დაზვერვის ხელმძღვანელი ასახელებს ვადებს, როდის დასრულდება ომი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა კირილო ბუდანოვმა, ჟურნალისტების კითხვაზე, ოკუპირებულ ყირიმს უკრაინა იარაღით დაიბრუნებს, თუ მის გარეშე, თქვა – „დიახ, ჩვენ დავბრუნდებით იარაღით. სხვა გზა არ არსებობს“.

მან ამის შესახებ ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

„ის ჩემი მეორე ოჯახია. მე ყირიმში გავიზარდე. ჩვენ იქ ძალიან მალე დავბრუნდებით“, – ხაზგასმით აღნიშნა ბუდანოვმა. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთთან ომი მალე დასრულდება.

„ეს ომი არც ისე დიდხანს გაგრძელდება. ის მალე დასრულდება“, – თქვა მან.

ბუდანოვმა აუდიტორიას შეახსენა მოვლენების ალგორითმის შესახებ, რომელზეც მან ამ წლის მაისში ისაუბრა.

„მე მაშინ პირდაპირ ვთქვი, რომ ივნისის თვე სამწუხაროდ, ჩვენთვის კარგი არ იქნებოდა. გვექნებოდა დანაკარგები. ივლისში იქნებოდა პირობითად სტაგნაცია, აგვისტოში დავიწყებდით მცირე მოძრაობას ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად“, – განაცხადა მან.

ბუდანოვმა ამჯერად ტელემარათონის ეთერში აღნიშნა, რომ „ზამთარში ომი უმეტესწილად მინელდება“.

„ზამთრის შემდეგ კი დაიწყება ამ კონფლიქტის დასასრული – პირველ ეტაპზე გავალთ 1991 წლის მდგომარეობით ადმინისტრაციულ საზღვრებზე“, – განაცხადა სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა.

ბუდანოვის თქმით, მისთვის ცნობილი ფაქტებიდან გამომდინარე, ყირიმის გათავისუფლება გაზაფხულის ბოლომდე დასრულდება.

„შეიძლება ცოტათი ადრეც – დღეებში შეიძლება შეცდე, ალგორითმში – არა“, – დასძინა მან.

___

რუსეთმა,  უკრაინის ოთხი რეგიონის – დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპაციის შესახებ გამოაცხადა.

„რუსეთში ოთხი ახალი რეგიონია“, – გუშინ, 30 სექტემბერს, ამ სიტყვებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის რეგიონების – ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოფიციალური ანექსია გამოაცხადა.

რუსეთმა „საზღვრების გაფართოება“ საზეიმოდ აღნიშნა.

6 051 მძღოლი ავტომანქანას მთვრალი მართავდა – 2022 წელი

შს სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, 6 051 ადამიანი ავტომანქანას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა.

2 312 პირის შემთხვევაში, მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილს არ აჭარბებდა, ხოლო 3 739 პირის შემთხვევაში, ეთანოლის შემცველობა 0,7 პრიმილს აჭარბებდა.

925 შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ის პირები მართავდნენ, რომლებსაც არ ჰქონდათ მართვის უფლება.

მართვის უფლების შეჩერების პერიოდში კი ტრანსპორტს 161 პირი მართავდა.

ავტომანქანის მართვის დროს მობილურ ტელეფონზე საუბრობდა 31 929 პირი, 62 734-მა პირმა კი არ გამოიყენა მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის უსაფრთხოების ღვედი.

21 4971 პირს, ტექნიკურად შეუმოწმებელი სატრანსპორტო საშუალება სხვა პირისთვის ჰქონდა ექსპლუატაციისთვის გადაცემული.

არესტოვიჩის თქმით, ლიმანში ალყაშია რუსეთის 5 500-მდე ჯარისკაცი

დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი უკრაინელმა სამხედროებმა შესაძლოა რუსი ოკუპანტებისგან რამდენიმე დღეში გაათავისუფლონ. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩი კონკრეტულ ვადებსაც ასახელებს – 2 დღეს.

არესტოვიჩი სხვადასხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ლიმანში მოწინააღმდეგის  2,5-დან 5,5 ათასამდე ჯარისკაცი ალყაშია მოქცეული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა დრეს, პირველ ოქტომბერს „ფეიგინ ლაივთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„სრული მონაცემები არ არსებობს, ერთის [მონაცემის] მიხედვით, ის უკვე მთლიანად ალყაშია მოქცეული, მეორის მიხედვით – ისინი ინარჩუნებენ ზარეჩნოეს გავლით უკანდახევის შესაძლებლობას… მხოლოდ აღმოსავლეთით, მაგრამ ამ გზას სულ მცირე უკრაინელების საარტილერიო ცეცხლი აკონტროლებს. იქ ვითარება დინამიურად ვითარდება…“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა.

არესტოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ალყა – ეს ყოველთვის დამღუპველია“.

„ვფიქრობ, ერთ-ორ დღეში დავხურავთ ლიმანის საკითხს, გასაგებია, რომ ბრძოლები შეიძლება ჯერ არ დასრულდეს, მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ ქალაქში გაჩერება, მაგრამ მისი [ქალაქის] ბედი უკვე გადაწყვეტილია. მათ ამის შეცვლა არ შეუძლიათ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა.

ფოტო: War Mapper. ალყა ლიმანთან, პირველი ოქტომბერი
ფოტო: War Mapper. ალყა ლიმანთან 29 სექტემბერი

რუსეთის ჯარების მიერ ლიმანის აღების შესახებ პირველი ცნობები 26 მაისს გაჩნდა, რაც მოგვიანებით  დადასტურდა.

აგვისტოს ბოლოს უკრაინის არმიამ დაიწყო კონტრშეტევა, თითქმის მთელი ხარკოვის რეგიონი გაათავისუფლა.

___

გადამდგარი გენერლის, ვახტანგ კაპანაძის შეფასებით, „ლიმანზე გასვლით უკრაინელებს ეძლევათ შესაძლებლობა გავიდნენ ლუგანსკის მიმართულებაზე. გარდა ამისა, ლიმანს აქვს ოპერატიულ-ტაქტიკური მნიშვნელობა – ეს აშორებს რუსების ძალებს უკრაინელების თავდაცვის კვანძს სლავიანკი-კრამატორსკის ხაზზე და ზრდის უკრაინელების თავდაცვითი რაიონის ფართობს. ამავე დროს, ლიმანის გათავისუფლება რუსებს ურთულებს აღმოსავლეთ დაჯგუფებაში ერთ-ერთი მომარაგების მიმართულებს.

ვინაიდან პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ ლიმანი უნდა აიღონ, სამხედროები ვალდებული არიან, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მალე მოიყვანონ სისრულეში. ლიმანის აღებას ფსიქოლოგიურ-მორალური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც უკრაინელებისთვის, ისე რუსებისთვის, რადგან თუ რუსებმა ლიმანიც დაკარგეს, ეს კიდევ ერთხელ დაანახებს რუსეთის მოსახლეობას, რომ ეს ომი არ მიდის მათ სასარგებლოდ, დანაკარგებს განიცდიან. თანაც, ვერ იტყვიან, რომ ეს იყო მოულოდნელობა. ეს არის პირდაპირ დასახლებული პუნქტის დაცვა რუსების მხრიდან“.

ვასილი „ბარადა” – მეთაური, რომელიც უკრაინული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით იბრძვის

ვასილი უკრაინის მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფის მეთაურია. მისი საბრძოლო სახელია „ბარადა“.

სამხედრო სამსახურს ჯერ კიდევ 2016 წელს შეუდგა. მსახურობდა უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-9 სპეცდანიშნულების რაზმში „გეპარდი“, მანამდე კი 2 წელი პოლიციაში მუშაობდა.

მეთაურ ბარადას შესახებ მასალას უკრაინის შეიარაღებული ძალების საინფორმაციო გამოცემა Armyinform ავრცელებს.

ვასილი მეშვიდე თვეა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს.

ჯერ დონეცკში იბრძოდა, ახლა კი ხერსონში ასრულებს მისიას საძმოსთან ერთად რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.

„ქვედანაყოფის მეთაურისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და გონივრული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარია, რითაც პირადი შემადგენლობის უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ვასილი ბარადა/ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალების საინფორმაციო გამოცემა Aryinform

ვაცნობიერებ, რომ ჩვენი ყოველი საბრძოლო ოპერაცია სასიკვდილო საფრთხესთანაა დაკავშირებული და შესაძლოა უკანასკნელიც იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია ჰარმონიულად, ერთი მექანიზმივით მუშაობა, მტრისთვის სწრაფად და ზუსტად დარტყმის უნარი“, – ამბობს სამხედრო პირი.

ერთ-ერთი ბრძოლის დროს ვასილიმ გამჭოლი ჭრილობა მიიღო, მტრის ტყვიამ მას ხერხემალი და მენჯის ძვალი დაუზიანა. ექიმები ეუბნებოდნენ, რომ სიარულიც კი არ შეიძლებოდა, ვასილიმ სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში იმკურნალა, რეაბილიტაცია გაიარა და თავის საჯარისო ნაწილს შეუერთდა ომში.

„ერთ საღამოს სადემარკაციო ხაზთან ვზვერავდი ტერიტორიას და აღმოვაჩინე, რომ არხზე გამავალი ხიდი დანაღმული იყო. მეორე დღეს შევნიშნე, რომ არხის მეორე მხარეს მობილიზებული იყო სამი ტანკისგან შემდგარი ტაქტიკური ჯგუფი. დიდხანს არ გვიფიქრია. როცა ჩვენი „Stugna“ მუშაობს ტანკებს ან ანადგურებს, ან რაც ვერ ნადგურდება, ისინი გარბიან. (Stugna – კიევის კონსტრუქტორთა ბიუროს მიერ გამოგონილი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსია) ახლაც ასე მოხდა, ერთი ტანკი განადგურდა, დანარჩენი ორი გაიქცა.

ჩვენმა ძალებმა მაშინვე დაიკავეს მტრის პოზიციები“, – ჰყვება ვასილი.

იხსენებს ასევე ამბავს, როცა რუსული დაზვერვის მონაცემები ჩაიგდო ხელში:

„21 აპრილი იყო, პოზიციას ვზვერავდით დურბინდით, ვხედავდი სამ ტანკს, რომელიც ცოტა ხნის წინ გავანადგურეთ, ამ ტანკების შორიახლო სამი ადამიანი მიცოცავდა, შორიდან ვერ ვხედავდი ჩვენები იყვნენ თუ არა. როცა მივხვდით, რომ ოკუპანტები იყვნენ, ამ დროს მათაც შეგვნიშნეს.

ძალიან სწრაფად გაიქცნენ, რომ არ დაგვეჭირა. ადვილი იყო მათთვის სირბილი. ზურგჩანთები გადააგდეს. „რუსეთის ფედერაციის გვარდიის მოტომსროლელთა ბრიგადის 138-ე დანაყოფი“, – ეწერა ზურგჩანთებზე. შიგ იყო მეხსიერების ბარათები, ტელეფონები, რუსული რუბლი, სტიკერები წარწერით „ყველა რუსეთისთვის“ და რაც მთავარია დაზვერვის მონაცემები“, – იხსენებს ვასილი.

ამჟამად ის თავის ოცეულთან ერთად აგრძელებს საბრძოლო მისიას სამხრეთ უკრაინაში. ამ დანაყოფის ძირითადი ამოცანა მტრის ჯავშანტექნიკის განადგურებაა.

„წვერა“ ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ შინ, ცოლ-შვილთან რაც შეიძლება მალე დაბრუნებაზე ოცნებობს.

„მინდა ასევე უკრაინულ ყირიმში დავლიო ღვინო და ჩემი შვილები უკრაინული დროშებით ვასეირნო წითელ მოედანზე მანქანით“, – ამბობს ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფის მეთაური.


მთავარ ფოტოზე: უკრაინის მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფის მეთაური ვასილი „ბარადა“, გამოცემა Armyinform

საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

ბათუმის საზღვაო აკადემიის დირექტორის მოადგილეებმა ირაკლი კაცაძემ, აბდულ კახიძემ და მანუჩარ ლორიამ, თანამდებობები დატოვეს.

აკადემიის რექტორის, მურთაზ დევაძის თქმით, მოადგილეების გათავისუფლების მიზეზი, რეორგანიზაციაა.

„რეორგანიზაცია გაკეთდა მთლიანად საზღვაო აკადემიაში, გაუქმდა მოადგილეების შტატი და დაემატა მხოლოდ ვიცე რექტორის შტატი, რომელსაც ქრისტინა ზგოევა უხელმძღვანელებს“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში მურთაზ დევაძე.

თუმცა აბდულ კახიძე ამბობს, რომ მან თანამდებობა უფრო ადრე, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

რექტორის თქმით, რეორგანიზაციის მიზანი იყო როგორც საბიუჯეტო თანხების დაზოგვა, ასევე ფაკულტეტებისთვის უფლებების გაზრდა. „უფრო მეტი დამოუკიდებლობა მიეცათ მათ გადაწყვეტილებებში, რომ უფრო მობილურად იმუშაონ“-ამბობს რექტორი.

მისი თქმით, რეორგანიზაციის შედეგად აკადემიაში წელს პირველად შეიქმნა სენატი, რომელიც მხოლოდ არჩეული პროფესორებით დაკომპლექტდება და იმუშავებს სასწავლო მიმართულებით, ხოლო რექტორატი, ფინანსური მიმართულებით იმუშავებს.

„ასევე, აკადემიაში წელს პირველად გაიხსნა მაგისტრატურა ბიზნესის მიმართულებაზე“-გვეუბნება რექტორი.

 

რუსეთი ხოცავს ადამიანებს, რომლებსაც საკუთარ მოქალაქეებს უწოდებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 30 სექტემბერს, რუსეთის არმიამ ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტით დაარტყა ავტოკოლონას ზაპოროჟიეში. უწყება ეყრდნობა ადგილობრივი ხელისუფლების ცნობას, რომლის თანახმადაც, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 25 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

„რუსეთისთვის ასეთი რაკეტების მარაგი, სავარაუდოდ, შეზღუდულია და წარმოადგენს ძვირადღირებულ სამხედრო რესურსს. ის განკუთვნილია თანამედროვე თვითმფრინავებისა და მოახლოებული რაკეტების გასანადგურებლად და არა სახმელეთო სამიზნეებზე თავდასხმისთვის.

მისი გამოყენება სახმელეთო შეტევებისთვის, დიდი ალბათობით, გამოწვეულია საბრძოლო მასალების, კერძოდ კი, შორსმოქმედი ზუსტი რაკეტების დეფიციტით,“ – მიუთითებს უწყება 1 ოქტომბრის რელიზში.

დაზვერვა ხაზს უსვამს, რომ იმავე დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ზაპოროჟიესა და უკრაინის სხვა ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას.

„რუსები ხარჯავენ სტრატეგიულად ძვირფას სამხედრო რესურსებს, რათა როგორმე მიაღწიონ ტაქტიკურ უპირატესობას და ამ პროცესში ხოცავენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებსაც ახლა საკუთარ მოქალაქეებს უწოდებენ,“ – წერს დაზვერვა.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა, ზაპოროჟიედან მიმავალ ჰუმანიტარულ ავტოკოლონას გუშინ დილით დაარტყეს. როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა, დაღუპულია 30 და დაჭრილია 100-მდე ადამიანი.

_______________________________

ფოტოზე: თავდასხმის ადგილი ზაპოროჟიეში.  ფოტო: EPA-EFE/ATEF

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი ოქტომბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 59 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +530]
  • ტანკი – 2 354 ერთეული [+16]
  • ჯავშანტექნიკა – 4 949 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 1 397 ერთეული [+6]
  • MLRS – 336 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 176 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 264 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 226 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 009 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 246 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 786 ერთეული [+18]
  • სპეცტექნიკა – 131 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 310 თვითმფრინავი
  • 155 ვერტმფრენი
  • 2 126 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 378 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 203 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 858 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 441 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 6 025 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის მარცხის გამო იზრდება ატომური იარაღის გამოყენების საფრთხე – ინტერვიუ

უკრაინის არმია ლიმანს, სავარაუდოდ, შემდეგ 72 საათში დაიკავებს – ISW

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, შესაძლოა, დონეცკის ქალაქი ლიმანი მომდევნო 3 დღეში სრულად ალყაში მოაქციონ და დაიკავონ – ვარაუდობს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW).

უახლეს ანგარიშში ინსტიტუტის ანალიტიკოსები ეყრდნობიან დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის წარმომადგენლებსა და რუსეთის სამხედრო კორესპონდენტებს, რომლებიც წერენ, რომ რუსეთი ძალები ჯერ კიდევ აკონტროლებენ ლიმანს, თუმცა უკან დაიხიეს დრობიშევოსა და იამპოლის პოზიციებიდან.

იამპოლის გათავისუფლება უკვე დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსული წყაროები, რომლებსაც ISW ეყრდნობა, ამტკიცებდნენ, რომ რუსები ჯერ კიდევ აკონტროლებდნენ ერთ გზას ლიმანიდან ტორსკოესკენ, მაშინ, როდესაც უკრაინის ძალებმა სტავოკის რაიონში დრობიშევო-ტორსკოეს გზა გადაკვეთეს. ეს წყაროები ასევე აღნიშნავდნენ უკრაინის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების აქტივობის გაზრდას სვატოვო-ტორსკოეს გზაზე, ლიმანის ჩრდილო-აღმოსავლეთით. გეოლოკაციურ კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს უკრაინის არმია ტორსკოეს რაიონში რუსეთის ძალებს, რომლებიც უკან დახევას ცდილობენ.

ინსტიტუტი ასევე აღნიშნავს, რომ 30 სექტემბერს უკრაინის ძალები განაგრძობდნენ დარტყმებს რუსულ სამხედრო ობიექტებზე ლუგანსკის ოლქში. გეოლოკაციური კადრებით დასტურდება „ჰაიმარსის“ დარტყმის შედეგები სატელევიზიო ანძაზე და სტარობელკაში, ასევე – ასფალტის ქარხანაზე ალჩევში, სადაც ცნობების თანახმად, რუსული ჯარები იმყოფებოდნენ.

ომის კვლევის ინსტიტუტი გუშინდელ ანგარიშში წერდა, რომ 29 სექტემბრის საღამოს, უკრაინის ძალებმა, სავარაუდოდ ალყაში მოაქციეს რუსული დანაყოფები ლიმანთან. ზოგიერთი მონაცემებით, თუ რუსეთის ჯარს დამხმარე ძალა არ დაემატება, უკრაინელი სამხედრობი ქალაქის აღებას შეძლებენ.

რუსეთის მარცხის გამო იზრდება ატომური იარაღის გამოყენების საფრთხე – ინტერვიუ

„რუსეთის წარუმატებლობის დინამიკიდან გამომდინარე, გაიზარდა ატომური იარაღის გამოყენების საფრთხე,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ეს რუსეთს არ აწყობს, მაგრამ პუტინს ახლა მხოლოდ პოლიტიკური კი არა, ფიზიკური განადგურების საფრთხეც აშინებსო, გვიყვება ის.

გადამდგარი გენერალი არც იმას გამორიცხავს, რომ რუსეთმა ისევ გააჩინოს ახალ მიმართულებებზე დარტყმის საფრთხე და უკრაინელები აიძულოს, ძალების კონცენტრაცია, მაგალითად, მხოლოდ ხერსონის მიმართულებაზე ვერ დატოვონ.

„ბელარუსში დაიწყო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და სამუშაოებს ასრულებენ რუსული კომპანიები. ამ სამუშაოების შემდეგ ბელარუსები შეძლებენ მიიღონ სარკინიგზო ინფრასტრუქტურით სამხედრო ეშელონები და ეს, როგორც ირკვევა, დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბრისთვის იქნება მზად,“ – გვიყვება ვახტანგ კაპანაძე, რომლის დაკვირვებითაც, უკრაინის წარმატება დასავლეთიდან აღჭურვილობის დროულ მიწოდებაზეა დამოკიდებული. გადამდგარი გენერალი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ყურადღების მიქცევას ცდილობს პუტინიც.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

ბატონო ვახტანგ, „ომის კვლევის ინსტიტუტი“ (ISW) იუწყება, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა დიდი ალბათობით დაასრულეს ლიმანისთვის ალყის შემორტყმა და რუსულ არმიას ჩაუჭრეს სახმელეთო კომუნიკაციის კრიტიკული ხაზები. თქვენ რამდენად ხედავთ ლიმანის დაბრუნების პირობას?

ჩანს, რომ უკრაინელებმა შეძლეს ლიმანის ე.წ. საცეცხლე ტომარაში მოქცევა, თუმცა ფიზიკურად მთლიანად მოკვეთილი არ აქვთ ლიმანი. მათ თითქმის სრულად აიღეს კუპიანსკი, შეძლეს ზელიონაია დოლინას რაიონში რუსების შევიწროება.

უკრაინელები უტევენ რუსებს ჩრდილო – აღმოსავლეთით, დრობიშჩევო -სტავკის ღერძზე ,ასევე სამხრეთ – აღმოსავლეთიდან, ეს არის სევერსკი-სერებრიანკას მიმართულება, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს არის სრული ალყა, არაა სწორი. იმედია, მალე შეძლებენ ამას უკრაინელები. ჯერ-ჯერობით რუსებს აქვთ ვიწრო, მაგრამ ღია დერეფანი კრემენაიადან.

ჩემი ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებიდან „ვაგნერის“ დაჯგუფების ოთხი საბრძოლო ტაქტიკური ჯგუფი, გაძლიერებული ჯავშანტექნიკით მიემართება ლიმანის რაიონისკენ დახმარების აღმოსაჩენად, ასევე გაძლიერდა რუსების ავიაციის დარტყმებიც უკრაინულ შემტევ დანაყოფებზე ლიმანის გარშემო.

  • სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ლიმანის გათავისუფლებას? 

ამას უფრო აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა, ვიდრე ტაქტიკური. ლიმანზე გასვლით უკრაინელებს ეძლევათ შესაძლებლობა გავიდნენ ლუგანსკის მიმართულებაზე. გარდა ამისა, ლიმანს აქვს ოპერატიულ-ტაქტიკური მნიშვნელობა – ეს აშორებს რუსების ძალებს უკრაიანელების თავდაცვის კვანძს სლავიანკი-კრამატორსკის ხაზზე და ზრდის უკრაინელების თავდაცვითი რაიონის ფართობს. ამავე დროს, ლიმანის გათავისუფლება რუსებს ურთულებს აღმოსავლეთ დაჯგუფებაში ერთ-ერთი მომარაგების მიმართულებს.

ვინაიდან პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ ლიმანი უნდა აიღონ, სამხედროები ვალდებული არიან, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მალე მოიყვანონ სისრულეში. ლიმანის აღებას ფსიქოლოგიურ-მორალური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც უკრაინელებისთვის, ისე რუსებისთვის, რადგან თუ რუსებმა ლიმანიც დაკარგეს, ეს კიდევ ერთხელ დაანახებს რუსეთის მოსახლეობას, რომ ეს ომი არ მიდის მათ სასარგებლოდ, დანაკარგებს განიცდიან. თანაც, ვერ იტყვიან, რომ ეს იყო მოულოდნელობა. ეს არის პირდაპირ დასახლებული პუნქტის დაცვა რუსების მხრიდან.

  • ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, მძიმე ბრძოლები გრძელდება ხერსონის ოლქშიც, სადაც რუსეთის ძალები მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე კვლავაც დაუცველები არიან.

აქ უკრაინელების მხრიდან დიდი წინსვლა არ არის.

იყო მცდელობა უკრაინელების მხრიდან, რომ ნიკოლაევიდან ჯავშანგუფის ძალებით შეეტიათ ხერსონისკენ, მაგრამ მოხვდნენ ე.წ. „საცეცხლე ტომარაში“ და დანაკარგების მიღების შემდეგ იძულებული გახდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისევ პოზიციური დაპირისპირება.

რუსებმა გააქტიურეს ოდესის დაბომბვა ირანიდან მიღებული უპილოტო საფრენი აპარატებით, იბომბება ნიკოლაევი, ხოლო ზაპოროჟიეს მიმართულებაზე უკრაინელებმა გადალახეს მდინარე ინგულეცი და შექმნეს ე.წ.“ანდრეევსკი პლაცდარმი“ , მაგრამ მათი წინსვლა ამ ეტაპზე შეჩერებულია, ვინაიდან კრივოი-როგის ჩრდილოეთით ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობები დაზიანდა და გართულებულია პლაცდარმზე უკრაინელების მხრიდან სამხედრო უზრუნველყოფის ორგანიზება.

  • თქვენი დაკვირვებით, რა სტრატეგიით მოქმედებს ამჯერად უკრაინა, რა მასშტაბის კონტრშეტევის შესაძლებლობა იკვეთება? 

უკრაინას არ აქვს შესაძლებლობები ამ ეტაპზე ორივე მიმართულებით – ხარკოვსა და ხერსონში აწარმოოს კონტრშეტევები, ახლა ძირითადი აქცენტი გადატანილია ლიმანის მიმართულებაზე.

თუმცა უკრაინის აქვს სტრატეგიის ინიციატივა, ის თავად არჩევს შეტევის მიმართულებას, დროს და პრინციპს. რუსეთის მხრიდან კი, მობილიზაცია გრძელდება და ავსებს გარკვეულ საბრძოლო დანაკარგებს. არა მგონია, რომ მინიმუმ უახლოეს ორ თვეში რუსეთის შეტევითი შესაძლებლობები გაიზარდოს.

  • „უკრაინის შეიარაღებული ძალები დააბრუნებენ რუს ოკუპანტებს 23 თებერვლის პოზიციებზე უკვე 2022 წლის ბოლომდე, მომავალი წლის შუაში კი, უკრაინის ჯარები უკვე შეიძლება ყირიმში იყვნენ“ – ასეთი პროგნოზი აქვს ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილ მეთაურს, გენერალ ბენ ჰოჯესს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

გენერალ ბენ ჰოჯესს თავისი მოსაზრება აქვს, ის გამოცდილი სამხედრო პირია, რომელიც კარგად ერკვევა სამხედრო-ოპერატიულ მოქმედებებში, თუმცა მე ასე თამამად ვერ ვიტყოდი.

ვიტყოდი იმას, რომ ყველაფერი შესაძლებელია, რუსეთი შესაძლოა ერთ თვეშიც ჩამოიშალოს, მაგრამ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, არა მგონია – ასეთი მასშტაბური წარმატების პირობა არ ჩანს. წლის ბოლომდე დარჩენილია სამად სამი თვე და ომის დინამიკიდან გამომდინარე, ჰოჯესის მოსაზრება შეიძლება უფრო სურვილად ჩაითვალოს.

  • უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა 100 ათასი ადამიანის მობილიზება მოახერხა უკვე. თქვენი აზრით, რას შეძლებს რუსეთი გაზრდილი ადამიანური რესურსით იმავდროულად გაზრდილი პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების პარალელურად?

რუსეთს რაოდენობრივი უპირატესობა ექნება, რაც არ არის მცირე ფაქტორი სამხედრო დაპირისპირებაში, თუმცა ახალი დანაყოფების ხარისხი იქნება გაცილებით დაბალი, ვიდრე ეს აქამდე იყო.

აქამდე იბრძოდნენ საკონტრაქტო დანაყოფები, ახლა კი იქნებიან ახალწვეულები, რომლებსაც ძირითადად სამხედრო მომზადება გავლილი აქვთ, მაგრამ დამატებით მომზადებას უტარებენ მხოლოდ 4 – 5 დღე. რაღაც ათ დღეში რუსეთმა შეძლო ასეთი დიდი რაოდენობის ადამიანის მობილიზება, მაგრამ ამას თავისი ჩრდილოვანი მხარეც აქვს, რაც გამოიხატება ასე მცირე დროში ამ მასის ადამიანების უზრუნველყოფა და მომზადება. მაგალითად, საგაზაფხულო გაწვევის დროს რუსეთმა გაიწვია 130 000-მდე წვევამდელი, მაგრამ ამას მოანდომა თვეზე მეტი.

რუსეთი პროპაგანდით მუშაობს შიდა აუდიტორიისთვის რეფერენდუმის შემდეგ დამატებითი რეგიონებზე საუბრით, რომ დანაკარგი ფუჭი არ იყო და ეს ერთგვარი მიმართვაა, რომ ახლა ეს ტერიტორიებია დასაცავი. თანაც, ადრე თუ არ ჰქონდათ გაწვეული სამხედრო მოსამსახურის სპეცოპერაციის ზონაში, რუსეთის საზღვრებს გარეთ გაგზავნის უფლება, ამ აღიარების შემდეგ პირდაპირ გაგზავნიან ჯარისკაცებს ფრონტის ხაზზე და ამას აკეთებენ კიდეც.

  • ამ მობილიზაციის მიზანია მხოლოდ დაკავებული ტერიტორიების დაცვა? 

ამ ეტაპზე ასე ჩანს – ეს დანაყოფები ალბათ უფრო გამოსადეგი იქნება თავდაცვისთვის და ნაკლებეფექტური იქნება შეტევის განხორციელებისთვის.

ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყეს ის, რომ ბელარუსში დაიწყო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და სამუშაოებს ასრულებენ რუსული კომპანიები. ამ სამუშაოების შემდეგ ბელარუსები შეძლებენ მიიღონ სარკინიგზო ინფრასტრუქტურით სამხედრო ეშელონებით და ეს, როგორც ირკვევა, დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბრისთვის იქნება მზად. ასევე, მიმდინარეობს მზადება ბელარუსის საველე ბანაკებში, სადაც ჩემი ინფორმაციით 20 000 რუსი სამხედროს მომზადება მოხდება.

მთლიანობაში, ეს არის ტენდენცია, რომ ბელარუსმა დაიწყო კონცენტრირება. რუსეთის მხრიდან კუმულაცია დაიწყო სამხედრო ძალების  და აჩვენებს, რომ რუსებმა კვლავ განაახლოს ჩრდილოეთის მიმართულებაზე შეტევა.

  • კონკრეტულად რა მიმართულებაზე უშვებთ შეტევის შესაძლებლობას?  

ეს შეიძლება იყოს კიევის მიმართულება, ან უფრო დასავლეთით, ლვოვის მიმართულება. უფრო მოსალოდნელია, რომ რუსეთმა შექმნას საფრთხე, რათა უკრაინელების გარკვეული, მნიშვნელოვანი რესურსი იყოს მიჯაჭვული ამ მიმართულებებზე.

  • ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ახალმობილიზებულ რეზერვისტს უბრძანეს, პირველადი დახმარების აუცილებელი საჭიროებები თავად შეეძინათ. ამ რესურსით შეძლებს რუსეთი ისევ შეტევას? 

ეს არის რუსეთისთვის საშუალება, რომ მოახერხოს კუმულაცია გარკვეულ მიმართულებაზე, ძალების დაგროვება.

როგორც ზევით ავღნიშნე, რა თქმა უნდა, რუსებს აქვთ სერიოზული პრობლემა აღჭურვილობასა და აღკაზმულობაში, თუმცა თუ ის მოახერხებს ამ დაპირისპირებაში დროის გაწელვას, ამ აღჭურვილობასაც შეიძენს: დრონები თუ შეიძინა ირანში, ასევე შეიძლება იყიდოს პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები.

  • თქვენ ახსენეთ, რომ უკრაინის რეგიონების მიერთება არის გზავნილი შიდა აუდიტორიისთვის. რა მიზანს ემსახურებოდა პუტინის კიდევ ერთი სვლა – ლუკაშენკოს გამოგზავნა აფხაზეთში? 

ლუკაშენკოს საქართველოში გამოგზავნაც იყო გზავნილი, რომ ჭკუით ვიყოთ, თორემ ხვალ აფხაზეთსაც მიიერთებენ. სხვათა შორის, ბელარუსში ოფიციალური დოკუმენტების ტერმინოლოგიაში დასახელება შეცვალეს და ჩაწერეს, რომ ლუკაშენკო აფხაზეთში კი არა, შავიზღვისპირეთის ერთ ისტორიულ რეგიონს სტუმრობდა. ფაქტია, ეს არაფერს ცვლის და ბელარუსს არ სურს მის მიმართ ნეიტრალური ქვეყნის მტრად გადაიქცეს.

რეგიონების მიერთებით კი, პუტინი აჩვენებს, რომ რუსეთის გადასახედიდან ახლა უკრაინელები იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე. რუსეთი ამით საერთაშორისო საზოგადოებასაც ეუბნება, რომ თუ ჩემი წინსვლა არ გინდათ, აქ გავჩერდეთ და დავიწყოთ მოლაპარაკება.

  • თუმცა მოლაპარაკების ნაცვლად, ამ ეტაპზე რუსეთი ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოვსტალის“ დამცველების ექსტრადირებას ითხოვს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელის, ვოლოდინის განაცხადებით, მათ პასუხი უნდა აგონ თავიანთ „დანაშაულებზე“.

ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთს სურს მოლაპარაკება, ეს ძალიან აშკარაა… ვოლოდინის და მედვედევის ლოგიკას მთლად ნუ ჩავეძიებით. რუსეთი ცდილობს, რომ პოლიტიკური ვაჭრობიდან მოგება ნახოს და გარკვეული „ღირსებით“ გავიდეს ამ სიტუაციიდან.

ატომური იარაღის გამოყენების საფრთხეზეც მინდა გკითხოთ: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ყოფილი დირექტორი, აშშ-ის ძალების ყოფილი სარდალი ერაყსა და ავღანეთში, დევიდ პეტრეუსი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი „წარმოუდგენლად სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია“, თუმცა „ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენება არ შემოაბრუნებს რუსეთის მდგომარეობას ბრძოლის ველზე“. 

აქამდე ვთვლიდი და თქვენთან ინტერვიუებშიც ამას ვამბობდი, რომ რუსეთი ატომურ იარაღს იყენებს მხოლოდ სავაჭროდ. ახლა კი, ჩემი გადასახედიდან ტაქტიკურ-ატომური იარაღის გამოყენებაზე 100 %-იანი შკალა რომ ავიღოთ,  30-35 პროცენტამდე არსებობს ამის შანსი. რთულია თქვა, პუტინის თავში რა იხარშება. ასევე ფაქტია, რომ შესაძლებელია დაზვერვის აღმოჩენამდეც ეს საშუალებები ფარულად მიიტანო გასროლის მანძილამდე. დაზვერვისთვისაც კი, შესაძლებელია დაიფაროს ეს მონაცემი, მაგრამ გამოყენებას აქვს გარკვეული ინდიკატორები, მაგალითად, ამ დროს ძალები გამოგვყავს უკან და ასე შემდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთიდან დიდი ყურადღებით აკვირდებიან ამ ინდიკატორებს და ეს შეუმჩნეველი არ დარჩება.

  • რის გამო მიგაჩნიათ, რომ გაიზარდა ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე? 

ეს გაიზარდა რუსეთის წარუმატებლობის დინამიკიდან გამომდინარე…. პუტინს წითელი ხაზები გადაკვეთილი აქვს, მან იცის, რომ ახლა შესაძლოა განადგურდეს, როგორც პოლიტიკურად, ისე ფიზიკურად. ამიტომაც, ეს ომი პუტინისთვის პირდაპირ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

ვიცით, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, პუტინს დასჭირდება შოიგუს და გერასიმოვის თანხმობაც, თუმცა არ არის ნათელი, არის თუ არა იგივე საჭირო ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენებაზე.

შემდეგი კვირიდან გამოჩნდება, რა სურს რუსეთს და რის შესაძლებლობა აქვს ამჯერად, როცა უკრაინას ულტიმატუმს წაუყენებს მიერთებული რეგიონებზე და დარწმუნებული ვარ, მიიღებს შესაბამის პასუხსაც. ამის შემდეგ გამოჩნდება, რა იქნება შემდეგი ეტაპი.

უკრაინისთვის წარმატების მთავარი ფაქტორი ისევ არის დასავლეთიდან სამხედრო აღჭურვილობის დროულად და საკმარისი რაოდენობით მიღება. რა თქმა უნდა, მსოფლიოს პოლიტიკური მხარდაჭერა.

“სიმართლე ჩვენს მხარესაა” – პუტინმა წითელ მოედანზე შეკრებილებს მიმართა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის კიდევ ოთხი რეგიონის ანექსიის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, მოსკოვში, წითელ მოედანზე საზეიმოდ შეკრებილ ათასობით ადამიანს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს აღნიშნულ რეგიონებში უსაფრთხოების დონის გასაძლიერებლად.

„ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს ძმებსა და დებს ზაპოროჟიესა და ხერსონში, დონეცკსა და ლუგანსკში.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გავზარდოთ უსაფრთხოების დონე ამ ტერიტორიებზე ამ ხალხისთვის.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის აღსადგენად, ავაშენებთ სკოლებს, ახალ ინსტიტუტებს, საავადმყოფოებს.

ჩვენ უფრო ძლიერები გავხდით, რადგან ერთად ვართ. სიმართლე ჩვენს მხარესაა და სიმართლე ნიშნავს ძალას. ნიშნავს გამარჯვებას. გამარჯვება ჩვენი იქნება“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას.

ანექსიის დოკუმენტი უკვე დუმას გადაეცა ხელმოსაწერად.

ე.წ. რეფერენდუმებს, რომლებიც აღნიშნულ რეგიონებში რუსეთის მხარდაჭერილმა სეპარატისტულმა ძალებმა ჩაატარეს, არ ცნობს ოფიციალური კიევი და საერთაშორისო საზოგადოება.

_____________________

ფოტო:

ამავე თემაზე: 

ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან – ზელენსკი

 

ბათუმის მერიაში არ იციან, რამდენი მეორადი ფილა აქვთ და არც სხვა ქონებას აღრიცხავენ 

ბათუმის საკუთარი ქონება ისევ არ აქვს აღწერილი და ეს ქონების მართვის სამსახურის უფროსმა საკრებულოს სხდომაზე დაადასტურა. დავით კოპინაძის ინფორმაციით, პროცესი დაწყებულია და გამომდინარე იქიდან, რომ ეს საქმე დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მერიამ გადაწყვიტა შესაბამისი მომსახურება ტენდერით შეისყიდოს.

ქონების აღწერასთან დაკავშირებული მსჯელობა საკრებულოს სხდომაზე საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში ცვლილების საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას მოყვა. მერიამ ნუსხაში ცვლილება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც გასაყიდად გაიტანს გრანიტის მეორად ქვაფენილს და მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ დაძველებულ ავტომანქანებს.

საკრებულოს წევრი ენმ-დან რეზო ხარაზი დაინტერესდა, იცის თუ არა მერიამ ზუსტად რა ოდენობის მეორადი ფილა აქვს განთავსებული საწყობში. ქონების მართვის სამსახურის უფროსმა უპასუხა, რომ დაზუსტებულ ციფრს ვერ დაასახელებს:

„ეს არ არის დღეს და გუშინ შესყიდული, რომ ზუსტი რაოდენობა გითხრათ. ეს წარმოადგენს მეორად ფილებს და მისი ამოღება ხდება ტექნიკის საშუალებით, შემდეგ კი გადააქვთ საწყობში.“

საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან აცხადებენ, რომ ქონება აღწერილი უნდა იყოს. მათ მეორადი ფილების ქალაქისთვის გამოყენების შესაძლებლობაზეც ისაუბრეს.

რეზო ხარაზმა თქმითვე, ის ფლობს ინფორმაციას, რომ „ვიღაცებს ეს ფილები ეზოებში აქვთ დაგებული.“

„ეს არის სახელმწიფო ქონება ამას ნებისმიერი სხვა ქალაქი იყენებს, შეიძლება აღარც ვარგა არაფრად, ხომ უნდა ვიცოდეთ. ვიღაცებს სახლებში აქვთ წაღებული და დაგებული და ამას ვნახავთ ამ დღეებში აუცილებლად. მე ძალიან მინდა, სანამ რაღაცის გაყიდვას დავაპირებთ, მანამდე ვიცოდეთ, რა რაოდენობაა. ამას მერია არ აკეთებს, ამიტომ ვაპირებ მივმართო აუდიტს, შეისწავლოს ქონების შესაძლო დატაცების ფაქტები“, – განაცხადა რეზო ხარაზმა.

კოლეგების მოსაზრებას „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე დაეთანხმა:

„ერთხელ ჩატარდეს სერიოზული ინვენტარიზაცია და შემდეგ არსებობს პროგრამები, რომლითაც მარტივად გაკონტროლდება ეს პროცესი. მარაგების ნაშთების პროგრამები მაქვს მხედველობაში.“

მერიის ბალანსზე არსებული ქონების აღწერის აუცილებლობაზე 2018 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც გამოაქვეყნა. აუდიტი წერდა, რომ  მერიას რიცხული არაფინანსური აქტივების სრული ინვენტარიზაცია, მოქმედი რეგულაციის შესაბამისად, ბოლო 12 წელია არ ჩაუტარებია. აქედან გამომდინარე მას [აუდიტს] არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს მერიის ბალანსზე რიცხული ქონების მნიშვნელოვანი ნაწილის სიზუსტე და ზოგ შემთხვევაში ფიზიკური არსებობაც კი.

მერიაში ვერ აზუსტებენ რა თანხაა გამოყოფილი ტენდერისთვის, რომლითაც ქონებას აღწერენ: „ჯერ ბაზრის იკვლევენ“.

ბათუმის მერიაში ტენდერები, ძირითადად, ერთი პირის მონაწილეობით ჩატარდა – აუდიტი

 

ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან – ზელენსკი

დღეს უკრაინამ NATO-ს წევრობაზე განაცხადი გააკეთა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ გამოაცხადა ვიდეომიმართვაში, რომლის თარგმანსაც „ბათუმელები“ გთავაზობთ:

უკრაინელებო!

ჩვენო მეგობრებო და მოკავშირეებო!

დე-ფაქტო მოკავშირეებო. ჩვენ დღეს აქ, კიევში, ჩვენი ქვეყნის გულში ვდგამთ გადამწყვეტ ნაბიჯს თავისუფალი ხალხების მთელი თანამეგობრობის უსაფრთხოებისთვის.

ჩვენ ვხედავთ, ვინ გვემუქრება. ვინაა მზად მოგვკლას და დაგვასახიჩროს. ვინ არ ერიდება არანაირ სიმხეცეს, ოღონდ კი თავისი კონტროლის ზონა გააფართოოს.

24 თებერვალს პირველი სრულმასშტაბიანი დარტყმა მიაყენეს უკრაინას. პირველი! რუსეთი არ გაჩერდებოდა ჩვენს საზღვრებთან, თუ მას ჩვენ არ შევაჩერებდით. სხვა სახელმწიფოებიც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ – ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, მოლდოვა და საქართველო, ყაზახეთი…

რუსეთს პრეტენზია ჰქონდა ევროპისა და აზიის ხალხების დამორჩილებაზე. პრეტენზია ჰქონდა ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ. ეს დანაშაულებრივი ამბიცია უკრაინაში ტყდება. ის გატყდა კიევთან და ჩერნიგოვთან. „აზოვსტალში“, სუმისა და ხარკოვის ოლქებში. ზმეინიზე.

ის დაიმსხვრევა დონბასში და უკრაინის სამხრეთში, როდესაც ჩვენ მათ გავათავისუფლებთ. აუცილებლად – ყირიმში, თავისუფალ უკრაინულ ყირიმში.

ჩვენი სახელმწიფოს ყველა ტერიტორია გათავისუფლდება ამ მტრისგან – არამხოლოდ უკრაინის, არამედ თავად სიცოცხლის, კაცობრიობის, კანონისა და სიმართლის მტრისგან.

რუსეთმა ეს უკვე იცის, გრძნობს ამ ძალას. ხედავს, რომ სწორედ აქ, უკრაინაში, ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენი ღირებულებების სიძლიერეს.

სწორედ ამიტომაც ჩქარობს. აწყობს ამ ფარსს ანექსიის მცდელობით. ცდილობს მოიპაროს ის, რაც მას არ ეკუთვნის. სურს მკვლელობით, დამცირებით, შანტაჟითა და სიცრუით გადაწეროს ისტორია და გადახატოს საზღვრები.

უკრაინა ამას არ დაუშვებს.

დღეს მე უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გავმართე. ახლახან დასრულდა ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაც.

ჩვენ გადაწყვეტილებები გვაქვს.

პირველი – მხოლოდ უკრაინის გაძლიერებისა და ყველა ტერიტორიიდან ოკუპანტების განდევნის გზით დაბრუნდება მშვიდობა. ჩვენ ამ გზას გავივლით.

მეორე – უკრაინა იყო და რჩება ლიდერად, ვინც მოლაპარაკებებს ცდილობს. სწორედ ჩვენი სახელმწიფო სთავაზობდა რუსეთს ყოველთვის შეთანხმებას თანაბარი, პატიოსანი, ღირსეული და სამართლიანი პირობებით. ცხადია, რუსეთის ამ პრეზიდენტის პირობებში ეს შეუძლებელია. მან არ იცის, რა არის ღირსება და პატიოსნება. ამიტომაც ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, ოღონდ უკვე რუსეთის სხვა პრეზიდენტთან.

და მესამე – ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ იურიდიულად ის ყველაფერი, რასაც ფაქტობრივად უკვე მივაღწიეთ.

ტირანიასთან ბრძოლით სწორედ უკრაინაში წყდება დემოკრატიის ბედი.

სწორედ აქ, ჩვენი სახელმწიფო საზღვრების განმტკიცებით, შეგვიძლია გავამყაროთ ყველა ევროპული სახელმწიფოს საზღვარი. ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს ომის დაბრუნება ჩვენს კონტინენტზე.

სწორედ აქ, უკრაინაში შეიძინა ნამდვილად ცოცხალი ენერგია ჩვენი ევროატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებებმა. ძალა იმ ხალხის, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის და ძალა იმ ხალხების, რომლებიც მას ამ ბრძოლაში ეხმარებიან.

ჩვენ დე-ფაქტო მოკავშირეები ვართ. ეს უკვე მიღწეულია. დე-ფაქტო, ჩვენ უკვე გავიარეთ ჩვენი გზა NATO-მდე. დე-ფაქტო, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ჩვენი თავსებადობა ალიანსის სტანდარტებთან, ისინი რეალურია უკრაინისთვის – რეალურია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთკავშირის ყველა ასპექტში.

ჩვენ ერთმანეთს ვენდობით, ჩვენ ვეხმარებით და ვიცავთ ერთმანეთს. სწორედ ესაა ალიანსი. დე-ფაქტო.

დღეს უკრაინა გზავნის განაცხადს, რომ ეს დე-იურედ აქციოს. პროცედურით, რომელიც პასუხობს ჩვენი ერთიანი თანამეგობრობის უსაფრთხოების მნიშვნელობას. დაჩქარებული წესით.

ჩვენ ვიცით, რომ ეს შესაძლებელია. ჩვენ ვნახეთ, როგორ დაიწყეს წელს ფინეთმა და შვედეთმა ალიანსთან შეერთება წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე.

ეს სამართლიანია. სამართლიანია უკრაინისთვისაც. ეს არის შეთანხმების დონეზე იმის გაფორმება, რაც ისედაც მიღწეულია ცხოვრებაში და რაც ჩვენს ღირებულებებს წარმოადგენს.

ჩვენ გვესმის, რომ ეს  ჩრდილოატლანტიკური კავშირის ყველა წევრისგან კონსენსუსს მოითხოვს. გვესმის, რომ საჭიროა ასეთი კონსენსუსის მიღწევა. და ამიტომაც, ვიდრე ეს მოხდება, ჩვენ გთავაზობთ ჩვენი წინადადებების განხორციელებას უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტიისთვის „კიევის უსაფრთხოების შეთანხმების“ თანახმად, რომელიც ჩვენს პარტნიორებს უკვე წარვუდგინეთ.

უსაფრთხოებას ალტერნატივა არ აქვს. თუმცა იმისთვის, რომ ის გარანტირებული იყოს, გამბედაობაა საჭირო.

ჩვენ ვდგამთ ჩვენს გადამწყვეტ ნაბიჯს, ხელს ვაწერთ უკრაინის განაცხადს NATO-ში დაჩქარებული წესით გაერთიანებაზე.

დღეს უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ნაციონალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გამოიყენოს სანქციები რუსეთის იმ მნიშვნელოვანი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებმაც ვერ იპოვეს საკუთარი თავში გამბედაობა კაცობრიობისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად დამდგარიყვნენ ან რომლებიც სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული არიან უკრაინისა და დემოკრატიული ხალხების თანამეგობრობის წინააღმდეგ გადადგმულ აგრესიულ ნაბიჯებთან.

ამავე დროს, მივმართავ უკრაინის სახალხო დეპუტატებს: უმაღლესი რადის მომდევნო სხდომაზე განიხილება რუსული აქტივების ნაციონალიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელმაც პროცედურა უნდა დააჩქაროს. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ამ პროექტს.

ვასრულებთ უკრაინაზე, ევროპასა და მსოფლიოზე რუსეთის გავლენის დემონტაჟს.

დიდება უკრაინას!

წყარო: President.gov.ua

თარგმნა: თამარ რუხაძემ

ყინულის მოედნისა და აუზის აშენებაზე 29 მილიონი დაიხარჯა – ადგილზე კი არც მოედანია, არც აუზი

ბათუმში, ლადო ასათიანის 27-ში, სადაც აჭარის მთავრობის გათვლებით, 2019 წლიდან ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზიც უნდა ყოფილიყო, გამოკეტილი შენობა დაგხვდებათ. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 29 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა, შენობაში კი ჯერ არც ყინულის არენაა გაკეთებული და არც აუზი. აქ არც სამუშაოები მიმდინარეობს. ყინულის არენის და საცურაო აუზის ასაშენებლად, ჯამში, ბიუჯეტიდან 19 990 002 აშშ დოლარი [მაშინდელი კურსით დაახლოებით 50 მილიონი ლარი] გამოყვეს. მშენებლობისთვის კომპანია Westincor Limited-ს ხელშეკრულება პირდაპირი წესით 2018 წელს გაუფორმეს.

„ვერ შეგიშვებთ,“ – კატეგორიულია დაცვის თანამშრომელი, რომელიც მთავარ შესასვლელთან დაგვხვდა. შენობას რამდენიმე კარი აქვს, ჭუჭრუტანებიდან მხოლოდ რამდენიმე დაშლილი ხის დაფა მოჩანს ერთმანეთში არეულ-დარეული. შესასვლელთან ამოსული ბალახის სიმაღლეც აჩვენებს, წელს რომ ამ ობიექტისთვის არავის მოუცლია.

„რომც შეგიშვათ, სანახავი არც არაფერია,“ – დასძენს დაცვის თანამშრომელი და ხელების მოძრაობით გვაჩვენებს, რომ იქ არაა ყინულის მოედანი, აუზი – მით უმეტეს: „ზოგჯერ მოდიან, დაათვალიერებენ და მიდიან, დამთავრდა. 8 თვეა აქ ვმუშაობ, მეტი არაფერი ხდება.“

ყინულის არენა და ახალი ყინულის არენისთვის აშენებული კონსტრუქცია. ახალი ყინულის მოედნისთვის და საცურაო აუზისთვის 2018 წელს თითქმის 20 მლნ აშშ დოლარი გამოყვეს. მას შემდეგ, რაც ახალი ყინულის არენა გაიხსნებოდა, არსებული ყინულის სახლი უნდა დაეშალათ და მის ნაცვლად უნდა მოეწყოთ საცურაო აუზი.
იქ, სადაც ყინულის არენა და საცურაო აუზი უნდა დაგხვედროდა, მხოლოდ გამოკეტილი შენობაა, რაშიც ბიუჯეტიდან 29 მილიონი ლარია დახარჯული.
ეს უნდა ყოფილიყო ახალი ყინულის მოედნის შესასვლელი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრში ადასტურებენ, რომ ყინულის არენა და საცურაო აუზი მართლაც ვერ მოეწყო და ამ ეტაპზე სამუშაოები არ მიმდინარეობს.

„ახალი საცურაო აუზის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს და პროექტის ღირებულება სწორედ ამის შემდეგ დაზუსტდება,“ – მოგვწერეს ეკონომიკის სამინისტროდან, სადაც ამ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მხოლოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძისთვის ადმინისტრაციული საჩივრით მიმართვის შემდეგ მოგვაწოდეს.

დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, მაინც პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა: რაში გადაიხადა „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ [ეს შპს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის] 29 მილიონ 150 ათას 449 ლარი. გასულ წელს თვით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროც კი მიიჩნევდა, რომ კომპანიამ Westincor Limited-მა სამუშაოები არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების [საქართველოს კანონმდებლობის] შესაბამისად. ამის გამო კი, სამინისტროს ინფორმაციით, ავანსად გადახდილი 9 მილიონ 659 ათას 968 ლარიც სრულად უკან დაიბრუნეს.

ობიექტს Westincor Limited აშენებდა, კანადური კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება პირდაპირი წესით გააფორმეს, შემდეგ კი შეუწყვიტეს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ის ხელშეკრულებას ასრულებდა, თუმცა 29 მილიონის აღება მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც აჭარის ეკონომიკის სამინისტროს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

სამინისტრო დავის ნაცვლად კომპანიას მოურიგდა და თანხის გადახდას დასთანხმდა.

  • რა ხდებოდა დავის დაწყებამდე? 

ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში ყინულის არენის მშენებლობა 2018 წელს აჭარის მთავრობამ იმიტომ გადაწყვიტა, რომ საჭადრაკო ოლიმპიადა ჩაეტარებინა. მშენებლობა დაიწყო, ოლიმპიადაც ჩატარდა, თუმცა ყინულის არენის მშენებლობა არ დაუსრულებიათ.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარება ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში გადაწყდა, 2018 წლისთვის აჭარის მთავრობამ მაინც ვერ მოასწრო 61,9-მილიონიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულება [ლეონიძის ქუჩაზე], რაც ამ დონის ოლიმპიადის ჩატარებისთვის იყო გათვლილი და აუცილებელი.

მაშინ გამოსავალი აჭარის მთავრობამ იმაში ნახა, რომ ტენდერის გარეშე აეშენებინა ახალი სპორტკომპლექსი, რომლის ერთ დარბაზს ოლიმპიადისთვის გამოიყენებდნენ, შემდეგ კი, ყინულის არენად გადააკეთებდნენ [ძველ ყინულის სასახლეს კი დაშლიდნენ].

ახალი ყინულის არენის პროექტის ღირებულება, რომელიც საცურაო აუზის მშენებლობასაც მოიცავდა, 19 990 002 აშშ დოლარი იყო. ხელშეკრულება შპს „სტადიონმა“ [ამჟამად „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“] კანადურ კომპანია Westincor Limited-თან მაშინ ტენდერის გარეშე გააფორმა.

ყინულის არენის მშენებლობა, 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, ხოლო არსებული ყინულის სასახლე დაეშალათ.

მშენებლობის პროცესი ჯერ დროში გაიწელა, შემდეგ კი, მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტეს.

ასე გამოიყურებოდა ყინულის არენას შენობის ინტერიერი 2018 წელს, როცა აქ საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ყინულის არენად დაწყებული და ამ დრომდე დაუსრულებელი ობიექტი ლ. ასათიანის 27-ში / 26.09.2022
  • რა ჩანს დოკუმენტებიდან? 

მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება 2020 წლის პირველ აპრილს შეწყდა, 2021 წლის 17 დეკემბერს კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა Westincor Limited – ისგან წერილი მიიღო, სადაც ეწერა, რომ  კომპანია აპირებს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“.

„პირველი ფაზის მშენებლობაზე ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურება თქვენს მიერ დღემდე არ განხორციელებულა… ნებისმიერი მოსაზრება იმის შესახებ, რომ Westincor-მა არ შეასრულა ხელშეკრულების პირობები მცდარია, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ხელშეკრულების პირობები, ხარჯთაღრიცხვის შეფასების მოქმედი რეჟიმი და საქართველოს მთავრობის 52-ე და 55-ე დადგენილებები.

თქვენ არა მხოლოდ არ გადაიხადეთ შესრულებული სამუშაოების ღირებულება და საპროექტო მომსახურების საფასური, რამაც არ მოგვცა საშუალება მიგვეღო კუთვნილი თანხა, ასევე უსაფუძვლოდ იქნა გამოთხოვილი ხელშეკრულების შესრულების და წინასწარი ანგარიშსწორების უზრუნველყოფის გარანტიები, რამაც განგვაცდევინა მნიშვნელოვანი დანაკარგები,“ – აღნიშნულია Westincor Limited-ის წერილში.

ამავე წერილით კომპანია სამინისტროსგან 2020 წლის ინვოისით გათვალისწინებული 11 281 547 მილიონი აშშ დოლარის ჩარიცხვას ითხოვდა.

„Westincor Limited“ იქვე მიუთითებდა ანალოგიურ დავაზე საქართველოს მთავრობასთან, როდესაც კომპანია „Behlen Industries LP“-მა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავა მოუგო შპს „სპორტმშენსერვისს“ [სახელმწიფო შპს, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდების სამინისტროს მმართველობაშია – ავტ]. „Westincor Limited“-ი ახსენებდა აჭარის ფინანსთა სამინისტროს, რომ ტექნიკური აღჭურვილობა თავადაც სწორედ Behlen Industries LP“-ისგან შეიძინა.

„დავის ძირითადი ნაწილი შეეხებოდა Behlen Industries LP-ს მიერ წარმოებული ფოლადის დიდმილიანი მოდულური კონსტრუქციის ე.წ ,,კაფსულის“ მიწოდების და მონტაჟის ღირებულებას…

აღნიშნული გამოცდილების და საქმის ანალოგიურობის გათვალისწინებით, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დავის დაწყების შემთხვევაში მოვიგებთ მოცემულ საკითხზე ნებისმიერ საარბიტრაჟო საქმისწარმოებას, რომელიც იძულებული შეიძლება გავხდეთ დავიწყოთ თქვენს წინააღმდეგ ამ საქმეზე,“ – ეწერა Westincor Limited -ის წერილში.

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო არც გასული წლის დეკემბერში და არც ახლა არ ასაბუთებს, რატომ არჩია მორიგებაზე წასულიყო კომპანიასთან, თუკი მიიჩნევდა, რომ ამ კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობები არ შეასრულა.

„აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში“ კომპანიისთვის 29 მილიონის ჩარიცხვამდე მიიჩნევდნენ, რომ სპორტული კომპლექსის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა არ იყო შედგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და „ასევე ხარჯთაღრიცხვის მონაცემები არ იძლევა სრულ ინფორმაციას შესასრულებელ სამუშაოებზე“.

 

ესკიზის მიხედვით ასეთი უნდა ყოფილიყო ყინულის არენა ბათუმში. პროექტი 2019 წელს უნდა დასრულებულიყო
  • რატომ ჩაურიცხეს კომპანიას 29 მილიონი, როცა ხელშეკრულების შეწყვეტამდე სამინისტრო თვლიდა, რომ თანხა საერთოდ არ უნდა გადაეხადა? – მინისტრის პასუხი

„როდესაც ოლიმპიადა გაიმართა ჭადრაკში, სულ ორი შენობა იყო და ერთ-ერთი შენობა სწორედ „ვესტინკორის“ მიერ იყო აშენებული, მათ შორის, განათებები, კონსტრუქციული ნაწილი, გაგრილების სისტემა…“ – ამ ჩამონათვალით სცადა აეხსნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ ის, თუ რაში გადაიხადა ბიუჯეტიდან 29 მილიონი ლარი, როცა პროექტით გათვალისწინებული და 2019 წელს დასამთავრებელი ყინულის არენა და საცურაო აუზი ბათუმში არ მოუწყვიათ.

ჯაბა ფუტკარაძის განმარტებით, სამინისტრომ არჩია მორიგებაზე წასვლა, რადგან კომპანია საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უპირებდა ჩივილს. მინისტრმა ვერ გვითხრა, რატომ გაუწია ანგარიში ამ მუქარას, თუ ის მანამდე კანონის დაცვით მოქმედებდა.

„ჩვენ გავაფორმეთ მორიგების ხელშეკრულების გაფორმება იმიტომ, რომ არ მომხდარიყო საერთაშორისო დონეზე დავა, რასაც დამატებით თანხები დასჭირდებოდა… ჩვენ მოვურიგდით კომპანიას, რომ ავუნაზღაურებდით მხოლოდ და მხოლოდ იმ თანხას, რაც კომპანიამ შეასრულა… მანამდე იყო რიგი საკითხები, რაზეც ჩვენ ვერ ვთანხმდებოდით კომპანიასთან, გავწყვიტეთ ხელშეკრულება და მიდიოდა პროცედურები იმისთვის, რომ მომხდარიყო შესაბამისი დავის დაწყება. ამ პროცედურის ფარგლებში მოვახდინეთ კომპანიასთან მორიგება, შევთანხმდით იმაზე, რომ ავუნაზღაურებდით თანხას, რის სამუშაოებიც განახორციელეს.

მათ უნდა წარმოედგინათ შესაბამისი დოკუმენტაცია. როგორც კი, წარმოადგინეს ეს დოკუმენტაცია, ჩვენ ეს ავუნაზღაურეთ,“ – გვითხრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ. მისი თქმით, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ წარმოადგინა კომპანიამ შესაბამისი დოკუმენტაცია.

თუ ეს ასეა, მაშინ რის გამო აღარ განაგრძობს ამ პროექტს კომპანია Westincor Limited? – „აღარ გვინდოდა ამ პროექტის გაგრძელება ვადებიდან გამომდინარე,“ – მოკლედ გვიპასუხა ამ კითხვაზე მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ.

რა დოკუმენტაცია წარმოადგინა კომპანიამ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, რამაც გადააწყვეტინა სამინისტროს, რომ კომპანიისთვის 29 მილიონი უნდა გადაეხადა?

„ეს საჯარო ინფორმაციაა, ეკონომიკის სამინისტროს არ გვქონია დარღვევა და შეფერხება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე,“ – გვითხრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ, რომელსაც შევახსენეთ, რომ ყინულის არენის საქმეზე საჯარო ინფორმაცია მას შემდეგ მივიღეთ, როცა ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ, რადგან კანონით განსაზღვრულ ვადებში საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

„საკითხი არის ვესტინკორნი, თუ საჯარო ინფორმაციის მოწოდება? თქვენ ინფორმაცია გჭირდებათ?… თუ ჯერ არ მოუწოდებიათ, აწი მოგაწვდით,“ – გვითხრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა.

საჯარო ინფორმაცია და ყველა სამართლებრივი აქტი ყინულის არენის და საცურაო აუზის მშენებლობის შესახებ „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან 28 ივნისს გამოითხოვა. მინისტრ ჯაბა ფუტკარაძეს ადმინისტრაციული საჩივრით 21 ივლისს მივმართეთ, რადგან კანონით განსაზღვრულ დროში საჯარო ინფორმაცია ვერ მივიღეთ. საბოლოოდ, საჯარო ინფორმაცია 25 ივლისს მოგვაწოდეს.

თუმცა საჯარო ინფორმაციით არ მოგვაწოდეს ის დოკუმენტი, რაზეც ჯაბა ფუტკარაძე საუბრობს – რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ წარადგინა ისინი კომპანიამ. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც დაადასტურებდა კომპანიისთვის Westincor Limited-თვის 29 მილიონის ჩარიცხვის სამართლებრივ საფუძვლებს: ვინ შეაფასა შესრულებული სამუშაოები? რა ახალი დოკუმენტები წარმოადგინა კომპანიამ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ?

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრს კიდევ ერთხელ ვთხოვეთ მოეწოდებინა დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა მინისტრის ნათქვამს. სამინისტროში გვიპასუხეს, რომ ხელახლა უნდა გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია.

აქ ასევე არ გვიპასუხეს კითხვაზე: რა დაჯდება ყინულის არენა და საცურაო აუზი ამჯერად? – ტენდერი უკვე დასრულდა ახალ საპროექტო ხარჯთაღრიცხვაზე.

პასუხგაუცემელი დარჩა კიდევ ერთი კითხვაც: რატომ არ გამოცხადდა ტენდერი 2022 წლამდე, როცა ხელშეკრულება Westincor Limited-თან 2020 წლის აპრილში შეწყდა და საქმე საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი სივრცის მოწყობას ეხებოდა ბიუჯეტის ხარჯზე?

  • რა ეტაპზეა ახლა ყინულის არენის და აუზის მშენებლობა? 

„აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“, რომელმაც [აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით] 30 მილიონამდე უკვე დაიხარჯა, ამჯერად პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ხელახლა შეისყიდა, რაშიც დამატებით 719 ათას 800 ლარი უნდა გადაიხადოს. ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანია BWC-ისთან გაფორმდა 2022 წლის მაისში.

ამ ახალი პროექტით უნდა აშენდეს ყინულის არენა და საცურაო აუზი ლ. ასათიანის 27-ში.

  • „მიმდინარე ეტაპზე შესყიდვის ობიექტი, კერძოდ ყინულის არენა წარმოადგენს დაუსრულებელ მშენებლობას, სადაც დასრულებულია ყინულის არენის შენობის ძირითადი ლითონის კონსტრუქციები, ცალკეული რკინა-ბეტონის კონსტრუქციები. ასევე მოწყობილია სპორტული განათება, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, სახანძრო უსაფრთხოების, კვამლგამწოვის სისტემების ნაწილი. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს დაუსრულებელი მშენებლობის დეტალური აღწერა-შესწავლა;
  • შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენის [1500 მაყურებელზე გათვლილი, რომელშიც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საციგურაო სპორტული საერთაშორისო და ეროვნული შეჯიბრების ჩატარება] სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის [ტრიბუნებით 800 ადგილზე] მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის პროექტი,“ – აღნიშნული იყო საკონკურსო დოკუმენტაციაში.
ყინულის არენა დღეს – 2022 წლის 26 სექტემბერი

 

ამ თემაზე:

სპორტი, როგორც ფუფუნება – რატომ ღირს ფიტნესკლუბები საქართველოში ევროპაზე ძვირი

პოლონეთიდან ისევ ემიგრაციაში – საქართველოს მოქალაქეები ახალ ქვეყნებს ეძებენ

„როდესაც ლარზე გადაანგარიშდება ჩვენი ხელფასები, გამოდის ზუსტად ნახევარი იმასთან შედარებით, რაც იყო გასულ წელს. ზლოტი არის ძალიან გაუფასურებული, ლარი კი გამყარებული. ამიტომ ძალიან ცოტა გამოგვდის“, – ამბობს პოლონეთში მცხოვრები ქართველი თამარ გელაშვილი.

თამარი საქართველოს სხვა ათასობით მოქალაქის მსგავსად საქართველოდან პოლონეთში სამუშაოდ წავიდა და კვების სფეროშია დასაქმებული.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში ლეგალურად დასაქმების ყველაზე დიდი ბაზარი პოლონეთია. პოლონეთში წასვლა და ლეგალურად მუშაობის დაწყება გაცილებით ადვილია, ვიდრე ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაში. თუმცა ინფლაციამ და გაუფასურებულმა ვალუტამ პოლონეთში დასაქმებული საქართველოს ბევრი მოქალაქე ბევრი  აიძულა სხვა ქვეყანაში წასვლაზე, ან საქართველოში დაბრუნებაზე ეფიქრა.

„თუ 1 ზლოტი 0,83 თეთრი ღირდა ახლა ღირს 0,56 თეთრი. 100 ზლოტად 56 ლარს ყიდულობ. როცა საქართველოში აგზავნი, არაფერი არ გრჩება. ანაზღაურება რაც იყო, ისევ იგივეა,“ – ამბობს თამარი.

ფეისბუქში რამდენიმე ჯგუფია შექმნილი, სადაც პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არიან გაწევრიანებული. ამ ჯგუფებში ბოლო დროს მომრავლდა პოსტები, სადაც მოქალაქეები საქართველოში ავტომობილით წასვლის მსურველებს ეძებენ, საწვავის ხარჯის გასაზიარებლად.

პოლონეთში მყოფი ემიგრანტების ნაწილი საქართველოში დაბრუნებას გეგმავს, ნაწილი ევროპის სხვა ქვეყნებს უმიზნებს, ნაწილი კი პოლონეთში რჩება ცვლილებების მოლოდინში. ამ უკანასკნელთა რიგებშია თამარიც. მას პოლონეთში ცხოვრების და მუშაობის უფლება აქვს.

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებს შეხვდებით მომსახურების თითქმის ყველა სფეროში. მაგალითად, შრომითი მიგრანტები საქმდებიან შოკოლადის, თევზის, ხორცისა და საავტომობილო ქარხნებში, საწყობებსა და სწრაფი კვების ობიექტებში. ასევე დიდია იმ პირთა რიცხვი, ვინც ტაქსის კომპანიებში – „უბერსა“ და „ვოლტშია“ დასაქმებული.

ყველაზე მაღალი ანაზღაურება, რასაც პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებს უხდიან, საათში 21 ზლოტს არ აღემატება. მაგალითისთვის, მშენებლობაზე დასაქმებულებისთვის საათში ანაზღაურება 18-20 ზლოტამდეა. ამასთან მკაცრად გაწერილია გრაფიკი, თუ რამდენი საათი შეუძლია იმუშაოს დასაქმებულს – დღეში მაქსიმუმ 10 საათი, კვირაში 5 დღე.

შედარებით მსუბუქ სამუშაოებზე – კვების ობიექტებზე ან მომსახურების სფეროში ანაზღაურებაც უფრო დაბალია – საათში 15-16 ზლოტი.

თამარ გელაშვილი საკუთარ დაკვირვებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ პოლონურ შრომით ბაზარზე უფრო და უფრო რთული ხდება სამსახურის პოვნა საქართველოს მოქალაქე კაცებისთვის. მისი თქმით, ამას ორი მიზეზი აქვს – ერთი ის, რომ მაღალია უკრაინელი ლტოლვილების რიცხვი პოლონეთში და პოლონეთის მთავრობა პრიორიტეტს სწორედ მათ დასაქმებას ანიჭებს. მეორე მიზეზი კი ქართველი კაცების პრეტენზიულობა.

„შუამავალ კომპანიებს ისევ აქვთ ვაკანსიები, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი კომპანია უარს აცხადებს ეროვნებით ქართველების მიღებაზე სამსახურში. ძირითადი მიზეზი არის უკრაინაში მიმდინარე ომი, მაგრამ არის მეორე ფაქტორიც.

ქართველი მამაკაცები ცოტა პრეტენზიულები არიან. მაგალითად, უკრაინელი კაცი ბევრ რამეზე პრეტენზიას არ გამოთქვამს. ქართული მენტალობიდან გამომდინარე ქართველები გამოთქვამენ ხშირად ბევრ პრეტენზიას. ამიტომ ყველა შუამავალს და დამსაქმებელს ურჩევნია აიყვანოს უპრეტენზიო კადრი,“ – ამბობს თამარი.

მისივე თქმით, პოლონეთში ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ახალ ქვეყნებს ეძებენ ლეგალური რემიგრაციისთვის. ასეთ ქვეყნებად კი გერმანიას, ჰოლანდიას ან იტალიას ირჩევენ.

გერმანიის შემთხვევაში მთავარი ფაქტორი ტერიტორიული სიახლოვეა. ამასთან, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ პოლონეთში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის სამწლიან უფლებას, უპრობლემოდ, ლეგალურად გადაადგილდებიან შენგენის ზონის ქვეყნებში.

„ვერც გერმანიაში და ვერც სხვა ქვეყანაში, პოლონეთში აღებული საბუთით ლეგალურად ვერ საქმდები, მაგრამ თუ მოხდა ისე და შეექმნებათ რაიმე პრობლემა, მათ დააბრუნებენ არა საქართველოში, არამედ პოლონეთში. ჩემი საახლობლოდანაც ძალიან ბევრმა ქართველმა უკვე დატოვა პოლონეთი. ბევრი კი ფიქრობს, რომ დატოვოს.

ამის მიზეზი პირველ რიგში გაუფასურებული ვალუტაა. აქაური ხელფასით საქართველოში დატოვებულ პრობლემებს უკვე ვეღარ ძლევს, რასაც ძლევდა მაგალითად ორი წლის წინ.

ჩვენ საქართველოში, ოჯახებში ვაგზავნით ფულს. როცა ხდება ლარში გადაანგარიშება, ძალიან დაბალი ხელფასი გამოდის,“ – ამბობს თამარ გელაშვილი.

პოლონეთში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ იმ ფონზე, როცა არ გაზრდილა ხელფასები, პოლონეთში გაიზარდა კომუნალური გადასახადები. გაზრდილია ფასები პროდუქტებზე და რაც მთავარია, ორჯერ გაძვირდა საცხოვრებელი ბინების დაქირავების საფასური.

„საკვები პროდუქტები ძალიან გაძვირდა. გაძვირდა კომუნალური გადასახადები და ისევ ამბობენ, რომ გაძვირდება იანვრიდან. პატარ-პატარა მაღაზიები დაიკეტა, რადგან ვეღარ აუდიან გადასახადებს. ხალხს კრიზისი უკვე ძალიან შეეტყო ჯიბეზე. არაფერი აღარაა ისე, როგორც იყო ერთი ან ორი წლის წინ.

ახალჩამოსული ქართველებისთვის უფრო რთულია. რადგან მათ უნდათ დაძლიონ ის პრობლემები, რის გამოც საქართველოდან გამორბიან. ამ დროს აქ ფული გაუფასურებულია, ხელფასები კი არ გაზრდილა,“- ამბობს თამარ გელაშვილი. 

მისივე თქმით, ეს ფაქტორები ემიგრანტ საქართველოს მოქალაქეებს უბიძგებს დატოვონ პოლონეთი და „უკეთესი ცხოვრება“ ევროპის სხვა ქვეყნებში ეძებონ.

რას ფიქრობს სკოლის დირექტორი ახალ სტანდარტზე – ინტერვიუ

რამდენიმე დღის წინ, განათლების სამინისტრომ სკოლის დირექტორების ახალი სტანდარტი დაადგინა. სტანდარტი ეფუძნება სკოლის ხელმძღვანელის, როგორც ლიდერის კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ პრინციპებს: გაზიარებული ლიდერობა და სისტემური ლიდერობა. შეცვლის თუ არა რაიმეს სკოლებში ახალი სტანდარტი, ამ თემაზე „ბათუმელები“, ხაშურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს, მორის დანდურიშვილს ესაუბრა.

  • ბატონო მორის, რას ფიქრობთ ახალ სტანდარტზე, რამდენად განხორციელებადია ის ქართულ სკოლებში?

რა თქმა უნდა, ეს სტანდარტი არ არის მარტივად მისაღწევი, რადგან დირექტორის მხრიდან ყოველდღიურ შრომას საჭიროებს, თუმცა, არც წინ იყო ადვილი.

დოკუმენტის დონეზე, აქ საგანმანათლებლო ლიდერის პროტოტიპია მოცემული, თუ ამას პრაქტიკულადაც ხორცი შეესხმება, ეს იქნება იდეალური.

მაგალითად, პირადად მე, წელს მასწავლებლებს რომ შევხვდი ვუთხარი – „აღარ ვიქნები მენეჯერი დირექტორი“, აღარ მომწონს ეს და მინდა ვიყო საგანმანათლებლო ლიდერი. ჩემი საქმიანობის 99 პროცენტიც მინდა, რომ  სკოლაში ხარისხის განვითარებას დავუთმო.

  • ახალი სტანდარტი ამას უფრო მეტად ითხოვს დირექტორისგან?

კი, უფრო მეტად ორიენტირებულია საგანმანათლებლო ლიდერობაზე. დოკუმენტის დონეზე მოგეწონება, მაგრამ აღსრულების ნაწილში რამდენად იქნება შესაძლებელი, გამოაჩენს დრო.

იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კვალიფიციური ადამიანი იქნება სკოლის დირექტორი და ეყოლება გუნდი, რომელსაც სურს ცვლილებები. მარტო, ეს შეუძლებელია. ამიტომ ასეთი გუნდის შესაკრებად სკოლას თავისი ავტონომია უნდა ჰქონდეს.

  • რაც დღეს ნაკლებად აქვს? ამაზე ხომ ხშირად საუბრობენ განათლების სფეროში, რომ დღეს დირექტორები რეალურად არ არიან გადაწყვეტილებების მიმღები პირები.

ვფიქრობ, თუკი დირექტორს შეარჩევ, შემდეგ მას უნდა ენდო. თუ სკოლაში ისეთი ადამიანი გყავს დირექტორად, რომელიც ამ ეტაპზე იმედებს ვერ ამართლებს, გინდა, რომ გადაამზადო და შემდეგ მისცე დამოუკიდებლობა, ესეც მესმის.

არის შემთხვევები, როცა დირექტორს არ შეუძლია ავტონომიურად მიიღოს გადაწყვეტილებები და შეიძლება სჭირდებოდეს მას დახმარება, მაგრამ არა ის, რომ ვინმემ მის მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილება.

  • სკოლების უმრავლესობას დღეს ჰყავს არა არჩეული, არამედ სამინისტროსგან დანიშნული დირექტორები. ბოლოს ჩანიშნული არჩევნებიც გადაიდო. ასეთ პირობებში შესაძლებელია კი, დირექტორი ისეთი იყოს, როგორსაც სტანდარტით ითხოვენ?

მე, პირადად, არჩეული დირექტორი ვიყავი, ერთი ვადა დავასრულე, ახლა ვარ მოვალეობის შემსრულებელი. ჩემი აზრით, არჩევნების გადადება დაკავშირებული იყო იმასთან, რომ კონკურსანტთა რაოდენობა გაზრდილიყო, რადგან დირექტორების ტესტირება 2020 წელს იყო დაგეგმილი და ამას პანდემიამ შეუშალა ხელი.

ტესტირების შედეგად უფრო მეტ ადამიანს ექნება დირექტორების კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა, რადგან მოვალეობის შემსრულებლების ნაწილსაც ტესტირება არ აქვთ ჩაბარებული.

მე, პირადად, არასდროს მიგრძნია, რომ მოვალეობის შემსრულებლობა ხელს მიშლის სკოლისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაში.

  • თქვენ ამბობთ, რომ მხოლოდ დირექტორს, კარგი გუნდის გარეშე, გაუჭირდება ახალი სტანდარტებით მუშაობა. თუმცა ბევრი კრიტიკა ისმის სკოლის კონკურსებთან დაკავშირებით. მარტო ამ კვირაში რამდენიმე ადამიანის პოსტი წავიკითხე იმაზე, რომ არ ენდობიან ამ კონკურსებს, რადგან პედაგოგებად მაინც ნეპოტიზმით საქმდებიან ადამიანები. იქნება ასეთი დირექტორი ლიდერი?

მე მაქვს გამოცდილება, როცა წინა სკოლაში ახალი კადრებით ჩავანაცვლე ძველი კადრები, ამით გავზარდე სკოლის ავტორიტეტი და შესაძლებლობები, რაც წარმატებული გამოდგა.

ამ სკოლაში კი, სადაც 300 მოსწავლე გვყავდა, წლევანდელი წელი 600 მოსწავლით დავიწყეთ, იმდენად გაიზარდა სკოლის ავტორიტეტი. აქ რამდენიმე ახალი კადრი ავიყვანეთ, უფრო მეტად ვიმუშავე ძველ კადრებზე და მათი შესაძლებლობები წამოვწიე წინ.

უამრავი ღონისძიება ჩავატარეთ, განვახორციელეთ ბევრი სხვადასხვა აქტივობა, წარმოვაჩინეთ მათი უნარები, რაც აქამდე არ იყო სათანადოდ დანახული და გამოყენებული.

ეს დაინახეს მშობლებმაც და მათი ნდობაც გაიზარდა. არაერთი კლასი გვყავს, სადაც ადგილი აღარ გვაქვს.

  • რას ნიშნავს ლიდერი სკოლა, მარტო იმას, რომ ბევრი ღონისძიება მოაწყოს, რაღაც აქტივობები გააკეთოს, თუ განათლების ხარისხი უნდა განსაზღვრავდეს ამას?

ყოველთვის ვცდილობდი, რომ ეს მიდგომა სისტემური ყოფილიყო. გვეზრუნა სკოლის უსაფრთხოებაზეც, მოსწავლეთა რაოდენობის ზრდაზეც, რადგან ფინანსურად ეს მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ დააფინანსო საინტერესო პროექტები, რომელიც სასწავლო პროცესში ხორციელდება.

ვიზრუნეთ იმაზეც, რომ მასწავლებლის პროფესია თემში დაფასებული ყოფილიყო, ახლა კი დადგა დრო, რომ უფრო მეტად ხარისხზე ვიზრუნოთ. ამიტომ ვთქვი, რომ მინდა საგანმანათლებლო ლიდერი ვიყო-მეთქი.

ჩვენს სკოლას ბოლო რამდენიმე წელი 100 პროცენტიანი გრანტის მფლობელი მოსწავლე არ ჰყოლია, წელს კი 70 პროცენტიანი გვყავს, გაიზარდა ოქროს და ვერცხლის მედალოსანთა და კომპიუტერის მიმღები ბავშვთა რაოდენობაც. ეს იმას ნიშნავს, რომ განათლების ხარისხი რეალურად აისახა მოსწავლეებზე.

  • მასწავლებლები ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ „ჩემმა მოსწავლემ ჩააბარა“, თუმცა ამ რეალურად, ამ მოსწავლის უკან რეპეტიტორიც შეიძლება იდგეს. ვისი დამსახურებაა მოსწავლის წარმატება, სკოლის თუ რეპეტიტორის, ეს რით იზომება?

ვერ გეტყვით, რამდენი ბავშვი ემზადება ჩემი სკოლიდან რეპეტიტორთან, ვერც იმას ვიტყვი, რომ აბიტურიენტის წარმატებაში მათ არ მიუძღვით წვლილი. თუმცა არა მგონია, ერთი წლის განმავლობაში რომ ემზადა ბავშვმა, ამაზე იყოს მხოლოდ მისი წარმატება დამოკიდებული.

ჩვენ უკვე წლებია მოსწავლეების პორტფოლიოს ვაკეთებთ, სადაც აღწერილია, რა წარმატებას მიაღწია მან სასწავლო წლის განმავლობაში, იქნება ეს საკლასო თუ კლასგარეშე აქტივობები, როგორ იყო ის ჩართული სასკოლო პროცესებში, ეროვნულ ოლიმპიადებზე რა მიღწევები აქვთ. სწორედ ასეთი ბავშვები არიან ეროვნულ გამოცდებზეც უფრო წარმატებულები.

ის რეპეტიტორებიც ხომ მასწავლებლები არიან, მაგრამ თუ მასწავლებელი სახლში უფრო მეტად იხარჯება, ვიდრე სკოლაში, ეს უკვე სკოლის ბრალია. სკოლამ უნდა იზრუნოს ამ პრობლემების მოგვარებაზე და ამაში იგულისხმება სწორედ ხარისხის უზრუნველყოფა.

აბა რას აკეთებს სკოლაში ხარისხის მართვის ჯგუფი ან დირექტორი, ამ პულსზე უნდა ედოს ხელი აუცილებლად, რადგან მიმაჩნია, რომ მოსწავლემ ეროვნული გამოცდის ყველა საგანი სკოლაში მიღებული ცოდნით უნდა ჩააბაროს.

  • თუ ეს არ ხერხდება?

მაშინ სხვა მიმართულებით უნდა ვიაროთ. მე მქონია შემთხვევები, როცა მშობელს უთქვამს, რომ მისი შვილი რეპეტიტორთან უნდა წავიდეს, როცა საგაკვეთილო დროა. მე ვეუბნები მშობლებსა, მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც, რომ გვითხარი ის, რაც არ მოგწონს, რა არის ჩვენი მხრიდან გასაუმჯობესებელი? ჩვენ უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რომ სკოლა არის უმნიშვნელოვანესი, თუ გინდა რომ მიაღწიო წარმატებას და არა რეპეტიტორი.

მას აქვს თავისი წილი, მაგრამ თუ პროცენტულად შევხედავთ, სკოლის წვლილი უფრო მეტია რეალურად. არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე მოსწავლეს ან მშობელს ჰქონდა არგუმენტირებული წინადადება და არ გაგვეთვალისწინებინა.

რა თქმა უნდა, გლობალურია ეს პრობლემა, მაგრამ ლოკალურად, ჩემი სკოლის მაგალითზე თუ გეტყვით, ხშირად მშობელი უფრო დაიმედებულია, როცა რეპეტიტორთან დაჰყავს შვილი, რადგან ჰგონია, რომ უფრო სწავლობს, რაც ასე არ არის.

  • მასწავლებლები ტექნიკურად აღჭურვილ კლასებს ითხოვენ. ბევრი გვეუბნება, რომ კლასში სადაც ინტერნეტი, კომპიუტერი, ან პროექტორი არ არის, იქ რთულია კარგი გაკვეთილის ჩატარება. თქვენს მასწავლებლებს ყველაფერი აქვთ ამისთვის?

ვისაც სჭირდება, ჩვენ მათ ამის შესაძლებლობას ვუქმნით. ყველა რესურსია ხელმისაწვდომია მათთვის. კომპიუტერული ტექნიკის სტრატეგიაც შევიმუშავეთ და „დღეს მე მათხოვეთ რა კომპიუტერი“ – ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს სკოლაში.

მოვიძიეთ რესურსები, ზოგი გრანტით, ზოგიც მესამე თაობის სასწავლო გეგმის დანერგვის ფარგლებში გადმოგვეცა და ახლა ვმუშაობთ, რომ იდეათეკაც გვქონდეს სკოლაში. ვფიქრობ, წელს ამასაც შევძლებთ.

  • სკოლების პოლიტიზებაზეც გკითხავთ. გოგაშვილის ეგრეთ წოდებული ფაილებზე გსმენიათ ალბათ, სადაც  ეწერა, ვინ უნდა დარჩენილიყო დირექტორის თანამდებობაზე და ვინ არა. მაშინ როცა სუს-ის იღებს ამაზე გადაწყვეტილებას, შეძლებს კი ასეთი დირექტორი იყოს დამოუკიდებელი და ლიდერი?

მე მირჩევნია ვისაუბრო საგანმანათლებლო საკითხებზე, ვიდრე ამაზე – ეს არ არის ჩემი სფერო.

  • თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სკოლის დეცენტრალიზაციაზე და დირექტორის ლიდერობაზე ვლაპარაკობთ. სხვა დანარჩენიც ხომ ამაზეა დამოკიდებული?

არ ვიცი რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია. ჩემი სკოლა მაგ სიაში არ ყოფილა.

თუ გვინდა, რომ კარგი დირექტორი გვყავდეს, ამ პროცესში განათლების სამინისტრო, რესურსცენტრი და სკოლა უნდა მონაწილეობდეს. მათ უნდა შეეძლოთ შეარჩიონ საუკეთესო კადრი.

  • კერზაიას საქმეც ხომ გახსოვთ, შეუძლია მმართველ პარტიას სკოლის აუდიტის ბერკეტი დირექტორის წინააღმდეგ გამოიყენოს?

ვფიქრობ, სკოლების ფინანსური მონიტორინგის ნაწილი სკოლების მხარდასაჭერად არის ჩადებული კანონში და არა დასასჯელად.

მეც გავიარე გასულ წელს შიდა აუდიტის შემოწმება, მაგრამ ყველა რეკომენდაცია, რაც აუდიტმა გასცა, ადეკვატური იყო. ის ცუდი მაგალითები, რაც თქვენ დაასახელეთ, მე არ გამომიცდია, ამიტომ ვერაფერს გეტყვით.

მე მინდა რომ ჩემზე, როგორც დირექტორზე ადამიანებს დოკუმენტების დონეზე ჰქონდეთ წარმოდგენა და არა აღქმის დონეზე. მე შემიძლია თამამად ვისაუბრო იმაზე, რაც მე გადამხდენია, სხვაზე კი მხოლოდ შემიძლია მოსაზრებები გამოვთქვა.

  • თქვენ რაში ხედავთ მთავარ პრობლემას?

ერთადერთი, შეიძლება ეს იყოს დროის ფაქტორი, რომ დაგეგმილ ვადაში სკოლის დირექტორმა ვერ შეძლოს სტანდარტით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება.

სხვა მხრივ, ეს სტანდარტი ძალიან კარგია. უბრალოდ, ვინც ახლა იწყებს დირექტორად მუშაობას, მას შესაძლოა უფრო სწრაფად სიარული დასჭირდეს.

ფეისბუქპოსტისთვის კაცი 2500 ლარით დააჯარიმეს – მოსამართლის გადაწყვეტილება

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 2500 ლარით დააჯარიმა მოქალაქე ფეისბუქპოსტისთვის. „ხვიჩა შაქარიშვილის საქმეზე“ გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 30 სექტემბერს მიიღო.

ხვიჩა შაქარიშვილი აგვისტოს ომის ვეტერანია და 2022 წლის 6 ივლისს ფეისბუქპოსტში პოლიციელებს შეაგინა. „სამართალდარღვევის დროულად აღკვეთის მიზნით“, პოლიციამ მოქალაქე 8 დღის შემდეგ – 14 ივლისს დააკავა და 48 საათი გააჩერეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

„ჩვენ მოსამართლეს ვუთხარით, რომ არ უნდა შეიქმნას საშიში ტენდენცია, როცა ადამიანები ვეღარ გამოხატავენ აზრს სოციალური ქსელების საშუალებით. ვთქვი, რომ ასეთი პრაქტიკა არ უნდა შეიქმნას. მოსამართლემ კი მიპასუხა, რომ ასეთი პრაქტიკა უკვე არსებობს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საია-ს იურისტი სალომე ღოღობერიძე, რომელიც ხვიჩა შაქარიშვილის ინტერესებს იცავს.

ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა დასაბუთებით გაამტყუნა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მოქალაქე. სასამართლოს გადაწყვეტილება წერილობით ჯერ მხარეებისთვის არ ჩაუბარებიათ.

საია-ს იურისტის, სალომე ღოღობერიძის თქმით, ხვიჩა შაქარიშვილი მოსამართლემ გაამართლა წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში, 173-ე მუხლზე კი, იგი სამართალდამრღვევად მიიჩნია.

„ეს მუხლი მოიცავს პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, ოღონდ კანონში ხაზგასმით წერია, რომ ეს უნდა ხდებოდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს,“ – დასძინა საია-ს იურისტმა, სალომე ღოღობერიძემ.

ხვიჩა შაქარიშვილი ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ვინ არის აგვისტოს ომის ვეტერანი, რომელსაც ფეისბუქში პოლიციელების გინების გამო ასამართლებენ

ამობეჭდილი ათასობით ფურცელი ოფისებიდან ნაგავსაყარზე – ვინ არ უფრთხილდება რესურსს

ერთი ტონა გადაუმუშავებელი საოფისე ქაღალდის წარმოებისთვის 24 ხის მოჭრაა საჭირო. გარდა ამისა, ფურცლის წარმოება ძალიან დიდი რაოდენობით წყლისა და ელექტროენერგიის რესურსს მოითხოვს. მიუხედავად ამისა, დღემდე მსოფლიოში 300-400 მილიონ მეტრულ ტონა ფურცელს აწარმოებენ ყოველწლიურად, აქედან დაახლოებით 85 ტონა საბეჭდი/საწერი ქაღალდია.

„2015-2019 წლებში ჩვენ გავაკეთეთ მორფოლოგიური კვლევა ბათუმში ნაგავსაყრელზე – მთლიან ნარჩენის 8-9 პროცენტი, ანუ 5300-5500 ტონაა ქაღალდი იყო“, – ამბობს ნარჩენების მართვის სპეციალისტი, კახა გუჩმანიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ ერაში ვართ და გარემოსდამცველები ფურცლის გონივრული მოხმარებისა და რეციკლირებისკენ მოუწოდებენ მომხმარებლებს, ქაღალდისა და მუყაოს გლობალური გამოშვება 2010-2019 წლებში 3%-ით გაიზარდა.

წელიწადში 400 მილიონზე მეტი ტონა ქაღალდი და ქაღალდისგან დამზადებული პროდუქცია იწარმოება მსოფლიოში, მათ შორის ყველაზე დიდი წილი აქვს [სხვადასხვა პროდუქციის] შესაფუთ და შემდეგ საკანცელარიო ქაღალდს.

„ასოციაცია ფლორა და ფაუნას“ ეკოლოგი და ნარჩენების მართვის სპეციალისტი, კახა გუჩმანიძე ამბობს, რომ ასეთი ეკო მიდგომა, პირველ რიგში, იმ უწყებებმა და ორგანიზაციებმა უნდა დანერგონ, რომლებიც საბეჭდი ფურცლის ყველაზე მასიური მომხმარებლები არიან.

„ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში არ ხდება ნარჩენების სათანადო სეპარირება, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის ნარჩენის, მათ შორის მაკულატურის ფრაქციულ შეგროვებას და შემდეგ მის გაშვებას რეციკლირებაზე, ანუ გადამუშავებაზე. 

რეალურად ჩვენ ქვეყანას, ჩვენ რეგიონს არ აქვს ნარჩენების მდგრადი მართვის რაიმე საგზაო რუკა, ანუ ჩვენ, რეგიონს კონკრეტულ კონცეპტუალურ დონეზე ჩამოყალიბებული დოკუმენტი არ გაგვაჩნია, როგორ უნდა ვმართოთ ხარჯთეფექტურად და ეკომეგობრულად მწვანე ეკონომიკის პრინციპებისა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით ნარჩენები და მათ შორის ქაღალდი, როგორც ნარჩენი.

საკანცელარიო ქაღალდის ძირითადი მომხმარებლები არიან დიდი კომპანიები და სახელმწიფო უწყებები, სადაც ქაღალდს არაეფექტურად, არარესურსმდგრადად მოიხმარენ. თითქმის არც ერთ საჯარო უწყებაში სეპარირების ურნები არ არის განთავსებული“, – ამბობს ის.

ზოგიერთი სახელმწიფო უწყების მიერ ფურცლის არამიზნობრივი ხარჯვის მაგალითია ის პრაქტიკა, როგორც ისინი საჯარო ინფორმაციის გაცემის დროს იქცევიან. „ბათუმელების“ მაგალითით თუ ვიმსჯელებთ,  ელექტრონულ ფორმატში გამოთხოვილი დოკუმენტებს ხშირად მაინც ამობეჭდილი ფურცლების სახით გვაწვდიან, მათ შორის თაბახის ფურცელზე ამობეჭდილი შავ-თეთრ ფოტოების ჩათვლით.

ერთ-ერთი სახელმწიფო დაწესებულების, „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ განმარტებით, იმისთვის, რომ ინფორმაციის მიღება დადასტურდეს და დოკუმენტბრუნვა ჩაითვალოს დასრულებულად, ელექტრონულად გაგზავნილი დოკუმენტების პარალელურად, იგივე ინფორმაცია მატერიალური სახით ეგზავნება ადრესატს. ხდება ისეც, რომ დოკუმენტაცია ზოგჯერ მხოლოდ მატერიალური სახით იგზავნება.

კახა გუჩმანიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ქაღალდის რესურსის ასეთი არაეფექტური ხარჯვის მიზეზი დაბალი გარემოსდაცვითი ცნობიერებაა. „არ ცოდნა იმისა, თუ რას ნიშნავს მწვანე ეკონომიკა, ცირკულარული ეკონომიკა და ნარჩენების მდგრადი მართვა. სწორედაც გარემოს დაცვის ცნობიერების არ ქონაა ის, როდესაც გთხოვენ ელექტრონულად მოწოდებას ინფორმაციის, შენ კი გადაჭარბებული „სიბეჯითიდან“ გამომდინარე აკეთებ იმას, რომ მაინც დასტებად უგზავნი ამ ყველაფერს მატერიალური სახით“, – ამბობს ის.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ბათუმის მუნიციაპლური ინსპექციის მიერ გამოგზავნილი  საჯარო ინფორმაცია ნაბეჭდი დოკუმენტებისა და ფოტოების სახით, რომლებიც მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში იყო გამოთხოვილი.

2015-2019 წლებში ჩვენ გავაკეთეთ მორფოლოგიური კვლევა ბათუმში ნაგავსაყრელზე, სადაც მთლიანი ნარჩენების კომპოზიციური კვლევისას აღმოჩნდა ქაღალდის წილობრივი შემადგენლობა/რაოდენობა მთლიან ნარჩენში, იყო 8-9 პროცენტი, ანუ იმ ქაღალდის წონა, რაც გონიოს ნაგავსაყრელზე სრულიად უსარგებლო ნარჩენებად იქცა, დაახლოებით 5300-5500 ტონას შეადგენდა – კახა გუჩმანიძე.

გარემოსდაცვის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის გარემოს დაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ საბეჭდი ქაღალდის გონივრული მოხმარებისა და რეციკლირების რეკომენდაციებს თავად ითვალისწინებენ, თუმცა ამ მხრივ სხვა უწყებებთან არ მუშაობენ.

გამოყენებულ ფურცლებს სეპარირებულად აგროვებენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში.

„დაახლოებით ხუთი წელია, ორივე სართულზე გვაქვს მწვანე ყუთი, სადაც გამოყენებულ ფურცლებს, სხვა ნარჩენებისგან სეპარირებულად ვინახავთ, შემდეგ კი ვატანთ ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს ურეხში. ასევეა ჩვენს დაქვემდებარებულ დეპარტამენტებშიც“, – ამბობს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსი, ნუგზარ პაპუნიძე.

მისივე განმარტებით ბოლო პერიოდში, სამინისტროს მიერ დანერგილ, ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ დოკუმენტების მატერიალური სახით ბრუნვა საგრძნობლად შემცირებულია. „ჩემს სამსახურში მოდიოდა ნორმატიული დოკუმენტები სპირალებზე, ახლაც მიდევს კარადაში, წელს ეს დოკუმენტები ელექტრონულად შემოვიდა, მწვანე ყუთი რომ ივსებოდა ორ-სამ თვეში ერთხელ, ახლა 6-12 თვეში ერთხელ ივსება. ელექტრონული სისტემის  დანერგვის შემდეგ ფურცლების და ქაღალდების ორომტრიალი აღარ გვაქვს“, – ამბობს ის.

ქაღალდის მოხმარება მსოფლიოში 400%-ით გაიზარდა ბოლო 40 წლის განმავლობაში. მოჭრილი ხეების 35% გამოიყენება ქაღალდის წარმოებაში – formstack.

ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა – ევროპული საბჭოს განცხადება

„ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას, ცალსახად უარყოს ეს უკანონო ანექსია“, – ევროპული საბჭო რუსეთის მიერ უკრაინის კიდევ ოთხი რეგიონის ანექსიას გამოეხმაურა.

„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ და ცალსახად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიას. კანონზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის განზრახ უგულებელყოფითა და  გაეროს წესდებასა და საერთაშორისო სამართალში ასახული ძირითადი პრინციპების – უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევით რუსეთი გლობალურ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.

ჩვენ არ ვცნობთ და არც არასდროს ვცნობთ უკანონო „რეფერენდუმს“ და მის გაყალბებულ და უკანონო შედეგებს, რომელიც რუსეთმა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამატებით დარღვევის საბაბად მოამზადა. ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუკანსკი უკრაინაა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას ცალსახად უარყოს ეს უკანონო ანექსია.

რუსეთის აგრესიული ომისა და მოსკოვის ბოლო ესკალაციის ფონზე, ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით. ჩვენ ურყევად ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. უკრაინა იყენებს ლეგიტიმურ უფლებას დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან, რათა აღადგინოს სრული კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე და აქვს უფლება, გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კრემლის მიერ გაკეთებული ბირთვული მუქარა, სამხედრო მობილიზაცია და უკრაინის ტერიტორიის რუსეთად მოტყუებით წარმოჩენის მცდელობა იმის მტკიცების სტრატეგია, რომ თითქოს ომი ახლა უკვე რუსეთის ტერიტორიაზე გადმოდის, ვერ შეარყევს ჩვენს გადაწყვეტილებას.

რუსეთის უკანონო ქმედებების საპასუხოდ ჩვენ გავაძლიერებთ შემზღუდავ ზომებს, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს რუსეთზე ზეწოლას მისი აგრესიის, ომის დასასრულებლად.

ვიმეორებთ, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით და გააგრძელებს მისთვის ძლიერ ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას მანამდე, სანამ საჭირო იქნება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროპული საბჭოს განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აზიარებს და წერს:

„პუტინის მიერ გამოცხადებული უკანონო ანექსია არაფერს შეცვლის.

რუსი დამპყრობლების მიერ უკანონოდ ოკუპირებული ყველა ტერიტორია უკრაინის მიწაა და ყოველთვის იქნება ამ სუვერენული ერის ნაწილი“.

 

არ ვაქცევთ ყურადღებას მათ, ვინც დროა, წამლები სვას – უკრაინამ 4 ოლქის ანექსიაზე პუტნის უპასუხა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში პირველი კომენტარი გააკეთეს პუტინის გამოსვლაზე, რა დროსაც მან ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსიის შესახებ გამოაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ამბობს, რომ უკრაინა გააგრძელებს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას იმის მიუხედავად, თუ რას გამოაცხადებს რუსეთის დიქტატორი.

„ჩვენ ვმუშაობთ, რომ უკრაინის ტერიტორიები გავათავისუფლოთ. და არ ვაქცევთ ყურადღებას მათ, ვინც ის დროა, წამლების სმა დაიწყოს. არმია მუშაობს, უკრაინა – ერთიანია. მხოლოდ წინ“, – წერს ერმაკი.

„რუსეთში ოთხი ახალი რეგიონია“, – ამ სიტყვებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის რეგიონების – ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოფიციალური ანექსია კრემლში სიტყვით გამოსვლისას გამოაცხადა.

პუტინის თქმით, ამ ოთხი რეგიონის რუსეთთან მიერთება „მილიონობით ადამიანის ნება“ და „განუყოფელი უფლებაა“.

ანექსიის დოკუმენტი დღესვე ხელმოსაწერად დუმას გადაეცა.

ე.წ. რეფერენდუმებს, რომლებიც აღნიშნულ რეგიონებში რუსეთის მხარდაჭერილმა სეპარატისტულმა ძალებმა ჩაატარეს, არ ცნობს ოფიციალური კიევი და საერთაშორისო საზოგადოება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება რუსეთთან მოლაპარაკების ყველა შესაძლებლობას წერტილს დაუსვამდა.

„რუსეთში 4 ახალი რეგიონია“ – პუტინმა უკრაინის რეგიონების ანექსია გამოაცხადა

„რუსეთში ოთხი ახალი რეგიონია“, – ამ სიტყვებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის რეგიონების – ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოფიციალური ანექსია კრემლში სიტყვით გამოსვლისას გამოაცხადა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

პუტინის თქმით, ამ ოთხი რეგიონის რუსეთთან მიერთება „მილიონობით ადამიანის ნებაა“ და ეს მათი „განუყოფელი უფლებაა“, როგორც ეს გაეროს წესდებაშია ნათქვამი.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საბჭოთა კავშირის ნგრევამ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილს შორის კავშირი გაწყვიტა, თუმცა „მიუხედავად ყველა სირთულისა, მათ შეინარჩუნეს რუსეთის ეს სიყვარული და განცდა, რომ ამ განცდას ვერავინ მოსპობს”.

ვლადიმერ პუტინის თქმით, იგი „მიზნად არ ისახავს“ წარსულში დაბრუნებასა და საბჭოთა კავშირის აღდგენას, მაგრამ „არაფერია უფრო ძლიერი, ვიდრე ამ ხალხის სურვილი, დაუბრუნდნენ ისტორიულ ფესვებს“.

რუსეთის პრეზიდენტმა გამოსვლისას გაიმეორა რუსული პროპაგანდის უსაფუძვლო ბრალდებები უკრაინის მთავრობის მიმართ, თითქოს ოფიციალური კიევი აღმოსავლეთ რეგიონებში მცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობას „ტერორში ამყოფებდა“.

კრემლში მიწვეულ სტუმრებს შორის პირველ რიგში სხედან ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ დანიშნული თანამდებობის პირები.

ვლადიმერ პუტინმა გამოსვლის შემდეგ წუთიერი დუმილით უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ დროს დაღუპული ჯარისკაცების და „რუსეთის გმირების“ ხსოვნისთვის პატივის მიგება ითხოვა.

ანექსიის დოკუმენტი დუმას გადაეცა ხელმოსაწერად.

ე.წ. რეფერენდუმებს, რომლებიც აღნიშნულ რეგიონებში რუსეთის მხარდაჭერილმა სეპარატისტულმა ძალებმა ჩაატარეს, არ ცნობს ოფიციალური კიევი და საერთაშორისო საზოგადოება.

ჩაერთე სილქნეტის ქსელში eSIM-ით და გაიაქტიურე ცუფრული ნომერი ვებ გვერდიდან

eSIM სულ უფრო პოპულარული ხდება და უფრო კომფორტულია მათთვის, ვისაც  ხშირად უწევს მობილურ მოწყობილობაში სიმ ბარათის ჩანაცვლება, ესაჭიროება რამდენიმე ნომერი ერთდროულად, ან ფიზიკურ სიმ ბარათს უბრალოდ ციფრული ანალოგი ურჩევნია.

ვირტუალური მობილური ნომერი, ფიზიკური SIM  ბარათის ყველა ფუნქციას ასრულებს. ამავე დროს, მობილურ მოწყობილობაში გააქტიურებული ნომერი არასდროს დაზიანდება, ან დაიკარგება და რაც მთავარია, იმ მობილურ მოწყობილობაში, რომელშიც ორი ფიზიკური სიმ ბარათი არ თავსდება, მომხმარებელი  eSIM-ის მეორე ნომრად გამოყენებას შეძლებს.

დღეიდან   QR კოდის  მეშვეობით, მობილურის პარამეტრებიდან სმარტფონის მომხმარებელი მარტივად და დისტანციურად შეძლებს: 

 ახალი  eSIM-ის შეძენას და გააქტიურებას;

ფიზიკური SIM-იდან eSIM-ზე გადასვლას;

eSIM-ის აღდგენას- პირდაპირ საიტიდან silknet.com:  

სპეციალური შეთავაზება: 31 დეკემბრის ჩათვლით eSIM-ის გააქტიურება  მხოლოდ 5 ლარია.

მომხმარებელი email-ზე მიიღებს QR კოდს და თავადვე გაიაქტიურებს eSIM-ს მობილური მოწყობილობის (სმარტფონი, პლანშეტი) მენიუდან. სტანდარტულ SIM-ბარათთან ერთად, შესაძლებელია რამდენიმე eSIM-ის ჩართვა (რაოდენობა დამოკიდებულია მოწყობილობაზე). 

მარიუპოლში ოკუპანტებმა სკოლის უკრაინული სახელმძღვანელოები დაწვეს – მერის მრჩეველი

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, რომელიც ამჟამად რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ არის ოკუპირებული, ერთ-ერთი სკოლის ეზოში ოკუპანტებმა უკრაინული სახელმძღვანელოები დაწვეს – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრ ანდრიუშენკო წერს ტელეგრამზე.

იგი ფოტოსაც ავრცელებს, რომელზეც ღია ცის ქვეშ დაყრილი წიგნებია გამოსახული.

„მარიუპოლი. 48-ე სკოლის ეზო. სწორედ აქ დაწვეს უკრაინული სახელმძღვანელოები. თანამედროვე ფაშიზმი და რუსეთის ნამდვილი მიზნები ზუსტად ასე გამოიყურება“, – წერს ის.

ფოტო, რომელსაც პეტრ ანდრიუშენკო ავრცელებს

უკრაინული მედიის ცნობით მარიუპოლში განადგურებულია დაახლოებით 85 ათასი ადამიანის საცხოვრებელი სახლი, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, წინასწარი გათვლებით მარიუპოლში დაახლოებით 22 ათასი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.

ახალი ცათამბჯენები ბულვართან – ბათუმის საკრებულომ კონცეფცია დაამტკიცა

ბათუმის საკრებულომ რუსთაველის ქუჩის გასწვრივ ორი ცათამბჯენის მშენებლობის კონცეფცია დაამტკიცა. პროექტი სამშენებლოდ ხუთ საკადასტრო ერთეულს აერთიანებს.

აღნიშნულ ნაკვეთებზე [ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის] კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობის აშენებას შპს „ვესტინვესტი“ და „ბრიტიშ დეველოპმენტი“ გეგმავენ. კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [გდგ] მერიას 2021 წელს წარუდგინეს.

კონცეფციის დამტკიცებამდე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმა სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას [სგშ-ს] არ დაექვემდებარა.

სგშ სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურაა, რომელიც მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის დამტკიცებისას.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ბათუმის საკრებულომ ნინოშვილის №39-ში და რუსთაველის №44-ში არსებული მიწის ნაკვეთების განაშენიანების კონცეფცია სგშ-ს პროცედურების გარეშე დაამტკიცა.

ამ კონცეფციით:

  • „განვითარების ძირითადი ფაქტორია ზემოაღნიშნული და მომიჯნავე მიწის ნაკვეთების ერთი ფუნქციით დატვირთვა. გეგმარებითი ერთეული წარმოადგენს ქალაქის ისტორიულ ნაწილს, მასზე განთავსებულია სასტუმროს დანიშნულების ობიექტები.
  • გეგმარებითი ერთეული და საპროექტო ტერიტორიები „ნურის უბანში“, ბათუმის ისტორიული ზონის საზღვართან მდებარეობს – შოთა რუსთაველის, ეგნატე ნინოშვილის ქუჩებისა და ასევე ბულვარის ვიწრო ზოლს შორის, ზღვის ნაპირთან ახლოს“.
  • აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია სასტუმროს დანიშნულების ორი მრავალსართულიანი შენობის განთავსება, რომელთა დაახლოებითი სიმაღლე იქნება 180 მეტრი, ხოლო სართულიანობა – 55.
  • ძირითად ნაწილში დაგეგმილია სასტუმრო ნომრების/აპარტამენტების განთავსება, ხოლო ნაწილში (ძირითადად ე.წ. „სტილობატში“ და კომპლექსის ბოლო სართულებზე) სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების საზოგადოებრივი და კომერციული ფართობების განთავსება.

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთების განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია ბათუმის მერიამ წარუდგინა. სააგენტოში შეტანილი იყო სკრინინგის ანგარიშიც:

ბათუმში, ნურის ტბასა და ბულვარს შორის, 2 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ – K2-ის გაზრდას ითხოვენ

რუსეთი ცივილიზებულ სამყაროს ეუბნება: „და რას მიზამ?“ – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას ეხმაურება და აცხადებს, რომ „მოსკოვი ცდილობს დემოკრატია დააჩოქოს“.

„არ გინდოდათ ესკალაცია? და მაინც, ის აქ არის. ანექსიით, „ბირთვული“ მუქარით და ტოტალური გაწვევით, რუსეთის ფედერაცია ეუბნება ცივილიზებულ სამყაროს – „და რას მიზამ?“. მოსკოვი ცდილობს დააჩოქოს დემოკრატია. პროვოკაციისა და ომის ესკალაციის თავიდან არიდებაზე კვლავ გავაგრძელებთ საუბარს?“ – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

რუსეთის მხარდაჭერილმა სეპარატისტულმა ძალებმა, უკრაინის ოთხ რეგიონში – ზაპოროჟიეში, ხერსონში, დონეცკში, ლუგანსკში, – უკანონო რეფერენდუმები გამართეს რუსეთთან შეერთების მოთხოვნით. ოფიციალურად, მათ ანექსიას ვლადიმერ პუტინი დღეს, 30 სექტემბერს, მოაწერს ხელს.

გასულ ღამეს რუსეთმა ზაპოროჟიესა და ხერსონის დამოუკიდებლად ცნობის განკარგულებები გაავრცელა.

პუტინი პირდაპირ მუშაობს სამხედრო მეთაურებთან, რადგან თავდაცვას აღარ ენდობა – ISW

კრემლის ჩინოვნიკების ურთიერთსაპირისპირო განცხადებები და ბიუროკრატიული ხარვეზები მობილიზაციის პროცესში, შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ პუტინმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, გვერდი აუარა ქვეყნის თავდაცვის უწყებას და ურთიერთსაწინააღმდეგო ბრძანებები გასცა – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW).

ინსტიტუტის ანალიტიკოსები ერთ-ერთ მაგალითად იხსენებენ დუმის სპიკერის განცხადებებს. ვიაჩესლავ ვოლოდინმა ჯერ განაცხადა, რომ სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდათ, შემდეგ კი ეს განცხადება უარყო, რადგან თავდაცვის უწყებამ დააზუსტა, რომ ასეთი აკრძალვა კანონით მხოლოდ სრული მობილიზაციის შემთხვევაში მოქმედებს და არა „ნაწილობრივის“.

ISW-ის შეფასებით კრემლი განაგრძობს „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შესახებ მის მიერვე გამოცხადებული პროცედურების დარღვევას და წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ განცხადებებთან. მობილიზაციის გამოცხადებიდან 8 დღეში კრემლმა ამ პროცესში ხარვეზებიც კი აღიარა, თუმცა ეს ბიუროკრატიულ პრობლემებს გადააბრალა.

ინსტიტუტის ინფორმაციით, გაწვევას დაუქვემდებარეს შეუსაბამო ასაკისა და სუსტი ჯანმრთელობის მქონე ხალხი.

„ბიუროკრატიული ხარვეზები რუსეთის ნაწილობრივ მობილიზაციაში, შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ პუტინმა კვლავაც გვერდი აუარა რუსეთის უმაღლეს სამხედრო სარდლობას, თავდაცვის უწყებას. ახალმობილიზებულების განთავსება პირდაპირ ხარკოვისა და ხერსონის მიმართულებებზე, შესაძლოა, ასევე მეტყველებდეს იმაზე, რომ პუტინი პირდაპირ მუშაობს ადგილზე მყოფ მეთაურებთან, რომლებიც სავარაუდოდ დაუყოვნებლივ დახმარებას ითხოვენ და არ მიჰყვებიან სტანდარტულ სამხედრო პრაქტიკას, რაც წინა ხაზზე სამხედროების გაგზავნამდე მათ მომზადებას ითვალისწინებს,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

ISW-ი მანამდეც წერდა, რომ არსებობს არაერთი მაგალითი, როდესაც უშუალოდ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას პუტინმა ინსტანციათა ჯაჭვს გვერდი აუარა და ეს სავარაუდოდ, თავდაცვის უწყებისადმი უნდობლობის გამო გააკეთა.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • ბრძოლები გრძელდება უკრაინის სამხრეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში. უკრაინის ძალებმა, სავარაუდოდ, ალყაში მოაქციეს რუსული ჯარები ლიმანთან და მათ კომუნიკაციის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზები გადაუჭრეს.
  • რუსები ცდილობენ ხერსონის მიმართულების ახალმობილიზებული რეზერვისტებით გაძლიერებას.
  • უკრაინის ძალები განაგრძობენ დარტყმებს რუსეთის ლოგისტიკური სატრანსპორტო და სამხედრო პუნქტებზე ხერსონში.
  • რუსეთის ჯარები განაგრძობდნენ სახმელეთო შეტევებს დონეცკის ოლქში.
  • რუსეთმა, სავარაუდოდ, გაზარდა ირანული დრონების Shahed 136-ების გამოყენება უკრაინის სამხრეთში.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 სექტემბრის 21 საათიდან პირველი ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი 

მაღალ მთაში:

  • დღისით: 20 –25 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 2-3 ოქტომბერს ბათუმში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +22 გრადუსია.

რეზერვისტებს უბრძანეს, პირველადი დახმარების ნივთები თავად შეიძინონ – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყურადღების ცენტრში რუსეთის არმიის სამედიცინო უზრუნველყოფის საკითხია, რომელიც უწყების დასკვნით, ომის მეშვიდე თვეს კიდევ უფრო უარესდება.

„ზოგიერთ ახალმობილიზებულ რეზერვისტს უბრძანეს, პირველადი დახმარების აუცილებელი საჭიროებები თავად შეეძინათ, პრობლემის ეკონომიკურად ეფექტიან გადაწყვეტად კი ქალის ჰიგიენური საფენები ურჩიეს,“ – წერს დაზვერვა 30 სექტემბრის რელიზში.

დაზვერვის შეფასებით, ძალიან დაბალია რუსი სამხედროების სამედიცინო მომზადების დონე, მათ არც ის იციან, როგორ უნდა გაუწიონ დაჭრილს ბრძოლის ველზე პირველადი სამედიცინო დახმარება. ამის დასტურად უწყებას ის ფაქტი მოჰყავს, რომ ზოგიერთმა რუსმა სამხედრომ თანამედროვე, დასავლური ტიპის საბრძოლო ტურნიკეტის მოპოვება მოახერხა, თუმცა ეს ტურნიკეტი აღჭურვილობაზე არა მისივე ასაფხრეწი დასაკრავით, არამედ ალუმინის კაბელით მიიმაგრეს.

„სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ასეთი აღჭურვილობა დეფიციტურია, სამაგიეროდ მისი მოპარვაა შესაძლებელი,“ – აღნიშნავს დაზვერვა.

უწყების დასკვნით, სამხედროებში სამედიცინო მომზადების ნაკლებობა ძალიან გაართულებს და თითქმის შეუძლებელს გახდის მათი მხრიდან სათანადო პირველადი დახმარების გაწევას, მაგალითად, ძლიერი სისხლდენის შეჩერებას.

„სამედიცინო უზრუნველყოფის არქონა ხელს შუწყობს სამხედროების მორალური განწყობის დაქვეითებას და შეამცირებს მათ სურვილს, მონაწილეობა მიიღონ შეტევით ოპერაციებში,“ – წერს დაზვერვა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების გუშინდელი სადაზვერვო ცნობარის თემაც მობილიზაცია იყო. რელიზის თანახმად, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მობილიზაციისგან თავის არიდების მიზნით რუსეთი დატოვა, სავარაუდოდ, უკვე აღემატება რუსეთის ძალების იმ რაოდენობას, რომელიც კრემლმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო აგრესიის დასაწყებად გადაისროლა.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსული თუ სხვა წყაროებით უკვე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ მობილიზებულ რეზერვისტებს ფრონტზე ყოველგვარი მომზადების გარეშე გზავნიან.

დირექტორი, რომელმაც მოსწავლეს რუსეთის დროშის ჩამოხევისთვის შენიშვნა მისცა, სკოლიდან გაუშვეს

ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ამის შესახებ განაცხადა დღეს, 30 სექტემბერს, აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

მისი თქმით, სკოლის დირექტორმა სასწავლო რესურსების გამოყენების დროს დაარღვია კანონმდებლობა. საუბარია, სკოლის ფოიეში განთავსებულ სტენდზე, სადაც მსოფლიოს სახელმწიფოების დროშების სტიკერების გვერდით რუსეთისა და აფხაზეთის დროშის სტიკერიც იყო განთავსებული.

მინისტრის თქმით, დირექტორმა სტენდზე აფხაზეთის დროშის სტიკერი განათავსა, რაც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„სტენდზე აფხაზეთის სტიკერიც იყო განთავსებული გარკვეული პერიოდით, რომელიც მიუღებელია ჩვენი კანონმდებლობით, მიუღებელი ჩვენი კონსტიტუციით. შესაბამისად, იქნა გადაწყვეტილება მიღებული და აღნიშნული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას“, – ამბობს მაია ხაჯიშვილი.

მისი თქმით, სკოლის დირექტორის მხრიდან რამდენიმე გადაცდომას ჰქონდა ადგილი, თუმცა სხვა დარღვევების შესახებ ის დეტალებს არ აკონკრეტებს.

„აქ რამდენიმე დარღვევაა კომპლექსურად და მათ შორის იმ სტიკერების გამოყენება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ჩვენ შევისწავლეთ, თუ ვინ დაამზადა სტიკერი და როგორ მოხდა მისი სასკოლო სივრცეში განთავსება.

მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სასწავლო რესურსების შერჩევის დროს ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომლებიც უნდა იყოს დაცული, ამ შემთხვევაში იყო დარღვეული და ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის დარღვევას.

სკოლის დირექცია და მთლიანად საგანმანათლებლო სივრცე, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს, ვინაიდან ვსაუბრობთ ქვეყნის კანონმდებლობაზე, ვსაუბრობთ ბავშვების მომავალზე და აქედან გამომდინარე მიიღო სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება“, – ამბობს მინისტრი.

გუშინ TV25-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმის მეშვიდე სკოლის ფოიეში კედლიდან მოსწავლემ რუსეთის დროშა ჩამოხია, რის გამოც დირექტორმა მოსწავლის წინააღმდეგ სანქციები გაატარა. TV25-მა მოგვიანებით, ინფორმაციის დაზუსტებაში დაწერა, რომ სკოლაში ჩამოხიეს არა რუსეთის, არამედ აფხაზეთის დროშა.

„ბათუმელებმა“ მეშვიდე სკოლაში ინფორმაცია გადაამოწმა გადაწყვეტილების მიმღებ ერთ-ერთ ინფორმირებულ პირთან. მას ვკითხეთ, ნამდვილად აფხაზეთის დროშის სტიკერი ჩამოხია მოსწავლემ სტენდიდან, თუ რუსეთის? მან თქვა, რომ „ნამდვილად რუსეთის დროშა იყო“.

„ეს სტენდი გავაკეთეთ სექტემბერში, სწავლა რომ იწყებოდა, შევუკვეთეთ. საქართველოს დროშა იყო შუაში და მსოფლიოს დროშები იყო ირგვლივ. 180 დროშა იყო გაკრული, პირადობის მოწმობებისხელა იყო ეს სტიკერები. სასწავლო პროცესი რომ დაიწყო, ხომ იცით, დავრბოდით იქეთ-აქეთ და არ მიგვიქცევია ყურადღება.

სტენდი მოიტანა ერთ-ერთმა სტამბამ, ვერ გეტყვით რომელი სტამბაა. შეგნებულად, ან დირექტორი, ან სასწავლო ნაწილი მაგას ვერ გააკრავდა. რომ შეგვემჩნია, ჩვენ მაგას დავუშვებდით და გავაკეთებდით? იმ სტენდთან არაერთხელ ჩამივლია, მაგრამ რომ გავჩერებულიყავი და წამეკითხა რამე, არა. ყველა დროშაზე იყო წარწერა, მაგრამ აქამდე არ წამიკითხავს, გუშინ წავიკითხე მხოლოდ ამ ამბების შემდეგ.

დამიჯერეთ, აქ აფხაზეთის დროშაზე არ ყოფილა ლაპარაკი, ბავშვმა ჩამოხია რუსეთის დროშა და საუბარი იყო იმაზე, რომ სკოლის ინვენტარი რატომ დააზიანეო. ან გარიცხვაზე, ან რამეზე ლაპარაკი არ ყოფილა“, – ამბობს აღნიშნული პირი.

მისი თქმით, რუსეთის დროშის სტიკერი სტენდიდან მეთერთმეტეკლასელმა ჩამოხია.

„ბათუმელებმა“ საკითხის დაზუსტების მიზნით დამატებით მიმართა აჭარის განათლების სამინისტროს, სადაც დაადასტურეს, რომ მოსწვლემ ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლაში ნამდვილად რუსეთის დროშის სტიკერი ჩამოხია.

TV25-ის ინფორმაციით, დირექტორი სავარაუდოდ მოსწავლის მშობელზე ზეწოლას ახდენდა, რომ მას ბავშვი სხვა სკოლაში გადაეყვანა.

მინისტრი არც ამას ადასტურებს და არც მოსწავლის სკოლიდან გარიცხვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ბავშვის მშობელს არ დაუდასტურებია სკოლის დირექტორის მხრიდან ზეწოლის ფაქტი, თუმცა მოკვლევა გაგრძელდება“, – თქვა მაია ხაჯიშვილმა.

მოქმედი კანონმდებლობით, სკოლის დირექტორს აჭარის განათლების მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს. დირექტორის უფლებამოსილების შეჩერების ფაქტზე სამეურვეო საბჭო მხოლოდ არჩეული დირექტორის შემთხვევაში მსჯელობს.

„ბათუმელებმა“ სცადა მეშვიდე სკოლის ყოფილ დირექტორთან, შორენა ქონიაძესთან დაკავშირება. მას ტელეფონი გამორთული აქვს.

ბათუმის რესურსცენტრში გვითხრეს, რომ შორენა ქონიაძე არ იყო არჩეული დირექტორი, ამიტომ მინისტრს ერთპიროვნულად შეეძლო მისი გათავისუფლება.

უკრაინაში მოკლეს „ვაგნერის“ წევრი, რომელიც საქართველოშიც იბრძოდა

კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მოიერიშე დანაყოფის მეთაური, 41 წლის ალექსეი ნაგინი, მეტსახელად „ტერეკი“, ბახმუტთან 20 სექტემბერს მოკლეს.

ნაგინი რუსეთში რამდენიმე ორდენით იყო დაჯილდოებული – „სიმამაცისთვის“, „ყირიმის დაცვისთვის“. მას სიკვდილის შემდეგ გადასცეს რუსეთის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების გმირის წოდება.

როგორც ინტერნეტრესურსი InformNapalm-ი წერს, „ტერეკი“ უკრაინაში დონბასშიც იბრძოდა, ასევე მონაწილეობდა ბრძოლებში ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და ლიბიაში.

Кавказский Узел-ის ცნობით, ნაგინი დიდი პატივით დაკრძალეს მშობლიურ ვოლგოგრადში, სადაც დაკრძალვის ცერემონიას ოლქის გუბერნატორი და „ვაგნერის“ დამფუძნებელი ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი ესწრებოდნენ.

მედიის ინფორმაციით, ალექსეი ნაგინი ევგენი პრიგოჟინთან ერთად არის ავტორი ფილმისა „საუკეთესოები ჯოჯოხეთში“, რომელიც რუსეთმა უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ მიუძღვნა და რომლის ტრეილერიც ტელეკომპანია „კონკორდის“ საიტზე და სოციალურ ქსელებეშია გამოქვეყნებული.

სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“, რომელიც დაქირავებული სამხედროებისგან შედგება, უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წელს გამოჩნდა, როდესაც ის პრორუს სეპარატისტებს ეხმარებოდა.

დაჯგუფება 2015 წლიდან მონაწილეობს სირიის ომში, აქტიურობდნენ მოზამბიკში, სუდანსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც. 2021 წელს მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში  BBC აღნიშნავდა, რომ დაჯგუფება ლიბიაში სამხედრო დანაშაულებთან და რუსეთის არმიასთანაა დაკავშირებული. BBC-ის მიხედვით, „ვაგნერი“ ლიბიაში 2019 წელს გამოჩნდა და 2019-2020 წლებში იქ მისი 1 000-მდე წევრი იბრძოდა.

BBC-ის ინფორმაციით, ეს დაჯგუფება ოფიციალურად არ არსებობს, თუმცა 2014 წლამდე დაახლოებით 10 ათას ადამიანს მაინც ჰქონია ერთჯერადი კონტრაქტი „ვაგნერთან”.

უკრაინაში ომის 7 თვის განმავლობაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა ბრძოლებში დაჯგუფების დანაყოფების ლიკვიდაციისა და მათი სამხედრო შტაბების აფეთქების შესახებ.

ევგენი პრიგოჟინი, რომელიც „ვაგნერის” დამფუძნებელი და ამავე დროს ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კრემლის „სამხედრო ოპერაციის“ სახედ იქცა.

მთავარ ფოტოზე: ალექსეი ნაგინი, ფოტო: InformNapalm

ჩვენ ქურდები და მკვლელები ახლა რუსეთის ომში ვიბრძვით – როგორ აგროვებს პრიგოჟინი პატიმრებს

ახალი მონაცემები რუსეთ-უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 59 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +500]
  • ტანკი – 2 338 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 4 932 ერთეული [+23]
  • საარტილერიო სისტემა – 1 391 ერთეული [+6]
  • MLRS – 333 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 176 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 264 ერთეული [+2]
  • ვერტმფრენი – 225 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 003 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 246 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 768 ერთეული [+17]
  • სპეცტექნიკა – 131 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 309 თვითმფრინავი
  • 155 ვერტმფრენი
  • 2 112 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 377 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 153 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 856 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 440 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 988 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთი „აზოვსტალის“ მცველების მეთაურების ექსტრადირებაზე ალაპარაკდა

როგორ ვითარდება აჭარაში ბავშვთა ფეხბურთი და რამდენს ხარჯავენ ამისთვის

არასაკმარისი, არასტანდარტული და ხშირ შემთხვევაში უხარისხო საფეხბურთო მოედნები – აჭარაში მომუშავე ფეხბურთის მწვრთნელები მიიჩნევენ, რომ ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც აჭარის რეგიონში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას უშლის ხელს.

დღეისათვის ბათუმში 7 კერძო საფეხბურთო სკოლაა, სადაც 6-12 წლამდე ასაკის ბავშვები ფეხბურთს სწავლობენ – გადიან წვრთნას და ვარჯიშობენ. ინტერესი ფეხბურთის მიმართ მზარდია. მწვრთნელთა თქმით, ბოლო ორ წელში ბათუმში ფეხბურთის შესწავლის ბუმია. მათივე თქმით, ბავშვების ფეხბურთისადმი ინტერესის ზრდას ხელი ბათუმში აშენებულმა ახალმა სტადიონმა და საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ წარმატებამ შეუწყო.

გარდა კერძო სკოლებისა, არსებობს ბათუმის მერიის პროგრამა – „ეზოს ფეხბურთი“, სადაც 350 ბავშვი სწავლობს უფასოდ ფეხბურთს.

ამ ფონზე, ბათუმში არსებული ინფრასტრუქტურა – საფეხბურთო მინიმოედნები, ვერც ბავშვთა გაზრდილი ნაკადის მოთხოვნას აკმაყოფილებს და ვერც იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც საფეხბურთო მოედანს უნდა ჰქონდეს.

მწვრთნელები, საფეხბურთო საქმიანობაში ჩართული ადამიანები ამბობენ, რომ ქართული ფეხბურთის მომავალი შეიძლება იყოს ბავშვთა ფეხბურთი, თუკი სათანადო პირობები ექნებათ ბავშვებს სავარჯიშოდ. მათივე თქმით, შედეგი ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, დაახლოებით ათ წელიწადში დადგება, მაგრამ დადგება.

„ბათუმელები“ დაინტერესდა რამდენს ხარჯავს სახელმწიფო ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის. ინფორმაცია ჩვენ აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტიდან და ბათუმიდან მოვაგროვეთ.

აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობა ძირითადად გამოიხატება ბავშვი ფეხბურთელების მიერ სხვადასხვა ტურნირში მონაწილეობის დაფინანსებაში.

  • სახელმწიფოს წვლილი ბავშვთა ფეხბურთში

აჭარის ფეხბურთის ფედერაციას 74 ათასი ლარი აქვს წლიური ბიუჯეტი აჭარაში მოქმედი ბავშვთა საფეხბურთო გუნდებისთვის. ამ თანხას ფედერაცია ხარჯავს ტურნირებზე. ფედერაცია ტრანსპორტირებას უფინანსებს ბავშვთა საფეხბურთო გუნდებს სხვადასხვა ჩემპიონატზე წასასვლელად.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს. ყველაზე მეტ თანხას ბავშვთა ფეხბურთში ქედის მუნიციპალიტეტი ითვალისწინებს, ხოლო საერთოდ არაფერს არ ხარჯავს შუახევის მუნიციპალიტეტი.

  • ბათუმი

ბათუმის მერია 90 ათასი ლარით აფინანსებს ეზოს ფეხბურთს. ბათუმში მცხოვრებ ფეხბურთით დაინტერესებულ ბავშვებს პროგრამა საშუალებას აძლევს, უფასოდ ივარჯიშონ.

ამჟამად ეზოს ფეხბურთის სექციაში 350 ბავშვი ვარჯიშობს.

  • ქობულეთი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის როლი ბავშვთა ფეხბურთის სტიმულირებაში სასპორტო სკოლის დაფინანსებაში გამოიხატება. მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად 350 ათასი ლარით აფინანსებს სასპორტო სკოლას, სადაც სხვადასხვა სპორტულ წრესთან ერთად საფეხბურთო წრეცაა.

8-13 წლის ასაკის გოგონებსა და ბიჭებს შეუძლიათ სასპორტო სკოლაში უფასოდ ისწავლონ, 13 წლიდან კი საფეხბურთო კლუბ „შუქურაში“ აგრძელებენ ვარჯიშს.

7000 ლარით ფინანსდება ტურნირებში მონაწილეობა, ხოლო 2000 ლარია გამოყოფილი ფორმების შესაკერად.

  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა ბავშვთა ფეხბურთისადმი სამოყვარულო ფეხბურთით შემოიფარგლება.

2022 წლის აპრილ-მაისში სამოყვარულო ფეხბურთის ფარგლებში ჩატარდა სოფლებს შორის ტურნირი ფეხბურთში. ტურნირში 14 სოფლის 115 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ამისათვის 2 240 ლარი დაიხარჯა.

  • ქედა

აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ქედა ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის. როგორც „ბათუმელებს“ ქედის მერიაში უთხრეს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სპორტული ინვენტარის შესაძენად, ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, ბავშვების ტრანსპორტირებასა და მწვრთნელების ხელფასებში იხარჯება.

ქედის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქედის მუნიციპალიტეტში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების კუთხით შექმნილია ჯგუფი, რომელშიც 6-14 წლამდე 300 მოსწავლეა ჩართული.

ბავშვები ძირითადად ქედის ცენტრალურ მოედანზე ვარჯიშობენ. ხოლო იმ ბავშვების ტრანსპორტირებას, რომლებიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან არიან, ქედის სასპორტო სკოლა უზრუნველყოფს.

„სოფელ ვაიოში ფუნქციონირებს ბავშვთა ფეხბურთის სექცია. მომდევნო კვირიდან იგეგმება სოფელ ბაბუჩოღლებში, აწჰესსა და მერისში გახსნა. გოგონათა გუნდი აჭარის ბავშვთა ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, სადაც მესამე ადგილი მოიპოვეს,“ – გვითხრეს ქედის მერიაში.

  • შუახევი

შუახევის მუნიციპალიტეტი ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის თანხას არ ხარჯავს. მუნიციპალიტეტში არც საფეხბურთო სკოლაა და არც გუნდი.

  • ხულო

53 000 ლარს ხარჯავს ხულოს მუნიციპალიტეტი ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის. საფეხბურთო კლუბ „ხიხანთან“ ბავშვთა ფეხბურთის 4 ჯგუფი არსებობს. ბავშვებს ვარჯიშები დაბა ხულოსა და სოფელ ვაშლოვანის სპორტულ მოედნებზე უტარდებათ.

თანხა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ბავშვთა ფეხბურთზეა გამოყოფილი, სპორტულ ინვენტარზე, ფორმებზე, ბურთებზე, მწვრთნელების ხელფასებს და სხვა საოფისე ხარჯებზე იხარჯება.

ხულოს მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია სხვადასხვა სოფელსა და საზაფხულო იალაღზე  სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია. 2022 წლის ბოლოს 2 ახალი მოედნის მშენებლობა და 4 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდება.

___

რა უნდა იცოდეთ, სანამ თქვენს შვილს ფეხბურთზე შეიყვანთ – რჩევები მწვრთნელებისგან

რუსეთი „აზოვსტალის“ მცველების მეთაურების ექსტრადირებაზე ალაპარაკდა

რუსეთს ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოვსტალის“ დამცველების ექსტრადირება სურს. ამის შესახებ დღეს, 29 სექტემბერს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა ისაუბრა.

ვოლოდინის განაცხადებით, აზოვსტალის დამცველებმა, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში იყვნენ და გათავისუფლების შემდეგ თურქეთში იმყოფებიან, პასუხი უნდა აგონ თავიანთ „დანაშაულებზე“.

მოლოდინს რუსული მედია ციტირებს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, „აზოვსტალის“ დამცველები პუტინის ნათლია, მილიარდერ ვიქტორ მედვედჩუკში გაცვალეს. თუმცა, ვოლოდინი ამტკიცებს, რომ ისინი გაათავისუფლეს, როგორც სამხედრო ტყვეები.

ვოლოდინმა დღეს პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთ დანაშაულებზე“. შეგახსენებთ, რომ „აზოვის პოლკი“, რომელსაც დენის პროკოპენკო მეთაურობს, რუსეთში „ტერორისტულ“ ორგანიზაციად გამოაცხადეს.

„ის, რომ ისინი გაცვალეს და მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე იმყოფებიან, ეს მათ არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ახლა საჭიროა იმაზე მუშაობა, ვინ იქნება პასუხისმგებელი მათ ექსტრადირებაზე“, – განაცხადა რუსეთის დუმის თავმჯდომარემ.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთს გაცილებით მეტი უკრაინელი ტყვე ჰყავს, ვიდრე რუსები არიან უკრაინის ტყვეობაში. მოლოდინმა თქვა, რომ მათი რაოდენობა ათჯერ მეტია.

ახლახან უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განაცხადა, რომ რუსებს მართლაც უფრო მეტი სამხედრო ტყვე ჰყავთ, ვიდრე უკრაინას. თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

___

„აზოვსტალის“ დამცველები რუსეთს ტყვედ 2022 წლის მაისში ჩაბარდნენ. 200-ზე მეტი „აზოვსტალელი“ 21 სექტემბერს გვიან საღამოს გაათავისუფლა რუსეთმა ტყვეობიდან, მათ შორის იყო 5 საბრძოლო მეთაური:

  • „აზოვის პოლკის“ მეთაური დენის [რედისი] პროკოპენკო
  • „აზოვის პოლკის“ მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ [კალინა] პონომარი
  • „აზოვის პოლკის“ უფროსი ოფიცერი ოლეგ ხომენკო
  • საზღვაო ქვეითი ჯარის 36-ე ცალკეული ბრიგადის მეთაური სერგეი [ვოლინა] ვოლინსკი
  • მე-12 ნაციონალური გვარდიის ბრიგადის მეთაური დენის შლეგა

მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთში იქნებიან პრეზიდენტ ერდოღანის პირადი მფარველობის ქვეშ.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა დააზუსტა, რომ ისინი იცხოვრებენ კერძო სახლში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის არა დაკავების ადგილი, არამედ საცხოვრებელი.

„არ ვიცით რა შენდება, ნოტარიუსად ვიქეცით“ – საკრებულოს წევრები კუნძულის მშენებლობაზე

„ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. საკრებულოს წევრებისთვის არ გამართულა პატარა პრეზენტაციაც კი. არ ვიცით რა უნდა აშენდეს. საკრებულო არ არის ინფორმირებული, მხოლოდ და მხოლოდ სტატიების მეშვეობით ვიგებთ“ – განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა კაკი გვიანიძემ საკრებულოს სხდომაზე, სადაც ბათუმის მერიამ დასამტკიცებლად შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხი გამოიტანა კენჭისყრაზე.

დღეს, 29 სექტემბერს, კომპანიას, რომელიც ბათუმში ერთი ხელოვნური კუნძულისა და ორი ნახევარკუნძულის მშენებლობას გეგმავს, მიწის ნაკვეთი გადასცეს სიმბოლურ ფასად, ხუთი წლის ვადით.

აკაკი გვიანიძე საკრებულოს წევრია ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“. მას „ლელოს“ წევრი, ვაჟა დარჩიაც დაეთანხმა.

„ამ პროექტის მნიშვნელობა ჩვენ არ ვიცით. მართლა გულწრფელად გვაინტერესებს და ხალხს ვესაუბრებოდეთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, არასერიოზულია. არამარტო რეგიონული პროექტიაო ვამბობთ, მაგრამ საკრებულოს წევრი ვარ და ერთი საჯარო განხილვა არ მინახავს ამ პროექტზე, მინახავს მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების გაზიარებული პოსტები – რა დროს პალმის კუნძულიაო“ – განაცხადა მან. 

ვაჟა დარჩიას კითხვა ჰქონდა იმასთან დაკავშირებითაც, რამდენად საკმარისია გაჟღერებული დაფინანსება, 100 მილიონი, კუნძულის მშენებლობისთვის. საკრებულოს თავმჯდომარემ მას განუმარტა, რომ თუ ეს თანხა არ იქნება საკმარისი, დაამატებენ.

აკაკი გვიანიძემ კუნძულის მშენებლობის ადგილზე დაგროვილ ნავთობთან დაკავშირებული კითხვებიც გააჟღერა და თან განმარტა, რომ ამ კითხვებს ისეთი სპეციალისტები სვამენ, რომლებიც „ოცნების“ ხელისუფლებაში მუშაობდნენ მაღალ თანამდებობებზე გარემოს დაცვის მიმართულებით.

„პრეზენტაციაზე კაფსულა ჩააგდეს და იქ არ მომხდარა პროექტის განხილვა. ვიცით, რომ პროექტი გათავისუფლდა გარემოზე ზემოქმედების კვლევის მომზადების ვალდებულებისგან. მხოლოდ და მხოლოდ სკრინინგის ანგარიში, 30-გვერდიანი დოკუმენტია წარმოდგენილი, რაც ვერ იძლევა ამომწურავ ინფორმაციას. შესაბამისად, ასეთი პროექტების მხარდაჭერას როცა სთხოვთ საკრებულოს, არასწორია. ჩემი აზრით ეს საკითხი უნდა გადავდოთ“. 

„ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, თენგიზ აფხაზავა კოლეგებს დაეთანხმა. „კარგი იქნებოდა კომპანიის წარმომადგენლებს გაემართათ პროექტის პრეზენტაცია, კითხვითი ნიშნები მოიხსნებოდაო“- თქვა მან.

თენგიზ აფხაზავამ ასევე განმარტა, რომ მას შემდეგ რაც კომისიის სხდომაზე კოლეგის კითხვები მოისმინა, დაინტერესდა და ეს გაარკვია:

„გერმანელი და ჰოლანდიელი ექსპერტების დასკვნები დევს უკვე, კომპანიამ შეუკვეთა, საკმაოდ დიდი თანხაა გადახდილი ამ კვლევებში, რომლებიც ჩატარებულია, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს იმას, რაც თქვენ ბრძანეთ“ [იგულისხმება ნავთობის შესაძლო გაჟონვა].

„ჩვენ არ ვიცით ეს მართალია თუ არა, ამიტომ გაგვიქარწყლეთ ეჭვები, გამოაქვეყნეთ ინფორმაცია“ – უპასუხა მას აკაკი გვიანიძემ.

თენგიზ აფხაზავამ კი განაცხადა, რომ არ დაასახელებს, მაგრამ კვლევა იმ სპეციალისტზე უფრო ძლიერმა სპეციალისტებმა ჩაატარეს, ვინც კითხვებს სვამს ამ საკითხზე.

ბათუმის საკრებულოს სხდომა

რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ საკრებულოს წევრები დაინტერესდნენ, ხომ არ აქვს კომპანიას უკვე ათვისებული ეს ტერიტორია და საკრებულო ისევ ნოტარიუსის ამპლუაში ხომ არ მონაწილეობს ამ ამბავში. „მართლა ნოტარიუსები ვართ“ – თქვა მსჯელობის შემდეგ ვაჟა დარჩიამ.

საკრებულოს ოპოზიციას ასევე აინტერესებდა, ხომ არ იციან მერიაში, როგორ მდგომარეობაშია გზა, რომლითაც კუნძულისთვის დიდი რაოდენობით ქვა უნდა შემოიტანონ. ასევე, კიდევ ხომ არ გამწვავდება ამ ქუჩაზე საცობით გამოწვეული პრობლემა.

კოლეგების კითხვებმა საკრებულოს წვერს „ოცნებიდან“, დავით მახარაძეს, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკი გაახსენა:

„ზუსტად ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, როდესაც შენდებოდა დენდროლოგიური პარკი. შემდეგ ერთმანეთს ვერ ასწრებდნენ იქ რიგში დგომას. ამიტომ მიესალმეთ მშენებლობას. დარწმუნებული ვარ, ყველას გნახავთ იქ, რესტორნებში და კაფეებში.“

საკითხის განხილვაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზიც ჩაერთო:

„კობალაძის ქუჩას წელიწად-ნახევარია ვაკეთებთ, ბაგრატიონის ქუჩას – ექვსი წელი, ხულო-ზარზმის გზას ათი წელია აკეთებს ქართული ოცნება და ახლა ეს კუნძული თუ გააკეთეთ, მაგარი ამბავი იქნება, რაღაც ძალიან მეეჭვება“.

მისმა გამოსვლამ საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ მინდია გოგუაძე გააღიზიანა. „ექვსი წელი ნამდვილად არ შენდება ბაგრატიონის ქუჩა“ – შენიშნა მან.

„თქვი, რამდენი წელი შენდება?- სამი წელი ხომ ნამდვილად შენდება?“ – ჰკითხა მას რეზო ხარაზმა.

„თუ სამია, სამი თქვი“ – უპასუხა მას მინდია გოგუაძემ.

ამ კამათის შემდეგ რეზო ხარაზს კიდევ რამდენიმე დაუსრულებელი პროექტი გაახსენდა: „მწვანე ქალაქი “ ქობულეთში, ბათუმის „ნაგავსაყრელი“ და ნაპირსამაგრი.

საბოლოოდ „ოცნებამ“ მხარი დაუჭირა „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ მიწის ნაკვეთის გადაცემას, ოპოზიციამ კი – არა.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნატალია ზოიძემ კი ყველაფერი ასე შეაჯამა:

„კოლეგების უკმაყოფილება ბუნებრივია, მაგრამ მაინც ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ინფორმაცია გაჟღერებული არ ყოფილა საკრებულოს წევრებთან“.

რუსეთში უკვე 100 000-ზე მეტი სამხედროა მობილიზებული – უკრაინის გენშტაბი

21 სექტემბრის, ანუ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ჯარში უკვე 100 ათასზე მეტი ადამიანია გაწვეული. რუსეთში აქტიურად მიმდინარეობს მობილიზაციის პროცესი.

ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ ბრიფინგზე ისაუბრა.

„რუსეთში, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, აქტიურად გრძელდება სამხედრო გამოცდილების მქონე პირების გაწვევა. ამჟამად გამოცხადებული 300 000 ადამიანიდან 100 000-ზე მეტი უკვე გამოძახებულია. გვესმის, რომ გამოცხადებული 300 000 საბოლოო არ არის. დიდი ალბათობით, მობილიზებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება“, – განაცხადა ალექსეი გრომოვმა.

„ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე გეგმაში აქვთ 300 000 პირის მობილიზაცია.

გრომოვი დარწმუნებულია, რომ მობილიზებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება. მანამდე მედია წერდა, რომ რუსეთი 1,2 მილიონ ჯარისკაცის მობილიზაციას გეგმავს.

__

„ნაწილობრივი მობილიზაცია“ რუსეთში პრეზიდენტმა პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა. რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „პირველი დეპარტამენტი“ აცხადებს, რომ მობილიზებული რუსები ყოველგვარი მომზადების გარეშე ეგრევე ფრონტზე მიჰყავთ, „ისინი არ მონაწილეობენ წვრთნებში, არ გადიან სამედიცინო კომისიას და არ გადიან არანაირი მომზადებას“.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის ქალაქებსა და რაიონებში საპროტესტო აქციები დაიწყო, ათობით ათასმა მოქალაქემ კი ქვეყანა დატოვა. მეზობელი სახელმწიფოების საზღვრებთან კილომეტრიანი რიგები დგას. გამოცემა Новая газета.Европа წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი უკვე დატოვა 261 ათასმა კაცმა.

ეს ინფორმაცია ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მობილიზაციისგან თავის არიდების მიზნით რუსეთი დატოვა, სავარაუდოდ, უკვე აღემატება რუსეთის ძალების იმ რაოდენობას, რომელიც კრემლმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო აგრესიის დასაწყებად გადაისროლა.

უწყება მიუთითებს, რომ მათ შორის, ვინც რუსეთის დატოვებას ცდილობს, არიან შედარებით უზრუნველყოფილი და განათლებული ადამიანები.

„კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება რუსეთში!“ – მედვედევი ე.წ. „რეფერენდუმის“ შედეგებზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ტელეგრამზე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ე.წ. „რეფერენდუმებს“ ეხმიანება და რუსეთის მიერ ოკუპირებულ, განადგურებულ რეგიონებში მოსახლეობას „სახლში დაბრუნებას“ ულოცავს.

„რეფერენდუმი დასრულდა. შედეგები აშკარაა.

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სახლში, რუსეთში!“ – წერს მედვედევი.

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებულ ნაწილში რუსეთთან შეერთების საკითხზე უკანონო რეფერენდუმი 23-27 სექტემბერს დასრულდა.

ოკუპაციის პირობებში ჩატარებული ფსევდორეფერენდუმის შედეგების თანახმად, დონეცკის ოლქში 99,23%-მა ხმა მისცა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას, ლუგანსკის ოლქში — 98,42%-მა, ხერსონის ოლქში — 87,05%, ხოლო ზაპოროჟიის ოლქში — 93,11%-მა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 30 სექტემბერს მოაწერს ხელს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

______________
ფოტო: EPA-EFE/CHRISTOPHE PETIT TESSON

უკრაინამ რუსეთისგან უფრო მეტი იარაღი „მიიღო“, ვიდრე პარტნიორებისგან – ფორბსი

Forbes-ის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ, მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემებით, ნადავლის სახით რუსეთისგან „მიიღო“ თითქმის 400 ტანკი, 700 ერთეული ჯავშანტექნიკა და 170 საარტილერიო სისტემა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე პარტნიორი ქვეყნების მიერ მიწოდებული დახმარება.

გამოცემა წერს, რომ ხარკოვში უკრაინელთა კონტრშეტევის შემდეგ სოციალურ ქსელებში გაჩნდა უამრავი ვიდეო, რომლებზეც მიტოვებული რუსული ტექნიკა, საბრძოლო მასალებისა და იარაღის საწყობები ჩანდა. იქ აღმოჩენილი ტექნიკისა და იარაღის რაოდენობის გამო იზიუმის ტყეებს „შერვუდის ტყეები“ დაარქვეს, მიტოვებულ რუსულ საწყობებს კუპიანსკსა და ბალაკლეაში კი – „ალადინის გამოქვაბულები.“

„კეთილი ნების“ ნიშნად და ნაჩქარევი „გადაჯგუფების“ შედეგად უკრაინისთვის „გადაცემული“ ტანკების, ჯავშანმანქანებისა და საარტილერიო სისტემების რაოდენობით რუსეთმა შეერთებულ შტატებს, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო.

„ათობით ერთეული ტექნიკა, რომელიც რუსებმა უკრაინაში მიატოვეს, მარტივად შეიძლება შეკეთდეს, ზოგიერთ მათგანს უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზი აქვს. საბრძოლო მასალებისა და იარაღის ნაცვლად, რუსები ხშირად ნაძარცვი ტექნიკისა და ფერადი მეტალების წაღებას ამჯობინებდნენ, იარაღს კი საჩუქრად უკრაინის არმიას უტოვებდნენ,“ – წერს Forbes-ი.

საიტ Oryx-ის თანახმად, მხოლოდ ხარკოვში და მხოლოდ ვიდეო და ფოტომასალებზე ასახულის მტკიცებულებებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნადავლის სახით 97 ტანკი, 159 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 55 საარტილერიო სისტემა მიიღო. ეს შეიარაღება სრულიად საკმარისია ერთი სატანკო ბრიგადის ან ორი მექანიზებული ბრიგადის ფორმირებისთვის.

„თუმცა ცხადია, რომ ყველა ნადავლი კამერის ობიექტივში ვერ მოხვდებოდა. ამიტომაც მტრის ტექნიკის რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, უფრო მეტი შეიძლება იყოს,“ – აღნიშნავს გამოცემა და დასძენს, რომ საერთო ჯამში, მხოლოდ ხარკოვის კონტრშეტევის შედეგად რუსეთმა უკრაინას 400 მილიონი დოლარის ტექნიკა და იარაღი „აჩუქა“.

ტანკები

პროექტ Oryx-ის თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის არმიამ რუსეთის 387 ტანკი ჩაიგდო ხელში. რუსეთის შემდეგ ტანკების ყველაზე დიდი მიმწოდებელი უკრაინისთვის პოლონეთია, რომელმაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 300-მდე ტანკი გადასცა.

უკრაინას თავისი საბჭოთა ტანკები მისცა ჩეხეთმაც – 70 ერთეული. 8 ტანკით დაეხმარა ქვეყანას ჩრდილოეთ მაკედონია.

საერთო ჯამში, უკრაინამ რუსეთისა და პარტნიორებისგან დაახლოებით 750 ტანკი მიიღო. გამოცემა წერს, რომ ეს დაახლოებით იმდენივეა, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ომის დასაწყისში ჰქონდათ. The Military Balance-ის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებაში 2021 წელს 858 ტანკი შედიოდა.

ჯავშანტექნიკა:

ომის 7 თვეში უკრაინის არმიამ ბრძოლაში დაახლოებით 690 ერთეული ჯავშანტექნიკა მოიპოვა. ეს იმაზე მეტია, რაც უკრაინამ შეერთებული შტატებისგან მიიღო.

ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-მ უკრაინას 200 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი M113, 100 სამედიცინო ჯავშანმანქანა, 40 ჯავშანმანქანა M1224 MaxxPro და რამდენიმე ასეული HUAMWEE გადასცა.

თურქეთთან გაფორმებული კონტრაქტით უკრაინა თურქეთისგან 200 ჯავშანმანქანა Kirpi-ს ყიდულობს. მათი ნაწილი უკვე უკრაინაშია.

136 ჯავშანმანქანა M113 უკრაინას დანიამ, ავსტრალიამ, ლიეტუვამ, ესპანეთმა და პორტუგალიამ გადასცეს.

დამატებით, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გადასცეს 200 სახეობის სხვადასხვა ჯავშანმანქანა. კიდევ 200 საბჭოთა ჯავშანტექნიკა კი – აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა.

საბოლოოდ, უკრაინამ მიიღო და ნადავლის სახით მოიპოვა 2 300 ერთეული ჯავშანტექნიკა. ესეც დაახლოებით იმდენივეა, რაც ომის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჰქონდა.

არტილერია:

რუსეთმა არტილერიის რაოდენობაშიც გადაასწრო შეერთებულ შტატებს – 167 საარტილერიო სისტემა დატოვა უკრაინის ტერიტორიაზე. მათი მესამედი – უკრაინელთა კონტრშეტევის ბოლო რამდენიმე კვირაში.

დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინას დაახლოებით 500 ერთეული არტილერია გადასცეს. ესაა როგორც საბჭოთა ტექნიკა, ისე თანამედროვე სისტემები.

როგორც Forbes-ი წერს, ამჟამად, ბრძოლის ველზე რუსეთის წინააღმდეგ დაახლოებით 350 ერთეული NATO-ს კალიბრის არტილერია გამოიყენება. უცნობია, საბჭოთა სისტემების ზუსტი რაოდენობა.

ომის დასაწყისში უკრაინას შეიარაღებაში დაახლოებით 1 540 საარტილერიო სისტემა ჰქონდა.

„ვიდრე დასავლური ბიუროკრატიის გამო ხშირად თვეები სჭირდება იმას, რომ უკრაინამ მძიმე შეიარაღების თანამედროვე სისტემები მიიღოს, რუსეთის არმია გულუხვად ტოვებს უკრაინის ტყეებსა და სტეპებში ათობით და ასობით ერთულ სამხედრო ტექნიკას. მართალია, ეს ძველი და არათანამედროვე ტექნიკაა, თუმცეს მაინც უკეთესია, ვიდრე არაფერი“ – წერს გამოცემა.

Exit mobile version