დაიცავს თუ არა 30-მილიონიანი პროექტის განხორციელება ბათუმის სანაპირო ზოლს და გადაიჭრება თუ არა ამით ზღვის მიერ ნაპირის მიტაცების პრობლემა? როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, პლაჟების შენარჩუნებისთვის მომდევნო წლებში კვლავ უნდა გაგრძელდეს ზღვაში ნატანის ხელოვნურად ჩაყრა. ზოგიერთი სპეციალისტის თქმით კი, პროექტის განხორციელების შემდეგ ზღვა უკვე ძველი ბულვარის ტერიტორიას წარეცხავს.
ბათუმში ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება მომავალი წლის იანვარში დაიწყება და წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს. სამუშაოები აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ ჟილინის არხის მიმართულებით 1,8 კმ დამცავი კედლის – ქვანაყარი ბერმის აშენებას ითვალისწინებს. პროექტზე აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იმუშავებს. სამუშაოების ჩატარებაზე უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ჰოლანდიურ კომპანიასთან – STRUIJK GROUP-ი. კონტრაქტის თანხა დაახლოებით 30 მილიონი ლარია.
პროექტი, რომლითაც მშენებლობა განხორციელდება, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ შექმნა. პროექტით დაგეგმილია ჭოროხის აუზის შესწავლა/მონიტორინგი, ასევე ქვიშა-ხრეშის ჩრდილოეთ სანაპიროდან [ბათუმის კონცხი, ანბანის კოშკის მიმდებარედ ტერიტორია] სამხრეთში [ახალი ბულვარის მიმდებარედ] გადატანა, რაც „სამხრეთ ზოლში პლაჟის მოწყობას შეუწყობს ხელს“.
„იტალიური პროექტი სპეციალისტთა ჯგუფმა დავიწუნეთ. შემდეგ ჩვენ ამოგვაგდეს და განხილვაზეც აღარ მიგვიწვიეს… მე მაშინ ხმამაღლა ვუთხარი მთავრობას, რომ თუ ამ პროექტით ჩატარდება ნაპირდაცვითი სამუშაოები, ეს იქნება ბათუმის სანაპიროს დეგრადაციის დასაწყისი. ეს იქნება არა ნაპირგამაგრება, არამედ ეკოლოგიურად დასახიჩრება ნაპირების,“ – აცხადებს საშა ხორავა, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
საშა ხორავას თქმით, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს, ქართველი მეცნიერების მიერ შემუშავებული მეთოდით, ე.წ. ხელოვნური კვებით ინარჩუნებდნენ ნაპირს. ეს მეთოდი ზღვაში, ნაპირისგან მოშორებით ნატანის [ქვიშა-ხრეშის] ჩაყრას გულისხმობს, რასაც მერე ზღვა შტორმის დროს პლაჟებზე ანაწილებს.
„ჩვენ მცირედი ფინანსური ხარჯებით, ხელოვნური კვებით ვინარჩუნებდით ნაპირების მდგრადობას, რეკრეაციულ ზონას და ამით მთლიანობაში ეკოლოგიას. ამას ქართული მეთოდი ჰქვია და მას უცხოეთშიც იყენებენ. ნატანის შეტანა ზღვაში ბოლო წლებში შეწყდა. ახლა ერთი პატარა საინჟინრო ნაგებობაც რომ დაამატო, ბათუმის ნაპირის კვება ისედაც არ ხდება და წარეცხვა დაიწყება ძველ ბულვარში. ასეთი ტექნოგენური ჩართვები ზღვასთან მიმართებაში არ შეიძლება. ბერმის გაკეთება დასაშვებია მხოლოდ არარეკრიაციულ ზონაში,“ – ამბობს საშა ხორავა.
„აჭარის ხელისუფლებას ჰქონდა შუამდგომლობა, რომ მომზადებულიყო პროექტი სანაპიროს გამაგრებაზე. გაკეთდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და შემდეგ მუნიციპალური განვთარების ფონდმა [მგფ] დაიქირავა იტალიური საკონსულტაციო კომპანია „ტექნიტალი“, რომელმაც წამოაყენა თავისი წინადადებები. ეს განვიხილეთ რამდენჯერმე ყველა იმ სტრუქტურის მონაწილეობით, ვისაც ამ სფეროში სიტყვა ეთქმოდა. იყო კამათი, თუ როგორ იქნებოდა იჟინრული გადაწყვეტა, ექსპერტები გამოთქვამდენ სხვადასხვა აზრს, რის შემდეგაც ჩვენ მივეცით წინადადება „ტექნიტალს“ გაეკეთებინა თავისი წინადადების მოდელირება, ამის შემდეგ ვიქირავეთ კომპანია. „ტექნიტალი“ იქნება სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველი და პასუხს აგებს თავისი რეპუტაციით. კონტრაქტის მიხედვითაც პასუხისმგებლები არიან თავიანთ პროდუქტზე,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ რეზო გიგილაშვილმა, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მენეჯერმა.
რეზო გიგილაშვილის თქმით, განხილვის პროცესში ქართველი ექსპერტების აზრი იყო გაყოფილი: „ერთი ერთს ამბობდა, მეორე – მეორეს და ეს ყველაფერი ეფუძნებოდა მათ „მე ასე მგონიას“… ეჭვქვეშ არ ვაყენებ ამ ადამიანების კვალიფიკაციას, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვიყავით შეგვერჩია რომელიღაცა და ამოვარჩიეთ „ტექნიტალი“, რომელმაც წარმოადგინა ყველაზე არგუმენტირებული წინადადება. ჩვენი ექსპერტები უფრო ემპირულ შეფასებებს ეყრდნობიან, დღეს კი ზუსტ გათვლებს უნდა დაეყრდნო, ამ გათვლებს ცოდნა უნდა“.
რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთი სპეციალისტი ჩამოაშორეს საკითხის განხილვას. რეზო გიგალაშვილის თქმით, „ვერ ჩაერთვება ვერავინ. არის პროცედურები და ამ პროცედურებს მივყვებით – ვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვას, ვარჩევთ საკონსულტაციო კომპანიას და მას ვეყრდნობით; თუმცა პარალელურად რამდენჯერმე ჩატარდა შეხვედრა იმათი მონაწილეობით, ვინც არის ჩართული. ჩვენ შეიძლება ყველა ექსპერტი ვერ მოვიყვანოთ ახლა, ან ვერ მოვიწვიოთ“.
ბერმის აშენების შემდეგ დაცული იქნება თუ არა ნაპირი წარეცხვისგან ხელოვნური კვების გარეშე? „მერე ვინ გითხრათ, რომ ხელოვნური კვება არ არის,“ – ამბობს პროექტის მენეჯერი. – „პროექტში ორი კომპონენტია: ნაპირსამაგრი ნაგებობის აშენება და ნატანის ხელოვნურად შეტანა. კატასტროფული მდგომარეობაა აეროპორტთან. ნაპირსამაგრი ნაგებობა არის იქ ძველი და ეს გაგრძელდება აქეთ – 1800 მეტრ სიგრძეზე დაეწყობა ფლეთილი ქვები. ბათუმის კონცხიდან კი, სადაც ხდება აკუმულირება ნატანის, მოხდება ამ ნატანი მასალის გადატანა სამხრეთში და გაფართოება პლაჟის“.
საშა ხორავას თქმით, კონცხიდან ჭარბი მასალის ამოღება ყოველთვის არ შეიძლება: „ამან შესაძლოა შექმნას დეფიციტი კონცხთან და საკმაოდ აგრესიული ეროზიული პროცესები დაიწყება. მერე შესაძლოა კონცხსაც დასჭირდეს ხელოვნური კვება. როცა ყოველწლიურად შეგვქონდა 100 ათასი კუბ/მეტრი ნატანი და ვყრიდით ერთ ადგილზე ზღვაში, ეს ჰყოფნიდა ბათუმის პლაჟებს… შეწყდა შეტანა და ახალი ბულვარის მონაკვეთი წარეცხა ზღვამ. ბერმის აშენებით ტალღებს სამუშაო არეალს ვუკეტავთ. ეს ძალიან ცუდ მდგომარეობამდე მიგვიყვანს… ამბობენ, რომ ჩაყრა გაგრძელდება, მაგრამ ადრე თუ ერთ ადგილზე ვყრიდით, შემდეგ დასჭირდება მეტი და ბევრ ადგილზე. გარდა იმისა, რომ ეს გაზრდის ხარჯებს, ტალღა ვერ იმუშავებს ბუნებრივად და უკვე ბერმის აქეთა ტერიტორიების წარეცხვა დაიწყება“.
რა მოხდება ბერმის მშენებლობის პროცესში და მის შემდეგ – ამას გადაჭრით ვერც განვითარების ფონდში ამბობენ.
„ვაკეთებთ, ხომ არ ვაფუჭებთ… ახლა მთავარია შეწყდეს ნაპირის მიტაცება. ამ ქვის წყობიდან ზღვისკენ დაიყრება ნატანი და იქ გაჩნდება პლაჟი, გაკეთდება ჩასასვლელები პლაჟზე, ზღვასთან მისასვლელად. შემდგომ გათვალისწინებული უნდა იყოს მონიტორინგი. ეს ბუნებრივი პროცესია და უნდა დადგინდეს, თუ რა ინტენსივობით ვკვებოთ შემდგომში. მანდ კვება სულ იყო. დღეს ნატანის პრობლემაც არის აჭარაში… მონიტორინგი პროექტის განხორციელების მომენტშიც იქნება და განისაზღვრება, თუ რა მოცულობის კვება დასჭირდება და რა ინტენსივობით… არავინ ამბობს, რომ აი, ეს აშენდება, დაიყრება და ამით დამთავრდება. შემდეგაც იქნება საჭირო ჩაყრა,“ – აცხადებს რეზო გიგილაშვილი.
პროექტის მიხედვით, ბათუმის კონცხიდან ადლიის მიმდებარედ 30 ათასი კუბ/მ ხრეშს გადაიტანენ. ამას, პლაჟის წარმოქმნის მიზნით, დაახლოებით 130 ათასი კუბ/მ სანაპიროს გასწვრივ არსებული მასალა დაემატება [რომელსაც ბერმის მშენებლობის პეროცესში ამოიღებენ]. პროექტის ბოლო ვარიანტში ამოღებულია ბათუმის კონცხთან ტალღმტეხი ნაგებობის აგება.
რა მოცულობის სამუშაოები იქნება საჭირო პროექტის დასრულების შემდეგ, თუნდაც ხელოვნური კვებისთვის? – ფონდში ამბობენ, რომ „ამისი მუდმივი ციფრი არ არსებობს“ და დეტალები მონიტორინგის შემდეგ გაირკვევა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, არის შეთანხმება, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ზღვის ხელოვნური კვება აჭარის მთავრობამ დააფინანსოს. აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოში გვითხრეს, რომ ისინი ამ პროცესში ჩართული არ არიან და არც ნაპირდაცვის სპეციალისტები ჰყავთ.
ქალაქის მერია კი, ნაპირგამაგრებითი სამუშაოების დასრულებამდე ახალი ბულვარის გაგრძელებაზე შტორმის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურას არ აღადგენს.
„თავის დროზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკი [პრომინადი] ჭოროხის შესართავამდე ისე გააკეთეს, რომ არ იყო ჩატარებული ნაპირგამაგრების სამუშაოები. ჭოროხიდან ჟილინის არხამდე ტერიტორია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადავეცით სარგებლობაში 2 წლით – პლაჟი და ის ადგილი, სადაც ბერმა არის გაკეთებული. ტერიტორია სამშენებლო მოედნისთვის უკვე გამოვყავით. როგორც კი ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდება, ჩვენც გამოვაცხადებთ ტენდერს და დავიწყებთ კეთილმოწყობას,“ – განაცხადა ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა.
მისივე განცხადებით, მერიას ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტი მზად აქვს: „2 მილიონ 800 ათასამდე ლარის ღირებულების პროექტია გამზადებული. ამფითეატრის მიმდებარედ მოეწყობა ზღვაზე გადასახედი, პლატფორმები, მოაჯირები და სხვა, რასაც ნაპირგამაგრების შემდეგ გავაკეთებთ“.
ჭოროხის შესართავიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე მონაკვეთზე 1 კილომეტრი სიგრძის ქვანაყარი ბერმის აშენებაში 5 მილიონ 300 ათასი ლარი 2015 წელს დაიხარჯა აჭარის ბიუჯეტიდან. სამუშაოები საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეასრულა. ბერმის აშენების შემდეგ შეწყდა ნატანის ხელოვნური შეტანა, რის გამოც ეროზიული პროცესები ფართო მასშტაბით დაიწყო კედლის ბოლოდან ჟილინის არხის მიმართულებით. არსებული ბერმის გაგრძელება იქნება სწორედ ახალი ბერმა, რომელსაც ჰოლანდიური კომპანია ააშენებს.ამ მონაკვეთში, შტორმის გამო ეროზირებულია ნაპირი, დანგრეულია საფეხმავლო და ველო ბილიკები, დაზიანებულია ელექტროგანათება… დაზიანებული ზღვისპირა ზოლის რეაბილიტაციისთვის ბათუმის მერიამ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მხოლოდ 2014 წელს გამოყო თანხა – 90 ათასამდე ლარი.
ახალ ბულვარში მდებარე ამფითეატრიდან ჭოროხამდე მონაკვეთი მერიას ეკუთვნის. ამფითეატრიდან საოცრებათა პარკამდე ტერიტორიაზე კი შტორმის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნაწილის შეკეთება „ბათუმის ბულვარს“ მიმდინარე ხარჯებიდან უწევს. ბულვარის ადმინისტრაციისგან მიღებული ინფორმაციით, 2014 წლის ნოემბერში შტორმის შედეგად დაზიანდა ქანდაკება „ალი და ნინოს“ კვარცხლბეკი. ქანდაკების გადატანა ბულვარს 190 ათასი ლარი დაუჯდა. გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში შტორმის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ბულვარმა 180 ათასი ლარი დახარჯა.
„რაც შეეხება ბულვარის გასწვრივ სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოებს, აღნიშნული საკითხი არ გახლავთ სსიპ „ბათუმის ბულვარის“ პრეროგატივა, ვინაიდან პლაჟი მუნიციპალურია და დროებით სარგებლობაში მხოლოდ საზაფხულო სეზონზე გადმოეცემა „ბათუმის ბულვარს,“ – წერია ბულვარიდან მიღებულ წერილში.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ზაფხულის სეზონისთვის ნაპირგამაგრების სამუშაოები შეჩერდება და შემოდგომაზე გაგრძელდება. მუნიციპალური განვითარების ფონდს ჰოლანდიური კომპანიისთვის მოწვევა სამუშაოების დაწყებაზე ჯერ არ გაუგზავნია.
ბათუმის პლაჟები საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული იყო მდინარე ჭოროხის მიერ ზღვაში ჩატანილი ნატანით. გასულ საუკუნეში მდინარის კალაპოტის შეცვლამ ნატანის რაოდენობა შეამცირა – დელტაში თავმოყრილი ნატანის ძირითადი მასა ზღვაში არსებულ ღრმა კანიონში იკარგება; ამას დაემატა მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობა თურქეთში, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა ნატანის რაოდენობა; ახლახან ამას დაერთო ჰესების მშენებლობა მდინარე აჭარისწყალზე და ასევე ჭოროხის დელტაში თავმოყრილი ინერტული მასალების მშენებლობებზე გამოყენება.
შესაბამისად, ზღვას პლაჟების შენარჩუნებისთვის საჭირო მასალა აღარ დარჩა, შეწყდა ხელოვნური კვებაც. ამან გამოიწვია კატასტროფული ეროზიული პროცესები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან, რაც დღესაც გრძელდება.