მთავარი,სიახლეები

რატომ აწყობს რუსეთს ომის გაყინვა? – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

09.12.2022 • 2265
რატომ აწყობს რუსეთს ომის გაყინვა? – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„რუსები ვეღარ გააქტიურდებიან, ერთადერთი, დაცვას თუ გააძლიერებენ ესაა,“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ისევ აქტიურად აკვირდება ომს უკრაინაში და ხედავს საფრთხეს, რომ ზამთარში თუ უკრაინა აქტიურ კონტრშეტევას ვერ შეძლებს, რუსეთი გაზაფხულისთვის საომრად ისევ მოემზადება.

„უკრაინა იღებს იმ იარაღს, რომ რუსეთმა ვერ მოახერხოს გაძლიერება ზამთარში“, – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და გვიმარტავს, უკრაინელების განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა ბახმუტშიც როგორ გამოჩნდა: „9:1 – თან აქვს უპირატესობა რუსებს საარტილერიო საშუალებებში,“ – შენიშნავს და რუსებზეც გვიყვება, მას შემდეგ, რაც ამერიკული წესებით ომი არ გამოუვიდათ, მეორე მსოფლიო ომის ტაქტიკა გაიხსენესო.

„საცეცხლე კედელს აკეთებენ, 100-150 მეტრის მანძილზე უახლოვდებიან „ვაგნერის“ დანაყოფები, შემდეგ ცეცხლი გადააქვთ სიღრმეში და ისე შედიან ცეცხლის დარტყმის ადგილებში…“ – დასძენს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, თქვენ რამდენად ელით ზამთარში საომარი მოქმედებების გააქტიურებას? „იმის მიუხედავად, რომ შემოდგომის შემდეგ უკრაინაში ბრძოლის ტემპი იკლებს, საომარი აქტივობა, შესაძლოა ზამთრის განმავლობაში გაიზარდოს,“ – ასეთია აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურის, გენერალ მარკ მილის ვარაუდი. 

ვერ ვხედავ ამ ეტაპზე ნიშნებს, რომ აქტიურობა გაიზრდება. ბახმუტთან ინტენსივობა ნამდვილად გაიზრდება, რადგან უკვე შემოგარენში არიან შესულები რუსები აღმოსავლეთ და სამხრეთის მიმართულებებიდან, უახლოვდებიან ქალაქს. ამავე დროს, უკრაინელებიც განაგრძობენ ბახმუტის აქტიურად დაცვას. საკრალური  სახე მიიღო უკვე ბახმუტმა, რომელსაც დიდი ოპერატიული და სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს. რუსებს უნდათ, რომ წარმატებას მიაღწიონ რაღაცაში მაინც.

ზამთარში გააქტიურების დასაწყებად კი, აუცილებელია გადაადგილება და შეტევის ინტენსივობის გაზრდა. ბუნებრივია, ვგულისხმობ უკრაინელებს, თორემ რუსები ვეღარ გააქტიურდებიან, ერთადერთი, დაცვას თუ გააძლიერებენ ესაა. ალბათ 10 – 15 დღე ყინვების დაჭერას დასჭირდება, რომ ნიადაგი გაიყინოს, ტექნიკის გადაადგილება უკვე ამ შემთხვევაში გაადვილდება.

ამავე დროს, ორი აზრი აღარ არსებობს, რომ ზამთარში ინტენსივობა გაიზრდება უკრაინაზე საჰაერო და სარაკეტო თავდასხმის კუთხით.

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის აზრით, რუსეთმა უკრაინასთან შესაძლოა „ყალბი მშვიდობის“ მიღწევა სცადოს, რათა კონფლიქტი გაყინოს, უკეთ მოემზადოს და ხელახალი შეტევა დაიწყოს. NATO-გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც მიიჩნევს, რომ ოპერატიული პაუზა 2022-2023 წლის ზამთარში უფრო რუსეთის სასარგებლოდ იმუშავებს. რამდენად აჩვენებს ეს განცხადებები იმას, რომ დასავლეთი უკრაინას წარმატებული კონტრშეტევისთვის პირობის შექმნას ზამთარშივე აპირებს.

გასაგებია, რომ არსებობს ამის სურვილი, მაგრამ მეორეა შესაძლებლობა. ფაქტია, რომ რუსეთს აწყობს ამ ომის საერთოდ გაყინვა არამხოლოდ ამ ზამთარში, არამედ ზოგადად. უკრაინას, ცხადია, ეს არ აწყობს, მაგრამ რამდენად მზად არის უკრაინა, ან რამდენად სწრაფად შეიძლება გაიზარდოს მისი შესაძლებლობები განსაკუთრებით ზამთარში? – შესაძლოა, ბლინკენს აქვს უფრო კონკრეტული მონაცემები, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, მე რასაც ვუყურებ, ამ სამ თვეს უკრაინა გამოიყენებს გაზაფხულზე მნიშვნელოვანი გარდატეხის მცდელობისთვის. ეს არ ნიშნავს ასევე იმას, რომ გარდატეხას უკრაინა აუცილებლად შეძლებს.

ზამთარში რომ აქტიურობა დაიწყოს უკრაინამ, რაღაც ნიშნები უნდა ჩანდეს ამისთვის, რაც არ შეინიშნება: მობილიზაცია, რეზერვების შევსება, შესაბამისი აღჭურვილობა. ამ მოცემულობაში, ბუნებრივია, უკრაინა ხალხს ვერ შეიყვანს ბრძოლაში და ვერ გაწირავს.

  • ამოსავალი ისევ კონტრშეტევისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებაა დასავლეთიდან? 

არ ვიცი ზუსტად, როგორია უკრაინის სამობილიზაციო რესურსი, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხიც სჭირდებათ. როგორც წესი, სანგრიდან კონტრშეტევაზე ვერ წავა ადამიანი. კონტრშეტევისთვის დანაყოფი უნდა იყოს შესაბამისად მომზადებული, დასვენებული, აღჭურვილი და მოტივირებული. ეს უნდა მზადდებოდეს ახლა სადმე უკრაინის სიღრმეში, ან უცხოეთში. ამ დანაყოფების შემოყვანა მისცეს საშუალებას უკრაინას, შესაბამის შეიარაღებასთან ერთად, განახორციელოს ოპერატიული კონტრდარტყმა.

  • რა აღჭურვილობის მიწოდებაც არის დაანონსებული უკრაინისთვის, რამდენად შექმნის უახლოეს პერიოდში წარმატებული კონტრშეტევის პირობას? საუკეთესო შემთხვევაში, რა შეიძლება შეძლოს უკრაინამ? 

რაც მესმის დასავლეთიდან იარაღის მიწოდებაზე, ეს არის ძირითადად ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, ეს აღჭურვილობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ აღჭურვილობით უკრაინა კონტრდარტყმას ვერ განახორციელებს.

უკრაინას სჭირდება შეტევითი ჯავშანტექნიკა, შეტევითი შეიარაღება, რომელიც მას გამოადგება ღია ადგილზე ფართომასშტაბიანი შეტევის განხორციელებისას. ეს აღჭურვილობა ამ ეტაპზე უკრაინას არ აქვს.

  • მაგრამ დასავლეთი აქცენტს აკეთებს რისკზე, რომ რუსეთი ზამთარში შესაძლოა გაძლიერდეს და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება გართულდება.

უკრაინა იღებს იმ იარაღს, რომ რუსეთმა ვერ მოახერხოს გაძლიერება ზამთარში.

ამის პარალელურად კი, იგივე ბახმუტში ჩანს, დააკვირდით 9:1 – თან აქვს უპირატესობა რუსებს საარტილერიო საშუალებებში. უკრაინას მინიმუმ 1:1-თან უნდა ჰქონდეს შეფარდება. ასე რომ, შესაბამისი აღჭურვილობა სჭირდება უკრაინას. ასე, ჰაერიდან არაფერი ხდება.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთსაც ეწურება თავისი მარაგები. მაგალითად, დიდ ბრიტანეთს ფართომასშტაბიანი ომისთვის ერთი კვირა აქვს სამყოფი მარაგი დარჩენილი, გერმანიას – ორი კვირის… სასწრაფოდ უნდა დაიწყოს წარმოება და ამუშავდეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები, რაც თავის დროზე გაჩერებული იყო და ითვლებოდა მაინც, რომ ეს აღარ დასჭირდებოდათ. რამდენად სწრაფად გააკეთებენ ამას, ეს დაეტყობა ომსაც.

ეხმარებიან უკრაინას აქტიურად და გრძელდება ეს დახმარება, ეს ფაქტია. უკრაინაში უკვე გამოჩნდა თურქეთიდან მიწოდებული TRLG – 230, ეს M-270-ის ანალოგი და ჰაიმარსისგან განსხვავებით, მოძრავ სამიზნესაც კი არტყამს, თუმცა ამავდროულად რუსები იწყებენ ისევ ირანული შაჰიდების გამოყენება. ეს აჩვენებს, რომ ახალი მარაგები შეიძინეს, ახალი პარტია. შესაძლოა, თავადაც დაიწყეს წარმოება, არ ვიცი.

ჩემი აზრით, არ უჩანს ამ ომს მალე დასრულების ნიშანი. ჩემი მოლოდინი ესაა, რომ ორივე მხარე გამოიყენებს ამ სამ თვეს მომზადებისთვის, გაზაფხულზე კი, გამოჩნდება გარდატეხის ნიშნები, როგორც უკრაინელების, ისე რუსების მხრიდან. მე დიდი იმედი მაქვს, რომ გარდატეხას უკრაინელები შეძლებენ.

  • ღნიშნეთ, რომ ბახმუტთან ბრძოლამ საკრალური მნიშვნელობა შეიძინა, თუმცა თუ რუსები დამარცხდებიან ბახმუტთან, მათ სხვა ოკუპირებული ადგილების დათმობაც ხომ არ მოუწევთ? 

ჩემი აზრით, ბახმუტს რუსები არ დათმობენ. საუბარი არის იმაზე, უკრაინელები რამდენ ხანს შეინარჩუნებენ ბახმუტს.

აქ არის სწორად გადასაწყვეტი, რამდენად უღირთ ბახმუტი. პოლიტიკური ჩარჩოს რომ გამოვაცილოთ, მისი ოპერატიული მნიშვნელობა არცთუ ისე დიდია. კი ბატონო, იხსნება ბახმუტიდან ოპერატიული მიმართულებები, მაგრამ ამ მიმართულებებზე უკრაინელებს ისედაც მომზადებული აქვთ თავდაცვითი მექანიზმები. იგივე სლავიანსკის და კრამატორსკის მიმართულება გაცილებით უკეთესად არის თავდაცვისთვის მომზადებული, ვიდრე თავის დროზე ბახმუტი იყო. იგივე არ უნდა მოუვიდეთ უკრაინელებს, რაც მოუვიდათ სევერნი დონეცკში – ზედმეტად მიახარჯეს თავისი შესაძლებლობები, შემდეგ კი, სიღრმეში გაუჭირდათ და ლისიჩანსკიც მიაყოლეს.

ჩემგან არ ესწავლებათ უკრაინელებს, თვითონაც კარგად ხედავენ: რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ბახმუტი რუსების დასასუსტებლად, მაგრამ იმავდროულად თვითონ არ უნდა შეეწირონ ბახმუტის დაცვას.

  • რა დონეზე ახერხებენ უკრაინელები ბახმუტში რუსების დასუსტებას?

ამ ეტაპზე ახერხებენ უკრაინელები რუსების დასუსტებას ბახმუტში, მაგრამ მთავარია თავად არ დაკარგონ ხალხი. აქ სწორი დაგეგმარებაა საჭირო და შესაბამისი გადაწყვეტილებაა მისაღები…

რუსებმაც რაღაც ისწავლეს წინა ბრძოლებიდან: ძლიერ საარტილერიო დარტყმებს ახორციელებენ, ე.წ. საცეცხლე კედელს აკეთებენ, 100-150 მეტრის მანძილზე უახლოვდებიან „ვაგნერის“ დანაყოფები, შემდეგ ცეცხლი გადააქვთ სიღრმეში და ისე შედიან ცეცხლის დარტყმის ადგილებში. რუსები იყენებენ იმ მეთოდს, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო, ეს მორგებული იყო საბჭოთა შეიარაღებულ ძალებს. ეს უფრო კარგად ერგება ახლაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ვიდრე დასავლური მეთოდები.

  • რამდენად იმუშავებს უკრაინის სასარგებლოდ ის ფაქტორი, რომ სოლედარში ბევრი და კარგად გამაგრებული თავდაცვითი პოზიციაა, სიმაღლეზეა და ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, „სოლედარში უკრაინას საკმაოდ ძლიერი ბრიგადები ჰყავს, მათ შორის, ლეგენდარული 93-ე ბრიგადა „ხოლოდნი იარი“.

სოლედართან რუსების შესულები არიან ფაქტობრივად, მიწასთან არის გასწორებული… პირობითია ეს სიმაღლეები, გასაგებია, რომ ომში მცირედი ამაღლებაც სიმაღლედ ითვლება, რაც გარკვეულწილად არის უპირატესობა, მაგრამ მნიშვნელოვანი სიმაღლე და მთა იქ არ არის. ზოგადად, სოლედარი უფრო მიღწევადია ამ ეტაპზე რუსეთისთვის, ვიდრე ბახმუტი, აქ უფრო კარგი ტემპით მიიწევენ წინ რუსები ბახმუტთან შედარებით. თანაც, ბახმუტი ქალაქია, 70 ათასი ადამიანი იყო, დღეს დაახლოებით 10 -15 ათასია დარჩენილი, სოლედარი კი, ბევრი პატარა დასახლებული პუნქტია.

  • ტაქტიკური უპირატესობა აქვთ ამ მიმართულებაზე რუსებს, მაგრამ სტრატეგიული ინიციატივა მთლიანობაში უკრაინელებსაა, ეს რას ცვლის ამ მოცემულობაში?

კონკრეტული ბრძოლაა ტაქტიკური დონე, სტრატეგიულ დონეზე კი, ომის დინამიკიდან გამომდინარე, უკრაინას აქვს სტრატეგიული ინიციატივა. დღეს უკრაინელები წყვეტენ, საითკენ შეუტიონ რუსებს. უშუალოდ, ბახმუტთან არის მხოლოდ განსხვავებული მოცემულობა – რუსები უტევენ უკრაინელებს.

დღეს რომ უკრაინელებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მნიშვნელოვანი მასშტაბის შეტევის, გამოიყენებდნენ რუსების ასეთ ჩართულობას ბახმუტზე და სხვა მიმართულებებით განახორციელებდნენ დარტყმას, რაც ადრე გააკეთეს კიდეც, როცა ხერსონიდან გადაიტანეს ყურადღება ხარკოვის მიმართულებაზე და ხარკოვის შემდეგ ხერსონს დაარტყეს ისევ.

ამ ეტაპზე ჩანს ის, რომ უკრაინა თავის რესურსებს მაქსიმალურად თავს უყრის, ბახმუტი რომ დაიცვას.

ამ ეტაპზე ყურადსაღებად მიმაჩნია ბელარუსში რუსების დანაყოფების გაზრდა. ჩანს, რომ იქ ახალი დაჯგუფება იქმნება. ლუკაშენკო რამდენ ხანს გაფარჩხავს ფეხებს, არ ვიცი, მაგრამ ბელარუსიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას დარტყმისთვის. ეს  უკრაინის ძალების დამატებით დაქსაქსვას გამოიწვევს.

  • რას ამჩნევთ პუტინის ბოლოდროინდელ განცხადებებში? „ცოდვა გამხელილი სჯობს და აზოვის ზღვაც რუსეთის შიდა ზღვა გახდა… ჯერ კიდევ პეტრე პირველი იბრძოდა იმისთვის, რომ აზოვის ზღვაზე გასულიყო,“ – თქვან მან და ისაუბრა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზეც: „ჩვენ ჯერ ჭკუიდან არ გადავსულვართ, ძალიან კარგად ვიცით, რა არის ბირთვული იარაღი.“

ეს პოლიტიკური განცხადებებია, თუმცა მანიშნებელია, რომ აზოვის ზღვისა და ზაპოროჟიეს გასასვლელის დათმობას რუსები არ აპირებენ.

მეორეა ბირთვული იარაღი, რომლითაც რუსეთს შეუძლია ივაჭროს. დანარჩენი სოფისტიკაა მხოლოდ, სიტყვების რახა-რუხი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: