ბათუმი,მთავარი,სიახლეები

შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის სისტემა აღარ გაკეთდება, 60 მლნ ევრო კოვიდთან ბრძოლას მოხმარდება

09.09.2020 •
შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის სისტემა აღარ გაკეთდება, 60 მლნ ევრო კოვიდთან ბრძოლას მოხმარდება

ბათუმს შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად გამოყოფილი 60 მილიონი ევრო სესხი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა [KfW] და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის სესხის მიღების ხელშეკრულების შეწყვეტაზე [ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა] შეთანხმება უკვე გაფორმებულია. შეთანხმება სესხის შეწყვეტაზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

შესაბამისად, გაფორმდა ახალი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გასაძლიერებლად დაიხარჯება 180 მილიონი ევრო [ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის 60 მილიონი და მიწისქვეშა გაზსაცავისთვის გათვალისწინებული 120 მილიონი].

ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურის სასესხო შეთანხმების შეწყვეტაზე მუშაობის პროცესში, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ბათუმის მერიას შენიშვნები არ ჰქონია. დოკუმენტს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი აწერს ხელს.

წყარო: ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტები

2019 წლის შემოდგომაზე ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ აღნიშნული 60 მილიონი ევროთი დაგეგმილი იყო ბათუმს შემოერთებული ტერიტორიების: დაბა ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის, კახაბრის, ადლია-აეროპორტის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლების წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, რეზერვუარის მშენებლობა ინჯალოს რეზერვუარების მიმდებარედ, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის განვითარება და გაფართოება, ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობისა და მეჯინისწყლის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.

ბათუმის მერიაში მაშინ გვითხრეს, რომ ამ პროექტის სრულად განხორციელებისთვის 60 მილიონი ევრო საკმარისი არ იქნებოდა, თუმცა სამუშაოები პრიორიტეტების მიხედვით შესრულდებოდა, პარალელურად კი, გარკვეულ სამუშაოებს უშუალოდ ქალაქის მერიაც დააფინანსებდა.

შემოერთებულ ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელის სრულად მოწყობისთვის, სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერს 2020 წლის ბოლო კვარტალში გამოაცხადებდნენ, სამუშაოები კი გეგმით 2021-2022-2023 წლებში, ასევე, 2024 წელშიც გაგრძელდებოდა.

2020 წლის იანვრიდან უნდა დაწყებულიყო ასევე დეტალური პროექტირება, რის შედეგადაც აღნიშნული პროექტის ღირებულება უნდა დაზუსტდეს.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის გახდება შესაძლებელი ზემოთ ჩამოთვლილ ტერიტორიებზე წყლის და კანალიზაციის სისტემის მოწყობა, რასაც მინიმუმ ათი წელი ელოდა აქ მცხოვრები მოსახლეობა.

ბათუმის მერიის არგუმენტებს ამ საკითხზე, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/232508/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: