მთავარი,სიახლეები

თიხის ქართველი ოსტატი ესპანეთში

09.12.2022 •
თიხის ქართველი ოსტატი ესპანეთში

47 წლის თენგო გეგეჭკორი ბოლო წელია ესპანეთში ცხოვრობს, სადაც თიხის საკუთარი სახელოსნოს გახსნას გეგმავს. თენგო საქართველოდან 12 წლის წინ წავიდა ემიგრაციაში, თავიდან რუსეთში გადასახლდა დაუგეგმავად – საქართველოდან დასახმარებლად ჩააკითხა დედას, რომელიც იმ დროს რუსეთში მუშაობდა.

თენგოს დედა უკრაინელი ჰყავს, მამა ქართველი. ბავშვობის წლები უკრაინასა და საქართველოს შორის გაატარა. 24 წლისა უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა მამასთან და თბილისში დასახლდა.

„მინდოდა კარგად მესწავლა ქართული და ამიტომ უკრაინიდან საქართველოში გადმოვსახლდი 24 წლის რომ ვიყავი. უკრაინა და საქართველო – ორი სამშობლო მაქვს ერთდროულად“, – ამბობს ქართველი ემიგრანტი.

თენგო შვილებთან ერთად

თენგომ თბილისში ცხოვრების წლებში მოსე თოიძის პროფესიულ სასწავლებელში მეთუნეობა, თიხაზე მუშაობა ისწავლა და მიხვდა, რომ ეს მისი ცხოვრების მთავარ საქმედ იქცეოდა. უნდოდა კარგად ესწავლა ინდური და სპარსული ენები, ამიტომ პარალელურად თბილისის აზია-აფრიკის ინსტიტუტში ჩააბარა და გაცვლითი პროგრამით ერთი წლით ინდოეთშიც სწავლობდა.

თენგოს თბილისში მუსიკალური ბენდიც ჰყავდა, გიტარის, ბასის და ვიოლონჩელისგან შემდგარი „ფარფალია“, რაც მეგრულად პეპელას ნიშნავს.

ბენდი თენგოს სიმღერებს და ინდურ მანტრებს უკრავდა. თენგო ამბობს, რომ საკუთარ სიმღერებს სიამაყით არ იხსენებს, მაგრამ ბენდი მისთვის მეგობრობის, ურთიერთდახმარების და უანგარო ურთიერთობების ნათელი სივრცე იყო თბილისის ბნელ წლებში.

„ნიკუშა დავითაშვილი, გრიშიკა, გერმანელი ვოლფი, დათო ჭითანავა და მე – ეს იყო „ფარფალია“. მუსიკასთან აღარაფერი მაკავშირებს. მაგრამ ეს ადამიანები სამუდამოდ დარჩნენ ჩემს მეგობრებად, ახლა სხვადასხვაგან უკრავენ, ხშირად მწერენ, მიგზავნიან ვიდეოებს საქართველოდან და მუსიკა ისევ გვაერთიანებს. იმ რთულ წლებშიც მუსიკა იყო საშუალება, რომ გვემეგობრა“, – იხსენებს თენგო.

უნივერსიტეტში რომ დაამთავრა საქართველოში მერეც ძალიან რთული იყო ცხოვრება, 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში. ნორმალურ სამსახურს ვერ პოულობდა. მართალია, საყვარელი საქმე უკვე ჰქონდა, მაგრამ თიხის სახელოსნოში მუშაობით იმ დროს თბილისში თავს ვერავინ ირჩენდა.

„33 წლის ვიყავი და მრცხვენოდა, ისევ დედა მიგზავნიდა ფულს, სხვანაირად არ გამოდიოდა. ამიტომ გადავწყვიტე დედასთან წავსულიყავი და დავხმარებოდი“, – ამბობს თენგო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რთულ წლებში იცხოვრა, ამბობს, რომ როცა პირველი მობილური ტელეფონი იყიდა, პირველად საქართველოში დარჩენილი მეგობრების ძებნა დაიწყო სოციალურ ქსელებში.

„ახლა ესპანეთში ვცხოვრობ, კარგ და მოწესრიგებულ ქვეყანაში, მაგრამ სულ მენატრება ადამიანები, ვინც ძალიან ახალგაზრდას მიცნობდა, კარგი და ცუდი თვისებებით, ისეთს, როგორიც სინამდვილეში ვარ. საქართველოში დამრჩა ძალიან ბევრი კარგი მეგობარი, მაგრამ სხვა გზა არ იყო, უნდა წავსულიყავი, რომ რთული მდგომარეობა შემეცვალა“, – ამბობს ქართველი ემიგრანტი.

ასე დაიწყო თენგო გეგეჭკორის ემიგრაციის გზა რუსეთისკენ. თავიდან გეგმავდა, რომ დედას დახმარებოდა მუშაობაში და მერე დაბრუნებულიყო, მაგრამ იქ მისი მომავალი ცოლი გაიცნო, სამსახურიც მარტივად იპოვა და რუსეთში დარჩა.

თენგო ამბობს, რომ მისი ცოლი ნახევრად ყირგიზია

„ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა. ჩემი ცოლი ნახევრად ყირგიზია, ნახევრად ბაშკირი. მყავს სამი შვილი: აიუნა პირველი ცოლისგან, რომელსაც ხშირად ვერ ვნახულობ და ძალიან მენატრება ხოლმე. მეორე ქორწინებიდან მყავს გოგოები: დევიკა და ამალა, ბაშკირების შავი თვალები აქვთ, თმები კი მეგრელებივით ხორბლისფერი. რუსეთში ვცხოვრობდით, მაგრამ არასდროს მინდოდა ჩემს შვილებს იქ გაეგრძელებინათ ცხოვრება, დამპყრობლები არიან რუსები: დაბომბეს ჩემი სამშობლო, საქართველო, ახლა მეორე სამშობლოს მიბომბავენ – უკრაინას, ქვეყანა, ენა წაართვეს ჩემი ცოლის მთელ ერს – ყირგიზებს. წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო ცოტა ხალხი ლაპარაკობს ბაშკირულდ გარუსების პოლიტიკის შედეგად. მიხარია, რომ საქართველო არ არის რუსეთის ნაწილი და იმედი მაქვს, არც არასდროს იქნება.

უკვე 47 წლის ვარ, ძალიან მინდოდა სადმე მელაპარაკა ჩემს მრავალფეროვნებაზე, საქართველოზე, უკრაინაზე, ინდოეთზე, რომელიც შევიყვარე, ესპანეთზე, რომელმაც მომცა უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა, სადაც მზეა, ზღვაა და კარგი ხალხია.

ისე მოხდა, რომ ვიცხოვრე დიდ ხანს რუსეთში. იქ ქართველების თიხის სახელოსნოში ვმუშაობდი. მეც და ჩემ ცოლსაც გვინდოდა წავსულიყავით რუსეთიდან, მაგრამ მივხვდი, თუ მე არ დავიძვრებოდი, სულ იქ დავრჩებოდით. ბოლო წელია ესპანეთში წამოვედი და სახელოსნოს ვხსნი. მალე ბინას ვიქირავებ და ოჯახს აქ ჩამოვიყვან. ვოცნებობ ამ დღეზე, ჩემი პატარები მენატრებიან. მინდა მათი ბედნიერებისთვის ვიშრომო და ვიცხოვრო ქვეყანაზე.

ესპანეთში რუსული შოვინიზმის და ნაციონალიზმისგან დავისვენე. აქ არავინ დაგცინებს თუ ესპანურად აქცენტით საუბრობ, არავინ გეტყვის, რომ „ჩამოსული“ ხარ.

რუსეთში სულ ამტკიცებდნენ, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია. ამ ომმა დაამტკიცა, რომ ასე არ არის. უკრაინა მოიგებს, საქართველო გადარჩება.

რუსეთის დაშლა გარდაუვალია, ვოცნებობ რომ ბაშკირებს, თათრებს, ბურიატებს, ყირგიზებსა და სხვებს, ვისი ტერიტორიებიც რუსეთმა მიიტაცა, დამოუკიდებლობა ჰქონდეთ.

ერთ რამეს ვცდილობ. მინდა ჩემმა შვილებმა ქართული კარგად იცოდნენ, მე მათთან მხოლოდ ქართულად ვსაუბრობ. ვცდილობ ბავშვებს ქართული ენის სითბო და სილამაზე ვაგრძნობინო, მგონი ამას ვახერხებ. როცა გარეთ ცივა და თოვს, გავდივართ ხოლმე გარეთ და „ქათქათა ფიფქებოს“ ვმღერით ერთად, მათი საყვარელი სიმღერაა.

არ ვთვლი, რომ ძალიან კარგი მამა ვარ, მაგრამ ცუდიც არ ვარ“, – ამბობს თენგო.

თენგო შვილებთან ერთად

ახლა ალიკანტეში ცხოვრობს და ესპანური მეთოდით სწავლობს თიხის დამუშავებას ადგილობრივ მეთუნეებთან. თიხის საკუთარი სახელოსნოს გახსნასაც ალიკანტეში გეგმავს. ამბობს, რომ თიხის დამუშავების ესპანური მეთოდი ძალიან რთულია, მაგრამ საინტერესო.

„მადლობელი ვარ თენგიზ მირზაშვილის, მამაჩემს ურჩიეს ჩამებარებინა კერამიკაზე, იქ მყავდა მასწავლებელი თენგიზ გობეჯიშვილი, სახელოსნოში რომ შევედი, მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო. ძრავა იყო გადამწვარი და ფეხით ვატრიალებდი, მომწონდა ეს საქმე, ვცდილობდი, თიხას ვამზადებდი, თიხასთან დიდი კავშირი ვიგრძენი. თოიძეში ჩავაბარე „ჩუბჩიკას“ რჩევით“.

ყველგან, სადაც უცხოვრია: უკრაინაში, საქართველოში, რუსეთში თუ ესპანეთში, თენგო თიხაზე მუშაობდა. ამბობს, რომ ეს არის მისი ცხოვრების მთავარი საქმე, რამაც ბევრი კარგი ადამიანი გააცნო:

თენგოს ნამუშევრები

„თენგიზ მირზაშვილმა, „ჩუბჩუკამ“ უთხრა მამაჩემს, თენგოს თიხაზე მუშაობა ასწავლეო. მამა დამეხმარა ეს საქმე მესწავლა. თოიძის სასწავლებელში თიხაზე მუშაობას თენგიზ გობეჯიშვილი მასწავლიდა, სწავლის დამთავრების შემდეგ თიხის ძალიან ცნობილი ამომყვანი, ვანო გელაშვილი გავიცანი. ამ სამმა ადამიანმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე. როცა თიხაზე ვმუშაობ სულ მახსენდებიან. მადლობელი ვარ ამ მათი.

არ არის მარტივი საქმე. ხანდახან, როცა სახელოსნოდან სახლში ვბრუნდები, ზურგს ვერ ვგრძნობ, ვფიქრობ, მაქვს ზურგი ნეტა თუ აღარ-მეთქი, მაგრამ ეს უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია.

ხშირად მინახავს მასტერკლასებზე როგორ ტირიან ადამიანები თიხასთან პირველი შეხებისას.

იცით ეს რას ნიშნავს? ესე იგი მას წინა ცხოვრებაში რაღაც კავშირი ჰქონდა ამ საქმესთან, სულაც შეიძლება ამომყვანი იყო და უცებ იგრძნო წარსული. მე კრიშნაიდი ვარ და ასე ვხედავ“, – ამბობს თენგო.

თენგოს ნამუშევრები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: