მთავარი,სიახლეები

კორპუსები კანალიზაციის გარეშე ბათუმში, ახალ ბულვართან – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებია

09.02.2022 • 5506
კორპუსები კანალიზაციის გარეშე ბათუმში, ახალ ბულვართან – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებია

„ჩვენი კორპუსის მთლიანი ეზოს ქვემოთ შამბოა მოწყობილი. სამწუხაროდ, კანალიზაციის სისტემა ისევ არ გვაქვს,“ – ამბობს ბათუმში, ანგისის დასახლებაში მცხოვრები ბეგლარ შალიკაშვილი და მესამე სართულის აივნიდან მრავალსართულიანი კორპუსის ეზოსკენ გვახედებს. „ეზო მოპირკეთებულია, ქვემოდან კი კანალიზაცია ადგილზე რჩება“, – გვიხსნის ბეგლარი.

ეს კორპუსი არაა ერთადერთი ანგისის და ადლიის დასახლებაში, წლების წინ ბათუმს შეერთებულ ტერიტორიაზე – ახალი ბულვარიდან ფაქტობრივად ორი ფეხის ნაბიჯზე, სადაც ასეულობით ოჯახი მრავალსართულიან კორპუსებში კანალიზაციის სისტემის გარეშე ცხოვრობს. აქ ნებისმიერი გეტყვით, რომ დაპირების აღარ სჯერათ, რადგან წლებია ატყუებენ.

არც ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს აქვს კონკრეტული პასუხი, როდის იქნება საკანალიზაციო სისტემა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე. ეს ის უბნებია, სადაც წინა არჩევნებზე ოპოზიციამ გაიმარჯვა, მაგრამ 2 აპრილს ისევ არჩევნებზე მიდიან, რადგან არჩეული წევრი – ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

ამ დასახლებაში ჯერ კიდევ შეგიძლიათ ნახოთ ორსართულიანი ბათუმი, თუკი მდინარე მეჯინისწყალს გამოუყვებით ქალაქისკენ, მარტივად საგრძნობია, როგორ იკარგება ახალ ბულვართან მიახლოებისთანავე მწვანე ეზოები, მანდარინისა და ლიმონის ბაღები, მყუდრო აივნები და პატარა ქუჩები. აქ უკვე ორსართულიანი სახლები კორპუსებმა ჩაანაცვლა.

ბეგლარ შალიკაშვილი

მარჯვენა კორპუსში უკვე 3 წელია ცხოვრობენ ოჯახები. გვერდით და ირგვლივ სხვა კორპუსები შენდება

ამ კორპუსის კანალიზაცია ეზოს ქვეშ მოწყობილი ე.წ. შამბოში რჩება. კანალიზაციის სხვა სისტემა ამ დასახლებაში ჯერ კიდევ არ არსებობს.

ბეგლარ შალიკაშვილი ადლიის სკოლასთან მისვლამდე იმ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობს, რომელიც ამ დასახლებაში პირველად აშენდა.

„ვიდრე ვიყიდდი აქ ბინას, ვიცოდი, რომ მოეწყობოდა შამბო. მერე ცენტრალურზე დაერთდებაო, მაგრამ ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. როდის შეასრულებენ დაპირებას, არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, ეს უკვე პოლიტიკაა,“ – გვიყვება ბეგლარ შალიკაშვილი. მისი თქმით, კორპუსში საგრძნობი არაა შამბოში დარჩენილი კანალიზაციის სუნი, თუმცა ვინც იცის, რომ კანალიზაცია იქ დგას და არსად წასულა, ეს უსიამოვნო შეგრძნებაა.

ადამიანებმა ასევე არ იციან, რამდენად უსაფრთხოა და რამდენად ბინძურდება ჰაერი იმის გამო, რომ კანალიზაცია ადგილზე რჩება.

მნიშვნელოვანია, რომ ამ დასახლებაში არც სასმელი წყლის სისტემაა – საკანალიზაციო ჭების და შამბოების გვერდით არის საქაჩი სისტემა და ჭა, საიდანაც მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება.

„სულ 96 ოჯახია, მაგრამ ნახევარი ჯერ არ ცხოვრობს, ზოგი გაქირავებულია… არ ვიცი, როგორ აისახება ეს ჰაერის ხარისხზე. ფაქტია, რომ არ არის კარგი, მაგრამ დეტალები არ ვიცი… მე უკვე 3 წელია აქ ვცხოვრობ, ამ პერიოდში „შამბოს“ გაწმენდა არ დასჭირვებია“, – გვითხრა ბეგლარ შალიკაშვილმა და აივნიდან მანდარინის ბაღებისკენაც როცა გადაგვახედა, დანანებით დასძინა, ეს მწვანე ხედი, სამწუხაროდ, მალე აღარ მექნებაო – ბულვარის მიმართულებით ერთდროულად რამდენიმე ახალი საცხოვრებელი კორპუსი შენდება.

დაახლოებით იგივე გვითხრეს ამ კორპუსის  სხვა მცხოვრებლებმაც, თუმცა ზოგიერთმა აღნიშნა, რომ კანალიზაციის სისტემის არარსებობის შესახებ არც კი იცის, რადგან ბინა იქირავეს და ამ საკითხით არ დაინტერესებულან.

ეს 14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსია კანალიზაციის სისტემის გარეშე. ფანჯრიდან ჩანს, რამდენი ახალი კორპუსი შენდება ირგვლივ

ცხადად ჩანს, ახალ მშენებლობებზე ანგისის დასახლებაში არც უსაფრთხოების ნორმებს იცავენ – მშენებლებს შესაბამისად არ აცვიათ, მშენებარე სართულზე არც უსაფრთხოების ღობეა მოწყობილი.

„მე პიონერი ვიყავი, ვინც ამ დასახლებაში ეს კორპუსი ააშენა და შამბოც სპეციალისტების ჩართულობით მოვაწყვეთ. ეს იყო 2018 წელს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანია „იუ თუს“ მესაკუთრე იუსუფ თურმანიძე. მას ასევე ვკითხეთ, არსებობს თუ არა რაიმე სახის დასკვნა, რაც დაადასტურებს იმას, რომ ამ ფორმით შამბოს მოწყობა არის უსაფრთხო და ეს არ აისახება ნეგატიურად ადამიანების ჯანმრთელობაზე.

„ასეთი დასკვნა არ მაქვს, მაგრამ ვიდრე კორპუსის აშენებას დავიწყებდი, სპეციალისტებს მოვამზადებინე საპროექტო ნახაზში შამბოც. შამბოს აქვს რამდენიმე კამერა, ერთი კამერიდან გადადის ფეკალური მასა მეორეში და ასე შემდეგ, სულ 4 – 5 კამერაა. ფაქტია, რომ სუნი გარეთ არ გამოდის… წყლის ჭა მეორე მხარესაა. ამის დასკვნა მაქვს, რომ წყლის ხარისხი კარგია და ამას კავშირი არ აქვს შამბოსთან,“ – გვითხრა იუსუფ თურმანიძემ.

ამ დასახლებაში კვადრატული მეტრი ბინა, ახალ საცხოვრებელ კორპუსში, საშუალოდ, 450 – 500 ამერიკულ დოლარად იყიდება.

ბიზნესმენი იუსუფ თურმანიძე კი განმარტავს, რომ მეორე ობიექტზე აღარ აქვს გათვალისწინებული შამბოს მოწყობა.

„იქ აღარ მომიწყვია შამბო, არც სხვებს აქვთ. ვინც ახლა აშენებს, იმედი გვაქვს, რომ გაკეთდება დასრულებამდე და დავაერთებთ ცენტრალურ სისტემას,“ – დასძინა იუსუფ თურმანიძემ.

„დაერთებულია უკვე მდინარეს, ნახეთ, მზეა და რამდენი მილია მიერთებული მეჯინისწყალს,“ – გვითხრა რამდენიმე მოქალაქემ ანგისის დასახლებაში, ვისაც ვინაობის გამხელა არ სურთ. მათ გვითხრეს, რომ ამ დრომდე მშენებლობის ახალ პოლიგონზე შემორჩენილი კერძო სახლების სარფიანად გაყიდვა სურთ და „პრობლემები არ უნდათ“.

ანგისელების თქმით, მდინარე მეჯინისწყალთან ახლოს მდებარე მშენებარე კორპუსებს ე.წ. შამბოები არ აქვთ და ახლაც მშენებლობაზე გამოყენებული წყლები პირდაპირ უერთდება ბათუმის ახალ ბულვართან რამდენიმე მეტრით დაშორებულ მდინარე მეჯინისწყალს.

მდინარე მეჯინისწყალი, ანგისის დასახლება

მაგალითად, კომპანია „GVG“ ერთ-ერთია, რომელიც მდინარისპირას მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. ამ კომპანიის გაყიდვების მენეჯერებმა კომენტარზე უარი გვითხრეს. თუმცა გასაუბრების დროს აღნიშნეს, რომ უახლოეს პერიოდში კანალიზაციის ცენტრალური სისტემის მოწყობას ელიან, ვიდრე მშენებლობა დასრულდება.

„65 წელია აქ ვარ და კანალიზაცია არ გვქონია არასდროს, მარა მახსოვს, მაგ მდინარე მეჯინისწყალში ბაღანა რომ ვიყავი, ვბანაობდით, ვინ იკადრებდა კანალიზაციის მიერთებას, ახლა ყველაფერია დაერთებული,“ – გვიყვება დავით არძენაძე. ის გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე კერძო, ორსართულიან სახლში ცხოვრობს.

დავით არძენაძე

დავით არძენაძის თქმით, ქალაქს მიერთების შემდეგ ამ ადამიანებისთვის ცხოვრება გაუმჯობესების ნაცვლად დამძიმდა, რადგან ინფრასტრუქტურას არავინ მიხედა, რამდენიმე მესაკუთრემ კი, კორპუსი ააშენა და სანიაღვრესთან ერთად კანალიზაციის მილიც პირდაპირ მდინარეს მიუერთა.

„ბოლოს რომ გამოვიძახეთ მანქანა, 120 ლარი გამოგვართვა,“ – გვიხსნის ანგისის დასახლების კიდევ ერთი მცხოვრები თენგიზ ევგენიძე რამდენად ხშირად უწევთ საკანალიზაციო ჭების დასუფთავება, – „ერთ კერძო სახლს სჭირდება ერთი მანქანა და ამხელა კორპუსი რომ ამოქაჩავო, ერთი მანქანა არაფრით არ გეყოფა, არ ვიცი, რას შვრებიან…,“ – ამბობს ის.

„ვინ რას ამოწმებს საერთოდ?“ – კითხულობს დავით არძენაძე და კატეგორიულად ითხოვს იქვე ახლოს მდებარე, მდინარე ჭოროხის პრობლემის შესახებაც დავწეროთ:

„ნაგავსაყრელი და სუნი ერთია. მეორეა ის, რომ ჭოროხის შესართავთან, მაქ სათევზაოდ დავდივარ მე, ასამდე დიდ საბურავს წვავენ ყოველდღე და ნამწვი ედება ყველაფერს, ჯართის ბიზნესიაო, ასე მითხრეს, ერთხელაც არ მინახავს იქ მე ეკოლოგიის მანქანა.

ამ კანალიზაციასაც ყველა მთავრობა გვპირდება, ახლა პანდემიააო და მთლად გაჩერდნენ, რა ვიცი,“ – ხელი ჩაიქნია დავით არძენაძემ და გზა განაგრძო.

ანგისის დასახლებაში მცხოვრებ ადამიანებს ვკითხეთ, მათი აზრით, რამდენად სწორად ნაწილდება პრიორიტეტები, როცა, მაგალითად, ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში 8 მილიონი იხარჯება ქვაფენილების აყრისა და ასფალტის ხელახლა დაგებისთვის, როცა მათ დასახლებაში კანალიზაციის სისტემაც კი არ აქვთ?

„სასმელი წყალი ძლივს შემოვიდა, მაგრამ მხოლოდ ამ ქუჩაზეა,“ – ამბობს თენგიზ ევგენიძე და ხელით გვანიშნებს, რამდენიმე მეტრში რომ ყვითლად შეღებილი სახლი ჩანს, იმის იქით აღარც სასმელი წყალიაო.

„მინდა დავიჯერო მერიის, მაგრამ რამდენად დამაჯერებელია, ვერ გეტყვით. ძალიან ცუდ დღეში ვართ,“ – გვითხრა თენგიზ ევგენიძემ.

თენგიზ ევგენიძე

„ამდენი კორპუსი რადგან შენდება, ახლა იმედია მაინც გააკეთებენ კანალიზაციას,“ – დაპირების შესრულების მოლოდინი ამ არგუმენტით აქვს, მაგალითად, დავით ბერიძეს. მისი აზრით, არასწორია, როცა მერია ახლა ქვაფენილს ასფალტით ანაცვლებს.

„ერთსა და იმავე ადგილზე არ უნდა იხარჯებოდეს ამდენი ფული. ერთხელ უნდა გააკეთო და ხარისხიანად. ხალხს უნდა მისცე იმის საშუალება, რომ აგირჩიონ,“ – დასძინა დავით ბერიძემ.

ქუჩა ანგისის დასახლებაში

კიდევ ერთი კორპუსი, სადაც კანალიზაციის ბედი გაურკვეველია

მწვანე ეზოებს კორპუსები ანაცვლებს

ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენებდა ადლიის სკოლის გვერდითაც, არც აქ არის კანალიზაციის სისტემა

მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსების გარდა, რამდენიმე 4 და 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში უკვე ცხოვრობენ ოჯახები. აქაც საკანალიზაციო თხრილებია მოწყობილი, რაც მოსახლეობის თქმით, პერიოდულად იტუმბება.

ამ საცხოვრებელ კორპუსში ყველა ოჯახი ცხოვრობს. აქაც საკანალიზაციო ჭაა მოწყობილი, როგორც, მაგალითად, კერძო სახლებში

კიდევ ერთი კორპუსის ბოლო სართულიდან ვუყურებთ ანგისის და ადლიის დასახლებას. ღიად მხოლოდ მთების ხედია დარჩენილი, თუმცა ორი ახალი საცხოვრებელი კორპუსი აქეთაც შენდება.

მთის ხედი ანგისის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან

ახალი საცხოვრებელი კორპუსები ანგისის და ადლიის დასახლებაში

არათუ ადლისა და ანგისაში, პირდაპირ პლაჟზე აშენებულ ამ კომპანიაშიც ვერ გვითხრეს, როდის ექნებათ კანალიზაციის სისტემა საცხოვრებელ კორპუსებში, სადაც ბინები უკვე იყიდება. კომენტარზე უარი გვითხრეს, თუმცა დაგვიდასტურეს, რომ სამი დიდი კორპუსის გვერდით მოაწყვეს ე.წ. შამბო და კანალიზაციის სისტემა არც აქ აქვთ.

კანალიზაციის სისტემა არც ამ კორპუსებშია, რომლებიც პლაჟზე ააშენეს, აეროპორტთან ახლოს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: