ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმში ხელოვნური პლაჟების მოსაწყობად ხრეშის შეტანა გრძელდება

11.12.2022 • 1759
ბათუმში ხელოვნური პლაჟების მოსაწყობად ხრეშის შეტანა გრძელდება

ბათუმის სანაპიროზე ხრეშის შეტანა გრძელდება. ხელოვნური პლაჟების მოწყობის მიზნით მ ეტაპზე სანაპიროზე დაახლოებით 413 ათას კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ.

ხრეში ამჯერად ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, ნაპირდამცავ ნაგებობასთან შეაქვთ.

ხრეშის შეტანა ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ / 11.12.2022

სამუშაოებისთვის, რომელიც ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე, ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნურ კვებას [ქვიშა-ხრეშის შეტანას] ითვალისწინებს, აჭარის ბიუჯეტიდან 5,6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ხრეშის შეტანა ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ / 11.12.2022 / ჯაბა ანანიძის ფოტოები

ბათუმის სანაპირო ზოლი ერთ-ერთი პრობლემური მონაკვეთია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში. ჭოროხის შესართავიდან ახალი ბულვარის მიმართულებით აქ ნაპირი ირეცხება, ბათუმის კონცხზე კი გროვდება დიდი რაოდენობით ნატანი, რომელიც დროთა განმავლობაში ზღვის სიღრმეში [ბათუმის კანიონში] იკარგება.

ბათუმის კონცხთან 1999 წლის იანვარში ნაპირს მოსწყდა და ზღვაში ჩაზვავდა 200 მეტრი სიგრძის და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი [დაახლოებით 1,2 ჰექტარი].

„ნატანი მასალის მუდმივი დაგროვება იახტკლუბთან აუცილებლად გამოიწვევს პლაჟის მოწყვეტას და ჩაზვავებას კანიონში. როდის მოხდება ეს პროცესი და ექნება თუ არა მას კატასტროფული ხასიათი დამოკიდებულია ბევრ შემთხვევით პროცესზე და მისი ზუსტი დრო ჩვენთვის უცნობია – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც აჭარის მთავრობის შეკვეთით მომზადდა და რომლის საფუძველზეც ბათუმში ზღვის სანაპიროზე ხრეშის ხელოვნურად შეტანა მიმდინარეობს.

იმ ხრეშს, რომელიც ახლა შეაქვთ სანაპიროზე, ზღვა შტორმის დროს გადაანაწილებს ბათუმის პლაჟზე, საბოლოოდ კი, გარკვეულ ნაწილს თავს ბათუმის კონცხთან მოუყრის. რა რაოდენობით და რა პერიოდში – ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი შტორმული პროცესები განვითარდება სანაპიროზე მომავალში.

ხრეშის შეტანა ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ / 11.12.2022

დოკუმენტში, რომლის მომზადებაშიც აჭარის ბიუჯეტიდან 19 700 ლარი დაიხარჯა, აღნიშნულია ასევე, რომ „ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს დოკუმენტი მთავრობის დაკვეთით მომზადდა, სავარაუდოდ ამ რისკების შესახებ ცნობილია, როგორც აჭარის, ისე საქართველოს მთავრობისთვის. თუმცა, უცნობია, რას გეგმავენ ბათუმის სანაპიროს დასაცავად.

ამ თემაზე:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: