მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს

30.05.2022 •
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს

დღეს, 30 მაისს, ბათუმის საკრებულო დაახლოებით ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ შეიკრიბა და თავმჯდომარედ რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს. მას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი, მათ შორის, 17 წევრი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, ხოლო ერთი დამოუკიდებელი წევრია.

ოპოზიცია დღეს საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა, გამონაკლისია მხოლოდ აკაკი გვიანიძე პარტიიდან „გახარია – საქართველოსთვის“, თუმცა მას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

რამაზ ჯინჭარაძეს „ქართული ოცნების“ გარდა მხარი დაუჭირა ირაკლი თავდგირიძემ, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატია.

რამაზ ჯინჭარაძე ბათუმის საკრებულოში 2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად აირჩიეს. ეს არჩევნები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ენმ-ს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. მანამდე ბათუმის საკრებულოში ოპოზიციას უმრავლესობა ჰქონდა.

შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 338 ამომრჩეველი „ოცნების ქალაქში“ დაარეგისტრირეს. ეს ის უბანია, სადაც ასობით ოჯახი ამ დრომდე ხელისუფლებისგან საცხოვრებელ ბინებს ელოდება. საია ამომრჩევლის მოსყიდვის ან ზეგავლენის მოხდენის მუხლებით გამოძიების დაწყებას ითხოვდა, თუმცა გამოძიება არც დაწყებულა.

გამოძიება დაიწყო „ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე“, თუმცა ამ დრომდე პროკურატურას შედეგი არ დაუდია. მას „ნეიტრალურის დაჭერას“ სთხოვდნენ, იმ აუდიოჩანაწერის მიხედვით, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, 24 ნოემბერს გაავრცელა.

ენმ ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომას არ დაესწრო, შემდეგ სხდომებს ეს პოლიტიკური ძალა დაესწრება.

საკრებულოს წევრის მანდატი პროტესტის ნიშნად დატოვა ირაკლი კუპრაძემ, ის ბათუმის საკრებულოში „ლელოს“ წარმოადგენდა.

______________

ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა 2021 წლის 3 დეკემბერს დაიწყო, თუმცა სხდომა ვერ დასრულდა. მიზეზი ამ დრომდე კვორუმის არარსებობა იყო. „ქართულ ოცნებას“ 2 აპრილის არჩევნების შემდეგ უკვე საკმარისი ხმები ჰქონდა, მაგრამ იმისთვის, რომ საკრებულოს ახალი წევრის – რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება ეცნო, კვორუმი უნდა შემდგარიყო, რისთვისაც 18 კაცი იყო საჭირო.

საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილებას უკვე ცესკომ ცნო არჩევნების შედეგების საფუძველზე და მას კვორუმი და ოპოზიციის ჩართულობა აღარ დასჭირდა.

2 აპრილის შუალედური არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოს უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. ის საკრებულოში უკვე 17 დეპუტატით არის წარმოდგენილი. 17 დეპუტატი ჰყავს ოპოზიციასაც, თუმცა მე-18 ხმა ირაკლი თავდგირიძეს ეკუთვნის, რომელიც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე გახარიას პოლიტიკური გუნდიდან შევიდა ბათუმის საკრებულოში და განაცხადა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დაუჭერს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: