ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ღარიბაშვილი გონიოში კაზინოების მოწყობას აანონსებს

18.12.2021 • 2814
ღარიბაშვილი გონიოში კაზინოების მოწყობას აანონსებს

გონიოში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნასა და იქ კაზინოების განთავსებაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელებას მთავრობა 2022 წლიდან გეგმავს.

„ჩემი ინიციატივით, გონიოში ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, რომელიც 300 ჰექტარს მოიცავს, სპეციალურ ეკონომიკურ ზონას შევქმნით, სადაც ახალი ფინანსური ცენტრიც აშენდება და ტერიტორიაზე სასტუმროები და კაზინოებიც განთავსდება“, – აღნიშნა პრემიერმა 18 დეკემბერს მთავრობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას.

[red_box]„ლენდკაზინოების ბიზნესს ექნება ხელშეწყობა“ – ღარიბაშვილი[/red_box]

„ახალი ქალაქის აშენებაზე თავისი კაზინოებით“ ირაკლი ღარიბაშვილმა პირველად წინასაარჩევნო პერიოდში, გონიოში, 17 აგვისტოს განაცხადა: „გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი თავისი კაზინოებითოფისებით, ბანკებით, ფინანსური ცენტრი უნდა შეიქმნას და რეალურად ახალი სიცოცხლე შევიტანოთ ამ მხარეში და ამ რეგიონში“.

ამავე დროს, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც 25 წლამდე პირები კაზინოში ვეღარ ითამაშებენ. აკრძალვა შეეხება ონლაინთამაშებსაც. კანონპროექტი თამაშს მილიონამდე ადამიანს უზღუდავს.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, 21-დან 25 წლამდე რამდენი პირია დღეს მოთამაშეთა რეესტრში, ასევე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში.

„რაც შეეხება 21-დან 25 წლამდე ასაკის მოქალაქეთა მოთამაშეთა რეესტრში რეგისტრაციას და მოქალაქეების დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანას, დღეის მდგომარეობით მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავს რეგულაციას“, – მოგვწერეს შემოსავლების სამსახურიდან.

შემოსავლების სამსახურიდან ვერ მივიღეთ ასევე ინფორმაცია აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე კომპანიების ერთობლივი შემოსავლის შესახებ:

„საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის ფორმა, რომელსაც გადამხდელები წარმოადგენენ 2017 წლიდან, ერთობლივი შემოსავლის მითითებას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას მოგაწოდოთ ინფორმაცია აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე პირების ერთობლივი შემოსავლის შესახებ“.

აზარტული და მომგებიანი თამაშობების მქონე კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა 2020 წელს, 2019 წელთან შეარებით 7 894-ით არის შემცირებული.

„ბათუმელებისთვის“ შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იმ კომპანიებში, რომლებიც ფლობენ აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვას, 2019 წელს დასაქმებული იყო, ანუ ხელფასი აიღო 10 581-მა დასაქმებულმა, ხოლო 2020, პანდემიის წელს, მათი რაოდენობა 2 687-მდე შემცირდა.

სამსახურის განმარტებით, ამ შემთხვევაში „გადამხდელი [კომპანია] შესაძლოა ეწეოდეს რამდენიმე ტიპის საქმიანობას და დასაქმებულთა რაოდენობა არ უკავშირდებოდეს საქმიანობის მხოლოდ ერთ სფეროს [მაგ.: სათამაშო ბიზნესს]“.

შემოსავლების სამსახურს ანალოგიური ინფორმაცია, 2021 წლის მდგომარეობით, არ მოუწოდებია.

რაც შეეხება გადასახადებს, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე გადამხდელებს 2019-დან 2021 წლის ოქტომბრამდე პერიოდში სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში, ჯამში, 678 738 899 ლარი აქვთ გადახდილი.

იგივე კომპანიებს, იმავე პერიოდში, მოსაკრებლის სახით, ბიუჯეტში  314 215 518 ლარი აქვთ გადახდილი.

წყარო: შემოსავლების სამსახური

წყარო: შემოსავლების სამსახური / შენიშვნა: გადამხდელი შესაძლოა ეწეოდეს რამდენიმე საქმიანობას და მის მიერ გადახდილი თანხები არ უკავშირდებოდეს საქმიანობის მხოლოდ ერთ სფეროს [მაგ.: სათამაშო ბიზნესს].

მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი ასევე კრძალავს აზარტული თამაშების რეკლამას და ითვალისწინებს ონლაინ აზარტულ თამაშების ორგანიზატორი კომპანიების ახლებურად დაბეგვრას:

[red_box]პარლამენტმა II მოსმენით მიიღო კანონი აზარტულ თამაშებზე[/red_box]

2021 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში სულ არის 6 კომპანია,  რომლებიც სამორინეს ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ფარგლებში აზარტულ თამაშობებსაც აწყობენ სისტემურ-ელექტრონული ფორმით. აქედან 5 შემთხვევაში ნებართვა გაცემულია სათამაშო აპარატების სალონის ონლაინ მოწყობაზე, ხოლო 1 ნებართვა – ონლაინ კაზინოს მოწყობაზე.

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განმარტებით, იგეგმება ონლაინ სათამაშო ბიზნესის ახალი წესით დაბეგვრა – GGR-ის  10%-ით. მან ეს მექანიზმი ასე ახსნა:

„მაგალითად, თუ კონკრეტულ სათამაშო ოპერატორს თვის განმავლობაში მთლიანი შემოსავალი ჰქონდა 100 ლარი და აქედან მან [მოთამაშეებზე] გასცა 30 ლარის მოგება, გამოდის, რომ სხვაობა, ესე იგი GGR, არის 70 ლარი. შესაბამისად, დაიბეგრება 70 ლარის 10%-ი, ანუ აღნიშნული ოპერატორი მომდევნო თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში 7 ლარს გადაიხდის“.

[red_box]როგორ დაიბეგრება ონლაინ სათამაშო ბიზნესი – განმარტება[/red_box]

სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული თამაშობის დაბეგვრის დღეს არსებული წესი:

წყარო: შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს მთავრობა ადგენს სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს და უფლებამოსილია სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე დაადგინოს შეღავათები [სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება].

საქართველოს კანონმდებლობით: აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის უფლება აქვს მხოლოდ აზარტული თამაშობის ორგანიზატორს სამორინის მოწყობის ნებართვით ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვით. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისთვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა.

ამასთანავე, სამორინის მოწყობის ერთი ნებართვით ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, „ვინაიდან აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისთვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა, აზარტული თამაშობების, მათ შორის სამორინეს თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზება შესაძლებელია რეალურად მოწყობილი სამორინეს ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში“.

ამავე თემაზე:

„გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი თავისი კაზინოებით, ბანკებით“ – ღარიბაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: