მთავარი,სიახლეები

როცა ქალის მოკვლის საფრთხეა, რატომ არ იყენებს შსს ელექტრო სამაჯურს – ინტერვიუ

26.11.2022 • 1265
როცა ქალის მოკვლის საფრთხეა, რატომ არ იყენებს შსს ელექტრო სამაჯურს – ინტერვიუ

სახალხო დამცველის ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 2021 წელს ოჯახში ძალადობის 9376, ასევე ქალთა მიმართ სხვა ძალადობის 744 შემთხვევაზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, მათგან მხოლოდ 15 მოძალადეს გაუკეთეს ელექტრონული სამაჯური. ქალთა მკვლელობების ზრდის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ასობით ელექტრონულ სამაჯურს არ იყენებს.

„ბათუმელები“ უფლებადამცველ გოგა ხატიაშვილს ესაუბრა, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი იყო, როცა ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესი შეიმუშავეს. იგი გვესაუბრება მიზეზებზე, თუ რატომ არ იყენებს შსს ელექტრონულ სამაჯურს ძალადობის გაზრდილი სტატისტიკის მიუხედავად.

  • ბატონო გოგა, რას აჩვენებს ელექტრონული სამაჯურების გამოყენების სტატისტიკა – რატომ ვერ ხდება მისი აქტიურად გამოყენება, თქვენი ინფორმაციით? 

ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა 2020 წლის პირველი სექტემბრიდან გამოიყენება. ამ პერიოდიდან 2021 წლის ჩათვლით ზუსტად 21 პირს გაუკეთეს ელექტრონული სამაჯური. 2022 წელიც რომ მივამატოთ, ზუსტი სტატისტიკა ჯერ არ მაქვს, მაგრამ ჯამში 2020 წლის სექტემბრიდან ამ დრომდე 30 პირის მიმართ არის გამოყენებული ელექტრონული ზედამხედველობა.

როგორც წესი, ელექტრონული ზედამხედველობა არის საკმაოდ ეფექტიანი და ამაზე მეტყველებს არსებული გამოცდილებაც. ეს არამხოლოდ ამცირებს მძიმე შემთხვევების ჩადენის რისკებს, როგორიცაა ფემიციდი, ან ფემიციდის მცდელობა, ასევე ამცირებს განმეორებითი ძალადობის ჩადენის რისკებს. ეს უპირატესობა აქვს ელექტრონულ ზედამხედველობას.

ელექტრონული ზედამხედველობის დროს ხდება არამარტო მოძალადის და მსხვერპლის განზრახ შეხვედრების, არამედ შემთხვევითი შეხვედრების თავიდან აცილებაც, რადგან კონტროლდება მოძალადის გადაადგილება 24 საათის განმავლობაში – სისტემა აფიქსირებს შემთხვევას მაშინვე, როცა მოძალადე უახლოვდება მსხვერპლს, შეიძლება პოლიციაც გავიდეს ადგილზე, თუ მოძალადე მოწოდების მიუხედავად არ ბრუნდება უკან.

  • შემაკავებელ ორდერთან ერთად შეიძლება მოძალადეს გაუკეთონ ელექტრონული სამაჯურიც. რა შემთხვევაში იღებს პოლიციელი ამ გადაწყვეტილებას? 

დიახ, ელექტრონული სამაჯური გამოიყენება მხოლოდ შემაკავებელ ორდერთან ერთად. შს მინისტრის ბრძანება დეტალურად არეგულირებს ამ ელექტრონული სამაჯურის გამოყენების წესებს.

სამაჯური გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ძალადობის გამეორების რეალური საფრთხე, ის არ გამოიყენება ყველა შემაკავებელ ორდერთან ერთად. ამ საფრთხეს აფასებს პოლიციელი. ბრძანებით განსაზღვრულია იმ უფლებამოსილ პირთა წრე, როგორც საპატრულო, ისე კრიმინალურ პოლიციაში, ვისაც აქვს დელეგირებული უფლებამოსილება, ელექტრონული სამაჯური გამოიყენოს და რისკი შეაფასოს.

კანონი მხოლოდ ნაწილობრივ გვეუბნება ძალადობის საფრთხის რეალურობის შეფასებისას, პოლიციელმა რა უნდა გაითვალისწინოს. 2018 წლის პირველი სექტემბრიდან არსებობს რისკის შეფასების ინსტრუმენტი.

ეს არის სტრუქტურირებული კითხვების ჩამონათვალი, სხვადასხვა შინაარსის კითხვაა და ზოგიერთ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს მოძალადის წარსულის გამოცდილებითაც, მაგალითად, იყო თუ არა გამოცემული მის მიმართ შემაკავებელი, ან დამცავი ორდერი, ხომ არ უფიქსირდება ცეცხლსასროლი იარაღი  და ასე შემდეგ. შსს-ს თანამშრომელი ამას ამოწმებს საინფორმაციო ბაზებში.

ის, რომ პრაქტიკაში ნაკლებია ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების მაჩვენებელი, ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს რისკის შეფასების ინსტრუმენტში არსებული ხარვეზი?

  • რა ხარვეზი არსებობს კონკრეტულად რისკის შეფასების ეტაპზე? 

შესაძლოა ამ ინსტრუმენტს სჭირდებოდეს გადახედვა, როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად, რადგან რისკის შეფასების ინსტრუმენტი, რითაც რისკი ფასდება, ქულათა სისტემაზეა აწყობილი. ამის მიხედვით წყვეტს პოლიციელი, გამოიყენოს თუ არა ელექტრონული ზედამხედველობა. მაგალითად, თუ ქულათა ჯამი იყო 10-ზე ნაკლები, პოლიციელს უფლება არ აქვს, პირის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა დააწესოს.

თუ სამინისტრო ფიქრობს, რომ რისკის შეფასების ამ ინსტრუმენტს აქვს ხარვეზი და ის აბრკოლებს ზედამხედველობის დაწესებას, მაშინ იგი დროულად უნდა გადაიხედოს და არსებულ საჭიროებებს მოერგოს.

  • გუშინ როცა შს მინისტრმა აღნიშნა, გადაიხედება ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობებიო, ეს იგულისხმებოდა, თქვენი აზრით? 

კი, სავარაუდოდ, ეს იგულისხმება. თუ ფიქრობენ, რომ არსებული გამოწვევების ფონზე ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის მიზეზი არის რაღაც ტიპის გაუმართაობა, რა თქმა უნდა, ეს დროულად უნდა გადაიხედოს.

  • აქამდე რატომ არ გადახედეს? – ქალთა მიმართ ძალადობის და მკვლელობების მაღალი მაჩვენებელი აქამდეც გვქონდა და არ იყენებდნენ ელექტრონულ სამაჯურებს. 

ორ წელზე მეტია, ელექტრონული ზედამხედველობა მოქმედებს. მნიშვნელოვანია შეფასდეს, რატომ არ იმუშავეს ამ დრომდე დოკუმენტზე, თუ ამის საჭიროება გაჩნდა. თუმცა, ჩემი აზრით, მთლად ეს არ არის ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის მიზეზი.

ერთ-ერთი მიზეზი არის მსხვერპლის უარი და ეს პოლიციამ უნდა აღიაროს: ელექტრონული ზედამხედველობა რომ გამოიყენო, აუცილებელია მსხვერპლის თანხმობა, ამას კანონი ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში მსხვერპლმა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მას გადაეცემა ე.წ. მიმღები, რომელიც თან უნდა ატაროს ამ პროცესში. მსხვერპლები ამაზე ხშირად ამბობენ უარს.

  • რა არგუმენტით ამბობს უარს მსხვერპლი იმაზე, რომ ელექტრონული სამაჯური გაუკეთონ მოძალადეს?

დარწმუნებული ვარ, პოლიცია მათ ინფორმაციას სათანადოდ არ აწვდის. მას უნდა განუმარტონ, რომ ეს არ არის რაიმე სახის დამატებითი ტვირთი, რომ დაცვის ეფექტური საშუალებაა და მისი გამოუყენებლობა რა რისკებთან არის დაკავშირებული.

პოლიციელის მიერ ამ რისკების სათანადო განმარტების მიწოდების პირობებში, მინიმუმამდე იქნება შემცირებული მისი გამოუყენებლობის შემთხვევა, ჩემი აზრით, მცირე შემთხვევებშიღა იტყვის მსხვერპლი უარს მის გამოყენებაზე.

მე, პირადად, მიმუშავია მსხვერპლებთან სამინისტროში მუშაობის პერიოდში და, მათ შორის, როცა უარის უთქვამს მსხვერპლს, რაღაც ტიპის სერვისზე, რაც მსხვერპლისთვის იყო შექმნილი. მასთან კომუნიკაციის და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, მისი უფლებების გაცნობიერების შემდეგ, მიგვიღია თანხმობა.

  • არის ცნობილი, რამდენ მსხვერპლს შესთავაზეს სამაჯურის გამოყენება და რამდენმა თქვა უარი?

ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ არ ვიცი, ამას რამდენად ითვლის შსს. წესით ამ სტატისტიკას უნდა ითვლიდნენ. ფაქტია, რომ სამაჯურების რესურსი არსებობს, ვერავინ იტყვის, რომ სამაჯური არ არის.

თავდაპირველად, როცა ელექტრონული ზედამხედველობის წესი შემუშავდა, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გადასცა საქართველოს 100 ელექტრონული სამაჯური. შემდეგ იყიდა შსს-მ დამატებით. ასე რომ, 300, 350 ელექტრონული სამაჯური გვაქვს კონკრეტულად ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობის საქმეებისთვის.

  • გამოდის, ქალთა მკვლელობების პარალელურად, შსს-ს რეაგირებას ნაცვლად გამოუყენებლად უწყვია ეს სამაჯურები?

დიახ, ეს არის დასკვნა იმისა, რაზეც გესაუბრეთ. აქ კიდევ ერთი დეტალია: როდესაც პოლიციელი აწესებს ელექტრონულ ზედამხედველობას, იგი აფორმებს ოქმს, რომელიც მაშინვე შედის ძალაში, თუმცა 24 საათში სასამართლოში მიაქვს  შსს-ს ეს ოქმი დასამტკიცებლად – იმის გამო, რომ საკმაოდ მაღალი ადამიანის უფლებაში ჩარევა, სასამართლო კონტროლს გადის.

არის რამდენიმე შემთხვევა, როცა სასამართლომ ეს ელექტრონული ზედამხედველობა არ დაამტკიცა. ამ შემთხვევაში ელექტრონული ზედამხედველობა შეწყდა.

  • რა დასაბუთებით მოხსნა მოძალადეს მოსამართლემ ელექტრონული სამაჯური, რამდენ შემთხვევაში და რომელ სასამართლოებში?

არ მაქვს ეს ინფორმაცია, რადგან სასამართლოებიდან წერილზე მიპასუხეს, რომ ამ სახის ინფორმაციას არ ამუშავებენ. დადასტურებულად ვიცი ის, რომ რამდენიმე შემთხვევაში, ეს უნდა იყოს, ორი ან სამი შემთხვევა, სასამართლომ ელექტრონული ზედამხედველობა შეწყვიტა.

  • შემაკავებელი ორდერის გარდა, სხვა დროს უნდა გამოიყენებოდეს თუ არა ელექტრონული სამაჯური, მაგალითად, როცა მოძალადე მსჯავრდებულია, ციხეშია, მაგრამ მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მსხვერპლს ისევ აქვს ძალადობის შიში? 

გირაოთი გათავისუფლების დროსაც შეიძლება დაწესდეს ელექტრონული სამაჯური, ასევე კანონში ცოტა ხნის წინ შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, როცა მოძალადე ტოვებს ციხეს, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს შსს-ს, შსს კი, უნდა დაუკავშირდეს მსხვერპლს, გამოარკვიოს, როგორია მისი დამოკიდებულება, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია მსჯავრდებულთან.

მეორე ეტაპზე უკვე პოლიციელი ითხოვს ინფორმაციას ციხიდან, ეს არის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. მესამე ეტაპზე კი, შსს-ს წარმომადგენელი უნდა გაესაუბროს მოძალადეს, დაადგინოს მისი ადგილსამყოფელი. თუ დადგინდება რისკი, შესაძლოა გამოიცეს შემაკავებელი ორდერი და დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობაც.

  • რა რესურსს ხედავთ დღეს, რომ ელექტრონული სამაჯურების სისტემა ეფექტურად ამუშავდეს? 

მთავარია მზაობა და მონდომება, რომ ეს ზედამხედველობა ეფექტურად იქნას ამოქმედებული. არსებობს კვალიფიკაციის პრობლემა, თუმცა ამასაც მოევლება, შესაძლებელია კვალიფიკაციის და უნარების ამაღლება და ესეც არ არის დიდ სირთულესთან  დაკავშირებული… მთლიანობაში, ის სამუშაოები, რაც უნდა იყოს გაწეული, არ არის დიდ სირთულესთან და განსაკუთრებულ ძალისხმევასთან დაკავშირებული.

შსს-მ ასევე უნდა გაზარდოს ელექტრონული ზედამხედველობის პოპულარობა, მან ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას, აუხსნას, რა და როგორ გამოიყენება. ჩვენ ამ ძალისხმევასაც ნაკლებად ვხედავთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: