ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რატომ დათანხმდა მერია 60 მლნ ევრო აღარ დაიხარჯოს ბათუმის წყლის სიტემის მოწყობაზე?

10.09.2020 • 1989
რატომ დათანხმდა მერია 60 მლნ ევრო აღარ დაიხარჯოს ბათუმის წყლის სიტემის მოწყობაზე?

დაბა ხელვაჩაურისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები თითქმის 10 წელი ელოდნენ იმ პროექტის დაწყებას, რომელიც წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობას ითვალისწინებდა. აღმოჩნდა, რომ ამ პროექტისთვის გამოყოფილი თანხა კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება. შესაბამისად, უცნობია, როდის დაიწყება ამ ტერიტორიებზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია. „ბათუმელები“ ორი დღეა უშედეგოდ ცდილობს გაიგოს, რას უპირებენ შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას.

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობაში უნდა დახარჯულიყო 60 მილიონი ევრო სესხი, რაზედაც ხელშეკრულება 2019 წლის 7 ოქტომბერს გაფორმდა.

თუმცა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა [KfW] და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის ხელშეკრულება, აღნიშნული სესხის მიღებაზე, შეწყდა. სესხის შეწყვეტაზე 2020 წლის აგვისტოში გაფორმებული შეთანხმება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ბათუმის მერიას ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით შენიშვნები არ ჰქონია. დოკუმენტს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი აწერს ხელს.

რატომ დათანხმდა ბათუმის მერია სესხის ხელშეკრულების შეწყვეტას? რატომ არ ჰქონდა შენიშვნები? რა ეტაპზეა შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის მოწყობის პროექტირება? რატომ ჩაითვალა უკვე დაფინანსებული პროექტი არაპრიორიტეტულად? არის თუ არა ბათუმის მერიასა და საქართველოს მთავრობას შორის კონსულტაციები აღნიშნული პროექტის დაფინანსების ახალი/ალტერნატიული წყაროს მოძიებაზე? – ამ კითხვებზე პასუხების მიღებას „ბათუმელები“ ქალაქის მერიისგან ცდილობდა, თუმცა მერიის პრესსამსახურში საბოლოოდ გვითხრეს, რომ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.

60 მილიონი ევროთი დაგეგმილი იყო ბათუმს შემოერთებული ტერიტორიების: დაბა ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის, კახაბრის, ადლია-აეროპორტის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლების წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა ინჯალოს რეზერვუარების მიმდებარედ, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის განვითარება და გაფართოება, ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობისა და მეჯინისწყლის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.

შემოერთებულ ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელის სრულად მოწყობისთვის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2020 წლის ბოლო კვარტალში უნდა გამოეცხადებინათ, სამუშაოები კი, გეგმით, 2021-2022-2023 წლებში, ასევე, 2024 წელშიც უნდა გაგრძელებულიყო.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/299102/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: