29 560 ღერი ჩამორთმეული სიგარეტი და 1000-ლარიანი ჯარიმები სარფის საბაჟოზე ერთ თვეში

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში – 3 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის არაერთი ფაქტი აღიკვეთა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში –  29 560 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის 21 საათიდან 5 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი 

მაღალ მთაში:

  • დღისით: 15 –20 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 6 ოქტომბერს ღამით და დილით მოსალოდნელია წვიმა, მომდევნო 2 დღეს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

პუტინი ხარკოვსა და ლიმანში მარცხზე პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანას ცდილობს – ISW

თავდაცვაში საკადრო ცვლილებებით ვლადიმერ პუტინი ცდილობს, რუსეთის ჯარების უკვე ძველ და მომავალ დანაკარგებზეც პასუხისმგებლობა სხვებზე გადაიტანოს – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW).

როგორც ინსტიტუტის ანალიტიკოსები წერენ, რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთ სამხედრო ოლქში ახალი მეთაური დანიშნა – გენერალ-ლეიტენანტი რომან ბერდნიკოვი, რომელმაც ამ პოსტზე ალექსანდ ჟურავლიოვი შეცვალა.

ISW-ი მანამდე წერდა, რომ დასავლეთ ოლქის დანაყოფები, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ძირითადად, ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოქმედებდნენ, თუმცა ფაქტობრივად მეთაურის გარეშე, რადგან ბოლო პერიოდში ჟურავლიოვი თითქმის არ ჩანდა, პუტინმა კი ორ კვირაში „დასავლეთ დაჯგუფების ჯარების“ ორი მეთაური გამოცვალა.

„საკადრო ცვლილებებით პუტინი ცდილობს, ხარკოვსა და ლიმანში მზარდი დანაკარგებით გამოწვეული ბრაზი ახალი ადამიანის დანიშვნისკენ მიმართოს. ეს ასევე შეიძლება იყოს მცდელობა, ლიმანში მარცხის გამო კრიტიკისგან დაიცვას გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი, რომელიც ცენტრალურ სამხედრო ოლქს ხელმძღვანელობს. ხარკოვსა და ლუგანსკშიც მომავალ დანაკარგებზე პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინმა შეიძლება ბერდნიკოვს დააკისროს,“ – წერენ ISW-ის ექსპერტები.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • ბოლო 48 საათში უკრაინის ძალები განაგრძობენ სერიოზული წარმატებების მიღწევას ლიმანის გარშემო და ხერსონის ოლქში.
  • უკრაინის ძალები განაგრძობდნენ შეტევას ლიმანის აღმოსავლეთით და შესაძლოა, კრემინინას მიმართულებით ლუგანსკის ოლქის საზღვრებშიც შევიდნენ.
  • რუსეთის ოფიციალურმა პირებმა გაათავისუფლეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი, რომელიც უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული.
  • უკრაინის ძალებმა წინ წაიწიეს ჩრდილოეთ ხერსონში.
  • პუტინი სადამსჯელო ზომებს იღებს იმ რუსული ბიუროკრატიული ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც მობილიზაციაზე არიან პასუხისმგებელი.

დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ბრალდებით აჭარაში 1 პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

„განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, აჭარის რეგიონში ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მის ფაქტობრივ მართვაში არსებული კომპანიის მეშვეობით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 1 616 371 ლარის გადახდას“, – აცხადებს უწყება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

ანგისისა და მარუხის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ანგისისა და მარუხის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივი გახდა.

  • ანგისის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის ცალმხრივი მოძრაობა დაწესდა აღმაშენებლის ქუჩის წრიულიდან [ვოქსიდან] გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩამდე მონაკვეთში [ამავე მიმართულებით];
  • მარუხის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის ცალმხრივი მოძრაობა დაწესდა შავშეთის ქუჩიდან სოხუმის ქუჩის მონაკვეთამდე [ამავე მიმართულებით].

მოძრაობის ეს წესი არ ეხება სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებს.

საკრებულოს დადგენილება 2022 წლის 3 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში, თუმცა დადგენილებაში აღნიშნულია, რომ 18 ოქტომბრამდე „ბათუმის მერიამ უზრუნველყოს აღნიშნული ქუჩების მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების მოგვარება, მათ შორის, ქუჩის აღჭურვა შესაბამისი საგზაო ნიშნებით“.

ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ქუჩებზე ავტოტრანსპორტისთვის ცალმხრივი მოძრაობა სავალდებულო იქნება იმ დროიდან, როგორც კი შესაბამის საგზაო ნიშნებს დაამონტაჟებენ.

ანგისის ქუჩაზე ისრით აღნიშნული მიმართულებით ავტოტრანსპორტისთვის ცალმხრივი მოძრაობა სავალდებულო იქნება იმ დროიდან, როგორც კი მერია შესაბამის საგზაო ნიშნებს დაამონტაჟებს – არაუგვიანეს 18 ოქტომბრისა
მარუხის ქუჩაზე ისრით აღნიშნული მიმართულებით ავტოტრანსპორტისთვის ცალმხრივი მოძრაობა სავალდებულო იქნება იმ დროიდან, როგორც კი მერია შესაბამის საგზაო ნიშნებს დაამონტაჟებს – არაუგვიანეს 18 ოქტომბრისა

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ვალდებულნი არიან დაიცვან ამ დად­გენი­ლებით განსაზღვრული მოძრაობის ორგანიზების წესები, ხოლო ამ წესების დაუცვე­ლობა გამოიწვევს საქართველოს კანონით – „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვე­ვათა კოდექსი“ გათვალისწინებული სანქციების დაკისრებას.“ – აღნიშნულია ბათუმის საკრებულოს დადგენილებაში.

მოძრაობის გაცალმხრივება მოსახლეობამ მოითხოვა. ამასთან, ანგისის ქუჩის მოსახლეობა ასევე ითხოვდა ქუჩისთვის სახელის შეცვლას, თუმცა ამ საკითხზე ბათუმის საკრებულოს არ უმსჯელია.

დავარქვათ ანგისის ქუჩას სახელი უკრაინაში მებრძოლი ქართველების პატივსაცემად – თხოვნა მერს

10 თვის ჩვილს რაქიტი აქვს და სავალდებულო მასაჟებს ვერ ვუკეთებთ – ქალი უკრაინიდან

ოლენა ზაზიულჩიკი ორ შვილთან და დედასთან ერთად უკრაინიდან ბათუმში მარტში ჩამოვიდა, ომის დაწყებისთანავე. ოთხსულიანი ოჯახი ბათუმში ადგილობრივებმა შეიფარეს, სადაც დღემდე რჩებიან.

ოლენას 8 წლის და 10 თვის შვილები ჰყავს. 8 წლის ბიჭმა  წელს ბათუმის მე-20 სკოლის მესამე კლასში დაიწყო სწავლა. 10 თვის ჩვილს კი სასწრაფოდ სჭირდება პროფესიონალური მასაჟის კურსები – ბავშვს რაქიტის დიაგნოზი აქვს, მასაჟის გარეშე კი დაავადება სწრაფად პროგრესირებს.

10 თვის ჩვილის დედამ გვითხრა, რომ შვილისთვის მასაჟის გაკეთება მხოლოდ რამდენჯერმე მოახერხა უკრაინაში.

„ექიმმა სავალდებულო მასაჟები დაუნიშნა ჩემს პატარას, მოვძებნეთ ძალიან კარგი სპეციალისტი კიევში, დავიწყეთ კურსი და ომიც დაიწყო. მხოლოდ რამდენიმე დღე დამყავდა ბავშვი მასაჟზე, მერე კი ქვეყანა დავტოვეთ. მას მერე მასაჟი ჩვენთვის საოცნებოა, თავი ძლივს გაგვაქვს და სხვის სახლში ვცხოვრობთ. მადლობა ღმერთს, ზამთარში არ გაგვიშვებენ სახლიდან და სადაც ახლა ვართ, აქვე შევძლებთ გამოზამთრებას“, – ამბობს ჩვილის დედა.

ოლენა ამბობს, რომ ბავშვს გულმკერდის მასაჟი სჭირდება, რისთვისაც აუცილებელია სპეციალისტის პოვნა, რომელსაც აქვს ამ დაავადების მქონე ჩვილებთან მუშაობის გამოცდილება. ბავშვს სჭირდება ასევე D ვიტამინის მიღება ყოველდღიურად.

„ვიტამინი D წამოვიღეთ უკრაინიდან, სითხე ბოთლის ძირამდე დავიდა. რაქიტი ძალიან ცუდ ფორმებს იღებს ვიტამინის და მასაჟის გარეშე, ძალიან მეშინია, ვდარდობ, არ ვიცი, ვის უნდა მივმართო დახმარებისთვის“, – გვითხრა  ოლენამ.

ომს გამოქცეული ლტოლვილი ასევე გვეუბნება, რომ არ აქვთ ჩვილისთვის აუცილებელი საკვების შეძენის შესაძლებლობა ყოველთვის. ჩვილის საკვები რძეა, კერძოდ, ნესტლეს NAN® 2 OPTIPRO. უჭირთ ყოველდღიური საფენების შეძენაც, 10 თვის ჩვილი 11 კილოგრამს იწონის და 5 ნომერი პამპერსი სჭირდება.

„ბოდეები, შარვლები გვაქვს, სამოსი ბავშვს ასე თუ ისე აქვს, პრობლემაა მხოლოდ თბილი გარე სამოსი ჩვილისთვის, რის გარეშეც სასეირნოდ ვერ გაგვყავს, თბილი კომბინეზონები არ გვაქვს.

იქნებ შევძლო და შვილებს ყველაფერი ჩემით ვუყიდო, თუ ჩვენი ხელმოწერები თბილისამდე ჩააღწევს: 300-ლარიანი დახმარება ჩვენს ოჯახს არ ერგო საქართველოს მთავრობისგან და შევაგროვეთ ხელმოწერები, სადაც მივუთითეთ, რომ ეს უსამართლობა იყო. იქნებ, ეს დახმარება მივიღოთ ყოველთვიურად.

სახლი კიევში დავტოვეთ. იქ დავტოვეთ ბებიები და ბაბუები, დეიდაჩემი და ჩემი დეიდაშვილები. ერთი შეხედვით, კიევში ხალხი ბრუნდება, მაგრამ პატარა შვილებით ჯერ ვერ დავბრუნდები, მეშინია. მოსალოდნელი დაბომბვების შიშით ჩემი დეიდაშვილი კიევში გაგიჟდა, მის მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობას ვერ შველიან. ჩვენ  ჯერ იქ დაბრუნება არ შეგვიძლია“, – ამბობს ოლენა.

რუსეთს სულ უფრო უჭირს ახალწვეულების წვრთნა და შეიარაღებაც – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, სავალდებულო სამსახურში გაწვევის საშემოდგომო ციკლი რუსეთში წელს ტრადიციულზე ერთი თვით გვიან დაიწყება.

30 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას მორიგი საშემოდგომო გაწვევის შესახებ. განსაზღვრულია 120 000 ახალწვეულის მომზადება, თუმცა კანონით რუსეთს ამ ახალწვეულების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაგზავნა არ შეუძლია,“ – წერს უწყება 4 ოქტომბრის რელიზში და დასძენს, რომ ამ ახალწვეულებს არ აქვთ იგივე ვალდებულებები, რაც 21 სექტემბრის ბრძანებით მობილიზებულებს.

გაწვევის ციკლი რუსეთში პირველ ნოემბერს იწყება, ტრადიციულზე ერთი თვით გვიან. დაზვერვის შეფასებით, დაგვიანება მიუთითებს, რომ რუსეთს სულ უფრო უჭირს დიდი რაოდენობით ახალწვეული სამხედროების წვრთნა და შეიარაღება.

„მობილიზებულისა და ახალწვეულების განთავსების, სწავლების, შეიარაღებისა და განლაგების პრობლემები მნიშვნელოვანია და მათ გადაწყვეტას მომავალში კიდევ უფრო შეუშლის ხელს რუსეთში ადმინისტრაციული და ლოგისტიკური სისტემების ხარვეზები,“ – წერს დაზვერვა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელი რელიზის ყურადღების ცენტრშირუსეთში გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაცია“ და მისი მიმდინარეობა იყო. დაზვერვა მიუთითებდა, რომ ვლადიმერ პუტინმა უჩვეულოდ სწრაფად აღიარა შეცდომები მობილიზაციის პროცესში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 60 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +370]
  • ტანკი – 2 424 ერთეული [+44]
  • ჯავშანტექნიკა – 5 018 ერთეული [+27]
  • საარტილერიო სისტემა – 1 407 ერთეული [+2]
  • MLRS – 340 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 177 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 266 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 228 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 028 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 246 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 823 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 131 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 312 თვითმფრინავი
  • 157 ვერტმფრენი
  • 2 145 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 379 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 336 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 860 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 445 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 6 226 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

როგორ შედგა ყველაზე დიდი გაცვლა – „აზოვსტალის“ დამცველთა დაბრუნების უცნობი დეტალები

რა ჯანდაბა უნდა – დეკანოზი კაცზე, რომელიც ამბობს, რომ „ნაციონალობის“ გამო ტაძარში არ უშვებენ

„რა უნდა მაგას, რა ჯანდაბა უნდა?“ – კითხვა შემოგვიბრუნა დეკანოზმა ლუკა მიქაბერიძემ, რომელიც ორთაბათუმის თემში, ყოროლისწყლის ტაძრის მღვდელია და სოფელ ყოროლისთავში მცხოვრებ ირაკლი დიასამიძეს და მისი ოჯახის წევრებს დაუპირისპირდა. მიზეზი მოქალაქეების პოლიტიკური გემოვნებაა – ოპოზიციას, კონკრეტულად კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერენ მხარს.

სასულიერო პირი კი, ამის გამო უხერხულობას არ გრძნობს, პირიქით – მოქალაქეს ჩვენთან საუბრის დროს ლანძღავს, შეურაცხყოფს და მიიჩნევს, რომ რადგან თავისი მრევლის წევრმა მედიასთან ეს საკითხი გაასაჯაროვა, „ვერაა კარგად“, რადგან „საჩივრების წერაზეა გადასული“.

„თავდაპირველად ამბიონიდან აცხადებდა, ვინც ნაციონალია, აქ არ შემოდგას ფეხიო. შემდეგ კი, კონკრეტულად აგვიკრძალა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს ტაძარში შესვლა და ზიარება,“ – გვიყვება ირაკლი დიასამიძე. მისი თქმით, ამ ფაქტზე სათანადო რეაგირება არც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ჰქონია. მოქალაქე ამბობს, რომ მას მღვდლის მსგავსად მიტროპოლიტი დიმიტრიც [ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი] ქურდული მენტალობის განწყობით დაელაპარაკა.

„ლუკა მიქაბერიძემ ქურდულად გამირჩია საქმე, ვერ გაზიარებ, აქ აღარ მოხვიდე, თქვენ სექტა ხართ, ნაციონალებიო… მეუფე დიმიტრიმ კი მისაყვედურა, ჟურნალისტებს რატომ უთხარი ეს ამბავი, არაკაცურია ეგო… საბოლოოდ, მღვდელს მკაცრი გაფრთხილება მისცეს, მაგრამ ყველაფერი ხომ ფორმალურია? ვიფიქრე, რომ ამ საყვედურის შემდეგ მომეცემოდა ტაძარში შესვლის და ზიარების უფლება – სპეციალურად მიტევების დღე შევარჩიე და ჩემი 7 წლის სტიქაროსან ბიჭთან ერთად მივედი ტაძარში. უარესი მოხდა – ამ შემთხვევაში უკვე მხოლოდ ზიარებაზე კი არ მითხრა უარი, არამედ „ზონდერები“ გამომაყოლა, გაუსწორდით, გაუსწორდითო და ისინიც მომდევდნენ დასაშინებლად, დაგველოდე, მოიცადე, საქმე გვაქვს შენთანო.

არ ვიცი, ვინ არიან ეს „ზონდერები“, სახეზე ვერ ვცნობ, მაგრამ ვიცი, რომ „ოცნებას“ ჰყავს და პოლიტიკურად სჭირდებათ… მე ვერ გავიგე, სახარება რა არის? გულზე ფეხი რატომ დაადგეს ქრისტეს? მიტევება რა არის?

ჩემი შვილები მეკითხებიან, რატომ არ მივდივართ ჩვენს, ანუ სოფლის ტაძარში, რამე დანაშაული ჩავიდინეთო? რა ვუპასუხო შვილებს?“ – კითხულობს ირაკლი დიასამიძე,

მოქალაქის თქმით, პოლიტიკური საკითხის გარდა, მას სხვა სახის უთანხმოება მღვდელთან არ ჰქონია და პოლიტიკურ საკითხზეც მას დეკანოზისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია.

დეკანოზი ლუკა მიქაბერიძე კი, პასუხის გაცემის ნაცვლად, შეურაცხმყოფელი სიტყვებით დაკავდა მოქალაქის მიმართ:

„სულელია მაგი, დებილი… კრეტინიზმი ჰქვია მაგას… ავადმყოფი კაცია, პათოლოგია… ვის უსმენთ, ვის უჯერებთ? საჩივრების წერაზეა გადასული, პროფესიონალი მომჩივანია…  ამოდით და სოფლის ცენტრში, ფანჩატურში მოიკითხეთ.

დებოში მოაწყო მაგან და მისმა მეუღლემ ეკლესიაში, წევიდნენ მერე და ტელევიზიაში მიჩივლეს,“ – ამას დეკანოზი ამბობს, თუმცა არ აკონკრეტებს, რა იყო „დებოში“ და უკავშირდებოდა თუ არა იგი პოლიტიკურ შეხედულებებს. სასულიერო პირი არც „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვას მორიდებია ჩვენთან და არც არმენოფობიას:

„მე ვარ სააკიანის და მისი შანტრაპის მტერი, ესენი არიან ნაძირლები… ზიარების უფლება არ აქვს, არც ერთი ეკლესია არ აზიარებს, თუ მოვა ჭეშმარიტი შენდობით, მერე კიდევ დაველაპარაკები მე ან სხვა მღვდელი,“ – აღნიშნა დეკანოზმა ლუკა მიქაბერიძემ „ბათუმელებთან“.

შენდობა უნდა ითხოვოს იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია? – დაკონკრეტება ვთხოვეთ სასულიერო პირს. დეკანოზის განმარტებით, მას მოქალაქისთვის ტაძარში შესვლაზე უარი არ უთქვამს, თუმცა მას ვერ აზიარებს.

დეკანოზი ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ტაძარში დაშვებაზე სხვა პოზიციასაც გამოხატავს.

„მაგას სინდისი თუ აქვს, არც უნდა შემხედოს თვალებში… მაგან უფლება თავის თავს წაართვა უზნეობით და უნამუსობით… გეუბნებით, ამოდით სოფლის ცენტრში, ფანჩატურში იქნება ხალხი და იკითხეთ, მე მაგი ტაძრიდან წიხლით არ გამიგდია,“ – მორიგი პასუხი მოვისმინეთ დეკანოზ ლუკა მიქაბერიძისგან.

რომელი ქრისტიანული მოძღვრებით სარგებლობს დეკანოზი, როცა ის შეურაცხმყოფელი ლექსიკით საუბრობს ადამიანზე? – ესეც ვკითხეთ დეკანოზს.

„თქვენ მოძღვარი გყავთ?“ – ისევ დაგვიბრუნა კითხვა მოძღვარმა და დამშვიდობებამდე ესეც დასძინა: „გეტყობათ, რომ არ ხართ ეკლესიური, რა კითხვებს მისვამთ“.

დეკანოზმა ლუკა მიქაბერიძემ ტელეფონის გამორთვიდან რამდენიმე წუთში გადმოგვირეკა და გაგვაფრთხილა, რომ  მრევლში 3 – 4 ადვოკატი ჰყავს და გვიჩივლებს, თუ საკითხი ცალმხრივად გაშუქდება, თუ, მაგალითად, არ ვიკითხავთ, რას ჰყვებიან ამ ამბავზე სოფლის ცენტრში, ფანჩატურში შეკრებილი ადამიანები.

რა რეაგირება აქვს ეპარქიას, როცა ადამიანს ტაძარში არ უშვებენ და ზიარების უფლებას არ აძლევენ? – კითხვით ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას მივმართეთ. აქ განმარტეს, რომ ირაკლი დიასამიძე „მომხდარის შემდეგ ტაძარში არ მისულა“ და მას არავინ უზღუდავს ტაძარში მისვლას და ზიარებას.

რა იგულისხმება ფრაზაში „მომხდარის შემდეგ“? – ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის პრესცენტრში გვითხრეს, „მრევლის დაყოფა პოლიტიკური ნიშნით არ ყოფილა“, მაგრამ მოქალაქემ შესაძლოა „კონკრეტული ქადაგება არასწორად გაიგო“.

მოგვიანებით ეპარქიაში დაგვიდასტურეს, რომ დეკანოზი ლუკა მიქაბერიძე 2022 წლის 23 იანვარს მღვდელმთავარმა მკაცრად გააფრხილა, რადგან “ეკლესიაში ყოვლად დაუშვებელია პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და საღმრთო ზიარებაზე არდაშვება”.

რატომ ეშინია გათენების ყოფილ ბუღალტერს ბათუმიდან

„ჩემს თვალზე ცრემლი არ გამშრალა. ყოველი დღის გათენების მეშინია, არ ვიცი რა მელოდება ხვალ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 68 წლის ეთერ შარაძე.

ის საუბრის დროსაც ვერ მალავს ცრემლებს. ამბობს, რომ მთელი ცხოვრება შრომობდა, არასდროს გაჩერებულა, თუმცა ხანდაზმულ ასაკში მაინც ბინის გარეშე, სოციალურად დაუცველი აღმოჩნდა.

ეთერი ახლა ნივთებს ალაგებს, მუყაოს ყუთებში ფუთავს და ელოდება, როდის ეტყვის ბინის მეპატრონე, რომ სახლი დაცალოს.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და ბათუში რუსეთის ათასობით მოქალაქე შემოვიდა, გასაქირავებელი ბინის ფასი გასამმაგდა. ეთერ შარაძე დარდობს, რომ საქირავებელ ბინას ვერ პოულობს და არ იცის ხვალ რა ელოდება.

„მეშინია გათენების, საწოლთან „კორვალოლი“ მიდევს, რომ უცებ ცუდად არ გავხდე. არ ვიცი გავუძლებ თუ არა ასეთ ტანჯვას. უბინაობა ყველაზე დიდი საშინელება ყოფილა“, – გვეუბნება ეთერი.

ეთერ შარაძე, პენსიონერი

იგი ცრემლებს იმშრალებს და თავის ისტორიას გვიყვება.

პროფესიით ბუღალტერია და 20 წელი თავისი პროფესიით იმუშავა: „კაპიკს კაპიკზე ვადებდი, ორი წიგნაკი მქონდა ბანკში, ბინის რიგშიც ვიყავი, მაგრამ ყველაფერი დაიკარგა.

შემდეგ ისევ შევაკოწიწე პატარა თანხა და მშენებარე სახლშიც ჩავდე, მაგრამ იმ სახლის მშენებლობაც ჩაიშალა და ის ფულიც დამეკარგა.

ასე დავრჩი ღია ცის ქვეშ, უსახლკაროდ. 300 ლარად ამ ბინას ვქირაობდი, ზოგს მე ვიხდი, ზოგსაც სხვები მიმატებდნენ, მაგრამ ახლა მეპატრონემ ამ ბინის გაყიდვა გადაწყვიტა და ისევ ქუჩაში ვრჩები.

ქალაქის ამ გარეუბანშიც კი 500-600 დოლარია ბინის ფასი, სად უნდა ვიშოვო ამხელა თანხა? 250 ლარი მაქვს პენსია, 50 ლარიც – სოციალური დახმარება“, – გვეუბნება ის.

ბოლო წლებში ეთერ შარაძე სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობდა, თუმცა ახლა ის ფაბრიკაც აღარ მუშაობს. სანამ ფაბრიკა დაიხურებოდა, სამსახურში წასვლის დროს, ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც სახე და მუხლი დაიზიანა.

„იცით რა დღეში მქონდა სახე? მაგრამ იმის გამო, რომ სამსახური არ გამეცდინა და უხელფასოდ არ დავრჩენილიყავი, პირბადით დავიმალე დაზიანება და ასე ვიმუშავე.

თუმცა მაშინ ვერ შევნიშნე, რომ მუხლიც დამირტყამს და შემდეგ ისე ცუდად გავხდი, ქუჩაში წავიქეცი. მეზობელი დამეხმარა და სასწრაფო გამომიძახა.

ძალიან ბევრი გამოკვლევა დამჭირდა. მარტო ნემსები და წამალი დამიჯდა 250 ლარი, ფაქტობრივად, მთელი ჩემი პენსია“,- გვეუბნება ეთერ შარაძე.

მისი თქმით, ადამიანები იმიტომ ვერ ახერხებენ საკუთარი შრომით ბინის შეძენას, რომ ხელფასები ძალიან დაბალია, სოციალური პოლიტიკა კი ადამიანზე არ არის ორიენტირებული.

„წასასვლელი არსად მაქვს, არ ვიცი რა იქნება ხვალ“, – ამბობს ეთერ შარაძე.

„თუ მეორე ადამიანი მაინც არ გყავს დამხმარე, ვერაფერს იყიდი, ახლა მით უმეტეს, როცა ყველაფერი საშინლად გაძვირდა.

ეს კაპიკები გადასახადებსა და წამლებში ძლივს მყოფნის. გათბობა ჩართული არ მაქვს, ერთი ნათურა მაქვს მხოლოდ ანთებული. ქირაში უნდა იხადო და ბინას როგორ ვიყიდი?

მე ვფიქრობ, აჭარის მთავრობას ნამდვილად არ აქვს იმის გასაჭირი, რომ ერთოთახიანი ბინა მომცეს. მთელი ცხოვრება ვიმუშავე, რა არ ვცადე, მაგრამ მაინც არ გამიმართლა. უნდა მომხედოს მთავრობამ.

იცით რამდენი განცხადება მაქვს დაწერილი? მაინც არავინ მაქცევს ყურადღებას. თავიდან მეუბნებოდნენ, რომ ჯერ ბარაკში მცხოვრებლებს უნდა მივხედოთო, მერე იმასო, ამასო და მოკლედ, ბევრი პირობა წამომიყენეს“, – გვეუბნება ეთერი და ისევ მუყაოს ყუთებს უმზერს, რომლითაც მალე ამ ნესტიანი ბინის კედლებსაც დატოვებს.

სულ მზადყოფნაში ვარ, ისე, თითქოს ომია და გასაქცევად ემზადები – გვეუბნება.

„ვცდილობ ყურადღება რამეზე გადავიტანო, ტელევიზორს ჩავრთავ ხოლმე, მაგრამ ჩემს თავში მაინც ერთი ფიქრი ტრიალებს – სად ვიქნები ხვალ, სად წავალ?

ზოგჯერ ღამითაც შემომიტევს ხოლმე სასოწარკვეთა და ვტირი“, – ამბობს ეთერი.


__

ეთერ შარაძემ მოგვიანებით მოგვაწოდა ანგარიშის ნომერი, რომელსაც მკითხველის თხოვნით აქვე ვაქვეყნებთ: GE47BG0000000537043471

როგორ შედგა ყველაზე დიდი გაცვლა – „აზოვსტალის“ დამცველთა დაბრუნების უცნობი დეტალები

დამცირების, წამებისა და შიმშილის 19 კვირა – სწორედ ამდენი ხანი გაატარა ოლენოვკასა და სხვა კოლონიებში „აზოვსტალის“ 200-ზე მეტმა დამცველმა, ვიდრე მათ უკრაინა დაიბრუნებდა.

16 და 17 მაისს, ორთვენახევრიანი სასტიკი ბრძოლების შემდეგ, როდესაც უკრაინელი სამხედროები მარიუპოლის ქარხნის მიწისქვეშა თავშესაფრებიდან გამოდიოდნენ, „ოლენოვკა“ იმედივით ჟღერდა.

რუსმა სამხედროებმა პირობა მისცეს უკრაინის დაზვერვას, რომ „აზოვსტალის“ დამცველებსაც და „აზოვის“ მეთაურებსაც ნორმალურ პირობებში ამყოფებდნენ.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ მებრძოლები – რიგითებიც და ოფიცრებიც ერთად იქნებოდნენ, მიიღებდნენ სამედიცინო დახმარებას, კვებას. ჩვენ ამ ისტორიას მაშინ „იმედის კუნძული“ დავარქვით,“ – ეუბნება გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უკრაინის დაზვერვის თანამშრომელი, რომელიც „აზოვსტალიდან“ მებრძოლების ევაკუაციის პროცესში მონაწილეობდა.

თუმცა უკვე რამდენიმე დღეში ცხადი გახდა, რომ უკრაინის მიწაზე არ არსებობდა სხვა ადგილი, სადაც იმაზე ნაკლები იმედი იქნებოდა, ვიდრე ოლენოვკაში.

რუსეთმა ყველა დაპირება დაარღვია. ის პირობაც, რომ „აზოვსტალელები“ ერთად იქნებოდნენ.

„ბიჭები მთელი რუსეთის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას გადაიყვანეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი სწორედ ამან გადაარჩინა. აღმოჩნდა, რომ რუსეთის ციხეების ყველაზე საშინელი პირობებიც კი იმ წყეულ ოლენოვკაზე უკეთესი იყო. მარტო ის აფეთქებაც საკმარისია, უფრო „წვრილმან“ რამეებზე რომ აღარაფერი ვთქვათ,“ – ეუბნება გამოცემას დაზვერვის კიდევ ერთი თანამშრომელი.

ამ ყველაფრის პარალელურად, უკრაინის დამცველთა გაცვლაზე მაქსიმალურად საიდუმლოდ მიდიოდა მოლაპარაკებები. პროცესში ჩართული იყო ყველა, ვისაც კი ოდნავ მაინც შეეძლო სასურველი შედეგი დაეჩქარებინა: უკრაინის დაზვერვა, რუსეთის ეფეესბე, რომის პაპი, გაერო, თურქეთი და რომან აბრამოვიჩიც კი.

„უკრაინსკა პრავდამ“ ყველაზე მსხვილი გაცვლის დეტალები გაარკვია.

როგორ გაცვალეს მედვედჩუკი და „აზოვის“ მეთაურები

„ჩვენ მზად ვართ, გავცვალოთ მედვედჩუკი უკრაინელ სამხედროებში… ვფიქრობ, ეს სიგნალები ჩვენ საჯაროდაც და არასაჯაროდაც გადავეცით,“ – თქვა ჯერ კიდევ 16 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მის გამოსვლამდე ზუსტად რამდენიმე დღით ადრე დააკავა უშიშროებამ პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკი, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმაში გადაცმული ცდილობდა.

16 აპრილს მედვედჩუკის ცოლმა, ოქსანა მარჩენკომ რამდენიმე მიმართვა გაავრცელა – მიმართავდა და ქმრის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, საუდის არაბეთის პრინცს, მუჰამედ იბნ სალმანსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს.

როგორც „უკრაინსკა პრავდამ“ მედვედჩუკის გარემოცვიდან შეიტყო, პუტინი შეჰპირდა მედვედჩუკის ცოლს, რომ მის ქმარს გადაარჩენდა, თუმცა ამის მიუხედავად, კრემლის ოფიციალური პოზიცია განსხვავებული იყო. პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებდა, რომ რუსეთს მედვედჩუკი არაფერში სჭირდებოდა.

„რა გგონიათ, პესკოვს და ლავროვს მართლა შეესვლებათ პუტინთან? ისინი მას მხოლოდ თათბირებზე ხედავენ. კარგად რომ გესმოდეთ, პუტინი ახლოს უშვებს მხოლოდ უშიშროების საბჭოს მდივანს პეტრუშევს და თავის მეგობარს, კოვალჩუკს,“ – ეუბნება გამოცემას წყარო უკრაინის პრეზიდენტის ოფისიდან.

„თავიდან რუსული მხარე მედვედჩუკის სანაცვლოდ მხოლოდ 50 ადამიანის გაცვლას თანხმდებოდა, თუმცა დიდი ძალისხმევის, ძალიან რთული სისტემის აწყობისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართვის შედეგად, მოვახერხეთ, რომ ეს რაოდენობა რადიკალურად გაგვეზარდა,“ – ამბობს ანდრეი ერმაკი, ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი.

მარიუპოლის გარნიზონის მეთაურები გათავისუფლების შემდეგ/ფოტო: უკრაინის უშიშროება

თუმცა მეთაურების – „რედისის“, „ვოლინას“, „კალინასა“ და სხვების გაცვლაზე რუსული მხარე მაინც უარს ამბობდა.

„ძალიან რთულია მოლაპარაკებები მედიაში ცნობილ ადამიანებზე. რაც უფრო ნაკლები ადამიანი გიცნობს, მით იოლია გათავისუფლება. როდესაც ცნობილი ხარ, შენი ფასი მხოლოდ იზრდება. ძალიან რთული იყო ლაპარაკი „პტაშკაზე“ და „ორესტზეც,“ – განმარტავს გამოცემის წყარო პრეზიდენტის გარემოცვიდან.

მოლაპარაკებების პროცესში მედვედჩუკის ფასი 150 უკრაინელ სამხედრომდე გაიზარდა, თუმცა რუსები არავითარ შემთხვევაში არ თანხმდებოდნენ მეთაურების გათავისუფლებას.

შემდეგ მოხდა აფეთქება და ხანძარი ოლენოვკაში, რომლის დროსაც 50-ზე მეტი სამხედრო ტყვე დაიღუპა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, „ვაგნერის“ წევრებმა შიგნიდან დანაღმეს შენობა, რათა „დაკითხვების“ კვალი დაეფარათ.

აფეთქების შემდეგ უკრაინამ მკაცრი ულტიმატუმი წამოაყენა: სულ მცირე 200 ადამიანი მედვედჩუკში და მეთაურების გათავისუფლების გარეშე გაცვლა ვერ შედგებოდა.

პროკოპენკოს, ვოლინსკის, პალამარის, შლეგის, ხომენკოს და სხვების გაცვლას კიდევ უფრო ართულებდა ის ფაქტი, რომ ისინი მოსკოვის სხვადასხვა საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდნენ. ეს ნიშნავდა, რომ მათთან უკვე არა სამხედრო დაზვერვა, არამედ რუსეთის ეფესბე მუშაობდა.

ამ ფაქტმა რუსეთთან მოლაპარაკებები ორ მიმართულებად გაყო: საჭირო იყო შეთანხმება სამხედრო დაზვერვასთან და შეთანხმება ეფეესბესთან – უშუალოდ მის დირექტორთან ალექსანდრ ბორტნიკოვთან.

„რუსებს გარკვეული დაძაბულობა და კონკურენცია აქვთ ძალოვან ორგანოებს შორის. ამიტომ, რაც უფრო ნაკლები სტრუქტურა იქნებოდა ჩართული, მით უკეთესი. ჩვენი მეთაურები უკვე ეფეესბეს გამოძიების ქვეშ იყვნენ, ამიტომაც ყველაზე რთული მოლაპარაკებები სწორედ უსაფრთხოების სამსახურთან გვქონდა,“ – ამბობს კირილო ბუდანოვი, უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი, რომელიც ტყვეთა გაცვლის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობს.

გაცვლა კიდევ დიდხანს გაიწელებოდა, რუსეთის ხელისუფლებას „აზოველების“ წინააღმდეგ დაანონსებული სასამართლო პროცესები რომ დაეწყო, თუმცა ეს პროცესები, არაერთი განცხადების მიუხედავად, არ შემდგარა.

შუამავლები

„გაცვლა რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი რამდენიმე დღეში გადაწყდა. ოპერაცია ოთხ ქვეყანაში იყო დაგეგმილი,“ – ეუბნება „ურკაინსკა პრავდას“ ანდრეი ერმაკი, რომელსაც პრეზიდენტ ზელენსკისგან მზადების კოორდინაცია და პარტნიორებთან მუშაობა ჰქონდა დავალებული.

პარტნიორი ბევრი იყო. ძალოვანები ბუდანოვის ხელმძღვანელობით რუს ძალოვანებთან მუშაობდნენ, პარალელურად, პროცესის პოლიტიკურ მხარეს თავად ზელენსკი, უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესში კი ერმაკი ხელმძღვანელობდა – თურქეთის პრეზიდენტთან, საუდის არაბეთის პრინცთან და გაეროს გენერალურ მდივანთან.

როგორც „უკრაინსკა პრავდა“ წერს, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ მთავარი შუამავლები, თუმცა იყვნენ სხვებიც.

სამხედრო ტყვეები გათავისუფლების მომენტში/ფოტო: უკრაინის უშიშროება

„ჩემთან მოდიოდნენ წარმომადგენლები უკრაინიდან… ასევე მოვიდა სამხედრო მეთაური, რომელიც ტყვეების გაცვლაზე იყო პასუხისმგებელი, ზელენსკის რელიგიის საკითხების მრჩეველთან ერთად. მომიტანეს დაახლოებით 300-კაციანი სია და მთხოვეს გამეკეთებინა რამე, რომ გაცვლა შემდგარიყო. მე ტელეფონით დავურეკე რუსეთის ელჩს, რომ გამეგო, შეიძლებოდა თუ არა რაიმეს გაკეთება და ტყვეების გაცვლის დაჩქარება,“ – თქვა რომის პაპმა ფრანცისკმა 15 სექტემბერს ყაზახეთში ყოფნისას.

სამხედრო მეთაური, რომელსაც რომის პაპი ახსენებს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვია.

„უკრაინსკა პრავდასთან“ საუბარში ანდრეი ერმაკმა უარყო, რომ მოლაპარაკებების პროცესში ჩინეთიც იყო ჩართული, თუმცა გამოცემის ინფორმაციით, ბუდანოვთან შეხვედრის შემდეგ რომის პაპი არამხოლოდ რუსეთის ელჩს, არამედ ჩინეთის ხელისუფლებასაც ელაპარაკა.

გაცვლის ოპერაცია ოთხ ადგილას

საბოლოოდ, 21 სექტემბრის გაცვლის გეგმა რამდენიმე ეტაპს მოიცავდა:

პირველ ეტაპზე 10 უცხოელი ტყვე რუსეთიდან საუდის არაბეთში ჩაფრინდა. ყველასთვის მოულოდნელად მათთან ერთად ბორტზე აღმოჩნდა რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი, რომელიც გამოცემის ცნობით, ბოლო პერიოდში კრემლსა და ბანკოვს (ქუჩა კიევში, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტის ოფისია) შორის „დამაკავშირებელ“ ფუნქციას ასრულებს.

„უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ აბრამოვიჩმა პირდაპირ თვითმფრინავში აჩუქა უკვე ყოფილ ტყვეებს „აიფონები“, რათა თავიანთ ახლობლებთან დარეკვა შესძლებოდათ.

გაცვლაში რუსი ოლიგარქის როლზე წერდა The Washington Post-იც, რომლის ინფორმაციითაც, აბრამოვიჩი ურთიერთობდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ერმაკთან და ეფეესბეს დირექტორთან ბორნიკოვთან.

საუდის არაბეთში თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ, ტყვეთა გაცვლის შემდეგი ეტაპი ჩერნიგოვის ოლქში, საზღვართან დაიწყო. სწორედ აქ შეხვდა უკრაინელი ძალოვანების ჯგუფი 200 გათავისუფლებულ ტყვეს, რომლებიც მედვედჩუკზე გაცვალეს.

რუსებმა უკრაინელი ტყვეები ხელბორკილებით მიიყვანეს. უკვე გათავისუფლებულები წყალს, საკვებსა და ახლობლებთან დარეკვას ითხოვდნენ.

კითხვაზე „რამე ხომ არ გინდა? ერთ-ერთ ტყვეს უპასუხია – „მინდა ვნახო უკრაინის დროშა სევასტოპოლში გრაფის სანაპიროზე“.

მიხაილო დიანოვი ტყვეობიდან გათავისუფლების მომენტში/ფოტო: უკრაინის უშიშროება

პარალელურად, საზღვრის მეორე მხარეს 55 რუსი სამხედროსგან შემდგარი ჯგუფი მიდიოდა – ეს იყო ფასი, რომელიც უკრაინამ მარიუპოლის გარნიზონის 5 მეთაურში გადაიხადა.

როდესაც „აზოვსტალის“ 200 მებრძოლი გათავისუფლდა, ვარშავაში, უკრაინის მხარემ, ვიქტორ მედვედჩუკი თურქეთის თვითმფრინავში გადასვა და ანკარაში წაიყვანა.

ამ დროს ანკარაში უკვე იმყოფებოდნენ კირილო ბუდანოვი და შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, რომლებიც ტყვეობიდან გათავისუფლებულ „აზოვის“ მეთაურებს ხვდებოდნენ.

ერმაკი პრეზიდენტს ანგარიშს აბარებდა გაცვლის პროცესზე, ზელენსკის სიტუაციურ ოთახში ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდნენ ეკრანზე სახელმწიფო ქონების ფონდის თავმჯდომარე და ერთ-ერთი უკრაინელი მომლაპარაკებელი რუსტემ უმეროვი ერ-რიადიდან, უშიშროების უფროსი მალიში ჩერნიგოვიდან და ფინალში – ბუდანოვი და მონასტირსკი ანკარიდან.

„აზოვსტალის“ დამცველების დაბრუნება უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლა იყო.

რუსეთის ტყვეობიდან უკრაინამ 215 ადამიანი გაათავისუფლა, უკრაინის მხარეს მებრძოლი 10 უცხოელი, „აზოვსტალის“ მცველები და 5 მეთაური დენის პროკოპენკო, სერგეი ვოლინსკი „ვოლინა“, სვიატოსლავ პალამარი, დენის შლეგა და ოლეგ ხომენკო, რომლებიც ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან.

მთავარ ფოტოზე: „უკრაინსკა პრავდას“ ფოტოკოლაჟი

გასვლითი სხდომა ქედაში და ვახშამი ბიუჯეტის ხარჯზე – თანხა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დახარჯა

საქართველოს პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა აჭარაში, კერძოდ კი, ქედის მუნიციპალიტეტში, გასვლითი სხდომა 2022 წლის 28 ივლისს გამართა. ამ სხდომაზე კომიტეტის წევრებმა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის ანგარიში და მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

სხდომის შემდგომ ვახშამი გაიმართა, რისთვისაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბიუჯეტიდან 2990 ლარი დახარჯა. ვახშამი რესტორან „შატო ივერში“ შედგა.

ვახშმის ხარჯის ანაზღაურებისა და შეკვეთების რაოდენობებით თუ ვიმსჯელებთ, ვახშამს 50-მდე პირი უნდა დასწრებოდა.

დაზუსტებით არ ვიცით, ვინ არ დარჩა სხდომის შემდეგ ვახშამზე პარლამენტიდან და ვინ აჭარის მთავრობიდან. თუმცა, როგორც ინფორმირებული პირმა გვითხრა, ვახშამს მაქსიმუმ 30-მდე პირი ესწრებოდა.

აგრარულ კომიტეტთან ანგარიშის წარდგენის შემდგომი მომსახურება, ვახშამი რესტორან „შატო ივერში“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამარტივებული წესით შეისყიდა.

ვახშმის, როგორც წარმომადგენლობითი ხარჯის გაწევასთან დაკავშირებით ბრძანება აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ, თანაშემწის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გამოსცა.

სხდომას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით ხაჯიშვილიც. ის ამბობს, რომ თავად ვახშამზე არ დარჩენილა: „ბოდიში მოვიხადე და წამოვედი, ხარჯებზე ნამდვილად არ ვიცი“.

დავით ხაჯიშვილის ინფორმაციით, კომიტეტს გასვლითი სხდომა ქობულეთში ჰქონდა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის მოსმენა ქედაში კი შემდეგ დაიგეგმა: „მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივა იყო, რომ მოგვესმინა.“

პარლამენტარს ვკითხეთ, მიეცა თუ არა სხდომაზე დასწრებისა და ანგარიშის მოსმენის შესაძლებლობა მოსახლეობას. მან გვითხრა, რომ სხდომაზე მხოლოდ ერთი პირი შენიშნა, თუმცა მისი ინფორმირებულობიდან გამომდინარე, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ის მუნიციპალიტეტის მერიაში ან მერიის სხვა რომელიმე სტრუქტურაშია დასაქმებული.

„წონიარისიდან იყო, თანამდებობა არ მიკითხავს, მაგრამ კარგად იყო გათვიცნობიერებული ადგილობრივ საკითხებში…“

კითხვაზე, უნდა ფინანსდებოდეს თუ არა მსგავსი ვახშმები ბიუჯეტიდან, დავით ხაჯიშვილმა გვიპასუხა:

„თუ ეს კომიტეტის სხდომის ფარგლებში ხდება, ბიუჯეტის თანხის დახარჯვა, ჩემი აზრით, არ არის მართებული. თუმცა კონტექსტს გააჩნია, თუ კომიტეტის სხდომის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები არიან მოწვეულები, საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებიან და სხვა რაიმე კონტექსტს შეიცავს ეს შეხვედრა, შესაძლოა პრომოციას შეიცავდეს…

ჩვენ ვიმყოფებოდით ახალგახსნილ მარანში, ასევე სასტუმროც არის. მე პირველად ვიყავი იმ ტერიტორიაზე, თუ ექნება რეგიონის, მხარის გაცნობის დატვირთვა, შეიძლება, კი ბატონო, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, არ ჰქონდა ამას ადგილი, რადგან იქ ვიყავით მხოლოდ პარლამენტის კომიტეტის წევრები და ადგილობრივი მთავრობა.“

პარლამენტმა გასვლითი სხდომის შესახებ მოკლე ინფორმაცია და ფოტომასალა თავის ვებგვერდზეც გამოაქვეყნა.

ბათუმში აქციის გამართვის გამო ირანის საკონსულო გვემუქრება – მოქალაქე

ბათუმში მცხოვრები ირანელები ამბობენ, რომ საფრთხეში არიან ირანის საკონსულოს ქმედებების გამო.

უკვე მეორე კვირაა, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მოქალაქეები, რომელთა შორის ირანელებიც არიან, სოლიდარობის აქციას მართავენ ირანის ქალაქებში მიმდინარე პროტესტის გამო.

როგორც „ბათუმელებს“ მოქალაქეები უყვებიან, ირანის საკონსულო აქციაში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციას აგროვებს.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას საკონსულოსთან მჭიდრო კავშირის მქონე ადამიანმა დაურეკა და გააფრთხილა.

„მითხრა, რომ ჩემი და კიდევ რამდენიმე ადამიანის შესახებ საკონსულომ ფოტო-ვიდეოების შეგროვება დაიწყო. რამდენიმე წელია საქართველოში ლეგალურად ვცხოვრობ. ყოველწლიურად ვაახლებ ბინადრობის ნებართვას. ნებართვის გასაახლებლად საკონსულოში მისვლა გჭირდება, საკონსულოს მეშვეობით იღებ ნასამართლობის შესახებ ცნობას, რომელსაც წარადგენ მერე სხვა დოკუმენტაციასთან ერთად.

რადგან აქციაზე მყოფი ადამიანების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს, ეს ნიშნავს, რომ ისინი ამ ინფორმაციას გადასცემენ თეირანს. საბოლოოდ შეეცდებიან პრობლემები შეგვიქმნან და ჩვენს აქ ლეგალურად ცხოვრებას საფრთხე შეექმნას,“ – გვიხსნის ირანის მოქალაქე.

როგორც ის ამბობს, საკონსულო ცდილობს საპროტესტო აქციაში მონაწილეობა ირანის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენოს. სწორედ ამ რისკების გათვალისწინებით, ის ითხოვს მისი ვინაობა არ დავასახელოთ.

„თუკი ბინადრობის უფლებას ვერ გავაგრძელებ, მომიწევს საქართველო დავტოვო. ირანში კი ვერ დავბრუნდები, რადგან დამაპატიმრებენ. დავურეკე რამდენიმე ადამიანს და ვკითხე – რა უნდათ, რატომ მეძებენ? ამ აქციაზე ჩვენ ვიდექით იმიტომ, რომ ქალების უფლებებს ვუჭერდით მხარს. ჩვენს პლაკატებზე სხვა არაფერი ეწერა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ირანის მოქალაქემ.

„ბათუმელებმა“ სცადა ბათუმში ირანის საკონსულოსთან დაკავშირება, შეტყობინებაც გავუგზავნეთ, თუმცა საკონსულოდან პასუხი ვერ მივიღეთ.

განახლება: მასალის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს “ბათუმელებს” ირანის საკონსულოდან დაუკავშირდნენ და წერილობითი კომენტარი მოაწოდეს. საკონსულოს კომენტარი შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საკონსულო ბათუმში

ის, რომ აქციაში მონაწილე ირანის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ირანის საკონსულოდან მაღალი თანამდებობის პირი ითხოვდა, ნათქვამია ტელეგრამში გამოქვეყნებულ პოსტში.

წარმოშობით ირანელი მოჰამად რიგი, რომელსაც ტელეგრამზე სპარსულენოვანი არხი, სახელწოდებით – „ქართული ენა“ აქვს შექმნილი, წერს, რომ ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე საგანგებოდ გავიდა.

მისი თქმით, მას არ ეშინია ირანის ხელისუფლების, ხოლო თუ ირანის საკონსულოს ბათუმში ინფორმაცია სჭირდება თეირანში გასაგზავნად, შეუძლია აქციაზე გადაღებული მისი ფოტო გამოიყენოს.

„გავიგე, ბათუმში მცხოვრებ ირანელებს ურეკავს ერთი ცნობილი ადამიანი და ეკითხება, აქვთ თუ არა იმ აქციის ფოტოები, რომელიც ბათუმში გაიმართა. სთხოვს – თუ არ აქვთ, მოიძიონ. დღეს მე საგანგებოდ გამოვედი ამ აქციაზე თქვენი ზარების გამო. გადავიღებ ფოტოს და გამოგიგზავნით. კარგი მოხსენება შეგიძლიათ დაწეროთ და დატკბეთ.

ბათუმში მცხოვრები ირანელებისთვის უკვე დადასტურდა, რომ დიპლომატი არ ხართ. არც თქვენი საქმე იცით და არაფერი არ გაგიკეთებიათ ირანელებისთვის, ბორბლების ქვეშ ჯოხის დადების გარდა.

სურათების გადაღება და ფაილების შექმნა დიპლომატის საქმე არ არის. დაე, იყოს ნამდვილი ფოტო და დოკუმენტი თქვენს შავ სიაში“ – წერს მოჰამად რიგი და აქციაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

მოჰამად რიგი 20-ზე მეტი წელია საქართველოში, ბათუმში ცხოვრობს.

მოჰამად რიგი

მსოფლიოს ქალაქებში ათასობით ადამიანი აპროტესტებს 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას, რომელიც ირანის პოლიციამ სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავა. დაკავების შემდეგ ქალი გარდაიცვალა. მას ცემის კვალი ეტყობოდა.

საპროტესტო აქციები სწორედ მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო და მეორე კვირაა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

მთავარი ფოტო: მოჰამად რიგი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე

რას ფიქრობს რუსეთიდან ბათუმში გამოქცეული კაცი აფხაზეთზე, ყირიმსა და პუტინზე

38 წლის ალექსეი ზინინი საქართველოში ლარსის გავლით რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. რუსეთიდან სამხედრო მობილიზაციას გამოექცა და ახლა ბათუმში ცხოვრობს. ჯერ ზუსტად არ იცის, სად გააგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ ამბობს, რომ პუტინის რუსეთში არ დაბრუნდება.

ალექსეი ზინინს აფხაზეთის, ყირიმის, დონბასის შესახებ ვკითხეთ. მობილიზაციას გამოქცეულმა რუსეთის მოქალაქემ ისაუბრა ასევე საკუთარ დამოკიდებულებებზე: რა იყო მისთვის მობილიზაციის გარდა ყველაზე გაუსაძლისი რუსეთში და როგორ წარმოუდგენია ცვლილებები სამომავლოდ რუსულ საზოგადოებაში.

  • ხალხი ჰყვება, რომ ქუჩაში პოლიციელები დგანან მეტროს ამოსასვლელებთან მოსკოვში და ხალხს აკავებენ. ამბობენ, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, ძალით მიჰყავთ ხალხი ომში.

მე ყაზანში ვცხოვრობ, მოსკოვში კი, პატიმრებისთვის განკუთვნილი ბევრი ავტომანქანა დგას ქუჩებში. კი, ყაზანშიც ასეა, თითქმის ყველა ცენტრალურ უბანში დგანან და ეძებენ ხალხს, ვინც პროტესტს გამოხატავს.

ვინმე თუ ომს გააპროტესტებს, მივარდებიან მას ფორმიანი პოლიციელები, მიჰყავთ და ავტომანქანებში კეტავენ, რამდენიმე დღით აპატიმრებენ, გამოუწერენ ჯარიმას და მერე უშვებენ. თუ რამდენჯერმე დაგემართა ასე, მერე ჯარიმები იზრდება ან შენ მიმართ იწყებენ რაიმე სხვა მუხლით დევნას, აღძრავენ საქმეს, შეგიქმნიან პრობლემებს და გაპატიმრებენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია რუსეთში.

  • თქვენ მოგივიდათ ომში გაწვევის ცნობა?

ომში გაწვევის საბუთი მიუვიდა მასაც, ვისაც ნაწილობრივი მობილიზაციის წესით არ ეკუთვნოდა ომში წასვლა, ამიტომაც დატოვა ბევრმა რუსეთი. მე, წესით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ მიწევს ომში წასვლა და არ უნდა გამოვეძახებინე არავის, მაგრამ ყველას იძახებენ, არ გაქვს გარანტია, რომ არ გამოგიძახებენ.

შეიძლება დაგაპატიმრონ სოციალურ ქსელში ისეთი სიახლის გაზიარებისთვის, რასაც კრემლი მისთვის არასასურველ, ცრუ ინფორმაციად მიიჩნევს. დაგაპატიმრებენ 20 წლით. ამიტომ ჩუმად ხარ. შენ მიერ გაზიარებული ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება ჩაითვალოს დეზინფორმაციად.

ყველა მივეჩვიეთ ძალიან ფრთხილად ცხოვრებას, ვურთიერთობდით ფრთხილად, არ დავდიოდით საპროტესტო აქციებზე და ვითმენდით. მობილიზაციის დაწყების შემდეგ სასწრაფოდ გამოვიქეცით.

  • როგორ ფიქრობთ, თუ ყველა, ვინც სისტემის მოწინააღმდეგეა, გაიქცევა რუსეთიდან, ვინ შეცვლის პუტინის რეჟიმს, ვინ აიღებს ამაზე საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, თუ არა რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებსაც პროტესტი აქვთ?

ჭკვიანი და განათლებული ხალხი გარბის რუსეთიდან, ვინც ფიქრობს და აანალიზებს რაღაცებს. ისინი არ არიან მებრძოლები და სამხედროები, არ არიან მზად, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიონ პუტინის რეჟიმს.

რეჟიმის შესაცვლელად კი რუსეთში სწორედ შეიარაღებული პროტესტია საჭირო, რადგან ჩვეულებრივი მშვიდობიანი პროტესტი უშედეგოა. აქციას შლიან და მონაწილეებს აკავებენ.

რეჟიმის შეცვლა ამ პირობებში შეუძლებელია. მხოლოდ 10- 20%-ს თუ სურს რაიმეს შეცვლა, დანარჩენს პროტესტი არ აქვს.

უმრავლესობას აქვს არც ისე კარგი ხელფასი, დილას სამსახურში მიდიან, საღამოს ბრუნდებიან, არ აქვთ ფული, რომ გაიქცნენ რუსეთიდან და იმის დაკარგვისაც ეშინიათ, რაც აქვთ. თუ მათ პოლიცია წაასწრებს პროტესტზე, სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

  • თქვენი აზრით, რა შეცვლის მდგომარეობას რუსეთში, რა შეაჩერებს პუტინს?

IT სპეციალისტების უმრავლესობამ, ბევრმა ახალგაზრდამ დატოვა რუსეთი, იქ არაფერი შეიცვლება. სისტემის მოწინააღმდეგე მოქალაქეების 10, 20% ძალიან ცოტაა რეჟიმის შესაცვლელად. ამისთვის საჭიროა ყველა ერთად გამოვიდეს საპროტესტო აქციებზე.

ყველა კი ჯერ არ გამოდის, რადგან სახლში სხედან და სჯერათ იმის, რასაც ტელევიზიები ამბობენ. სჯერათ, რომ პუტინი ჩვენს ქვეყანას იცავს, თუმცა ვისგან, გაუგებარია. რისგან გვიცავს, ვინ დაგვესხა თავს, ამას პუტინი არ ამბობს, არ აქცევს ამას დიდ ყურადღებას.

რეჟიმი შეიცვლება მაშინ, როცა ყველა გამოვა საპროტესტო აქციებზე. ყველა კი მაშინ გამოვა, როცა ძალიან ცუდად იქნება საქმე. შეიძლება სწორედ მობილიზაციამ აგრძნობინოს ყველას თავი ცუდად. თუ პუტინი წააგებს ომს, მას ძალიან გაუჭირდება აუხსნას ხალხს, რატომ შესწირა წაგებულ ომს ამდენი ადამიანი.

  • რას ფიქრობთ ყირიმსა და დონბასზე? ვისია ეს ტერიტორიები და მიიჩნევთ თუ არა, რომ  ყირიმი და დონბასი რუსეთის მიერ არის ანექსირებული?

სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება, რუსული ტელევიზიები სხვა რამეს ამბობენ, მე მათი არ მჯერა. დამოუკიდებელი მედია სულ სხვა რამეს ამბობს, მე მათი უფრო მჯერა. თუმცა ყირიმის ამბებისას იქ არ ვყოფილვარ, საკუთარი თვალით არაფერი მინახავს და ზუსტად ვერაფერს ვიტყვი.

როცა ყირიმი ავიღეთ, ყველა ზეიმობდა, რომ ყირიმი ჩვენია. კარგი, ვთქვათ, ყირიმი ჩვენია, მაგრამ პირადად მე რაში მჭირდება ეს ყირიმი? იცით, რა ძვირია იქ დასვენება? თუ ყირიმში წავალ, გაცილებით მეტი ფული დამეხარჯება, ვიდრე საქართველოში ან თურქეთში. ასე, რომ ყირიმში დასვენებას ჩემთვის აზრი არ აქვს, შესაბამისად, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ყირიმი ჩვენი იქნება თუ არა.

  • გარდა მობილიზაციისა, რამ გადაგაწყვეტინათ ქვეყნიდან წასვლა, რა იყო თქვენთვის რუსეთში გაუსაძლისი?

თუ პუტინი ომს მოიგებს, რუსეთში სანქციები დარჩება, ეს ცალსახაა. სანქციები კი პირადად მე ძალიან მვნებს, ეს სანქციები მაღალ ტექნოლოგიებს და ბევრ სხვა მნიშვნელოვან პროდუქტს არახელმისაწვდომს ხდის რუსეთში. ნელ-ნელა ჩრდილოეთ კორეას დავემსგავსებით.

პირადად მე სწორედ სანქციები მაწუხებს ყველაზე მეტად. ვისაც მეცნიერება და მაღალი ტექნოლოგიები არ აინტერესებს, მისთვის შეიძლება სულერთია ეს ყველაფერი.

ქარხნის ხელოსნების და საშუალო ხელფასზე მომუშავეებისთვის რუსეთში მთავარია ჰქონდეთ მაკარონი, ყოველდღიური საჭმელი და მორჩა. ჩემთვის კი მნიშვნელოვანია Apple-ის მაღაზიები, iPhone-ის ყიდვის შესაძლებლობა და საერთაშორისო კომპანიების მომსახურებაზე წვდომა.

მნიშვნელოვანია ჩემთვის მქონდეს ვიზაბარათების გამოყენების უფლება, რომ უცხოეთიდან პროდუქტის გამოწერა შევძლო. ესაა ჩემთვის მთავარი. ამ ყველაფრის გარეშე კი რუსეთში არაფერი მესაქმება.

მინდა, ომი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს, რომ მოიხსნას სანქციები. თუ პუტინი მოიგებს, სანქციები არ გაუქმდება. ასეთ შემთხვევაში კი, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, ყირიმი და უკრაინა თუ ჩვენი გახდება. ჩემთვის სასარგებლოს ამაში ვერაფერს ვხედავ.

  • თუ იცით, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. გსმენიათ რამე აფხაზეთისა და 2008 წლის ომების შესახებ?  

საერთოდ არაფერი ვიცი ამ კონფლიქტის შესახებ, მე ამ დროს ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, იყო რაღაც ომი, პუტინმა რაღაც თქვა და მას ყველამ დაუჯერა. მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ პუტინის მიმართ ასეთი ზიზღი, როგორც ახლა, სჯეროდათ რაღაცნაირად მისი. კი, რაღაც მოხდა, ვიცი, მაგრამ რუსეთში ამის გამო რამე მღელვარება ყოფილიყოს აფხაზეთის და 2008 წლის ამბების გამო, არ მახსოვს.

მეც დიდად არ ვინტერესდებოდი ამ ამბებით და ახლა უკვე ვიწყებ გააზრებას, რომ ალბათ იგივე მოხდა აფხაზეთშიც, რაც ყირიმში.

  • ორი დღის წინ წითელ მოედანზე უკრაინის ოთხი რეგიონის შეერთება იზეიმა რუსეთმა, ამაზე რას იტყვით?

აქციასა და კონცერტზე მიიყვანეს მასწავლებლები, სამოქალაქო სამოსში გადაცმული სამხედროები, თითქოს ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ, მიიყვანეს წითელ მოედანზე და აიძულეს ტერიტორიების შემოერთება აღენიშნათ.

სინამდვილეში კი, არანაირი დღესასწაული არ ყოფილა და არავის უზეიმია.

ყოველთვის ასე აკეთებენ, მიჰყავთ საჯარო სამსახურებში დასაქმებულები და ძალით აზეიმებენ. ალბათ არის ხალხი, ვინც მართლა ზეიმობს და იმიტომ გადის ნებით წითელ მოედანზე, მაგრამ მათი რაოდენობა ძალიან მცირეა.

ძალით მიჰყავთ სტუდენტებიც, რაზეც ისინი უარს ვერ ამბობენ – შეიძლება უნივერსიტეტებიდან გარიცხონ.

პენსიონერ ბებიებს ურიგებენ 500-500, 1000-1000 რუბლს, რომ დაესწრონ კონცერტს და იქ იდგნენ. უამრავი ვიდეო ვრცელდება ინტერნეტში, სადაც ჩანს, რომ ეს ბებიები ფულს იღებდნენ, ცოტა ხანს იდგნენ და პირველივე შესაძლებლობისას ტოვებდნენ წითელ მოედანს.

  • რა პროფესიის ხართ, როგორ აპირებთ ცხოვრებას ბათუმში?

პროგრამისტი ვარ და კომპანიების პროგრამული უზრუნველყოფა შემიძლია. ვმუშაობ დისტანციურად ამერიკული კომპანიისთვის, ხელფასს კრიპტოვალუტით მიხდიან, რომლის განაღდება და დახარჯვაც საქართველოში უპრობლემოდ შემიძლია, როგორც ჩვეულებრივ ტურისტს.

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, სად ვიცხოვრებ, ერთადერთი უსიამოვნება ის არის, რომ ქირაში უნდა ვიხადო ფული და უნდა ვიპოვო კომფორტული ბინა, ფული უნდა ვხარჯო ბინაში. აქ მომწონს ყოფნა, მაგრამ შეიძლება სადმე სხვაგანაც წავიდე, ჯერ არ გადამიწყვეტია, ზუსტად რას ვიზამ.

  • მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქეები ჩვენთან ხშირად ამბობენ, რომ პუტინის რეჟიმის რუსეთში არ დაბრუნდებიან, თქვენ რა შემთხვევაში დაბრუნდებოდით საკუთარ ქვეყანაში?

დავბრუნდებოდი პუტინი თუ არ იქნება. თუმცა ძალიან ცუდი კლიმატია რუსეთში, მე კი უკვე აქ მომწონს, ოქტომბერია და თბილა, რუსეთში ახლა ზამთრის სიცივე დგას. არაკომფორტულია ჩემთვის ასე ხანგრძლივი ზამთარი, ძალიან ცივა, სულ თოვს, ძალიან დიდი საცობებია, ვერ გადაადგილდები ნორმალურად, სულ სახლში ვსხედვართ, აქ კი თბილა, გაისეირნებ ნორმალურად. აქ სჯობს გამოზამთრება და იმედს ვიტოვებ, ამასობაში რეჟიმიც შეიცვლება.

შეიძლება კვიპროსზე ან კოსტა-რიკაზეც წავიდე, ვათვალიერებ ადგილებს, სადაც ზამთარი არაა და სამუდამოდ დავტოვებდი ასეთ შემთხვევაში რუსეთს. ვსწავლობ სხვადასხვა ქვეყნის პირობებს, სად უფრო მარტივია მოქალაქეობის მიღება საბოლოოდ და დამკვიდრება, რომელ ქვეყანას რა პირობები აქვს, ჯერ ეს არ შემისწავლია, ვნახოთ.

რა უნდა ვიცოდეთ მედიკამენტური აბორტის შესახებ – ექიმის რჩევები

მედიკამენტური აბორტი ორსულობის შეწყვეტის ნაკლებად ინვაზიური მეთოდია, როცა კონკრეტული მედიკამენტების მიღების საშუალებით ორსულობის შეწყვეტას არ სჭირდება ოპერაცია ან ანესთეზია.

თუ ადრე მედიკამენტური აბორტი მხოლოდ ამბულატორიაში ტარდებოდა, ახლა მედიკამენტის მიღება ბინაზეც არის შესაძლებელი, მაგრამ აუცილებლად შესაბამისი გამოკვლევებისა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. „ეს იმიტომ, რომ ჯანმრთელობის ზოგიერთი მდგომარეობის დროს მედიკამენტური აბორტის ჩატარება საფრთხისშემცველია“ – ამბობს ბათუმის სამედიცინო ცენტრის სამშობიარო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი ვაჟა ცირეკიძე.

  • ბატონო ვაჟა, რა არის მედიკამენტური აბორტი, როდის ტარდება ის?

აბორტი არის პროცედურა, როდესაც საშვილოსნოს ღრუში ჩასახული ემბრიონი ან ნაყოფი გამოძევდება ამა თუ იმ გზით საშვილოსნოს ღრუდან. აბორტი შეიძლება იყოს მედიკამენტური და ქირურგიული და შეიძლება ჩატარდეს ქალის უშუალო მოთხოვნით, ასევე სამედიცინო ან სხვა ჩვენებით. 

უშუალოდ მედიკამენტურ აბორტს რაც შეეხება, მას აქვს თავისი ჩვენებები და უკუჩვენებები, გარკვეული ვადა და გარკვეული წინაპირობები.

მედიკამენტური აბორტი უმჯობესია ჩატარდეს ორსულობის 7 კვირამდე, კარგი იქნება, თუ 10 კვირას არ გადავაცილებთ, ასეთია რეკომენდაცია. 12 კვირის შემდეგ აბორტი ნებადართული არ არის, გარდა სამედიცინო ან სხვა ჩვენებების შემთხვევებისა.

[ნებისმიერი მეთოდით] ხელოვნური აბორტის ჩატარებამდე, მიღებული წესის მიხედვით, აუცილებელია  ქალთან წინასწარი გასაუბრება, რა დროსაც მას მიეწოდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის აბორტი, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მას, როდის უნდა მიმართოს ექიმს. ასევე ქალს მიეწოდება ინფორმაცია  კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ. ასევე, აუცილებელია წინასწარი გამოკვლევების ჩატარება.

ყველა ქალს 12 კვირამდე ორსულობით, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეძლევა 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა, თუ ორსულობა 12 კვირას არის მიახლოებული, მაშინ მოსაფიქრებლად ეძლევა მინიმალური ვადა – 3 დღე.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი გადაიფიქრებს აბორტის გაკეთებას, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ჩვენთან ან სხვაგან დავაყენოთ ის აღრიცხვაზე, რათა გააგრძელოს მეთვალყურეობა ქალთა კონსულტაციაში. მაგრამ თუ მოსაფიქრებელი ვადის შემდეგ ქალი მიიღებს აბორტის გაკეთების გადაწყვეტილებას, დავიბარებთ მას კონკრეტულ დღეს, გავესაუბრებით კიდევ ერთხელ, შემდეგ კი უკვე ვიწყებთ მედიკამენტური აბორტის წარმოებას.

  • რა გამოკვლევები ტარდება მედიკამენტური აბორტის ჩატარებამდე?

მაგალითად, სავალდებულოა სისხლის საერთო ანალიზით ჰემოგლობინის შესწავლა, ასევე საშვილოსნოს ექოსკოპია.

საქმე ის არის, რომ მედიკამენტური აბორტის ჩატარება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ქალს არ აქვს გარკვეული უკუჩვენებები, კერძოდ, თუ არ აქვს ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებელი. ეს იმიტომ, რომ მედიკამენტურ აბორტს ახასიათებს სისხლის მეტი დანაკარგი, ვიდრე, მაგალითად, ქირურგიულ აბორტს. შესაბამისად, თუ ჰემოგლობინი დაბალი აქვს პაციენტს, მას მედიკამენტურის ნაცვლად ვთავაზობთ ქირურგიულ აბორტს. 

  • სხვა რა უკუჩვენებები არსებობს მედიკამენტური აბორტისთვის?

მედიკამენტურ აბორტს კონკრეტულად გამოხატული უკუჩვენებები არ ახასიათებს, გარდა ანემიისა.

გამოკითხვისას ფასდება პაციენტის მდგომარეობა, თუ მას აქვს ჯანმრთელობის გარკვეული მდგომარეობა, იგი იგზავნება შესაბამის სპეციალისტთან. მაგალითად, თუ აქვს კრუნჩხვები, გულსისხლძარღვთა სისტემის, ფილტვების ან თირკმლების გართულებები, მას ვამისამართებთ სპეციალისტებთან, რომელთა რეკომენდაციებსაც ჩვენ ვითვალისწინებთ.

  • რამდენად ეფექტურია აბორტის ეს მეთოდი?

კვლევებით დადგინდა, რომ მსოფლიოში 2-დან 8 პროცენტის შემთხვევაში მედიკამენტური აბორტი არ არის ეფექტური.

ეს არ არის არც ქალის, არც ექიმის და არც წამლის ბრალი. ასეთ შემთხვევაში,  ორი კვირის შემდეგ ისევ ვიბარებთ პაციენტს და თუ აბორტი არ არის ბოლომდე დასრულებული, ვთავაზობთ მის დასრულებას ქირურგიული წესით – ე.წ. ნარჩენების ვაკუუმ ასპირაციის გზით. მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა გაგრძელებულა ორსულობა ცოცხალი ნაყოფით და უკვე გადაწყვეტილების მისაღებად ხელახალი გასაუბრება გამხდარა საჭირო.

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მედიკამენტურ აბორტს ექიმთან კონსულტაციის გარეშე?

მაგალითად, ამ მედიკამენტების მიღება ექოსკოპიური გამოკვლევის გარეშე არ შეიძლება, იმიტომ, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა იყო საშვილოსნოსგარე ორსულობა, მიუღიათ ეს პრეპარატი და მოსულან შემდეგ სავალალო მდგომარეობაში; ასევე, როცა ამ მედიკამენტებს იღებენ  ექიმთან კონსულტაციის და რეკომენდაციის გარეშე, ზოგჯერ ვითარდება მასიური სისხლდენა, მოსულან ასეთი პაციენტები მკვეთრი ანემიით, დასჭირვებიათ სისხლის გადასხმა და ხანგრძლივად ყოფნა სტაციონარში. 

ექიმის კონსულტაციები საჭიროა აბორტის ჩატარების შემდგომაც, რადგან როგორც ქირურგიული, ისე მედიკამენტური აბორტის შემთხვევაში შესაძლებელია  ქრონიკული ანთებითი პროცესების გამწვავება, პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ტემპერატურული რეაქცია, გამწვავდეს მცირე მენჯის ორგანოების სხვა დაავადებები, განვითარდეს საკვერცხეების სხვადასხვა ტიპის ანთება. აქედან გამომდინარე, ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს პაციენტთან, რომელთანაც გამომჟღავნდება მსგავსი სიმპტომები – ვიბარებთ, ვიკვლევთ, ვმკურნალობთ.

Mayoclinic: პროცედურის შემდეგ თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი სისხლდენა [1 საათში ავსებს ორ ან მეტ საფენს, ორი საათის განმავლობაში], მუცლის ან ზურგის ძლიერი ტკივილი; ცხელება, რომელიც გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს; უსიამოვნო სუნის მქონე ვაგინალური გამონადენი – ეს შესაძლოა მიანიშნებდეს იმას, რომ პაციენტს სჭირდება სამედიცინო დახმარება. მედიკამენტის მიღებამდე თქვენი ჯანდაცვის პროვაიდერი გაცნობებთ, რა დოზის ტკივილს და სისხლდენას უნდა ელოდოთ, თქვენი ორსულობის ვადიდან გამომდინარე.

  • რა ხდება მედიკამენტური აბორტის ჩატარების შემდეგ?

პაციენტი აუცილებლად უნდა მივიდეს აბორტის ჩატარებიდან 2 კვირის შემდეგ ექიმთან. ამ დროს ტარდება საშვილოსნოს ექოსკოპიური  ხელახალი გამოკვლევა, [სისხლის] დანაკარგის შემთხვევაში ფასდება ჰემოგლობინის დონე და პაციენტს ეძლევა შესაბამისი დანიშნულება. 

წესით, ახალ მენსტრუაციას ქალი ელოდება ამ პროცესიდან 6 კვირის განმავლობაში. [4-დან 6 კვირის შემდეგ] თუ მენსტრუაცია არ მოვა, იქნება არასრულფასოვანი, ან ექნება ხშირი გამონადენი, პაციენტი  კვლავ მიდის კლინიკაში და ხდება ხელახალი შესწავლა.

  • რა ჯდება მედიკამენტური აბორტის ჩატარება კლინიკაში?

გააჩნია კლინიკას, ეს უფრო შიდა სტანდარტის საკითხია, მისი ფასი დაახლოებით 160 ლარია, თუმცა შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა გამოკვლევის ხარჯი და ამის გათვალისწინებით 200-მდე ლარი დაჯდეს.

______________________

MayoClinic: მედიკამენტური აბორტის უკუჩვენებები, ანუ რა დროს არ შეიძლება მისი ჩატარება:

  • ამჟამად გაქვთ ჩადგმული სპირალი;
  • გაქვთ ან ეჭვობთ რომ გაქვთ საშვილოსნოს გარე ორსულობა;
  • გაქვთ გარკვეული სამედიცინო ჩვენება, გულის ან სისხლძარღვების გარკვეული დაავადებები, ღვიძლის, თირკმლის ან ფილტვის მძიმე დაავადება, ან უკონტროლო კრუნჩხვითი აშლილობა;
  • მკურნალობთ სისხლის გამათხელებელი ან გარკვეული სტეროიდული მედიკამენტებით;
  • ვერ განახორციელებთ შემდგომ ვიზიტებს თქვენს პროვაიდერთან ან არ გაქვთ წვდომა სასწრაფო დახმარებაზე;
  • გაქვთ ალერგია პრეპარატებზე, რომლებიც გამოიყენება აბორტისთვის.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ზიპლაინს მოაწყობენ [ფოტო]

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ორხაზიანი ზიპლაინის ატრაქციონს ამონტაჟებენ. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე ზიპლაინი ტესტურ რეჟიმშია და მისი გახსნა მიმდინარე წლის ოქტომბრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. ზიპლაინით სარგებლობა ფასიანი იქნება.

ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა 2022 წლის 11 აპრილს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სასყიდლიანი იჯარის უფლებით [სარგებლობაში გაცემა] გამოაცხადა აუქციონი 70 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე, არანაკლებ 2 (ორი)-ხაზიანი ზიპლაინის ატრაქციის მოსაწყობად. აუქციონში გაიმარჯვა შპს „მწვანე ლაინმა“, რომელთანაც იჯარის ხელშეკრულება მაისის თვეში გაფორმდა.

ხელშეკრულებით იჯარის უფლება გაიცა 10 (ათი) წლის ვადით. ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ბოტანიკურ ბაღს გადაუხადოს ტურისტული მომსახურების გაწევისას რეალიზებული ბილეთის 10%, მაგრამ არანაკლებ 5 (ხუთი) ლარისა, ამასთან გამარჯვებული კომპანია ვალდებულია რეალიზებულ ბილეთის საფასურთან ერთად გადაიხადოს იჯარით გაცემული ქონების სარგებლობის საფასური თვიურად 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.

ხელშეკრულების თანახმად, იჯარით გაცემულ ქონებაზე  საზოგადოებრივი წესრიგის, სახანძრო უსაფრთხოებისა და მიმდებარე ტერიტორიის სანიტარულ ჰიგიენურ ნორმების დაცვაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება გამარჯვებულ კომპანიას.

3 მობილიზებული გარდაიცვალა რუსეთის თავდაცვის სასწავლო ცენტრში – მედია

სამი მობილიზებული რუსი რეზერვისტი ელანის გარნიზონში, სვერდლოვსკის ოლქში მდებარე თავდაცვის სასწავლო ცენტრში გარდაიცვალა.

ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატ მაქსიმ ივანოვსა და „ინფორმირებულ წყაროზე“ დაყრდნობით გამოცემა ЕАН-ი წერს.

გამოცემის რესპონდენტების ცნობით, ერთ-ერთ მობილიზებულს გულის შეტევა დაემართა, მეორემ თავი მოიკლა, მესამე კი ღვიძლის ციროზით გარდაიცვალა.

მანამდე ელანის სასწავლო ცენტრში სამი მობილიზებული სამხედროს გარდაცვალების შესახებ იუწყებოდა ტელეგრამ არხი „პერმ 36,6“. პოსტში დეტალური ინფორმაცია არ ყოფილა, იყო მხოლოდ შეტყობინება ხელმომწერებისგან და ტელეგრამარხის წყაროებისგან. დღეს ერთ-ერთი რეზერვისტის, 46 წლის კაცის სიკვდილი დაადასტურა კიდევ ერთმა არხმა ტელეგრამზე, Astra-მ.

„კურგანის ოლქის 46 წლის მცხოვრები 26 სექტემბერს გაიწვიეს. პირველ ოქტომბერს სასწავლო ცენტრის სასადილო ოთახში კაცი მკვდარი იპოვეს. მას სხეულზე, ყელის არეში ჭრილობები ჰქონდა. გვერდით კი სამართებელი იდო,“ – ნათქვამია პოსტში.

ЕАН-ი წერდა, რომ სოფელ პოროშინოში, სადაც სასწავლო ცენტრია, „მშრალი კანონი“ შემოიღეს. გამოცემის ცნობით, სოფელში სპირტიანი სასმელების გაყიდვა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც მთვრალმა მობილიზებულებმა მასობრივი ჩხუბი მოაწყვეს.

Настоящее Время წერს, რომ მობილიზებულები საცხოვრებელ პირობებზეც წუწუნებდნენ. სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, რომელშიც ერთ-ერთი რეზერვისტი ამბობს: „კარავი და ღუმელიც კი არ მოგვცეს. გარეთ გაათენეთო. ავტობუსი წავიდა. არავინ არავის სჭირდება. მშრალი საკვებიც არ იყო, არაფერი არ იყო. როგორც ცხვრის ფარა, ეგრე შეგვყარეს.“

მანამდე „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა გამოძიება პერმის მხარიდან მობილიზებულებზე, რომლებიც „საწვრთნელ ბანაკში“ მიჰყავდათ, 600 კილომეტრი გაატარეს და ბოლოს თოვლიან მინდორში დატოვეს კარვებისა და საკვების გარეშე. ხელისუფლებას მომხდარზე რეაქცია მხოლოდ მას შემდეგ ჰქონდა, რაც ინფორმაცია მედიაში მოხვდა.

პერმის მხარის გუბერნატორმა, დიმიტრი მახონინმა პირველ ოქტომბერს თავის ტელეგრამარხზე დაწერა, რომ „სირთულეები, რომლებიც დიდი რაოდენობით რეზერვისტების გამო შეიქმნა, გადაწყვეტილია, ისინი უკვე უზრუნველჰყვეს ყველაფრით, რაც აუცილებელი იყო“.

კადიროვის თქმით, თავის 16, 15 და 14 წლის შვილებს უკრაინაში ომში უშვებს

ტელეგრამზე გავრცელებულ განცხადებაში, ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ამბობს, რომ ის საკუთარ არასრულწლოვან შვილებს – ახმადს, ელისა და ადამს უკრაინაში საომრად უშვებს. მისი თქმით, 16, 15 და 14 წლის ახმადს, ელისა და ადამს სპეციალური სამხედრო მომზადება აქვთ გავლილი სპეცრაზმის რუსული უნივერსიტეტის ბაზაზე, სადაც სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებას ასწავლიან.

„არასრულწლოვნობა არ უნდა უშლიდეს ხელს ჩვენი სამშობლოს დამცველთა მომზადებას. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ნებისმიერი მამის მთავარი მიზანია – აღზარდოს შვილები ღვთისმოშიშებად და ასწავლოს მათ ოჯახის, ერისა და სამშობლოს დაცვა. გინდა მშვიდობა – ემზადება ომისთვის!

ახმადი, ელი და ადამი მზად არიან, თავიანთი უნარები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში გამოიყენონ. არ ვხუმრობ. დადგა დრო, საკუთარი თავი ნამდვილ ბრძოლაში გამოსცადონ. მათ ამ სურვილს მე მხოლოდ მივესალმები“, – ამბობს კადიროვი და დასძენს, რომ მისი შვილები მალე გაემგზავრებიან ფრონტის წინა ხაზზე და ყველაზე რთულ მონაკვეთებზე იბრძოლებენ.

ჩეჩნეთის მეთაური იქვე პასუხობს ბრალდებას, თითქოს მისი ახლობლები უკრაინაში, ბრძოლის ველზე არ იმყოფებიან: „უახლოეს მომავალში გექნებათ საშუალება, გახვიდეთ პოზიციებზე ბიჭებთან და პირადად დარწმუნდეთ, რომ ახმადი – ძალაა!“

კადიროვი ასევე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ მისი შვილები სხვადასხვა იარაღიდან, მათ შორის, ჯავშანტრანსპორტიორიდან და ტანკებიდან ისვრიან.

ჩეჩნეთის მეთაურს, რამზან კადიროვს, 4 ვაჟი და 6 ქალიშვილი ჰყავს.

დღეს, 3 ოქტომბერს, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს ურჩია, ომის შესახებ „შეფასების დროს ემოციები გამორიცხოს“.

მას შემდეგ რაც უკრაინამ ქალაქ ნიმანიდან განდევა ოკუპანტების არმია, რამზან კადიროვმა პირად ტელეგრამის არხზე დაწერა: „ჩემი ნება რომ იყოს, ლაპინს ჩამოვაქვეითებდი რიგითად, ჩამოვართმევდი ჯილდოს და ავტომატით ხელში ფრონტის ხაზზე გავგზავნიდი სისხლით სირცხვილის ჩამოსარეცხად“.

___

კადიროვს სურს ლიმანის დაკარგვისთვის რუსი გენერალი ჯარისკაცად ჩამოაქვეითოს და ომში გაუშვას

დღეს წყალი შეწყდება ბარცხანასა და ბათუმის გარეუბნებში

„ბათუმის წყლის“ ცნობით, დღეს, 3 ოქტომბერს, 12:00 საათიდან წყალმომარაგება შეუწყდება წინსვლის, ჩაისუბნის, ბარცხანის, განთიადის, მახინჯაურის, თამარის, ანგისის დასახლებებსა და ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მცხოვრებ აბონენტებს.

წყალმომარაგება შეწყდება 23:00 საათამდე.

წყლის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

ვინ იმგზავრებს ხულო-თაგოს საბაგიროთი უფასოდ – საკრებულოს ახალი დადგენილება

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხულო-თაგოს საბაგიროთი მგზავრობის ტარიფებთან დაკავშირებით ახალი დადგენილება დაამტკიცა, რომელიც ოფიციალურად ხვალ, 4 ოქტომბერს, შევა ძალაში.

ერთი მგზავრისთვის საბაგიროთი გასვლა-გამოსვლა 5 ლარი ეღირება. შესაბამისი დადგენილება ტარიფების გაზრდაზე საკრებულომ 2022 წლის 30 აგვისტოს დაამტკიცა და ის 2022 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა, თუმცა ეს დადგენილება გაუქმდა.

ახალი დადგენილებით გაიზარდა იმ მგზავრების კატეგორია, რომლებიც საბაგიროთი უფასოდ ისარგებლებენ. ასევე გაიზარდა ერთი მგზავრისთვის იმ ბარგის წონა, რომელსაც უფასოდ გადაიტანს.

ხულო-თაგოს საბაგიროთი მგზავრობისას გადასახადისგან თავისუფლდებიან:

  • ა(ა)იპ  „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ თანამშრომლები
  • სოფელ თაგოში რეგისტრირებული მოქალაქეები
  • სოფელ თაგოში მცხოვრები მოქალაქეები
  • სოფელ თაგოში მოქმედ ორგანიზაციებში  დასაქმებულები
  • სოფელ თაგოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით ორგანიზაციის/დაწესებულების თანამშრომლები
  • 7 წლამდე ასაკის ბავშვები
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
  • ომის ვეტერანები/მათთან გათანაბრებული პირები
  • სოფელ თაგოს მიმდებარედ არსებულ სოფელ ძმაგულის მცხოვრებლები
  • სოფელ თაგოში გარდაცვლილი პირის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე მიმავალი მგზავრები

საკრებულოს დადგენილებით, მგზავრების უფასოდ გადაყვანა შესაძლებელია ასევე ა(ა)იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ დირექტორის ბრძანების საფუძველზეც, ოღონდ ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით.

სამგზავრო გადაყვანის ტარიფით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრება და სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემის დანერგვა „ხულო-თაგოს ბაგირგზას“ დაევალა, რომელიც მუნიციპალური ა[ა]იპ-ია.

ხულო-თაგოს ბაგირგზით მგზავრთა გადაყვანის მგზავრობის ტარიფები:

ეს ტარიფები 2022 წლის 4 ოქტომბრიდან შევა ძალაში / წყარო: ხულოს საკრებულოს დადგენილება

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებული ტარიფების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე [ეს დადგენილება 2022 წლის 4 ოქტომბრიდან ძალას დაკარგავს]:

ხულო-თაგოს საბაგიროთი მგზავრობა 5 ლარი გახდა, გაძვირება არ ეხება თაგოელებს 

 

ფრონტზე მარცხის გამო კრემლს საკუთარი პროპაგანდისტები აკრიტიკებენ – ISW

რუსეთის მარცხი ხარკოვსა და ლიმანში რუსული საინფორმაციო სივრცეს ცვლის, კრემლის პროპაგანდისტებმა სამხედრო ხელმძღვანელობის კრიტიკა დაიწყეს – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW).

„რუსეთის მარცხმა ხარკოვის ოლქსა და ლიმანში, ამავე დროს კრემლის უუნარობამ ეფექტიანად და სამართლიანად ჩაეტარებინა „ნაწილობრივი მობილიზაცია“, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რუსულ საინფორმაციო სივრცეზე. კრემლის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები და რუსი სამხედრო ბლოგერები ლიმანის დაკარგვას გლოვობენ და „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ბიუროკრატიულ ხარვეზებს აკრიტიკებენ.

კრემლის წყაროები და სამხედრო ბლოგერები ლიმანთან და ხარკოვის ოლქში მარცხს იმით ხსნიან, რომ რუსეთის სარდლობამ ვერ მოახერხა, სათანადოდ გაეძლიერებინა რუსული ძალები დონბასის ჩრდილოეთით,“ – წერენ ინსტიტუტის ექსპერტები და დასძენენ, რომ კიდევ ერთი უკმაყოფილობა ომის შესახებ ინფორმაციის გაუმჭვირვალობას უკავშირდება.

ISW-ის ანალიტიკოსებს მაგალითად მოჰყავთ 1-ელი ოქტომბრის გადაცემა რუსეთის ტელევიზიით, რომელშიც ზოგიერთმა სტუმარმა უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიაზე პუტინის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

„კრემლის პროპაგანდისტები უკვე არ მალავენ იმედგაცრუებას მობილიზაციის მიმდინარეობით, ხშირად განიხილავენ რეზერვისტების უკანონო გაწვევის ფაქტებს და ყურადღებას ამახვილებენ ახალმობილიზებულს შორის ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების პრობლემაზე,“ – მიუთითებს ISW-ი. – „ზოგიერთმა პირდაპირ ერთერში გამოსვლისას შეშფოთება გამოთქვა, რომ შესაძლოა, მობილიზაციით რუსეთმა საკმარისი ძალები ვერ მოაგროვოს ბრძოლის ველზე ინიციატივის დასაბრუნებლად.“

ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ლიმანში მარცხმა უფრო დიდი ნეგატივი და უკმაყოფილება გამოიწვია რუსეთის საინფორმაციო სივრცეში, ვიდრე რუსების გამოსვლამ კიევიდან, კუნძულ ზმეინიდან და ხარკოვიდანაც კი.

ISW-ის დასკვნით, რუსეთის საინფორმაციო სივრცე მნიშვნელოვნად დაშორდა კრემლისა და თავდაცვის უწყების განცხადებებს იმის შესახებ, რომ სიტუაცია ჯამში კონტროლს ექვემდებარება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 60 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +320]
  • ტანკი – 2 380 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 4 991 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 1 405 ერთეული [+0]
  • MLRS – 338 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 176 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 265 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 228 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 026 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 246 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 811 ერთეული [+15]
  • სპეცტექნიკა – 131 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 310 თვითმფრინავი
  • 155 ვერტმფრენი
  • 2 137 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 378 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 292 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 860 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 444 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 6 189 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ბრიტანეთის დაზვერვა: „გაწვეულ რეზერვისტებს სატრანზიტო ბანაკებში გზავნიან, რუსეთის ოფიციალური პირები კი, სავარაუდოდ, მთელი ძალი ცდილობენ უზრუნველყონ მათი სწავლება და იპოვონ ოფიცრები ახალი დანაყოფების სამართავად“ – პუტინმა უჩვეულოდ სწრაფად აღიარა მობილიზაციის ხარვეზები

ამავე თემაზე:

უკრაინის დაზვერვის უფროსის თქმით, პუტინს მინიმუმ 3 ორეული ჰყავს

პუტინმა უჩვეულოდ სწრაფად აღიარა მობილიზაციის ხარვეზები – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის ყურადღების ცენტრში ისევ რუსეთში გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაცია“ და მისი მიმდინარეობაა.

უწყება აღნიშნავს, რომ 21 სექტემბერს დაწყებულ „ნაწილობრივ მობილიზაციაზე“ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, 29 სექტემბერს სახელმწიფო უშიშროების საბჭოში ილაპარაკა.

მან თქვა, რომ „ამ მობილიზაციის კამპანიის განმავლობაში ბევრი კითხვა ჩნდება და ჩვენ დროულად უნდა გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები და აღარ გავიმეოროთ ისინი.“

„პუტინისგან პრობლემების უჩვეულოდ სწრაფი აღიარება მიუთითებს მობილიზაციის დისფუნქციაზე მისი პირველი კვირის განმავლობაში. ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა სავარაუდოდ არ იციან კამპანიის ზუსტი მასშტაბი და მისი სამართლებრივი საფუძვლები,“ – წერს დაზვერვა 3 ოქტომბრის რელიზში.

უწყების ვარაუდით, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა ისეთი კადრები აიყვანეს, რომლებიც პუტინისა და თავდაცვის უწყების მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

„გაწვეულ რეზერვისტებს სატრანზიტო ბანაკებში გზავნიან, რუსეთის ოფიციალური პირები კი, სავარაუდოდ, მთელი ძალით ცდილობენ უზრუნველყონ მათი სწავლება და იპოვონ ოფიცრები ახალი დანაყოფების სამართავად,“ – აღნიშნავს უწყება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ განახლებას ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება უკრაინის არმიის მიერ ლიმანის აღებას რუსეთის პოლიტიკურ მარცხს უწოდებდა და აღნიშნავდა, რომ ლიმანი დონეცკის ოლქში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია, რადგან იქ გადის მთავარი გზა მდინარე სივერსკი დონეცზე, სადაც რუსეთის ჯარები თავდაცვის ხაზის გამაგრებას ცდილობენ.

„ბარცხანის ნაპირგამაგრება გასახლების გარეშე შეუძლებელია“ – რაში ხარჯავს მერია 1,8 მილიონს

ბათუმში, ბაქრაძისა და ნონეშვილის ქუჩების მიმდებარედ, მდინარე ბარცხანაზე ნაპირსამაგრის მოსაწყობად მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების სავარაუდო/სატენდერო ღირებულება 1,8 მილიონი ლარია.

„ბათუმელებმა“ შესაბამისი დოკუმენტების შესწავლით აღმოაჩინა, რომ  ვერ მოხერხდა ისეთი კონსტრუქციის დაპროექტება, რომელიც მიმდებარე ტერიტორიებს წყალმოვარდნისგან დაიცავდა. მიზეზი ის არის, რომ ასეთი კონსტრუქცია რომც დაპროექტდეს, ის მდინარის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე მდებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟის გარეშე ვერ მოეწყობა. მერია კი, შენობების დემონტაჟს არ დათანხმდა.

„არსებული ხელოვნური ნაგებობების დემონტაჟი, ფაქტობრივად, მოსახლეობის გასახლების გარეშე შეუძლებელია“, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

ამ პროექტით კი, მდინარე ბარცხანის ნაპირზე, გოგოლის ქუჩაზე მდებარე ხიდიდან 42 მეტრ სიგრძეზე აშენდება რკინა-ბეტონის ნაპირსამაგრი ნაგებობა, ხოლო მის გაგრძელებაზე – 298 მეტრ სიგრძეზე [სარკინიგზო ხიდამდე] – არსებულ ნაპირდამცავ ნაგებობაზე მოეწყობა რკინა-ბეტონის ე.წ. კბილი.

წითელი ხაზით აღნიშნულია მდინარე ბარცხანის კალაპოტში ასაშენებელი ნაპირსამაგრი, ხოლო ლურჯი ხაზით – რკინა-ბეტონის კბილი / ფოტო პროექტიდან

პროექტში, რომლის მიხედვითაც ეს კონსტრუქცია უნდა მოეწყოს მდინარე ბარცხანაზე, ქალაქის ბიუჯეტიდან 167 ათას 872 ლარია გადახდილი.

პროექტი შპს „უნივერსალ პროჯექტმა“ მოამზადა.

დოკუმენტების მიხედვით, [მდინარე ბარცხანაზე] სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა კომპანიას მერიის სამმართველომ 2022 წლის მარტში დაავალა.

ამავე წლის აგვისტოში კომპანიამ მერიის სამმართველოს მისწერა, რომ „საპროექტო გადაწყვეტილების მიღებისას ვერ ხორციელდება ისეთი კონსტრუქციის დაპროექტება, რომელიც არ გამოიწვევდა მდინარის მარჯვენა ნაპირზე მდგომი შენობა-ნაგებობების დემონტაჟს.“

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მდინარე ბარცხანაზე, გზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს დღევანდელი მდგომარეობით აშენებული ხელოვნური ნაგებობები ჰიდროლოგიური კვლევის მიხედვით ვერ აკმაყოფილებს მდინარის მაქსიმალური დონის დაფარვის პარამეტრებს. მოწყობილი ხელოვნური ნაგებობები არ ითვალისწინებს წარეცხვის დონეს, რის გამოც მდინარემ სტიქიის დროს გამოურეცხა რკ/ბეტონის კედელს საძირკველი და დააზიანა აღნიშნული მონაკვეთი.

საჭიროა ბაქრაძის და ნონეშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული რკ/ბეტონის ერთმალიანი ხიდიდან მდინარის მარჯვენა მხარეს არსებული ნაპირსამაგრისა და შენობა-ნაგებობების დემონტაჟი არსებულ ძველ ხიდთან ერთად, რომელიც არ ფუნქციონირებს და აპატარავებს მდინარის კალაპოტს. ყოველივე აღნიშნულის ნაცვლად უნდა მოეწყოს რკ/ბეტონის კედელი კბილით, წარეცხვის დონის და წყლის მაქსიმალური დონის გათვალისწინებით.

გთხოვთ განიხილოთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი წინადადება წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით, წერილობით კონკრეტულად განგვისაზღვროთ, თუ როგორ გავაგრძელოთ კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ მერიის სამმართველოში გაგზავნილ წერილში.

კონტრაქტორი კომპანიის წერილი სამმართველოში განიხილეს და აგვისტოს თვის ბოლოს მიწერეს: „გეძლევათ რეკომენდაცია საპროექტო გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად შეზღუდოთ მდინარის მარჯვენა ნაპირზე მდგომი შენობა-ნაგებობების დემონტაჟის აუცილებლობა.“

მდინარის მარჯვენა ნაპირზე კერძო საცხოვრებელი სახლებია, მარცხენა ნაპირზე კი, ნავთობტერმინალი.

რა გადაწყვიტა კომპანიამ ნაპირსამაგრი კონსტრუქციის დაპროექტებისას – ეს ჩანს განმარტებითი ბარათიდან, რომლის მიხედვით:

  • ტოპოგრაფიული და ჰიდროლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბარცხანაზე ნაპირსამაგრის მოსაწყობად საჭირო კედლის დასაპროექტებლად უნდა დაინგრეს მდინარის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები.
  • წყალუხვობის პერიოდში მდინარე არსებულ ნაპირსამაგრის დონეს აჭარბებს და მოწყობილი ხელოვნური ნაგებობები არ არის საკმარისი მოსული ხარჯის გასატარებლად.
  • საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტექნიკურ სამსახურთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ გადავწყვიტეთ არსებული, ძველი რკ/ბეტონის საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი, რომელიც ამცირებს კვეთს და ხელს უწყობს წყლის დაგუბებას.
  • ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მიმდებარე ტერიტორია მჭიდროდ დასახლებულია და არსებული ხელოვნური ნაგებობების დემონტაჟი მოსახლეობის გასახლების გარეშე შეუძლებელია, პროექტი ითვალისწინებს არსებული ნაპირსამაგრი კედლებისთვის რკ/ბეტონის კბილის მოწყობას, წარეცხვის დონის გათვალისწინებით, რაც თავიდან აგვარიდებს, ბაქრაძის ქუჩის დასაწყისში მომხდარ ფატალურ შედეგს.
  • გზის დასაწყისში გათვალისწინებულია დანგრეული კედლის სრულად დემონტაჟი და გატანა ნაგავსაყრელზე.
  • მის ნაცვლად კი ახალი რკ/ბეტონის ნაპირსამაგრის მოწყობა კბილით, რომელიც მიუხედავად წამოჭრილი პრობლემებისა, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსთან წერილობითი და სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე დაპროექტდა მაქსიმალურად არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.“

პროექტის მიხედვით, „ფუნდამენტისა და ტანის მოწყობა გათვალისწინებულია ბეტონით, რომელიც ადგილზე უნდა მოიზიდოს ბეტონმრევი მანქანებით და  ჩაბეტონდება ყალიბში ვიბრატორის გამოყენებით. კედლის ტანზე ყრილის მხარეს უნდა მოეწყოს ორფენიანი ჰიდროიზოლაცია ბიტუმით, გრუნტის წყლების მოსაცილებლად გათვალისწინებულია სადრენაჟო ხვრელების მოწყობა პლასტმასის მილებით. კედლის უკან ყრილი კი, უნდა მოეწყოს კარიერიდან მოზიდული გრუნტით.“

ნაპირსამაგრი კონსტრუქციის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყება და, პირობის მიხედვით, 2023 წლის 29 აპრილამდე უნდა დასრულდეს.

ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2022 წლის 16 ოქტომბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 21 ოქტომბერს დასრულდება.

განახლება: 2022 წლის 10 ოქტომბერს კომისიამ კორექტირება შეიტანა ხარჯთაღრიცხვაში. სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანასთან ერთად შეიცვალა ტენდერში წინადადების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღებიც. შესაბამისად, ტენდერში წინადადებების მიღება დაიწყება 2022 წლის 26 ოქტომბერს და ხუთ დღეში, 31 ოქტომბერს დასრულდება. სამუშაოების მიწოდების ვადა კი – 2023 წლის 29 აპრილამდე – დარჩა უცვლელი.

ადიდებულმა მდინარე ბარცხანამ, ბაქრაძის ქუჩის დასაწყისში არსებული დამცავი ჯებირი ერთი წლის წინ დაანგრია და რამდენიმე საცხოვრებელ სახლს საძირკველი გამოურეცხა. ადიდებულმა მდინარემ ამ დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ეზოებიც წაიღო. სტიქიამ მოსახლეობა 2020 წელშიც დააზარალა, რის გამოც ქალაქის მერიამ რამდენიმე ოჯახი სხვაგან ქირით გადაყვანა.

უფრო ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

სახლები ბათუმში, რომლებიც მდინარეს მიაქვს

რა აქვთ და რა სჭირდებათ ხულოში ახალგაზრდებს

თითქმის ყველა ხულოელი  მოჭიდავის ამბავი, რომლებმაც უკვე მიაღწიეს პატარა თუ დიდ წარმატებას, ხულოს სასპორტო სკოლაში დაიწყო.

ამ სკოლის აღზრდილია 23 წლის ლერი აბულაძეც, რომელიც 12 სექტემბერს ვიცე-მსოფლიო ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 63 წონით კატეგორიაში. ლერიმ წელს ევროპის ჩემპიონობაც მოიპოვა. ახლა კიდევ უფრო მეტი მონდომებით აპირებს მომზადებას ჯერ ევროპის და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატებისთვის.

ლერი კიდევ ორ ქართველ მოჭიდავესთან ერთად 5-6 ნოემბერს ბაქოში მიემგზავრება საასპარეზოდ – მსოფლიო თასის მოსაპოვებლად.

ლერიმ ჭიდაობა ხულოს სასპორტო სკოლაში ჯერ კიდევ ძალიან პატარამ დაიწყო. ფიქრობს, რომ მისი და სხვა ხულოელი მოჭიდავეების მიღწევები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ხულოელ ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს. შესაბამისად, ხულოში, მოზარდებს შორის, სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იზრდება.

ლერის თქმით, ხულოს მუნიციპალიტეტში აუცილებლად უნდა აშენდეს სპორტის სასახლე ტურნირების მოსაწყობად, ქართველი თუ უცხოელი მოჭიდავეების შეკრებებისთვის. „ეს ხელს შეუწყობს არამარტო ჭიდაობის, არამედ სპორტის სხვა  სახეობების განვითარებას. გვჭირდება სპორტის სასახლე, სადაც საერთაშორისო ტურნირები ჩატარდება. ეს კარგი იმიტომაც იქნება, რომ მსგავსი სახის შეკრებებზე ბევრი მონაწილე ჩამოვა და გაეცნობა ხულოს“, – გვითხრა ლერიმ.

ლერი აბულაძე

ლერის და მისი მეგობრების ისტორია, რომლებმაც უკვე არაერთ წარმატებას მიაღწიეს, დაბა ხულოს სასპორტო სკოლიდან დაიწყო. ამ სასპორტო სკოლაში  სპორტის 9 სახეობა ისწავლება. როგორც სკოლის დირექტორმა, ავთანდილ აბულაძემ გვითხრა, ყველაზე მოთხოვნადი  სახეობებია ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, მაგიდის ჩოგბურთი და სამთო-სათხილამურო სპორტი.

ავთანდილ აბულაძის თქმით, სკოლის იმ მოსწავლეების ჩათვლით, რომლებიც სხვადასხვა სკოლის ბაზაზე გახსნილ ჯგუფებში სწავლობენ, ჯამში, 370 მოსწავლე ჰყავთ.

სკოლის დირექტორის თქმით, იმისთვის, რომ ხულოს სასპორტო სკოლა კიდევ უფრო განვითარდეს, სჭირდებათ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კეთილმოსაწყობია სასპორტო სკოლის დარბაზი და შენობა.

„დარბაზში ცოტა რემონტია [საჭირო], იატაკია გამოსაცვლელი. იატაკის გამოცვლის შესახებ მივმართეთ მერიას წერილობით და უახლოეს პერიოდში აუცილებლად გამოგიცვლითო. პირადად შევხვდი ხულოს მერს, მერის პირველ მოადგილეს.

შესაცვლელია შტანგა, დასამატებელია ბაგირები – რომ შეიცვლებოდეს, კარგი იქნება.

უმჯობესია, სპორტის სასახლე გაკეთდეს დაბა ხულოში. გამოინახოს სადმე ახალი ტერიტორია ახალი სპორტული კომპლექსის ასაშენებლად“, – გვითხრა ავთანდილმა.

ავთანდილ აბულაძე ამბობს, რომ ხულოდან მოშორებით მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოზარდებს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობასა და სპორტის სხვა სახეობებში ვარჯიშის შესაძლებლობა არ აქვთ, რადგან მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი სასპორტო სკოლაა, რომელიც დაბა ხულოში მდებარეობს.

„ეს ახალგაზრდები ნამდვილად პერსპექტიულები არიან, მაგრამ ისინი ვერ მონაწილეობენ [სპორტულ] ღონისძიებებში – შესაბამისი პირობები არ აქვთ სოფლებში სპორტული ცხოვრებისთვის.

[ხულოს სასპორტო სკოლაში] ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით უნდა ირიცხებოდნენ ახალგაზრდები, უნდა იყოს ღამის გასათევი სამჯერადი კვებით, ამ სამ მოთხოვნად სახეობისთვის მაინც (ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, მაგიდის ჩოგბურთი და სამთო-სათხილამურო სპორტი).

ეს იმისთვის არის საჭირო, რომ, მაგალითად, ღორჯომის, ხიხაძირის, ბაკოს, ფუშრუკაულის, სხალთის პერიფერიული ხეობებიდან მოვიწვიოთ [მოსწავლეები]. ჰქონდეთ ღამის გასათევი… ასე შეიძლება მეტად განვითარებაც“, – ამბობს ხულოს სასპორტო სკოლის დირექტორი.

ავთანდილ აბულაძის აზრით, მუნიციპალიტეტისგან მოშორებით მდებარე სოფლებში ახალგაზრდებს აუცილებლად უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შეისწავლონ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა თუ სპორტის სხვა სახეობა. მიუხედავად იმისა, რომ ხულოს სასპორტო სკოლას მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის ბაზაზე შექმნილი აქვს სასპორტო ჯგუფები და მიმაგრებული ჰყავს მწვრთნელები, ამ სახეობების შესწავლაში ახალგაზრდები არც ერთი ფორმით არ არიან ჩართულები.

ავთანდილ აბულაძის თქმით, ხულოს სასპორტო სკოლაში სავარჯიშოდ მისვლა მეზობელ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაც კი რთულია, რომლებიც მუნიციპალიტეტის ცენტრისგან 3-5 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ, არათუ „მაგალითად, 30-50 კილომეტრით დაშორებული ხიხაძირიდან“.

ავთანდილ აბულაძე

ავთანდილი გვიყვება, რომ ხულოში ყოველწლიურად ატარებენ  შეჯიბრს მუნიციპალიტეტის პირველობაზე, რომელშიც პერიფერიულ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებიც მონაწილეობენ. მისი თქმით, მიუხედავად იმის, რომ მათ არ აქვთ სათანადო პირობები ვარჯიშისთვის, საკუთარი თავის წარმოჩენას მაინც ახერხებენ.

„სოფელ ღორჯომში არის მოსწავლე, რომლის გადმოყვანა და მხარდაჭერა შეიძლებოდა. მას ხულოს სასპორტო სკოლაში 5-6 წელი რომ გაეტარებინა, მონაწილეობა მიეღო შეჯიბრებებში, ნამდვილად შეეძლო დიდი სპორტსმენი გამხდარიყო, მაგრამ პირობები არ აქვს. არც მოსწავლეს აქვს პირობები, მის ოჯახს… ბაზა უნდა არსებობდეს ხულოში კვებით, სადაც 150 მოსწავლე ღამეს გაათევს და ნამდვილად ექნებათ წარმატება“.

ავთანდილ აბულაძის თქმით, ამჟამად ხულოს სასპორტო სკოლის შენობაში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 70 მოსწავლე ვარჯიშობს, თუმცა სათანადო პირობებით 100 მოსწავლის დაკმაყოფილებასაც შეძლებდნენ. ხულოში სკოლის ბაზებზე შექმნილ ჯგუფებში გაწევრიანებული მოსწავლეების ჩათვლით ამჟამად ჭიდაობაში სულ 115 ახალგაზრდა ვარჯიშობს. როგორც ავთანდილმა გვითხრა, ყველაზე მეტი მოსწავლე სკოლის ჯგუფებიდან სოფელ დიდაჭარაში ჰყავთ.

უკრაინის დაზვერვის უფროსის თქმით, პუტინს მინიმუმ 3 ორეული ჰყავს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მინიმუმ სამი ორეული ჰყავს. ბუდანოვის თქმით, მის უწყებაში არიან ადამიანები, რომლებიც ამაში კარგად ერკვევიან.

ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის უფროსმა ჟურნალისტ ნატალია მოსეიჩუკთან ინტერვიუში ისაუბრა. ვიზუალურ მხარეზე საუბრისას ბუდანოვმა პუტინის ორეულების გარეგნობაში წვრილმანებზე მიანიშნა.

„ყურების მოცულობა, ასე ვთქვათ, განსხვავებულია. არადა, ყურები, თითის ანაბეჭდების მსგავსად, უნიკალურია – მისი გამეორება შეუძლებელია“, აღნიშნა ბუდანოვმა.

ბუდანოვის თქმით, დაზვერვაში მუშაობენ სპეციალისტები, რომლებიც ამ საკითხზე არიან სპეციალიზებულები.

„ასე ვიტყოდი – მე არ ვარ „პუტინის ექსპერტი“. პირადად ჩემთვის არსებობს ზუსტად სამი დუბლი, რომელთა ამოცნობაც მე შემიძლია ეგრევე, როგორც კი მათ ვხედავ. მთლიანად რამდენი არიან? – უბრალოდ, საჭიროა ამ ინფორმაციის ამაღლება“, – დასძინა ბუდანოვმა.

ბუდანოვმა პუტინის დუბლების გარდა ისაუბრა იმაზეც, რომ კრემლში უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით იყო გარჩევებიც.

„როგორც მოგეხსენებათ, რუსეთში გადაწყვეტილებებს მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს. მას კი ინფორმაციას აწვდიდნენ ისე, როგორც სურდათ, რომ მას ის დაენახა. გარდა ამისა, ჰქონდათ გარკვეული გარჩევები კრემლში, რამაც ძლიერი გავლენა იქონია საბოლოო გადაწყვეტილებაზე“, – დასძინა მან.

ბუდანოვის თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 23 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე მიიღეს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ორეულების საკითხს პერიოდულად მედიაც განიხილავს. ადამიანები ამჩნევენ ცვლილებებს როგორც გამომეტყველებაში, ისე მის ქცევაში.

აქამდე რუსმა უფლებადამცველმა მარკ ფეიგინმა ისაუბრა პუტინის ორეულებზე. მისი თქმით, პუტინი პერიოდულად სარგებლობს იმ ორეულების მომსახურებით, რომლებიც ოპერატიულ ფუნქციებს ასრულებენ.

სოციალურ ქსელებში პუტინის დუბლების ცხრილიც კი გამოჩნდა, მათ შორის არიან: „მოსაუბრე“, „უდმურტი“, „დიპლომატი“, „საბანკეტო“.

ბათუმში ახალ პირსს აშენებენ – ძველი ზღვამ დაანგრია [ფოტო]

ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ახალ პირსს აშენებენ. აქ არსებული პირსი წელს შტორმის შედეგად დაზიანდა და  სახიფათო გახდა.

შტორმის დროს დაზიანებული პირსი და ახალი პირსის მშენებლობა ძველის ადგილას.

პირსის სამშენებლო ტერიტორია ნაწილობრივ შემოღობილია. აქ განთავსებული საინფორმაციო დაფის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა ქალაქ ბათუმის მერიის მიერაა გაცემული 2022 წლის ივლისში და ის 2023 წლის 13 მაისამდეა ძალაში.

დაფაზე აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს პირსის რეკონსტრუქცია, თუმცა აქ არსებული პირსი, რომელიც ზღვამ დააზიანა, დანგრეულია და ახალი ნაგებობა შენდება.

ტერიტორია, სადაც შენობაც დგას და პირსი შენდება, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და ის იჯარით შპს „გთემ ჰოსპითალითი გრუპიზე“ იჯარითაა გადაცემული.

საინფორმაციო დაფის მიხედვით, პირსს სწორედ ეს კომპანია აშენებს.

პირსის მშენებლობა ბათუმში / 1.10.2022
პირსის მშენებლობა ბათუმში / 1.10.2022
ახალი პირსის ესკიზი საინფორმაციო დაფაზე / 1.10.2022
პირსის მშენებლობა ბათუმში / 1.10.2022
პირსის მშენებლობა ბათუმში / 1.10.2022

 

პირსის მშენებლობა ბათუმში / 1.10.2022

ამავე თემაზე:

ბულვარში მიტაცებული პლაჟის აღდგენას 6 მილიონი სჭირდება – რა ელის სანაპიროს

927 ათასი ლარი ბათუმში 2 კორპუსის ფასადის რეაბილიტაციისთვის

ბათუმში, შავშეთის N6-ში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ფასადისა და ასევე, კობალაძის N5-ში მდებარე თექვსმეტსართულიანი სახლის ფასადის რეაბილიტაციაზე, მერიის სამმართველომ ტენდერი 927 149 ლარით გამოაცხადა.

პირობის მიხედვით, ორთავე სახლის ფასადზე სამუშაოები 2023 წლის 11 მაისამდე უნდა დასრულდეს.

„შემსყიდველი უფლებას იტოვებს პროექტის ვადების მართვის მიზნით მოსთხოვოს მიმწოდებელს გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა ან შემოიფარგლოს წერილობითი დავალების მიცემით, რომელიც უნდა შეიცავდეს სამუშაოების დაწყების და დასრულების კონკრეტულ ვადებს.“ – აღნიშნულია პირობაში.

კობალაძის N5-ში მდებარე თექვსმეტსართულიანი სახლი და რეაბილიტირებული ფასადის ესკიზი[პროექტიდან]
შავშეთის N6-ში მდებარე ხუთსართულიანი სახლი და რეაბილიტირებული ფასადის ესკიზი[პროექტიდან]

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 14 ოქტომბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 19 ოქტომბერს დასრულდება.

3 მილიონ 360 ათას 689 ლარით იყო გამოცხადებული ტენდერი ახმეტელის ქუჩაზე [დრამატული თეატრის გვერდით] მდებარე ხუთი 12-სართულიანი კორპუსის ფასადის შეფუთვაზე [იერსახის შეცვლას, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და თბოიზოლაცია], თუმცა ეს ტენდერი არ შედგა.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი იმავე თანხით ხელახლა გამოაცხადა, სადაც პირობებიც ფაქტობრივად უცვლელია,

სამუშაოს შესრულების ვადა კი, 2023 წლის 10 მაისის ჩათვლით პერიოდია.

ახალ ტენდერში წინადადებების მიღება 14 ოქტომბერს დაიწყება და 19 ოქტომბერს დასრულდება.

არშემდგარი ტენდერის დეტალების შესახებ ნახეთ ამ ბმულზე:

ბათუმის მერია კორპუსების ფასადებს შეცვლის – კონკურსი დიზაინის შესარჩევად

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 3 ოქტომბრის საღამოს 9 საათამდე, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით წვიმა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი, 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი,
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა კი +21 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში, 4-5 ოქტომბერს, საღამოს და ღამის საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

 

 

მთავარი ფოტო: ბათუმი, პლაჟი ახალ ბულვართან / 01.10.2022

 

ომში სულ 60 ათასზე მეტი რუსი სამხედროა ლიკვიდირებული – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 60 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +500]
  • ტანკი – 2 377 ერთეული [+23]
  • ჯავშანტექნიკა – 4 975 ერთეული [+26]
  • საარტილერიო სისტემა – 1 405 ერთეული [+8]
  • MLRS – 337 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 176 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 264 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 227 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 015 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 246 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 796 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 131 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 310 თვითმფრინავი
  • 155 ვერტმფრენი
  • 2 134 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 378 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 281 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 858 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 443 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 6 126 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კადიროვს სურს ლიმანის დაკარგვისთვის რუსი გენერალი ჯარისკაცად ჩამოაქვეითოს და ომში გაუშვას

კომპიუტერებში უნებართვო შეღწევასა და თაღლითობაზე დაკავებულია 4 პირი, 8-ს ბრალი წარედგინა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნების ინტერნეტმომხმარებლების მიმართ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს, ხოლო 8 პირს ბრალი წარუდგინეს.

„დაკავებული არიან: 1972 წელს დაბადებული ზ.ს., 1991 წელს დაბადებული ე.ნ., 1995 წელს დაბადებული ი.კ. და 1994 წელს დაბადებული ა.მ.

ბრალი წარედგინათ: 1996 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, 1997 წელს დაბადებულ ნ.ვ.-ს, 1992 წელს დაბადებულ გ.თ.-ს, 1990 წელს დაბადებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს – მ.ქ.-ს, 1998 წელს დაბადებულ ი. მ.-ს, 1992 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, 1984 წელს დაბადებულ რუსეთის ფედერაციისა და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეს – ი.ვ.-ს და 1989 წელს დაბადებულ ბელგიის სამეფოს მოქალაქეს – გ. წ.-ს.

დანაშაული 7-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ – აცხადებს შსს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით:

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.ვ.-მ საქართველოში დაარეგისტრირა კომპანია, რომლის თანამშრომლები უცხო ქვეყნის, ძირითადად საფრანგეთის მოქალაქეებს, ინტერნეტბრაუზერში უგზავნიდნენ შეტყობინებას – “pop up”-ს, სადაც კატეგორიული ფორმით, ფრანგულ ენაზე ეწერა, რომ მათი კომპიუტერი დავირუსებული იყო და ხარვეზების გამოსწორებისათვის უნდა დაერეკათ მითითებულ ნომერზე.

შეტყობინებას არ ჰქონდა გათიშვის ფუნქცია და მომხმარებლები კომპიუტერით ვეღარ სარგებლობდნენ. მომხმარებლები, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ კომპიუტერებს ჰქონდათ სერიოზული პრობლემა, რეკავდნენ შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე, რომლითაც სარგებლობდა ზემოხსენებული კომპანია. მათ პირველ ეტაპზე ესაუბრებოდნენ კომპანიის ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც ეცნობოდნენ ფრანგული სახელებით, კიდევ უფრო მეტად არწმუნებდნენ პრობლემის სერიოზულობაში და მის მოგვარებას ჰპირდებოდნენ.

მომხმარებლები, რომლებიც იჯერებდნენ, იხდიდნენ გარკვეულ საზღაურს სხვადასხვა ონლაინ გადახდის სისტემების გამოყენებით, რომლებთანაც ი.ვ.-ს ჰქონდა დამყარებული კავშირი, რის შემდეგაც ზემოაღნიშნული კომპანიის ე.წ. IT-თანამშრომლები დისტანციური წვდომის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შედიოდნენ დაზარალებულის კომპიუტერულ მოწყობილობებში და ახდენდნენ „pop up”-ის გათიშვას, ასევე გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებას, რათა დაზარალებულს შექმნოდა ილუზია, რომ მის მიერ გადახდილი თანხის შესაბამისი სერვისი მიიღო კომპანიისგან.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით დაზარალებულებს საერთო ჯამში მიადგათ 767 000 ევროზე მეტი ოდენობის მატერიალური ზიანი.“

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 284-ე, 180-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ბათუმმა ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაში გაიმარჯვა

ბათუმმა World Travel Awards-ის  დაჯილდოებაზე “ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების” ნომინაციაში გაიმარჯვა.

გამარჯვებულები დღეს, 1-ელ ოქტომბერს დაასახელეს ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე.

კონკურსში ბათუმს ათი კონკურენტი ჰყავდა, მათ შორის მატერა (იტალია), მლჯეტი (ხორვატია), დერი (ჩრდილოეთ ირლანდია), კუტნა ჰორა (ჩეხეთი) და სოფია (ბულგარეთი).

დღესვე ბათუმი 2023 წლის „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელ ქალაქად დაასახელეს.

World Travel Awards დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება.

კადიროვს სურს ლიმანის დაკარგვისთვის რუსი გენერალი ჯარისკაცად ჩამოაქვეითოს და ომში გაუშვას

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ვრცელ პოსტს აქვეყნებს თავის ტელეგრამის არხზე და ითხოვს, როგორც ლიმანის „დაცემაში“ პასუხისმგებელი პირის დასჯას, ისე უკრაინაში დაბალი სიმძლავრის ატომური იარაღის გამოყენებას.

ლიმანი და მის გარშემო დასახლებული პუნქტები უკრაინამ დღეს, პირველ ოქტომბერს გაათავისუფლა რუსული ოკუპაციისგან.

კადიროვი წერს, რომ ლიმანში არსებულ მდგომარეობაზე, რომ ჯარისკაცები შესაძლოა ალყაში მოქცეულიყვნენ, ჯერ კიდევ ორი კვირის წინ აცნობა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, ვალერი გერასიმოვს. კადიროვის თქმით, ის გერასიმოვმა დაარწმუნა, რომ ლაპინის სამხედრო ტალანტში ეჭვი არ ეპარება და ლიმანიდან უკანდახევა შესაძლებელია.

„ამ ზონის დაცვას ხელმძღვანელობდა ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი. სწორედ ის ლაპინი, რომელმაც ლისიჩანსკის აღებისთვის რუსეთის გმირის ვარსკვლავი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო ის იქ, სიახლოვესაც კი არ იმყოფებოდა. ლაპინს დაუქვემდებარეს დასავლეთის სამხედრო ოლქიც…

სამწუხაროა არა ის, რომ ლაპინს არ აინტერესებს, არამდე ის, რომ მას რუსეთის გენშტაბში უმაღლესი თანამდებობის პირები მფარველობენ. ჩემი ნება რომ იყოს, ლაპინს ჩამოვაქვეითებდი რიგითად, ჩამოვართმევდი ჯილდოს და ავტომატით ხელში ფრონტის ხაზზე გავგზავნიდი სისხლით სირცხვილის ჩამოსარეცხად“.

კადიროვის თქმით, დანაკარგები გამოწვეულია ცუდი ლოგისტიკით – ლაპინმა თავისი შტაბ-ბინა გადაიტანა ლუგანსკში, ქვეშევრდომებისგან 150 კილომეტრის დაშორებით. „როგორ შეიძლება დანაყოფი მართო 150 კილომეტრის სიშორიდან?“ – ამ კითხვას სვამს კადიროვი და ამბობს, რომ სწორედ სამხედრო ლოგისტიკის არარსებობის გამო დაკარგა დღეს რუსეთმა ლიმანი და მის გარშემო დასახლებული პუნქტები.

კადიროვი ასევე პირდაპირ ამხელს, რუსეთის არმიაში არსებულ ნეპოტიზმს:

„ნეპოტიზმი არმიაში არაფერს კარგს არ მოგვიტანს. ჯარში მეთაურებად უნდა ინიშნებოდნენ ძლიერი ხასიათის, მამაცი, პრინციპული ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ჯარისკაცებზე, რომლებიც კბილებით იცავენ თავიანთ ჯარისკაცებს, რომლებმაც იციან, რომ ქვეშევრდომი არ უნდა დატოვო დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე. ჯარში სნობიზმის ადგილი არ არის, განსაკუთრებით რთულ დროს“.

ლიმანიდან უკან დავიხიეთ — რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

კადიროვი ასევე საუბრობს იმაზე, რომ უკრაინაში უნდა გამოიყენონ დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღი. კადიროვი სწორედ ასე ასრულებს თავს პოსტს:

„არ ვიცი, რას ეუბნება თავდაცვის სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მთავარსარდალს, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო მკვეთრი ზომები უნდა გატარდეს, მათ შორის სასაზღვრო ზონაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებამდე და უნდა გამოიყენებოდეს დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღი. აუცილებელი არ არის ყველა გადაწყვეტილების მიღების წინ დასავლურ-ამერიკული საზოგადოების აზრის გათვალისწინება – მათ ისედაც ბევრი რამ თქვეს და გააკეთა ჩვენს წინააღმდეგ“.

რას ჰყვება რუსეთიდან საქართველოში ფეხით ჩამოსული ილია

მხოლოდ ორი დღის, 26-27 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში რუსეთის 21 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების პირველ დღეებში რუსეთიდან საქართველოში ყოველდღიურად დაახლოებით 5-6 ათასი ადამიანი შემოდიოდა, 26, 27 სექტემბრისთვის კი ამ მაჩვენებელმა 40-45%-ით მოიმატა.

40 წლის ილიაც რუსეთიდან ჩამოვიდა საქართველოში, ფეხით რამდენიმე დღე იარა. ამბობს, რომ თუ ანონიმურობას არ დავიცავთ მის ოჯახის წევრებს რუსეთში მისი ინტერვიუს გამო შეიძლება საფრთხე დაემუქროთ.

  • რატომ დატოვეთ რუსეთი და როგორ გადმოლახეთ საზღვარი?

ლარსიდან გადმოვედი ფეხით, ვლადიკავკაზამდე თვითმფრინავით ჩამოვფრინდი, მერე ტაქსით მივედი საზღვრის საცობებამდე. საცობებში ფეხით ვიარე. ჩამოვედი ერთ დღე-ღამეში, იმ ხალხზე გაცილებით სწრაფად, რომლებიც მანქანებით მოდიან. არის ხალხი, ვინც ერთი, ორი, სამი კვირა საცობშია მანქანით. მე 20 საათი მოვდიოდი ფეხით. ტაქსისტებს გადავუხადე 2500 რუბლი, ადგილზე ტაქსის დაქირავება ძალიან ძვირია, მე აპლიკაციით გამოვიძახე და შედარებით იაფი გამოვიდა.

ეს საშინელი და უსამართლო ომია, არ მეშინია ამის თქმის, მაგრამ თუ რუსეთში დავბრუნდები პუტინის რეჟიმის პირობებში და ამ ნათქვამს წაიკითხავს ვინმე, შეიძლება პრობლემები შემექმნას.

წამოვედი იმიტომ, რომ 24 თებერვალი გადამწყვეტი თარიღი იყო ჩემთვის, მერე პროტესტები, რომლებსაც სასტიკად ახშობენ, ახლა კიდევ მობილიზაცია.

მინდა თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვრო. აი, ახლა მე და თქვენ ვსაუბრობთ და ვიცი, რომ ამ საუბრის გამო საქართველოს ხელისუფლება არ დამაპატიმრებს, სანქციებს არ დამაკისრებს.

საშინელებაა რუსეთის ხელისუფლების პირობებში დაგეგმო საკუთარი მომავალი.

  • იცით რა მოხდა აფხაზეთში 1993 წელს, ან გორში 2008 წელს? თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი რუსი სამხედროების მიერაა ოკუპირებული.

მართლა? არ ვიცოდი. მე ამ წლებში მხოლოდ რუსულ საინფორმაციო საშუალებებს ვუსმენდი, არ ვენდობი რუსულ ტელევიზიებს, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ის ვიცი, რომელია ობიექტური სურათი.

მართლა არ ვიცოდი ეს ამბები, მადლობა რომ მითხარით. სანამ პუტინია ხელისუფლებაში, ესე იგი არც საქართველოა უსაფრთხოდ, არც სხვა ქვეყნები, ევროპაც არაა მშვიდად.

  • ყირიმსა და დონბასზე რას ფიქრობთ, ვისია ეს ტერიტორიები? მოსკოვში ასევე უკრაინაში ოკუპირებული ოთხი რეგიონის შეერთება უკვე იზეიმეს, რას ფიქრობთ ამაზე?

ყირიმიც და დონბასიც არაკანონიერად მიიტაცა რუსეთმა. რა თქმა უნდა, ეს უკრაინაა.

თუმცა ყირიმზე რუსეთში ასე არ ფიქრობენ, წინა წლების ამბები მეხსიერებიდან იშლება, დონეცკსა და ლუგანსკიზე კი ნამდვილად ბევრი ფიქრობს ახლა რუსეთში, რომ უკრაინისაა.

ყველას ეშინია. სტუდენტებს ეშინიათ არ გამოყარონ სასწავლებლებიდან, აქტივისტებს ეშინიათ არ დაიჭირონ, იგივე ითქმის საჯარო სამსახურებში დასაქმებულებზე, თუ ვინმეს შენიშნავენ, რომ პროტესტი აქვს და აქციაზე გადის, მაშინვე ათავისუფლებენ სამსახურებიდან. საკუთარი ნებით ატოვებინებენ საბოლოოდ სამსახურს, მაგრამ ზეწოლით.

პუტინის რეჟიმის გამპროტესტებლები რუსეთში აღარ არიან, პროტესტი შეიძლება ჰქონდეს ასი ადამიანიდან ერთს, ვერ ვიტყვი, რომ დანარჩენები მომხრეები არიან, მაგრამ მათ, უბრალოდ, ეშინიათ არჩინონ ოჯახები, ეშინიათ სამუშაო ადგილების დაკარგვის.

სკოლებში ჩვეულებრივად ტარდება პროპაგანდის კლასგარეშე გაკვეთილები – მგონი პატრიოტიზმის გაკვეთილები ჰქვია თუ რაღაც მსგავსი, გააჩნია სკოლას. თუ სკოლა მოწინააღმდეგეა პუტინის იდეოლოგიის, ის ყველა საშუალებით თავს აარიდებს ასეთ გაკვეთილებს, ვისაც ეშინია ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რასაც ზემოდან ეტყვიან.

მე ვიცნობ ორმოცზე მეტი ხნის ხალხს, რომლებიც ჩუმად არიან, მაგრამ მხარს უჭერენ პუტინის პოლიტიკას, არსად აპირებენ რუსეთიდან გამგზავრებას და იძულებულები არიან მოერგონ სისტემას პირადი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის.

  • რას ფიქრობთ „დიდ რუსეთზე“? თქვენი პრეზიდენტის ცნობილი ფრაზაა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა დიდი გეოპოლიტიკური კრიზისი იყო, იზიარებთ ამ მოსაზრებას?

ყველა ქვეყანა შეიძლება იყოს დიდი და დიდებული, მაგრამ თავისი ტექნოლოგიებით, ეკონომიკით და არა ბირთვული იარაღით და ავტომატებით.

თუ ქვეყანა იქნება ეკონომიკურად ძლიერი, ირგვლივ სხვა ქვეყნები, ცხადია, მოინდომებენ მის გვერდით ყოფნას, გაერთიანებას არაძალადობრივი მეთოდით.

  • რატომ დგას საკითხი ასე, რომ ვინმე ვინმეს გვერდით უნდა იდგეს, ვინმე ვინმესთან ერთიანდებოდეს, თანამედროვე სამყაროში ქვეყნებს აქვთ დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობა.

აი ევროკავშირიც ხომ გაერთიანებაა და იქაც არიან ლიდერი ქვეყნები, მე არაძალადობრივი ქმედებების მომხრე ვარ.

  • რას ფიქრობთ ევროპის ქვეყნებზე, სად გიმოგზაურიათ რუსეთს მიღმა?

40 წლის ვარ, რუსეთის გარდა სხვაგან არსად ვყოფილვარ. ახლა საქართველოში ჩამოვედი პირველად, რამდენიმე დღის წინ. ბავშვობაში ტაჯიკეთში წამიყვანეს მშობლებმა.

არ ვიცი როგორია ევროპა, ამბობენ, რომ ეს თავისუფალი სამყაროა.

  • აქ ცხოვრებას როგორ აპირებთ?

მინდა ვიმუშაო და ვიცხოვრო თავისუფალ ქვეყანაში. ინტერნეტგაყიდვების მაღაზია მაქვს რუსეთში, დაკეტილია ახლა, რადგან აქედან ვერ ვამუშავებ.

ვფიქრობ, მოვძებნი რამე დისტანციურ სამსახურს, ან ვიმუშავებ საკუთარი პროფესიით, გათბობა-გაგრილების სისტემების სპეციალისტი ვარ.

რუსეთში დავტოვე მშობლები, იქ დარჩა მთელი ჩემი ქონება, სახლი, ყველაფერი.

ძალიან რთულია. მშობლებს აუცილებლად გადმოვიყვან აქ საცხოვრებლად. რუსეთის ახლანდელი ხელისუფლების პირობებში იქ აღარ დავბრუნდები.

ირანელი კაცებიც ქალების გვერდით ვართ, ერთად ვიბრძვით უფლებებისთვის – აქცია ბათუმში

დღეს, პირველ ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ირანელი ქალების მხარდასაჭერად მორიგი აქცია გაიმართა. აქციაზე როგორც ირანის, ასევე საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

„ირანელი ქალების უფლებებისთვის ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. ქალი და კაცი უნდა იყოს თანაბარი, პირველ რიგში, ეს არის ყველაზე მთავარი. ირანში ქალებს წართმეული აქვთ ბევრი უფლება, განქორწინების დროს, მემკვიდრეობის მიღების თუ სხვა მხრივ, ქალის უფლებები დარღვეულია.

ეს არ არის ერთ დღეში გადასაწყვეტი პრობლემა და ამას ალბათ დრო სჭირდება. მთავარია, ქალებმა დაიწყეს ბრძოლა და ჩვენ, კაცები, მათ გვერდით ვართ. უფლებებს არავინ მოგცემს, შენ უნდა იბრძოლო უფლებებისთვის“, – ამბობს ფარზინ ვალიპური.

მისი თქმით, ძალა ერთობაშია, „ამიტომ, ქალებიც და კაცებიც თავისუფლებისთვის ბრძოლაში ერთად უნდა ვიყოთ. ამიტომ აქედან ვეუბნებით ირანში ჩვენს დედებს, დებს, რომ ჩვენ თქვენთან ვართ“, – გვეუბნება ფარზინი.

ირანელი ქალების მხარდასაჭერი აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ბრძოლა ჰიჯაბის წინააღმდეგ, რადგან ჰიჯაბი კლავს და დღესაც ირანელი ქალები კვდებიან ამის გამო.

როცა საქართველოში ჩამოვედი, ვნახე როგორი თავისუფლები არიან ქართველი ქალები. მინდა, რომ ჩვენ, ირანელი ქალებიც თავისუფლებაში ვცხოვრობდეთ“, – ამბობს გაზოლ ჰიშმათიაზა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე კაცი მიიჩნევს, რომ ირანში არა მარტო ქალებს წაართვეს თავისუფლება, არამედ კაცებსაც და დღეს ქალებიც და კაცებით, ერთად იცავენ თავიანთ უფლებებს.

„ქალი, ცხოვრება, თავისუფლება“ – საპროტესტო აქცია ირანელი ქალების მხარდასაჭერად ბათუმში

„ვფიქრობ, ირანს სჭირდება თავისუფლება. არ შეიძლება თავისუფლება სანახევროდ არსებობდეს, სახელმწიფოს თამაშს თუ ვითამაშებთ, მაშინ თავისუფლება არასდროს გვექნება.

ქვეყანა შენდება თავისუფლებაზე, თავისუფალ ეკონომიკაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. მთავრობა უნდა არსებობდეს ხალხისთვის, სანამ მთავრობა არ იქნება ხალხისთვის, იმ ქვეყანაში არ იქნება არაფერი, არც განვითარება, არც მშვიდობა და არც თავისუფლება არც ქალისთვის და არც კაცისთვის.

ქალი და კაცი – ორივე თანასწორი უნდა იყოს ქვეყანაში, არ შეიძლება ერთ ქვეყანაში მათთვის განსხვავებული კანონები არსებობდეს იმიტომ, რომ ადამიანი ადამიანია. თავისუფლება და უფლებები ქალისთვისაც და კაცისთვისაც უნდა იყოს თანაბარი, როგორც სიტყვის, ასევე ცხოვრების. იმედი მაქვს, ირანელი ხალხი მიაღწევს თავისუფლებას“, – ამბობს აქციის მონაწილე რიგი.

ირანელი ქალების მხარდასაჭერად აქციაზე საქართველოს მოქალაქეებიც გავიდნენ

„ქალი, ცხოვრება, თავისუფლება“ – ამ სლოგანით ირანში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. ირანელი ქალები აქციაზე პროტესტის ნიშნად თმას იჭრიან და ჰიჯაბს წვავენ. ირანელი ქალები თავისუფლებას მოითხოვენ.

ირანში ქალების მასობრივი გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი, სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით ქალი გარდაიცვალა.

პროტესტის 11 დღის განმავლობაში ირანის უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 76 მომიტინგე მოკლეს.

_________________

ამავე თემაზე:

„ნახეთ მისი მშვენიერი ღიმილი, მას ორჯერ ესროლეს“ – ირანში დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა

რუსებს ქართულად ველაპარაკები – ვინ არის ლუკა, რომელმაც სკოლაში რუსული დროშა ჩამოხია

ბათუმის მეშვიდე სკოლის მოსწავლე ლუკა ნაცვლიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, როცა სკოლის ფოიეში განთავსებული სტენდიდან ჯერ რუსეთის, ხოლო შემდეგ აფხაზეთის დროშა ჩამოხია. ლუკა ამბობს, რომ ალბათ პროტესტის გამოხატვა სხვა ფორმითაც შეიძლებოდა, თუმცა იმ დროს და იმ მომენტში, მისი რეაქცია შესაბამისი იყო და გააზრებული ჰქონდა შედეგიც. „ბათუმელები“ მას ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა.

  • ლუკა, მოგვიყევი თქვენს შესახებ უფრო მეტი, ეს იყო პირველი პროტესტი თქვენს ცხოვრებაში თუ სხვა დროსაც აქტიურად გამოხატავთ ხოლმე რეაქციებს სხვადასხვა თემაზე?

მე ვარ ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ერთ-ერთ დამფუძნებელი. ალბათ გახსოვთ, ჩაქვში ერთ-ერთ სახლზე რუსეთის დროშა რომ იყო გამოკიდული, ის დროშაც ჩვენი მოძრაობის წევრებმა ჩამოხსნეს, რადგან მიგვაჩნია, რომ ოკუპანტის დროშა ჩვენს ქვეყანაში არ უნდა ფრიალებდეს.

ჩვენ მოძრაობაში სხვადასხვა ასაკის თანამოაზრეები ვართ გაერთიანებული, თუმცა ძირითადად არასრულწლოვანები ვართ. ფეისბუკზეც აქტიურები ვართ და უკვე 10 ათასამდე გამომწერი გვყავს.

  • რატომ დააფუძნეთ ეს მოძრაობა, უკრაინის ომს უკავშირდება თუ რა იყო მიზეზი?

მე და ჩემი ბავშვობის მეგობარმა ზვიად ცეცხლაძემ დავიწყეთ ამ მოძრაობის შექმნაზე მსჯელობა უფრო ადრე, შემდეგ კი, როცა უკრაინაში ომი დაიწყო, უკრაინის მხარდამჭერ აქტივობებშიც ჩავერთეთ და ჩამოვაყალიბეთ „დაფიონი“.

მსვლელობებსაც ვაწყობდით ქალაქში და მხარდამჭერი აქციების დროს, სიტყვითაც გამოვსულვართ. ვაპირებთ მომავალშიც აქტიურად გამოვხატოთ ჩვენი სამოქალაქო პოზიცია მნიშვნელოვან საკითხებზე.

გვინდა ახალგაზრდობაც ჩავრთოთ, რომ გავაღვიძოთ ერთსულოვნება.

  • ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი სტუდენტებს საყვედურობენ ხოლმე, თუკი ისინი ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე ჩუმად არიან. მოსწავლეების როლს რაში ხედავთ?

ამ ქვეყნის მომავალი, ჩვენ, ახალი თაობა ვართ და ვფიქრობ მნიშვნელოვანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის კარგად ყოფნაში.

  • სკოლაში მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე თუ გესაუბრებიან, როგორ გასწავლიან ოკუპაციის თემას, როგორ გიხსნიან მიმდინარე ამბებს?

სკოლაში, პირველ რიგში, ბავშვი ადამიანად უნდა გაიზარდოს, ისწავლოს ქვეყნის სიყვარული, რადგან სადაც არ უნდა წავიდეთ, ჩვენ საბოლოოდ მაინც ქართველებად დავრჩებით.

ამიტომ, ჩემი აზრით, ახალგაზრდობამაც უნდა იცოდეს, რომ რუსეთი ოკუპანტია და ამას უნდა აღიარებდეს. ფაქტია, რომ გვებრძვის წლებია.

ისტორიის მასწავლებელი ძალიან კარგი მყავს, ძალიან მიყვარს და საგანიც შემაყვარა. გვასწავლის რა იყო ადრე და რა ხდება ახლა. იმასაც გვეუბნება, რომ არასდროს დავივიწყოთ სამშობლო და არ დავკარგოთ მისდამი სიყვარული. ამ ყველაფერს ძალიან ვაფასებ.

  • დროშის ჩამოხევაზე რა რეაქცია ჰქონდა, გითხრათ რამე?

მას შემდეგ არ მინახავს. არ მივსულვარ სკოლაში.

  • როგორ მოხდა ეს ამბავი, შეგიძლიათ გაიხსენოთ?

პირველი კვირა ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და არ მივსულვარ სკოლაში. როცა მივედი, თვალში მომხვდა ეს სტენდი, განსაკუთრებით კი რუსეთის დროშა. პირველი რეაქცია იყო ის, რომ ხელი მოვკიდე და ჩამოხევა ვცადე. ძალიან მაგრად იყო მიმაგრებული, ამიტომ დრო დამჭირდა. სტენდზე აფხაზეთის დროშაც შევნიშნე, მაგრამ ზარი დაირეკა და კლასში ავედი.

კლასში ჩემთან ერთად სხვებმაც გამოხატეს პროტესტი იმაზე, თუ რატომ იყო აფხაზეთის დროშა სტენდზე, რადგან მსგავსი რამ საქართველოში არ უნდა ხდებოდეს.

გვითხრეს, არ შეგვიმჩნევია და შეგიძლიათ ჩამოხსნათო. დასვენებაზე ჩავედით კლასელები და ერთად გავაკეთეთ ეს, ჩამოვაგდეთ აფხაზეთის დროშაც.

  • შემდეგ რა მოხდა, თუკი ეს ყველამ ერთად გააკეთეთ?

შემდეგ დაიწყო იმაზე საუბარი, რომ მე სკოლის ინვენტარი დავაზიანე. რადგან რუსეთის დროშა მე ჩამოვხიე პირველად. დირექტორმა თქვა, ჩვენ ტოლერანტები ვართ, რუსი მოსწავლეები სწავლობენ ჩვენთან და რაც შენ გააკეთე, არ არის სწორიო.

  • თქვენ რას ფიქრობთ ტოლერანტობაზე?

მაინც და მაინც რუსების მიმართ ვერ ვიქნები ტოლერანტული. მაგრამ პირადად ბავშვებს მე არაფერს ვერჩი, თუ ისინი პატივს სცემენ ჩვენს კანონებს და სახელმწიფოს, არ არის პრობლემა.

  • დირექტორმა როცა თქვა რომ აგრესიული ხარ, ამას გულისხმობდა თუ სხვა რამეს?

არ ვიცი საიდან გამომდინარე დაასკვნა ეს დირექტორმა, რადგან ჩემს სკოლაში არასდროს გამომივლენია არავის მიმართ აგრესია. ეროვნების გამო არავის არ მიუვარდები და არ გამოვთხრი თვალებს, როგორც ეს ყოფილმა დირექტორმა თქვა ჩემზე.

  • საქართველოში რუსეთის ბევრი მოქალაქეა, თუ ესაუბრებით მათ რუსულად?

არა. ყოველთვის ქართულად ველაპარაკები, რადგან არ ვთვლი, რომ ვალდებული ვარ მათ რუსულად ვესაუბრო. ვფიქრობ, მათ უნდა ისწავლონ ქართული. მაქსიმუმ, რასაც ვაკეთებ არის ის, რომ ინგლისურად ვპასუხობ.

ახლახან ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი და როცა მოდიოდნენ რუსი სტუმრები, საერთოდ რომ არ სცოდნოდათ ინგლისური, მაინც ინგლისურად ველაპარაკებოდი. ასეთი იყო მენეჯმენტის გადაწყვეტილება და ეს ძალიან კარგია, ასეც უნდა ხდებოდეს.

  • სოციალურ ქსელში ბევრი გამოხმაურება ჰქონდა თქვენი სკოლის ამბებს, ერთი ნაწილი ამბობდა, რომ „ჩამოხევა“ არის სხვისი ქონების დაზიანება, სხვის სახლზე დროშის ჩამოხსნაზეც ამბობდნენ, რომ ესეც სხვისი ქონების დაზიანებაა. რას ფიქრობ, იყო თუ არა შესაძლებელი პროტესტის სხვა ფორმის გამოყენება?

შეიძლება სხვანაირადაც გამეკეთებინა, მაგრამ იმ მომენტში, როცა რუსული დროშა დავინახე, ასეთი იყო ჩემი რეაქცია და ასე ვიმოქმედე. თუმცა გააზრებულად ვაკეთებდი და ვიცოდი, რაც მოჰყვებოდა.

  • თქვენი თანაკლასელებიც თქვენ მსგავსად ფიქრობენ?

თანაკლასელები გვერდში მიდგანან და ძალიან ვაფასებ ამას, მანდატურებიც ჩემ პოზიციაზე არიან, თუმცა მასწავლებლების აზრი ჯერ არ მომისმენია.

  • ფიქრობთ, რომ დირექტორის გათავისუფლება სამართლიანი იყო?

როცა დირექტორს ასეთი რამ გამოეპარება, ეს პრობლემაა. მას არ უნდა ეშლებოდეს ასეთი რამ. როცა სკოლას მართავ, სულ ცოტა ის მაინც უნდა იცოდე, რა მასალა შემოდის სკოლაში, რაში იხდი ფულს და რა ხდება შენს სკოლაში ზოგადად. ვფიქრობ, პასუხისმგებლობა ეკისრება.

  • თქვენი აქტივისტები ხომ არ დაინტერესებულან იმ სტამბით, სადაც ეს სტენდი დაიბეჭდა?

დღემდე ვცდილობთ რომ გავარკვიოთ კომპანია, მაგრამ არ გვეუბნებიან. ვფიქრობ, ესეც პრობლემაა, რომ ვიღაცამ სტამბაში აფხაზეთის, [როგორც სახელმწიფოს] დროშა დახატა სტენდზე.

  • კიდევ რა თემებია თქვენი თანამოაზრეებისთვის აქტუალური, რაზე აპირებთ სამომავლოდ აქტიურობას?

გვინდა კანონში ცვლილება შევიდეს და ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკების გამოყენება აიკრძალოს ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის Z-ის.  გამოჩნდა ადამიანი, რომელიც უნივერსიტეტში ამ სიმბოლიკიანი მაისურით გადაადგილდებოდა. სხვა თემებზეც ვფიქრობთ და მალე გვექნება ამაზე რეაქციები.

____________________

ამავე თემაზე:

დირექტორი, რომელმაც მოსწავლეს რუსეთის დროშის ჩამოხევისთვის შენიშვნა მისცა, სკოლიდან გაუშვეს

Exit mobile version