მთავარი,სიახლეები

წელს ავტობანის ახალი, 9-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნება – გზების დეპარტამენტი

11.09.2022
წელს ავტობანის ახალი, 9-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნება – გზების დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-4 მონაკვეთის გახსნა მიმდინარე, 2022 წელს იგეგმება.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ეს მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების – ხაჯალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს და უერთდება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას გრიგოლეთთან [შემდგომში, მაგისტრალის ეს მონაკვეთი, გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე ჩქაროსნულ გზას უნდა მიუერთდეს].

„მშენებლობის ფარგლებში, 9-კილომეტრიან მონაკვეთზე 2 პარალელური გზაგამტარის, 1 სატრანსპორტო კვანძის, ასევე რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელის და წყალგამტარი მილის მშენებლობა დასრულებულია. ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის საფარის ზედა ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს; ამასთანავე, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე, უახლოეს პერიოდში დაიწყება გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები.“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

პროექტის ღირებულება 113 მილიონ ლარს შეადგენს და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით ხორციელდება.

„პარალელურ რეჟიმში, ლანჩხუთის სოფელ ნიგვზიანში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო და ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან მიერთების მოწყობის სამუშაოები  მიმდინარეობს. ეს გზა, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთს მიუერთდება და პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება ექსპლუატაციაში შევიდეს სამტრედია-გრიგოლეთის 9.5 კმ-იანი მონაკვეთი.“ აცხადებს დეპარტამენტი.

ადგილობრივი გზის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან მიერთების სამუშაოები ნიგვზიანში / საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

გზის ამ მონაკვეთის გახსნის შემდეგ, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ჯამში 23,5 კილომეტრი იქნება გახსნილი. ამ დროისთვის გახსნილია გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთი ჯაპანადან ლანჩხუთამდე.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წელში უნდა დასრულდეს ასევე, ამავე ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთი – სამტრედიიდან ჯაპანამდე.

რა ეტაპზეა და როდის უნდა დასრულდეს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ცალკეული მონაკვეთების მშენებლობა რიკოთიდან-სარფამდე – ნახეთ, დეპარტამენტის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული მონაცემები:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

მთავარი ფოტო: სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-4 მონაკვეთი [ხაჯალია-სუფსა] / ფოტო: გზების დეპარტამენტი

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: