მოქალაქეები ხშირად ჩივიან, რომ ახალაშენებულ კორპუსებში ძლიერი წვიმის დროს კედლებიდან წყალი ისე ჟონავს, რომ ინტერიერიც კი სველდება. სპეციალისტების განმარტებით, ამის მიზეზი ბეტონის სისქე და უხარისხო შესაფუთი მასალაა. მერიის შესაბამისი სამსახურები შენობას მხოლოდ პროექტთან შესაბამისობაში ამოწმებენ, სამშენებლო მასალების ხარისხი კი არ კონტროლდება.
თავის მხრივ, მშენებლები ამბობენ, რომ მაღალი ხარისხი კიდევ უფრო გააძვირებს უძრავი ქონების ფასს. არის თუ არა ეს ასე და რა არის გამოსავალი? – ამ თემაზე არქიტექტორ გიორგი რამიშვილს დავუსვით რამდენიმე შეკითხვა.
ბატონო გიორგი, ბათუმში ბევრი ჩივის, რომ ინტერიერის კედლები სველდება. გასაგებია – ძლიერი წვიმის დროს, თუმცა იგივე პრობლემა დღის წესრიგში დგას არა მხოლოდ წვიმის დროს. როგორ ხდება, რომ კედელი ინტერიერშიც სველდება?
პირველი მიზეზი, რა თქმა უნდა, არის უხარისხო მშენებლობა, უხარისხო საშენი მასალა. საუბარია ბლოკის კედელზე და არა მონოლითურზე.
მეორე მიზეზი კედლის სისქეა. იმის გარდა, რომ კედელს უნდა ჰქონდეს თბოიზოლაციის უნარი, მას უნდა ჰქონდეს გარკვეული სისქე. ხშირ შემთხვევაში ჩვენი შენობები არის კარკასული. ანუ დიდი ნაწილი არის კარკასი და მისი შევსება ხდება წვრილი საკედლე ბლოკით. ბათუმში ეს არის გავრცელებული შემთხვევა, თითქმის ყველა ასე აშენებს იშვიათი გამონაკლისის გარდა.
თუ სტანდარტულ ბლოკს იყენებენ და ხშირად სწორედ ასე აშენებენ, ამ შემთხვევაში კედლის სისქე 20 სანტიმეტრია, შელესვის ჩათვლით 22 სანტიმეტრი გამოდის. ეს სისქე არ არის საკმარისი, ხდება კონდენსირება და შენობის ინტერიერში, ცივ ამინდში, როცა ბინაში სითბოა და გარეთ ცივა, ხდება კონდენსატი.
კედელი მინიმუმ 25 სანტიმეტრი უნდა იყოს.
ასევე, მიზეზი უხარისხო მშენებლობაა, როდესაც ხარვეზით აშენებენ.
გიორგი რამიშვილი – არქიტექტორი
მშენებლები ამბობენ, რომ ეს გააძვირებს მშენებლობას…
ძალიან არ გააძვირებს. 20-სანტიმეტრიანი ბლოკი შესაძლებელია მოიხმარონ იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება არასტანდარტული. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ქაფბეტონი. ასევე შეიძლება იყოს პემზა ბლოკი ან სხვა შემავსებლები იყოს გამოყენებული. ცხადია, ეს აისახება ღირებულებაზე, მაგრამ არა მგონია, რომ ძალიან დიდი განსხვავება იყოს.
ბევრი მაჩვენებლით, რა თქმა უნდა, აგურის კედელი სჯობს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ფასი საკმაოდ განსხვავებულია.
რა გზას შეიძლება მიმართონ ადამიანებმა, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე დგანან?
შეიძლება დათბუნება, შეფუთვა გამოიყენონ, იმ შემთხვევაში, თუ კედელი მხოლოდ 20-სანტიმეტრიანი ქვით არის ნაშენი.
ეს საკითხი დიდი ხანია გადაწყვეტილია და წესით, ასეთი სახით არ უნდა ხდებოდეს შენობის ჩაბარება, მაგრამ ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მიეჩვივნენ ადამიანები, რომ არ კონტროლდება ეს ყველაფერი არც სახელმწიფოს და არც დამკვეთის მიერ.
ხშირად დამკვეთი ისე ყიდულობს შენობას, რომ არ უყურებს რა მახასიათებლები უნდა გააჩნდეს, ამას არ აქცევენ რატომღაც ყურადღებას.
სამწუხაროდ, ჩვენთან ვერ ჩამოყალიბდა იგივე საკონსულტაციო სამსახური. არ ვიცით სად, რა და რატომ ღირს, უძრავი ქონების შემთხვევაში ძირითადი კრიტერიუმები რას უნდა აკმაყოფილებდეს, რა ზეგავლენა აქვს სხვადასხვა მახასიათებლის ქონას ან არ ქონას, როგორ უნდა აისახებოდეს ეს სახლის ღირებულებაზე. მენაშენეებიც მიეჩვივნენ და ძალიან ბევრ მახასიათებელს არ აქცევენ ყურადღებას, იმიტომ, რომ ამის მოთხოვნა არ არის საზოგადოებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ნორმები გვაქვს, თუნდაც რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თბოიზოლაციასთან დაკავშირებით კედელი, მათ არ იყენებენ.
ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემის ამოქმედების ვადა გადაავადა, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირით.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ახალი DRG სისტემით ყველა კლინიკას განესაზღვრება ისეთი სატარიფო სისტემა და საბაზისო ტარიფი, რომ პაციენტს არ მოუწიოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისზე კლინიკისთვის დამატებით თანხის გადახდა.
„პაციენტს დღეს თუ უწევს [თანხის] დამატება სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე, ჩვენი ამ შეთანხმების მიხედვით, ისეთი ტარიფები განისაზღვრება, რომ არანაირი დამატების საჭიროება პაციენტს არ უნდა ჰქონდეს“, – განმარტა აზარაშვილმა 6 ოქტომბერს „პირველი არხის“ ეთერში.
ზურაბ აზარაშვილი
სამინისტროს განმარტებით, DRG დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მოდელია, რომლის თანახმადაც დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. სისტემის საშუალებით ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების მკურნალობისათვის გადაიხდის.
DRG სისტემა 3 ოქტომბერს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მინისტრის თქმით, მოდელის გადავადება იმ 100-მა კლინიკამ სთხოვა, რომლებთანაც სამინისტროს შესაბამისი შეთანხმება ჰქონდა დადებული.
„დაპირებისამებრ, ყველაფერი მზად გვქონდა და 3 ოქტომბერს უნდა გაგვეშვა კიდეც სისტემა. თუმცა კლინიკების ასოციაციამ DRG-ს გადავადება გვთხოვა, რადგან, მათი თქმით, კლინიკებს სისტემა აქვთ გადასაწყობი.
ვფიქრობ, თუ ამ სისტემების გადაწყობის საჭიროებაა, პარალელურადაც შეიძლება გაკეთებულიყო, ჩვენ DRG გაგვეშვა და ეს პროექტი არ შეგვეფერხებინა, რადგანაც რამდენიმე თვე ისეც საპილოტე რეჟიმში იქნებოდა და თუ რაღაც ხარვეზები იქნებოდა, პარალელურად გამოვასწორებდით, მაგრამ ამ წერილის საფუძველზე, რომელიც შემოვიდა სამინისტროში, ჩვენ შევაჩერეთ პროცესი და ახლა განვიხილავთ, თუ რა პერიოდით შეგვიძლია გადავადება,“ – თქვა აზარაშვილმა.
მინისტრის თქმით, სამინისტრო განიხილავს რამდენად საჭიროა ან რამდენი ხნით შეიძლება მოხდეს გადავადება. „[ამოქმედების] პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ რამდენიმე დღე, რამდენიმე კვირა შეიძლება გადავხედოთ და გავითვალისწინოთ მათი პოზიციები,“ – აღნიშნა მინისტრმა.
სამინისტრომ DRG სისტემის დანერგვაზე მუშაობა 2022 წლის იანვარში დაიწყო და მისი დანერგვის დაწყების ვადად ოქტომბერი განისაზღვრა.
ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში 6 ოქტომბერს მომხდარი კონფლიქტის შესახებ, „ბათუმელებთან“ დაზარალებული მოსწავლის დედა საუბრობს. დედის თქმით, მისი შვილის ცემაში 25-მდე პირი მონაწილეობდა, აქედან 10-მდე პირი ამოცნობილია და პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
„ათი მოზარდი, ვინც ამ ჩხუბის თანამონაწილე იყო, ყველა დასახელებულია პოლიციის მეორე განყოფილებაში. აქედან ჩემი შვილის კლასელი არის ერთი, დანარჩენი იმ კლასელს ჰყავს გამოძახებული. ზოგიერთი სრულწლოვანიც არის ამათგან,“ – ამბობს მოსწავლის დედა.
მოზარდის დედა იმავე სკოლის ბუფეტში მუშაობს. ის ამბობს, რომ არც მასწავლებელს და არც კლასის ხელმძღვანელს მომხდარის შესახებ მისთვის არ უცნობებია. მისი თქმით, გაკვეთილზე ჩხუბის შესახებ რომ ინფორმაცია ჰქონოდა, შვილს მარტო არ გაუშვებდა სკოლიდან და კონფლიქტსაც აარიდებდა.
„როგორც გავიგე, გ.ჟ-ემ ჩემს შვილს კლასში სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. მასწავლებელი ამბობს, რომ კლასში დააშოშმინა სიტუაცია, მაგრამ მე იქვე ბუფეტში ვმუშაობ და ხომ შეიძლებოდა ეთქვა ამის შესახებ? ხომ შეიძლებოდა ეთქვა, რომ ასეთი შემთხვევა იყო და რომ არ გაგრძელდეს, მიაქციე ყურადღება ბავშვსო.
აი, ამაზე მტკივა გული, რომ არ გამაგებინეს და ამის შესახებ ვთქვი კიდეც სკოლაში.
ჩემი ორი შვილი ერთ კლასში სწავლობს, როცა გაკვეთილი დასრულდა, ის მოსწავლე ადრე გამოვიდა კლასიდან, როგორც ჩანს, ბიჭები შეკრიბა და როცა ჩემი შვილიც გავიდა გარეთ, დაუძახა საქმე მაქვსო. ჩემს შვილს მისი მეგობარი კლასელიც ახლდა თან. სკვერში გადაიყვანეს ბავშვი, სადაც ვიდეოთვალი არ არის. ჩემი გოგო რომ გამოვიდა ამ დროს სკოლიდან და დაინახა, რომ მისი ძმა სკვერში გადაიყვანეს, პოლიციას დაურეკა და მეც გამაგებინა. ეს მოხდა 12:07 საათზე. მე რომ მივედი, ბავშვი ძირს იყო დაგდებული, ათი წამით გონებაც ჰქონდა დაკარგული,“ – გვიყვება მოზარდის დედა.
იგი ამბობს, რომ მან მანდატურებსაც უსაყვედურა, მოზარდებს სათანადო ყურადღება რომ არ მიაქციეს.
დაზარალებული მოზარდი ისევ კლინიკაშია. დედის თქმით, მას სრული გამოკვლევა ამ დრომდე არ ჩატარებია.
„ჩემი გადმოსახედიდან რთულად არის, იმიტომ, რომ ბავშვს ტვინის შერყევა აქვს, ცხვირი გატეხილი აქვს, ყბა აქვს დეფორმირებული, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ყბა-სახის ქირურგი ჩარეული, სრული კომპიუტერული გამოკვლევა არ აქვს ჩატარებული, რომ შინაგანი დაჟეჟილობა აქვს თუ არა, ეს ვიცოდეთ, ან შინაგანი სისხლდენა ხომ არ აქვს, ეს რომ დავინახოთ. შეიძლება ტვინის შერყევის და ტუჩის გაბზარვის გარდა არც ჰქონდეს სხვა მძიმე დაზიანებები, მაგრამ ხომ უნდა დავრწმუნდეთ ამაში,“ – გვეუბნება დედა.
დედის თქმით, ჩხუბში მონაწილე კიდევ ერთ ბავშვს ხელი აქვს ნაღრძობი და ახლა გადაჰყავთ სამხარაულში ექსპერტიზაზე.
პირველადი ინფორმაციით, რასაც დედაც ადასტურებს, მოზარდებს შორის დაპირისპირება ტელეფონის დასამუხტს მოჰყვა.
„არა, არ შემშლია, რუსეთის არმიას მოგმართავთ, პირველ რიგში, ოფიცრებსა და მეთაურებს, რადგან გადაწყვეტილებებს თქვენ იღებთ,“ – ასე იწყებს რუსულ ენაზე ჩაწერილ ვიდეომიმართვას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი და რუს სამხედროებს მოუწოდებს, გამოიყენონ დარჩენილი დრო და საკუთარი ქვეყანა ტრაგედიას, არმია კი დამცირებას გადაარჩინონ.
„თქვენ მოგატყუეს და გიღალატეს. გპირდებოდნენ მსუბუქ გასეირნებას, სინამდვილეში კი ხაფანგში გაგიშვეს. თქვენ სისხლით იხდით ვიღაცის ფანტაზიებისა და ცრუ მიზნებისთვის. ახლა თქვენ არ გისმენენ, რადგან თქვენ რომ მოგისმინონ, ეს ნიშნავს – აღიარონ შეცდომები. მოსკოვში კი სიმართლე არ უყვართ. მათთვის უფრო მარტივია იმის თქმა, თუ რა გმირულად დაეცით თქვენ NATO-ს ურდოსთან ბრძოლაში,“ – ამბობს რეზნიკოვი.
თავდაცვის მინისტრი რუს სამხედროებს უყვება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხშირად მიდის ფრონტზე და თავისი არმიის გვერდითაა.
„და თქვენი სადაა? თქვენ იცით, რომ უკრაინაში არავისაც არ ათავისუფლებთ. თქვენ ანადგურებთ მთლიან ქალაქებს, სადაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ კეთილ მეზობლად მიაჩნდით ადამიანებს, რომლებიც რუსულად ლაპარაკობდნენ. ახლა კი მტრობა დაითესა მომავალ თაობებში. ბევრი თქვენგანი უკვე მიხვდა – თქვენ მართალი საქმის გამო არ გაუმეტებიხართ სიკვდილისთვის. იქნებ ამიტომაც არ დგას თქვენი თქვენ გვერდით და ბუნკერში იმალება? მას თქვენი გამოღვიძების ეშინია და თქვენში სამართლიანი ბრაზის გამოღვიძებისაც.“
რეზნიკოვის თქმით, რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობა უკვე ხვდება, რომ „ომის ხაფანგშია“ და ყველაფერს გააკეთებს, რათა „თავისი არასწორი გათვლები და სიმხეცე“ ქვეშევრდომებს გადააბრალოს.
„ომის შემდეგ სწორედ თქვენ მოგიწევთ, თვალებში უყუროთ თქვენს დასახიჩრებულ ჯარისკაცებს და მათ ქვრივ-ობლებს, რადგან კრემლიდან მათთან არავინ გამოვა,“ – მიმართავს რეზნიკოვი რუს ოფიცრებს და დასძენს, რომ უკრაინა „სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის“ გარანტიას აძლევს ყველას, ვინც ბრძოლაზე ახლავე უარს იტყვის. – „და ჩვენ მივაღწევთ ტრიბუნალს მათთვის, ვინც დანაშაულებრივ ბრძანებებს გასცემდა. თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ გადაარჩინოთ რუსეთი ტრაგედიისგან, რუსული არმია კი – დამცირებისგან. მაგრამ დრო გადის. ნუ გაუშვებთ მას.“
მთავარ ფოტოზე: კადრი ოლექსი რეზნიკოვის ვიდეომიმართვიდან
„ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვენდოთ სკოლებს“ – მიიჩნევს როლანდ შავაძე, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. მას ვესაუბრეთ ბარიერებზე, რაც აფერხებს სკოლების გაძლიერებას, კრიტიკული აზრის ქონასა და მის გაჟღერებაზე.
როლანდ შავაძეს ოპტიმისტური მოლოდინი აქვს. ის დარწმუნებულია, რომ დეცენტრალიზაცია და სკოლების ავტონომიურობა გარდაუვალი პროცესია და ეს იმიტომ, რომ ახალი თაობის დაკვეთის გარდა, აქტიურ მასწავლებლებს სხვადასხვა სკოლიდან უკვე ერთმანეთთან კავშირი და ერთობლივად მოქმედება შეუძლიათ.
„ბათუმელებმა“ როლანდ შავაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ის ხულოს სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია.
ბატონო როლანდ, რას ნიშნავს სტატუსი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ თქვენთვის? ეს აღიარებაა კარგი მასწავლებლობის, თუ ეს სტატუსი გაძლევთ სხვა მასშტაბის აქტიურობის სტიმულს?
ეს სტატუსი ნიშნავს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რომ ბევრი ადამიანი გენდობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვემსახურებით ქვეყნის მომავალს და ეს აღიარებაც უნდა გამოვიყენოთ, ახალი ურთიერთობები, როგორც სკოლის დონეზე, ისე მუნიციპალიტეტის, რეგიონის დონეზე.
ჯილდოს მიღებამდეც ვცდილობდი ვყოფილიყავი აქტიური მოქალაქე. ვფიქრობ, რომ რაღაც დონეზე ქვეყანაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე მასწავლებლის ხმა ჩუმია. მასწავლებლები აქტიურად უნდა ჩავერთოთ მიმდინარე პროცესებში, ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურები და ეს არ ეხება მხოლოდ განათლების სფეროს, სასწავლო საკითხებს. ნებისმიერი საკითხი გვეხება ჩვენ, მასწავლებლებს, რაც ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა იყოს გადაწყვეტილი.
ხაზი გაუსვით მასწავლებლების „სიჩუმეს“. რა იწვევს ამას, რა უშლის ხელს მასწავლებელს იყოს უფრო აქტიური?
ვფიქრობ, მიდგომა არის მასწავლებლების მხრიდანაც, რომ ჩვენ მხოლოდ საგანმანათლებლო საკითხები გვეხება, ცუდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა საბჭოთა კავშირმა, როცა ეს მიდგომა არსებობდა და ახლაც იზიარებს ამას ბევრი. მე ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. მიმაჩნია, რომ თუ გვსურს, ვიცხოვროთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ვალდებულნი ვართ, ვითხოვდეთ იმ პრინციპების დაცვას, რაც გაცხადებული აქვს ქვეყანას და გვქონდეს კრიტიკული პოზიციები, რაც უნდა იყოს მიღებული ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ კრიტიკას.
მაგალითად, რის შეცვლის საჭიროებას ხედავთ, პირველ რიგში, რა ხედვა გაქვთ ახლა უკვე ამ ჯილდოს სტატუსით?
ეს სტატუსი ხმამაღალია იმისთვის, რომ რაღაცები შევძლო და შევცვალო. თუ ეს ხმა იქნება მეტად გასათვალისწინებელი, ვიქნები ყოველთვის სიმართლის სადარაჯოზე და აქტიურად დავაფიქსირებ ჩემს პოზიციებს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი პროცესები განვითარდეს.
დღევანდელი რეალობა განსხვავდება იმისგან, რაც გვქონდა წლების წინ. ჩვენ გვყავს აქტიური მასწავლებლები მასშტაბურად და შეგვიძლია თანამშრომლობა, შეგვიძლია ერთიანი ხმა მივაწვდინოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს იმ საკითხებზე, რაც სკოლას სჭირდება.
ფულბრაითის პროგრამით იყავით აშშ-ში, მონტანას შტატში. თქვენი დაკვირვებით, ამერიკელი მასწავლებელი როგორ ხედავს საკუთარ როლს?
ჩემი დაკვირვებით სკოლების მაქსიმალური დეცენტრალიზაციაა საჭირო, რთულია დაინახო ცენტრიდან სკოლის საჭიროებები რეგიონებში, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვენდოთ სკოლებს, სკოლა და მისი ადმინისტრაცია მაქსიმალურად უნდა იყოს ცენტრისგან დამოუკიდებელი და თითოეულმა სკოლამ თავად განსაზღვროს საჭიროებები, ეს არის გამოსავალი. სკოლა უნდა იყოს თავისუფალი საკადრო პოლიტიკაში, საბიუჯეტო სახსრების განკარგვაში, ასე მივიღებთ ჩვენ ჯანსაღ რეალობას.
რატომ ვერ ვაღწევთ ამ მიზანს, წლებია ეს გვესმის, რა არის ბარიერი?
ვფიქრობ, ნდობის საკითხია მთავარი პრობლემა. მესმის, რომ ნებისმიერ საკითხს ახლავს განსხვავებული მოსაზრებები და არსებობს რისკებიც, მაგრამ ჩვენ უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯები. ჩვენ, საბოლოო ჯამში, მაინც მოგვიწევს ამის გაკეთება, გავხდეთ ავტონომიურები.
ეს მოაგვარებს იმ პრობლემებს, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ. ამერიკულ სკოლაში, რაც ასევე განსაკუთრებულად ვიგრძენი, ეს არის სკოლის ინფრასტრუქტურაც. სკოლებში უნდა იყოს ყველა სივრცე, რაც ჯანსაღ საგანმანათლებლო პროცესს სჭირდება. განსაკუთრებით საჭიროა ამ მიდგომის გაძლიერება მაღალმთიან სკოლებში, სადაც მცირეკონტინგენტიანი სკოლებია და კომპიუტერული ბაზაც პრობლემაა.
როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესის გააქტიურება, რომ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ მოინდომოს დემოკრატიული სკოლის არსებობა?
ვფიქრობ, ყველაზე მთავარია საკანონმდებლო რეგულაციების კარგად ცოდნა მასწავლებლების მხრიდან, ჩვენ კარგად უნდა ვერკვეოდეთ სამართლებრივ ვალდებულებებში. კანონი გვკარნახობს, როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი. თუ განათლების მარეგულირებელი კანონები კარგად გვესმის და მათ არ გადავუხვევთ, თუ ვუერთგულებთ პრინციპებს, აუცილებლად იქნება ცვლილებები.
უშვებთ, რომ ამ ჯილდომ და ყურადღების ცენტრში ყოფნამ შესაძლოა უფრო მოწყვლადი გაგხადოთ, მაგალითად, ვეღარ იყოთ კრიტიკული ხელისუფლების მიმართ?
ეს შეუძლებელია, რადგან გამოვა, რომ მე ჩემს პრინციპებზე ვამბობ უარს… ნებისმიერი საკითხი, რაც არ მომწონდა, ადრე მუდმივად ვსაუბრობდი და ვააქტიურებდი ამას. მგონია, რომ ეს აქტიურობა საჭიროა.
რჩებით ხულოში, მეკეიძეების სკოლაში, სადაც თქვენ ბათუმიდან დადიხართ?
კი, აუცილებლად, რამდენიმე წელი მინიმუმ ალბათ ვიქნები, ვიდრე კარგი კადრი გამოჩნდება და მას გადავაბარებ ჩემს საქმეს. ძალიან კარგი თაობა მოდის, სკოლაში ვისაც ვასწავლიდი, უმაღლესშია ახლა… სიამოვნებით ვიხილავდი კარგ მასწავლებელს ჩემ ნაცვლად. მე როცა სკოლა დავამთავრე მეკეიძეებში, მაშინ ინგლისური არ ისწავლებოდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 61 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350]
ტანკი – 2 466 ერთეული [+17]
ჯავშანტექნიკა – 5 093 ერთეული [+29]
საარტილერიო სისტემა – 1 455 ერთეული [+31]
MLRS – 344 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 177 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 266 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 233 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 067 ერთეული [+20]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 246 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 3 862 ერთეული [+8]
სპეცტექნიკა – 135 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 7 ოქტომბერს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
315 თვითმფრინავი
158 ვერტმფრენი
2 164 უპილოტო საფრენი აპარატი
379 საზენიტო სარაკეტო სისტემა
5 448 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
862 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 4523საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
6 360 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის 21 საათიდან 8 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 22 – 27 გრადუსი
ღამით: 13 – 18 გრადუსი
მაღალ მთაში:
დღისით: 17 –22 გრადუსი
ღამით: 5 – 10 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, 9-10 ოქტომბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
ბათუმის №8 საჯარო სკოლაში გუშინ, 6 ოქტომბერს მეთორმეტეკლასელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ დღეს კომენტარი გააკეთა სკოლის დირექტორმა, გივი ხალვაშმა.
მისი ინფორმაციით, დაზარალებული მოზარდი ამ დროისთვის ისევ კლინიკაში იმყოფება, ექიმების დაკვირვების ქვეშ, მეორე მოზარდი კი პოლიციამ დაკითხა.
„ჩხუბში მონაწილე ბიჭი მოიყვანეს სკოლაში და გამოიძახეს პოლიცია. მეორეს, დაზარალებულს, ნათესავი შეხვედრია გუშინ და იმას წაუყვანია სახლში.
მე ველაპარაკე ბავშვის დედას, მითხრა, რომ მიმყავს კლინიკაში, რადგან დაზიანებული აქვს სახეო, შემდეგ, მოგვიანებით ისევ დავუკავშირდი, მაგრამ არ მიპასუხა და შეტყობინება გამომიგზავნა, დაკითხვაზე ვარ პოლიციაშიო.
მეორე მოსწავლეც დაკითხეს, მაგრამ დღეს არ მოსულა სკოლაში,“ – ამბობს გივი ხალვაში.
„ბათუმელები“ კონფლიქტში მონაწილე მოზარდების კლასის დამრიგებელს, თინათინ დავითაძესაც ესაუბრა. მისი თქმით, მოზარდებს შორის მანამდე არასდროს ყოფილა გაუგებრობა და ეს კონფლიქტის პირველი შემთხვევა იყო.
„ინციდენტი მოხდა ოთხი გაკვეთილის შემდეგ, მაშინვე დავურეკე დედას და შესაბამისი ღონისძიებაც გავატარეთ. აქამდე არ ყოფილა ბავშვებს შორის რაიმე გაუგებრობა, ეს პირველი შემთხვევა იყო,“ – გვითხრა დამრიგებელმა.
მისი ინფორმაციით, ამჟამად დაზარალებული მოზარდი ისევ კლინიკაშია, ექიმების დაკვირვების ქვეშ.
გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოზარდებს შორის დაპირისპირება ტელეფონის დასამუხტს მოჰყვა, გივი ხალვაშიც ადასტურებს:
„ერთმა ათხოვა მეორეს დასამუხტი და როცა უკან დაბრუნება მოსთხოვა, მეორემ გამოაძრო სატენიდან დასამუხტი და ესროლა. კლასში დავაწყნარეთ, თითქოს დამშვიდდნენ, მაგრამ შემდეგ გარეთ რომ გასულან, იქ უჩხუბიათ,“ – ამბობს დირექტორი.
როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, მოზარდების ჩხუბის საქმეს სკოლის დისციპლინური კომისია განიხილავს. კომისიაში ორი მასწავლებელი, ორი მშობელი და 2 მოსწავლეა. „შევეცდებით, კონფლიქტი ბოლომდე აღმოვფხვრათ,“ – ამბობს გივი ხალვაში.
აღნიშნულ შემთხვევაზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელი რელიზის თემა უკრაინასთან ბრძოლაში დაკარგული რუსული სამხედრო ტექნიკაა.
უწყების ცნობით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა, სავარაუდოდ, სულ მცირე 440 რუსული საბრძოლო ტანკი და დაახლოებით 650 სხვა ჯავშანმანქანა მოიპოვეს და ახლა უკრაინის სატანკო პარკის ნახევარზე მეტს სწორედ ნადავლი ტექნიკა წარმოადგენს.
„რუსული ეკიპაჟების უუნარობა, უკან დახევამდე ან ტყვედ ჩაბარებამდე გაენადგურებინათ დაუზიანებელი ტექნიკა მათ ცუდ მომზადებასა და სამხედრო დისციპლინის დაბალ დონეზე მიუთითებს,“ – აღნიშნავს დაზვერვა.
უწყების შეფასებით, რუსეთი მომავალშიც დაკარგავს მძიმე საბრძოლო ტექნიკას უკრაინაში, რადგან მისი ფორმირებები ბევრ მონაკვეთზე მუდმივ დაძაბულობაში იმყოფებიან.
ბრძოლაში მოპოვებული რუსული სამხედრო ტექნიკის შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა Forbes-მა. გამოცემის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სექტემბრის ბოლომდე, უკრაინამ, მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემებით, ნადავლის სახით, რუსეთისგან „მიიღო“ დაახლოებით 400 ტანკი, 700 ერთეული ჯავშანტექნიკა და 170 საარტილერიო სისტემა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე პარტნიორი ქვეყნებისგან მიწოდებული დახმარება.
ამავე გამოცემის გათვლებით, ხარკოვის ოლქში უკრაინელთა კონტრშეტევის პირველ კვირაში, 6-11 სექტემბრის პერიოდში, რუსეთმა 670 მილიონი დოლარის ტექნიკა დაკარგა.
ირანული დრონები „შაჰედ 136-ები“ ომის მიმდინარეობაზე გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენს, რუსეთი მათ ძირითადად ტერორისთვის იყენებს – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW), რომლის უახლეს ანგარიშშიც ნათქვამია, რომ ირანული დრონების გამოყენება ვერ აძლევს რუსეთს იმავე ეფექტს, რასაც „ჰაიმარსები“ – უკრაინელებს.
„რუსები ნაკლებად მიმართავენ უპილოტო საფრენ აპარატებს ბრძოლის ველზე, ისინი ბევრ „შაჰედს“ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ და ზურგის რაიონებში იყენებენ. სავარაუდოდ, იმედი აქვთ, რომ ასეთი ტერორით ირიბ ეფექტს მიაღწევენ, თუმცა ეს ქმედება წარუმატებელია,“ – წერს ISW-ი.
ინსტიტუტის ანალიტიკოსები უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით მიუთითებენ, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინაში სავარაუდოდ უკვე გამოიყენეს 86 ირანული დრონი, რომელთა 60% უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს.
რაც შეეხება უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებს, ISW-ის ცნობით, 6 ოქტომბერს უკრაინის ძალები განაგრძობდნენ კონტრშეტევას ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით კუპიანსკის რაიონში და კრემანაია-სვატოვოს გზაზე ლუგანსკის ოლქის დასავლეთით.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსები თავდაცვით პოზიციებს ქმნიდნენ ხერსონის ოლქის ზედა ნაწილში და განაგრძობდნენ სახმელეთო თუ საჰაერო შეტევებს დონეცკის, დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის ოლქებში.
ISW-ის ანგარიშის მთავარი მიგნებები მოკლედ:
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ გამოაცხადა, რომ თავისი ტელეგრამარხი გახსნა. ეს იმას ნიშნავს, რომ მის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინს სურს, საკუთარი ტრიბუნა ჰქონდეს;
უკრაინის ძალები განაგრძობდნენ კონტრშეტევას ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებში;
რუსული ძალები ხერსონის ზედა ნაწილში თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას ცდილობენ;
რუსებმა შესაძლოა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს ბახმუტთან;
რუსეთის ძალები განაგრძობდნენ საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს რამდენიმე ოლქში;
ადგილობრივი რუსი ჩინოვნიკები ცდილობენ იპოვონ თანხები მობილიზებული დანაყოფებისთვის, რადგან კრემლი ომის დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ითხოვს;
უკრაინული წყაროების ცნობით, რუსებმა უკრაინის მოქალაქეების იძულებითი მობილიზაცია დაიწყეს ლუგანსკის ოლქში, ოკუპირებულ კრემენაიასა და სტარობილსკში.
27 წლის მოვსეს ალვანჯიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის დირექტორია. ქართული უცხო ენასავით ისწავლა მოსწავლეობის დროს და ახლა უშეცდომოდ საუბრობს.
მოვსესი ამბობს, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე ინტეგრაცია ძალიან გაუჭირდებოდა.
იგი ახლა ფოკაში იმავე სკოლის დირექტორად მუშაობს, სადაც თავად სწავლობდა. თავის დროზე მოვსესს გაუმართლა და მეთერთმეტე კლასში გაცვლითი პროგრამით – „არგონავტები“ გონიოს სკოლაში სწავლობდა, იქვე, გონიოში, ქართულ ოჯახში ცხოვრობდა მთელი წელი და ქართული ენის პრაქტიკაც ძირითადად ამ დროს მიიღო.
მოვსესი „ბათუმელებთან“ სკოლის პრობლემებზე, ინტეგრაციის თავისებურებებსა და ჯავახეთში სომხური თემის საჭიროებებზე საუბრობს.
მოვსესალვანჯიანი, ფოკის სკოლის დირექტორი:
კომპაქტურად დასახლებული სომხურენოვანი სოფლებიდან ახალგაზრდებისთვის არ არის მარტივი 1+4 პროგრამაზე ჩაბარება, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში სწავლობენ ქართულს. მე გამიმართლა: მეთერთმეტე კლასი გონიოში დავამთავრე, ვცხოვრობდი ქართულ ოჯახში, რომელიც მალევე იქცა ჩემს ოჯახად და ქართულადაც აქ ავლაპარაკდი, ძირითადად. დიდი შესაძლებლობა იყო ისიც, რომ სკოლაში ყველა საგანს ქართულად ვსწავლობდი. ეს ძალიან დამეხმარა 1+4 პროგრამაზე სწავლისას.
ვინც პირდაპირ აბარებს უნივერსიტეტში ამ პროგრამით სომხური სკოლიდან, მათთვის ძალიან რთულია.
მოვსეს ალვანჯიანი უნივერსიტეტში
ქართულ ოჯახთან, სადაც გონიოში ვცხოვრობდი, დღემდე მაქვს კავშირი. როცა პროგრამა დამთავრდა და გონიო დავტოვე, ძალიან გამიჭირდა.
ახლა ფოკის საჯარო სკოლის დირექტორი ვარ. რამდენიმე წლის წინ თავად ვიყავი მოსწავლე ამ სკოლაში. ორი წელია ფოკის სკოლის დირექტორად ვმუშაობ. სკოლაში არ გვქონდა გათბობა. აქამდე შეშის ღუმელს ვანთებდით ზამთრობით კლასებში.
წელს ცენტრალური გათბობა გაკეთდა. უზომოდ მიხარია, მაგრამ კლასებია ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. საბჭოთა პერიოდში აშენდა ეს სკოლა და მას მერე არ გარემონტებულა კლასები. დერეფანს კიდევ არა უშავს, მაგრამ დერეფნიდან კლასებში რომ შედიხარ, სხვა სამყარო გხვდება.
იატაკი, კედლები, ჭერი – ძველი და გაქუცულია. რამდენიც არ უნდა წმინდოს და ხეხოს დამლაგებელმა, სულ მტვერია. მტვერი ცვივა ჭერიდან, კედლებიდან, იატაკი ჭრიალებს.
ძალიან მოქმედებს ბავშვებზე ეს უსიამოვნო გარემო.
იცით, როგორ ცივა ზამთარსა და შემოდგომაზე ფოკაში? ამ დროს ღია ცის ქვეშ შეუძლებელია სპორტის გაკვეთილის ჩატარება, სასპორტო დარბაზი კი სკოლაში არ გვაქვს. მხოლოდ გაზაფხულზე, როცა ოდნავ დათბება, გაჰყავს ბავშვები მასწავლებელს გარეთ და სპორტის გაკვეთილებს ეზოში ატარებს.
შემოდგომასა და ზამთარში ეს გაკვეთილი არ ტარდება, არც ადგილი გვაქვს სკოლის შენობაში, სადაც დარბაზი მოეწყობოდა. ალბათ, ცალკე უნდა აშენდეს სკოლასთან სასპორტო დარბაზი.
მივმართე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრს და მპირდებიან, რომ შესაძლოა მომავალ წელს დაიგეგმოს ჩვენი სკოლის რემონტი. თუმცა დაზუსტებით არ ვიცი, რა იქნება.
არ მინდა, ჩემი სკოლის ბავშვებს ამ სოფელში ისეთივე ბავშვობა ჰქონდეთ, როგორიც მე მქონდა: არ იყო შუქი, გაზი, წყალი, გზა – არაფერი.
მოვსეს ალვანჯიანი ფოკის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად
ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემთვის ფოკაში ინგლისური ენის და კომპიუტერის კურსები იყო. დედათა მონასტერში გახსნეს ეს კურსები. მიხაროდა გაკვეთილებზე სიარული. კომპიუტერი იქ მაშინ პირველად ვნახეთ, თავიდან მარტო სათამაშო მოწყობილობა გვეგონა. ვთამაშობდით და ვთამაშობდით. მერე აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი სხვა რამეც შეეძლო.
მხოლოდ ეს იყო ჩემი საინტერესო დღეები ფოკაში. გრძელი ზამთარი, სიცივე და უგზო სოფელი – ეს იყო ფოკა.
ახლა შედარებით შეიცვალა მდგომარეობა, გზა ზამთრობით აღარ იკეტება, სულ წმენდენ დიდთოვლობისას, მაქსიმუმ ერთი დღით შეფერხდეს მიმოსვლა. გაზიც შემოვიდა სოფელში, გვაქვს ბანკის ფილიალი, სამედიცინო პუნქტი, საზოგადოებრივი ცენტრი და რადიო.
უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვსწავლობდი, მქონდა 100%-იანი გრანტი და ეს საქმე ძალიან მაინტერესებდა, ვერ დავსაქმდი ქალაქში ჩემი პროფესიით. ეს ძალიან რთული აღმოჩნდა. მშობლები მიხდიდნენ ბინის ქირას სტუდენტობისას და სწავლის დასრულების შემდეგ უსასრულოდ ვერ ვიცხოვრებდი თბილისში სამსახურის საძებნელად. ამიტომ ავდექი და დავბრუნდი ჯავახეთში.
არ ვთქვი უარი იმაზე, რაც შემომთავაზეს. სოფელ ვლადიმიროვკას სკოლის საქმისმწარმოებელი გავხდი. 2 წელი არ ჰყავდა ამ სკოლას საქმისმწარმოებელი და მთელი ამ ხნის განმავლობაში დოკუმენტაციას არ აწარმოებდა სკოლა. ერთ წელიწადში გავაკეთე ორი წლის საქმე და ყველაფერი მოვაწესრიგე. ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენე. მერე კი ამავე სკოლაში დირექტორობა შემომთავაზეს. ამ დროს 24 წლის ვიყავი. დავთანხმდი და 2 წელი ვიმუშავე იქ დირექტორად. ბოლო ორი წელი კი ჩემი სოფლის, ფოკის სკოლაში ვმუშაობ.
ინტეგრაციის პროცესი რთულია მაშინაც კი, როცა ენა იცი და თითქმის შეუძლებელია, როცა სახელმწიფო ენას არ ფლობ. ამიტომ მიმაჩნია, რომ მთავარი პრობლემა სომხური თემისთვის ქართულის არასათანადო ცოდნაა, რაშიც მათ მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს სახელმწიფო.
ყველაზე მეტად ხალხს ქართულის სწავლა სჭირდება, ყველაზე დიდ ბარიერებს ენის არცოდნა ქმნის.
სკოლაში გვყავს ქართულის მასწავლებლები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ქართულის ხუთი მასწავლებელია ახლა ჩემს სკოლაში: 3 დამხმარე და 2 კონსულტანტი მასწავლებელი, მაგრამ საჭიროება უფრო მეტს მოითხოვს: დამხმარე მასწავლებლებს, კონსულტანტებს… ჩვენს თემში ქართულს ჯერ კიდევ ისე ვსწავლობთ, როგორც უცხო ენას. კარგი იქნება, თემში იყოს ქართული ენის კურსები ზრდასრულებისთვის, დიდებისთვის, არამხოლოდ მოსწავლეებისთვის.
სახელმწიფო ენის შესასწავლად რა რესურსიც გვაქვს ახლა სოფელში, მუნიციპალიტეტში, ეს საკმარისი არ არის.
დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მოზარდებს შორის კონფლიქტი ჯერ სკოლაში დაიწყო, შემდეგ კი სკოლის გარეთ გაგრძელდა.
როგორც ბათუმის რესურსცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, პირველადი ინფორმაციით, მოზარდები ტელეფონის დასამუხტის გამო შეკამათდნენ, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ისინი ფიზიკურად სკოლის გარეთ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
„სკოლასთან ახლოს, საცხოვრებელ კორპუსთან გაუგრძელებიათ ჩხუბი. ერთ მოზარდს ცხვირი აქვს დაზიანებული, როგორც ჩანს, რაღაც მოხვდა.
მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება სკოლის შენობიდან შენიშნეს, მივიდნენ და გააშველეს,“ – გვითხრა ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა დავითაძემ.
მოზარდების დაპირისპირების დროს ადგილზე გამოიძახეს პოლიცია.
გოჩა დავითაძის ინფორმაციით, მოზარდი ჯერ სახლში წავიდა, თუმცა მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება 126-ე მუხლით [ძალადობა] დაიწყო.
ინფორმაცია მოსწავლეების დაპირისპირების შესახებ თავდაპირველად „მთავარმა“ გაავრცელა.
ხულოში მცხოვრებმა არაერთმა ოჯახმა, რომელთაც აქამდე ძირითადად კარტოფილი მოჰყავდათ, ბოლო წლებია თამბაქოს მოყვანა არჩიეს, თუმცა ახლა არ არიან დარწმუნებული, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს.
53 წლის რესან ხმალაძე ხულოს სოფელ ბეღლეთში ცხოვრობს. მის ოჯახს ბოლო სამი წელია თამბაქო მოჰყავს. რესანის თქმით, კარტოფილიდან თამბაქოს წარმოებაზე გადასვლა 2019 წელს თამბაქოს ფასის ზრდამ გადააწყვეტინა, რადგან კარტოფილს არასტაბილური, დაბალი ფასი ჰქონდა და ოჯახის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებდა.
თუმცა რესანი ამბობს, რომ მათი მოლოდინი არ გამართლდა.
ხმალაძეების ოჯახი ახლა სახლში 2 წლის მოსავალს, ტონაზე მეტ თამბაქოს გამხმარ ფურცელს ინახავს.
„შარშანაც და წელსაც თამბაქოს ჩაბარება ერთი და იგივე ფასია. ახლა რომ გავყიდო, 1 კილოგრამ თამბაქოზე 15 ლარიც კი არ მრჩება. 15 ლარი მიჯდება [თამბაქოს წარმოებისთვის] ძაფი, ცელოფანი, აზოტი და კიდევ ბევრი რამ. არ ღირს ამ ფასად გაყიდვა.
შრომატევადი საქმეა და არც შრომა ღირს თამბაქოს წარმოებისთვის. არაფერი არ რჩება შემოსავალი. ფაქტობრივად, მთელმა ოჯახმა ტყუილად ვიშრომეთ თამბაქოს მოსაყვანად და გვიყრია აგერ, საწყობში“, – გვეუბნება რესანი.
რესანის თქმით, თამბაქო ხულოს პირობებში კარგ მოსავალს იძლევა და მის მოყვანასთან დაკავშირებული პრობლემები არასდროს ჰქონიათ. ერთადერთი პრობლემა, რაც რესანს და იმ ოჯახებს აქვთ, რომლებიც სახნავ-სათეს მიწას თამბაქოს მოსაყვანად იყენებენ, თამბაქოს რეალიზაციაა.
„არავის არ სჭირდება ჩვენი თამბაქო. ამიტომ, ვაპირებ, რომ თამბაქოს წარმოებას თავი გავანებო,“ – ამბობს რესანი.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს 1 კილოგრამ თამბაქოს 40 ლარად აბარებდნენ, ახლა თანხის ნახევარი, 20 ლარიც რომ შესთავაზონ, ჩააბარებდა.
მან გვითხრა, რომ თუ თამბაქოს ფასი შედარებით გაუმჯობესდება, მის მოყვანაზე უარს არ იტყვის. იგი თამბაქოს წარმოების საფეხურებსაც გვიხსნის იმის საილუსტრაციოდ, თუ რა შრომატევადი საქმეა ეს.
რესანის განმარტებით, თამბაქოს ჩითილების გამოყვანა მაისის ბოლოდან იწყება და გადარგვისთვის მიწის კარგად დამუშავებაა საჭირო. გადარგული თამბაქო რამდენჯერმე უნდა გაითოხნოს და ამის შემდეგ იწყება თამბაქოს ფოთლების შეგროვება.
„ფოთლები, თუ მოასწრებ – 5-ჯერ, თუ ვერა – 3-4-ჯერ უნდა შეატეხო თამბაქოს.
ძალიან შრომატევადი, მძიმე სამუშაოა. თამბაქოს ფოთლები ცალ-ცალკე უნდა ააგო თოკზე გასახმობად. შემდეგ დასაჭრელად უნდა გამზადდეს, დახარისხდეს“, – გვითხრა მან.
ხმალაძეების ოჯახი თამბაქოს სახლში, ხელის საჭრელი დანადგარით ჭრის.
რესანი ფიქრობს, რომ თამბაქოს ფასის დავარდნა თავის მხრივ აქციზმაცგამოიწვია და ასევე, თამბაქოს სხვა ქვეყნებიდან შემოტანამ საქართველოში.
„სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ თუ შენ გაქვს ესა თუ ის პროდუქტი, სხვა ქვეყნებიდან აღარ შემოდიოდეს. აზერბაიჯანიდან წელს იმდენი თამბაქო შემოვიდა, რამდენიც გინდა. შემოდის თურქეთიდანაც და არავის აღარ სჭირდება შენი თამბაქო“.
რესანის თქმით, ახლა მისი ოჯახი სალათის ფურცლისა და კენკროვანი კულტურების წარმოებას გეგმავს.
„არიან ოჯახები, რომლებიც ბანკის ვალებში იხრჩობიან. ძირითადად, ყველას ბანკის ვალი აქვს – ჩემს სოფელში და მეზობელ სოფლებშიც,“ – ამბობს რესანი.
მისივე თქმით, სოფელ ბეღლეთიდან, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს, იშვიათად მიდიან საზღვარგარეთ სამუშაოდ, რადგან ბევრი კაცი ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზეა დასაქმებული:
„იქამდე თურქეთში დადიოდნენ, ყველა ოჯახი აქ თურქეთში მუშაობით ირჩენდა თავს. ახლა იმდენს ახერხებენ, რომ თავიან ბოსტანში მოიყვანონ ლობიო, კარტოფილი, სიმინდი… მათი საკმარი მოსავალი“.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი ნანა მგალობლიშვილი, რომელიც ჩოხატაურის ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აშშ-ის ელჩთან გადაღებული ფოტოს ფეისბუქში გამოქვეყნების შემდეგ, თავდასხმის ობიექტი გახდა. „მოღალატე“, „ფარისეველი“ – ამ და სხვა შინაარსის კომენტარებს მას საჯაროდაც უწერდნენ და პირად შეტყობინებებშიც უგზავნიდნენ.
ქალბატონო ნანა, თქვენ როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი, ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალში მოხვდით. როგორ ფიქრობთ, ვინ არიან ისინი, ვინც შეურაცხყოფა მოგაყენათ სოციალურ ქსელში და რას გსაყვედურობდნენ კონკრეტულად?
ემოციური ადამიანი ვარ და ყველა შეტყობინება არც გამიხსნია, სადღაც 20-მდე მონაწერი იყო პირადში. როცა გეძახიან „მოღალატე“, „ფარისეველო“, მაინც მტკივნეულია.
ამ კომენტარს რომ 40 მოწონება აქვს, ესეც ხომ იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანის აზრს იზიარებენ?
ერთი კაცი მწერდა, როგორ თუ თავისუფალ აზროვნებას ასწავლი ბავშვებს, თავისუფალი კი არა, სწორი აზროვნება უნდა ასწავლოო. „სწორი აზროვნება“ პირობითია, მე ლიტერატურის მასწავლებელი ვარ და ბავშვს ინტერპრეტაციის საშუალება უნდა ჰქონდეს, თავისი აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება.
რა არ მოეწონათ კონკრეტულად?
არ მოეწონათ, სურათი რომ მიდევს ამერიკის ელჩთან გადაღებული, რატომ გიდევსო. 9 აპრილს დაღუპული გმირები მიწაში გადაატრიალეო.
ამერიკის ელჩი რა კავშირშია 9 აპრილთან, ეს ტრაგედია ხომ რუსეთმა დაატრიალა თბილისში?
იმ დროს, 9 აპრილის აქციის დარბევისას, მე მოვიწამლე, აქციაზე ვიყავი, როცა რუსმა სამხედროებმა დაგვარბიეს. თითქოს ამით შეურაცხყოფა მივაყენე მათ, რადგან ამერიკას კოლონიად ვუნდივართო. ეს რუსეთია, ვინც ჩვენს ქვეყანას როგორც კოლონიას, ისე უყურებს და არა – ამერიკა. თუმცა ამის გაგება არ უნდათ, ან მიზანმიმართულად აკეთებენ.
რუსეთს არ განიხილავენ მტრად, მართლმადიდებელი ქვეყანააო და რელიგია რომ პოლიტიკაში არაფერს ნიშნავს, რომ ეს „ერთმორწმუნეობა“ ფარსია და მხოლოდ ინსტრუმენტია რუსეთისთვის ადამიანების დასამორჩილებლად, მათზე გავლენის მოსახდენად, ამას ვერ ხვდებიან.
ესენი არიან პრორუსულად განწყობილი ე.წ. „პატრიოტები“, რომლებსაც სურთ მოდერნიზებულ საბჭოთა ჭაობში დაგვაბრუნონ.
აღარ უნდათ, გადაეჩვივნენ ქართველები, რომ თავიანთი ნების აგენტი თავად იყვნენ. დღეს ძალიან მძიმე ვითარებაა და განსაკუთრებით საჭიროა ამაზე აქცენტის გაკეთება.
ნანა მგალობლიშვილი „ეროვნული ჯილდოს“ ცერემონიაზე, კოლეგებთან და აშშ-ს ელჩთან ერთად.
ეროვნული ღირებულებების მოღალატეს მიწოდებენ ეს ადამიანები. ჩემი ქვეყნის განვითარებისთვის ის მოდელი მინდა აირჩიონ ადამიანებმა, რომელიც ილია ჭავჭავაძეს უნდოდა. ილიას კიდევ ნამდვილად არ სურდა რუსეთის მფარველობის ქვეშ საქართველოს ყოფნა. ძალიან უნდოდა, რომ ევროპული მომავალი ჰქონოდა ქვეყანას.
მე ქართულს ვასწავლი და ილია ჩემთვის თავისი პრინციპებით არის მისაღები. დისტანცირებული ვარ იმ აზრისგან, რომ მის იდეალებს არ ვიზიარებდეთ, ამათ კი შერაცხეს წმინდანად, შემოსვეს პიედესტალზე და დატოვეს იქ.
ილიას ვასწავლი ისე, როგორც ილიას უნდოდა, რომ საქართველო ყოფილიყო.
როგორ შემორჩენილია ეს იმპერიული ნარატივი დღესაც, როგორ მოგვწამლეს ასე, მენტალობით, როგორ დავრჩით იქ და როგორ ვერ გამოვიგლოვეთ, ბოლოს და ბოლოს, ეს საბჭოეთი, რომ თავისუფლება ჩვენთვის უკვე აღარ არის ღირებულება და ამ მონური „მშვიდობით“ ადვილად ჩავანაცვლეთ. თან, ვისაც შემორჩა სურვილი თავისუფლების, აი, ახლა იმ ადამიანების დათრგუნვას ცდილობენ, უნდათ გათქმევინონ, რომ „ამ ქვეყანაში არ იცხოვრება“.
სამშობლოდან არასდროს მიდის ადამიანი, სადაც არ უნდა იყო, მაინც სამშობლოში იქნები – სამშობლოს და ადამიანს შორის სულიერი თანაარსებობა არის ყველგან.
ხანდახან ვეუბნები ჩემ თავს, რომ ერთი მიზეზი მაპოვნინე, რომ მოვეჭიდო და ვთქვა, ამ ქვეყანაში ღირს სიცოცხლე-მეთქი.
რაზეც ახლა საუბრობთ, ესეც არის მოჭიდების მცდელობა?
მე რასაც ვეჭიდები, ახლა არის ის, რომ კარგი, ლაღი თაობა მოდის, მებრძოლი თაობა, რომელსაც თავისუფლების სიყვარული გამძაფრებული აქვს და ღირსების გრძნობა გამახვილებული. მინდა, ამ თაობის აღზრდაში რაღაც წვლილი შევიტანო.
ზოგჯერ ამბობენ ხოლმე, რომ მოსწავლე არის თიხა, რომლის სული უნდა გამოძერწოო, თითქოს ობიექტია ბავშვი. სინამდვილეში, სუბიექტია ბავშვი და როგორც სუბიექტმა სუბიექტთან ისე უნდა იურთიერთო, ბიძგი უნდა მისცე, შეეცადო, მისი შესაძლებლობების აქტუალიზაცია, ფიქრი ასწავლო და არა რაღაც ინფორმაციით მიმწოდებელი იყო მხოლოდ.
აი, ამას ითხოვენ ჩემგან ის ადამიანები ზუსტად, ფეისბუქში რომ მწერენ, როგორ თუ თავისუფლებას ასწავლიო.
მე ცოდნის მიმცემი კი არ ვარ მხოლოდ, ცოდნის აგებაშიც უნდა დავეხმარო ბავშვს. მინდა, რომ დროის თანაზომიერი პედაგოგი ვიყო და მათ რიტმს ავუწყო ნაბიჯი. მინდა, ჩემმა მოსწავლემ პროგრესის იდეას ხელი კი არ შეუშალოს, არამედ შეუწყოს, ხვალის უკეთესობა ამაშია.
მინდა, რომ ჩემს მოსწავლეს ჰქონდეს ინდივიდუალობა, მისწრაფებები, მიზნები, თავისი სურვილები და არ იყოს ჭანჭიკი, ექო არ იყოს. ეს აღიზიანებთ სწორედ ყველაზე მეტად „პატრიოტებს“, რომ პიროვნების განვითარებაზე ვარ ორიენტირებული და არა – მათ გაწვრთნაზე.
ეროვნული ჯილდოს ცერემონიაზე თქვენი უკრაინელი კოლეგა ამბობდა, რომ ის, რასაც ახლა უკრაინაში რუსეთი აკეთებს, ცუდი განათლების ბრალია და რუსეთის სამიზნედ ამიტომ იქცა, პირველ რიგში, წიგნები და მასწავლებლები. თქვენც ასე ფიქრობთ?
ვეთანხმები, რადგან ცუდი განათლების შედეგია ის, როცა თავისუფლებას ვერ აღიქვამ აუცილებლობად. როცა მე მიყვარს თავისუფლება, მაშინ შენს თავისუფლებასაც პატივს ვცემ. ჩემი მოვალეობაა, რომ შენს თავისუფლებას გავუფრთხილდე.
მასწავლებლის სწავლების სტილიც დამოკიდებულია მის ფასეულობებზე, ავტორიტარი მასწავლებელი ვერ იქნება დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფლების მხარდამჭერი.
ასეთი ადამიანებისთვის, ბუნებრივია, პრობლემაა ამერიკა და ევროპული ღირებულებები.
არ შეიძლება მასწავლებლის მიმართ გქონდეს დამოკიდებულება პოლიტიკური მიზანშეწონილობით, მასწავლებელს თავისუფლება უნდა მისცე და რომელიმე პარტიის იდეოლოგიის ქოლგის ქვეშ არ უნდა ამყოფო, თორემ ის თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს ვერ გაგიზრდის.
დააკვირდით მასწავლებლებს, ნახეთ, როგორ იყენებენ მათ. არასოდეს არც ერთ გადაცემაში არ ეპატიჟებიან, თითქოს მასწავლებელი მოქალაქე არ იყოს და თავისი პოზიცია არ ჰქონდეს. მარტო პაროდიებს ვისმენთ მასწავლებლებზე, სერიოზულად აღიქვამს ვინმე, საზოგადოების ნდობა და პატივისცემა არსებობს მათ მიმართ?
საარჩევნოდ რესურსად ხომ განიხილავენ ხოლმე?
იმიტომაც არის ასეთი დამოკიდებულება მათ მიმართ, ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა, რომ მასწავლებლებს იყენებ პარტიული ინტერესებისთვის და არ აძლევენ თავისუფლებას.
ზოგიერთი მაინც ინარჩუნებს თავისუფლებას… ჩემზე ვერცერთი ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ ჯიბეში ჩამისვა.
თქვენ არ გეშინიათ სისტემის?
არ მეშინია, რადგან ძალიან მდგრადი დამოკიდებულება მაქვს ღირებულებების მიმართ.
შიშს ხშირად იმით ამართლებენ ადამიანები, რომ „სამსახურს დაკარგავენ“ და ეს ასე ადვილი არ არის. თქვენ არ გეშინიათ თავისუფალი აზროვნების გამო სამსახურიდან გათავისუფლების?
არ მეშინია. ერთხელ ნიკო კეცხოველი ეკამათა ჩინოვნიკს და იცით, რა უთხრა? თქვენ იკითხეთ, მაქედან რომ წახვალთ, თორემ მე თაობები მყავს აღზრდილი და ერთ ღამეს ყველა გამათევინებსო.
33 წელია სკოლაში ვარ და ჩემთვის უდიდესი საჩუქარია იმ თაობათა სიყვარული, ვინც აღვზარდე. ისინი არიან ჩემი პირველი გულშემატკივრები.
15 სექტემბერს, სწავლა რომ დაიწყო, კოვიდი მქონდა და საავადმყოფოში ვიწექი. ჩემი მოსწავლეები ჯერ ჩემ სანახავად მოვიდნენ და მერე წავიდნენ სკოლაში. ამიტომ არ მეშინია.
როცა თავისუფლება არის სტატუსის, ჩინოვნიკის კეთილგანწყობის საპირწონე, შენი თავისუფლების ხარისხი კი მაღალია, არაფრის გეშინია.
მაგრამ თუ თავისუფლების სანაცვლოდ არჩევ კეთილგანწყობას, კეთილდღეობას ან რაღაც მონის სალაფავს, შემდეგ ადვილად ცვლი ამ ყველაფერს მხედრის ულუფაზე. შენ არ უნდა გადაეჩვიო აზრის გამოხატვას, რაც მიუღებელია იმის გაპროტესტებას, აქტიური მოქალაქე უნდა იყო მასწავლებელი.
შენი მოსწავლეებისთვის უნდა იყო ქცევის მოდელი, მასწავლებელი რომ ვერ უპასუხებს კითხვას – „არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი?“ უხერხულია შევიდეს მოსწავლეებთან და ღირებულებებზე ესაუბროს.
როგორ ფიქრობთ, ეს ღია შემოტევები არის იმის მცდელობა, რომ გააჩუმონ ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ ემორჩილება სისტემას?
ჩემზე სიუჟეტი გააკეთეს და იქ შევახსენე პარლამენტის წევრებს მათი მოვალეობები. ვთქვი, რომ პარლამენტში იმიტომ კი არ სხედან, რომ ტელეფონში ითამაშონ, სხედან იმიტომ, რომ ჩვენ დავიქირავეთ, ქვეყანაზე რომ იზრუნონ-მეთქი. მაშინ ამანაც დიდი კრიტიკა გამოიწვია, არ ვიცი, ტროლები იყვნენ, თუ რეალური ადამიანები, თავს დამესხნენ და ისეთი რაღაცები მაკადრეს, ფიქრშიც რომ არ გამივლია.
თუ გინდა ადამიანი შეურაცხყო და პატივი აყარო, ისეთი რამ უნდა დააბრალო, ფიქრშიც რომ არ გაუვლია. მაგრამ იცით, როგორ არ მედარდება? მთავარია, სამშობლო არ გავაბრაზო თორემ, ხელისუფლების გაბრაზება ჩემთვის არის ორი ყურის პრინციპი – ერთში შევუშვებ, მეორეში გავატარებ.
სულ მახსოვს გაბრიელ მარკესის სიტყვები, მე ვემსახურები ჩემს ქვეყანას და არა – ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას. პოლიტიკოსებისგან რჩება ანეკდოტები და მე ვისაც ვასწავლი, იმ მწერლებისგან დარჩა უზარმაზარი შემოქმედება. მთავარია, იმათ პრინციპებს არ ვუღალატო თორემ, ვინ არის პოლიტიკოსი?
ქვეყანა რომ თავზე გექცევა, შეიძლება პირად კეთილდღეობაზე იფიქრო და შენს სამშობლოზე უკეთ იცხოვრო, თუ გიყვარს შენ ეს ქვეყანა?
იყო პერიოდი, როცა არ იყო არც საწვავი, არც შუქი, ტანსაცმელს ღამით ვაშრობდი და დილით ისე ვიცვამდი, რომ დავინახავდი, ბავშვს ფეხსაცმელი არ ეცვა, მთელი დღე ვფიქრობდი, სად მეშოვა ფული საყიდლად, ექსკურსიაზე რომ წამეყვანა, თეატრი და კინო რომ ენახა, არ ჩამორჩენილიყო მისი განვითარება.
და მაინც შეიძლება მოღალატე მეძახო?
ამიტომ არის ჩემთვის ძალიან კარგი პროექტი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“, წელს ილიაუნის რჩეულიც გავხდი და გიორგი მრელაშვილი დოკუმენტური ფილმის გადაღებასაც გეგმავს ჩემს სკოლაზე. აი, ეს არის ჩემთვის სასიხარულო და მნიშვნელოვანი.
ვოლოდიმირ ზელენკის მიერ ინიცირებულმა პლატფორმამ – United 24 ახალი პროექტი დაიწყო: „აზოვსტალი – სიმტკიცის სიმბოლო“. პროექტის მიზანი ომის პერიოდში უკრაინის მხარდაჭერაა. ინიციატივის პირველი ნაწილი სამაჯურებია, რომლებიც „აზოვსტალის“ ქარხსნის მიერ ომამდე გამოშვებული ფოლადის უკანასკნელი პარტიითაა დამზადებული.
„აზოვსტალი“, მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატი, რომლის ისტორიაც დაახლოებით 90 წელს ითვლის, 2022 წლის გაზაფხულზე მარიუპოლის უკანასკნელ ციხესიმაგრედ იქცა.
თითოეულ სამაჯურში 5 გრამი ფოლადია. სწორედ ასეთი ფოლადისგან დამზადდა 1981 წელს კოსმოსური ხომალდის გამშვები მოწყობილობა, ხოლო 2012 წელს ახალი სარკოფაგი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისთვის. საწარმო, რომელმაც ეს ფოლადი გამოუშვა, 2022 წლის გაზაფხულზე, ერთ-ერთი ადგილი იყო ქარხანაში, სადაც მარიუპოლის დამცველები იყვნენ გამაგრებული.
სამაჯურების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად უკრაინის არმიისთვის დრონების ყიდვას მოხმარდება.
„უკანასკნელი ომამდელი პარტია „აზოვსტალიდან“ ისევ უკრაინის დამცველებს დაეხმარება. მჯერა, რომ ჩვენ დავბრუნდებით მარიუპოლში და ლეგენდარულ ქარხანასაც აღვადგენთ,“ – თქვა პროექტის პრეზენტაციაზე იური რიჟენკოვმა, „აზოვსტალის“ მმართველი კომპანია „მეტინვესტის“ გენერალურმა დირექტორმა.
ფოტო:United24
სამაჯურების დიზაინი – პარაკორდი გრავირებული უკრაინის გერბით, საიუველირო სახლ SOVA-ს ეკუთვნის.
„მასალის შეზღუდული რაოდენობა გვქონდა და ვცდილობდით, რაც შეიძლება რაციონალურად გამოგვეყენებინა მეტალის ყოველი გრამი. პარაკორდი შემთხვევით არ აგვირჩევია, სწორედ ასეთ თოკს იყენებენ ჩვენი სამხედროები, ის 250 კილოგრამსა და მეტს უძლებს“, – ამბობს ლუდმილა სოვა, კომპანიის გენერალური დირექტორი.
სამაჯურების პირველი პარტია 10 ათასი ცალია, ნაკეთობის ფასი კი 1 500 – გრივნა. მისი შეძენა შეიძლება საიუველირო მაღაზიებში და საიტიდან United24.
United24 ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც უკრაინის მხარდასაჭერად თანხები მთელი მსოფლიოდან გროვდება. 5 თვის განმავლობაში პლატფორმის დახმარებით უკრაინამ დაახლოებიღ 200 მილიონი დოლარის დახმარება მიიღო.
United24-ის ელჩებს შორის არიან სპორტსმენები ანდრეი შევჩენკო და ელინა სვიტოლინა, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია, მომღერალი და მსახიობი ბარბარა სტრეიზანდი და სხვა ცნობილი ადამიანები.
მთავარ ფოტოზე: „აზოვსტალის“ სამაჯური/ფოტო: United24
დაახლოებით 500-მა რუსმა სამხედრომ, რომლებიც „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში გაიწვიეს, ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც ჰყვებიან, რომ მათ არარეგისტრირებული ავტომატები მისცეს და ბელგოროდის ოლქში მიატოვეს.
Настоящее Время-ს ცნობით, ვიდეო 5 ოქტომბრის საღამოს სხვადასხვა სოციალურ ქსელში და პრორუსულ ტელეგრამ არხზე, „რიბარზე“, გავრცელდა. კადრში ჩანს შეიარაღებული სამხედროების ჯგუფი. მობილიზებულები ამბობენ, რომ არ იციან, ვინ სად გაანაწილეს, ჭამენ იმას, რასაც თვითონ ყიდულობენ და აუცილებელი საჭიროებებისთვის საკუთარ ფულს ხარჯავენ.
„ერთი კვირა პირუტყვულ პირობებში გავატარეთ. არანაირი მატერიალური უზრუნველყოფა, არანაირი ფინანსები – საერთოდ არაფერი. ახლა ასევე გაურკვეველია, ვინ სად მიდის, რომელ ნაწილს მიგვაწერეს. ხელში იარაღი გვიჭირავს, მაგრამ ის ჩვენზე რეგისტრირებული არაა. ეს რუსეთის სისხლის სამართლის კანონის 222-ე მუხლით დანაშაულია. ჩვენ არავის ვჭირდებით, მომზადება – ნული. ვჭამთ იმას, რასაც ჩვენ თვითონ ვყიდულობთ, უკვე უამრავი ფული დავხარჯეთ, რომ უბრალოდ რამე გვეჭამა, რომ აღარაფერი ვთქვათ ამუნიციაზე,“ – ამბობენ ჯარისკაცები.
როგორც გამოცემა Агентство წერს, ვიდეო ბელგოროდის ოლქში, სოფელ ლივენკასთანაა გადაღებული.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო РИА-ს წყაროებმა დასავლეთის სამხედრო ოლქიდან განაცხადეს, რომ ეშელონი მობილიზებულებით, რომლებიც ვიდეოზე ჩანან „სპეცოპერაციის რაიონში არ მიდიოდა“. წყაროს ცნობით, 299-კაციანი დანაყოფი მიემართებოდა მულინოს სასწავლო ცენტრისკენ, სადაც ახალმობილიზებულებს წვრთნა უნდა გაევლოთ. სააგენტოს წყარო ასევე ირწმუნებოდა, რომ მობილიზებულებს თან ახლდნენ ექიმები და ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვებითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მობილიზებული რუსი რეზერვისტები ფრონტზე გაგზავნამდე ცუდ პირობებსა და მომზადების არარსებობაზე წუწუნებენ. სამხედროები და მათი ახლობლები ამბობენ, რომ არ უზრუნველყოფენ აღჭურვილობით და მაგალითად, ჯავშანჟილეტების შეძენა საკუთარი ფულით უწევთ.
27 სექტემბერს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა მობილიზებული კაცის ვიდეომიმართვა. ის ამბობდა, რომ გაწვევიდან ორ დღეში პირდაპირ ხერსონში გზავნიდნენ. ვიდეოს ავტორი აღმოჩნდა 29 წლის მოსკოველი, რომელმაც მას შემდეგ, რაც მისი ვიდეო სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა, დაწერა, რომ „სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, უკეთესობისკენ“.
რუსეთში გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაცია“ უფლებადამცველების შეფასებით, დარღვევებით მიმდინარეობს. მათ შორის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილში გაგზავნამდე სამედიცინო კომისიის არარსებობაა.
Настоящее Время-ს ცნობით, მობილიზებულები და მათი ახლობლები ასევე ამბობენ, რომ „მიჰყავთ ყველა“ – ისინიც, ვისაც არმიაში არასდროს უმსახურია, ნაოპერაციევი ხალხი, ინსულტ და ინფარქტგადატანილები, ინსულინდამოკიდებულები და ადამიანები, რომლებსაც ტრავმების გამო გადაადგილებაც კი უჭირთ.
„ნაწილობრივი მობილიზაცია“ რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო. ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, მობილიზაცია მხოლოდ რეზერვში მყოფ და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეებს უნდა შეხებოდა.
აზერბაიჯანის პატიმრების საქმეთა სახელმწიფო კომისია აცხადებს, რომ აღმოაჩინა, როგორც თავად ამბობს, მისი ჯარისკაცების მასობრივი სამარხი. ისინი, სავარაუდოდ, სომეხმა სეპარატისტულმა ძალებმა 1991-1994 წლებში, სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო მომხდარი ომის დროს დახვრიტეს.
ამ სოფელში აზერბაიჯანელების კიდევ ერთი მასობრივი სამარხი მიმდინარე წლის თებერვალშიც აღმოაჩინეს.
მთიანი რეგიონის გამო ბაქოსა და ერევანს შორის ორი მასშტაბური ომი გაიმართა – 2020 და 1991 წლებში.
„სოფელ ედილში აღმოაჩინეს ყარაბაღის პირველი ომის დროს ნაწამები და სიკვდილით დასჯილი აზერბაიჯანელი სამხედროების მასობრივი სამარხი“, – დაწერა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა, ჰიქმეტ ჰაჯიევმა ოთხშაბათს Twitter-ზე.
მისივე თქმით, 1990-იანი წლების ომის შემდეგ 4000 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. „სომხეთი უარს ამბობს მასობრივი სამარხების ადგილმდებარეობის გამხელაზე“, – წერს ის.
აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეთა, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელმწიფო კომისიის წარმომადგენელი ნამიგ ეფენდიევი აზერბაიჯანულ მედიასთან ამბობს, რომ კომისიამ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად, პრეზიდენტის დავალებით, თებერვალში დაიწყო ტყვედ და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნა.
აზერბაიჯანის ომბუდსმენის ცნობით, ხოჯავანდის რაიონის სოფელ ედილის სამარხში აღმოჩენილ 12 ადამიანის ნეშტს, ხელ-ფეხი სიკვდილამდე ჰქონდა შეკრული. ნეშტებთან ნაპოვნი ნივთებით ვარაუდობენ, რომ ისინი სამხედროები იყვნენ.
„ალჯაზირა“ წერს, რომ თებერვლის შემდეგ მასობრივ სამარხებში სულ 25 ადამიანის ნეშტია აღმოჩენილი. ეფენდიევის თქმით, ხოჯავანდის სოფელ ედილში უახლოეს დღეებში განახლდება გათხრები.
კვირას, ორ ოქტომბერს, სომხეთმა აზერბაიჯანის ჯარები დაადანაშაულა ომის დანაშაულებების ჩადენაში, სექტემბერში მომხდარი სასაზღვრო შეტაკებების დროს.
ბოლო ომის შემდეგ უკვე სომხური მხარე აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ჟენევის კონვენციის აკრძალვის მიუხედავად, არაერთი სომეხი ტყვე აწამეს ან დახოცეს.
„არაერთი ვიდეო, რომლებიც რეგულარულად ქვეყნდება აზერბაიჯანელი მომხმარებლების მიერ სოციალურ მედიაში, ასახავს ომის დანაშაულებს, სომეხი სამხედრო ტყვეების მკვლელობებს, სომეხი სამხედროების წამებას, მათ შორის, ქალებისა და ცხედრების შეურაცხყოფას, რომლებიც ჩადენილია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ“, – წერია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში.
სექტემბერში მომხდარი შეიარაღებული შეტაკებისას მინიმუმ 286 ადამიანი დაიღუპა ორივე მხრიდან.
5 ოქტომბერს აჭარაში სკოლის მასწავლებლები 300-300 ლარით დააჯილდოვეს. 21 ათასი ლარი აჭარის განათლების სამინისტრომ გამოყო ბიუჯეტიდან.
მასალას გამოხმაურება მოჰყვა ფეისბუქში, სადაც ცალკეული სკოლების სახელით ადამიანები წერდნენ, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩნენ დაჯილდოებული პედაგოგები.
„მცირეა ეს გუნდი… სადაა ბათუმის მერვე სკოლის საუკეთესო პედაგოგები, რომლებიც აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ამ გუნდში, მაგრამ საქართველოში ხომ ყველაფერი შერჩევითიააა…“ – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
აჭარის განათლების სამინისტროს განცხადებით, დასაჯილდოებელი პედაგოგები განათლების რესურსცენტრებმა შეარჩიეს.
შერჩევის კრიტერიუმები იყო: სასკოლო თუ არაფორმალური განათლების ღონისძიებებში ჩართულობა, საგანმანათლებლო კონფერენციებში მონაწილეობა, წარმატებული მოსწავლეები, ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები, სასკოლო ცხოვრებაში შეტანილი წვლილი და სხვა.
აჭარის მასშტაბით სულ 70 მასწავლებელი დააჯილდოვეს.
დაჯილდოება მასწავლებლის საერთაშორისო დღეს უკავშირდება.
ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში კრემლის მიერ დანიშნული პირები იუწყებიან, რომ კრემენაიასა და სვატოვოში სოციალური და სამედიცინო დაწესებულებების ევაკუაცია დაიწყეს.
ინფორმაციას კრემლის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ელჩი რუსეთში, როდიონ მიროშნიკი ამბობს, რომ „ქალაქში (კრემენაია) უკვე ნაკლები ხალხია, ძირითადი სოციალური დაწესებულებები ევაკუირებულია“.
მისი თქმით, კრემენაიას ჯერ კიდევ აკონტროლებენ „მოკავშირეთა ძალები“, თუმცა სოფლების – სივერსკისა და ტორსკოეს რაიონებში უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფები შენიშნეს, დაახლოებით 10 ათასი ადამიანი.
მიროშნიკის ინფორმაციით, „ადგილობრივი სამედიცინო და სოციალური დაწესებულებები ევაკუირებულია“ სვატოვოშიც.
დენის პუშილინი, რომელიც რუსებმა ოკუპირებული დონეცკის ოლქის დროებით ხელმძღვანელად დანიშნეს, ასევე იუწყება, რომ კრემენაიას რაიონში მათი სამხედროები თავდაცვის ხაზს ამაგრებენ.
მისი ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კრემენაია-სვატოვოს გზის დაკავებას ცდილობენ, თუმცა წინააღმდეგობას აწყდებიან.
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ ოლქში 6 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის მომხრეები სვატოვოს ტოვებენ, დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან „ოკუპანტების მომხრეებით სავსე სამი ავტობუსი გავიდა.“
ისტორიკოსი, მწერალი, პულიცერის პრემიის მფლობელი ენ ეპლბაუმი ფესტივალს ონლაინ ესწრებოდა. მან ვრცელი სიტყვით მიმართა ბათუმში, ფესტივალზე მისულ სტუმრებს.
მოგვიანებით კი დისკუსია გაიმართა, რომლის მოდერატორი მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე იყო.
„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ენ ეპლბაუმის სიტყვას, რომელიც მან ბათუმში გამართულ ოდესის მერვე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე წარმოთქვა.
ოდესის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც წელს ბათუმში იმართება უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ამერიკელმა მწერალმა ენ ეპლბაუმმა გახსნა
„1932-33 წლების შემზარავ ზამთარში, მოსკოვიდან, კიევიდან, ხარკოვსა და მიმდებარე სოფლებიდან მოსული კომუნისტური პარტიის აქტივისტთა ბრიგადები უკრაინის სოფლებში კარდაკარ დადიოდნენ და საჭმელს დაეძებდნენ. გადამალული ხორბლის ძებნაში ბრიგადები ბოსტნებს თხრიდნენ, კედლებს ანგრევდნენ, საკვამურ მილებს გრძელი ჯოხებით ჩხრეკდნენ, პირუტყვს მიერეკებოდნენ და პომიდვრის ნერგებიც კი მიჰქონდათ. მათი რეიდების შემდეგ უკრაინელები ვირთხებით, ბაყაყებით, ბალახის სალაფავით იოკებდნენ შიმშილს, ხის ქერქსა და ტყავს ღრღნიდნენ. დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანი შიმშილით დაიხოცა.
მიუხედავად ამისა, აქტივისტების უმრავლესობა თავს დამნაშავედ არ თვლიდა. საბჭოთა პროპაგანდა მათ იმ აზრს უნერგავდა, რომ ის გლეხები, ვინც შეძლებულად მიაჩნდათ და ვისაც „კულაკებს“ უწოდებდნენ, მავნებლები, მტრები, საბოტაჟის მომწყობები იყვნენ, რომ ეს მდიდარი მიწათმფლობელები პროლეტარიატს იმ უტოპიური მიზნის მიღწევაში აფერხებდნენ, რასაც მათ ლიდერები დაჰპირდნენ. მათ ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ კულაკები პარაზიტებივით ან ბუზებივით უნდა გაენადგურებინათ. კულაკების საკვებს ქალაქებში მცხოვრებ მშრომელებს გადასცემდნენ, ვინც მას მათზე მეტად იმსახურებდა.
აქტივისტებს ეს გულწრფელად სჯეროდათ. წლების შემდგომ საბჭოთა კავშირიდან გამოქცეული, წარმოშობით უკრაინელი ვიქტორ კრავჩენკო ჰყვებოდა, როგორი განცდა იყო ამ ბრიგადების წევრობა. „სულიერი ტანჯვის თავიდან ასაცილებლად გიწევდა, მოვლენებისთვის სანახევროდ თვალებმოხუჭულს გეცქირა“, – წერს ის, -„გონებასაც სანახევროდ ვიხშობდით. პანიკურად ვიმართლებდით თავს და მწარე ცოდნას ვისხლეტდით, როგორც „გაზვიადებასა“ და „ისტერიას“.
ის ასევე გვიამბობს, პოლიტიკური ჟარგონითა და ევფემიზმებით როგორ ახერხებდნენ თავიანთი ქმედებების რეალობის შენიღბვას. მისი ჯგუფი საუბრობდა „გლეხთა ფრონტისა“ და „კულაკთა საფრთხის“ შესახებ, ასევე იყენებდნენ ტერმინებს „სოფლის სოციალიზმი“ და „კლასობრივი წინააღმდეგობა“, ნაცვლად იმ ადამიანების დასახელებისა, ვისაც საკვებს ართმევდნენ.
ლევ კოპელევი – კიდევ ერთი საბჭოთა მწერალი, რომელიც ახალგაზრდობაში აქტივისტთა ასეთ ბრიგადაში მსახურობდა (მოგვიანებით კი რამდენიმე წელი გულაგში გაატარა), მსგავს შეხედულებებს გვიზიარებს. ისიც თვლის, რომ კლიშეები და იდეოლოგიური მეტყველება თავისი ქმედებების გამართლებას უადვილებდა – საკუთარი თავის წინაშეც კი:
„თავს ვირწმუნებდი: სიბრალულს არ უნდა დავნებდე, სიბრალული ასუსტებს. ჩვენ ისტორიულ აუცილებლობას ვახორციელებდით. ჩვენს რევოლუციურ ვალს ვიხდიდით. ვაგროვებდით პურს სოციალისტური სამშობლოსთვის, ხუთწლიანი გეგმის შესასრულებლად…“ უფრო მაღალი პრიორიტეტების ფონზე სოციალისტებს გლეხები არ ეცოდებოდათ. მათი აზრით, ისინი არსებობას არ იმსახურებდნენ. მათი სამეურნეო დოვლათი მალე საერთო საკუთრებად გადაიქცეოდა.
მაგრამ „კულაკები“ მდიდრები სულაც არ იყვნენ. ისინი შიმშილით იხოცებოდნენ. სოფელს დოვლათი არ ჰქონდა: ის გაუდაბურდა. აი, როგორ იხსენებს მოვლენებს კრავჩენკო მრავალი წლის შემდეგ დაწერილ მემუარებში:
„დიდი რაოდენობით სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი და ტექნიკა, რომელსაც კერძო მფლობელები თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ, ახლა ღია ცის ქვეშ უწესრიგოდ ეყარა – ჭუჭყიანი, დაჟანგული, წყობიდან გამოსული. გლეხებისთვის წართმეული ძროხები და ცხენები, ნაკელში ამოთხვრილები, უპატრონოდ დაეხეტებოდნენ. ასევე ღია ცის ქვეშ მიყრილ ხორბალს ქათმები, ბატები და იხვები ქექავდნენ“.
ეს სინამდვილე, რომელიც მან საკუთარი თვალით ნახა, მეხსიერებაში მკვეთრად ჩაებეჭდა. მაგრამ იმ დროს, როდესაც ყველაფერ ამას ხედავდა, მაინც პოულობდა შესაძლებლობას, მოვლენებისთვის საპირისპირო მნიშვნელობა მიენიჭებინა. ამ მხრივ კრავჩენკო ერთადერთი არ ყოფილა.
საბჭოთა მწერალი ვასილ გროსმანი რომანის „ყოველივე მიედინება“ ერთ-ერთი პერსონაჟის პირით ასეთ სიტყვებს წარმოთქვამს: „ჯადოს ზეგავლენის ქვეშ აღარ ვარ, ახლა ვხედავ, რომ კულაკებიც ადამიანები იყვნენ. მაგრამ რატომ მქონდა გული ასე გაყინული მაშინ, როდესაც ჩემს გარშემო ასეთი ცოდვა-ბრალი ტრიალებდა? სიმართლე ისაა, რომ მაშინ ისინი მართლა არ მიმაჩნდა ადამიანებად. გარშემო სულ ეს მესმოდა: ადამიანები კი არა, ნაძირალა კულაკები არიანო, ამასვე ვუმეორებდი საკუთარ თავს…“
იმ მოვლენებიდან ოთხმოცდაათი წელი გავიდა. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. კოპელევის, კრავჩენკოსა და გროსმანის ტექსტები დიდი ხანია ხელმისაწვდომია ყველა მსურველისათვის რუსეთში. რუსულ თუ სხვა ენებზე უამრავი წიგნიც დაიწერა საბჭოთა სისტემის, მის მსხვერპლთა დეჰუმანიზაციისა და სინამდვილის შენიღბვის მისეული უნარის შესახებ.
ერთ დროს დარწმუნებულები ვიყავით, რომ ამგვარ რამეებზე საუბარი, ამის გამეორება თავისთავად უკვე საკმარისი იქნებოდა, რათა მსგავსი რამ აღარასოდეს გამეორებულიყო. 1980-იანების დასაწყისში, „გლასნოსტის“ პერიოდში სტალინური რეჟიმისა და გულაგის შესახებ წიგნები რუსეთში ბესტსელერებად იქცა. მას შემდეგ განწყობა შეიცვალა.
იგივე წიგნები რუსეთში თეორიულად კვლავაც ხელმისაწვდომია, მაგრამ მათ არავინ კითხულობს. რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული საზოგადოება, „მემორიალი“, ხელისუფლების ზეწოლით დაიხურა. მსხვერპლთა მუზეუმები და მონუმენტები უმნიშვნელოა და უყურადღებოდაა დარჩენილი. მთავარი კი ისაა, რომ რეალობის შეცვლისა და მტრების დეჰუმანიზაციის უნარი რუსეთის სახელმწიფოს დღეს ისე აქვს გაძლიერებული, როგორც არასოდეს.
დღევანდელობა მოზომილ აგრესიას მოითხოვს: პუტინის რუსეთში დაპატიმრებებს ისეთი მასშტაბური ხასიათი არ აქვს, როგორც სტალინის პერიოდში. მაგრამ ისინი, შესაძლოა, არცაა საჭირო, რადგან პროპაგანდის თანამედროვე საშუალებები ბევრად უფრო ეფექტურია. დღევანდელ რუსეთში ინფორმაციის მთავარ წყაროს სახელმწიფო ტელეარხები წარმოადგენს და ისინი ბევრად უფრო კომპლექსურია, უფროა ორიენტირებული გართობაზე, უფრო მოხდენილია, ვიდრე სტალინის ეპოქის ხრიალა რადიო. ხოლო სოციალური მედია, რომელიც ყოველ ადამიანს ინდივიდუალურად მორგებულ მსოფლმხედველობას სთავაზობს, ბევრად უფრო ქმედითი და დამაჯერებელია, ვიდრე უხარისხოდ ნაბეჭდი საბჭოთა გაზეთები იყო.
თუმცა შეიცვალა პროპაგანდის არსიც. სტალინის საბჭოეთი, ისევე, როგორც, გარკვეულწილად ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის საბჭოეთი, მოსახლეობას მომავლის ლამაზ, უტოპიურ სურათს უხატავდა, ადამიანებს სწამდათ, რომ იმაზე უკეთეს სამყაროს აშენებდნენ, ვიდრე ის, რაშიც ცხოვრობდნენ.
ამ სახელმწიფო კურსზე ყოველ ნაბიჯზე გაკრული სურათები მიანიშნებდა: მოღიმარი სახეები, ახალთახალი ტრაქტორები, თავდადებული მშრომელები, ქარხნები, რომლებიც ფოლადის რეკორდულ რაოდენობას უშვებდნენ და ყანები, სადაც აუარება ხორბლეული მოჰყავდათ. თითოეული ადამიანი ვალდებული იყო, პროპაგანდის ნაწილი ყოფილიყო: მისი გამეორება და დაჯერება ევალებოდა, ან, თუნდაც, თავი უნდა მოეჩვენებინა, თითქოს ამის სწამდა.
დღევანდელი რუსული პროპაგანდა ამგვარ აქტიურ, ფსევდო-ოპტიმისტურ თვალთმაქცობას აღარ მიმართავს.
სახელმწიფოს აღარ სჭირდება აქტიური მოქალაქე, მას აპათიური, ცინიკური, უგრძნობი ადამიანები სჭირდება. უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობა ისე ცხოვრობდა და ისე ასრულებდა თავიანთ მოვალეობებს, რეჟიმს ყურადღებას არ აქცევდა. იცოდნენ, რომ თუკი პოლიტიკას არ შეეხებოდნენ და სოციალური ცხოვრებისაგან განზე გადგებოდნენ, მაშინ არ გაიზიარებდნენ ანა პოლიტკოვსკაიას ბედს, რომელიც საკუთარ სადარბაზოში მოკლეს, არც მიხეილ ხოდორკოვსკისას, რომელმაც ათი წელი ციხეში გაატარა, არც ალექსეი ნავალნისას, რომელიც ჯერ მოწამლეს, შემდეგ კი დააპატიმრეს.
საბჭოთა რუსეთთან კიდევ უფრო მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ დღეს რუსეთში არავისგან არ მოითხოვენ იმის დაჯერებას, რასაც მათი ტელევიზია იუწყება.
ცხადია, საბჭოთა რადიო და ტელევიზია ტყუოდა, მაგრამ ამ ტყუილების დამაჯერებელ ფორმაში მოქცევას მაინც ცდილობდა. მათ დამამტკიცებელი საბუთები და მოწმობები მოჰყავდათ. მათი ტყუილში დადანაშაულება განრისხებას იწვევდა. ხოლო პუტინის რუსეთის ჟურნალისტები და პოლიტიკოსები სხვა თამაშს თამაშობენ. ისინი გამუდმებით, ცალსახად, აშკარად ტყუიან. თავიანთი სიტყვების დამტკიცებით თავსაც კი არ იწუხებენ.
როდესაც 2017 წელს უკრაინის თავზე მალაიზიური ავიალაინერი MH17 აფეთქდა, რუსულმა მედიამ ამას დუმილით როდი უპასუხა, არამედ რამდენიმე მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი ვერსია გაახმოვანა და ყველას, დაწყებული უკრაინით და დამთავრებული ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო უწყებით, მზაკვრულ შეთქმულებაში ადანაშაულებდა, რომლის შედეგადაც ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა და რომლის მიზანიც ვითომდა რუსეთის დისკრედიტაცია და ცილისწამება იყო.
ამ „სიცრუეთა ფოირვერკის“ შედეგი ისევ და ისევ აპათიაა. ამდენი ურთიერთსაპირისპირო განმარტების შემდეგ, როგორ უნდა დაიჯერო რაიმე? იქნებ საერთოდ ყველაფერი ტყუილია?
საბჭოეთისაგან განსხვავებით, დღევანდელი რუსული პროპაგანდა უტოპიას კი არ ქმნის, არამედ ყურადღებას მტრებზე ამახვილებს. რუსებს ძალზე ცოტა ინფორმაციას აწვდიან იმის შესახებ, თუ რა ხდება მათ ქალაქებსა და სოფლებში ან თუნდაც მათ მეზობელ ქუჩაზე. ამის გამო მათ, საბჭოთა მოქალაქეებისაგან განსხვავებით, სინამდვილესა და გამონაგონს შორის შექმნილი უფსკრულის გადალახვა არ უწევთ.
ნაცვლად ამისა, მათ უამბობენ იმ შორეული ადგილების შესახებ, რომლებსაც არ იცნობენ და სადაც, როგორც წესი, არასოდეს ყოფილან: ამერიკისა და ევროპის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის, შვედეთისა და პოლონეთის შესახებ; მათ გამუდმებით ამცნობენ, რომ იქ ზნედაცემულობა, თვალთმაქცობა და „რუსოფობიაა“ გაბატონებული.
2014-2017 წლებში რუსული ტელევიზიის კვლევამ აჩვენა, რომ უარყოფითი შინაარსის ახალი ამბები ევროპიდან სამ მთავარ რუსულ არხზე, რომლებიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული, დღის განმავლობაში საშუალოდ 18-ჯერ გადის. ზოგიერთი ამბავი გამოგონილია („გერმანიის ხელისუფლება ძალდატანებით ართმევს ოჯახებს ბავშვებს და გეი-წყვილებზე აშვილებს“), თუმცა სიმართლეც ნარატივის გარკვეულ ჩარჩოებშია ჩასმული.
ამ ახალ ამბებს თუ დავუჯერებთ, ევროპის ქვეყნების ყოველდღიური ცხოვრება საშიში და უწესრიგოა, ევროპელები სუსტები და უზნეოები არიან; ტერორიზმი მძვინვარებს და მოსახლეობა მუდმივ შიშში ცხოვრობს. ევროკავშირი აგრესიულ ინტერვენტადაა წარმოდგენილი, რომელიც უკრაინას ხან ბირთვული ნარჩენების ნაგავსაყრელად აქცევს, ხანაც თავის „რუსოფობიურ“ პოლიტიკას ახვევს თავს.
მიუხედავად აგრესიისა და შიშის გაუთავებელი დრამისა, რომელიც რუსულ ტელევიზიაში ყოველ საღამოს თამაშდება, ბოლო დრომდე უკრაინა მაინც განსაკუთრებულ როლს ასრულებდა. რუსული პროპაგანდის თანახმად, ეს ფიქციური ქვეყანაა, რომელსაც არც ისტორია გააჩნია, არც სახელმწიფოებრიობა, რომელიც სხვა არაფერია თუ არა „სამხრეთ-დასავლეთი რუსეთი“, თვით პუტინის სიტყვებით, რუსული „ისტორიის, კულტურისა და სულიერი სივრცის“ განუყოფელი ნაწილი. მეტიც: ეს უკანონო სახელმწიფო რუსეთის ამერიკელმა და ევროპელმა ზნედაცემულმა მტრებმა შეაიარაღეს და მტრულ „ანტი-რუსეთად“ აქციეს. პუტინის თქმით, უკრაინა „მთლიანად გარეშე ძალების მიერ იმართება“ და არსებითად „მარიონეტული რეჟიმის მქონე კოლონიაა“. მისივე თქმით, უკრაინას თავს დაესხა, რათა დაეცვა მათგან, „ვინც ეს ქვეყანა მძევლად აიყვანა და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ იყენებს“.
სინამდვილეში, პუტინი უკრაინას სწორედ იმ მიზნით დაესხა თავს, რომ იგი მარიონეტული რეჟიმის მქონე კოლონიად ექცია. მას არ წარმოუდგენია, რომ უკრაინაში შეიძლება სხვა რეჟიმი არსებობდეს, რადგან დღემდე კგბ-ს გავლენის ქვეშ მყოფი მისი წარმოსახვა არ უშვებს დამოუკიდებელი პოლიტიკის, საზოგადოებრივი ინიციატივისა და თავისუფალი აზრის შესაძლებლობას.
პუტინის, რუსული ტელევიზიისა და დღეს უკვე რუსი მოსახლეობის უმრავლესობის რიტორიკით, უკრაინელებს საკუთარი აზრის უფლება არ გააჩნიათ. მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთება, არ შეუძლიათ, თვითონ აირჩიონ საკუთარი მთავრობა. ისინი ადამიანებიც კი არ არიან – ისინი „ნაცები“ არიან. ამიტომ, კულაკების მსგავსად, ისინიც დაუფიქრებლად, დაუნანებლად უნდა განადგურდნენ.
დღეს სწორედ ეს ხდება.
უნდა შევნიშნო, რომ გენოციდურ მეტყველებასა და გენოციდურ ქმედებას შორის კავშირი არც ავტომატურია და არც წინდაწინ პროგნოზირებადი. ადამიანებმა შეიძლება ერთმანეთი დაამცირონ, შეურაცხყონ, ერთურთს სიტყვიერად დაემუქრონ, მაგრამ ერთმანეთი მაინც არ დახოცონ.
და, თუმცა მასობრივი სიძულვილის გამონათქვამს აუცილებლად როდი მოჰყვება მასობრივი ჟლეტა, ისიც მართალია, რომ მასობრივი ჟლეტა ასეთი გამონათქვამების გარეშე არასოდეს მომხდარა.
რეტროსპექტივაში შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ შექმნილი პროპაგანდისტული მანქანა (დაწყებული რუხკოსტიუმიანი „აპარატჩიკებითა“ და ჯარის პოლკოვნიკებით და დამთავრებული მოხდენილად ჩაცმული და დავარცხნილი ტელეწამყვანი ქალებით) იდეალურად ასრულებს მასობრივი მკვლელობებისა და რუსი ხალხისაგან მათი დამალვის ამოცანას. თუმცა წინასწარვე იცოდნენ, რომ „ანტი-რუსეთის“ არარსებული სახელმწიფოს მოქალაქეების, „ნაცების“ განადგურება სიბრალულს არ გამოიწვევდა იმ აუდიტორიაში, რომელიც შეჩვეულია, ყველაფერს სკეპტიკურად და ცინიკურად შეხედოს, განსაკუთრებით – ამერიკისა და ევროპის უკრაინელ „მარიონეტებს“.
ომის პირველივე დღეებიდან ნათელი იყო, რომ რუს სამხედროებს მილიონობით უკრაინელი ადამიანის დახოცვა, დასახიჩრება და უსახლკაროდ დატოვება ჰქონდათ განზრახული.
ისტორიას სხვა მასობრივი თავდასხმებიც ახსოვს: მოკავშირეთა მიერ დრეზდენის დაბომბვა, გერმანიის მიერ კოვენტრის დაბომბვა თუ ჰიროშიმასა და ნაგასაკის ტრაგედია. მაგრამ ეს ყოველივე მრავალწლიანი ევროპული კონფლიქტის, ისტორიაში უსასტიკესი ომის დასასრულს მოხდა. ამის საპირისპიროდ, მარიუპოლის ნგრევა და მისი მოსახლეობის ჟლეტა უმიზეზოდ დაწყებული კონფლიქტის პირველივე დღეებში დაიწყო და ერთადერთ მიზნად ამ რუსულენოვანი ქალაქის დაცარიელებას ისახავდა. განადგურდა შენობების 90%; ინდუსტრიული ობიექტები და ინფრასტრუქტურა, რომელსაც სხვა დამპყრობელი ჯარი თავის სასარგებლოდ შეინარჩუნებდა, საცხოვრებელ კორპუსებთან, სკოლებთან, საავადმყოფოებთან ერთად მიწასთან იქნა გასწორებული.
გაჩაღებული ბრძოლის პერიოდში სამოქალაქო მოსახლეობა ქალაქში აღმოჩნდა დამწყვდეული საკვების, წყლის, მედიკამენტების გარეშე. კაცები, ქალები და ბავშვები შიმშილითა და უწყლობით იხოცებოდნენ. ვინც გაქცევას ცდილობდა, ესროდნენ. ვინც აუცილებელი საგნების შემოტანას ცდილობდა, მათაც ესროდნენ. დახოცილ უკრაინელ მოქალაქეთა და რუს სამხედროთა გვამები ქუჩებში ეყარა.
მაშინაც კი, როდესაც ეს შემზარავი დანაშაული მთელი მსოფლიოს თვალწინ ჩაიდინეს, დღეს, როდესაც ყველაფერს ტელეკამერები აფიქსირებს და თითოეული მობილური ფოტოკამერითაა აღჭურვილი, რუსეთის ხელისუფლებამ მაინც მოახერხა, თავისი ხალხისაგან სიმართლე დაემალა. ისევე, როგორც სტალინურ წარსულში, ამისთვის პროპაგანდის ენა მოიშველია.
რუსულ მედიაში იმას, რაც ხდება, თავდასხმა კი არა, – „სამხედრო სპეცოპერაცია“ ეწოდება. მომხდარი უკრაინელთა მასობრივ მკვლელობად კი არა, რუსეთის მიერ უკანონოდ დაკავებული აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობის „დაცვად“ გასაღდა, გენოციდი „კიევის რეჟიმის მიერ ჩადენილი გენოციდისაგან თავდაცვად“ გამოცხადდა.
ომის დაწყების წინა დღეებში პუტინმა გაიმეორა ათი წლის წინანდელი პროპაგანდისტული გამონათქვამი დასავლეთის ვერაგობის შესახებ და რუსების უმრავლესობისთვის ნაცნობი და გასაგები ენა გამოიყენა: „ისინი ჩვენი ტრადიციული ფასეულობების განადგურებას და ჩვენში თავიანთი ყალბი ფასეულობების დანერგვას ცდილობენ, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას შიგნიდან დაშლის; ეს ის შეხედულებებია, რომლებიც მათ თავიანთ ქვეყნებში ძალადობრივად დანერგეს და რომლებსაც საზოგადოება დეგრადაციისა და უზნეობისაკენ მიჰყავს, რადგან ეს შეხედულებები ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება“.
თუკი შიმშილი აუცილებელი იყო იმ საფრთხესთან საბრძოლველად, რასაც კულაკები შეადგენდნენ, ეს ომი აუცილებელია დემოკრატიული სამყაროს „ყალბი ფასეულობებით“ შექმნილი საფრთხისგან თავის დასაცავად. მათთვის, ვინც მარიუპოლის ნგრევის გამო თუნდაც მცირედ სინდისის ქენჯნას განიცდის, მარტივი გამართლება მოიძებნა: მარიუპოლი უბრალოდ მცირე ნაწილი იყო იმ საფრთხისა, რომელიც რუსეთის არსებობას ემუქრებოდა და რომლის მოსპობაც ადრე თუ გვიან აუცილებელია.
გამართლება მოიძებნა მათთვისაც, ვინც, შესაძლოა, მარიუპოლის ნანგრევების ფოტოებს მოჰკრა თვალი: 24 მარტს რუსეთის ტელევიზიამ გადმოსცა დრონით გადაღებული კადრები – შესაძლოა, CNN-სგან მოპარული. მაგრამ ნაცვლად საკუთარი დანაშაულის აღიარებისა, მათ ეს ნგრევა უკრაინელებს გადააბრალეს. ერთ-ერთმა ტელეწამყვანმა ქალმა დარდიანი კილოთი გააკეთა ამ კადრების კომენტარი: „შემზარავი სურათია. [უკრაინელი] ნაციონალისტები იმეორებენ, რომ ქვას ქვაზე არ დატოვებენ“.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა რადიკალური სამხედრო დაჯგუფება „აზოვი“ მარიუპოლის დრამატული თეატრის აფეთქებაში დაადანაშაულა, სადაც ასობით ბავშვი იყო შეფარებული. რად უნდა დასჭირვებოდათ უკრაინელ რადიკალურ პატრიოტებს უკრაინელი ბავშვების დახოცვა? ესეც, ისევე, როგორც მრავალი სხვა რამ, არავის განუმარტავს. რუსი სატელევიზიო ანალიტიკოსები გაწვრთნილი არიან, ყველაფერში მცირედი ეჭვი შეიტანონ: როდესაც არაფერია დაზუსტებით ცნობილი, არც ვინმეს დადანაშაულებაა შესაძლებელი. შესაძლოა, „ნაციონალისტებმა“ დაანგრიეს მარიუპოლი. შესაძლოა, არა. დასკვნები არ კეთდება და, შესაბამისად, არც დამნაშავეა ცნობილი.
მსგავსი მეთოდი დღემდე მოქმედებს.
დღესაც კი, როდესაც მობილიზაციაა გამოცხადებული, რუსეთის საზოგადოება მეტწილად დუმს. დამნაშავეების უმეტესობას თავი მართლად მიაჩნია.
რუსი ჯარისკაცების ოჯახებთან სატელეფონო საუბრების გასაჯაროებამ – ისინი ჩვეულებრივ სიმ-ბარათებს იყენებენ, ამიტომაც მათი მოსმენა რთული არაა – აჩვენა, რომ ისინი უკრაინელთა მიმართ სიძულვილს განიცდიან. ერთი ჯარისკაცი ქალს ეუბნება: „მანქანა დავცხრილე, დავხოცე ეს ნაბიჭვრები!“ ქალი პასუხობს: „მთავარია, შენ გადარჩე. იმათზე ახია. მაგ ნარკომან ნაცებზე“. საუბრობენ იმაზე, თუ როგორ იპარავენ ტელევიზორებს, სვამენ კონიაკს და ხალხს ტყეში ხვრეტენ. მსხვერპლი, თუნდაც თავისიანი, არ ეცოდებათ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში გაოცებაც კი გამოთქვა იმის გამო, რომ რუსი ჯარისკაცები მათივე დაღუპული თანამებრძოლების გასახვევად უკრაინელებს ნაგვის ტომრებს აძლევენ: „გარდაცვლილ ძაღლსა თუ კატასაც კი მეტი პატივისცემით ეპყრობიან“.
ეს არ არის ძალადობის ენთუზიაზმი: ესაა ყოველგვარი ძალადობისა და უზნეობის მიმართ გულგრილობა. რუსეთის მთავრობის მცდელობაც კი, „Z“-კამპანიის მეშვეობით ომისთვის აუცილებელი ცოტაოდენი პატრიოტული სულისკვეთება მაინც შეექმნა, როგორც ჩანს, უშედეგო აღმოჩნდა: ეს სიმბოლო მხოლოდ ოფიციალურ მედიაში არსებობს და არა რეალურ ცხოვრებაში.
რუსი მოქალაქეები და რუსი სამხედროები ომს იმიტომ დაეთანხმნენ, რომ საკუთარი ისტორიის გაკვეთილებმა მათთვის უკვალოდ ჩაიარა, რადგან უკრაინის შიმშილის, გულაგისა და 1937-38 წლების ტერორის გააზრება და მონანიება არ მომხდარა. არ ყოფილა ისეთი წამი, რომ დამნაშავეებს სინანული გამოეთქვათ.
კოპელევები და კრავჩენკოები უმცირესობაში აღმოჩნდნენ და გულგრილობის უსაზღვრო ოკეანეში მხოლოდ ციცქნა ტალღებს ქმნიდნენ.
„ისინი ადამიანები არ არიან – ნაძირალა კულაკები არიან“, – ეს ცოდნა ამშვიდებდა იმ საბჭოთა მოქალაქეებს, ვინც სიმართლე იცოდა.
დანარჩენთა უმრავლესობას სიმართლის გაგება არც უცდიათ. უკრაინაში გამართული ომი სწორედ ამის შედეგია. ამან კიდევ ერთხელ უნდა შეგვახსენოს, რომ ისტორიის გაკვეთილების ათვისება აუცილებელი იყო და არის, როგორც დღეს, ისე შორეულ წარსულშიც“.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, რუსეთმა მესამე ქვეყნების დახმარებით ასობით ათასი ჯავშანჟილეტისა და ზამთრის ტანსაცმლის კომპლექტის ყიდვა სცადა, თუმცა თურქეთისგან უარი მიიღო.
მინისტრის თქმით, რუსეთში „მობილიზაცია“ ფაქტობრივად ჩავარდა, ხელისუფლება ახალი კონტინგენტის უზრუნველყოფას ვერ ახერხებს.
„დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს თურქეთიდან, ჩვენი პარტნიორებისგან, რომ რუსები მესამე ქვეყნების გავლით ცდილობდნენ 200 ათასი ჯავშანჟილეტისა და ზამთრის ტანსაცმლის – 500 ათასი კომპლექტის ყიდვას. ეს ნიშნავს, რომ მათ ამ მხრივ ძალიან უჭირთ. თურქმა პარტნიორებმა, სხვათა შორის, მათ უარი უთხრეს,“ – ამბობს რეზნიკოვი.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩავარდნა რუსეთში რეჟიმის ცვლას გამოიწვევს.
„ჩემი აღქმაა, რომ ეს არის კრემლის ახლანდელი რეჟიმის სრული კრახი. შესაბამისად, ისინი დაიწყებენ რაღაც საკადრო ცვლილებებს, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩავარდნაში ვინმეს დაადანაშაულებენ, დიდი ალბათობით, რუს სამხედროებს. მათ ვინმე თავი სჭირდებათ, მაგრამ რეჟიმი ამას უკვე ვეღარ გაუძლებს. აუცილებლად იქნება ცვლილება, იქნება „იდეალური შტორმი“ რუსეთში.
ჩვენ კი ამ მომენტში, ჩვენი პარტნიორების დახმარებით, კვლავაც ვივლით წინ, გავაგრძელებთ კონტრშეტევის ოპერაციას და მოვემზადებით იმისთვის, რომ რუსეთის ახალ ხელისუფლებასთან, ისევ ჩვენი პარტნიორების დახმარებით, შესაძლებელი იქნება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების განხილვა და ეს მიგვიყვანს ომის დასასრულთან და ჩვენს საზღვრებთან, რომლებიც 1991 წელს საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა,“ – აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
გამოცემა BBC-ის ინფორმაციით, სულ მცირე 36 ადამიანი, მათ შორის 24 ბავშვი დაიღუპა ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთში, საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად – ბაღს პისტოლეტითა და დანით შეიარაღებული კაცი დაესხა თავს.
შემთხვევა ნონგბუალამპხუს პროვინციაში მოხდა. ტაილანდის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, თავდამსხმელმა მოკლა ცოლი, შვილი და თავიც მოიკლა.
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, თავდამსხმელი კაცი 34 წლის პანია კამბარია, რომელიც გასულ წელს პოლიციიდან დაითხოვეს ნარკოტიკების მოხმარების გამო.
მსგავსი თავდასხმები ტაილანდში იშვიათად ხდება.
შეიარაღებული კაცი საბავშვო ბაღის შენობაში სადილის შემდეგ შეიჭრა და ესროლა რამდენიმე თანამშრომელს, მათ შორის 8 თვის ორსულ აღმზრდელს.
მთავარ ფოტოზე: ბაღი ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც დღეს, 6 ოქტომბერს, შეიარაღებულმა კაცმა ბავშვები და პერსონალი დახოცა/ადგილობრივი მედიაგამოცემა Nationthailand.com
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოქტომბრის დასაწყისიდან ხერსონის ოლქში დაახლოებით 400 კმ 2 ტერიტორია გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის ძალების საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა უთხრა.
„გვაქვს საკმაოდ დამაჯერებელი წარმატება, მიმართულებებს არ ვასახელებთ, მაგრამ უკვე 400 კმ2-ზე მეტი ტერიტორიაა ხერსონის ოლქში ოკუპანტებისგან გათავისუფლებული და წინსვლას განვაგრძობთ,“ – განაცხადა გუმენიუკმა.
მისი თქმით, საერთო ჯამში, სამხრეთის მიმართულებაზე სიტუაცია კვლავაც რთულია და მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. უკრაინის ძალებმა ფრონტის სიღრმეში დაახლოებით 20 კილომეტრით წაიწიეს წინ.
დღეს დილით დიდი ბრიტანეთის დაზვერვა წერდა, რომ 2 ოქტომბრიდან უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში შეტევის ახალი ტალღა დაიწყო და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია.
ბათუმში, ანგისის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეჩვიდმეტე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ინფორმირებული პირის თქმით, ის კონკრეტულ ბინაში სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად იყო მისული.
„კორპუსის აივანს ჯერ კიდევ არ აქვს მოაჯირები, ახლა მონტაჟდება. ხელოსანი აივანზე არ უნდა გასულიყო, გასასვლელებიც დალუქულია, არავინ იცის, როგორ ან რატომ გადავიდა“, – ამბობს ადგილზე მყოფი პირი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს კაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
„პოეზია უბრუნდება თავის პირველად ფუნქციას ომის დროს – კურნავს ადამიანებს. აძლევს საშუალებას, განიცადოს მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ემოცია, გაუმკლავდეს მას და გაიაზროს,“ – თქვა უკრაინელმა პოეტმა, ჰალინა კრუკმა ბათუმში, ოდესის მერვე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე გამართული დისკუსიისას.
ფესტივალი ბათუმში გუშინ, 5 ოქტომბერს, დაიწყო. ის ცნობილმა მწერალმა, პულიცერის პრემიის მფლობელმა, ენ ეპლბაუმმა გახსნა.
ფესტივალის მეორე ნაწილი ქართველი და უკრაინელი პოეტების ლექსების კითხვას და დისკუსიას დაეთმო.
ქართველი ავტორებიდან პაატა შამუგია, გიორგი ლობჟანიძე და ნიკა ჯორჯანელი კითხულობდნენ ლექსებს, უკრაინელი ავტორებიდან კი – ოსტაპ სლივინსკი, ჰალინა კრუკი, ია კივა და დმიტრო ლაზუტნიკი.
„რა გახსენდებათ სიტყვაზე აბაზანა? შეიძლება წარმოიდგინოთ ოთახი, ან წარმოიდგინოთ დაბანა და ა.შ. ამ დროს ეს შეიძლება იყოს გასაქცევი ადგილი ადამიანისთვის, ვინც ემალება დაბომბვას.
ან სიტყვა ალუჩა – ამ სიტყვის უკან ამ ამბებში არის სულ სხვა ისტორია. ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ გემრიელი, თან მჟავე ხილი. აქ კიდევ ლაპარაკია ალუჩის ხეზე, რომელსაც იცავს 80 წლის მოხუცი ქალი. თან ისეთ საშინელ სიტუაციაში, როცა ქალაქს ბომბავენ, როცა ყველაფერს წვავენ, იმისთვის, რომ გათბნენ, ეს ქალი ეხვევა ამ ალუჩის ხეს და სთხოვს ყველას, რომ ეს ხე არ მოჭრან. და ბოლოს მასაც სამწუხაროდ დაღუპულს პოულობენ,“ – ასე წარადგინა პოეტმა, დისკუსიის მოდერატორმა ეკა ქევანიშვილმა უკრაინელი პოეტის ოსტაპ სლივინსკის ახალი წიგნი „ომის ლექსიკონი“.
ოსტაპ სლივინსკი
ოსტაპ სლივინსკიმ ვრცლად ისაუბრა ომის პირველ დღეებზე. პოეტის თქმით, ომის დაწყებისას მას არ შეეძლო არც წერა და არც ერთ ადგილას გაჩერება. ამიტომ მოხალისებრივ საქმიანობაში ჩაერთო და იმ უკრაინელებს ეხმარებოდა, რომლებიც რუსეთის აგრესიის გამო იძულებულნი გახდნენ, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.
„არაფერს არ ვაკეთებდი, როგორც ავტორი, მე ვუსმენდი ძალიან ბევრს. ესეც თავისებური მუშაობაა, როგორც ავტორის. ვიმახსოვრებდი ისტორიებს. მესმოდა, რომ ამ ისტორიების გაგება ამ ფორმით მხოლოდ ახლა შემიძლია, ამის დავიწყება შეუძლებელია და ეს ადამიანები, რომლებიც ჰყვებიან ამ ისტორიებს, ამ ამბებს ისინიც არ დაივიწყებენ. დრო როცა გავა, ისინი მოჰყვებიან ამ ამბებს, მაგრამ ისე ვერასდროს, როგორც ახლა, ამ წუთას,“- გაიხსენა ოსტაპ სლივინსკიმ.
ოსტაპ სლივინსკის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაწერილი მისი წიგნი „ომის ლექსიკონი“ ათ ენაზე ითარგმნება.
„სიტყვებმა შეიცვალეს თავისი მნიშვნელობა. ბევრს მოსწონს ასეთი ფორმა, იმიტომ, რომ ძალიან მოკლე ამბავია თითქოს დაწერილი და სხვადასხვა ხმა გვესმის და ერთსა და იმავე ამბის სხვადასხვა პერსპექტივას ხედავს. ესენი არიან ქალები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები, ბავშვები, ხელოვანები, მეომრები. ეს არის ომის მრავალხმიანობა,“ – თქვა ოსტაპ სლივინსკმა.
საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა პოეტმა პაატა შამუგიამაც.
„რაკი აფხაზეთიდან ვარ, ჩემგან სულ მოელიან იმას, რომ სულ მცირე ერთი-ორი ლექსი მაინც უნდა მქონდეს დაწერილი აფხაზეთის ომზე. ერთი ლექსიც არ დამიწერია აფხაზეთის ომზე.
ხშირად მიფიქრია ამაზე, რატომ ვცდილობ, ავერიდო ამ თემას. ვფიქრობ, რაღაცნაირად რეტრამვატიზაციას გავურბივარ ქვეცნობიერად. დარწმუნებით არ შემიძლია თქმა, მაგრამ მგონია, რომ ეს არის მიზეზი სხვა სადინარში ჩავაყენო სათქმელი და არა ამ მიმართულებით,“ – თქვა პაატა შამუგიამ.
რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. პოეტი ჰალინა კრუკი იმ ადამიანებს შორის იყო, ვინც პირველივე წამიდან მოხალისებრივი საქმიანობა დაიწყო. ჰალინა ლტოლვილადქცეულ უკრაინელებს ეხმარებოდა სხვა ქვეყნებში თავშესაფრის პოვნაში.
ჰალინა კრუკი
„როდის გაჩნდა მოთხოვნილება, რომ მელაპარაკა?
„24 თებერვლის მერე, როდესაც მე შევძელი საუბარი და წერა გავაგრძელე, ვწერდი უფრო პუბლიცისტურ ლექსებს. ეს იყო ლექსები, რომლებითაც ვცდილობდი გარკვეული შეტყობინება გამეგზავნა.
ლექსებს ვაქვეყნებდი ფეისბუქზე. დიდი რეაქცია ჰქონდა. ეს ტექსტები მე მეხმარებოდა ჩემს ემოციებს გავმკლავებოდი. უამრავი ადამიანი მწერდა, რომ ეს ლექსები ეხმარება მათ, იპოვონ სიტყვები, რათა გადააფასონ ის მოვლენები, რაც ხდება ჩვენ ირგვლივ.
მე არ ვარ მომხრე, რომ პოეზიამ რაღაც ფუნქცია უნდა შეასრულოს დღეს. პოეზია არის იმისთვის, რომ იყოს თავისუფალი. ვფიქრობ, პოეზია უბრუნდება თავის პირველად ფუნქციას ომის დროს – კურნავს ადამიანებს. აძლევს საშუალებას განიცადოს მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ემოცია, გაუმკლავდეს მას და გაიაზროს.
ომი, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში ხდება ახლა.
როცა ლექსებს ფეისბუქზე ვაქვეყნებდი, მას მაშინვე თარგმნიდნენ სხვადასხვა ენაზე. ხშირად მომისმენია, რომ ახალი ამბები საშუალებას აძლევდა ხალხს, მიეღო სტატისტიკური ინფორმაცია – რამდენი ადამიანი დაიღუპა, რა მასშტაბის იყო ნგრევა. ლექსებით კი ემოციებს შეიგრძნობდნენ, ემოციურ მესიჯებს იღებდნენ. ეს საშუალებას აძლევდა ხალხს, გაჟღენთილიყო იმ ემოციით, რომელიც არის უკრაინაში დღეს. თუკი მივუდგებით იმ საკითხს, როგორ შეიცვალა პოეზიის ენა და ფორმა, მე შევამჩნიე, რომ ჩვენ გავხდით გაცილებით ძუნწები სიტყვების გამოყენებაში. პოეზია თითქოს დანად იქცა, რომელიც ჭრიდა დროს, მოვლენებს,“ – თქვა ჰალინა კრუკმა.
დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმში ოდესის ლიტერატურული ფესტივალის მეორე დღეა. ფესტივალი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო წელს ბათუმში იმართება.
ბათუმში ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასები, დისკუსიები, წიგნების პრეზენტაციები და ავტორებთან შეხვედრები გაიმართება. ღონისძიებების დიდი ნაწილი ღიაა და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.
ფესტივალის დღევანდელი პროგრამა ასე გამოიყურება:
11:00-12:00 საათზე – შეხვედრა უკრაინელ საბავშვო მწერალ ჰალინა ვდოვიჩენკოსთან და წიგნის „36 და 6 კატა“ წარდგენა
უკრაინელი მწერლის, ჰალინა ვდოვიჩენკოს ეს ნაწარმოები უკრაინული სკოლის დაწყებითი და საშუალო კლასების პროგრამაშია შეტანილი.
ქუჩის კატების შესახებ დაწერილი ტეტრალოგიის პირველი ნაწილი 2015 წელს გამოიცა. ამბავი იმით იწყება, რომ 36 კატა და 6 კნუტი თავშესაფარს ქალბატონ კრეპოვასთან პოულობს და მის ძმისშვილს საკუთარი ბიზნესის წამოწყებაშიც კი ეხმარება. მოგვიანებით კატები ხდებიან დეტექტივები, ფეხბურთელები, თეატრის მსახიობები, ბოლოს კი კატების სამაშველო სამსახურსაც ჩამოაყალიბებენ.
ავტორი შეხვდება ბათუმში მცხოვრებ უკრაინელ დევნილ ბავშვებს.
შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება [26 მაისის ქუჩა #31] უკრაინულ ენაზე.
12:00-13:00 საათზე – შეხვედრა საბავშვო მწერალ თათია ნადარეიშვილთან და წიგნის „თინას ჰყოფნის გამბედაობა“ წარდგენა
ეს დახურული ღონისძიებაა მოსწავლეებისთვის. შეხვედრა ბათუმის I საჯარო სკოლაში გაიმართება.
ქართველი ილუსტრატორის, თათია ნადარეიშვილის წიგნი სიმამაცის, ცნობისმოყვარეობისა და მეგობრობის ამაღელვებელ და იდუმალ ამბავს მოგვითხრობს.
თინას მამასთან ერთად აღმოჩენები უყვარს. ერთადერთი, რისი შესწავლაც ჯერ ვერ მოასწრო, მისი სახლის უკან ბამბუკის დაბურული ტყეა. ვიდრე მამა შინ არ არის, გოგონა თავის ძაღლთან, პოპისთან ერთად ტყის მხარეს გაჭრილ ჭიშკარში გადის. იქ სტვენის ხმა ესმის და უცნაურ მინიშნებებსაც პოულობს. პოპისთან ერთად თინა ნიშნებს მიჰყვება და ხეზე აგებულ სახლს აგნებს. იქ მათ მოულოდნელობა ელით.
13:15-14:30 საათზე – „მივწეროთ წერილი უკრაინას“ – თათია ნადარეიშვილის სემინარი ბავშვებისთვის
კიდევ ერთი ღონისძიებაა მოსწავლეებისთვის ბათუმის I საჯარო სკოლაში.
მოსწავლეები, მწერალ და ილუსტრატორ თათია ნადარეიშვილთან ერთად, დაწერენ და დახატავენ წერილებს უკრაინელი თანატოლებისთვის. ფესტივალის დასრულების შემდეგ ორგანიზატორები წერილებს უკრაინაში მცხოვრებ ბავშვებს გაუგზავნიან.
14:00-15:00 საათზე – „საფრთხეშია თუ არა სიტყვის თავისუფლება?“ დისკუსია ბურჰან სიონმეზთან
ონლაინღონისძიება თურქ ავტორთან და ადამიანის უფლებათა დამცველ ბურჰან სიონმეზინთან, რომელიც 2021 წელს საერთაშორისო პენცენტრის პრეზიდენტი იყო.
იგი ისაუბრებს სიტყვის თავისუფლების წინაშე არსებულ საფრთხეებზე.
შეხვედრა ინგლისურ ენაზე გაიმართება. მოდერატორი არტ ანტონიანი იქნება.
16:00-17:00 საათზე – „წერის ხელოვნება“- დისკუსია ჰალინა პეტროსანიაკთან (უკრაინა)
პოეტისთვის, პროზაიკოსისა და ლიტერატურის მკვლევრისთვის, ჰალინა კრუკისთვის, რომელიც უკრაინულ ლიტერატურაში მნიშვნელოვან ხმად მიიჩნევა, პოეზია ცხოვრებისეული ყოველდღიურობიდან საზრდოობს.
ფესტივალზე წარმოდგენილია მისი ლექსები, რომლებიც ქართულად რაულ ჩილაჩავამ თარგმნა.
შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება.
შეხვედრის მოდერატორია პაატა შამუგია.
18:00-19:00 – „სამი ლოქორია მერისთვის“/ საუბარი სერჰი ოსოკასთან (უკრაინა)
სერჰი ოსოკას ტექსტები იმ ჩვეულებრივი ადამიანებისა და მოვლენების შესახებ გვიამბობს, მისი ოსტატური ასახვის გარეშე უყურადღებოდ რომ დარჩებოდნენ. მისი პროზა მეტწილად ასახავს ისეთ ეგზისტენციალურ გამოცდილებებს, როგორიცაა: შიმშილი, დაბერება, ავადმყოფობა, სისუსტე, უიმედობა, გაუცხოება, ტკივილი და ა.შ.
ქართველი და უკრაინელი მწერალი ქალები, ვისი შემოქმედებაც ომის გამოცდილებამ განსაზღვრა, თავიანთ ტექსტებს წარმოადგენენ, ისაუბრებენ თავიანთ განცდებსა და სამხედრო ძალადობის წინააღმდეგ არსებულ პერსპექტივებზე.
ქართველი და უკრაინელი ავტორები: ეკატერინე ტოგონიძე, ჰალინა კრუკი (უკრაინა), თამთა მელაშვილი და ია კივა (უკრაინა) ისაუბრებენ ამ თემაზე.
შეხვედრა ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება და მისი მოდერატორი მაია ფანჯიკიძე იქნება.
21:30- 22:30 – წერის ხელოვნება – დისკუსია ფილიპ ფლორიანთან (რუმინეთი) და იაკუბ მალეცკისთან (პოლონეთი)
დისკუსია რუმინელ ავტორთან ფილიპ ფლორიანთან და პოლონელ მწერალთან, იაკუბ მალეცკისთან ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება.
ფილიპ ფლორიანი რუმინულ ლიტერატურაში გამორჩეული ხმაა, მისი რამდენიმე რომანი ლიტერატურული პრემიებითაა დაჯილდოებული. ის კითხულობს ნაწყვეტს ჯერაც გამოუქვეყნებელი რომანიდან „საშუალო არითმეტიკული“.
იაკუბ მალეცკის რომანი „სატურნინი“ წარმოგვიდგენს ომის შედეგებს და ძალადობით, რეპრესიებითა და შურისძიებით გამოწვეულ ტრავმებს, რაც თაობიდან თაობაში გადადის.
შეერთებული შტატების დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობის უკან უკრაინის სპეცსამსახურები დგანან.
ამის შესახებ გამოცემა The News York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, დაზვერვის სამსახურები ფიქრობენ, რომ უკრაინის ხელისუფლების გარკვეულმა წარმომადგენლებმა ნებართვა გასცეს აფეთქებაზე, რომელიც აგვისტოში მოსკოვში მოხდა.
ამერიკელი ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ მათ თავდასხმის მზადებაზე არაფერი იცოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად შეუშლიდნენ ხელს ამ ოპერაციას.
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ დუგინას ლიკვიდაციის უკან შეიძლება იდგეს უკრაინის ხელისუფლების რომელიმე ცალკეული ნაწილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
The New York Times-ის წყაროების ცნობით, თავდასხმის სამიზნე, სავარაუდოდ, თავად ნაციონალისტი და პუტინის იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი იყო. ორგანიზატორების ვარაუდით, ავტომანქანაში ისიც უნდა მჯდარიყო.
გამოცემა იქვე დასძენს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უარყო რუსეთის ბრალდება და დღემდე აცხადებს, რომ დარია დუგინას მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
________
ავტომობილი, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, 20 აგვისტოს აფეთქდა.
უკრაინის ხელისუფლებამ მკვლელობასთან ყოველგვარი კავშირი მომხდარისთანავე კატეგორიულად უარყო.
მალევე, რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატის, ილია პონომარევის ცნობით, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ აიღო.
რუსი გამომძიებლების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც დარია დუგინა დაიღუპა, დისტანციურად ააფეთქეს.
22 აგვისტოს ეფესბემ გამოაცხადა, რომ დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს და განახორციელეს.
ბობოყვათის სანაპიროზე შპს „შავი ზღვის სამოთხემ“ 19-მდე ჰექტრი ფართობი დაირეგისტრირა. კომპანიამ, ნაყიდი მიწის ნაკვეთის გასწვრივ, 45-წლიანი იჯარით მიიღო ასევე პლაჟი, სულ 45 306 კვ.მეტრი.
ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის ნაკვეთი 26 მილიონ 695 736 ლარად გაიყიდა, 40 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით. პლაჟით სარგებლობის წლიური საფასური კი 215 031 ლარია.
ამ ტერიტორიას და მის გაგრძელებაზე არსებულ ნაკვეთებს, ჯამში 28 ჰექტარს, აჭარის მთავრობა გასული წლის მაისში პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 48 მილიონად ყიდდა.
აუქციონი არ შედგა.
აუქციონის პირობა აქ სასტუმროების მშენებლობა და შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა იყო.
საჯარო რეესტრში დაფიქსირებული ინფორმაციით, მოგვიანებით აჭარის მთავრობამ ქონება, მისი განკარგვის მიზნით, საქართველოს მთავრობას გადასცა, აქედან 12 ჰექტარი ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „შავი ზღვის სამოთხეს“ მიჰყიდა.
გასხვისებული ტერიტორიიდან 11 408 კვ.მეტრი სერვიტუტით დატვირთეს. [სერვიტუტი: მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით].
მონიშნულია გაყიდული ნაკვეთი, 19 9441 კვ.მეტრი და იჯარის წესით გასხვისებული პლაჟი
შპს „შავი ზღვის სამოთხემ“, საიჯარო წესით, 45 წლის ვადით დაირეგისტრირა ასევე ბობოყვათის პლაჟის ნაწილი. აქედან 369 კვ.მეტრი სერვიტუტით დატვირთეს. პლაჟი შეძენილი ნაკვეთის გასწვრივაა.
შპს „შავი ზღვის სამოთხე“ 2022 წლის 21 ივლისს დააფუძნეს. კომპანიის 35 პროცენტს გიორგი გარის სვანიძე ფლობს, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს [საქართველო-ნიდერლანდები] და საქართველოში ბიზნესსაქმიანობას ეწევა. გიორგი გარის სვანიძე არის საქართველო-ინდონეზიის ბიზნესასოციაციის დამფუძნებელი, საქართველოს აგრობიზნესსაბჭოს წევრი, საქართველოს ზეთისხილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი.
კომპანიის 35 პროცენტს მარინა სირაძე ფლობს. ის შპს „ემ & ეს“ – ისა და „შპს ნიუ ფეშენ ლაინის“ დამფუძნებელი და მფლობელია.
კომპანიის წილების 15 პროცენტს ბიზნესმენი დავით თოფურიძე ფლობს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მან სალომე ზურაბიშვილის 50 000 ლარი შესწირა.
დარჩენილი 15 პროცენტის მფლობელი კი არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქე ალხუნაიზი ტაისიერ ბაქირ ჰ – ა.
ბობოყვათის სანაპიროს გასხვისებას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. ისინი აცხადებენ, რომ ნაკვეთი მათი ტრადიციული საკუთრებაა, თუმცა მთავრობამ ის მათ საკუთრებაში არ დაურეგისტრირა. ამ საკითხთან დაკავშირებით ქონების ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ „მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და საუბარი იმაზე, რომ პრივატიზებული მიწა კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.“
უკრაინელთა კონტრშეტევას ხარკოვის ოლქში კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია და ახლა ის ლუგანსკის ოლქში გრძელდება – ასე აფასებს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ვითარებას უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფრონტზე.
ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსებმა ვერ მოახერხეს მდინარეების – ოსკილისა და სივერსკი დონეცის სანაპიროებზე საკუთარი პოზიციების შენარჩუნება და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელთა წინსვლა ვერ შეაჩერეს.
„ლუგანსკის ოლქის დასავლეთ ნაწილის ბუნებრივი ლანდშაფტი ძალიან მოხერხებულია სწრაფი სამხედრო მანევრებისთვის, რასაც უკრაინის ძალები წარმატებულად მიმართავდნენ ხარკოვის აღმოსავლეთ ნაწილში, სექტემბრის დასაწყისში,“ – წერს ISW-ი.
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ჯერჯერობით ღია წყაროებით არ დასტურდება, რომ რუსი სამხედროები საფუძვლიანად გამაგრდნენ ლუგანსკის დასავლეთ ნაწილში.
„უკრაინელთა კონტრშეტევები ჩრდილოეთსა და სამხრეთში, სავარაუდოდ, აიძულებს კრემლს პრიორიტეტი მიანიჭოს ერთი რომელიმე რაიონის დაცვას მეორის ხარჯზე, რაც პოტენციურად ორივე რაიონში უკრაინელთა წარმატების ალბათობას ზრდის,“ – მიუთითებენ ანალიტიკოსები.
5 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში ექვსი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლებს.
ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:
რუსეთის ძალებმა ივნისის შემდეგ პირველად შეუტიეს კიევის ოლქს ირანული Shahed-136 დრონებით.
უკრაინის ძალებმა ბოლო 48 საათში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ხერსონის ოლქში;
რუსეთის არმია განაგრძობდა სახმელეთო შეტევებს დონეცკში;
ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ პუტინმა მას გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა;
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის სრული კონტროლი გამოაცხადა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე;
რუსი სამხედრო ბლოგერები განაგრძობდნენ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ პროცესის კრიტიკას;
მზარდი შიდა კრიტიკა აიძულებს პუტინს „განტევების ვაცი“ ეძებოს და ის, სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ იქნება;
მობილიზაციის პროცესში მთელი ტვირთი რუსეთის ეკონომიკურად დაუცველ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოქალაქეებს აწვებათ; საგამოძიებო მასალების თანახმად, რუსეთის ხელისუფლება განზრახულად ცდილობს ღარიბი და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოქალაქეები უფრო საშიშ პოზიციებზე გაუშვას;
რუსეთის პრეზიდენტმა საბოლოო ფორმალური ნაბიჯი გადადგა უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიისკენ და ხუთ ოქტომბერს შესაბამის კანონს მოაწერა ხელი.
6-დან 13 ოქტომბრის ჩათვლით მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში ტაშკენტი (უზბეკეთი) უმასპინძლებს.
სპორტის მოყვარულები საქართველოს 11 რჩეული სპორტსმენის ასპარეზობას ექსკლუზიურად „სილქ უნივერსალზე“ მიადევნებენ თვალს:
ლუხუმ ჩხვიმიანი – 6 ოქტომბერი
ვაჟა მარგველაშვილი – 7 ოქტომბერი
ლაშა შავდათუაშვილი – 8 ოქტომბერი
ეთერ ლიპარტელიანი – 8 ოქტომბერი
ტატო გრიგალაშვილი – 9 ოქტომბერი
ლაშა ბექაური – 10 ოქტომბერი
ლუკა მაისურაძე – 10 ოქტომბერი
ილია სულამანიძე – 11 ოქტომბერი
ვარლამ ლიპარტელიანი – 11 ოქტომბერი
გურამ თუშიშვილი – 12 ოქტომბერი
სოფიო სომხიშვილი – 12 ოქტომბერი
ინდივიდუალურ ასპარეზობებში გამომსვლელი ძიუდოისტების გარდა, 13 ოქტომბრის გუნდურ შეჯიბრში მონაწილებას ბექა ღვინიაშვილი, გიორგი ტერაშვილი და ნინო გულბანი მიიღებენ.
გულშემატკივრებს შესაძლებლობა აქვთ ჩამოტვირთონ აპლიკაცია Silk Go და უქომაგონ საქართველოს ათლეტებს – სმარტფონში, სმარტ ტელევიზორში, პლანშეტით და პერსონალური კომპიუტერით – #სადაცარუნდაიყო !
Silk Sport არხებზე სეზონი მრავალფეროვანი იქნება. წლის ბოლომდე ძიუდოს რამდენიმე ჩემპიონატია დაგეგმილი: Abu Dhabi Grand Slam, Baku Grand Slam, Tokyo Grand Slam, Jerusalem Masters. საინტერესო მატჩები ელის ფეხბურთის მოყვარულებს SilkTV-ის სპორტულ არხებზე: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, საუკეთესო მატჩები კონფერენც ლიგადან, ესპანეთის ლა ლიგა, MLS ფინალი (აშშ) და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონთა თასი. ასევე, კალათბურთის (NBA; Euroleague;) და ჩოგბურთის (ATP; WTA) შეხვედრებს მიადევნებს თვალს გულშემატკივარი. არ გამოტოვოთ უქმეებზე Liga Endesa (ესპანეთი) შეხვედრები, სადაც 6 ქართველი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.
ამ სპორტულ სეზონზე ხელბურთის ექსკლუზივებიც იქნება. ულამაზესი სანახაობით და მილიონიანი საპრიზო ფონდით წარსდგება დოღი: Champions Day; Melbourne Cup –Breeder’s Cup; Bahrain International Trophy; Pegasus World Cup: – 2023 იანვარი. Saudi Cup.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 61 330 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +330]
ტანკი – 2 449 ერთეული [+14]
ჯავშანტექნიკა – 5 064 ერთეული [+26]
საარტილერიო სისტემა – 1 424 ერთეული [+10]
MLRS – 344 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 177 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 266 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 232 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 047 ერთეული [+15]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 246 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 3 854 ერთეული [+13]
სპეცტექნიკა – 134 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია უკვე განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 6 ოქტომბერს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
315 თვითმფრინავი
157 ვერტმფრენი
2 160 უპილოტო საფრენი აპარატი
379 საზენიტო სარაკეტო სისტემა
5 412 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
862 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 452 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
6 316 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ 2 ოქტომბერს ხერსონში კონტრშეტევის ახალი ეტაპი დაიწყო და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია.
„უკრაინულმა დანაყოფებმა ფრონტის ხაზი კიდევ 20 კილომეტრით გადაწიეს სამხრეთისკენ, ძირითადად მდინარე ინგულეცის აღმოსავლეთ და მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროებზე, თუმცა ჯერ კიდევ არ ემუქრებიან რუსების ძირითად თავდაცვით პოზიციებს. რუსული ძალები კონტაქტს წყვეტენ და უკან იხევენ,“ – წერს უწყება 6 ოქტომბრის რელიზში.
დაზვერვის შეფასებით, რუსეთის სარდლობა ნოვა კახოვკის სექტორში მზარდ საფრთხეს, სავარაუდოდ, ამჟამინდელ უმწვავეს პრობლემად განიხილავს. დაზიანებული გადასასვლელი დნეპრზე კვლავაც ერთ-ერთ ხელმისაწვდომ გზად რჩება რუსეთისთვის საკუთარი მარაგების შესავსებად.
„რუსეთი დილემის წინაშეა: თუ მისი დანაყოფები დნეპრის გასწვრივ უკან დაიხევენ, ხერსონის ოლქის დანარჩენი ნაწილის დაცვა უფრო საიმედო გახდება; თუმცა პოლიტიკური იმპერატივი სამხედროებს პოზიციებზე დარჩენას და ბრძოლას მოსთხოვს,“ – მიუთითებს უწყება.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა უკვე გადაისროლა თავისი დაუკომპლექტებელი საჰაერო-სადესანტო ძალების დიდი ნაწილი ხერსონის დასაცავად. შესაბამისად, რუსეთს ამჟამად ნაკლები დამატებითი და ბრძოლისუნარიანი ძალები ჰყავს სწრაფად სამოქმედოდ და ფრონტზე სიტუაციის შემოსაბრუნებლად.
უწყების ვარაუდით, რუსეთი ამ სექტორში მობილიზებული რეზერვების გადაყვანას ეცდება.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით უკრაინელთა კონტრშეტევაზე წერდა და აღნიშნავდა, რომ რუსეთი შეშფოთებული უნდა იყოს ლუგანსკის ოლქის საზღვრებთან უკრაინელთა მიახლოებით.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სექტემბერში ალექსანდრე ტიმჩენკო გმირის ოქროს ვარსკვლავით დააჯილდოვა. ჯილდო ტიმჩენკოს ოჯახმა მიიღო. უკრაინის გმირი სამშობლოს დაცვისას, სასტიკ ბრძოლაში დაიღუპა ჯერ კიდევ თებერვალში, უკრაინაში რუსების სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე.
ტიმჩენკოს ოჯახი მის დაკარგვას დიდხანს ვერ ეგუებოდა და მისი გადარჩენის იმედი ჰქონდათ, მაგრამ ამაოდ.
ტიმჩენკოს შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform-ი წერს.
ალექსანდრე ტიმჩენკო სულ რაღაც 23 წლის იყო. არჩევანი მან სკოლის დამთავრებისთანავე გააკეთა და თავიდანვე უკრაინის ეროვნულ გვარდიაში ჩაეწერა. მიიღო სერჟანტის წოდება და სრულიად ახალგაზრდა წელიწადზე მეტხანს დანაყოფს მეთაურობდა.
ალექსანდრე ტიმჩენკო თანამებრძოლებთან ერთად
2022 წლის 23 თებერვალს, რუსების თავდასხმის წინა დღეს, სამხედრო ოპერატიული რეზერვი სასწრაფოდ გადანაწილდა ლუგანსკში. მეორე დღეს უკვე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი დაიძრა ლუგანსკისკენ. სერჟანტი ტიმჩენკო საბრძოლო მისიას სადამკვირვებლო პუნქტზე ასრულებდა და საცეცხლე პოზიციების გაძლიერებაზე მუშაობდა, ემზადებოდა მტრის შეტევის მოსაგერიებლად.
26 თებერვალს ალექსანდრე ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელიც მტრის გადაადგილების შესაძლო მარშრუტს აკონტროლებდა და უთვალთვალებდა. 11:25 საათზე ტაქტიკური ჯგუფის სარდლობამ ტიმჩენკოსგან სასწრაფო შეტყობინება მიიღო. ტრეხიზბენკას სწრაფად უახლოვდებოდა Т-72 ტიპის 16 ტანკისგან შემდგარი კოლონა და რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი. ოკუპანტები ცეცხლს ხსნიდნენ, ალექსანდრეს დანაყოფს კი მტერი უნდა შეეკავებინა.
უკრაინულმა არტილერიამ იმ კოორდინატების მიხედვით დაიწყო მოქმედება, რაც მათ ალექსანდრემ მიაწოდა. უკრაინელთა პოზიციებთან მიახლოება ძვირად დაუჯდა რუსულ მხარეს.
ტიმჩენკოს ჯგუფმა დიდი ზარალი მიაყენა ოკუპანტებს ყუმბარმტყორცნების და ცეცხლსასროლი იარაღის საშუალებით. ალექსანდრეს მისია იყო თანამებრძოლების გადაადგილების უსაფრთხოების დაცვა, ამ მიზნით მან ყუმბარებით გაანადგურა რუსული ჯავშანტრანსპორტიორები ქვეითებიანად, რამაც უკრაინული არმიის უამრავი ჯარისკაცისგან შემდგარი ბატალიონი გადაარჩინა. თუმცა მტრის ნაღმმა, რომელიც იქვე აფეთქდა, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ტიმჩენკოს.
ტიმჩენკო მტერს სამი საათის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას თავის დანაყოფთან ერთად, მის გვერდით იყო ეროვნული გვარდიის ტაქტიკური ბატალიონის ვიცე-პოლკოვნიკი არტემ ილიუხინი. სწორედ მათი გონივრული გათვლებით შეჩერდა ოკუპანტების თავდასხმა, რამაც მოტორიზებული ქვეითების დანაყოფები გადაარჩინა ალყაში მოქცევისგან.
უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას გამოვლენილი პირადი გამბედაობისა და უანგარო ქმედებებისთვის, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა 25 მარტს ალექსანდრეს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.
წყარო: Aryinform
ფოტოები: უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური საინფორმაციო გამოცემის ვებგვერდიდან – Aryinform
„ქორწინების შემდეგ კი შევიძინეთ ქონება, მაგრამ მე ვიხდიდი ფულს“ – საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ პრაქტიკაში ეს არგუმენტი ყველაზე ხშირად ესმის, როცა განქორწინებული წყვილი ქონებას ვერ იყოფს და სასამართლოში მისვლამდე იურისტებთან კონსულტაციაზე მიდიან.
იურისტი განმარტავს, რა შემთხვევა იყოფა ქონება, რა პირობებით და რა ხდება, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როცა ქორწინება რეგისტრირებული არ იყო?
ან იმ დროს რა ხდება, როცა ბინა ქორწინებამდეა შეძენილი სესხით და იპოთეკური სესხი წყვილმა ქორწინების შემდეგ დაფარა?
„ბათუმელებმა“ პაატა დიასამიძესთან განქორწინების დროს ქონების გაყოფაზე ინტერვიუ ჩაწერა, იგი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელია.
პაატა, პრაქტიკაში რა არის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც განქორწინებული წყვილი სასამართლო დავის გარეშე ქონებას ვერ იყოფს?
შემთხვევები სხვადასხვაა, მაგალითად: „ქორწინების შემდეგ კი შევიძინეთ ქონება, მაგრამ მე ვიხდიდი ფულს“, ან ეს: „ქონება ჩემია, რადგან არასრულწლოვანი ბავშვები ჩემთან რჩებიან“… დავის ხშირი მიზეზია საერთო ვალებიც, როცა ქორწინების დროს პირი მეუღლეს სესხს გამოატანინებს და განქორწინების შემდეგ სესხია დასაფარი. კანონის მიხედვით კი, ვალიც თანაბრად უნდა გაიყოს, როგორც წილი.
კანონი პირდაპირ ამბობს, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეების მიერ ქორწინების შემდეგ შეძენილი ქონება არის თანასაკუთრება. მნიშვნელოვანია რისკის ერთგვარი დაზღვევისთვის თანამესაკუთრედ რეგისტრირება ნებისმიერ მოძრავ თუ უძრავ ნივთზე, რადგან შესაძლოა ერთ-ერთმა მეუღლემ ქონება განკარგოს შეთანხმების გარეშე. კანონი მიიჩნევს ორივე მეუღლეს თანამესაკუთრედ, თუ ეს პირები რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან და ქორწინების შემდეგ შეძენილი ნებისმიერი ქონება მიიჩნევა საერთო ქონებად, მაგრამ ამ გზით შესაძლებელია რისკის [მეუღლეებს შორის შეთანხმების გარეშე საერთო ქონების რეალიზება] დაზღვევა.
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყიდა კონკრეტული ქონება?
თანასაკუთრებად ითვლება ნებისმიერი ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაშია შეძენილი. თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, როცა ერთ-ერთი მათგანი აწარმოებდა საოჯახო-სამეურნეო საქმიანობას, ზრდიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზით არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
რა ხდება ასეთ შემთხვევაში: მაგალითად, პირმა შეიძინა ბინა დაქორწინებამდე, თუმცა იპოთეკური სესხით და სესხი დაფარა ქორწინების შემდეგ. კანონი ამბობს, რომ მხოლოდ ქორწინების შემდეგ შეძენილი ქონება იყოფა.
მსგავს შემთხვევაში კანონში სპეციფიკური ჩანაწერი არ არის, მაგრამ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ სამოქალაქო კოდექსის ნორმით, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს თანასაკუთრებად, თუ დგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გარკვეული ხარჯების გაწევის შემდეგ, ამ ქონების ღირებულება გაიზარდა. უნდა დადგინდეს ამ შემთხვევაში ის, რომ მეუღლემ, რომელსაც ეს ბინა არ შეუძენია, მონაწილეობდა სესხის დაფარვის პროცესში და ეს სესხი გადახდილია მეუღლეების მიერ ერთობლივად.
შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების წესების მიხედვითაც სესხისთვის გადახდილი ფულის დაბრუნების მოთხოვნა.
ზოგჯერ ქონების გაყოფის დროს ქონებას ერთ-ერთი მეუღლე მალავს ან ასხვისებს, აჩუქებს… რაა გამოსავალი ამ დროს?
საერთო ქონების განკარგვას სჭირდება მეუღლეთა შეთანხმება, თუმცა თუ თანასაკუთრება რეგისტრირებული არ არის, ამ შემთხვევაში შეიძლება ქონება გაასხვისოს ერთ-ერთმა მეუღლემ და მეორე მეუღლე ვერ მოითხოვს ამ გარიგების ბათილად მიჩნევას იმ მოტივით, რომ არ იცოდა ამის შესახებ, ან არ ეთანხმება გარიგების პირობებს.
მაგალითად, წყვილი აპირებს განქორწინებას და ერთ-ერთმა მეუღლემ გაყიდა ავტომანქანა. ვერ იდავებს მეორე მხარე მის დაბრუნებაზე?
ვერ. იდავებს იმ შემთხვევაში, თუ ეს იყო თვალთმაქცური გარიგება. ერთია თვალთმაქცური გარიგება, როცა რეალურად ერთ-ერთ მეუღლეს კი არ გაუყიდია მანქანა, ან კი არ უჩუქებია ვინმესთვის, არამედ ეს თვალთმაქცობაა.
თუ თვალთმაქცური გარიგება არაა და ნამდვილად გაყიდა ერთ-ერთმა მეუღლემ ავტომანქანა, ან ბინა, მაგრამ მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი წილი. მაგალითად, თუ ავტომანქანა გაიყიდა 20 ათას ლარად, მიიღოს 10 ათასი ლარი.
თუ გააჩუქა რეალურად ავტომანქანა და ეს არ იყო თვალთმაქცური გარიგება?
ამ შემთხვევაში მხარეს შეუძლია იდავოს ზიანის ანაზღაურების კუთხით, რადგან მისი თანასაკუთრება გააჩუქეს მასთან შეთანხმების გარეშე.
რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა მეუღლეების გარდა სხვა პირებიც არიან თანამესაკუთრეები, მაგალითად, მშობლები?
თუ წყვილმა ქორწინების შემდეგ შეიძინა ბინა, მაგრამ თანამესაკუთრეები მშობლებიც არიან, მაშინ მათ შორის წილი თანაბრად იყოფა.
ხშირად არის ხოლმე მსგავსი დავები, გვეკითხებიან: მეუღლის მშობლის საკუთრებაა სახლი, მაგრამ ჩემი ყოფილი მეუღლეა მემკვიდრე და წილი არ მეკუთვნის? კანონი ცალსახად ამბობს, რომ იყოფა მხოლოდ და მხოლოდ ის ქონება, რომელიც რეგისტრირებული ქორწინების შემდეგ, თანაცხოვრების შემდეგ არის შეძენილი.
მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩუქებით და მემკვიდრეობის გზით მიღებული ქონება არ იყოფა განქორწინების დროს. ქონება, რომელიც ეკუთვნოდა ერთ-ერთ მეუღლეს ქორწინებამდე, ის არ ექვემდებარება გაყოფას.
აქტუალურია ეს საკითხიც, რომ განქორწინებული წყვილის საერთო შვილია ქონების მემკვიდრე, მაგრამ ერთია მემკვიდრეობის გზით მიღებული ქონება და მეორე – განქორწინების შემდეგ მიღებული. ის, რასაც მემკვიდრე მიიღებს, უნდა მიიღოს მემკვიდრეობით, სხვა გზით ვერ მოხდება ამ ქონების მიღება.
შვილების არსებობა რამდენად ცვლიან ქონების გაყოფის პირობას?
განქორწინების დროს ხშირია დავა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე. კანონი ამბობს, რომ მშობლებს თანაბარი უფლებამოვალეობები გაჩნიათ შვილების მიმართ, თუმცა სასამართლო პრაქტიკა ითვალისწინებს დედასთან ბავშვის მიჯაჭვულობის კომპონენტს. ასევე გააჩნია ინდივიდუალურ ფაქტორებს: რომელ მშობელს აქვს ბავშვის ცხოვრებისთვის უკეთესი გარემო და პირობები, ამოსავალია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა…
როცა განისაზღვრება ვისთან უნდა იყოს ბავშვი, ან ბავშვები, შემდეგ განისაზღვრება ქონების წილი თანასაკუთრების გაყოფის დროს და ამას სასამართლო ინდივიდუალურად აფასებს.
შეიძლება თუ არა პირმა მოითხოვოს ქონების გაყოფა, როცა ის არ იყო რეგისტრირებულ ქორწინებაში? ვიცით, რომ კანონი ამას არ უშვებს, თუმცა ბათუმელი „ციალა პერტიას საქმეზე“ უზენაესმა სასამართლომ წინა ორი ინსტანციისგან განსხვავებით განსხვავებული პრაქტიკა დაადგინა და ქალს ბინის ნახევარი მიაკუთვნა.
უფლებებსა და ვალდებულებებს მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს.
გვსმენია ამ განსხვავებულ პრაქტიკაზე, როცა პირი სამოქალაქო ქორწინებაში არ იყო, თუმცა დადასტურდა თანაცხოვრება და მოხდა ქონების გაყოფა. ეს ნამდვილად განსხვავებული პრაქტიკაა, მაგრამ იგი არაა სავალდებულო ძალის, რადგან ეს საქმე საკასაციო პალატას არ გადაუცია დიდი პალატისთვის განსახილველად. კანონით კი, სავალდებულოა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი განმარტება. მსგავს დავებზე სასამართლომ უნდა შეაფასოს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორ დგინდება გასაყოფი ქონების ღირებულება განქორწინების დროს და სასამართლო დავა რა უჯდებათ მხარეებს?
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ქონების გაყოფა შესაძლებელია ქორწინების პერიოდშიც, ისევე, როგორც ალიმენტის დაკისრება, თუ, მაგალითად, წყვილი განქორწინებული არ არის, მაგრამ შვილი იზრდება ერთ-ერთ მშობელთან.
განქორწინების შემთხვევაში კი, გასათვალისწინებელია, რომ არსებობს ხანდაზმულობის ვადა – განქორწინებიდან 3 წლის განმავლობაში შეიძლება მოითხოვოს პირმა საერთო ქონების გაყოფა.
ქონების შეფასებას აუდიტი ახდენს და ამ ღირებულების 3 პროცენტს იხდიან მხარეები სასამართლოში ბაჟის სახით. ბაჟისთვის მხარეები 1.5 პროცენტს იხდიან, თუ დავის საგნის ღირებულება 5 ათას ლარს არ აღემატება. ასეთ შემთხვევებს მაგისტრატი მოსამართლე განიხილავს.
კიდევ ერთი გარემოება: კანონი ითვალისწინებს წილის კომპენსაციას, ასევე პროფესიული საქმიანობისთვის შეძენილ ქონებას, რომელიც შეიძლება თანაცხოვრების პერიოდშია შეძენილი, თუმცა გადაეცემა ერთ-ერთ მეუღლეს თავისი პროფესიული საქმიანობისთვის და თუ ამ ქონების ნაწილი მის წილს აღემატება, მეორე მხარეს უნდა გადაუხადოს კომპენსაცია.
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა.
წლის მასწავლებლის ტიტული ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა როლანდ შავაძემ მიიღო.
ფინალში ასევე იყვნენ:
ნანა მგალობლიშვილი – ჩოხატაურის ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მიხეილ ლაბარტყავა – დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ ქიმიის მასწავლებელი
სოფიო ძიგრაშვილი – ქუთაისის N33 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი
ირა ძირკვაძე– წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებელი.
ეროვნული ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს ჯილდოს სახით 15 ათასი ლარი გადაეცემა, სხვა ფინალისტებს კი – 5-5 ათასი ლარი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლიდან გაიცემა.
ეროვნული ჯილდოს ცერემონიაზე გავრცელდა უკრაინაში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს დამფუძნებლის, ზოია ლიტვინის ვიდეომიმართვა.
ზოია ლიტვინი
ზოია ლიტვინის თქმით, რუსული ბომბების სამიზნე, პირველ რიგში, სწორედ უკრაინული სკოლები, ბავშვები და წიგნები გახდნენ.
„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს დევიზია, რომ მასწავლებლები მნიშვნელოვანნი არიან. ირონიულია, რომ ომმა სხვა დანიშნულება მისცა ამ დევიზს.
უკრაინული სკოლები რუსული ბომბების პირველი სამიზნე გახდა, უკრაინული წიგნები დაწვეს, უკრაინელი მასწავლებლები კი იდევნებოდნენ.
უკრაინელი მასწავლებლების ჩაგვრის დონე დამპყრობლების მხრიდან უზარმაზარია. ისინი რჩებიან ძლიერებად და იმარჯვებენ ყოველდღე ბრძოლაში, ასწავლიან თავშესაფრებიდან, მხარს უჭერენ ბავშვებს და მოაქვთ იმედი.
განათლება მნიშვნელოვანი ფრონტია, მასწავლებელი კი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ცოდნის მიმწოდებელი. ის არის ეთიკისა და ღირებულებების საფუძველი, ეს არის ის, ვინც ხართ თქვენ.
დღეს ყველანი კარგად ვხედავთ ცუდი მასწავლებლებისა და განათლების შედეგებს. მოდით, არასდროს დავივიწყოთ, არასდროს შევიტანოთ ეჭვი, რომ მასწავლებლები მნიშვნელოვანნი არიან. მოდით, ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა მომავლისთვის, თავისუფლებისა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის.
არავის აქვს იმაზე მეტი გავლენა ახალგაზრდებზე, ვიდრე მასწავლებლებს, თქვენი მხარდაჭერით, უკრაინისა და კაცობრიობის გამარჯვება გარდაუვალია,“ – თქვა ზოია ლიტვინმა.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დღის სტატისტიკური მონაცემებით, 5 ოქტომბერს, 19:30 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე, კერძოდ ტროტუარზე დგომისთვის მხოლოდ ერთი მძღოლი დააჯარიმეს.
ბათუმში, როგორც წესი, ავტომანქანები დგას სკვერებში, გაზონებზე, ველობილიკებზე და ცხადია, ტროტუარებზე.