მთავარი,სიახლეები

შშმ ქალები, პოლიტიკა და არჩევნები, რის შეცვლას ითხოვენ

10.12.2022 • 868
შშმ ქალები, პოლიტიკა და არჩევნები, რის შეცვლას ითხოვენ

დღეს, 10 დეკემბერს, ბათუმში კონფერენცია გაიმართა, რომელიც შშმ ქალთა პოლიტიკურ და საარჩევნო უფლებებს ეხებოდა. შშმ ქალებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც მათთვის ჯერ კიდევ დაუძლეველია.

შშმ ქალთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი, დეა ერემაშვილი, რომელიც კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო, ყურადღებას ამახვილებს შშმ პირების საუბნო-საარჩევნო კომისიაში ჩართვაზე და ამისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის საჭიროებაზე.

„მე, როგორც გამოცდილი, პოლიტიკურად აქტიური და არაერთგზის საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრი, აღვნიშნავ, რომ ხშირია საუბარი [საარჩევნო] უბნების ადაპტირებაზე და იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს უშუალოდ არჩევნების დღის ადაპტირებისთვის. მაგრამ საუბარი არ არის იმაზე, როდესაც შშმ პირია კომისიის წევრი, ტრენინგები ადაპტირებულ გარემოში რომ უნდა ჩატარდეს.

დავუშვათ, უბანზე რომ მორიგეობა გვიწვეს, საპირფარეშოები ადაპტირებული რომ უნდა იყოს. არ უნდა გიწევდეს სხვა შენობის საპირფარეშოთი სარგებლობა და ა.შ.

მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში კიდევ უფრო რთულია მდგომარეობა, რადგან შშმ პირების გადაადგილება იმ პირობებში ძალიან რთულია. ბათუმში გვაქვს ადაპტირებული ტრანსპორტი.

მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში საერთოდ არსად არ არის არც მუნიციპალური და არც კერძო [ადაპტირებული] ტრანსპორტი, რომელიც უზრუნველყოფს მათ მუდმივ მიმოსვლას და, შესაბამისად, მათი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში ძალიან მწირია“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

დეას აზრით, შშმ ქალების პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ჩასართავად, პირველ რიგში, ამ ქალების ცნობიერების გაზრდაზე უნდა ვიზრუნოთ: „საკუთარი ძალების უნდა ირწმუნონ შშმ პირებმა. ის, რომ ისინი არ არიან მუდმივად ბენეფიციარები და არიან ისეთივე მოქალაქეები, როგორც არა შშმ პირები. მეც იმავენაირად ვიხდი გადასახადებს, როგორც სხვა ადამიანები.

სამწუხაროდ, ამ ბენეფიციარის პოზიციიდან სანამ არ გამოიყვან ცნობიერად საკუთარ თავს შშმ პირი, ძალიან რთული იქნება ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში. რა თქმა უნდა, ჯერ ცნობიერება უნდა ავამაღლოთ თემშიც და საზოგადოებაშიც“.

დეა ერემაშვილი

კონფერენციის თანაორგანიზატორი იყო ორგანიზაცია „ღია სივრცე კავკასია“. მის თავმჯდომარეს, ირმა პავლიაშვილს მიაჩნია, რომ არსებითად მნიშვნელოვანია შშმ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში, მით უმეტეს, როდესაც: „ევროკავშირის 12 რეკომედაციიდან მე-9 რეკომენდაცია ეხება გენდერულ თანასწორობას და, რა თქმა უნდა, აქ მოაზრებულია შშმ ქალთა უფლებრივი მდგომარეობაც.

ამ კონფერენციის მიზანია, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, მათ შორის პოლიტიკის განმახორციელებელ და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ასევე, თემატური კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვიმსჯელოთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც პრიორიტეტულია [შშმ ქალებისთვის]“, – ამბობს ირმა პავლიაშვილი.

მისი თქმით, მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა მაგალითად, შშმ ქალები და გოგონები, კიდევ უფრო დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

„ძირითადი გამოწვევაა, რომ სახელმწიფოში არ არსებობს ერთიანი სტატისტიკური ინფორმაცია, თუ რა ტიპის საჭიროებებია გამოკვეთილი, რა ტიპის სერვისები, როგორი მიდგომები სჭირდებათ [შშმ ქალებს] იმისათვის, რომ ის ძირითადი პრინციპები, რაც კანონმდებლობით და რატიფიცირებული კონვენციებითაა განსაზღვრული [ჯერ კიდევ გამოწვევაა].

ის, რომ უნივერსალური დიზაინი შეიქმნას, მისაწვდომობა იყოს გარანტირებული, დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება დავიცვათ, ჯერ კიდევ გამოწვევაა.

მუნიციპალურ დონეზე, ბიუჯეტში დეტალურად არ არის ასახული ქალთა და მათ შორის, შშმ ქალთა საჭიროებები, რომ შემდეგ უკვე მათ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისი ეფექტიანად განხორციელდეს.

შესაბამისად, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების მიმართულებით, რათა პროგრამები, სერვისები უფრო მეტად იყოს საჭიროებაზე ორიენტირებული და მეორე, ჩატარდეს თემატური მოკვლევები, ინდივიდუალური საჭიროებები ვიკვლიოთ.

აი, როდესაც მუნიციპალურ დონეზე ბიუჯეტი დგება, გენდერული საბჭოები სწორედ ამ საქმიანობით, საჭიროებების გამოკვეთით უნდა იყვნენ დაკავებული. რა ტიპის პროგრამა, სერვისი უნდა გაითვალისწინონ და შემდეგ, შეაფასონ ამ სერვისის მიწოდების ეფექტიანობა. ვინაიდან, დისკრიმინაციული მდგომარეობა გამოიხატება არამხოლოდ პოლიტიკაში მონაწილეობით, იგივე ინფრასტრუქტურის მისაწვდომობის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ჯანმრთელობის სერვისების მიწოდების კუთხით“, – ამბობს ირმა პავლიაშვილი.

ირმა პავლიაშვილი

გადაბეჭდვის წესი