განათლება,მთავარი,სიახლეები

რაზე უნდა იყოს დამოკიდებული პედაგოგის ანაზღაურება – სტატუსსა თუ საათებზე?

07.12.2022 • 11132
რაზე უნდა იყოს დამოკიდებული პედაგოგის ანაზღაურება – სტატუსსა თუ საათებზე?

როგორ უნდა შეფასდეს მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია და პედაგოგის ხელფასს უნდა განსაზღვრავდეს თუ არა მისი სტატუსი? – რა ხარვეზები აქვს არსებულ მოდელს, ამ თემაზე „ბათუმელები“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელს, ეკა წულუკიძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო ეკა, მასწავლებლებისგან ხშირად მოგვისმენია, რომ მათი პროფესიული შეფასების არსებული სქემა არც თუ ისე სამართლიანია, რადგან ხელფასის ზრდა სწორედ ამ სტატუსზეა დამოკიდებული. სტატუსისთვის ბრძოლა კი იწვევს  გადაღლას, ქაღალდომანიას, სტრესს და ასე შემდეგ. თქვენი აზრით, რა იქნებოდა უფრო სამართლიანი მოდელი?

რთული საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ მაინც ინდივიდუალური მიდგომა აქვს ყველა პედაგოგს ამ საკითხზე.

ანაზღაურების სამართლიანობას თუ დავაკვირდებით, სწორია, უნდა გადაიხედოს და არაერთხელ დადგა დღის წესრიგშიც, თუმცა უსამართლობად მივიჩნევ არა სტატუსებს, არამედ იმას, რომ სტატუსის დანამატის სრულად მიღება საათების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

თუ პედაგოგს 15-ზე ნაკლები საათი აქვს, ის სრულად ვერ იღებს სტატუსით განსაზღვრულ დანამატს და ეს მიმაჩნია უსამართლოდ. სამწუხაროდ, ხელფასი საათზეა მიბმული, ამიტომ მასწავლებლები ცდილობენ მაქსიმალურად დაიტვირთონ, რომ მეტი ანაზღაურება ჰქონდეთ. მასწავლებელი კი არ უნდა იყოს საათებით დატვირთული, წესით, რადგან ეს აისახება ხარისხზე. რაც უფრო ნაკლები საათობრივი დატვირთვა აქვს პედაგოგს, მით უფრო ხარისხიანია შედეგიც.

ისეთი მოდელი უნდა შემუშავდეს, სადაც მასწავლებელს ექნება ნაკლები დატვირთვა და  მაღალი ანაზღაურება, ღირსეული, როგორსაც პედაგოგი იმსახურებს.

სტატუსის მოპოვება მარტივი არ არის, ვიღაცამ მეტი იშრომა, მოინდომა და შეძლო დაემტკიცებინა კვალიფიკაცია და მე პირადად, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

პრობლემაა ის, როცა პედაგოგს ამის იქით უწევს დამატებითი შემოსავლების ძიება, თუნდაც რეპეტიტორობა ან სხვა სამსახურში ყოფნა.

  • საათზე რომ არ იყოს ეს დანამატი მიბმული, მაშინ მოგვარდება მასწავლებლის გადატვირთვის პრობლემა?

პრობლემა დიდად არ გვარდება, რადგან სტატუსის დანამატიც არ არის ისეთი მაღალი, რომ პედაგოგს ეყოს. პრობლემაა ის, რომ საათის ღირებულება ძალიან დაბალია, რადგან საშუალო ხელფასი ძალიან მცირეა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, რაც არ უნდა მაღალი სტატუსი ჰქონდეს მასწავლებელს, ის მაინც შეეცდება მეტი საათი ჰქონდეს, უფრო მეტი ანაზღაურება რომ გამოუვიდეს.

პედაგოგის უკან დგას ოჯახი, თავისი პრობლემებით და პედაგოგის ერთადერთი სარჩო სწორედ მისი ხელფასია, ამიტომ ეს პრობლემას ვერ მოხსნის. პრობლემა მოიხსნება მაშინ, თუ საათის ღირებულება გაიზრდება და არც სტატუსის დანამატი იქნება მიბმული საათების რაოდენობაზე. პედაგოგის საშუალო ხელფასი უნდა იყოს ისეთი, რომ შეიძლებოდეს ღირსეული ცხოვრება. ისეთი, როგორც ევროპულ ქვეყნებშია.

  • ჩვენ არაერთხელ გვსმენია ოფიციალური პირებისგან, მთავრობისგან, რომ დღეს მასწავლებლის ხელფასი 2 ათასი ლარი და მეტია. რამდენად რეალურია ეს და რამდენ პროცენტს აქვს ასეთი ხელფასი საქართველოში და თუ აქვთ, რის ხარჯზე?

ეს არ არის რეალობას მოკლებული, თუმცა ეს ხდება მაშინ, თუ მასწავლებელს აქვს მენტორის სტატუსი, თუ ჰყავს სადამრიგებლო კლასი და დატვირთულია სულ ცოტა 20-25 საათით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია 2 ათასი ლარი აიღოს ანაზღაურება პედაგოგმა. მაგრამ ეს არის ძალიან მცირე პროცენტი.

პრაქტიკულად, ამას ვერც ერთი მასწავლებელი ვერ იღებს ქალაქში, უფრო რეგიონებში ალბათ, სადაც კადრების ნაკლებობაა და პედაგოგი ახერხებს, რომ დაიტვირთოს საათებით.

ბევრი მენტორი პედაგოგიც არ გვყავს საქართველოში, ამიტომ ძალიან მცირე რაოდენობაზეა საუბარი, ალბათ 2-3 პროცენტზე, ამიტომ ერთი-ორი პედაგოგის მაგალითი საზომად აიღოს სახელმწიფომ, ეს არასწორი მიდგომაა ნამდვილად.

  • ქაღალდომანიას რასაც ეძახიან ხოლმე პედაგოგები, რამდენადაა შემცირებული სკოლებში წინა წლებთან შედარებით?

მე პირველივე სქემიდან ვიყავი ჩართული ამ პროცესში და ვფიქრობ, ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია. მე, პირადად, არასდროს შევუწუხებივარ დიდად ამ ქაღალდებს – ალბათ იმიტომ, რომ რაც მიკეთებია, იმისთვის არ ვაკეთე, რომ უბრალოდ სადღაც ამეტვირთა, ვმუშაობდი და წლის ბოლოს, როცა გადავხედავდი ჩემს ნამუშევრებს, ვარჩევდი, რა შეიძლება ატვირთულიყო და რა – არა.

ამდენად, ეს პროცესი ჩემთვის არ ყოფილა ქაღალდომანია და არც ბავშვები დამრჩენია ყურადღების მიღმა.

  • მაშინ რატომ აქვს პედაგოგების გარკვეულ ჯგუფს იმის განცდა, რომ ბავშვებს აკლდებათ ეს დრო, რასაც ისინი დოკუმენტაციის ატვირთვას ანდომებენ?

ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან რთული იყოს, მაგრამ აქ ერთი რამეა გასათვალისწინებელი, ჩვენ არავინ გვთხოვს ეს ყველაფერი ყოველდღიურ რუტინად ვაქციოთ, ვწეროთ და ვტვირთოთ.

იმას, რასაც ვტვირთავთ სისტემაში, ჩვენ ისედაც ვაკეთებთ ყოველდღიურად. წინა სქემაში როცა საგნობრივი კომპეტენციის ბარიერი 1-2 კრედიტზე ჩამოვიდა და მასწავლებელს შეეძლო ჩაბმულიყო სხვადასხვა პროექტში, რომ დაეგროვებინა კრედიტები, მაშინ მოუხდათ პედაგოგებს ერთდროულად ამ ყველაფრის კეთება. ამან გამოიწვია მათი გაღიზიანება.

ბევრი რამ, ცხადია, არ ხდებოდა სამართლიანად და ამანაც იქონია გავლენა.

მე ასე მიმაჩნია, რომ თუ მასწავლებელი განათლებაში არ იყენებს არაფორმალური განათლების კომპონენტსაც, ვერ ექნება სრულყოფილი სურათი, რადგან არაფორმალური განათლება სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

  • ერთ-ერთი პედაგოგი გვიყვებოდა ესტონურ მოდელზე, სადაც პედაგოგის ხელფასი დამოკიდებულია იმაზე, გაიყვანა თუ არა კლასი პედაგოგმა შედეგზე. ხომ არ იქნებოდა უკეთესი, ჩვენი სისტემაც რომ ამ კომპონენტით აფასებდეს პედაგოგს?

სხვა ქვეყნების პრაქტიკას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ის, რომ განმსაზღვრელი იყოს მოსწავლეების შედეგები, მთლად სამართლიანიც შეიძლება არ იყოს. პედაგოგი თავად უნდა იყოს კვალიფიციური და ამას ერთგვარად სტატუსი განსაზღვრავს.

  • თუ არ გვაქვს შედეგი, არ მაღლდება განათლების ხარისხი, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, რა კვალიფიკაცია აქვს მასწავლებელს?

კი, ესეც მართალია, მაგრამ რეალურად, მასწავლებელს, რომელიც თავად არის კომპეტენტური და მართლა ბევრს აკეთებს სკოლაში ფორმალური თუ არაფორმალური განათლების კუთხით, აუცილებლად ექნება შედეგი.

  • უნივერსიტეტებში გვეუბნებიან, რომ სკოლებიდან დაბალი განათლებით შედიან სტუდენტები, რეპეტიტორების ინსტიტუტი ძლიერია, თითქმის ყველა ბავშვი ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის, მაშინ მასწავლებლების კვალიფიკაცია სად ჩანს, რაში გვაქვს აცდენა?

ძალიან დიდი აცდენა გვაქვს, კი.

მასწავლებელი, რომელიც საგანს წლებია ასწავლის, მაგრამ ვერ აბარებს გამოცდას, ან 1-2 კრედიტზე ჩააბარა, ეს ჩემთვის უკვე ტესტია. მან რაც არ უნდა ბევრი აქტივობა ატვირთოს, ვიღაცისგან დაკოპირებული იქნება ეს თუ თავისი, თუ თავად არ ესმის რას ასწავლის, ვერასოდეს ვერ გაიყვანს ბავშვს შედეგზე.

სამწუხარო რეალობა დადგა ის, რომ ასეთ პედაგოგებს ძველი სქემის გაუქმების წინ, ყველას მიანიჭეს სტატუსი და სისტემაში დატოვეს, რამაც გამოიწვია უზარმაზარი სიყალბე ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში. საბოლოო ჯამში, მაინც მოსწავლის შედეგებამდე მივყავართ ამ ყველაფერს. ამიტომ გვაქვს აცდენა.

გადატვირთულია ჩვენი სასწავლო პროგრამებიც და გაკვეთილებიც ხშირად ორიენტირებულია ფაქტობრივი ცოდნის გადაცემაზე. ძალიან რთულია ბავშვის მრავალმხრივი განვითარება, თუ არაფორმალური განათლება არ ჩართე ამ პროცესში.

  • როგორც ვიცით, დასავლური განათლება ანალიზზე და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზეა ორიენტირებული, ჩვენ კი მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას გადავცემთ?

კრიტიკული აზროვნების განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ახალგაზრდისთვის. ჩვენი სკოლები ვერ ამზადებენ ცხოვრებისეული პრობლემების დასაძლევად ახალგაზრდებს, ვერ უწყობს ხელს საჭირო და მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას.

უცხოეთში ამას ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან ბავშვებს, ჩვენ შემდგომ ეტაპზეც კი ვერ ვახერხებთ. რატომ არის აქცენტი „სტემ“ განათლების განვითარებაზე, იმიტომ, რომ კომპლექსურად უვითარებს ახალგაზრდებს როგორც კვლევის, ასევე ანალიზის უნარებს. ჩვენთან კი ჯერ კიდევ ყველაფერი თეორიულ დონეზეა. მაღალმთიან რეგიონებში ხომ საერთოდ ზედმეტია ამაზე საუბარი.

ეროვნულ გეგმაშიც გვიწერია, რომ მნიშვნელოვანია ციფრული, სამეწარმეო და გამჭოლი კომპეტენციების განვითარება, მაგრამ როგორ? არ გვაქვს სათანადოდ აღჭურვილი სკოლები და რთულია ასეთი კომპეტენციების განვითარებაზე ვისაუბროთ.

დასავლურ სკოლებში ბევრი კლუბია და მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს სფერო თავისი ინტერესების მიხედვით. ჩვენთან კი ისე ამთავრებენ სკოლას და აბარებენ უმაღლესში, ხშირად არც კი იციან, რა პროფესია შეიძლება მიიღონ სამომავლოდ, რომელიც გამოადგებათ. აი, ეს აცდენები გვაქვს ჩვენ – უნივერსიტეტსა და სკოლას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: