მთავარი,სიახლეები

როგორია უკრაინაში ბელორუსის შეჭრის შანსები და პერსპექტივა – ISW შეფასება

12.12.2022 • 2347
როგორია უკრაინაში ბელორუსის შეჭრის შანსები და პერსპექტივა – ISW შეფასება

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშში განიხილავენ, რამდენად არსებობს ბელორუსის ომში ჩართვის შესაძლებლობა და რა შედეგს მოუტანს ეს ომის მონაწილე ქვეყნებს. ინსტიტუტის ანალიტიკოსების შეფასებით, ბელორუსის შეჭრა „ყველაზე უარეს შემთხვევაში აიძულებს უკრაინას, დროებით გადაანაწილოს ძალები“.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელორუსი შეიჭრას უკრაინაში. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოხდება, ბელორუსის არმია ვერ მიაღწევს მნიშვნელოვან ოპერატიულ წარმატებას“, – მიაჩნიათ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებს.

ISW-ის ყოველდღიურ ანგარიშში ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში შეჭრამ შეიძლება შეასუსტოს ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმი.

„ლუკაშენკო 2020 და 2021 წლებში მისი მმართველობის წინააღმდეგ გამართული აქციების ჩასახშობად ბელორუსის სამხედრო დანაყოფებთან ერთად ბელორუსის უშიშროების სამსახურებს ეყრდნობოდა. უკრაინის ომში უსაფრთხოების ამ აპარატის დიდი ნაწილის გამოყენება, დიდი ალბათობით, ლუკაშენკოს დაუცველს დატოვებს ახალი არეულობისა და წინააღმდეგობის მიმართ. ლუკაშენკო სავარაუდოდ ხვდება, რომ უკრაინაში შეჭრა ძირს გამოუთხრის მისი, როგორც სუვერენული ქვეყნის ლიდერის ავტორიტეტს, რადგან აშკარა გახდება, რომ რუსეთის მცდელობები ბელორუსზე სრული კონტროლის დასამყარებლად წარმატებულია“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამერიკელი ანალიტიკოსები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ბელორუსის ომში ჩართვა „უარეს შემთხვევაში, აიძულებს უკრაინას დროებით გადაანაწილოს ძალები და აღჭურვილობა მიმდინარე ფრონტის ხაზიდან“.

„მაშინაც კი, თუ ლუკაშენკო გაგზავნის თავისი ძალების მნიშვნელოვან ნაწილს (ვიდრე ადრე პროგნოზირებდნენ) უკრაინაზე თავდასასხმელად, ბელორუსის შეიარაღებული ძალები მაინც იქნება უმნიშვნელო ძალა, რომელიც ვერ შეძლებს რაიმე მნიშვნელოვან ოპერატიულ წარმატებას მიაღწიოს“, – ხაზს უსვამს ISW.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბელორუსი გააგრძელებს რუსეთის დახმარებას უკრაინის წინააღმდეგ ომში იმის მიუხედავად, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ლუკაშენკომ გააგზავნის თავის არმია საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. საუბარია იმ მასალების მიწოდებაზე, რომელზეც სანქციების გამო რუსეთის ფედერაციას ხელი არ მიუწვდება, რასაც რუსული არმია შემდეგში გამოიყენებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: