მთავარი,სიახლეები

სამირა ბაირამოვა მოსამართლეს დისკრიმინაციაზე უჩივლებს – ინტერვიუ

10.12.2022 • 1773
სამირა ბაირამოვა მოსამართლეს დისკრიმინაციაზე უჩივლებს – ინტერვიუ

„პირველივე წუთიდან ვიგრძენით მოსამართლის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. ის ჩვენ არ გვისმენდა, აიგნორებდა ჩვენს გამოსვლას. შემდეგ კი იყო კითხვა: აზერბაიჯანში რა ხდება, აზერბაიჯანში აძლევენ ქრისტიანებს ფულსო? – ვუთხარი, რომ მე არა ვარ აზერბაიჯანის მოქალაქე და არ ვიცი. მერე დაამატა, შენც ხომ ეთნიკური უმცირესობაო ხარო“.

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლეილა მამულაშვილმა სასამართლო პროცესზე, საქმის განხილვის დროს არაეთიკური და დამამცირებელი დამოკიდებულება გამოიჩინა.

ამ პროცესზე მარნეულის საკრებულო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლეილა მამულაშვილმა გააუქმა მარნეულის მუნიციპალური ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ ჰუჯაბის ეპარქიის დაფინანსება დისკრიმინაციულ იყო.

რა უთხრა მოსამართლემ სამირა ბაირამოვას და მისი სახით ეთნიკურ უმცირესობებს, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს საქმე, ამ საკითხზე სამოქალაქო აქტივისტმა „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

  • სამირა, მოგვიყევით, როგორ წარიმართა სასამართლო პროცესი. ასევე, მოსამართლის დამოკიდებულებაზე პროცესის მსვლელობისას და იმ კითხვებზე, რომლებიც მან დაგისვათ, რის გამოც მიიჩნევთ, რომ მისი ქცევა იყო დისკრიმინაციული?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე, რომლებიც უკვე იყო განხილული და ევროპის სასამართლომ გაამართლა – მსგავს ქეისებზე, ეს ადამიანი ჩემს იდენტობას სხვა ქვეყანასთან აკავშირებდა. მე მისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე ვიყავი – ხომ ხარ ეთნიკური უმცირესობაო.

დამამცირებელი დამოკიდებულება გამოიჩინა ასევე, როცა ვსაუბრობდით იმაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოში თანასწორობა, სამართლიანობა იყოს აღიარებული, რადგან ჩვენ ვართ ტოლერანტული ქვეყანა და ამის დაცვა ყველა ადამიანის ვალდებულებაა.

შემდეგ თქვა, რომ კონსტიტუციაშიც არ წერია სიტყვა ტოლერანტობა – ალბათ იმის თქმა უნდოდა, რა ტოლერანტობაზე საუბრობო. კიდევ ბევრი რამ თქვა, მაგრამ პირბადე ეკეთა და კარგად არ მესმოდა, თუმცა მისი ჟესტები – სახის, თვალის, ჩვენს მიმართ ძალიან არაეთიკური და დამამცირებელი იყო. ის გაღიზიანებული იყო იმით, რომ ვიღაც ეთნიკური უმცირესობა დავობს რელიგიურ დაფინანსებასთან დაკავშირებით, მისი ბრაზიც კი იგრძნობოდა.

  • თქვენ აცხადებდით, რომ მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელი არ იყო, რომ მან დავალება შეასრულა. თუმცა ასევე ამბობთ, რომ მისი მიდგომა, მისი პირადი დამოკიდებულებაც იგივე იყო. ასეა?

ჩვენ ვიცით, რომ სასამართლო დღეს არ არის თავისუფალი და ეტყობა ასეთი იყო დავალება, რომ ჩვენთვის ეს იყოს დემოტივაცია, სასამართლოს გზითაც უნდა გვაჩვენონ: იცოდე, რომ მეორეხარისხოვანი მოქალაქე ხარ და არ უნდა გაბედო… ეს გვაჩვენეს. მე ვარ საქართველოს მოქალაქე და ეს მოსამართლე იქნება თუ სხვა, თუნდაც დამაკავშირონ, რომელიმე სხვა ქვეყანასთან, ეს მე მოტივაციას ვერ დამიკარგავს.

დიახ, მისი დამოკიდებულება აისახა გადაწყვეტილებაშიც. არაერთხელ ვუთხარით, რომ ჩვენი სარჩელის მიზანი არის თანხის დისკრიმინაციული გაყოფა, რადგან ბიუჯეტში წერია, რომ ეს არის ყველა რელიგიური ორგანიზაციისთვის. ამ დროს მეორე მხარე სულ სხვა რამეზე საუბრობდა, რაც არ იყო ჩვენი დავის საგანი, ამიტომაც ჩვენთვის სრულიად გაუგებარი დარჩა მოსამართლის გადაწყვეტილება.

დიახ, ის დისკრიმინაციული და არაეთიკური იყო.

  • დემოტივაცია ახსენეთ. გულისხმობთ, რომ მოსამართლის ეს გადაწყვეტილება დათრგუნავს ადამიანებს, მათ განწყობებზე, ბრძოლის უნარიანობაზე უარყოფითად აისახება?

რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ორმაგი სტანდარტი მაინც არსებობს და სახელმწიფოს დონეზეც კი ჩვენ გვიყურებენ, როგორც ორმაგი მოქალაქეობის მქონეს. ეს ასუსტებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას, ასუსტებს ეთნიკური უმცირესობების ნდობას, მათ ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში საკუთარი ქვეყნის მიმართ სიყვარულს ამცირებს. საკუთარ თავს ყოველთვის დამცირებულად და  დაჩაგრულად ხედავს.

მაგრამ ჩვენ არ უნდა დავიმალოთ.

ვიდრე არ მოვიპოვებთ ჩვენს უფლებებს, თანასწორობას და სამართლიანობას, მანამდე ბრძოლას გავაგრძელებთ. ბრძოლის გარეშე ნამდვილად არაფერი გამოვა. თუ გაჩერდები, მართლა ჯობია წახვიდე სხვაგან, რადგან ძალიან რთულია უსამართლო პირობებში ცხოვრება.

ბრძოლას აქვს ყოველთვის აზრი. ჩვენ, რა თქმა უნდა, უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ [სასამართლო გადაწყვეტილებას], თუ არ დააკმაყოფილებს უზენაესი სასამართლო ჩვენს სარჩელს, ევროპის სასამართლოს მივმართავთ, ჩვენ არ დავიღლებით და მოვიპოვებთ სამართლიანობას.

სამართლიანობას ერთ-ორ დღეში ვერ იპოვი ისეთ გარემოში, როგორიც საქართველოშია, როგორ პირობებშიც არის სასამართლო სისტემა. შესაბამისად, ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ [ბრძოლას].

  • როგორც ვიცი, აპირებთ მიმართოთ სახალხო დამცველს, რომ დადგინდეს მოსამართლის მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომა იმ კითხვების ნაწილში, რაც მან ეთნიკურობასთან დაკავშირებით დაგისვათ.

დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას, არ ვიცით, რის საფუძველზე დააკმაყოფილა მეორე მხარის მოთხოვნა, ამის შემდეგ ჩვენ აქტიურად დავიწყებთ… მოსამართლის არაეთიკურ ქცევაზე არამხოლოდ სახალხო დამცველს მივმართავთ, არამედ ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას ჩავრთავთ ამ პროცესში.

ამ მოსამართლეზე ვნახე სხვა ქეისებიც, ეს ის მოსამართლეა, რომელიც ამერიკის საელჩოს წარმომადგენელზე ახდენდა ზეწოლას. ერთ-ერთ პროცესში კი მეორე მხარეს არ აძლევდა ლაპარაკის საშუალებას.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაზე წაიკითხეთ აქ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: