობრივად შეძლეს პოპასნაიას დაკავება. ვერ ვიტყვი, რომ მათ შეძლეს მნიშვნელოვანი გარღვევა ოპერატიულ სიღრმეზე, მაგრამ მოახერხეს გარკვეული, თავდაცვითი ზღუდეების გადალახვა. რაც მთავარია, რუსებმა შეძლეს ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილზე გასვლა, რაც არის უკრაინისთვის ლისიჩანსკის და სევეროდენცკის მიმართულებით მომარაგების ხაზი. არის მეორე გზაც სევერსკის მიმართულებით, საიდანაც ასევე შეიძლება ლისიჩანსკი-სევეროდნეცკის მომარაგება. ამ გზაზეც თუ გავიდნენ, ფაქტობრივად ალყაში აღმოჩნდება ლისიჩანსკი-სევეროდნეცკის მიმართულება.

ამავე დროს, შესაძლოა, რუსებმა დააცალკევონ ეს ორი დასახლებული პუნქტი, რადგან ფაქტობრივად მდინარე ყოფს ლისიჩანსკის და სევეროდენცკის და ცალ-ცალკე განახორციელონ ტაქტიკური ალყები. ამ დროისთვის აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს სევეროდონეცკის გარეუბნებში, იქ გარკვეული, მაღლივი კორპუსები დაიკავეს რუსებმა და ცდილობენ, თანდათან შეავიწროონ აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მიმართულება.

  • ჩანს, რომ უკრაინელები აქტიურად უწევენ წინააღმდეგობას რუსებს, მაგრამ ვერ აჩერებენ. რატომ ვერ ხერხდება რუსული არმიის შეჩერება? 

მხოლოდ ერთ წერტილზეა კონცენტრაცია, ძალიან მცირე მონაკვეთია და დიდია ძალების კონცენტრაცია. ჩემი ინფორმაციით, უკრაინელებმა უკვე თავი მოუყარეს 30 ტაქტიკურ-საბატალიონო ჯგუფს და მათ შეიძლება განახორციელონ ყურადღების გადატანითი დარტყმა ხერსონის, ანუ ნიკოლაევის და ზაპოროჟიეს მიმართულებით. ამ დარტყმის მიზანი იქნება დაწოლის მოხსნა სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის მიმართულებაზე. ეს არ იქნება ოპერატიული კონტრდარტყმა, ეს უფრო იქნება ტაქტიკური კონტრშეტევა იმისთვის, რომ რუსებმა სამხედრო ძალების ნაწილი აქეთ გადმოიყვანონ და კონცენტრაცია შემცირდეს. ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებით ახლა რუსები ფაქტობრივად თავდაცვით მდგომარეობაში არიან და ფორტიფიკაციას აძლიერებენ, ამაგრებენ თავდაცვით პოზიციებს.

  • ლიმანში შესვლა რა უპირატესობას აძლევს რუსებს? 

ფაქტობრივად ლიმანი აიღეს რუსებმა, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ გავიდნენ სლავიანსკი – კრამატორსკის მიმართულებაზე, რომელიც მაგ მიმართულებით ყველაზე კარგად დაცული ტერიტორიაა. აქ ჯერ ალყაზე საუბარი ზედმეტია, რადგან იზიუმიდან ვერ ახერხებენ რუსები აქტიურად წინსვლას. ამჯერად პოპასნაია არის ოპერატიული მნიშვნელობის რაიონი, საიდანაც რუსებს შეუძლიათ, როგორც ჩრდილოეთის მიმართულებით ალყის ორგანიზება, ასევე დასავლეთით – ბახმუტის გარშემო.

  • თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ – რუსეთი მოახერხებს დონბასის ადმინისტრაციულ საზღვრის დაკავებას, თუ მანამდე გადავა უკვე თავდაცვის რეჟიმზე? უკრაინის სამხედრო წრეებში არსებობს ვერსიაც, რომ სხვადასხვა მიმართულებით ისევ იბრძოლებს რუსეთი და ეს ომი შესაძლოა წლები გაგრძელდეს. 

მაქვს მოლოდინი, რომ ეს დაპირისპირება ძალიან დიდხანს გასტანს და მალე ვერ დასრულდება. მგონია, რომ რუსეთი დონბასის მიმართულებით რაღაცას მიაღწევს, ალბათ უფრო სევეროდენცკის მიმართულებაზე ექნება წარმატება. რუსები, ფაქტობრივად, უკვე გადიან ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე, სევეროდენცკის აღებას მოახერხებენ ალბათ. არ ვიცი, ლისიჩანსკსაც, თუ მხოლოდ სევეროდონეცკი.

ამ ეტაპის შემდეგ ისინი აიღებენ ოპერატიულ პაუზას, რა დროსაც ცალკეული ტაქტიკური მიმართულებით შეტევები ისევ ექნებათ, ხოლო შემდეგ დაიწყებენ დაკავებული ტერიტორიების დაცვას. რუსეთის ეს აქტიურობა სადღაც 10 დღე გაგრძელდება. ჩემი აზრით, აჯობებს, უკრაინელებმა დროულად გამოიყვანონ დანაყოფები შესაძლო ალყის ზონებიდან, ვიდრე შესაძლებელია გამოყვანა და განახორციელონ თავდაცვითი ზღუდეს ორგანიზება იგივე ბახმუტის დასავლეთი რაიონიდან.

13-27 მაისი: სიტუაცია უკრაინის აღმოსავლეთში, ევროპელი ომის ექსპერტების განახლებული რუკა

დღეს რუსები ახორციელებენ შეტევებს ისე, რომ მნიშვნელოვანი, თავდაცვითი მოქმედებებისთვის ხელსაყრელი ტაქტიკური უბნები დაიკავონ. მათ გათვლა აქვთ თავდაცვაზე და ამზადებენ პოზიციებს, რათა შემდეგ ეტაპზე უკვე გარკვეული უპირატესობა ჰქონდეთ.

ოპერატიული პასუზის შემდეგ, ფაქტობრივად ომის მესამე ეტაპზე, გააჩნია როგორ განვითარდება მოვლენები. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი ძალები გადმოიყვანოს ისევ ოდესის მიმართულებით და დნესტრისპირეთის შეერთებაზე იბრძოლოს, თუმცა ეჭვი მეპარება ეს შეძლოს.

  • ზელენსკის მრჩეველმა პოდოლიაკმა დღეს, 27 მაისს საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ვერავითარ ესკალაციას ვეღარ გამოიწვევს, რადგან „რუსეთის ფედერაცია უკვე იყენებს ყველაზე მძიმე არაბირთვულ შეიარაღებას უკრაინის წინააღმდეგ და „ცოცხლად წვავს ხალხს“. ის ქვეყნისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სარაკეტო სისტემების მიწოდებას კიდევ ერთხელ ითხოვს. რატომ ვერ აწვდიან უკრაინას შესაბამის შეიარაღებას, თქვენი ინფორმაციით? 

რეაქტიული ცეცხლსატყორცნი სისტემა „სოლნცეპეკი“ (TOS-1) არის ზალპური ცეცხლის სისტემა, რომელიც ცეცხლგამჩენ რაკეტებს ისვრის და გამოიყენება ღიად მდებარე მოწინააღმდეგის, ქვეითის და ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ. რუსეთი იყენებს, ცხადია, რეაქტიულ და ლულიან არტილერიას, ეს არის მისი უპირატესობა. უკრაინას ნამდვილად სჭირდება გარდატეხის შეტანა ამ მიმართულებით.

რუსეთი ისევ გადავიდა მეთოდურ განადგურებასა და „გადამწვარი მიწის ტაქტიკაზე“, როცა არტილერია აბსოლუტურად მიწასთან ასწორებს ყველაფერს და უკრაინელების დასაცავი აღარაფერი რჩებათ.

უკრაინის სამხედრო აღჭურვილობის რესურსი, ბუნებრივია, გაუმჯობესდება „ლენდ ლიზის“ სრულად ამუშავების შემდეგ და დაწყებულია უკვე ეს მიწოდება. უკრაინას მიღებული აქვს იგივე ბრიტანული ხომალსაწინააღმდეგო საშუალებები და „ნეპტუნებთან“ ერთად რუსები 200 კილომეტრზე ახლოს ვერ უახლოვდებიან მათ ნაპირს, ეშინიათ. მაგალითად, „ჰარპუნსაც“ სახმელეთო ბაზირებით 140 კილომეტრამდე, ხოლო ხომალდიდან, ან თვითმფრინავიდან 220 კილომეტრი აქვს მოქმედების რადიუსი, მაგრამ არის საკმაოდ ძლიერი და ზუსტი. ის 1977 წელს არის გამოშვებული და დღემდე მიიჩნევა, როგორც ეფექტური საშუალება. „ჰარპუნის“ მიღებაც გააძლიერებს უკრაინის სანაპირო დაცვას.

თუმცა რასაც დღეს იღებს უკრაინა, ეს არის უფრო დანაკარგების შევსება. ახალი დანაყოფების ფორმირებისთვის და იმისთვის, რომ მან ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა შეძლოს, მთლიანად ნატოს სტანდარტის შეიარაღება სჭირდება. უკრაინას მინიმუმ 3 თვე მაინც დასჭირდება, რომ მოემზადოს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევისთვის.

  • ეთანხმებით ბრიტანეთის დაზვერვას იმაში, რომ „რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში თავისი საჰაერო-სადესანტო ძალების სწორად გამოყენება, რამაც ის ბევრ ელიტურ დანაყოფში სერიოზულ დანაკარგებამდე მიიყვანა“?

დიახ, ასეა. ჩვენ ვხედავდით, რომ რუსები ვერ ომობდნენ ქალაქში, ღამით ვერ ომობდნენ. დესანტების შემთხვევაში კი, საქართველოს მაგალითზეც გამოჩნდა, რომ მედესანტეებს იყენებდნენ, როგორც ჩვეულებრივ ქვეითებს. ეს ხდება იმიტომ, რომ ქვეითები არ არიან მზად საომარი მოქმედებებისთვის და იყენებენ მედესანტეებს, მათ შორის, თავისი აღჭურვილობით. მედესანტის მანქანა არის ალუმინის, რომელიც იცავს ტყვიებისგან და ნამსხვრევებისგან, მოიერიშედ როცა გამოიყენებ დასახლებულ პუნქტში, ან ჩასანგრებული მოწინაღმდეგის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ეს არაა რეკომენდებული, მაგრამ ქვეითი ვერ ომობს და იძულებული ხდებიან, ეს გააკეთონ.

წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ რუსეთი დაიწყებდა ვაჭრობას. რუსეთმა უკრაინას უკვე შესთავაზა სურსათით დატვირთული გემებისთვის უსაფრთხო დერეფნის მოწყობა, რომ უკრაინამ ექსპორტი შეძლოს. სამაგიეროდ, მოითხოვა რუსეთისთვის სანქციების მოხსნა. თქვენი აზრით, ომის მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენად შეიძლება მსგავს შეთავაზებებს დათანხმდეს უკრაინა?

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, როგორი იქნება უკრაინაზე ზეწოლა დასავლეთის მხრიდან. არის ვერსიაც, რომ ბრიტანეთიდან შევლენ საზღვაო ხომალდები და ისინი უზრუნველყოფენ იგივე ხორბლის დატვირთული გემების ექსკორტირებას უკრაინიდან. რუსეთი, ცხადია, ეცდება, რომ გარკვეული ვაჭრობა დაიწყოს, ცხადია, რომ რესურსი ეწურება და მაქსიმალურად შეამცირებს შეტევით ოპერაციებს.

  • რესურსების ნაკლებობას აჩვენებს ისიც, რომ ბოლო დღეებში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში მოძველებული საბჭოთა Т-62 ტანკების შეყვანა დაიწყეს?  

დიახ, ეს ერთმნიშვნელოვნად არის რესურსის კლება. რუსეთს აქვს თანამედროვე ტექნიკის რესურსის პრობლემა, რადგან მათი დიდი ნაწილი განადგურდა, ან სარემონტოა, ან მაკომლექტებელი ნაწილები, რაც სჭირდება ტექნიკას, მისი შეტანა ევროპიდან ვეღარ ხდება, მაგალითად, ფრანგული სამიზნე საშუალებების და სატანკო მანძილმზომების.

რაც შეეხება საბჭოთა ტექნიკას, ძალიან დიდი რესურსი აქვს რუსეთს და, როგორც ჩანს, გახსნეს ახლა უკვე ეს მარაგები. დასაწყობებულ, ძველ ტექნიკას ასე პირდაპირ ომში ვერ გაუშვებ, მას საგანგებო, ტექნიკური პროცედურის გავლა სჭირდება. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ ადგილობრივი ზემდეგები და საწყობების პერსონალი იმ საწყობებშიც ტანკებს ბევრ ნაწილს მოხსნიდნენ და გაყიდდნენ, ეს ჩვეულებრივი წესია რუსებისთვის.

  • თქვენი აზრით, რა ელის პუტინს? სხვადასხვა ვერსია არსებობს, თუ რა შეიძლება დაემართოს, ან დამართონ პუტინს. მაგალითად, MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელის, რიჩარდ დირლავის ვარაუდით, პუტინი მომავალ წელს სანატორიუმში იქნება და ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა კი თქვა, რომ იყო პუტინის მოკვლის მცდელობა კავკასიელთა მხრიდან. 

ჩემი აზრით, პუტინი ამ ომს გააგრძელებს, არ ვამბობ, რომ შეტევას განაგრძობს, მაგრამ ომს გააგრძელებს და მოპოვებულ ტერიტორიებს დაიცავს. პუტინმა რუსეთი ძალიან მძიმე ვითარებაში შეიყვანა და ის ახლა რუსეთსაც აღარ აწყობს. ვფიქრობ, პუტინის შეცვლა რომ მოახერხონ, მისი შემცველიც არ იქნება კარდინალურად განსხვავებული და შეეცდება არჩეული ვითარება შეინარჩუნოს, ოღონდ ეცდება ომი აღარ იყოს და სანქციები აირიდოს.

  • შესაძლებელია, თავად უკმაყოფილო სამხედროები მიუბრუნდნენ პუტინს და აღარ დაემორჩილონ? 

შესაძლებელია, გააჩნია შიგა დუღილის პროცესი საით წავა, სამხედროები შესაძლოა გამოიყენონ ამის განსახორციელებლად. მეთოდი შეიძლება იყოს, როგორც ფიზიკური მოშორება, ასევე გადატრიალება. გახსოვთ ხომ, გადამდგარმა გენერლებმა წერილი რომ მისწერეს პუტინს და ომის შეწყვეტა სთხოვეს, ისინი საკმაოდ გავლენიანი გენერლები არიან სამხედრო და პოლიტიკურ წრეებშიც. ასევე ვიცით, რომ გადააყენეს გენერლების ნაწილი პირველი არმიის, მეექვსე არმიის, შავი ზღვის ფლოტის და ასე შემდეგ. ეს, რა თქმა უნდა, დადებითად არ მოქმედებს და შიშს იწვევს. სამხედროები ხედავენ ომის უპერსპექტივობას, თუმცა მათ დღეს აწყობთ ომის გაჭიანურება – ომის პირობებში მტყუან-მართლის გარკვევას არავინ დაიწყებს – მათ დასჯის ეშინიათ, თავი უნდა გადაირჩინონ.

  • ამასობაში, უკრაინაში კიდევ ერთი რუსი გენერალი დაიღუპა – გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევი. ბიბისის ინფორმაციით, მოიერიშე სუ 25, რომელსაც გადამდგარი გენერალი მართავდა, უკრაინელებმა პოპასნაიასთან ჩამოაგდეს. თქვენ როგორ გაიგეთ, რა მოხდა? 

არ ვიცი, რა უნდოდა გადამდგარ გენერალ-მაიორს სუ 25-ში, ბარეღამ ტანკში დამჯდარიყო. ეს არის მოიერიშე თვითმფრინავი, ახლო მანძილის და ცხადია, ძალიან მოწყვლადია, დიდია მისი ჩამოგდების შესაძლებლობა. რატომ გამოიძახეს გადამდგარი გენერალი, მფრინავები აღარ ჰყავთ, თუ რა არის, ვერ ვხდები.

  • ახალწვეულების გაწვევით, ანუ ფარული მობილიზაციისგან რა შედეგი მიიღო რუსეთმა? 

გაზარდეს დაჯგუფების რესურსი დაახლოებით 10 – 15 საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფით, თუმცა ეს უფრო არის ჯამური მაჩვენებელი სხვადასხვა მიმართულებიდან რაც შეავსეს, ახალწვეულებს სჭირდებათ მინიმუმ 4 თვე, რომ ომში წავიდნენ.

ექსპერტების მონაცემებით, რუსეთს ჰყავდა 300 ათასამდე მომზადებული რეზერვი, რამდენია შეყვანილი და რამდენი არა, კონკრეტული ციფრი არ არის ცნობილი, თუმცა ჩემი ინფორმაციით, რუსეთს კონსერვაციიდან მოხსნილი ტექნიკით დაახლოებით 20 -25 საბატალიონო, ტაქტიკური, მექანიზებული დანაყოფის შექმნა შეუძლია.

ფაქტობრივად აღარაფერია დარჩენილი რუსეთის 58-ე არმიდან, რომელიც იყო ყველაზე თანამედროვე ჯავშანტექნიკით აღჭურვილი, 2018 წელს მიიღო ახალი აღჭურვილობა და მძიმე დანაკარგები აქვს. შესაბამისად, რუსეთი დღეს ახერხებს ამ დანაკარგების შევსებას და არა გაძლიერებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: