„ტელეფონს იღებ და ხვდები, რომ ვეღარავის დაურეკავ“ – კაცს რუსულმა ბომბმა ოჯახი ამოუწყვიტა

წყარო: Настоящее время

ჟიტომირის ოლქის სოფელ იურევკის მცხოვრებმა ვლადიმირ ობოძინსკიმ მარტის დასაწყისში მთელი ოჯახი დაკარგა. ორი რუსული ბომბი კერძო სახლს დაეცა – დაიღუპა ვლადიმირის 40 წლის ცოლი ნატალია, 14 წლის ვაჟი ვლადიმირი, 19 წლის გოგონა ივანკა და ერთი წლის შვილიშვილები – ნიკოლი და დენისი. სახლისგან მხოლოდ საძირკველი და აგურების გროვაღა დარჩა.

„ჩემი გოგო, როგორც ჩანს, აბაზანაში იყო. იქ იპოვეს. ამ რადიუსში იპოვეს ჩემი ბიჭი. ჩემს ცოლთან ერთად სამზარეულოში იყო,“ – ჰყვება ვლადიმირი და ჟურნალისტებს სახლის ნანგრევებზე მიუთითებს. – „შვილიშვილები სახლიდან 60-70 მეტრში იპოვეს, მეზობლის ბაღში“.

ბოლოს ვლადიმირი ოჯახს ტელეფონით 8 მარტის საღამოს ელაპარაკა. ზარიდან უკვე ერთ საათში კი მეზობლისგან შეიტყო, რომ ქუჩაზე, რომელზეც მისი სახლი იდგა, ორი აფეთქების ხმა გაისმა. იმის გამო, რომ თვითონ ამ დროს კიევში იყო, მისი სახლისკენ ამბის გასაგებად მისი ხანდაზმული მშობლები წავიდნენ.

„მესმის: დედა კივის და მამა ამბობს: „ვოვ, არც სახლია, არავინაა ცოცხალი,“ – ტირის ვლადიმირი. – „ორმა ბომბმა ისინი გაანადგურა მე კი მორალურად მომკლა“.

ვლადიმირის ოჯახის სასაფლაო. კადრი ვიდეომასალიდან

სოფელი იურევკა იმ დროს ძალიან შორს იყო ფრონტის ხაზიდან. ვლადიმირის სახლთან და ქუჩაზეც არანაირი სამხედრო ობიექტი არ ყოფილა და მაინც, რუსულმა თვითმფრინავმა იმ კვარტალში ორი ხუთასკილოგრამიანი ბომბი ჩამოაგდო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავი ბელარუსიდან, გომელის აეროდრომიდან აფრინდა.

ვლადიმირის ცოლი ნატალია უკრაინის ისტორიისა და უკრაინული ენის მასწავლებელი იყო. 14 წლის ვოვა მეცხრე კლასს ამთავრებდა, 19 წლის ივანკა კი ორ შვილს, ნიკოლსა და დენისს ზრდიდა.

„ეს ჩემი შვილიშვილები არიან, ზუსტად 10 დღით ადრეა გადაღებული,“ – აჩვენებს ვლადიმირი ფოტოს ჟურნალისტებს. – „სახლში ერთი დიდი ოთახი გვქონდა, ბუხრით. ეს ჩვენი უკანასკნელი საოჯახო ფოტოა. შვილიშვილები რომ ერთი წლისები გახდნენ, მაშინ გადავიღეთ“. ვლადიმირს ტელეფონში მათი ვიდეოც დარჩა.

ვლადიმირის შვილიშვილები. კადრი ვიდეომასალიდან

ნანობს, რომ ომის პირველი დღეებშივე არ წაიყვანა ოჯახი სოფლიდან, სადმე უფრო უსაფრთხო ადგილას. ამბობს, რომ დრო არაფერს შველის, პირიქით, უფრო მეტად უჭირს.

„იოლი აღარასოდეს იქნება. იცით, უფრო რთულიცაა,“ – ტირის ვლადიმირი. – „ტელეფონს იღებ და მერე ხვდები, რომ ვეღარავის დაურეკავ, ხვდები, რომ აღარავინ დაგიძახებს „მამას“ და „ბაბუას“.

მომხდარის შემდეგ ვლადიმირმა იურევკა დატოვა და კიევში გადავიდა. იქვე ცხოვრობს, სადაც მუშაობს. ამბობს, რომ სამსახური ეხმარება, ჭკუიდან არ შეიშალოს და ყოველ კვირას მიდის სასაფლაოზე, სადაც მისი ოჯახია დაკრძალული.

„მოვდივარ და ვეკითხები: როგორ ვიცხოვრო ახლა? პასუხი კი არ არის“.

უკრაინელებმა, რომლებმაც რუსეთის გაჩაღებულ ომში ახლობლები და ოჯახის წევრები დაკარგეს, რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელების შეტანა დაიწყეს იმ იმედით, რომ რუსი სამხედროები მათი დანაშაულებისთვის დაისჯებიან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საქმეები შეიძლება წლობითაც კი გაიწელოს, დაღუპულთა ნათესავები მზად არიან, დაელოდონ.

ვლადიმირი ერთ-ერთი მათგანია.

ვლადიმირის სახლის ნანგრევები. კადრი ვიდეომასალიდან

ბათუმში 70 მასწავლებელი 300-300 ლარით დააჯილდოვეს

დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარაში საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები 300-300 ლარით დააჯილდოვეს.

პედაგოგები ბათუმის 20 სკოლიდან იყო შერჩეული, მუნიციპალიტეტებიდან კი ათ-ათი პედაგოგი შეირჩა.

დაჯილდოებაზე ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებიც იმყოფებოდნენ სასტუმრო „შერატონში“.

როგორც აჭარის განათლების სამინისტროში გვეუბნებიან, საპრიზო ფონდი, 21 000 ლარი, სამინისტროს ბიუჯეტიდან გაიცა.

დღეს, საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგებსაც გამოავლენენ.

_______________________

მსგავს თემაზე:

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო როლანდ შავაძემ მიიღო, პედაგოგმა ხულოდან

რას ჰყვება ქალი ხულოდან, რომელზეც 12 წელი ძალადობდნენ

39 წლის მარტოხელა დედა, მარინე გ. [სახელი შეცვლილია] ხულოს ერთ-ერთ სოფელში 3 შვილსა და პენსიონერ დედასთან ერთად ცხოვრობს. მარინე უკვე 6 წელია, რაც შვილებს მარტო ზრდის. ქალის თხოვნით მის ვინაობას არ ვასაჯაროებთ, რადგან არსებობს იმის რისკი, რომ კაცი ამ სტატიამ გააღიზიანოს და ისევ გამოჩნდეს საქმის გასარჩევად.

ქალი 12 წელი ცხოვრობდა ქმართან ერთად, რომელიც ხშირად თვრებოდა და სცემდა სხვადასხვა მიზეზის გამო, ხანაც უმიზეზოდ: ხელჩართულ ბრძოლაშიც გადავდიოდით, გაუსაძლისი გახდა მასთან თანაცხოვრებაო – იხსენებს მარინე.

მარინეს თქმით, ქმარს უფრო ადრე იმიტომ არ დაშორდა, რომ საზოგადოების შეფასების ეშინოდა. ამბობს, რომ მთაში ცხოვრება თუნდაც იმიტომაა რთული, რომ აქ ახლაც აქვთ მოთხოვნა, განუსაზღვრონ ქალებს, როგორ მოიქცნენ.

„ცოტა მძიმე მენტალიტეტია მთაში. მნიშვნელობა არ აქვს, ვისი ბრალია, კონფლიქტი რის გამო ხდება, მთავარი ისაა, რომ ქალი ქმარსაა გაშორებული. მორჩა, ყველაფერს წერტილი აქვს დასმული.

ვითმენდი ამის გულისთვის. ვიტყოდი, რომ არარსებულ ხავს ვეჭიდებოდი. იქნებ რაღაც შეიცვალოს, იქნებ გამოსწორდეს-მეთქი, მაგრამ არაფერი შეცვლილა ან გამოსწორებულა და წერტილი დავუსვი.

ჩვენ დავშორდით მორიგი შელაპარაკების დროს. უბრალოდ, ვუთხარი, რომ ყელში ამომივიდა, უნდა წავიდეს და თავისი გზა მოძებნოს.  წავიდა იმ იმედით, რომ მე შევეხვეწებოდი, ვინანებდი, არ ვიცი, რისი იმედით… ცოტა ხნის შემდეგ შემეხმიანა და მითხრა, შევრიგდეთ, საერთო შვილები გვყვავსო, მაგრამ – არა. შესაძლოა ვიღაცამ თქვას, რომ არ ვიქცევი სწორად, მაგრამ არ მაინტერესებს.

საზოგადოებისგან რა რეაქცია იყო? – რატომღაც ელოდნენ, რახან ქმარს ვიყავი გაშორებული, საშინლად ვიცხოვრებდი. არ ვიცი, რას ფიქრობდნენ. ძალიან ხშირად ვხედავდი, როგორ მარიდებდნენ თვალს. ადრე თუ თბილად მიღიმოდნენ, ასე აღარ იყო, რადგან ქმარს გაშორებული ქალი მერქვა“, – გვიყვება მარინე.

მარინე ამბობს, რომ დრო ყველაფრის მკურნალია და დღეს მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალა და საბოლოოდ, მიიღო კიდეც: „შიში, რომელშიც 12 წელი ვცხოვრობდი, გამოჩნდა, რომ სრულიად ფუჭი იყო და საკუთარ თავს არანორმალურად ვწირავდი“.

მარინე ქალებს მიმართავს და ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოითმინონ ძალადობა, რომელსაც თავად 12 წელი ითმენდა: „არ არსებობს ადამიანის გამოსწორება ზრდასრულ ასაკში. არ უნდა ელოდოთ, იქნებ რაღაც შეიცვლება. შეიცვლება ის, რომ გაინადგურებთ თქვენს ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ისე, როგორც მე“, – ამბობს მარინე.

მარინეს თქმით, კონფლიქტი დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე. ამბობს, რომ ყოველთვის ცდილობდა სახლში შექმნილ აყალმაყალსა და „ხელჩართულ ბრძოლას“ შვილები გაერიდებინა, მაგრამ ბავშვები მაინც გრძნობენ და ხედავენ ყველაფერს.

იხსენებს, რომ თავდაცვის მიზნით ერთხელ პოლიციაც გამოიძახა, მაგრამ როცა პოლიციელები მივიდნენ, გამოძახების მიზეზი შეცვალა, რასაც ნანობს.

მარინე მშობლების ერთადერთი შვილია და 6 წლის წინაც მშობლების სახლში ცხოვრობდა. ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, განქორწინება იმანაც გააბედვინა, რომ „წასასვლელი“ ჰქონდა. მისი გამოცდილებით, როცა ქალებს მოძალადე ქმრებთან გაშორებას ურჩევს, ისინი პასუხობენ: „შენ გქონდა წასასვლელი, მე არ მაქვს“.

„მე ვიცნობ ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რომლებიც ახლაც ქმრებთან რჩებიან, მთავარი მიზეზი კი საცხოვრებლის არქონაა. ამის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ არაფრის გულისთვის არ უნდა დაიხიონ უკან, არ უნდა გაუძლონ ძალადობას და იქცნენ [ქმრის] სათამაშოდ“, – ამბობს მარინე.

მარინეს თქმით, ყოფილი ქმარი ბავშვების ალიმენტსაც კი არ უხდის. მას კი ძალიან ცოტა შემოსავალი აქვს, მით უფრო, როცა 14, 12 და 9 წლის შვილებს ზრდის.

შვილებისთვის ნორმალური პირობები რომ შეექმნა, სწორედ ამიტომ მარინემ გადაწყვიტა ბათუმში სამუშაოდ გადმოსვლა და ერთ-ერთ მარკეტში, ღამის ცვლაში დაიწყო მუშაობა.

„ფიზიკურად ვმუშაობდი მარკეტში ღამის ცვლაში. 5-6 თვის განმავლობაში არც ერთი ღამე არ მეძინა, ყოველღამე ვმორიგეობდი, რაც ვერ აიტანა ჩემმა ორგანიზმმა – ინფარქტი მივიღე და უმუშევარი დავრჩი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე“, – ამბობს მარინე.

ახლა მარინე ბავშვებთან და დედასთან ერთად მიზერული შემოსავლით არსებობს – სოციალური დახმარება, მარტოხელა დედის ყოველთვიური 100-ლარიანი დახმარება და დედის პენსია, რაც წამლებშიც არ ჰყოფნის.

„ამ შემოსავლით ძალიან რთულია შვილები თუნდაც სასკოლოდ რომ მოამზადო – ტანსაცმელია, ჩანთაა… ამას ემატება კომუნალური გადასახადები, კვება ხომ უნდათ ბავშვებს?

წელს სასკოლოდ ბავშვებს მხოლოდ 10-10 ცალი რვეული და თითო კალამი ვუყიდე, მეტი არაფერი. არ არის ადვილი, როცა შვილებს ახალ სასწავლო წელს სკოლაში შარშანდელი ტანსაცმლით უშვებ. დამიჯერეთ, ეს დედას კლავს“, – ამბობს მარინე. – „ძალიან ბევრ რამესთან უწევს ბრძოლა მარტოხელა დედას, პირველ რიგში, გაჭირვებასთან. იმასთან, რომ მისმა შვილებმა საღამოს ვახშმის გარეშე არ დაიძინონ, ზამთარში არ შესცივდეთ და ბევრ სხვა რამესთან“.

პუტინმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის რუსეთის საკუთრებაში გადატანის ბრძანება გასცა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს, 5 ოქტომბერს, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც რუსეთის მთავრობას უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის დამყარება და მისი „ფედერალურ საკუთრებაში“ გადაყვანა დაევალა.

ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბრძოლის წინა ხაზთან სიახლოვე, ზრდის საერთაშორისო შეშფოთებასა და შიშს ბირთვული კატასტროფის შესახებ. უკრაინულმა მხარემ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ რუსეთმა შესაძლოა სადგურზე აფეთქება მოაწყოს.

დღესვე, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტრომომარაგება ძალიან მყიფეა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 1984-1995 წლებში აშენდა. იგი უდიდესი ატომური ელექტროსადგურია ევროპაში, ხოლო მსოფლიოში მეცხრე ადგილზე. მას აქვს ექვსი რეაქტორი, რომელთაგან თითოეული გამოიმუშავებს 950 მეგავატ ელექტროენერგიას და საერთო სიმძლავრე 5700 მეგავატია, რაც საკმარისი ენერგიაა დაახლოებით 4 მილიონი სახლისთვის.

ჩვეულებრივ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აწარმოებს უკრაინის ელექტროენერგიის მეხუთედს, რაც ქვეყნის ატომური ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის თითქმის ნახევარია.

ელექტროსადგური მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, ენერგოდარში, კახოვკას წყალსაცავის ნაპირებზე, მდინარე დნეპრზე. ის დაახლოებით 200 კილომეტრშია სადავო დონბასის რეგიონიდან და 550 კმ-ში კიევიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით.

როგორ ხდება ძუძუს თვითშემოწმება და რატომ არის ის საჭირო – რჩევები მამოლოგისგან

კიბოს რეგისტრის მონაცემებით, სარძევე ჯირკვლის კიბო ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალებში. რეკომენდებულია, რომ ქალებმა და გოგოებმა სარძევე ჯირკვლის თვითშემოწმება თვეში ერთხელ მაინც ჩაიტარონ. ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრის ცნობით, „დიაგნოსტირებული სარძევე ჯირკვლის კიბოს 40 პროცენტი აღმოჩენილია ქალების მიერ, რომლებმაც ხელით იგრძნეს კვანძი, ამიტომ მკერდის რეგულარული თვითშემოწმების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია“.

“მედცენტრის” ონკოლოგ-მამოლოგი მზია ხალვაში ამბობს, რომ ყველაზე ეფექტური გზა სიმსივნის პროფილაქტიკისთვის ინსტრუმენტული შემოწმებებია. მაგალითად, მამოგრაფია სიმსივნეს ავლენს მანამ, სანამ ის ფიზიკურად შეგრძნებადი გახდება მკერდში, თუმცა სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაეცნოთ თქვენი მკერდის გარეგნობასა და შეგრძნებებს, რათა ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, დროულად მიმართოთ სპეციალისტს.

  • ქალბატონო მზია, რა ასაკიდან არის რეკომენდებული თვითშემოწმება?

მივიჩნევ, რომ ძუძუს შემოწმება უნდა დაიწყოს იმ ასაკიდან, როდესაც უკვე ხდება ძუძუს სტრუქტურის ფორმირება, ანუ დათვალიერება უნდა მოხდეს რაც შეიძლება დროულად და ადრეული ასაკიდან.

ხშირად მომმართავენ გოგონები 16-17 წლის ასაკში. მიმაჩნია, რომ თვითშემოწმება მნიშვნელოვანია ნებისმიერ ასაკში, თუნდაც 15 –დან 70 წლამდე და შემდეგ.

სისტემატური დათვალიერება მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა არ გამოგვეპაროს რაიმე ცვლილება მკერდზე და ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისას, იქნება ეს ტკივილის შეგრძნება, კანის რაიმე სიმპტომი – დვრილის ფორმის ცვლილება, არეოლას გასქელება, არათანაბარი დგომა, ორივე ძუძუს ასიმეტრია ან იღლიის ლიმფური კვანძების გადიდება – აუცილებლად მოხდეს გამოკვლევა.

საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, კიბოს დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 6-8 ათასია. ძირითადი პრობლემაა დაგვიანებული მიმართვიანობა ექიმთან, რაც კიბოს განკურნების შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს. 

  • თვის რა მონაკვეთში არის რეკომენდებული თვითშემოწმება?

თვითშემოწმება თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ქალმა, მიზანშეწონილია ეს მოხდეს მენსტრუაციის დასრულებიდან 5-7 დღის განმავლობაში.

  • რატომ არ არის რეკომენდებული თვითგასინჯვა მენსტრუაციის დაწყებამდე და უშუალოდ მენსტრუაციის პერიოდში?

საქმე ის არის, რომ ციკლის წინა პერიოდში თვითშემოწმება ნაკლებად ინფორმატიულია, იმიტომ, რომ ძუძუ ჰორმონალური ორგანოა და ციკლის წინა პერიოდში, ხშირ შემთხვევაში იცვლის კონსისტენციას [სიმკვრივეს]. ამ დროს, ხშირ შემთხვევაში, ძუძუ იზრდება მოცულობაში, იზრდება მგრძნობელობა, ფართოვდება სადინარები და პათოლოგიური ნიშნების გამოვლენა შესაძლოა ვერ მოხერხდეს. მეტიც, არასანდო იქნება, რადგან ამ დროს მისი ფორმისა და მოცულობის ცვლილების, სადინარების გაფართოების და შეცვლილი სტრუქტურის გამო, მკერდი სხვაგვარად ისინჯება და შეიძლება რაღაც ცრუ შეგრძნებები იპოვო ძუძუში.

მნიშვნელოვანია რისკჯგუფების გათვალისწინება.

თუ ქალს აქვს მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა ენდოკრინული დაავადებების მიმართ, სიმსუქნე და სხვა ქრონიკული პათოლოგიური პროცესები, თუნდაც ის, რომ ხშირად მკურნალობს კუჭ-ნაწლავზე, აქვს ღვიძლის გაცხიმოვნება, ნაწლავების პრობლემა, მაგალითად, ხშირი შეკრულობის სახით, ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს დისჰორმონალური ცვლილებები [სარძევე ჯირკვლის ქსოვილის გადაგვარება, გამოწვეული ჰორმონული დარღვევებით].

ქალებმა, რომლებიც მიეკუთვნებიან ამ რისკჯგუფებს, თუნდაც არაფერი აწუხებდეთ, პრევენციისთვის უნდა მიმართონ სკრინინგული გამოკვლევის მეთოდებს.

  • როგორია უშუალოდ თვითშემოწმების ტექნიკა?

თვითშემოწმებისას ქალმა უნდა აწარმოოს როგორც ორივე სარძევე ჯირკვლის ვიზუალური დათვალიერება, ისე – ხელით შემოწმება.

დათვალიერებისას უნდა დადგეთ სარკის წინ (ჯერ დაშვებული, შემდეგ მაღლა აწეული ხელებით) და დააკვირდეთ, ხომ არ ხედავთ რაიმე ცვლილებებს ვიზუალურად. მაგალითად, ხომ არ არის ძუძუს ან იღლიების მიდამოში კანის არაერთგვაროვნება, ჩაღრმავებული ან ამობურცული ადგილები, ხომ არ არის დვრილების ჩაბრუნება, ხომ არ არის არეოლა გასქელებული, ხომ არ არის სადმე კანი დეფორმირებული, შეჭმუხნილი, ხომ არ აღენიშნება ლიმონის ქერქის მსგავსი სიმპტომატიკა რომელიმე მხარეს, გაქვთ თუ არა გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან.

რაც შეეხება პალპაციას, ანუ ძუძუს ხელით გასინჯვას, ის შეიძლება ჩაიტაროთ როგორც მწოლიარე, ისე მდგომარე პოზიციაში. გასინჯვის დროს მკერდი ოდნავ აწეული უნდა იყოს, ამიტომ შეიძლება ცალი ხელი თავზე შემოიდოთ და მეორე ხელით [მარჯვენა ძუძუ – მარცხენა ხელით და პირიქით] აწარმოოთ საპირისპირო მხარეს ძუძუს ცირკულარული მოძრაობით გასინჯვა. კანქვეშ რაიმე გამაგრების, ტკივილის ნებისმიერი ცვლილების შემჩნევის შემთხვევაში, ასევე თუ იღლიისკენ ღრმა შემოწმებისას ისინჯება, რომ ლიმფური კვანძები გადიდებულია, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

შესაძლოა თვითგასინჯვა მოხდეს დაბანის პროცესში, ამ დროს უფრო ელასტიურად მოძრაობს ხელი, რადგან კანის საფარველი უფრო გლუვია.

ზოგჯერ ქალს აღენიშნება მოცულობით დიდი მკერდი, რა დროსაც შესაძლებელია ღრმად მდებარე კვანძები ვერ შეამჩნიოს, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტული კვლევა. თვითშემოწმება არ არის 100%-იანი გარანტია და მისი წარმატებით ჩატარება არ ნიშნავს, რომ პროფილაქტიკური კვლევები არ ჩავიტაროთ. სტანდარტის მიხედვით 2 წელიწადში მინიმუმ ერთხელ, ქალებმა 40 წლის ასაკიდან უნდა ჩაიტარონ მამოგრაფია, ხოლო 30 წლამდე ქალებმა – ექოსკოპია.

ასოციაცია „გენეზისის“ სახელმძღვანელოს მიხედვით, მწოლიარე მდგომარეობაში სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა ხდება სამ მდგომარეობაში:

წვებით ზურგზე, ხელს შლით „ზემკლავის“ მდგომარეობაში.

წვებით ზურგზე, ხელს შლით გვერდზე, “განმკლავის” მდგომარეობაში.

ზურგზე მწოლიარემ ჩამოუშვით გაშლილი ხელი ტანის გასწვრივ,
კვლავ გასინჯეთ ძუძუ მოპირდაპირე ხელით.

 

 

მოპირდაპირე ხელის თითებით გასინჯეთ სარძევე ჯირკვლის ჯერ გარეთა ნახევარი. გასინჯვას იწყებთ დვრილიდან და თითებს გადააადგილებთ ზედა გარეთა ნაწილისკენ. შემდეგ სინჯავთ შიდა ნახევრის ყველა ნაწილს ასეთი თანმიმდევრობით: გასინჯვას იწყებთ დვრილიდან და ხელს გადააადგილებთ მკერდის ძვლისკენ. დააკვირდით, არის თუ არა კვანძები, როგორია მათი სიმკვრივე, ხომ არ შეიგრძნობთ ტკივილს.

 

შემდეგ გაისინჯეთ იღლიის ქვეშ და ლავიწქვეშა მიდამოები

და ძუძუს თავები: ორი თითით ნაზად მოუჭირეთ დვრილს და არეოლას მიდამოს. დააკვირდით, არის თუ არა გამონადენი.

გამონადენი შეიძლება იყოს ერთი ან ორივე სარძევე ჯირკვლიდან; თავისით ან მხოლოდ ხელის მოჭერის დროს; სხვადასხვა ფერის: სისხლიანი, მომწვანო, ყვითელი ან თეთრი.

გაითვალისწინეთ, რომ სარძევე ჯირკვალში მოცულობითი წარმონაქმნისა და ძუძუს დვრილიდან გამონადენის გამომწვევი კიბოს გარდა შესაძლოა სხვა მიზეზებიც იყოს, რომელთა იდენტიფიცირებისა და მკურნალობისთვის  აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

_______________________________________

უფასო სკრინინგი შესაძლებელია ჩაიტაროთ ბათუმის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:

  • ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი (BAU) | პ. ბაგრატიონის ქ. N143;
  • ბათუმის რეფერალური საავადმყოფო | პ. ბაგრატიონის ქ. N125;
  • ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” |ფ. ხალვაშის გამზირი N237;
  • მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი “მედცენტრი” | ა. პუშკინის N118;

ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგპროგრამა მოიცავს ძუძუს ფიზიოლოგიურ გასინჯვას; მამოგრაფიულ გამოკვლევას, ხოლო პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში: ულტრაბგერით გამოკვლევას, ბიოფსიას ექოსკოპიის კონტროლით და ციტოლოგიურ კვლევას.

458 ათასი ლარი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის ადაპტირება-რემონტისთვის

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის რემონტისთვის 458 ათას 231 ლარია გამოყოფილი.

ტენდერი გამოცხადებულია და საბოლოო თანხა, რაც ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირდება, აჭარის 2022 და 2023 წლების ბიუჯეტიდან დაიფარება.

საბჭოს შენობაში უნდა მოეწყოს პანდუსი, ლიფტი და ჩატარდეს სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაო.

დოკუმენტების მიხედვით, გარდა იმისა, რომ შენობა არაადაპტირებულია, კედლებში წყალიც ჟონავს. მიზეზად კი, თავის დროზე არასწორად შესრულებული სამუშაოებია დასახელებული.

ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ლიფტი და ტაქტილური ბილიკი უმაღლესი საბჭოს შენობაში / რენდერები ტენდერიდან

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს:

• სახურავისა და ტერასების წყალსადინარი სისტემის რეაბილიტაცია-რემონტს;
• ფასადის განათების სისტემის შეცვლას;
• შენობის ფასადის სამღებრო სამუშაოებს;
• ფასადზე გამომავალი ფანჯრებისათვის ჰიდროსაიზოლაციო ღონისძიებებს;
• მთავარი შესასვლელის დეკორატიული საჩეხის რეაბილიტაციას.

სატენდერო დოკუმენტებს თან ახლავს შენობის „მისაწვდომობის კონცეფცია მობილობის, მხედველობისა და სმენის შეზღუდვების მქონე პირებისთვის“, რომლის ფარგლებში ჩატარდება შემდეგი სამუშაოები:

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 20 ოქტომბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 25 ოქტომბერს დასრულდება.

სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არაუმეტეს 120 დღეში უნდა დასრულდეს.

არსებული სიტუაცია / ფოტოები ტენდერიდან

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში [ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა №37] მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის და სახელმწიფო სიმბოლოების განსათავსებლად სპეციალური სივრცის მოსაწყობად 2021 წელს 105 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.

შენობაში სასესიო დარბაზის რემონტისთვის კი, 2019 წელს ბიუჯეტიდან 195 415 ლარი გამოიყო.

მანამდე, იმავე წელს, „თანამშრომელთა სათანადო სამუშაო პირობების შექმნის უზრუნველყოფისთვის“ – 133 068 ლარი.

აღნიშნულ შენობაში უმაღლეს საბჭომდე ხელოვნების უნივერსიტეტი იყო განთავსებული. შენობაში წყალი მაშინაც ჩადიოდა, რაც შენობის რეაბილიტაცია დასრულდა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტს 6 499 499 ლარი დაუჯდა.

ამავე თემაზე:

აჭარის მთავრობა ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს

„ამბასადორმა“ ბულვარში ისევ დააშენა

შპს „ამბსადორი ბათუმმა“ ბულვარში 21-ე სართულზეც დააშენა, პროექტის მიხედვით, აქ ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკი უნდა მოეწყოს. სპეციალისტები კი ეჭვობენ, რომ იმ ფართობზე, რა პარამეტრებიც ბოლო სართულს პროექტის მიხედვით დაშენებამდე ჰქონდა, დასაფრენი ბილიკის მოწყობა არ მოხერხდება.

გასული წლის ნოემბერში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე პროექტში ცვლილება დაამტკიცა და ახალი ნებართვა გასცა. პროექტში ცვლილება სანებართვო პირობების დარღვევით, უკანონოდ აშენებული ორი სართულის შეთანხმებას და შენობის სახურავზე ვერტმფრენის ასაფრენი ბილიკის მოწყობას გულისხმობდა. გარდა ამისა, შეიცვალა ორი სართულის  პარამეტრები.

 

სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, პროექტის ტექნიკური სართულის სიმაღლე გაიზარდა 2,70 მ.- დან 3,00 მ.-დე. რესტორნის სართულის სიმაღლე შემცირდა და 5,30 მ.-ის ნაცვლად გახდა 3,40 მ. დაემატა რესტორნის ერთი სართული; დაემატა ბოლო ერთი სართული, სადაც განთავსდა 8 ერთეული VIP ნომერი; სახურავზე მოეწყო ვერტოდრომი; მოეწყო აივნები.

მიმდინარე მშენებლობა ამ პარამეტრებს არ ემთხვევა. კომპანიამ დააშენა იმ სართულსაც, რომელიც გასული წლის ნოემბერში შეთანხმებული პროექტის მიხედვით ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკი უნდა ყოფილიყო.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ვკითხეთ, შევიდა თუ არა პროექტში კიდევ ერთი ცვლილება გასული წლის ნოემბრის შემდეგ, თუ კომპანია ისევ შეთანხმებული სანებართვო პირობების დარღვევით, ანუ უკანონოდ აშენებს? – „მოგვწერეთ და გიპასუხებთ“ გვითხრეს სააგენტოში.

მშენებლობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გასცა, რადგან სამშენებლო ნაკვეთი ძეგლის ტერიტორიაზეა. სააგენტოს მივწერეთ და პასუხს მისი მიღების შემთხვევაში აქვე შემოგთავაზებთ.

კომპანიის წარმომადგენლის, გოჩა კამკიას ინფორმაციით კი, კომპანიამ ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკი საგანგებო სიტუაციების სამმართველოს რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოიყვანა „ექსპლუატაციის მიზნებისთვის“. არის თუ არა ეს მართლა ასე, ვერც საგანგებო სიტუაციების სააგენტოში გადავამოწმეთ. აქაც გვითხრეს, რომ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა მივწეროთ.

გოჩა კამკიას თქმით, ცვლილება სააგენტოსთან შეთანხმებულია.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

„ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარის ცენტრში, საპროექტო ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა პირველად 2018 წელს მოიპოვა, პროექტი ოთხსართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გულისხმობდა.

2019 წლის დასაწყისში კომპანიამ სამშენებლო ტერიტორიის ბულვარის საზღვრებიდან ამოღებაც სცადა. მიზნის მიღწევის შემთხვევაში, შემდეგი ნაბიჯი სამშენებლო ნაკვეთზე ძეგლის სტატუსის მოხსნა იქნებოდა, თუმცა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსგან უარი მიიღო.

2019 წლიდან „ამბასადორი“ ორჯერ დაჯარიმდა პროექტის დარღვევით მშენებლობისთვის, კერძოდ, მაღლივი შენობისთვის განკუთვნილი ხიმინჯოვანი საძირკვლების მოწყობისთვის, რაც იმთავითვე აჩვენებდა კომპანიის განზრახვას, შენობის საძირკველი, სათანადო ნებართვის არქონის მიუხედავად, მაღლივი შენობისთვის მოემზადებინა.

2019 წლის ბოლოს, „ამბასადორი ბათუმმა“ სანებართვო პირობებში ცვლილების შეტანა და ოთხსართულიანი კონსტრუქციის 15 სართულამდე გაზრდა მოითხოვა. სააგენტომ მაშინ პროექტის შეცვლაზე უარი უთხრა. თუმცა 2021 წლის 21 იანვარს კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე 19-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის უფლება მისცა.

2020 წელს „ამბასადორი ბათუმი“ უკანონო, მეხუთე სართულის აშენებისთვის დაჯარიმდა. ამის შემდეგ ნაგებობის პროექტი, ბათუმის მერიის ჩართულობის გარეშე, 16 სართულამდე გაიზარდა.

2021 წლის სექტემბერში „ამბასადორი ბათუმმა“ შენობას მე-17 უკანონო სართული დააშენა. 

2022 წლის 22 აგვისტოს ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების გეგმიდან ამოიღეს ჩანაწერი, რომ „ამბასადორის“ პროექტი ბულვარისთვის შეუსაბამოა.

პუტინმა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მომანიჭა – კადიროვი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს, რამზან კადიროვს გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა. ამის შესახებ თავად კადიროვი წერს ტელეგრამზე.

კადიროვის თქმით, პუტინმა პირადად აცნობა მას ამის შესახებ. დღეს კადიროვს დაბადების დღე აქვს, იგი 46 წლის გახდა.

„ჩვენი მთავარსარდლის უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი ღვაწლის მაღალი შეფასებისთვის! ეს ჩემთვის დიდი პატივია. ვიძლევი სიტყვას, რომ გავამართლებ ავანსად გამოხატულ ნდობას“, – წერს კადიროვი.

იგი ასევე წერს, რომ ბრძანება მისთვის გენერალ-პოლკოვნიკის წოდების მინიჭების შესახებ 709-ე ნომრითაა გამოცემული. კრემლის მიერ კონტროლირებული რუსული მედია ჯერჯერობით ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

 

უნივერსიტეტმა ფეისბუქპოსტის გამო სტატუსი შემიწყვიტა – სტუდენტი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ყოფილი სტუდენტი, თამარ ლომიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტის სტატუსი ფეისბუქპოსტის გამო შეუწყვიტა. „ფაქტობრივად, გამაგდეს, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ ლომიძე. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კი მიიჩნევს, რომ სტუდენტის პოსტი არაეთიკური იყო.

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ მან შეტყობინება 6 სექტემბერს წერილობით მიიღო, რის გამოც იძულებული გახდა, მობილობა ერთ დღეში მოესწრო.

„ოქმში წერია, რომ სტატუსს იმავე უნივერსიტეტში ვერ აღვიდგენდი, თუმცა სხვა უნივერსიტეტში შემეძლო მობილობით გადასვლა.

სტატუსი შემიწყვიტეს 6 სექტემბერს, მაშინ, როცა მობილობა 7 სექტემბერს სრულდებოდა. ერთ დღეში უნდა მომესწრო სხვაგან გადასვლა.

შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, რადგან, ფაქტორივად, გამაგდეს, დისკომფორტი შემიქმნა პროცესმა, რადგან არ არის მარტივი მობილობა, ძალიან ბევრი საბუთი გჭირდება და ასევე უნდა გაიარო ინდივიდუალური თუ ჯგუფური გასაუბრება. ეს დიდ სტრესთან იყო დაკავშირებული, რადგან ერთ დღეში მომიწია ამ ყველაფრის გავლა“, – ამბობს თამარი.

როგორც სტუდენტმა გვითხრა, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც უნივერსიტეტის სტიპენდიატების ჩათში გამოსაშვები საღამოს შესახებ დაიწყო საუბარი და რექტორის, გია კავთელიშვილის მხრიდან იყო კომენტარი იმის შესახებ, რომ გამოსაშვებ საღამოს ვერ დაესწრებოდნენ ის სტუდენტები, რომლებიც „ფეისბუქში“ სეუ-ს შესახებ კრიტიკულ კომენტარებს წერდნენ.

„ამას წერდა ჩატში რექტორი. მეც დავაკომენტარე, რომ ეს თანასწორობის ფარგლებს სცდებოდა, რაზეც მან დამიკომენტარა, რომ ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია და დიდი ამბიციები მაქვს.

რადგან საერთო ჩატი იყო და ბევრი ადამიანი კითხულობდა, რექტორს ვთხოვე, თუ რამე პრეტენზია ჰქონდა ჩემთან, იქნებ პირადად მოეწერა, რაზეც ასევე საჯაროდ დამიკომენტარა, რომ „მე ვინ ვარ, რომ პირადში დამიკავშირდეს“ და რომ თურმე საქმეებს ვურჩევ.

ბოლოს მითხრა, შენ ადგილზე, მობილობით გადავიდოდი სხვაგანო. მე მივწერე, რომ არ ვაპირებდი სადმე გადასვლას, რადგან პროგრამა მომწონდა. ამაზე მიპასუხა – მაგასაც ვნახავთ, თუ არ გადახვალო.“

ამის შემდეგ, როგორც თამარ ლომიძე ამბობს, მან ფეისბუქში პოსტი დაწერა, სადაც ამბობდა, რომ „მხოლოდ ქართულ უნივერსიტეტებში ზღუდავს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სიტყვის თავისუფლებას და მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტს აქვს პატივისა და ღირსების უფლება…

რომ ამ ყველაფერთან ერთად გრძელი ენაც მქონია, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ ჩემი უფლებაა, მომწონდეს ან არ მომწონდეს რაღაც და ღიად ვამბობდე ამ ყველაფერს. ამის აკრძალვა სხვა არაფერია, გარდა სიბნელისა“, – წერდა თამარ ლომიძე.

ეს ტექსტი შეტანილია ოქმში და იმსჯელა უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ, რის საფუძველზეც დაასკვნეს, რომ სტუდენტმა თამარ ლომიძემ ეს სტატუსი დაწერა მაშინ, „როცა  უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი იდგა, აბიტურიენტთა მიერ არჩევანის გაკეთება, სასურველი უნივერსიტეტის არჩევა და ა.შ“. ეს, ეთიკის საბჭოს აზრით, ზემოქმედებას მოახდენდა მათ გადაწყვეტილებებზე.

კომისიის დასკვნაში ასევე წერია, რომ სტუდენტმა დახურული ჯგუფიდან რექტორის მიმოწერები შეცვლილი კონტექსტით, „ამოგლეჯილი გამოიტანა“, რაც მიმართული იყო რექტორის და კონკრეტულად, სეუ-ს რეპუტაციის წინააღმდეგ.

თუმცა თამარ ლომიძის ფეისბუქის პოსტში არსად არის ნახსენები არც რექტორის სახელი და გვარი და არც კონკრეტული უნივერსიტეტი.

ეთიკის კომისია ოქმში ასევე წერს, რომ დახურულ ჯგუფში რექტორის მხრიდან ნახსენებ „გრძელ ენაში“ იგულისხმებოდნენ ის კურსდამთავრებულები, რომლებმაც სოციალურ ქსელში განათავსეს სეუ-ს შეუარცხმყოფელი პოსტი („ბანძები“) და არა თამარ ლომიძე.

თამარ ლომიძის სტატუსზე უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ 48 წუთი იმსჯელა და სტუდენტის წინააღმდეგ სასჯელის უმაღლესი ზომა, სტატუსის შეწყვეტა გამოიყენა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტის სტატუსში ერთი შეხედვით არ ხდება კონკრეტული პირებისა თუ უნივერსიტეტის იდენტიფიცირება, კომისიის წევრები მაინც მიიჩნევენ, რომ სტუდენტის პოსტი აზიანებს რექტორისა და უნივერსიტეტის იმიჯს.

მიუხედავად იმისა, რომ თამარ ლომიძე წარმატებული სტუდენტი და უნივერსიტეტის სტიპენდიანტი იყო, ეთიკის საბჭომ არ გამოიყენა სასჯელის ფორმები: „გაფრთხილება“, „საყვედური“, „სასტიკი საყვედური“, „სტიპენდიის შეზღუდვა“ და მას პირდაპირ სტატუსი შეუჩერა.

„რექტორი სქრინავდა სხვა სტუდენტების პოსტებს, აზიარებდა საერთო ჩათში და წერდა – „ეს ხომ არ გავრიცხოთ?“, „გასარიცხია?“ ან მათ პირად მონაცემებს აზიარებდა ჩვენთან.

ერთ-ერთი სტუდენტი წერდა, რომ „გამოცდაზე მისვლას ვერ ვახერხებ, რადგან საქართველოში არ ვარ“. ამ პოსტს აზიარებდა ჩათში და წერდა, რომ ტყუის და რომ „გერმანიაში გავლილიც კი არ არის“ და აი, ასეთ დამამცირებელ კომენტარებს წერდა და არც სახელსა და გვარს ფარავდა იმ კონკრეტული სტუდენტის.

ამის გამო დისკომფორტი მქონდა ყოველთვის, მაგრამ ვცდილობდი არ შევსულიყავი დისკუსიაში, მაგრამ როცა დაწერა, რომ კრიტიკულად განწყობილი სტუდენტები გამოსაშვებ საღამოს ვერ დაესწრებოდნენ, მაშინ გამოვხატე ჩემი აზრი და ეს გახდა გადამწყვეტი იმისთვის, რომ სტატუსი შეეწყვიტათ“, – გვეუბნება თამარ ლომიძე.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის სეუ-ს ადმინისტრაციას დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რა გახდა თამარ ლომიძისთვის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, იყო თუ არა ამის მიზეზი ფეისბუქში გამოქვეყნებული პოსტი, როგორც ეს ეთიკის კომისიის დასკვაში ეწერა, თუ არსებობს კიდევ სხვა გარემოებები?

უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ კითხვაზე პასუხი წერილობით გაგვცა.

მათ მიერ გამოგზავნილ წერილში წერია, რომ „ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება თამარ ლომიძესთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებსა და უნივერსიტეტის რეგულაციებთან და ეფუძნება განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და არსებულ მტკიცებულებებს.

მათ შორის, საქმის მასალებში ინახება მტკიცებულება, თავად თამარ ლომიძის აღიარების სახით, იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო პოსტი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს და მისი რექტორისადმი იყო მიმართული და შესაძლო იყო მისი იდენტიფიცირება აუდიტორიის მხრიდან“, – წერია სეუ-ს მიერ მოწოდებულ წერილში.

სეუ-ს განცხადებით, თამარ ლომიძის „ბოლოდროინდელი განცხადებები საჯარო პოსტის ზოგადი ხასიათის შესახებ“, წინააღმდეგობაში მოდის ეთიკის კომისიის წინაშე გაკეთებულ მისსავე განმარტებასთან.

თამარ ლომიძე არ იზიარებს ადმინისტრაციის განცხადებას და უნივერსიტეტთან სამართლებრივ დავას აპირებს.

რუსეთს უკრაინელი ხალხის მიმართ „უდიდესი პატივისცემა“ აქვს – პუტინი

დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლებთან სატელევიზიო შეხვედრისას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინელი ხალხისადმი „უდიდესი პატივისცემა“ აქვს, მიუხედავად „მიმდინარე სიტუაციისა“.

ინფორმაციას, „როიტერსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის მიერ ბოლოს ანექსირებულ ოთხ უკრაინულ რეგიონზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ იქ მდგომარეობის „დასტაბილურებას“ მოელის.

______

ბოლო დღეები უკრაინის კონტრშეტევისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. გუშინ, 4 ოქტომბერს, გვიან ღამით უკრაინამ ხერსონის კიდევ ორი დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ განაცხადა.

დღესვე უკრაინამ თქვა, რომ უკრაინის არმიამ ლუგანსკის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, 17 დასახლების დაკარგვა ხერსონის რეგიონში ძალიან შემაშფოთებელია“, – თქვა რუსმა პროპაგანდისტმა და რუსეთის „პერვი კანალის“ წამყვანმა ოლგა სკაბაევამ მას შემდეგ, რაც კოლეგისგან ხერსონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალების მდგომარეობაზე, მათ შორის, ანექსირებულ ხერსონში არსებულ ვითარებაზე, მსჯელობისას ოლგა სკაბაევამ დასძინა:

„ფრონტზე სიტუაცია ძალიან რთულია. მცოდნე ხალხი ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, იმ გაგებით, რომ მომდევნო 3 კვირა კიდევ უფრო რთული იქნება და უნდა მოვიცადოთ. დღეს თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ თქვა, რომ 200 000 [რეზერვისტი] უკვე მობილიზებულია და ისინი უახლოეს მომავალში აღმოჩნდებიან ფრონტზე.

სავარაუდოდ, შეტევაზე გადავალთ. მაგრამ ახლა ზელენსკია შეტევაზე“.

ამავე თემაზე:

კრემლი უნდა შფოთავდეს ლუგანსკის საზღვრებთან უკრაინელთა მიახლოებით – ბრიტანეთის დაზვერვა 

უკრაინა ხერსონში სერიოზულ წარმატებებს აღწევს – ISW

კრემლი ირწმუნება, რომ უკრაინის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებს ისევ დაიპყრობს

ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი აუცილებლად „დაიბრუნებს“ უკრაინის მიერ გათავისუფლებულ იმ ტერიტორიებს, რომლებზეც „რეფერენდუმები“ ჩაატარა და რომლებიც პუტინმა „რუსეთს შეუერთა.“

პესკოვის კომენტარებს რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, ხომ არ არის შეუსაბამობა პუტინის განცხადებებსა და რეალობას შორის – რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ტერიტორიების შეერთება“ რუსეთთან – ეს სამუდამოა, მაშინ, როდესაც ამ ტერიტორიებს რუსეთის ჯარები ტოვებენ.

„არანაირი წინააღმდეგობა არ არის, ისინი სამუდამოდ რუსეთთან იქნებიან, ჩვენ მათ დავიბრუნებთ,“ – განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები „რუსეთის შემადგენლობაში შევიდნენ“ იმ საზღვრებით, რომლებშიც ამ ოლქებს, შეერთების მომენტში, მათი სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია მართავდა.  

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იქ გარკვეული ტერიტორიები დაბრუნდება. ჩვენ განვაგრძობთ კონსულტაციებს მოსახლეობასთან, რომელიც გამოთქვამს რუსეთთან ცხოვრების სურვილს“.

5 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კონსტიტუციურ კანონს, უკრაინის ოთხი ოლქის – ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის შემადგენობაში მიერთებაზე.

დღესვე უკრაინამ თქვა, რომ უკრაინის არმიამ ლუგანსკის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

წინა დღეს, 4 ოქტომბერს კი, უკრაინელებმა ხერსონში 8 დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, 17 დასახლების დაკარგვა ხერსონის რეგიონში ძალიან შემაშფოთებელია“, – თქვა რუსმა პროპაგანდისტმა და რუსეთის „პერვი კანალის“ წამყვანმა ოლგა სკაბეევამ მას შემდეგ, რაც კოლეგისაგან ხერსონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალების მდგომარეობაზე, მათ შორის, ანექსირებულ ხერსონში არსებულ ვითარებაზე მსჯელობისას ოლგა სკაბაევამ დასძინა:

„ფრონტზე სიტუაცია ძალიან რთულია. მცოდნე ხალხი ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, იმ გაგებით, რომ მომდევნო 3 კვირა კიდევ უფრო რთული იქნება და უნდა მოვიცადოთ. დღეს თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ თქვა, რომ 200 000 [რეზერვისტი] უკვე მობილიზებულია და ისინი უახლოეს მომავალში აღმოჩნდებიან ფრონტზე.

სავარაუდოდ, შეტევაზე გადავალთ. მაგრამ ახლა ზელენსკია შეტევაზე“.

რუსი პროპაგანდისტების „სიმართლე“ ხერსონში ვითარებაზე „პერვი კანალის“ ეთერში

პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა აჭარაში ევროკავშირის მხარდაჭერით

4 ოქტომბერს, ბათუმში, ევროკავშირის მხარდაჭერით, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებლებმა.

  • რა პრობლემები გამოიკვეთა შეხვედრაზე

როგორც ირკვევა, აჭარაში ბიზნეს სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობა სუსტი და ფრაგმენტულია. ამას ადასტურებს 2022 წელს აჭარის რეგიონში „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევაც.

150 გამოკითხული ორგანიზაციიდან 115-მა განაცხადა, რომ არ თანამშრომლობს პროფესიულ სასწავლებლებთან. 

„ჩვენ გავეცანით გამოკითხვის შედეგებს, ძალიან შემაშფოთებელია, რომ გამოკითხული ბიზნესის უდიდესი ნაწილი არ თანამშრომლობს პროფესიულ სასწავლებლებთან და წარმოდგენაც არ აქვს მათი საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, ბიზნესი და სასწავლებლები ერთმანეთს დავაკავშიროთ ,”- ამბობს გიორგი რომანაძე, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე.

გიორგი რომანაძე

შეხვედრაზე გამართული დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ პროფესიულ სასწავლებლებთან ძირითადად მცირე ბიზნესი არ თანამშრომლობს:

„კვლევები აჩვენებს, რომ კერძო სექტორს და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობა სუსტია, მაგრამ სხვა პრობლემები და სხვა მიზეზებიც გამოჩნდა. 

დადასტურდა, რომ მცირე ბიზნესი ნაკლებად თანამშრომლობს, გამომდინარე მათი შეზღუდული რესურსებიდან, მაგრამ მსხვილი ბიზნესი ჩვენთან საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს, იქნება ეს ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, ინჟინერიის თუ სხვა სფერო,” – ამბობს მადონა მიქელაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი.

საქართველოს გაეროს ასოციაციის ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS) პროექტის კოორდინატორი ზურაბ სამარღანიშვილი „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ შეხვედრის მიზანი კვლევის შედეგების გადამოწმება და დამატებითი პრობლემების იდენთიფიცირებაა:

„რეალურად არსებობს კომუნიკაციის პრობლემა, მაგრამ ის არის არა ზოგადად ბიზნესსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის, არამედ მცირე ბიზნესსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის და ამ შეხვედრის ფარგლებში, რომელიც იყო სექტორთაშორისი, დაიგეგმა შემდეგი მონიტორინგის გზები. 

ვისაუბრეთ, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შემდეგი მონიტორინგი უფრო რეალურ სურათს ასახავდეს და საბოლოო ანგარიში ორი მონიტორინგის შედეგები იყოს უფრო სრულყოფილი“ – ამბობს ის.

ზურაბ სამარღანიშვილი

მხარეებმა ასევე ისაუბრეს, თუ როგორ შეუძლია სამოქალაქო სექტორს ხელი შეუწყოს იმ პროგრამების განვითარებას, რაც ბიზნესს აინტერესებს პროფესიული განათლების მიმართულებით, როგორ შეუძლია ბიზნეს სექტორს უმასპინძლოს იმ ადამიანებს, ვინც კვალიფიკაციის ამაღლებითაა დაინტერესებული და რა შეუძლია სახელმწიფო სტრუქტურებს ამ მიმართულებით. 

„აქვე უკვე გაჩნდა ახალი იდეები და წინადადებები. გავცვალეთ საკონტაქტო ინფორმაცია, დაიგეგმა მომავალი შეხვედრა.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა გარკვეულ შედეგებზე გაგვიყვანს და შემდეგ ბევრი კითხვა, რომელიც კომუნიკაციის ნაკლებობის გამო ჩნდება, მოიხსნება,” – ამბობს მადონა მიქელაძე.

სამრეწველო პალატის თავმჯდომარის აზრით, კავშირების გაღრმავების შედეგად, მივიღებთ უფრო მეტ პროფესიონალ კადრს:

„ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყნიდან კადრების გადინება არ მოხდეს. 

ძალიან ბევრი ბიზნესისგან გვესმის, რომ დღეს პროფესიონალების მოძიება საკმაოდ რთულია. ჩვენ ბიზნეს გაერთიანება გვაქვს და ჩვენი როლს ვხედავთ, რომ ბიზნესს ხელი შევუწყოთ და პროფესიონალი კადრების მომზადებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ,”- აცხადებს გიორგი რომანაძე.

შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის“ (LINKS) ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის“ (skill4jobs) ფარგლებში „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ. 

აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია არის „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH) . 

 „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტის მიზანია ცოდნისა და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა პროექტის ოთხ სამიზნე რეგიონში: აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. 


„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ, ხოლო აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“ (IJH) 

თურქეთში კაცი პარაშუტით მიფრინდა სამსახურში, რომ არ დაეგვიანებინა

თურქეთში ავეჯის ქარხნის პუნქტუალური თანამშრომელი სამსახურში პარაშუტით მიფრინდა, რომ არ დაეგვიანებინა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ცნობით, შემთხვევა შაბათს, პირველ ოქტომბერს მოხდა ბურსას პროვინციაში. ავეჯის ქარხნის დარაჯმა შენიშნა, როგორ დაეშვა ციდან პარაშუტისტი ქარხნის ეზოში, პარაშუტი აკეცა და შენობაში შევიდა.

ქარხნის 38 წლის თანამშრომელი დემ კეკსინი პარაპლანით საფრენად ბურსას მთებში იყო, ქარხანაში თავისი ცვლის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.

„სამსახურში 8:30 საათზე უნდა ვყოფილიყავი, შევნიშნე, რომ ათი წუთით ვაგვიანებდი და გადავწყვიტე გადახტომა პარაპლანის საფრენი წერტილიდან (2200 მეტრის სიმაღლიდან). გამიმართლა, რომ ქარხნის უკანა ეზოში ჩავჯექი,“ – უთხრა მან ჟურნალისტებს.

კეკსინმა დაახლოებით 15 კილომეტრი იფრინა სამსახურამდე. იგი ათი წელია პროფესიონალი პარაპლანისტია.

დედა, არ ინერვიულო, რამდენიმე დღე არ ვიქნები – 26 წლის „აზოველის“ ბოლო შეტყობინება  

„დედა, არ ინერვიულო, რამდენიმე დღე არ ვიქნები. წვრთნებზე ვარ,“ – 30 მარტს მისწერა ვოლოდიმირმა, 26 წლის „აზოველმა“ დედამისს, კატერინა ბიკოვას.

ეს მისი უკანასკნელი შეტყობინება იყო. დედა შვილს ყველგან ეძებდა. ამშვიდებდნენ: „სწავლებაზეა, სადღაც დარბის, ალბათ“. აპრილის ბოლოს კატერინამ შეიტყო, რომ ვოვა დაიღუპა. მაშინ, მარტში, ის არა სამხედრო წვრთნებზე, არამედ მარიუპოლში, „აზოვსტალში“, გაფრინდა მეგობრებთან.

ვოვას ისტორიას გამოცემა Hromadske-სთან დედამისი იხსენებს.

ვოლოდიმირ (ვოვა) კრავჩენკო 2013 წლამდე ლუგანსკში ცხოვრობდა, სკოლის დამთავრების შემდეგ კი კიევში გადავიდა სასწავლებლად. 2014 წლის გაზაფხულზე, როდესაც აღდგომას შინ დაბრუნდა, ლუგანსკში პრორუსი აქტივისტები „ანტიმაიდანს“ იწყებდნენ.

„ეს რა ხდება, წავალ დავშლი მაგათ“, – უთქვამს და მეგობრებთან ერთად შეკრებისკენ გაქცეულა. კატერინა იხსენებს, რომ ვოვა დაიჭირეს, ელექტროშოკით აწამეს, დაკითხეს და ოჯახმა ძლივს გამოიხსნა. ამის შემდეგ, ის ომში წასვლაზე ხშირად ლაპარაკობდა.

2015-ში ვოვამ ინსტიტუტი მიატოვა და დონბასში წასვლა გადაწყვიტა. დედაც და მისი მეგობრებიც წინააღმდეგი იყვნენ. „მხოლოდ 18 წლის იყო, ახალგაზრდული მაქსიმალიზმით შეპყრობილი, ემოციური,“ – ჰყვება დედა.

მაშინ ოჯახმა გადააფიქრებინა, თუმცა 25 თებერვალს, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეორე დღესვე, ტერიტორიული თავდაცვის ძალებში მივიდა. როგორც გამოუცდელი, უკან გაუშვეს. უთხრეს, მოეცადა.

„მხოლოდ ვტიროდი და ვლოცულობდი,“ – კატერინა იხსენებს, რომ 26 წლის შვილს ვეღარ გააჩერებდა, როგორც თავის დროზე 18 წლისა გააჩერა.

ვოლოდიმირ კრავჩენკო/ფოტო: კატერინა ბიკოვას ფეისბუქიდან

რამდენიმე დღის შემდეგ მარიუპოლში მყოფი „აზოველი“ მეგობრების დახმარებით ვოვა კიევში „აზოვში“ ჩაეწერა და სამხედრო მომზადება დაიწყო.

ბოლო შეტყობინება მისგან დედამ 30 მარტს მიიღო. კატერინა სწერდა ვოვას, თუმცა ის ქსელში არ ჩნდებოდა, სწერდა ნაცნობებს, თუმცა კონკრეტულ ინფორმაციას არავინ აწვდიდა. 22 აპრილს დაურეკეს და უთხრეს, რომ ვოვა ჯერ კიდევ თვის დასაწყისში მარიუპოლში გაფრინდა.

„შიგნით ყველაფერი ჩამწყდა. ისტერიკა დამეწყო, შვილს, გოგოს ვთხოვდი, როგორმე მოგვეძებნა. ბოლოს აღიარეს, რომ „აზოველებისგან“ უკვე იცოდნენ, რომ ვოვა 2 აპრილს დაღუპულა. გოგომ მითხრა: „დედა, ეს ტკივილი ახლა სულ შენთან იქნება, მინდოდა, კიდევ ცოტა ხანი გქონოდა მის გარეშე“.

ცხედრების გაცვლა ზაფხულში მოხერხდა. კატერინას ფოტო გამოუგზავნეს, დაღუპული სამხედროს სახეზე ცნობა შეუძლებელი იყო.

„ტატუთი ვიცანი. ურობოროსი ეხატა – გველი, რომელიც საკუთარ კუდს ჭამს და ასე ქმნის წრეს. ის ხელახლა დაბადებას ნიშნავს,“ – ამბობს კატერინა.

საიდუმლო ოპერაციის შესახებ დედამ მხოლოდ ცხედრის ამოცნობისა და 28 აგვისტოს, ვოვას დაკრძალვის შემდეგ შეიტყო: ის ერთ-ერთი იყო იმ სამხედროებიდან, რომლებიც ვერტმფრენებით მარიუპოლში მიფრინავდნენ, რათა მებრძოლებისთვის მედიკამენტები, საბრძოლო მასალები ჩაეტანათ და იქიდან დაჭრილები წამოეყვანათ.

„რუსულმა ვერტმფრენმა ცეცხლი გაუხსნა. ვოვა მძიმედ დაჭრილა, ამ ჭრილობებისგან დაიღუპა,“ – ამბობს კატერინა და საუბრის დასასრულს დასძენს – „ვიცი, რომ ეს მისი გააზრებული არჩევანი იყო – წასულიყო ომში. მეუბნებოდა: „დედა, მე ხომ უნდა დაგიცვათ. ვინ, თუ არა მე?“

ვოლოდიმირ კრავჩენკო/ფოტო: კატერინა ბიკოვას ფეისბუქიდან

მთავარ ფოტოზე: ვოლოდიმირ კრავჩენკო/ფოტო: კატერინა ბიკოვას ფეისბუქიდან

ქვაფენილი დატაცებულია, მივმართავ აუდიტს – საკრებულოს წევრი

ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზი ამბობს, რომ მერიის ქონების მართვის სამსახურში არ იციან, რა რაოდენობის ქვაფენილი აყარა მერიამ ქალაქის სამი ქუჩიდან და რა ღირებულებისაა ეს ქვაფენილი.

მისი თქმით, ვერც საკრებულოში და ვერც მერიის შესაბამის სამსახურებში ოპოზიციამ ვერ მიიღო პასუხი ამ საკითხის გარშემო დასმულ კითხვებზე. მან დღეს, 5 ოქტომბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა იმის დასადგენად, თუ სად არის დასაწყობებული აყრილი ქვაფენილი, რამდენია მისი საერთო ღირებულება და რა არის ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლების მიზანშეწონილობა.

„ჩვენი ინფორმაციით, ქალაქის სამი – გორგასლის, ფარნავაზ მეფის, ლუკა ასათიანის ქუჩიდან აყრილი ქვაფენილი დატაცებულია და არ არის ზუსტი რაოდენობა დასაწყობებული, ამიტომ ვითხოვთ, რომ ეს საკითხი აუდიტმა შეისწავლოს.

ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მერიის შესაბამის სამსახურს და მოვითხოვეთ ზუსტი ინფორმაცია, იყო თუ არა დადგენილი ქვაფენილის რაოდენობა და ღირებულება.

ვერც იმას გვეუბნებიან, რა ოდენობის ქვაფენილია დასაწყობებული. ქონების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ არ აქვთ ამის შესახებ ინფორმაცია“, – ამბობს რეზო ხარაზი. – „ჩვენი ინფორმაციით, არ არის ის რაოდენობა მიტანილი საწყობში, რაც აყარეს. ამიტომ გვინდა აუდიტმა შეისწავლოს, რადგან მათ ჰყავთ შესაბამისი ექსპერტები და დადებენ დაზუსტებულ ინფორმაციას.

ეს ქვაფენილი მილიონობით ლარი დაჯდა თავის დროზე, ამიტომ აყრამდე უნდა შეესწავლათ, ღირებულებაც და ოდენობაც.

ჩვენ მერიისგან ვერც არგუმენტირებული დასაბუთება მოვისმინეთ, თუ რატომ ჩაანაცვლეს ასფალტით, მაშინ, როცა ქვაფენილი ბევრად ეკოლოგიურია.

ასევე მოვითხოვთ შპს „ბონდი 2009“-ის ფინანსური საქმიანობის შესწავლას, რომელმაც აყარა ეს ქვაფენილი“, – ამბობს რეზო ხარაზი.

ბათუმის მერიამ ფარნავაზ მეფის, ასევე, ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე, ბარათაშვილის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე მონაკვეთში, ასევე ამ ქუჩების დაერთებებზე გორგილაძის ქუჩამდე, ქვაფენილის აყრის და ასფალტის დაგების გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღო, სამუშაოებისთვის 8 მილიონი ლარი იყო ბიუჯეტში გათვალისწინებული.

მაშინ მერია ქვაფენილის აყრის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც ასახელებდა, რომ ასფალტ-ბეტონის საფარით ქვაფენილის ჩანაცვლება ქალაქში საცობების პრობლემას მოაგვარებდა. თუმცა მოგვარდა თუ არა ეს პრობლემა ასფალტის დაგებით, ამის თაობაზე განმარტება მერიას არ გაუკეთებია.

________________________

ამ თემაზე:

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ – დაიხარჯება 8 მილიონი

„ხმები ომზე“, პოეზია, დისკუსიები – ოდესის ლიტერატურული ფესტივალის პირველი დღე ბათუმში

დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმში ოდესის ლიტერატურული ფესტივალი იწყება, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო წელს ბათუმში იმართება.

ოთხი დღის განმავლობაში ბათუმში, ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასები, დისკუსიები, ახალი წიგნების პრეზენტაციები და ავტორებთან შეხვედრები გაიმართება. ღონისძიებების დიდი ნაწილი ღიაა და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.

დღევანდელი, 5 ოქტომბრის პროგრამა ასე გამოიყურება:

  • 12:00-14:00 საათზე – „თარგმანში დაკარგული და ნაპოვნი“ – კატია ვოლტერსის მთარგმნელობითი მასტერკლასი

ეს არის ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიება სტუდენტებისთვის.

ქართველი მთარგმნელი კატია ვოლტერსი ცხოვრობს ფრაიბურგში, გერმანულ ენაზე თარგმნილი აქვს ლუკა ბაქანიძის, ალეკო შუღლაძის, ნატო ინგოროყვას, დათო ტურაშვილისა და სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებები; ქართულ ენაზე თარგმნა გაბრიელ გარსია მარკესისა და ხორხე ლუის ბორხესის ნაწარმოებები. მასტერკლასი საშუალებას მისცემს სტუდენტებს, ლიტერატურული თარგმანის პირველი გამოცდილება შეიძინონ.

კატია ვოლტერსი მონაწილეობას მიიღებს ონლაინ.

მასტერკლასის მოდერატორია მარიამ კორინთელი.

მასტერკლასი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 32-ე აუდიტორიაში გაიმართება.

  • 13:00-14:00 საათზე – „საფრთხეშია თუ არა სიტყვის თავისუფლება?“ – დისკუსია დეიმონ გალგუტთან

ეს ონლაინღონისძიება იქნება.

სამხრეთ აფრიკელი ავტორი, დეიმონ გალგუტი, ბუკერის პრემიის მფლობელი (2021) რომანისთვის „დაპირება“, ისაუბრებს იმ სირთულეებზე, რაც მკაცრი რასობრივი დისკრიმინაციის ეპოქიდან დემოკრატიულ საზოგადოებამდე გარდაქმნას ახლდა თან.

დისკუსიის მოდერატორია იულია სუშჩენკო. დისკუსია ინგლისურ ენაზე გაიმართება.

პირდაპირი ეთერის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე – https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

  • 16:30 – 17:30 საათზე – „ხმები ომზე“ 

ბათუმის საზაფხულო თეატრში ფესტივალის ფარგლებში ფილმის ჩვენება გაიმართება.

ფილმი „ხმები ომზე“ წარმოგვიდგენს მწერლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც საუბრობენ ომზე უკრაინაში. მათ შორის არიან მარგარეტ ეტვუდი, კარლ შლოგელი, ჰერტა მიულერი და ბევრი სხვა ავტორი.

  • 16:30-18:00 საათზე – „TÜK“ / საუბარი არტ ანტონიანთან 

ეს ონლაინღონისძიებაა. არტ ანტონიანი უნგრელ-უკრაინელი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, მსახიობი და მწერალია.

დისკუსია უკრაინულ ენაზე გაიმართება და მისი მოდერატორია იულია სუშჩენკო.

  • 19:30-20:30 საათზე – ფესტივალის გახსნის ცერემონიალი და დისკუსია პულიცერის პრემიის მფლობელ ავტორთან, ისტორიკოს ენნ ეპლბაუმთან

ფესტივალის გახსნის ცერემონია ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია.

ბათუმში ოდესის ლიტერატურულ ფესტივალს ონლაინ გახსნის სიტყვით ენნ ეპლბაუმი, მრავალი ჯილდოს, მათ შორის, პულიცერის პრემიის მფლობელი ამერიკელი ისტორიკოსი, რომლის ნარკვევი, „წითელი შიმშილი“ ეხება ჰოლოდომორს, რომელმაც 1930-იან წლებში უკრაინაში რამდენიმე მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

ოფიციალური მიმართვის შემდეგ დისკუსია გაიმართება, რომლის მოდერატორი მაია ფანჯიკიძე იქნება.

  •  20:45-22:30 საათზე – ქართულ-უკრაინული პოეზიის საღამო

ქართულ-უკრაინული პოეზიის საღამო ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება.

I ნაწილი – პაატა შამუგია, ოსტაპ სლივინსკი, გიორგი ლობჟანიძე, ჰალინა კრუკი;

II ნაწილი – დმიტრო ლაზუტკინი, ნიკა ჯორჯანელი, რაულ ჩილაჩავა, ჰალინა პეტროსანიაკი, ია კივა.

დმიტრო ლაზუტკინი მონაწილეობას მიიღებს ონლაინ.

პოეზიის საღამოს მოდერატორი ჟურნალისტი და პოეტი ეკა ქევანიშვილი იქნება.

პირდაპირი ეთერის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე – https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa.

____________________

ბათუმში ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება. „ბათუმელები“, რომელიც ფესტივალის მედიაპარტნიორია, ყოველდღიურად შემოგთავაზებთ ფესტივალის ანონსს.

რუსეთში მობილიზებული სამხედროები სასწავლო ცენტრიდან უკან გააბრუნეს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთში მობილიზებული სამხედროები ერთ-ერთი სასწავლო ცენტრიდან უკან გააბრუნეს, რადგან მათი აღჭურვილობითა და საკვებით უზრუნველყოფა ვერ მოახერხეს.

„მოწინააღმდეგეს აქვს პრობლემები უზრუნველყოფასთან დაკავშირებით „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში. კრასნოდარის მხრიდან, მოლკინოს სასწავლო ცენტრიდან, მობილიზებული პირადი შემადგენლობა უკან გააბრუნეს პრიმორსკო-ახტარსკში იმის გამო, რომ ვერ შეძლეს მათი განთავსება, საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა,“ – აღნიშნავს უკრაინის გენშტაბი.

მობილიზაციის გამო შექმნილ ადმინისტრაციულ და ლოგისტიკურ პრობლემებზე წერდნენ საერთაშორისო ინსტიტუტები და უწყებებიც. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთს სულ უფრო და უფრო უჭირს მობილიზებულებისა და ახალწვეულების აღჭურვა და წვრთნა, არ ჰყოფნის ინსტრუქტორები და ასევე ოფიცრები, რომლებსაც მობილიზებულთა დანაყოფებს ჩააბარებს.

„ნაწილობრივი მობილიზაცია“ რუსეთში პრეზიდენტმა პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა. ოფიციალურად, ბრძანება ეხება რეზერვში მყოფ და სამხედრო გამოცდილების პირებს. თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, რუსეთში 300 000 ადამიანის მობილიზება იგეგმება.

რუსული პროკრემლისტური მედია შოიგუზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 200 ათასი პირი უკვე მობილიზებულია.

რუსულ ტელეგრამარხებზე ვრცელდება არაერთი ვიდეომასალა, სადაც მობილიზებულები აცხადებენ, რომ მათ კარვებიც კი არ მისცეს და ყინვაში, მინდორში უწევთ ღამის გათევა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით კი, რომლებიც თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, მინიმუმ 2 000-მა მობილიზებულმა უკვე დარეკა უკრაინულ მხარესთან და გაიარა კონსულტაციები, როგორ ჩაბარდეს ტყვედ. მობილიზებულები რეკავენ როგორც რუსეთის, ისე ბელორუსის ტერიტორიიდან.

Forbes-ის ცნობით, მობილიზაციის გამოცხადებიდან ორ კვირაში რუსეთი 700 ათასმა ადამიანმა დატოვა.

უკრაინა ხერსონში სერიოზულ წარმატებებს აღწევს – ISW

უკრაინის არმია მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს ხერსონის ოლქში და ამავდროულად განაგრძობს წინსვლას ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებში – ასე აფასებს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) უკრაინელთა კონტრშეტევას.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი მდინარე ინგულეცის აღმოსავლეთ სანაპიროზე და აიძულეს რუსეთის ჯარები, ხერსონისკენ დაეხიათ.

უკრაინის არმია ასევე განაგრძობდა წინსვლას მდინარე დნეპრის გასწვრივ, რუსეთის არმია კი იძულებული გახდა ხერსონისა და დნეპროპეტროვკის ოლქების საზღვრიდან ბერისლავის რაიონისკენ დაეხია უკან.

ISW-ი აღნიშნავს, რომ უკრაინელთა კონტრშეტევა ხელს უშლის რუსებს, მოწინავე პოზიციებზე გადაისროლონ დამატებითი საბრძოლო მასალები, რეზერვები და მობილიზებული სამხედროები.

ინსტიტუტის ექსპერტების ცნობით, უკრაინის ძალები განაგრძობდნენ წინსვლას ხარკოვის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილშიც და კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდნენ რუსების პოზიციებს ლუგანსკის ოლქში.

ISW-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს რუსებმა საარტილერიო და სარაკეტო შეტევები მიიტანეს  დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევისა და დონეცკის ოლქებზე.

კრემლი უნდა შფოთავდეს ლუგანსკის საზღვრებთან უკრაინელთა მიახლოებით – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ადასტურებს, რომ უკრაინა წარმატებით განაგრძობს კონტრშეტევას ორივე ფრონტზე – ჩრდილო-აღმოსავლეთში და სამხრეთში. უწყების ცნობით, ხარკოვის ოლქში, მდინარე ოსკილის აღმოსავლეთით, უკრაინას ამჟამად მნიშვნელოვანი ტერიტორია უჭირავს.

„უკრაინის ძალებმა მდინარიდან 20 კილომეტრით წაიწიეს წინ ქალაქ სვატოვოსკენ, რომელიც რუსეთის თავდაცვის ზონა და მისი ლოგისტიკის ერთ-ერთი კვანძია,“ – წერს დაზვერვა 5 ოქტომბრის რელიზში.

უწყების ვარაუდით, სრულიად მოსალოდნელია, უკრაინამ ახლა არტილერიით დაარტყას სვატოვო-კრემენაიას გზას, რაც კიდევ უფრო შეზღუდავს რუსეთის შესაძლებლობებს შეავსოს თავისი მარაგები აღმოსავლეთში.

„პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის ხელმძღვანელობა შეშფოთებული უნდა იყოს ლუგანსკის ოლქის საზღვრებთან მოწინავე უკრაინული დანაყოფების მიახლოებით, ოლქისა, რომელიც როგორც რუსეთი აცხადებს, გასული პარასკევის შემდეგ, რუსეთის ნაწილია,“ – აღნიშნავს დაზვერვა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება რუსეთში მობილიზაციისა და საშემოდგომო გაწვევის პრობლემებზე წერდა.  

მთავარ ფოტოზე: უკრაინის საბრძოლო მოქმედებების რუკა 4 ოქტომბრის მდგომარეობით/დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 61 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 2 435 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 5 038 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 1 414 ერთეული [+7]
  • MLRS – 341 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 177 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 266 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 232 ერთეული [+4]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 032 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 246 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 841 ერთეული [+18]
  • სპეცტექნიკა – 132 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 313 თვითმფრინავი
  • 157 ვერტმფრენი
  • 2 151 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 379 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 376 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 861 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 449 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 6 277 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]ღამით რუსებმა კიევის ოლქის ქალაქი ბილა-ცერკვა დაბომბეს[/yellow_box]

ბრიტანეთის დაზვერვა: „უკრაინის ძალებმა მდინარიდან 20 კილომეტრით წაიწიეს წინ ქალაქ სვატოვოსკენ“

ამავე თემაზე:

მაშინ ჯარიც არ გვქონდეს… მერე ვიღაც მოვა და საჭმელსაც წაგვართმევს – ხედვა უსაფრთხოებაზე

ღამით რუსებმა კიევის ოლქის ქალაქი ბილა ცერკვა დაბომბეს

5 ოქტომბრის ღამით, რუსებმა კამიკაძე დრონებით შეუტიეს კიევის ოლქის ქალაქს, ბილა ცერკვას. კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ექვსი დარტყმა განხორციელდა და რაკეტის ჩამოვარდნის ადგილას ხანძარი გაჩნდა. დაშავებულია ერთი ადამიანი.

„კიევის ოლქი. არის ინფორმაცია რამდენიმე აფეთქების შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, ქალაქს კამიკაძე-დრონებით დაარტყეს. იწვის ინფრასტრუქტურის ობიექტები. ერთი დაშავებულია. შესაბამისი სამსახურები უკვე ადგილზე არიან,“ – განაცხადა ღამით ადმინისტრაციის უფროსმა ოლექსი კულებამ და უკვე დილის 8 საათზე დააზუსტა, რომ მთელი ღამის განმავლობაში 6 რაკეტა ჩამოაგდეს.

მოსახლეობისთვის გაფრთხილება გაავრცელა ქალაქის მერმაც, რომელმაც მცხოვრებლებს მოუწოდა, არ მიუახლოვდნენ ფანჯრებს, ვიდრე ხანძარს მაშველები ბოლომდე არ ჩააქრობენ.

ბილა ცერკვა ცენტრალურ უკრაინაში, კიევის ოლქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია 200 000-ზე მეტი მცხოვრებით.

უკრაინულ ტელეგრამარხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში კამიკაძე დრონები ყირიმიდან მოფრინდა

მაშინ ჯარიც არ გვქონდეს… მერე ვიღაც მოვა და საჭმელსაც წაგვართმევს – ხედვა უსაფრთხოებაზე

„დიდია ეს ჩამონათვალი… როცა აგერ, 40 კილომეტრშია მტერი, უპილოტო საფრენი აპარატები კარგი იქნებოდა, მაგალითად, ასევე კონტრბატარეული სისტემები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, საჰაერო კონტროლის საერთო სისტემაში ჩართვა,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, გიორგი სურმავა, რომელსაც ამჯერად საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობაზე ვესაუბრეთ. რა შეიძლება ვთხოვოთ პარტნიორებს რუსული აგრესიის მასშტაბის გათვალისწინებით? – ვკითხეთ სამხედრო ექსპერტს.

გადამდგარი გენერალი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, ჩვენი ფუნქცია უნდა დავინახოთ განსაკუთრებით ამ ფონზე, როცა საერთაშორისო მისიებში ვეღარ ვიღებთ მონაწილეობას.

„თუ ჩვენ გვინდა, ვიყოთ ნატოს დასაყრდენი კავკასიაში, ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი: აზერბაიჯანი უფრო ორმხრივი ურთიერთობებით არის დაკავებული თურქეთთან და ნატო თურქეთს ეჭვით უყურებს, სომხეთი ვიცით, რომ რუსეთთან არის დაკავშირებული,“ – ამბობს გიორგი სურმავა. ის განსაკუთრებით იმის გამო წუხს, რომ საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალები არ აქვს და პარტნიორების სამხედრო ხომალდების მიღებაც კი არ შეგვიძლია.

„ჩვენთან მხოლოდ ბათუმის პორტში თუ შემოვა სამხედრო ხომალდი, როგორც სასეირნო ლაინერი, მერე ავლენ სტუმრები და გაიმართება „ალაფურშეტი,“ – დასძინა გადამდგარმა გენერალმა.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალთან, გიორგი სურმავასთან, ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს გენშტაბის უფროსის მოადგილე იყო.

  • ბატონო გიორგი, რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით, რა გზავნილი და მოთხოვნები უნდა ჰქონდეს დღეს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან? 

ჩვენ მკაფიოდ გამოხატული უნდა გვქონდეს, რომ ვართ ნატოს ბანაკში, გვინდა იქამდე მისვლა და ესაა ჩვენი უპირველესი ინტერესი.  არის კიდეც ეს მკაფიოდ გამოხატული, მაგრამ საჭიროა პოზიციების ყოველდღიურად დაფიქსირება და, რაც მთავარია, მუშაობა. ერთია დეკლარირება, მეორე – მუშაობა, განსაკუთრებით კი, დიპლომატიური ინსტრუმენტებით. ამას სამხედრო ინსტრუმენტმაც უნდა შეუწყოს ხელი. მაგალითად, როცა ავღანეთსა და ერაყში იყო კოალიციის სამშვიდობო ოპერაციები სხვადასხვა სახელწოდებით, ჩვენ იქ აქტიურად ვმონაწილეობდით და ჩანდა, რომ ვჭირდებოდით მათ. ამას, სხვათა შორის, ბევრი პოლიტიკური პრეფერენციაც მოჰყვა.

თუმცა ახლა აღარ არის სამშვიდობო ოპერაციები და დავინახეთ, რომ ჩვენ უფრო გვჭირდებოდა ეს, ვიდრე იმათ. ამ ეტაპზე, როგორც ვიცი, მხოლოდ ცენტრალურ აფრიკული რესპუბლიკის დონეზე ვართ წარმოდგენილი ერთი ოცეულის დონეზე. აქამდე ჩვენ აქტიურად შეგვქონდა წვლილი სამშვიდობო პროცესში, დანაკარგები გვქონდა საკმაოდ დიდი, მაგრამ ეს იყო ჩვენი კონტრიბუცია. ქვეყანას ფუნქცია უნდა გქონდეს და მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი არ უნდა იყო, ასე არ სჭირდები და თანდათან უარს გეტყვიან.

  • რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ამჯერად, რომ შევინარჩუნოთ პარტნიორების ინტერესი? 

პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვქონდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რაც არ გვაქვს. უნდა
განვსზღვროთ ეროვნული ინტერესები, ეროვნული მიზნები და სასურველი საბოლოო მდგომარეობა. აქ
გამოიკვეთება ჩვენი ფუნქციაც. მაგალითად, თუ ჩვენ გვინდა, ვიყოთ ნატოს დასაყრდენი კავკასიაში, ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი: აზერბაიჯანი უფრო ორმხრივი ურთიერთობებით არის დაკავებული თურქეთთან და ნატო თურქეთს ეჭვით უყურებს, სომხეთი ვიცით, რომ რუსეთთან არის დაკავშირებული. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ნატოს საყრდენი კავკასიაში, როგორც ამერიკის საყრდენი ახლო აღმოსავლეთში არის ისრაელი. ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი, მაგრამ ამ და მსგავსი საკითხების გააქტიურება დიპლომატიური საკითხია.

  • 2018 წელს ჩატარდა სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი: საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი. მინისტერიალებს მიღმა როგორ ვთანამშრომლობთ ჩვენს მეზობლებთან? 

დიახ, ვთანამშრომლობთ და გვაქვს ერთობლივი სწავლებები თურქეთთან და აზერბაიჯანთანაც, ძირითადად ეს ეხება სპეცდანიშნულების ძალებს. ეს კარგია, მაგრამ ლოკალური ღონისძიებებია. თურქეთთან გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობაც.

  • იგაჩნიათ, რომ ჩვენი მოთხოვნა პარტნიორებთან  უნდა იყოს მხოლოდ ნატოში მიღება და არა, მაგალითად, შესაბამისი წვრთნები ან სამხედრო აღჭურვილობის მიღება, რაც რუსეთის აგრესიის მასშტაბის გათვალისწინებით, მინიმუმ რამდენიმე დღით მაინც მისცემს საქართველოს მისი შეკავების საშუალებას? 

რამდენიმე ასეთი პროგრამა არსებობს წვრთნისთვის და პროფესიული მომზადებისთვის, არსებობს სწავლების და შეფასების ცენტრი, სადაც ემზადებიან დანაყოფები, მოწმდებიან კიდეც… არსებობს პირველი დონის შემოწმება, მეორე დონის შემოწმება, შემდეგ ეს ქვეითი ბატალიონი ადგილზე რჩება, არსად არ მიდის, მაგრამ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ნატოს ერთობლივ ოპერაციებში ან ცალკე ნატოს სტანდარტებით.

რამდენად მასშტაბურია ეს სწავლება? 

გადამზადებულია 8-10 ქვეითი ბატალიონი, ასევე მექანიზებული ბატალიონი და ასეულები.

ისევე, როგორც ყველა პროფესიაში, აქაც ერთხელ ისწავლე და მორჩა, არაა ასე: პროფესიონალს მუდმივად სწავლა სჭირდება და პრაქტიკა. მხოლოდ არაშორსმჭვრეტელი ადამიანი ფიქრობს, რომ ჯარია მხოლოდ იარაღის ხელში აღება, გაისვრი და გაიქცევი. ეს სამხედრო მეცნიერება და იმავდროულად ხელოვნებაა.

ერთი ქვეითი ბატალიონის მომზადებას დიდი გავლენა ვერ ექნება. რეალურად, მომზადების ცენტრში რამდენიმე ბატალიონს აქვს გავლილი ეს მომზადება, მაგრამ ჩვენს ჯარში საკმაოდ დიდი დენადობაა. მაგალითად, მიიღო ბატალიონმა სწავლება, სერტიფიკატიც, მაგრამ შემდეგ ეს ჯარისკაცები მიდიან სახლში და იცვლება პირადი შემადგენლობაც. შესაბამისად, ერთია მიღწევა სასურველ დონეზე და მეორე – სასურველი დონის შენარჩუნება. ამისთვის უფრო მეტი ძალისხმევის გაღებაა საჭირო. ფაქტია,  დაფინანსება მეტი უნდა ჰქონდეს თავდაცვას. აზერბაიჯანზე აღარაფერს ვამბობ, ჩვენ სომხეთის თავდაცვის ბიუჯეტსაც ბევრად ჩამოვრჩებით.

გვეხმარებიან პარტნიორები და საჩუქრის სახით ვიღებთ აღჭურვილობასაც, თუმცა მთლიანობაში ეს მაინც ძალიან ცოტაა.

  • თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მთავარი პარტნიორისგან, აშშ-სგან საქართველოს მიღებული აქვს 445 მილიონი აშშ დოლარი 1997 წლიდან მხოლოდ სამხედრო მიმართულებით, 2022 წელს – 35 მლნ დოლარი. რას ხმარდება ძირითადად ეს თანხა? 

სხვადასხვა მიმართულებას ხმარდება ეს თანხა,  მათ შორის, მაგალითად, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სწავლას საზღვარგარეთ. ამ თანხიდან შეიარაღებასა და ტექნიკაზე ძალიან ცოტა მოდის. მაგალითად, იორდანიას აშშ, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, 300 მლნ აშშ დოლარით ეხმარება წლიურად.

ამიტომაც, გვჭირდება დიპლომატიის გააქტიურება, ხალხი ვერ ადგება და ვერ მოითხოვს ამას.

  • წვრთნის ნაწილს რაც შეეხება: ფინური მოდელი ხომ არ იქნებოდა უფრო ეფექტური, რაც გულისხმობს მომზადებული რეზერვისტების ყოველწლიურად შეკრებას 2 – 2 კვირით? ამ მოდელზე ჩვენ წინა ინტერვიუში ვისაუბრეთ. 

ეს მოდელი არსებობს ჩვენთან გვარდიის რეზერვისტების პროგრამის შემთხვევაში, მაგრამ ეს მცირე მასშტაბია, რამდენიმე ასეულ კაცს მოიცავს მხოლოდ, ორი ბატალიონიც რომ იყოს, ესეც მცირეა.

რა თქმა უნდა, ამ მოდელით გასვლა სხვა მასშტაბზე იქნებოდა ეფექტური, მაგრამ ეს დაკავშირებულია ფულთან. რეზერვისტები აღრიცხულია და უნდა შეკრიბო, ავარჯიშო, ისწავლონ რაღაც ახალი. წარმოიდგინეთ, დღეს რა სიტუაციაა: დღეს ვინც მსახურობს, უხეში გათვლებით წელიწადში დაახლოებით 2 ათას ლარს აძლევენ. კონტრაქტით მოსამსახურეს კი, თვეში აქვს დაახლოებით 1000 ლარი. იგივე ჯარისკაცი ელიავას ბაზარზე რომ დადგეს, იქ გამოიმუშავებს უფრო მეტს, თანაც როცა უნდა დაწვება, ადგება, რასაც უნდა დალევს, ჯარში კი, თავის ჭკუაზე ვერ იქნება, შეამოწმებენ: აბა, ჩაბერე, გუშინ ხომ არ დალიე რამეო, ყოველდღე სამსახურში უნდა იყოს, შესაძლოა, შაბათ-კვირასაც მოუწიოს მორიგეობა პოსტზე. არარელევანტურია ეს ხელფასი და არ შეესაბამება მისი პასუხისმგებლობაც. შესაბამისად, ალბათ არც იხარჯებიან.

  • შეიძლება ჩამოგვითვალოთ კონკრეტული სამხედრო აღჭურვილობა, რაც აუცილებლად სჭირდება საქართველოს და რის მოთხოვნაც პარტნიორებისთვის დღევანდელ კონტექსტში გამართლებულია? 

დიდია ეს ჩამონათვალი. მოკლევადიან საფრთხეზე თუ ვსაუბრობთ, როცა აგერ, 40 კილომეტრშია მტერი, უპილოტო საფრენი აპარატები კარგი იქნებოდა, მაგალითად, ასევე კონტრბატარეული საარტილერიო ბრძოლის საშუალებები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, საჰაერო კონტროლის საერთოს სისტემაში ჩართვა. ეს გარკვეულწილად გაზრდიდა ჩვენი უსაფრთხოების ხარისხს.

გააჩნია, რა მასშტაბის საფრთხეს ველით: თუ რუსეთმა ისეთივე რესურსით შემოგვიტია, როგორც უკრაინას, ამას, ცხადია, მხოლოდ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით, უკრაინაც ვერ გაუმკლავდებოდა იმ მასშტაბს, რომ არა დახმარება დასავლეთის. დახმარების გარდა, უკრაინას დიდი ოპერატიული სივრცეები აქვს ქვეყნის შიგნით – უკრაინელებმა უკან რამდენიც დაიხიეს, ჩვენ რომ დავიხიოთ იმდენი, თურქეთსა და სომხეთში გადავალთ.

  • თქვენი გათვლით, რა უფრო სწორია: გვქონდეს პარტნიორების მხარდაჭერის იმედი და ამ კუთხით ვიმუშაოთ, თუ მინიმალური აღჭურვილობა შევიძინოთ და ამისთვის დახმარება ვთხოვოთ პარტნიორებს? 

თქვენ ახსენეთ „იმედი“ – „იმედი“ არა, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა გვექნება, ეს უნდა ვიცოდეთ წინასწარ ნებისმიერი სიტუაციისთვის. თუ ამაზე პასუხს ვერ ვიღებთ, ან არარელევანტურ დახმარებას გვთავაზობენ, მაშინ სხვანაირად უნდა ვიზრუნოთ, უნდა მოვიკლოთ რაღაც, თუ გვინდა ვიყოთ საერთოდ ქვეყანა და უსაფრთხო სახელმწიფო.

  • პარტნიორები უკვე დაგვეხმარნენ კიბერუსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით. რეალურად რა შეიცვალა? 

რამდენიმე წელია, რაც თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა კიბერუსაფრთხოების ბიურო, არსებობს ასევე ცენტრალიზებული სხვა ორგანოები, ეს ბიურო კი, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურის ნაწილია და ემსახურება თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების კიბერუსაფრთხოებას. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ინციდენტები არ გვქონია და ალბათ ასრულებენ კიდეც მეტ-ნაკლებად მოვალეობებს, თუმცა ჩვენ მიმართ დიდი ინტერესი არც არის ამ ეტაპზე. 2008 წლის ომის დროს გვქონდა კიბერშეტევები და შემდეგაც იყო, მაგრამ უშუალოდ თავდაცვის ძალების მიმართ არა.

  • პარტნიორებთან გვაქვს შავი ზღვის უსაფრთხოების პაკეტით გათვალისწინებული თანამშრომლობაც. აქ როგორია საქართველოს პოზიციონირება, მით უფრო დღეს, როცა დასავლეთში ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ პუტინი ბირთვული იარაღის გამოცდას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით ამას შავ ზღვაში გააკეთებს? 

ალბათობა არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც მცირეა ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე – რუსეთმა იცის, რომ ამის გამომყენებელს მოუწევს საპასუხო დარტყმა, რომლის შემდეგაც სრულად განადგურდება რუსეთი.

რაც შეეხება დემონსტრაციას გამოცდის სახით – მსგავსი გამოცდები აკრძალულია დაახლოებით 2000-იანი წლების დასაწყისიდან. ალბათობა მეტია ტაქტიკური იარაღის გამოყენებისა, სავარაუდოდ საუბარია ჰაუბიცებიდან 152- მილიმეტრიანი ბირთვული ჭურვების გამოყენების ალბათობაზე, რომელსაც არ სჭირდება ბალისტიკური რაკეტა, სტრატეგიული ბომბდამშენი და წყალქვეშა ნავი, თუმცა ერთია გადაწყვეტილების მიღება, მეორე – აღსრულება. აქ მთელი ჯაჭვია, ვინც თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს და ერთი რგოლიც რომ ამოვარდეს, მაგალითად, უარი თქვა, ან რაღაც ისე არ შეასრულოს, როგორც საჭიროა, მიზეზი მოძებნა… ამ გადაწყვეტილებას დადასტურებაც სჭირდება სხვადასხვა თანამდებობის პირისგან, ასე არაა, რომ პუტინი მხოლოდ ერთ ღილაკს დააჭერს ხელს და მორჩა.

რუსეთმა იცის, რომ ამაზე რეაქცია იქნება. თუ ეს იქნება გამოცდის სახით ზღვის სიღრმეში, ან ჰაერში, როგორც ეს ადრე ხდებოდა, ამაზე სხვა რეაქცია იქნება. თუ უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე გააკეთებენ ამას, რეაქცია სხვა იქნება, მაგრამ არც ერთ ვარიანტში პასუხი არ იქნება რუსეთისთვის უმტკივნეულო.

  • რას უნდა ითხოვდეს საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით? 

ბოლო მოვლენებმა შავი ზღვა მოაქცია ყურადღების ცენტრში, არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, არამედ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების გამწვავების შემდეგ მოხდა ეს. ბაიდენი როცა მოვიდა ხელისუფლებაში, შუალედური მითითებები გამოქვეყნდა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიმართულებით, მაგრამ იქ ძალიან გაკვრით, თითქმის არაფერი არ იყო ნათქვამი შავ ზღვაზე. გამოჩნდა, რომ არ ჰქონდა აშშ-ის ინტერესები შავ ზღვაზე.

ბოლო მოვლენების შემდეგ კი, ნატო და აშშ ცდილობენ გააძლიერონ თურქეთთან ერთად სხვა ქვეყნები, მაგალითად, რუმინეთი, ასევე უკრაინაში ომის დაწყებამდე დიდი ბრიტანეთი აპირებდა სამხედრო საზღვაო ბაზის აშენებას და ამისთვის მილიარდზე მეტი ფუნტი იყო გამოყოფილი.

ჩვენთან შეერთებული შტატები ეხმარება სანაპირო დაცვას. არ გვაქვს საერთოდ საზღვაო ძალები და როგორ დაგვეხმარონ? შეიძლება მანქანა არ გქონდეს საერთოდ და ითხოვო, ბორბლები მომეციო? ჩვენ 2008 წლის ომის შემდეგ საერთოდ გავაუქმეთ სამხედრო -საზღვაო ძალები, რაც გვქონდა დარჩენილი, სასაზღვრო პოლიციას გადავეცით და გვაქვს მხოლოდ სანაპირო დაცვა. სანაპირო დაცვას სულ სხვა ფუნქციები აქვს, იქ სამხედროებიც არ მსახურობენ და სამოქალაქო პირები არიან.

არ არსებობს ასეთი ქვეყანა, რომელსაც საზღვრის საკმაოდ დიდი ნაწილი ზღვა აქვს და არ ჰქონდეს სამხედრო – საზღვაო ძალები. ძირითადად ამას ამართლებენ ეკონომიკური ფაქტორებით, მაგრამ მაშინ აღარაფერი არ უნდა გვქონდეს, ჯარიც არ გვქონდეს და მეტი ფული დაგვრჩება საჭმელად. მერე ვიღაც მოვა და იმ საჭმელსაც წაგვართმევს.

  • ინტერვიუს დასაწყისში ამბობდით, რომ საქართველომ ფუნქცია უნდა იპოვოს კავკასიის რეგიონის კონტექსტში, ხომ არ ფიქრობთ, რომ უნდა გააქტიურდეს ესეც – შავი ზღვის აუზის ქვეყანა? 

უნდა გააქტიურდეს, მაგრამ სამხედრო ნავიც არ გვაქვს. კი ბატონო, ძვირია ეგ სამხედრო ხომალდები, მათი შენახვაც ძვირია, მაგრამ ხომ შეიძლება სამხედრო საზღვაო აღჭურვილობის მიღების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მაინც მოვაწყოთ? ამ გზით შესაძლებელია პარტნიორის ხომალდები მაინც მივიღოთ საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ ესეც კი არ შეგვიძლია.

ჩვენთან მხოლოდ ბათუმის პორტში თუ შემოვა სამხედრო ხომალდი, როგორც სასეირნო ლაინერი, მერე ავლენ სტუმრები და გაიმართება „ალაფურშეტი“. სამხედრო ხომალდს სხვა ინფრასტრუქტურა სჭირდება, სანაპირო დაცვის ადაპტირება და ასე შემდეგ. სანაპირო დაცვას აქვს მხოლოდ თავისი ბაზა, თუმცა იქ მხოლოდ კატარღები გვაქვს.

გასაგებია, რომ ამ ინფრასტრუქტურის მოწყობაც ძვირია, მაგრამ გაძვირდა ცხოვრება. ამიტომაც, ებრძვის ამდენი ხალხი ერთმანეთს, რომ როგორმე რესურსები ჩაიგდონ ხელში. არა მგონია, მინიმუმ უახლოეს მომავალში, რუსეთი სადმე წავიდეს შავი ზღვიდან, ის დარჩება საფრთხედ და ჩვენ რაღაც ფუნქცია მაინც ხომ უნდა გვქონდეს? უკრაინელები ვითარდებიან, ასევე რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთს თავისი საზღვაო ძალები აქვს, ჩვენ?

ბათუმში „ბათუმი ტექსტილის“ შენობის ნაწილი დაანგრიეს – რა შენდება აქ

ბათუმში, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში, „ბათუმი ტექსტილის“ შენობის დიდი ნაწილი უკვე დაანგრიეს. შპს „მერმისი კაპიტალი“ აქ მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავს.

სამშენებლო ნებართვის მიხედვით, კომპანიის ნაკვეთი ერთ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს.

ბათუმი, ჭავჭავაძის ქუჩა
ბათუმი, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთა # 34/119

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მიწის ნაკვეთი თავისი შენობებით ყოფილმა მფლობელმა, ბათუმის „სამკერვალო საწარმოო გაერთიანებამ“ შპს „მერმისი კაპიტალს“ 2021 წლის იანვარში მიჰყიდა.

მონიშნულია კომპანიის საკუთრებაში არსებული ტერიტორია

ეს ქონება 2006 წელს, წინა მთავრობის დროს, ვალდებულების შესრულების პირობით გაასხვისეს, ერთ-ერთი ვალდებულება აქ საწარმოს ამოქმედება და მოქალაქეების დასაქმება იყო კონკრეტული ვადით. დიდი ალბათობით, ეს ვადა უკვე გავიდა და შეთანხმების შესაბამისად ქონება კომპანიის საკუთრებაში გადავიდა, რომელმაც ის შპს „მერმისი კაპიტალს“ მიჰყიდა.

სამშენებლო ტერიტორია ერთ ჰექტარზე მეტია [16 019კვ.მ]. საჯარო რეესტრის მონაცემებით, სამკერვალო საწარმო სულ რვა შენობას აერთიანებდა, მათი დიდი ნაწილი უკვე დაანგრიეს, დაწყებულია ახალი შენობების მშენებლობაც.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე თვეზე მეტია ნგრევის პროცესთან ერთად სამშენებლო პროცესიც მიმდინარეობს, სამშენებლო მოედანზე არ არის გამოკრული საინფორმაციო დაფა, აქ დაგხვდა მხოლოდ ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ბრძანების ქსეროასლი.

მერის ბრძანების მიხედვით, რომელიც ადგილზეა გამოკრული, აქ მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობა იგეგმება, სადაც იქნება კომერციული და საოფისე ფართობები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი და საზოგადოებრივი კვების ობიექტები. დოკუმენტების მიხედვით, შენობებს, რომელთა კონსტრუქციაც მდგრადია, კომპანია შეინარჩუნებს და რეკონსტრუქციას ჩაუტარებს, ნაწილი კი უკვე დაანგრიეს.

შპს „მერმისი კაპიტალი“ კვიპროსის ოფშორულ ზონაში დაფუძნებულ კომპანია „ლამაჩო ლიმიტედს“ ეკუთვნის, კომპანიის დირექტორი მალხაზ მგელაძეა.

რატომ შეუერთდა დეპუტატი ზაალ მიქელაძე „ოცნებიდან“ წასულ „ოთხეულს“

4 ოქტომბერს აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის წევრი „ოცნებიდან“, ზაალ მიქელაძე მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდა.

ეს მოძრაობა „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს წელს, აგვისტოში და აქამდე ძირითადად იმით გახდნენ ცნობილი, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მისამართით ავრცელებენ კრიტიკულ განცხადებებს.

რატომ გადაწყვიტა ზაალ მიქელაძემ მოძრაობაში გაერთიანება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პარლამენტის წევრს ესაუბრა.

  • ბატონო ზაალ, რატომ გადახვედით „ქართული ოცნებიდან“ მოძრაობა „ხალხის ძალაში“, რას ვერ ამბობდით მმართველ პარტიაში?

მე არასდროს არ ვეკუთვნოდი იმ კატეგორიას, ვინც გაურბოდა ჟურნალისტებს. ვიყავი რა პარლამენტში, ვხედავდი, რომ კულისებში იყო გარკვეული საუბრები დახურულ შეხვედრებში, რომელიც მთავრდებოდა იმით, რომ ეს არ უნდა გატანილიყო საზოგადოებაში, რაც გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა და ძალიან ახლო გარემოცვაშიც კი თავს ვიკავებდით დეტალების გამჟღავნებისგან.

  • რა არ უნდა გატანილიყო გარეთ, თქვენ კონკრეტულად რა მოისმინეთ?

აი, ის ნაწილი, რაც უკვე განცხადებებში იქნა გამოტანილი.

  • იქნებ დააკონკრეტოთ. 

მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ბევრი საკითხი არის ხალხთან ერთად გასავლელი, მხოლოდ პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს ამ ქვეყნის მომავალი და ხალხი მხოლოდ არჩევნების დროს არ უნდა იყოს ინფორმირებული რაღაც საკითხებზე, არამედ მთელ ამ შუა პერიოდშიც, მით უმეტეს იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც დღეს ჩვენ გვაქვს რეგიონში.

  • თქვენ საუბრობთ საფრთხეებზე, ასევე ამბობთ, რომ გესმოდათ რაღაც კულუარებში, რაც არ უნდა გასულიყო გარეთ. დაგვიკონკრეტეთ, რა საფრთხეებზე საუბრობთ კონკრეტულად, რომ გავიგოთ, თქვენი მიზანი რა არის?

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ საფრთხეების შესახებ, ამ განცხადებებით, რაც უკვე გავრცელდა ახალი მოძრაობის სახელით, იყო ნათქვამი.

  • მოძრაობა ამბობდა, რომ დასავლეთი ომში გვითრევს, ამას გულისხმობთ? [მოძრაობის ლიდერებმა 29 ივნისს გაავრცელეს განცხადება, რომ  საზოგადოებას „მეტი ინფორმაცია“ უნდა მიაწოდონ საქართველოს ომში ჩართვის საფრთხეზე, დაგეგმილ რევოლუციაზე და ამბობდნენ, რომ ამის უკან „დიდი ძალები“ არიან].

ასეთი განცხადება მე არ მომისმენია. არ ვაპირებ ამ სიღრმეებში შესვლას ჟურნალისტებთან. პირველ რიგში, ჩვენ კონსტიტუციას ვცემთ პატივს, სადაც დაიწერა გარკვევით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი.

მე ორი თვე ვაკვირდები და ყველა განცხადებას ვკითხულობ, არ მინახავს ამ მოძრაობის ანტიამერიკული [განცხადება].

„მოძრაობამ“ კითხვები დაუსვა დიპლომატს, ეს რატომ აღიქმება ანტიამერიკულ განწყობად, უბრალოდ ვერ ვხვდები.

  • თქვენ პირადად, აშშ-ის ელჩთან რაიმე კითხვები გქონდათ და ვერ დაუსვით?

ჰოდა, დასვეს უკვე ეს კითხვები, მაგრამ ვერ მიიღო ქვეყანამ პასუხები. სხვა თემაა, ვის მოსწონს ეს კითხვა, ვის – არა. მე სხვა რამეს ვამბობ, რომ კითხვის დასმაც კი იქნა აღქმული ანტიამერიკულ განწყობად. უბრალოდ, ამას ვერ ვხვდები. ხვალ რომ კითხვა დავუსვათ საფრანგეთის ან გერმანიის ელჩს, რა, ეს იქნება ანტიფრანგული განწყობა?!

  • პირადად თქვენ რა კითხვები გქონდათ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან?

რა კითხვებიც მქონდა, ერთად გაიგებთ ყველანი. იმიტომ ვართ ჩვენ გუნდი, ეს ძალა, რომ კითხვასაც ერთად ჩამოვაყალიბებთ.

  • თქვენი მოძრაობა აცხადებდა, რომ გარკვეულ ძალებს საქართველოს უკრაინის ომში ჩართვა სურს [მოძრაობის ლიდერი, სოზარ სუბარი ამბობდა, რომ შესაძლოა, აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, ბიძინა ივანიშვილზე ამ თემაზე ირიბი ფორმით ახდენდა ზეწოლას]. თქვენი აზრითაც ასეა, აშშ ითრევს საქართველოს უკრაინის ომში?

მსგავსი განცხადება თქვენ სად მოისმინეთ, არ ვიცი. ეს გამოდის ინტერპრეტაცია, რომ ამერიკა ითხოვს. არა. აქ იყო საუბარი, სავარაუდოდ, ისევ ელჩთან მიმართებაში, რომ მას ჰქონდა მსგავსი მინიშნებები საუბრის დროს.

თორემ, ამერიკამ მოითხოვა ომში ჩაბმა, ასე არ ყოფილა. თუმცა უკრაინის მაღალჩინოსნებისგან პირდაპირი ტექსტით მოვისმინეთ. შიგნით, დარბაზში, კიდევ ჩვენი ოპონენტი კოლეგებისგან და ეს ხალხმა უნდა იცოდეს. ვიღაცებს აწყობთ ეს ყველაფერი ალბათ თავიანთი პოლიტიკური მომავლისთვის.

  • ელჩს გულისხმობთ „ვიღაცებში“?

კი ბატონო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ აფხაზეთი და ოსეთი  ამ გზით არის დასაბრუნებელი, რომ ახლა შანსია და მოდით, გადაიარეთ ამ ყველაფერზე – რით დამთავრდება ეს გადავლა, რასაც ესენი მოგვიწოდებენ აქ…

  • ჩვენ არ მოგვისმენია მსგავსი რამ აშშ-ის ელჩისგან და თქვენც იცით, რომ მან ამ საკითხზე არაერთხელ გააკეთა ღიად განცხადება.

მე დარბაზში მყოფებისგან ვიძახი და როდესაც ასეთ განცხადებებს არ ემიჯნებიან ვიღაცები, დიპლომატიური წრეები, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები ჩნდება.

სულ სამი სიტყვითაა სათქმელი, რომ „ვემიჯნები“. მე თუ რაღაცას ვემიჯნები, გაბედულად ვიტყვი. თავის დროზეც იმიტომ შემოვდგი პოლიტიკაში ფეხი, რომ დავინახე რევანშს აპირებდნენ ამ ქვეყანაში ის ძალები, რომელთა ქმედებებმაც ჩემ თვალწინ გაიარა.

  • „ოთხეული“, იგივე „ხალხის ძალა“ არაერთხელ შეფასდა, როგორც პრორუსული მოძრაობა. რას ფიქრობთ ამაზე?

ვინ შეაფასა? იმათ, ვინც ყველაფერი პრორუსული გააკეთა? მაშინ ვინმე გვეკითხებოდა და ისე გადაულოცეს ყველაფერი მათ (რუსებს)… დავანებოთ ომს და ომის თემას თავი, ყველა დანარჩენი ეკონომიკური პროდუქტები პირდაპირ ჩააბარეს, ალბათ წილებშიც უზიან დღემდე, იმდენად კარგად და ბედნიერად ცხოვრობენ იმ პარტიის ლიდერები.

ოთხი წელი მინისტრი ვიყავი [აჭარის ჯანდაცვის მინისტრი] და ვერაფერი საკუთარი ვერ მოვახერხე, კეთილდღეობის შექმნა და უფრო მაგარი პოსტები ეჭირათ, როცა თანამდებობიდან წასულები უცებ მილიარდერების სიაში აღმოჩნდნენ?!

  • მთავრობაში ყოფნის დროს რომ გამდიდრდნენ, „ქართულ ოცნებაში“ ასეთები არ გინახავთ?

მე პირადად არ მინახავს.  ვიღაც-ვიღაცები რომ მიდიან და სურათებს იღებენ… ჩემს სოფელში რომ წავიდნენ და მეზობლებს გადაუღონ ფოტოები და შემდეგ თქვან, რომ ეს ყველაფერი ზაალ მიქელაძისააო.

ვიღაც დაიჯერებს, რომ ეს ასეა, ვინც მე არ მიცნობს.

  • თქვენ ხედავთ რა ხდება ლარსზე, რუსეთის ათასობით მოქალაქე შემოდის ქვეყანაში. ამაში თუ ხედავთ საფრთხეს ქვეყნისთვის და თუ აპირებთ რაიმე განცხადების გაკეთებას?

თუ ეს შექმნის საფრთხეს, არსებობს შესაბამისი ორგანოები, რომლებიც ამ ყველაფერს აკონტროლებენ და ისინი მიგვანიშნებენ, რომ ამის უკან არის რაღაც საფრთხე, ამაზე იქნება რეაგირება.

  • თქვენ როგორ ფიქრობთ, პირადად?

თუ ადამიანი გამორბის, თუნდაც იმ ქვეყნიდან, იმის გამო, რომ არ უნდა იარაღის აღება და უკრაინელისთვის სროლა, ამაზე კარგი რა არის, რომ ასეთ ადამიანს ბევრმა გაუღოს კარები და მე ვნახე ბევრი ქვეყნის განცხადება ამასთან მიმართებაში. ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ.

ვინც იტყვის, რომ  პუტინს არ ემორჩილება ამ ძმათამკვლელ ომში, იმას რატომ არ უნდა შევუწყოთ ხელი.

  • რუსეთთან თუ გაქვთ კითხვები, ხომ არ აპირებთ ამ კითხვების დასმას?

რუსეთთან ყოველთვის იყო კითხვები.

მე ის კითხვა მაქვს, რომ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, მიუხედავად ბევრი მეგობრისა, ახლობლისა, კავშირები მქონდა ყველგან და ყველასთან, რადგან საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდი, მე რუსეთის ტერიტორიაზე ფეხი არ დამიდგამს. ამ კითხვებს რომ მისვამენ [ისინი], რომლებიც მას შემდეგ იქ სწავლობდნენ კიდეც, დადიოდნენ, ბიზნესში იყვნენ ჩართული და ფულს დღესაც კი იღებენ იქედან, იმათგან ვერ მივიღებ კითხვებს.

  • რუსეთი არის თქვენთვის ოკუპანტი?

როდის არ იყო. 9 აპრილი ტყუილად კი არ ვახსენე, როდესაც მთავრობის სახლის წინ ვიყავი, ჩემი მეხსიერებიდან არ ამოვა ეს.

იყო, არის და იქნება. პუტინის და პუტინამდელი რუსეთი ასეთი იყო და ახლა მით უმეტეს, ყველაზე აგრესიული სახით იქცევა.

არა მხოლოდ უკრაინაში და ჩვენ მიმართაც.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ნატოში და არა რუსეთთან?

ეჭვის დონეზე რაღაც გრჩებათ ესე იგი, რადგან ამ კითხვას მისვამთ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროატლანტიკური სივრცე, რაც არა მხოლოდ ევროპას ნიშნავს, პლუს ნატოს ნიშნავს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მიმართულებით კითხვებს არ ვსვამთ.

კითხვებს ვსვამთ კონკრეტული ადამიანების კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში. ჩვენი მომავალი რომ ევროპული არჩევანია, ამაზე კითხვა არც უნდა დაისვას, მე მგონი, ამ ქვეყანაში.

  • გამოდის, რომ თქვენი მოძრაობის ერთადერთი პრობლემა კელი დეგნანია და მხოლოდ იმიტომ შეიქმნა ეს მოძრაობა, რომ თქვენს კითხვებს არ პასუხობდა ელჩი?

არა მხოლოდ, ყველა ის გადაწყვეტილება და ის გამოგზავნილი მესიჯები, რომლებიც ამ ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.

  • ხომ ამბობთ, რომ აშშ ჩვენი პარტნიორი უნდა იყოს, ევროპა ჩვენ გვერდით უნდა იყოს, ვინ უქმნის მაშინ საფრთხეს ჩვენს უსაფრთხოებას?

უნდა ვიყოთ უფრო მეტად ფხიზლად, რომ არც ერთი ასეთი მესიჯი უპასუხოდ არ დავტოვოთ.

  • თქვენს მოძრაობას არასდროს გაუპროტესტებია თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანები მიჰყავთ ომში, უკანონო რეფერენდუმები უკრაინაში… ამაზე კითხვები არ გაქვთ?

რა განცხადება უნდა გაკეთდეს ამაზე, როგორ გავაპროტესტოთ, როცა ისინი [სოხუმში] საერთოდ არ მოდიან კონტაქტზე და ის ადამიანები შენთან კავშირზე არ არიან და ვიღაც გეუბნება, რომ „შედი და აიღე“ [აფხაზეთი].

  • რა მნიშვნელობა აქვს კავშირზე არიან თუ არა, ქვეყნის ტერიტორიიდან ხომ მიჰყავთ ადამიანები ომში, ეს არ იწვევს თქვენში პროტესტს?

თვითონ თვლიან, რომ რუსეთის მოქალაქეები არიან და იმის მოწოდებას მიჰყვებიან.

  • დამისახელეთ ერთი განცხადება, რომელიც რუსეთის პოლიტიკის, ოკუპაციის წინააღმდეგ გააკეთა თქვენმა მოძრაობამ.

ჩვენი არსებობით ვაპროტესტებთ იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს რაიმე ზიანს მოუტანს… გავივლი მაგ საკითხს ჯგუფთან, მექნება კონსულტაცია.

  • ამერიკაში ყოფილხართ როდისმე?

არა და მინდა ძალიან. ბევრ ქვეყანაში არ ვარ ნამყოფი, გარდა რამდენიმე სავალდებულო ვიზიტისა, როცა მინისტრობის დროს ვიყავი რამდენიმე ქვეყანაში.

როცა თქვენ მეუბნებით, რომ ჩვენი გუნდისგან რაღაცები არ გაჟღერებულა, სწორედ იმიტომ, რომ იმ რაღაცების გაჟღერებას სჭირდება სივრცე და დარწმუნებული ვარ, ამ სივრცეს სწორად გამოიყენებს მოძრაობა. იმედია, ამას არ შეეხება ანტიოლიგარქიული კანონი.

რატომ გაიაფდა თხილი საქართველოში – ინტერვიუ ექსპორტიორთან

სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში დღეს ხარისხიან თხილს 2, გამართლების შემთხვევაში კი, 3 ლარად ჩააბარებ. შარშან იმავე ხარისხის თხილი 5, 6 ლარიც კი ღირდა. რამ გამოიწვია თხილის ფასის მკვეთრი შემცირება, რა რაოდენობის თხილის მოსავალი გვაქვს წელს საქართველოში, როგორია თხილის ხარისხი და რა ღირს წელს ქართული თხილი ევროპაში? – „ბათუმელების“ ამ და სხვა კითხვებს ქართული თხილის ექსპორტიორი კომპანიის, „ჯორჯიან პროდაქტ რენესანსის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ბოლქვაძემ უპასუხა.

  • ბატონო ლევან, თუ გაქვთ ინფორმაცია, წელს რა რაოდენობის თხილი დაიკრიფა ქვეყანაში, რამდენია გატანილი და კიდევ რამდენის გატანა იგეგმება ექსპორტზე?

თხილის მოსავლის აღება აგვისტოში დაიწყო და დღემდე ექსპორტზე დაახლოებით 2 500 ტონა გადამუშავებული თხილია გასული.

ზუსტი აღწერა არ გვაქვს, საქართველოში რა რაოდენობის თხილია, სად რამდენი ბაღია და რა მოსავალს ველოდებით, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, შიდა აღრიცხვით ბაღებში დაახლოებით 20 000 ტონა თხილის გული უნდა იყოს საქართველოში.

  • მუნიციპალიტეტების მიხედვით თხილის ყველაზე კარგი და უხვი მოსავალი სად იყო?

უხვი მოსავალი სამეგრელოშია, კარგი ხარისხის თხილი კი – კახეთში.

  • ქართული თხილისთვის ევროპის ბაზარზე რომელი ქვეყანა მიიჩნევა ყველაზე კარგ ექსპორტიორად და მაგალითად, გერმანიაში რა ღირს ქართული თხილი წელს?

გააჩნია რა ხარისხზეა ლაპარაკი, სხვადასხვა ფასი თამაშობს სხვადასხვა ბაზარზე და ასე სტაბილურად ერთი ფასი არ არის. შესაბამისად, ევროპის ბაზარზეც უწევს მწარმოებელს ფასების ხშირი კორექტირება.

აქტიურად გადის ქართული თხილი ევროპაში – იტალიაში, გერმანიაში. ფასებზე რთულია ლაპარაკი. სხვადასხვა ხარისხის თხილს სხვადასხვა ფასი აქვს. თხილის საექსპორტო ფასი მერყეობს 4-4.5 დოლარიდან, რაც მოიცავს თხილის გადამუშავებას, ტრანსპორტირებას და მის მიტანას მყიდველამდე, მაგრამ შემდეგ, არის უკვე იქაური დისტრიბუცია, მაღაზიის დანამატი და ა.შ.

ის, რომ ხშირად ხდება მანიპულირება – დახლზე არსებული პროდუქტის ფასის გამოტანა და გლეხების ამით პროვოცირება, რომ იცით, საქართველოში თხილის ფასი დაბალია და ნახეთ რა ღირს გერმანიაში, არასწორია. ჩვენთანაც, რომ შეხვიდეთ მაღაზიაში, თხილის ფასი იმდენი არ არის, რამდენადაც გლეხი ყიდის,. იმიტომ, რომ ყველა რგოლს თავისი დანამატი აქვს.

  • ქართული თხილი რამდენად აკმაყოფილებს ევროპის ქვეყნების მოთხოვნებს, სტანდარტს?

ქართული თხილი გარკვეულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა არ არსებობს კონკრეტულად ერთი სტანდარტი. ეს სტანდარტები მორგებულია სხვადასხვა ბაზარს. ზოგი მწარმოებელი ისეთ სტანდარტს ითხოვს, რომელიც შესაძლოა საქართველომ, ქართულმა თხილმა ძალიან რთულად დააკმაყოფილოს. მაშინ ერთი და იგივე ფასი იქნებოდა ყველა თხილზე, ქართულზეც, აზერბაიჯანულზეც. სხვადასხვა სტანდარტია, რის მიხედვითაც ყიდულობენ – რომელი ბაზარი რა სტანდარტსაც აკმაყოფილებს, იმ ფასის ფანჯარაში ჯდება.

არის ისეთი თხილიც, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს და გვიწევს სხვადასხვა ბაზრის მოძიება ან მისი გადამუშავება და სხვა პროდუქტის მიღება, არა ნატურალური სახით, არამედ გადამუშავებული სახით.

გადამუშავებულ თხილზე მოთხოვნა ყოველთვის იყო. მთავარია, რამდენად ხარისხიანად ამუშავებ და რამდენად გაქვს მოთხოვნა ამ პროდუქტზე. მთავარია, ბაზრების მოძიება, რომ გადამუშავებული თხილის სწორ ბაზარზე რეალიზება შეძლო. არ არის ყველა ბაზარი და ყველა შემსყიდველი მზად, რომ გადამუშავებული თხილი იყიდოს. მათ ურჩევნიათ თვითონ იყიდონ [თხილი] გადაუმუშავებელი, ნატურალური სახით და შემდეგ გადაამუშაონ საკუთარი მეთოდით.

  • და მაინც, წელს რატომ დაიკლო თხილის ფასმა გასულ წელთან შედარებით?

პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ევროს ფასი არასტაბილურია და ძალიან გაუფასურებულია, ყველა ვალუტის მიმართ შარშანდელთან შედარებით. შესაბამისად, ბევრად შემცირდა [თხილის ფასი] და ევროპის მსყიდველუნარიანობაც ბევრად შემცირდა.

აქედან გამომდინარე, ევროპის მსყიდველუნარიანობა სხვადასხვა პროდუქტზე შემცირებულია და პირველადი მოხმარების პროდუქტები გაძვირდა ევროპაში. თხილი არ არის პირველადი მოხმარების კალათაში და არაა ისეთი მოხმარება მასზე, როგორც შეიძლება სხვა პროდუქტებზე იყოს. გარდა ამისა, [თხილის ფასი] შემცირებულია იქიდან გამომდინარეც, რომ მსოფლიო თხილის წლევანდელი მოსავალი 20 პროცენტითაა მეტი, ვიდრე მსოფლიო წლიური მოხმარება, თანაც არავინ იცის, მოხმარება წელს როგორი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ მსყიდველუნარიანობა შემცირებულია.

  • ანუ გასულ წელთან შედარებით წელს ევროპის ქვეყნებიდან იკლო დაკვეთამ თხილზე. ხომ არ ხდება ისეც, რომ ვეღარ პოულობთ ევროპაში თხილის დამკვეთს?

კი, ამ მომენტში მარტივი არ არის. რომ შევადაროთ შარშანდელი ექსპორტი წლევანდელს – აგვისტოდან სექტემბრის ბოლომდე პერიოდს, შარშანდელი ექსპორტი [წლევანდელს] დაახლოებით, 80 პროცენტით აღემატებოდა.

  • როგორია თხილის ფასები ხარისხის მიხედვით საქართველოსა და ევროპაში?

უფრო სწორი იქნება, რომ შევადაროთ მწარმოებელი ქვეყნების სარეალიზაციო ფასები. სადღაც 10 პროცენტით უფრო ძვირი ღირს აზერბაიჯანული და თურქული თხილი, ვიდრე ქართული, დაახლოებით 20 %-ით უფრო ძვირი ღირს იტალიური თხილი, ქართულ თხილთან შედარებით, თხილის ხარისხის გამო.

  • როგორც ამბობენ, ბაზრის სათანადო კონტროლის გამო ხშირად შემოდის დაბალი ხარისხის პესტიციდები, რაც საბოლოო ჯამში აისახება თხილის ხარისხსა და მოსავლიანობაზე. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამის თაობაზე?

პესტიციდები რაც არის, თუ ფერმერმა სათანადოდ გამოიყენა, ისიც საკმარისია. ყველა ხარისხის პესტიციდია ბაზარზე – დაბალიც, მაღალიც, არ შეიძინოს დაბალი ხარისხის პესტიციდები. მთავარია, ფერმერმა დროულად შეწამლოს თხილი, სათანადო კონტროლი და ყურადღება მიაქციოს [თხილის ბაღს].

2022 წლის სეზონით რომ ვიმსჯელოთ, თხილი ვერ შეწამლეს უხვი ნალექის გამო. ამის გამოც არის დღეისთვის დაბალი ხარისხის თხილის მოსავალი.

  • რას ურჩევდით ფერმერებს, რას უნდა მიაქციონ ყურადღება პესტიციდების შეძენისას?

რა თქმა უნდა, შემადგენლობას. შემადგენლობაში უნდა იყოს ის, რაც სჭირდება [თხილის] ბაღს. მე აგრონომი არ ვარ, ამაში ზუსტ კონსულტაციას ვერ გავუწევ ფერმერებს, მაგრამ არის მაღაზიები, რომლებიც ყიდიან პესტიციდებს და [გამყიდველებს] შეუძლიათ სათანადო კონსულტაცია გაუწიონ ფერმერებს.

თხილზე მომუშავე ფერმერების გამოწვევა ყოველთვის ხარისხის კონტროლი, მაღალი ხარისხის მიღწევაა. წელს ეს გაძვირებული ქიმიკატებით, პესტიციდებით რთული იყო. გაძვირებული საწვავის ფონზე, გაიზარდა ბაღის მოვლის ხარჯი და  ხარჯების გაზრდის გამო ბევრი ფერმერისთვის მიუწვდომელი გახდა ქიმიკატები, რამაც სხვა დონეზე შეაფერხა [თხილის] ისეთი ხარისხის მიღება, რაც საჭირო იყო და რასაც ველოდით.

  • აჭარაში თხილის ბაღები გაჩნდა იმის გამო, რომ მანდარინის შემოსავალმა იკლო და თხილს კარგ ფასად ყიდდა გლეხი, ფერმერი. წელს რამდენად ადეკვატურია თხილის ფასი? თქვენი დაკვირვებით, ხომ არ მოხდება ისე, რომ ფასის გამო მის წარმოებაზეც შეიძლება უარი თქვას გლეხმა/ფერმერმა?

მანდარინიც და თხილიც არის მრავალწლიანი კულტურა. რთულია ერთი წლით განსაზღვრო მომგებიანობა და ღირს თუ არა ამ კულტურის მოვლა. წელს შეიძლება იყოს ეს ფასი, მომავალში უფრო მაღალი ან უფრო დაბალი. მაგას ვერ განსაზღვრავს [ფერმერი].

საქართველო არ არის იმ მასშტაბის თხილის მწარმოებელი ქვეყანა, რომ განსაზღვროს [თხილის] საბაზრო ფასი. ჩვენ მივყვებით მსოფლიო ფასს, მსოფლიო მოსავალს. თხილის ფასი დამოკიდებულია მსოფლიო მოსავალზე, რომელიც წელს საკმაოდ მაღალია. არასერიოზულია, არასწორია, რადგან წელს დაბალია ფასი, ფერმერმა გაჩეხოს თხილის ბაღები, ახალ კულტურას მიჰყოს ხელი, ახალი დანახარჯები გაიღოს და შემდეგ იმის მოვლაზე აიღოს ხელი, რადგან ერთ დროს შეიძლება ფასები დავარდეს.

მანდარინი რომ აიღოთ, საბოლოო ჯამში, საქართველო შესაძლოა იქამდე მივიდეს, რომ მანდარინის იმპორტი დაიწყოს, იმდენად შემცირებულია მისი მოსავლიანობა საქართველოში.

დღეს საქართველოში, კერძოდ, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, თხილის ფასზე სადღაც 30-პროცენტიანი სხვაობაა, ხარისხი უფრო მაღალია აღმოსავლეთში, კახეთში.

ასე, რომ პირველი მნიშვნელოვანი საკითხია, რა კულტურასაც მოჰკიდებს ფერმერი ხელს, უნდა აწარმოოს ხარისხიანი მოსავალი და შესაბამისად, შეძლოს მაქსიმალური ფასის მიღება.

როცა რაიმე კულტურას აშენებ, უნდა იცოდე, ნიადაგი გამოდგება თუ არა ამ კულტურისთვის. აღმოსავლეთის ნიადაგი უფრო ხელსაყრელია თხილის კარგი ხარისხის მისაღებად. მეორე, ის რომ უხვი ნალექი ხშირად აფუჭებს თხილის მოსავალს. ვიცით, რომ აღმოსავლეთი ნაკლებად ნალექიანია და თხილის ხარისხზე ესეც ახდენს გავლენას.

  • შეიძლება ითქვას, რომ თხილის ექსპორტიორ კომპანიებს კრიზისი გიდგათ?

აქეთკენ მივდივართ …

  • რა არის თქვენი შემდეგი წლის გეგმები?

ახალი, სტაბილური ბაზრების მოძიება, ვინც მზად იქნება სტაბილურად შეისყიდოს თხილის პროდუქტები.

წლევანდელი სეზონი გვაჩვენებს, რომ ევროპულ ბაზარზე თხილის მოთხოვნამ იკლო, ამ ეტაპზე ევროპა არამსყიდველუნარიანია. არის ისეთი ბაზრები, სადაც აქამდე საერთოდ არ არის ქართული თხილი ექსპორტირებული, არც იცნობენ, თუ საქართველო თხილის მწარმოებელია. სწორედ ასეთი ქვეყნების ათვისება იქნება უფრო საინტერესო. [ასეთი ქვეყანაა] მაგალითად, ინდოეთი.

ლევან ბოლქვაძე

____

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები – გარჩეული და ნაჭუჭიანი თხილის ევროპაში ექსპორტით მიღებული შემოსავლები: 

  • 2022 წლის იანვარ-აგვისტო: 43 მილიონი აშშ დოლარი გარჩეულ და 2.1 მილიონი აშშ დოლარი ნაჭუჭგაუცლელი თხილზე
  • 2021 წელი: 94.9 მილიონი აშშ დოლარი გარჩეულ და 20.2 მილიონი აშშ დოლარი ნაჭუჭგაუცლელი თხილზე
  • 2016 წელ: 173,7 მილიონი დოლარი გარჩეული და 5.6 მილიონი აშშ დოლარი ნაჭუჭგაუცლელი თხილზე

მიწევს მშობლისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ბავშვს, ქმრისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ცოლს – დირექტორი

„მიწევს მშობლისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ბავშვს, მიწევს ქმრისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ცოლს. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, არ არსებობს, რომ ეს დავთმო“, – გვეუბნება მარნეულის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, მწერალი, პედაგოგი შორენა ხუხუა. „ბათუმელები“ მას დირექტორის ახალ სტანდარტზე ესაუბრა.

  • ქალბატონო შორენა, როდის გახდით დირექტორი და რატომ?

2009 წელს ავარიაში მოვყევი, უბედური შემთხვევის შედეგად დროებით ეტლით მოსარგებლე, შშმ პირი გავხდი. ამ პერიოდში საქართველო-სომხეთის საზღვართან, სოფელ სადახლოში, ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებლად ვმუშაობდი და თითქმის ყველა გამოცდაზე გავედი, მათ შორის ჩავაბარე დირექტორებისთვის განკუთვნილი გამოცდაც.

რაღაცნაირად ვცდილობდი მეჩვენებინა, რომ ისევ ის შორენა ვარ, რომ არაფერი შეცვლილა, რადგან ბორბლებით დავგორავ.

ვწერ, მქონდა არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება, ათი წელი ვმუშაობდი ეთნიკური უმცირესობების სკოლაში და არაერთი გრანტი მოვიპოვე, ბევრი აქტივობა განვახორციელე. ბევრი ვიბრძოლე შშმ პირების უფლებებისთვისაც – როცა ეტლში ჩავჯექი, მხოლოდ მაშინ დავინახე, როგორ არაადაპტირებული სივრცეები გვაქვს, აბსოლუტურად სხვა სამყაროს ხედავ ეტლიდან.

ამიტომ ვთქვი, „რატომაც არა“, ჩავაბარე დირექტორობის გამოცდა და მარნეულის ორი სკოლა ავირჩიე, სადაც მინდოდა მუშაობა. ერთ-ერთ სკოლაში სამეურვეო საბჭომ არ ამირჩია, შემდეგ კი, 2015 წელს, მინისტრმა დამნიშნა დირექტორად.

  • რატომ არ აგირჩიეს, როგორ ფიქრობ?

არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ხმა არ მომცეს.

ამ პერიოდში კიდევ ერთი ოპერაცია მქონდა გაკეთებული და რეაბილიტაციას გავდიოდი, ჯერ კიდევ მიჭირდა გადაადგილება, თუმცა ვფიქრობ, რომ ამას ხელი არ შეუშლია ჩემი საქმიანობისთვის.

არ იყო ადვილი პირველი ნაბიჯები, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული გამოცდილება მქონდა მენეჯმენტის მხრივაც.

  • ახალი სტანდარტი დირექტორებს ბევრ პასუხისმგებლობას აკისრებს. იქნება ეს ფინანსური რესურსების მოძიება, ღია, თავისუფალი, ინკლუზიური გარემოს შექმნა, ხარისხის მართვა და ასე შემდეგ. მოდით, ჩამოვთვალოთ ის საკითხები თქვენი სკოლის მაგალითზე, რისი მოგვარებაც დირექტორის ძალებს აღემატება.

მაგალითად, ორი წლის წინ გაგვიკეთეს სტადიონი, მაგრამ არ გვაქვს სპორტდარბაზი, ეს პრობლემა დირექტორის დონეზე ვერ მოგვარდება. სკოლის პირველი სართული ადაპტირებული გავხადეთ, საკუთარი ხელით ვზომავდი სივრცეებს და ბავშვებიც მყავდა ამ პროცესში ჩართული, თუ როგორ გაივლიდა ეტლი, გაივლიდა თუ არა და მეტ-ნაკლებად მოვაგვარეთ ეს, მაგრამ მეორე სართულზე ამის გაკეთებას ვერ შევძლებთ. სკოლაში ვერ შექმნი ინკლუზიურ გარემოს, თუ იდეალური ინფრასტრუქტურა არ არის.

ამ ინფრასტრუქტურას კი მხოლოდ დირექტორი ვერ შექმნის. ახალაშენებულ სკოლებს აქვთ ამის შესაძლებლობა, მაგრამ ძველ სკოლებს არა.

საკლასო ოთახები არ არის ისეთი, რაც სტანდარტით არის გათვალისწინებული. არ აქვს არც ერთი ლაბორატორია, მხოლოდ 7 კომპიუტერი გვაქვს, რომლებიც მუშაობს. 30 კომპიუტერს ვითხოვთ, განცხადება დაწერილი გვაქვს და იმედია, გადმოგვცემენ.

ასეთი პირობების მიუხედავად, 2020 წელს დირექტორების ათეულში მოვხვდი, რადგან ძალიან ბევრი მიმართულებით ვიმუშავე, იქნება ეს გენდერული თანასწორობის საკითხები, შშმ პირების უფლებები თუ სხვა. ჩემთვის არაფორმალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მხრივ ძალიან აქტიურები ვართ.

როცა მონიტორინგზე მოდიოდნენ  ხოლმე, ყველას უკვირდა, რომ ჩვენ ასეთ პირობებში შევძელით ამდენის მიღწევა.

სკოლაში მხოლოდ ეტლით მოსარგებლე ხომ არ არის, უსინათლო, სმენადაქვეითებული შეიძლება იყოს, ამიტომ ყველა მიმართულებით უნდა იყოს სივრცე გამართული. ვაპირებ, რომ სპორტის მიმართულებით ჩემი პედაგოგი გადავამზადო და ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული გარემო შევქმნა სტადიონზე.

ზამთარში, რადგან სპორტდარბაზი არ გვაქვს, სრულფასოვანი სპორტის გაკვეთილების ჩატარებას ვერ შევძლებთ. არ ხერხდება ყველა მოსწავლის სრული ჩართვა.

ასევე, როგორც დირექტორი, ვერ მოვაგვარებ, მაგალითად, სახელმძღვანელოების პრობლემას, რომელიც დგას ხოლმე ეთნიკური უმცირესობების სკოლებში.

ვერ შევცვლი მშობლიური ენისა და ლიტერატურის წიგნებს, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო არ ბეჭდავს და მეზობელი სახელმწიფოები ჩუქნიან ჩვენს ბავშვებს. პრობლემაა ის, რომ ეს წიგნები იქაური ეროვნული სასწავლო გეგმითაა შედგენილი და არ ემთხვევა ჩვენს ეროვნულ სასწავლო გეგმას.

მიმაჩნია, რომ რითაც სწავლობენ ქართული სექტორის ბავშვები, ზუსტად იმით უნდა სწავლობდეს არაქართულენოვანი სექტორის ბავშვიც, რომ თანაბარ პირობებში იყვნენ.

ვერ მოვაგვარებ მასწავლებლების კომპეტენციის საკითხს, თუკი მათ არ ექნებათ შესაძლებლობა, მშობლიურ ენაზე ჩააბარონ მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა, რომელიც მხოლოდ ქართულ ენაზე ბარდება.

ის, ვინც ვერ ფლობს ქართულ ენას, პროფესიულ უნარებს ვერ აბარებს, ვერ იმაღლებენ სტატუსს, რადგან ვიცით, რომ ამ გამოცდის ჩაბარება ქართულენოვან პედაგოგებსაც კი უჭირთ და ენის კარგად ფლობა აუცილებელია.

ერთხელ მივმართე სამინისტროს და ვთხოვე, რომ იქნებ დირექტორების გამოცდისთვის ჩასაბარებელი ტესტები და პროფესიული უნარების ტესტები ეთარგმნათ, რადგან გაგვეგო, კომპეტენციის პრობლემა გვაქვს, თუ უბრალოდ ენის. ითქვა, რომ თარგმნიდნენ, მაგრამ შემდეგ პროცესი არ დაიძრა.

დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს ყოველ წელს უწევთ ცალ-ცალკე ყველა საგნის ჩაბარება და არ აქვთ შესაძლებლობა ყველა საგანზე ერთდროულად დარეგისტრირდნენ. შესაბამისად, არაქართულენოვანი სექტორი სულ მეჩაგრება.

  • სტანდარტში გიწერიათ, რომ დირექტორმა მოტივაცია უნდა აუმაღლოს თანამშრომლებს და იზრუნოს მათ კვალიფიკაციაზე. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოტივატორი მასწავლებლისთვის ალბათ ანაზღაურებაა, რომელსაც სტატუსის ცვლილება იწვევს. თუ ამას ვერ მოახერხებენ ისინი, როგორი იქნება მათი მოტივაცია?

მე, როგორც დირექტორი, ყველაფერს ვაკეთებ, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის დონე აიმაღლონ პედაგოგებმა, მე თვითონ ვამზადებდი მასწავლებლებს სამი თვის განმავლობაში, საგნობრივადაც მოვიწვიეთ სხვა სკოლებიდან ქართულის მასწავლებლები, ჩემი მეგობარი ტრენერები, ვთხოვდი მათ ტრენინგების ჩატარებას და ქართულ სექტორზე ძალიან სწრაფად გახდნენ სერტიფიცირებულები.

ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გამოცდების მიმართ შიში დაეძლიათ. თუმცა ყველამ არ იცის ენა და ამიტომ ბევრი ვერ ჩააბარებს იგივე დირექტორობის გამოცდას, რომელიც ასევე მხოლოდ ქართულ ენაზე ბარდება.

დღეს მოქმედმა 12-მა, 13-მა დირექტორმა თუ იცის ქართული, სხვები ენას ვერ ფლობენ.

თუმცა მყავს სამენოვანი ახალგაზრდები, ძალიან მოტივირებულები და კარგები, რომლებიც ადვილად აღწევენ წარმატებას და სურვილი აქვთ, რომ დაბრუნდნენ სოფელში და სკოლებში იმუშაონ.

თუ სულით და გულით უდგები საქმეს, არ მიმაჩნია, რომ მიუღწეველი მიზნები არსებობს.

ის, რასაც გვთხოვენ, მაგალითად – გულწრფელობა, პასუხისმგებლობა, ღიაობა, თანამონაწილეობა და ასე შემდეგ, ისედაც უნდა შეეძლოს კარგ დირექტორს.

  • ახალი სტანდარტი და ეროვნული სასწავლო გეგმაც გავალდებულებთ, რომ სწავლება თითოეულ ბავშვზე იყოს მორგებული. შეძლებთ ამ სტანდარტის დაკმაყოფილებას?

ხარისხი დამოკიდებულია მუდმივ მონიტორინგზე, მუდმივ კვლევებზე, დიდი შრომაა ამისთვის საჭირო. სამი-ოთხი წელი მედალოსანიც არ გვყავდა სკოლაში, რადგან რეალური ნიშნები იწერებოდა. უნარებიც სკოლამ სწავლების პროცესში უნდა გამოუმუშაოს ბავშვს. მე მასწავლებლებს ვეუბნები – „შედეგი უნდა დამიდოთ“.

მოსწავლეს რეპეტიტორი არ უნდა დასჭირდეს, როცა სწავლობს სკოლაში, რომელიც კეთილსინდისიერად მუშაობს. თუ სკოლით ფიქრობ, სკოლით სუნთქავ, მაშინ ყველაფერი გამოგივა.

ერთი შვილი მყავს, მაგრამ ჩემს მოსწავლეებთან უფრო მეტი დრო მაქვს გატარებული, ვიდრე მასთან, რვა წელია სკოლაში ვარ და თითქოს რვა დღე იყო, ისე გაფრინდა წლები.

ეთნიკური უმცირესობების სკოლებში ბავშვებს ბევრი რამ აკლიათ, ვცდილობ, ისინიც ჩავრთო საერთაშორისო პროექტებში, რადგან ეს ძალიან ცვლის მათ.

იცით, რამდენი წინააღმდეგობის დაძლევა გვიხდება აქ ყოველდღიურად? აქ სულ სხვა სამყაროა, თბილისში – სხვა. სწავლის გარდა, ყოველდღე სულ სხვა გამოწვევებთან მიწევს ბრძოლა.

მიწევს მშობლისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ბავშვს, მიწევს ქმრისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ცოლს და, სხვათა შორის, ორჯერ ჩავსვი ერთ-ერთი კაცი ციხეში ცოლის ცემისთვის, მიწევს არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა და რეკორდული რაოდენობის წერილი მაქვს მიწერილი პოლიციისთვის.

„შენ ვინ გეკითხება“, – მეუბნებოდა მშობელი, რომელსაც არ უნდა ბავშვმა სკოლაში იაროს. როცა ერთი გოგონა ამერიკაში გავუშვით, წინააღმდეგობა შეგვხვდა მშობლებისგან, მაგრამ დროთა განმავლობაში, როცა ავტორიტეტი მოვიპოვე, ახლა საერთოდ აღარ მჭირდება მშობლებთან რაიმეს ასხნა.

კოვიდის დროს, როცა ონლაინსწავლებაზე გადავედით, წინააღმდეგობები მქონდა მშობლებისგან, რომლებიც გოგონებს არ აძლევდნენ ტელეფონის გამოყენების უფლებას და მე მოიწია მათთან მუშაობა ამ საკითხზე.

სულ ცოტა 2-3 წელი დამჭირდა ინტენსიური მუშაობა ამ პრობლემების დასაძლევად და ვფიქრობ, შედეგიც გამოიღო. ახლა არავინ სვამს კითხვას, წერილი მიდის პოლიციაში, ვეუბნები „დროულად ირეაგირეთ“.

არ არსებობს, რომ ეს დავთმო და საერთოდ, არ  ვფიქრობ, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. სწორედაც რომ ჩემი საქმეა. სკოლის კი არა,  სხვა ადამიანებიც კი მოსულან და უთქვამთ, „დამეხმარეთ“, „დამიცავით“. ქალებზეა საუბარი. თუმცა იყო შემთხვევები, როცა ვერ მოვერიე პრობლემას, რადგან როცა მსხვერპლი უკან იხევს, ვეღარ ეხმარები.

დღეს ჩემი სკოლა სანთელივით ანთია მარნეულში და იმხელა მოთხოვნაა, რომ ბავშვებს ფიზიკურად ვეღარ ვიღებ, ადგილი არ არის.

მშობელმა იცის, სად არის მისი შვილი დაცული, შეიძლება სწყინს კიდეც, რომ ვუჩივლე ძალადობის თემაზე, მაგრამ როცა შვილს ჩვენთან უშვებს, აქვს დაცულობის განცდა. აბსოლუტურად ყველა მშობელი ხდება შენი მხარდამჭერი, როცა მისი შვილი წარმატებულია.

მე არ ვარ წუწუნა დირექტორი, ვხედავ პრობლემას, რისი მოგვარებაც შემიძლია, ვაგვარებ, რისიც არ შემიძლია, ვამბობ ხმამაღლა.

  •  ვისაუბროთ პოლიტიკაზე, რას ფიქრობთ, როცა ამბობენ, რომ მმართველი პარტიები დირექტორებს, მასწავლებლებს არჩევნებზე როგორც ადმინისტრაციულ რესურსს, ისე იყენებენ?

მე ნამდვილად არ მიყენებს და ვერც გამომიყენებს ვერცერთი მმართველი პარტია. პოლიტიკური აქტივისტი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. არც არჩევნების დროს ვაქტიურობ ვინმეს სასარგებლოდ. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო რაიმე სერიოზული წინააღმდეგობები მქონია.

გიორგი ჭაუჭიძეს ბევრი იცნობს და ყველამ იცის, რომ „გირჩის“ წევრია, თუმცა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა. არავის უთქვამს ჩემთვის, შენი მასწავლებელი კენჭს რატომ იყრის ოპოზიციური პარტიიდანო. ჩვენს პედაგოგებს ოჯახის წევრებიც ჰყავთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების და ვერავინ იტყვის, რომ ისინი რომელიმე პარტიის ზეგავლენის ქვეშ არიან.

თუ ასეთი რამ იქნება, მაშინვე დავტოვებ სამსახურს.

  • მაშინ რატომ ხდება, რომ ზოგიერთი დირექტორი უფრო მეტად პოლიტიზებულია და ვერ ახერხებს ამ გავლენებისგან თავის დაღწევას?

ეს კითხვა ყველა დირექტორმა თავის თავს უნდა დაუსვას. მე შემიძლია გითხრათ ჩემზე, რატომ არ ვარ წნეხის ქვეშ – თავისუფალი, გაბედული ადამიანი ვარ და თუ ვინმეს არ მოსწონს რასაც ვაკეთებ, შეუძლია დღესვე გამათავისუფლონ, არანაირი პრობლემა არ მაქვს. მწერალი ვარ, დავწერ სხვა წიგნებსაც და ვიმუშავებ რომელიმე სკოლაში მასწავლებლად, არანაირი მიჯაჭვულობა არ მაქვს თანამდებობაზე და არც დაკარგვის მეშინია.

მე მგონია, რომ ადამიანებს იმის უფრო ეშინიათ, თვითონ შეცვალონ რაიმე და ურჩევნიათ სხვებმა მიიღონ გადაწყვეტილებები.

  • იმის თქმა გინდათ, რომ პრობლემა ადამიანებშია მხოლოდ?

ადამიანებში და სისტემაშიც, რადგან სისტემა აქცევს ასეთად ადამიანებს. თუმცა მე არაერთხელ მითქვამს დირექტორებისთვის, რომ მეტი გაბედულება მართებთ.

  • ჩვენ ვნახეთ ფარული ჩანაწერები, რომლის მიხედვით სუსი წყვეტს, ვინ უნდა დარჩეს სკოლაში დირექტორად და ვინ – არა.

თუ ჩემზე რაიმე ჩანაწერი არსებობს, დარწმუნებული ვარ ეწერება, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ღირებული ადამიანი ქვეყნისთვის. მე ასე მჯერა.

აქ, მარნეულში, სულ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, დღეში შეიძლება ხუთჯერ მივმართო პოლიციას, რაც თბილისში დირექტორს საერთოდ შეიძლება არ დასჭირდეს.

პოლიციელი მშობლისთვისაც კი მიჩივლია, ისე, რომ უკან არ დამიხევია. იყო პერიოდი, როცა ღიად მიპირისპირდებოდნენ, მაგრამ მე ეს გადავლახე.

  • მარნეულის ერთ-ერთი სკოლიდან ფოტო გავრცელდა, სადაც მასწავლებელ იატაკზე ჰყავს დაჩქილი ბავშვები დასჯის მიზნით. ასეთ შემთხვევებთანაც გიწევდათ ბრძოლა?

კი, მეც მქონდა ასეთი შემთხვევები და ჩემი სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა სამი მასწავლებელი გაათავისუფლა ამის გამო. მყავს კომიტეტი, რომელიც გაჭირვების დროს კი არ მუშაობს, არამედ მუდმივად.

ამ კულტურის დათმობაც ძალიან გაუჭირდა კოლექტივს. ამბობდნენ, რომ სჯობს დირექტორმა გვითხრას რაში ვცდებით, ვიდრე დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილოს. კანონმდებლობით ასეა და დირექტორს არ აქვს მასწავლებლის დასჯის უფლება. ასეთ საკითხებზე ძალიან მკაცრი და სწრაფი რეაგირება რადგან მქონდა, მალე შეწყდა მსგავსი შემთხვევები.

  • ყველამ ვიცით, როგორი პოლიტიკური ვითარებაა რეგიონში, უკრაინაში ომია, საქართველოს საზღვარს ათასობით რუსი მოაწყდა. ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ რუსეთის დროშა ჩამოხია, რადგან ოკუპაციას მტკივნეულად აღიქვამენ ახალგაზრდები. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

მთელი შეგნებული ცხოვრება და ახალგაზრდობა გავატარე ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობაში, მათ შორის საზღვარზე და ყველაზე მნიშვნელოვნად რაც მიმაჩნია, სახელმწიფოებრივი აზროვნებაა. მით უმეტეს, როცა ქართულ-რუსული სექტორის დირექტორი ხარ და სხვა ეთნოსის ბავშვებთანაც გაქვს შეხება.

როცა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი დაიწყო, მაშინ შევთანხმდით მასწავლებლები, რომ არც სომეხ და არც აზერბაიჯანელ ბავშვებს არ უნდა ეგრძნოთ ეს მტრობა გაკვეთილზე მასწავლებლისგან.

გარკვეული პერიოდი მარნეულში მცხოვრები რუსული წრეებისგან დიდი წინააღმდეგობა მქონდა. ანონიმური საჩივრები იწერებოდა ჩემზე, ადამიანი, რომელსაც პუტინი ასე სძულს და ასეთი ანტირუსია განწყობით, არ უნდა იყოს რუსული სკოლის დირექტორიო.

სახელმწიფო სიმბოლიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში. არც ერთი სტენდი სკოლაში ჩემთან შეთანხმების გარეშე არ დაკიდულა. ჰიმნს, რომელიც ხშირად იბეჭდება ხოლმე, ფოიეს გასაფორმებლად, თითის გაყოლებით ვკითხულობ, რომ რაიმე წერტილი, რაიმე მძიმე არ გაიპაროს, რადგან ეს არის სახელმწიფო სიმბოლიკა.

კაბინეტში, ქართულ დროშასთან ერთად, უკრაინული დროშაც მაქვს, რომ ნებისმიერმა შემომსვლელმა დაინახოს, რა დამოკიდებულება მაქვს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან. დღეს უკრაინელი ერი არის რუსეთთან ბრძოლის, სიმამაცის სიმბოლო ჩემთვის. ეთნიკური უმცირესობების სკოლაში, რომელსაც აქვს რუსული სექტორი, ძალიან ფაქიზი და მნიშვნელოვანი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი აზროვნება.

ჩვენ იქნება ეს სოხუმის დაცემის დღე, საქართველოს ოკუპაცია 1921 წელს თუ კავკასიაში განვითარებული სხვა მოვლენები, ყოველთვის გვახსოვს, ამ ისტორიის ანალიზს ვაკეთებთ და ასე ვასწავლით ბავშვებს და ვსაუბრობთ იმაზე, საქართველოს რა ადგილი უჭირავს დღეს ამ მოვლენებში.

  • ხშირად მასწავლებლებიც ერიდებიან კითხვაზე პასუხს – არის რუსეთი ოკუპანტი? თქვენთან რას პასუხობენ ხოლმე?

კითხვაზე – არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, არც ერთ მასწავლებელს არ უჭირს პასუხის გაცემა. ეროვნებით რუსი მასწავლებელიც მყავს და გაბედულად ამბობს, რომ ნამდვილად მოხდა საქართველოს ოკუპაცია. 23 თებერვალია თუ სოხუმის დაცემის დღე, დამრიგებელი ასწავლის ამას ბავშვებს.

იცით, რა მიხარია? ჩვენზე პატრიოტი, ჩვენზე სუფთა, ღირსეული თაობა მოდის და დარწმუნებული ვარ, ისინი ბევრ რამეს შეცვლიან ამ ქვეყანაში. მე მათთან ურთიერთობაში გავხდი უფრო ტოლერანტი, უფრო მეტი ვისწავლე მათგან და არც ერთ ჩემს გადადგმულ ნაბიჯს არ ვნანობ. დირექტორი, რომელიც სხვის კარნახს ელოდება, ის ვერასდროს გახდება ლიდერი.

485 ათასი ლარის სახელმწიფო ტენდერი ბათუმის საკრებულოს წევრის მიერ დაფუძნებულ კომპანიას 

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი მამუკა ჯევაიში ამბობს, რომ ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის კომპანია ხელვაჩაურში სახელმწიფო ტენდერებს ნეპოტიზმის წყალობით იგებს.

დღეს, 4 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე მამუკა ჯევაიშმა თქვა, რომ ბოლო წლებში საკრებულოს წევრის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ 17 სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა.

„ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ლევან დოლიძე იგებს ტენდერებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ის დეპუტატობამდე მაღალ თანამდებობას იკავებდა აჭარის მთავრობაში. პირადად თორნიკე რიჟვაძის მრჩეველი იყო, მისი ახლო მეგობარია.

ამ ყველაფრის წყალობით, ლევან დოლიძეს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჯამში, 1 მილიონ 135 ათასი ლარის ტენდერი აქვს აღებული.

ამასთან „ქართული ოცნების“ აქტიური შემწირველია. ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს იმაზე, რომ საქმე გვაქვს კორუფციასა და ნეპოტიზმთან,“ – განაცხადა მამუკა ჯევაიშმა.

მამუკა ჯევაიში დღეს გამართულ ბრიფინგზე

ლევან დოლიძე ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი წევრია პარტია „ქართული ოცნებიდან“.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის ლევან დოლიძეს დაუკავშირდა. ის კატეგორიულად უარყოფს, რომ „ლდ.გროუპ“-ის ტენდერებში გამარჯვება მის ამჟამინდელ საქმიანობასთანაა დაკავშირებული.

„მერამდენედ ხდება ჩემთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეგეთი კომენტარების გაკეთება, რომელიც უსაფუძვლოა. კი, ეგ კომპანია 2015 წელს მე დავაარსე, მაგრამ 2017 წლამდე ვმუშაობდი. მაგ კომპანიაში მე არანაირი სამუშაოები აღარ გამიკეთებია. ძირითად საქმიანობებს ასრულებდა ის [ზურაბ სოლომონიძე], რადგან დირექტორი იყო. რას აკეთებდა, არც ვიცოდი. შემდეგ გადავწყვიტე, რომ გადამეფორმებია. არ მჭირდებოდა და არ ვიყენებდი. გავასხვისე უბრალოდ.

არანაირი სხვა მიზნით ეგ კომპანია არ გამომიყენებია. დღეს მართლა პირველად გავიგე, რომ ეგ კომპანია რაღაცას აკეთებს. ან რამეს თუ აკეთებენ, მაგაში მე ჩართული არ ვარ. სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რა ხდება მაგ კომპანიაში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლევან დოლიძემ.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა კომპანია „ლდ.გროუპ“-ის დირექტორს ზურაბ სოლომონიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ კომპანია ახლა მას ეკუთვნის.

„ორი პატარა ტენდერი მოვიგეთ ძლივს მთელი წელია. მაგათ [ენმ-ს] გადაეცით დათვალონ წაგებული ტენდერი, რამდენი მაქვს და მერე მიხვდებიან. ხომ შეიძლება მოგებული ტენდერიც… წელიწადში ორ ტენდერს რომ მოიგებ და 15 ტენდერს წააგებ, მანდ სადღა არის ვინმეს მხარდაჭერა“, – გვითხრა ზურაბ სოლომონიძემ.

კომპანია „ლდ.გროუპ“-ი

კომპანია „ლდ.გროუპ“-ი, რომელმაც გასულ თვეში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ბათუმის საკრებულოს წევრმა, ლევან დოლიძემ, 2015 წელს დააარსა. დაარსების მომენტში კომპანიის 100%-იან წილს დოლიძე ფლობდა, კომპანიის დირექტორად კი ზურაბ სოლომონიძე დანიშნა.

2019 წელს ლევან დოლიძე ინფრასტრუქტურის საკითხებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად დანიშნეს.

საჯარო რეესტრის თანახმად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა საკუთარი კომპანიის – შპს „ლდ.გროუპ“-ის 100 %-იანი წილი 2019 წელს დირექტორს, ზურაბ სოლომონიძეს უსასყიდლოდ გადასცა.

2020 წლის დეკემბერში ლევან დოლიძე მაშინდელმა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმის საცხენოსნო კლუბის დირექტორად დანიშნა.

ღია მონაცემების თანახმად, 2021 წლის ოქტომბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ლევან დოლიძეს 5 000 ლარი აქვს შეწირული „ქართული ოცნებისთვის“.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული სატენდერო მონაცემების თანახმად, შპს „ლდ.გროუპ“-მა 2022 წელს, ჯამში, 485 ათასი ლარის 4 სახელმწიფო ტენდერი მოიგო.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა შპს „ლდ.გროუპ“-ს ხელშეკრულება გაუფორმა 173 988 ლარზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კი – 101 024 ლარზე, ქობულეთში სახალვაშოს გზის დასაგებად. კიდევ ერთი ხელშეკრულება საავტომობილო გზების დეპარტამენტმა „ლდ.გროუპ“-თან 112 815 ლარზე დადო, ქობულეთში, ზედა კვირიკეს გზის დასაგებად.

2022 წლის მარტში ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 97 390 ლარზე გააფორმა ხელშეკრულება „ლდ.გროუპ“-თან, კომპანიას სოფელ წყავროკას ცენტრი და სკვერი უნდა მოეწყო.

რაც შეეხება 2021 წელს, „ლდ.გროუპ“-მა მუნიციპალური განვითარების სააგენტოს ორი ტენდერი მოიგო – ერთი ხელშეკრულება 69 246 ლარზე დაიდო, მეორე კი 119 636 ლარზე ბათუმში, არაასფალტირებული ქუჩების ფუნდამენტის მოსამზადებლად.

„ლდ.გროუპ“-მა გაიმარჯვა საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერშიც და 196 628 ლარის ხელშეკრულება მიიღო.

2021 წლის თებერვალში კომპანიას ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 72 672 ლარის სამუშაოების შესრულებაზე გაუფორმა ხელშეკრულება.

მობილიზაციიდან 2 კვირაში რუსეთი 700 ათასმა ადამიანმა დატოვა – Forbes

„ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებიდან ორ კვირაში რუსეთი 700 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 200 000 ყაზახეთში გადავიდა – ქვეყნიდან გაქცეულთა რაოდენობა Forbes-მა გაარკვია, თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ უცნობია, რამდენი მათგანი გეგმავს უკან დაბრუნებას.

როგორც Forbes-ს კრემლთან დაახლოებულმა წყარომ უთხრა, მობილიზაციის დაწყებიდან რუსეთი თითქმის მილიონამდე ადამიანმა დატოვა, კიდევ ერთი წყაროს ცნობით კი, ეს რიცხვი 600-700 ათასია. იმის გამოთვლა, რამდენია წასული ტურისტული მიზნით, გამოცემის რესპონდენტების მტკიცებით, შეუძლებელია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებიდან ძალიან მალე რუსეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე რიგები დადგა. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო აღმოჩნდა ლარსის გამშვებ პუნქტზე, საქართველოს საზღვარზე, სადაც ადამიანები რიგში 4-5 დღის განმავლობაში იდგნენ. ანალოგიური ვითარება იყო ყაზახეთის საზღვართანაც.

Forbes-ი წერს, რომ მედიაში ამ დრომდე მხოლოდ ის ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომელიც არა რუსეთმა, არამედ რუსეთის მოქალაქეების მიმღებმა ქვეყნებმა გაასაჯაროვეს.

4 ოქტომბერს, ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ 21 სექტემბრის შემდეგ ქვეყანაში რუსეთის 200 000 მოქალაქე შევიდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მობილიზაციის გამოცხადებიდან შემდგომი კვირის განმავლობაში საქართველოს საზღვარი რუსეთის 53 000-მა მოქალაქემ გადაკვეთა.

იმავე კვირაში, ევროკავშირის ქვეყნებში შევიდა რუსეთის 66 000 მოქალაქე.

30 სექტემბერს, რუსეთის ელჩმა ჰელსინკში, პაველ კუზნეცოვმა აღნიშნა, რომ 21 სექტემბრის შემდეგ ფინეთში დაახლოებით რუსეთის 60 000 მოქალაქე შევიდა, მათი 80 % ევროკავშირის სხვა ქვეყანაში მიემგზავრება, დაახლოებით 100-მა ადამიანმა კი ფინეთს თავშესაფარი სთხოვა. კუზნეცოვმა დასძინა, რომ უცნობია, რუსეთიდან წამოსული მოქალაქეებიდან რამდენი ასახელებს ქვეყნის დატოვების მიზეზად მობილიზაციას.

2022 წლის იანვრიდან სექტემბრამდე, ჯერ კიდევ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამდე, „როსსტატის“ ინფორმაციით, რუსეთი უკვე დატოვებული ჰქონდა 419 000 ადამიანს, რაც ორჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

Forbes-მა შეკითხვები გაუგზავნა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო სამსახურს.

„ნაწილობრივი მობილიზაცია“ რუსეთში 21 სექტემბერს გამოცხადდა. პუტინის ბრძანებით, ის მხოლოდ რეზერვში მყოფ და სამხედრო გამოცდილების მქონე პირებს ეხებათ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია 300 000 კაცის გაწვევა.

მთავარ ფოტოზე: მანქანების კოლონა ყაზახეთის საზღვარზე/ფოტო: TACC

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შესაძლო აკრძალვა – სამინისტროს განმარტება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ მუშაობენ საკითხზე, უნდა აიკრძალოს თუ არა 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი საქართველოში. იმპორტიორების თქმით კი, მსგავსი მოლოდინის გამო 10 წლის და მეტი ასაკის ავტომანქანებზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასიც გაიზარდა.

„ინფორმაცია, რომ 2023 წლის იანვრიდან საქართველოში აიკრძალება 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი, სიმართლეს არ შეესაბამება“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

„ასეთი აკრძალვის შემოღება ჯერ, შეიძლება ითქვას, ჰიპოთეზის დონეზეა და უახლოეს მომავალში არ იგეგმება. ამ დროისთვის არც შესაბამისი კონსულტაციები დაწყებულა და არც საკანონმდებლო ცვლილებისთვის საჭირო რაიმე პროექტი არსებობს. ასეთი აკრძალვის შემოღება საჭირო იქნება შემდგომში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და ამ კუთხით ევროსტანდარტების დანერგვის მიზნით,“ – გვითხრეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

„ევრო 5“ სტანდარტის ქვემოთ ავტომობილების იმპორტის შეზღუდვის შემოღების შესახებ საუბარი ნაადრევია, რადგან საქართველოში აღნიშნული სტანდარტის დადგენის პროცესი საწყის ეტაპზეა. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად არ არის განსაზღვრული არც რეგულაციების ამოქმედების თარიღი.

მას შემდეგ, რაც საკითხი იქნება სრულყოფილად დამუშავებული, მოხდება მისი ფართოდ განხილვა ყველა დაინტერესებულ მხარესთან. კანონმდებლობის მიღების შემდეგ კი, კანონმდებლობა მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდგომ ამოქმედდება. ეს ამ სექტორში მომუშავე პირებსა და სახელმწიფოს საშუალებას მისცემს მოემზადოს სამომავლო რეგულაციის უმტკივნეულოდ შესასრულებლად.

შესაბამისი კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ დღეს საქართველოში შესაძლებელია ემისიის ევრო 5 სტანდარტის შემოღება. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში მსგავსი რეგულაცია 2013 წლიდან მოქმედებს და ავტომობილების ემისიის სტანდარტები, ასევე ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანაშია დანერგილი“, – აცხადებს სამინისტრო.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილები 2019 წლიდან დღემდე უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ჩამონათვალში ლიდერობს.

  • 2019 წელს საქართველოში შემოტანილია 1 108 200 000 აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილი,
  • 2020 წელს – 781 700 000 აშშ დოლარის
  • 2021 წელს – 935 500 000 აშშ დოლარის
  • 2022 წლის იანვარ-აგვისტოში კი – 940 400 000 აშშ დოლარის:
წყარო: საქსტატი

„ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, შეიძლება ხაზგასმით აღინიშნოს, რომ სამომავლოდ, მსგავსი რეგულაციების შემოღებისას შეზღუდვები არ შეეხება ტრანზიტულ ავტომობილებს და პრაქტიკულად არ შეაფერხებს ავტომობილების სამომავლო ვაჭრობის საკითხებს“, – აცხადებს სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, სამომავლოდ „რეგულაცია არ შეეხება ქვეყანაში არსებულ ავტოპარკს, ისევე როგორც ეს ხდება ყველა ევროპულ ქვეყანაში“.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ავტოპარკს, იმავე სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის დასაწყისში საქართველოში რეგისტრირებული იყო 1 477 400 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა – 1 229 200 გამოშვებულია 10 და მეტი წლის წინ.

ამავე თემაზე:

დაჯარიმდებით თუ ავტომანქანას დროულად არ განაბაჟებთ ან ნაწილებად გაყიდით

 

 

გამოვრიცხავთ აქციაზე მყოფებთან კონტაქტსა და მუქარას – ირანის საკონსულო ბათუმში

ირანის საკონსულო ბათუმში ეხმიანება ირანის მოქალაქეების განცხადებას, რომლის თანახმადაც საკონსულო მათ შესახებ ინფორმაციას აგროვებს საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო.

ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულო ბათუმში განმარტავს, რომ საკონსულო არ დაკონტაქტებია მოქალაქეებს და არ დამუქრებია მათ.

საკონსულოს განმარტებას, რომელიც წერილობით მივიღეთ, გთავაზობთ უცვლელად:

„აღვნიშნავთ, რომ თქვენ მიერ დასმულმა საკითხმა ჩვენში დიდი გაოცება გამოიწვია და აქვე უარვყოფთ და გამოვრიცხავთ საპროტესტო აქციაზე მყოფებთან ყოველგვარ კონტაქტსა და მუქარას.

ყურადღებას გავამახვილებთ ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის ზოგიერთ მონაკვეთზე, რაც ადასტურებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ყალბია და შორს არის სიმართლისგან.

ირანის ისლამური რესპუბლიკის კანონმდებლობა აღიარებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას იმ პირობით, თუკი არ არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, ისლამურ პრინციპებს და არ ლახავს პიროვნების ღირსებას. ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის 23-ე მუხლი ადგენს, რომ სხვისი აზრის განსჯა (რევიზია) აკრძალულია და ასევე, შეხედულების გამო არავის შეურაცხყოფა და დაძრახვა არ შეიძლება. ასევე, 27-ე მუხლი თავისუფლად მიიჩნევს შეკრებებისა თუ მსვლელობის მოწყობას იარაღის ტარების გარეშე, იმ პირობით, თუ ეს არ დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას.

აქვე დავძენთ, აქ ნებისმიერი შეკრებისა და პროტესტის გამართვა ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობასა და წესებს,“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ირანის საკონსულოდან მოაწოდეს „ბათუმელებს“.

გუშინ, 3 ოქტომბერს, „ბათუმელებს“ ირანის მოქალაქემ მომართა და დახმარება სთხოვა. მოქალაქე ამბობდა, რომ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერი სოლიდარობის აქციის გამო საკონსულომ აქციის მონაწილეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყო. მოქალაქე ვარაუდობდა, რომ ბათუმში მცხოვრებ ირანის მოქალაქეებს ირანის საკონსულო მომავალში პრობლემებს შეუქმნიდა მათ მიერ გამოხატული პროტესტის გამო.

ამავე თემაზე:

ბათუმში აქციის გამართვის გამო ირანის საკონსულო გვემუქრება – მოქალაქე

ლუკაშენკომ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა აღიარა – ამას არც ვმალავთ

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აღიარა, რომ მისი ქვეყანა „რუსეთის სპეციალურ ოპერაციაში მონაწილეობს“, თუმცა იქვე დასძინა, რომ მან უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნაზე უარი თქვა.

სააგენტო Белта-ს ცნობით, ლუკაშენკომ ამის შესახებ სამხედრო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თათბირზე ილაპარაკა.

„რაც შეეხება ჩვენ მონაწილეობას სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში უკრაინაში, ჩვენ მასში ვმონაწილეობთ. ჩვენ ამას არც ვმალავთ, მაგრამ ჩვენ არავის ვკლავთ. ჩვენ არსად ვგზავნით ჩვენს სამხედროებს. ჩვენ ვალდებულებებს არ ვარღვევთ,“ – განაცხადა ლუკაშენკომ და განმარტა, რას გულისხმობს მონაწილეობაში. – „პირველ რიგში, რომ არ დავუშვათ კონფლიქტის გავრცელება ბელარუსის ტერიტორიაზე. მეორე – არ დავუშვათ დარტყმა ბელარუსზე პოლონეთის, ლიტვისა და ლიეტუვის მხრიდან. როგორც უკვე ვთქვი, ბელარუსის ტერიტორიიდან რუსებს ზურგში ვერავინ უნდა ესროლოს. ესაა ჩვენი მონაწილეობა.“

ლუკაშენკომ დასძინა, რომ რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მობილიზაცია ბელარუსში არ გამოცხადდება, რადგან „ბელარუსის ტერიტორიაზე ომები არ არის.“

როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის განცხადებით, ლუკაშენკოს რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში ბელარუსის ჩართვის ეშინია და მაქსიმალურად ცდილობს, ომში პირდაპირი მონაწილეობა თავიდან აირიდოს.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ბელარუსში 20 ათასამდე მობილიზებული რუსი რეზერვისტის გადაყვანა იგეგმება. მათ ბელარუსში მყოფი რუსეთის არმიის დანაყოფები უნდა შეავსონ.

ბელარუსი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიაში პირდაპირ არ მონაწილეობს, თუმცა თებერვლის ბოლოს სწორედ ბელარუსიდან დაიწყო რუსეთის ჯარმა შეტევა უკრაინაზე. ბელარუსის ტერიტორიას რუსეთი დღემდე იყენებს უკრაინის დასაბომბად.

მოემზადე ოქტომბრის სილქფესტის განსაკუთრებული შეთავაზებებისთვის

სილქნეტი, ერთი დღით, რამდენიმე პაკეტის ჩართვას  სხვადასხვა პირობით თავაზობს მობილური ქსელის მომხმარებლებს.

5 ოქტომბერს, სილქფესტის აქცია შესაძლებლობას მისცემს ყველა მსურველს გაიაქტიუროს:

  • 200 ადგილობრივი წუთი – 5₾
  • 3 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 5₾
  • ულიმიტო სასაუბრო დრო – 14 ₾
  • ულიმიტო მობილური ინტერნეტი – 23₾

შერჩეული პირობის აქტივაციისთვის გამოიყენეთ: კოდი *202#,  აპლიკაცია MySilknet ან პირდაპირ ვებ გვერდიდან შეიძინეთ სასურველი პაკეტი. 

სილქფესტი აქცია ერთჯერადია.  პაკეტი აქტიურია ჩართვიდან 30 დღე. 

სილქფესტის ნებისმიერი შეთავაზების შეძენა შესაძლებელია სხვა ნომრისთვისაც, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.  

ერთზე მეტი პაკეტის გააქტიურების შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

ზელენსკი და უკრაინელი ჟურნალისტები ნობელის პრემიის გამორჩეული კანდიდატები არიან – Reuters

ომი უკრაინაში ან კლიმატის ცვლილებები – სააგენტო Reuters-ის ცნობით, სავარაუდოდ, ამ ორი საკითხიდან ერთ-ერთს გამოეხმაურება ნობელის კომიტეტი 7 ოქტომბერს, როდესაც მშვიდობის პრემიის ლაურეატს გამოაცხადებს.

„წლევანდელმა ნობელის პრემიამ მშვიდობის დარგში შესაძლოა დაგმოს ომი უკრაინაში და პრემიის ლაურეატად აღიაროს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოპონენტები, ან მოხალისეები, რომლებიც მოქალაქეებს ეხმარებიან, ან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ბუკმეკერთა სიაში მოწინავე ადგილზეა.

წლევანდელმა პრემიამ შეიძლება ხაზი გაუსვას კლიმატის ცვლილებების მნიშვნელობას და გარემოს დამცველები დააჯილდოოს, მაგალითად, გრეტა ტუნბერგი – ან სრული სიურპრიზი მოაწყოს, როგორიც ნორვეგიის ნობელის კომიტეტს მანამდეც გაუკეთებია,“ – წერს სააგენტო Reuters-ი.

სააგენტოს ინფორმაციით, გამოცემა The Kyiv Independent-ი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წლევანდელი ნობელის პრემიის გამორჩეული კანდიდატები არიან.

„ეს შეიძლება იყოს პრიზი ვინმესთვის უკრაინის შიგნით – ფაქტების მოძიებისთვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის,“ – ამბობს ჰენრიკ ურდალი, ოსლოს მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი. – „ეს ასევე შეიძლება იყოს პრიზი ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მეზობელ ქვეყნებში.“

ურდალი ასახელებს სვეტლანა ტიხანოვსკაიას ბელარუსიდან და ალექსეი ნავალნის რუსეთიდან, რომლებიც Reuters-ის ცნობით, წარდგენილნი არიან ნობელის პრემიაზე.

„ორივე მათგანი აკრიტიკებს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში. ორივე მათგანი დემოკრატიის მტკიცე დამცველია და ძალადობას ებრძვის საკუთარ ქვეყანაში.“

ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Reuters-ს ეუბნება, რომ ზელენსკისთვის მშვიდობის პრემიის მინიჭება, ერთი მხრივ, ნიშნავს, რომ მან „აიღო სრული პასუხისმგებლობა ყველაზე საშიშ მომენტში, ხოლო მეორე მხრივ, ეს იქნება პრიზი უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც დღეს მშვიდობაში უმაღლეს ფასს იხდის.“

შარშან ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ჟურნალისტებმა, ფილიპინელ-ამერიკელმა მარია რესამ და რუსმა დიმიტრი მურადოვმა მიიღეს.

„ზღვის მიღმა ბათუმია“ – ოდესის ლიტერატურული ფესტივალი ხვალ ბათუმში გაიხსნება

ხვალ, 5 ოქტომბერს, ბათუმში ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნება და 8 ოქტომბრამდე გასტანს.

დღეს, 4 ოქტომბერს, ბათუმის საზაფხულო თეატრში ლიტერატურული ფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ფესტივალის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა ფესტივალის ბათუმში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ფესტივალის პროგრამა და ფესტივალის ქართველი და უცხოელი მონაწილეების ვინაობა გააცნეს მედიას.

ოდესის ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი კონრად ადენაუერის ფონდია. ფონდის ხელმძღვანელმა საქართველოში, შტეფან მალერიუსმა ისაუბრა, თუ როგორ და რატომ გადაწყდა ფესტივალის ჩატარება ბათუმში.

შტეფან მალერიუსის თქმით, წელს, ზაფხულში, გერმანიაში, „ქართულ ლიტერატურულ ინიციატივასთან“ და მედიასთან ერთად შეხვდნენ ოდესის ლიტერატურული ფესტივალის დირექტორს. ცხადი იყო, რომ ფესტივალი ვერ ჩატარდებოდა ოდესაში რუსული აგრესიის გამო, თუმცა ფესტივალის გამართვის ტრადიციის დარღვევა არავის სურდა და გაჩნდა ლიტერატურული ფესტივალის ბათუმში ჩატარების იდეა.

„ჩვენ ორივე ქვეყანაში [უკრაინა, საქართველო] აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე და ეს ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი მიზეზი იყო, ამ ფესტივალისთვის მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა.

ეს არის სოლიდარობის სიგნალი როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის მხრიდან უკრაინის მიმართ, რაც აუცილებელი იყო დაფიქსირებულიყო“, – თქვა შტეფან მალერიუსმა.

პრესკონფერენცია ბათუმში. შუაში შტეფან მალერიუსი

ოდესის ლიტერატურული ფესტივალის მენეჯერმა, მაქსიმ მელნიკმა განმარტა, რატომ შეირჩა ბათუმი.

„როდესაც ოდესაში ხარ და ფიქრობ, რა არის ზღვის მიღმა, ეს არის ბათუმი და ეს არის კითხვაზე პასუხი ჩვენთვისაც – რატომ ბათუმი. იმიტომ, რომ ზღვის მიღმაა ბათუმი და ეს მხარდაჭერა, რაც ბათუმიდან წამოვიდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

ხშირად ადამიანები კითხულობენ, ლოგიკური კითხვა ჩნდება, რამდენად მნიშვნელოვანია ლიტერატურა ახლა, ომის დროს? ჩემი პასუხია ყოველთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია.

სიტყვა ხშირად არის იარაღი, რომლითაც  მწერალი იბრძვის და ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გამოვიყენოთ სიტყვა.

იმედი მაქვს, რომ გვექნება ძალიან მშვიდობიანი და საინტერესო დისკუსიები“, – თქვა მაქსიმ მელნიკმა.

ფოტო პრესკონფერენციიდან
მარჯვნიდან პირველი მაქსიმ მელნიკი

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: Peter Weiss Foundation for Art and Politics-ი (გერმანია), ქართული ლიტერატურული ინიციატივა და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.

ფესტივალი ხორციელდება Konrad Adenauer Foundation-ის (გერმანია), Jan Michalski Foundation-ის (შვეიცარია), international literature festival berlin (ilb)-ის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიის, Prohelvetia-ს (შვეიცარია) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

ფესტივალი წელსაც განაგრძობს თანამშრომლობას Odesa Academic Ukrainian Music and Drama Theater named after V. Vasylko-სთან.

ფოტო პრესკონფერენციიდან

ფესტივალის სრული პროგრამის სანახავად ეწვიეთ ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდს.

ოდესის ლიტერატურული ფესტივალი

ფესტივალის მედიამხარდამჭერია „ბათუმელები“.

ამავე თემაზე: 

ოდესის ლიტერატურული ფესტივალის პროგრამა – ფესტივალი წელს ბათუმში გაიმართება

თურქეთში სურსათზე ფასების წლიურმა ზრდამ 93 პროცენტი შეადგინა

თურქეთში ინფლაციის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ბოლო 24 წლის განმავლობაში. ექსპერტები ამის ერთ-ერთ მიზეზად საპროცენტო განაკვეთების შემცირების პოლიტიკას მიიჩნევენ – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

გამოცემა ეყრდნობა თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მაჩვენებლებს.

სტატისტიკის თანახმად, თურქეთში წლიურმა ინფლაციამ სექტემბერში ახალ პიკს, 83,45 პროცენტს მიაღწია, ხოლო ზრდამ 3,08 პროცენტი შეადგინა. ეს არის წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თურქეთში 1998 წლის სექტემბრის შემდეგ.

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების წლიურმა ზრდამ 93 პროცენტი შეადგინა, ხოლო ტრანსპორტის სფეროში ფასები 117,66 პროცენტით გაიზარდა.

თურქეთში ინფლაციას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, ერთ-ერთია სუსტი ეროვნული ვალუტა, ლირა.

ფასებზე ნეგატიურად აისახება საერთაშორისო მიწოდების ქსელებთან დაკავშირებული პრობლემებიც, ასევე, ფასების ზრდა გამოწვეულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე ელექტროენერგიის გაძვირებითაც.

თურქეთში ფასების მატების მნიშვნელოვან ფაქტორად ანალიტიკოსები ასევე მიიჩნევენ თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის პოლიტიკას ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესახებ, რომელიც 2018 წელს დაიწყო.

„მაშინ ერდოღანმა ეს გადაწყვეტილება ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის რჩევის საწინააღმდეგოდ მიიღო, რამაც გამოიწვია ლირის დაცემა რეკორდულ დაბალ ნიშნულზე. მას შემდეგ პრეზიდენტმა ცენტრალური ბანკის 3 ხელმძღვანელი გაათავისუფლა“ – წერს „დოიჩე ველე“.

თუ პუტინი ბირთვულ გამოცდას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით ამას შავ ზღვაში გააკეთებს – The Times

უკრაინის საზღვრებთან ბირთვული გამოცდის ჩატარებით ვლადიმერ პუტინი აპირებს, აჩვენოს მსოფლიოს, რომ მზადაა მასობრივი განადგურების იარაღის გამოსაყენებლად – წერს ბრიტანული The Times-ი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბირთვული გამოცდის საფრთხის შესახებ NATO-მ თავისი წევრები უკვე გააფრთხილა.

„კრემლი გზავნის სიგნალებს, რომ მზადაა მნიშვნელოვანი ესკალაციისთვის, რადგან რუსეთი ბრძოლის ველზე პოზიციებს კარგავს. შიში, რომ პუტინმა მართლაც შეიძლება მიმართოს ამგვარ ტაქტიკას განსაკუთრებით გაძლიერდა გუშინ, როდესაც გაჩნდა ინფორმაცია, რომ უკრაინისკენ დაიძრა მატარებელი საიდუმლო ბირთვული განყოფილებით,“ – წერს გამოცემა.

როგორც პოლონელი სამხედრო ანალიტიკოსი კონრად მუზიკა ამტკიცებს, სამხედრო ტექნიკით დატვირთული მატარებელი, რომელიც რუსეთის ცენტრალურ ნაწილში შენიშნეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ სამმართველოსთანაა დაკავშირებული. სწორედ ეს სამმართველოა „პასუხისმგებელი ბირთვულ მასალებზე, მათ შენახვაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და ტრანსპორტირებაზე.“

გამოცემას ერთ-ერთი თავდაცვის მაღალჩინოსანი ეუბნება, რომ თუ პუტინი ბირთვულ გამოცდას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, ის ამას შავ ზღვაში გააკეთებს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამგვარი დემონსტრაცია უკრაინის საზღვართან რუსეთისთვისაც უდიდეს რისკს წარმოადგენს, რადგან შესაძლოა, „შემთხვევით საზღვართან მდებარე რომელიმე რუსულ ქალაქს მოარტყან, მაგალითად, ბელგოროდს.“

ბირთვული მატარებელი, რომელიც უკრაინის საზღვრისკენ მიემართება/ფოტო გაავრცელა ტელეგრამარხმა Rybar-მა

ვლადიმერ პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 21 სექტემბერს ილაპარაკა. მან რუსეთის მიმართ დასავლეთის აგრესიულ პოლიტიკას გაუსვა ხაზი, დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და გაფრთხილებაც გაუგზავნა – „რუსეთს NATO-ზე თანამედროვე იარაღიც აქვს“ და „საკუთარი ქვეყნის დასაცავად ყველა საშუალებას გამოიყენებს“.

„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის დასაცავად, რასაკვირველია, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ. ეს ბლეფი არაა,“ – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა. – „მათ, ვინც ბირთვული საფრთხით ჩვენს დაშანტაჟებას ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ ქარების ვარდი შეიძლება მათკენაც შებრუნდეს.“

Exit mobile version