ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის ავტობუსებში ახალ აპარატებს ამონტაჟებენ – მალე გადახდას ნებისმიერი ბარათით შეძლებთ

04.12.2022 • 2972
ბათუმის ავტობუსებში ახალ აპარატებს ამონტაჟებენ – მალე გადახდას ნებისმიერი ბარათით შეძლებთ

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის ახალი აპარატების დამონტაჟება დაწყებულია და „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით პროცესი მიმდინარე კვირაში დასრულდება.

ახალი აპარატებით მგზავრებს საშუალება ექნებათ, მგზავრობის საფასური საქართველოს ბანკის ბარათების გარდა უკონტაქტო ტიპის, სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათის მეშვეობითაც გადაიხადონ.

„ახალი ვალიდატორების მეშვეობით, მუნიციპალურ ავტობუსში მგზავრობის საფასურის გადახდა Visa და MasterCard-ის ტიპის, უკონტაქტო ბარათის მფლობელ საერთაშორისო ვიზიტორებსაც შეეძლებათ.“ – აცხადებენ „ავტოტრანსპორტში“.

„ახალი სისტემის დანერგვისთვის სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე შეიცვლება გადახდის აპარატები, შემდეგ კი მათი პროგრამული ცვლილება განხორციელდება.

რაც შეეხება შესაბამის პროგრამულ ცვლილებას, ის ძალაში შევა ეტაპობრივად, საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შეთანხმების პარალელურად, მანამდე კი აპარატები არსებული სისტემით იმუშავებენ.“ – აცხადებენ კომპანიაში.

31 ოქტომბერს ბათუმის საკრებულომ ცვლილება შეიტანა დადგენილებაში, რომლის თანახმადაც, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ნებისმიერი საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი. მაშინ ბათუმის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნებისმიერი ბარათით გადახდა 2023 წლიდან იქნებოდა შესაძლებელი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ნებისმიერი ბარათით გადახდა, დიდი ალბათობით, შესაძლებელი იქნება დეკემბრის ბოლოდან [მაქსიმუმ პირველი იანვრიდან].

გადახდის ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ ძალაში დარჩება საქალაქო ავტობუსებით შეღავათიანი თუ უფასოდ მგზავრობის ის წესი, რაც დღეს მოქმედებს, შესაბამისად, იმოქმედებს ასეთი მგზავრობისთვის განკუთვნილი სპეციალური პლასტიკური ბარათებიც.

ამ თემაზე:

ბათუმში 2023 წლიდან ავტობუსში ნებისმიერი საბანკო ბარათით გადაიხდით მგზავრობის თანხას

გადაბეჭდვის წესი


ასევე: