მთავარი,სიახლეები

საქსტატის შტატიანი თანამშრომლები შტატგარეშეც იყვნენ დასაქმებული – აუდიტი

11.12.2022
საქსტატის შტატიანი თანამშრომლები შტატგარეშეც იყვნენ დასაქმებული – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „საქსტატში სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე შტატიანი მოსამსახურეები შრომითი ხელშეკრულებით შეთავსებით მუშაობდნენ შტატგარეშედ, ანუ ფაქტობრივად სამუშაო დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში ორ პოზიციაზე იყვნენ დასაქმებული.“

„გაურკვეველია შტატით განსაზღვრული სამუშაოებისთვის განკუთვნილი დროის რა ნაწილი დაიხარჯა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე“ – აცხადებს აუდიტი.

„საქსტატში 2020 წელს − 68, ხოლო 2021 წელს − 93 შტატიანი თანამშრომელი პარალელურად მუშაობდა შრომითი ხელშეკრულებით. შეთავსებით მუშაობისას შრომითი ხელშეკრულებით ანაზღაურებულმა თანხამ 2020 წელს შეადგინა 202 325 ლარი, 2021 წელს − 404 695 ლარი.“

„საშტატო სამუშაოს შესასრულებლად განკუთვნილი დროის რესურსის გამოყენება სხვა საქმიანობისთვის [მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულებისთვის] წარმოადგენს საჯარო მოსამსახურის რესურსების არაპროდუქტიულ გამოყენებას.“ – ასკვნის აუდიტი.

ანგარიშის მიხედვით, „საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის  ბრძანება – [„სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების ფარგლებს გარეთ „საქსტატის“ სისტემაში დასაქმებული პირების მიერ შეთავსებით სამუშაოს, მისი შესრულების ფორმის და მასთან დაკავშირებული შრომის ანაზღაურების განსაზღვრისა და გაცემის წესი“] – საშუალებას აძლევდა შტატიან თანამშრომლებს, ძირითადი სამუშაოსგან თავისუფალ ნებისმიერ დროს, მათ შორის, სამუშაო საათებშიც, შეთავსებით შეესრულებინათ შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო.

აუდიტი ასევე აცხადებს, რომ საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ზემოთ აღნიშნული ბრძანება „ვერ უზრუნველყოფს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის დაცვას, რაც ზრდის არაეკონომიური ხარჯების გაწევის შესაძლებლობას:

„საქსტატში დასაქმებულების სამუშაო დროის აღრიცხვის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფდა სათანადო კონტროლს − შტატით გათვალისწინებული თანამშრომლები რა დროს უთმობდნენ ძირითად სამუშაოს და რამდენს – შეთავსებით სამუშაოს, რაც ხელს უშლის ხარჯების ეკონომიურ განკარგვას.“

აღნიშნული ფაქტი კი, აუდიტის დასკვნით, იმდენად შეუსაბამოა კანონმდებლობასთან, რომ რეკომენდაციაც ვერ გასცა.

„საკანონმდებლო/მარეგულირებელ ნორმატიულ დოკუმენტებთან შეუსაბამობის გამო რეკომენდაცია არ გაცემულა“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

საქსტატის 2020-2021 წლების საკასო გასავლები კატეგორიების მიხედვით:

საქსტატის ხარჯები / წყარო: აუდიტის ანგარიში

საქსტატი [საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური] არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე – ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით.

ის თავის საქმიანობას ახორციელებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: