მთავარი,სიახლეები

რა გაკეთდება €60 მილიონი სესხით ბათუმში და როდის დაიწყება თანხის ათვისება

09.10.2019 • 2017
რა გაკეთდება €60 მილიონი სესხით ბათუმში და როდის დაიწყება თანხის ათვისება

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW]  მიერ ბათუმისთვის გამოყოფილი 60 მილიონი ევროს სესხის ათვისებას 5 წელი დასჭირდება. „ეს დრო, წინასწარი გათვლებით, საჭიროა მთლიანად პროექტის დასრულებისთვის, რაც შესრულებული სამუშაოს საგარანტიო პერიოდსაც მოიცავს,“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

ამ თანხით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ქალაქ ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების: დაბა ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის, კახაბრის, ადლია-აეროპორტის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლების წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა ინჯალოს რეზერვუარების მიმდებარედ, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის განვითარება და გაფართოება, ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობისა და მეჯინისწყლის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ პროექტის სრულად განხორციელებისთვის 60 მილიონი ევრო საკმარისი არ იქნება, თუმცა სამუშაოები პრიორიტეტების მიხედვით შესრულდება. პარალელურად, გარკვეულ სამუშაოებს უშუალოდ ქალაქის მერიაც დააფინანსებს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე ბიოგაზის დამჭერი სისტემის მოწყობაც. ჩაქვის სათავეზე კი, ფაქტობრივად, წყლის ახალი გამწმენდი ნაგებობა უნდა აშენდეს. ინჯალოში 10 000 კუბ/მ რეზერვუართან ერთად დამატებით 5 000 კუბ/მ მოცულობის რეზერვუარიც აშენდება. ამ რეზერვუარებიდან კი ხელვაჩაურის ტერიტორიის წყალმომარაგება ბათუმის წყალმომარაგების ქსელისგან დამოუკიდებლად განხორციელდება. წყალმომარაგების ქსელის მოწყობა ხელვაჩაურში უკვე დაწყებულია.

„საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე უკვე მიმდინარეობს კონსულტანტი კომპანიის შერჩევის პროცედურა. ტენდერში მონაწილე 12 უცხოური საკონსულტაციო კომპანიიდან შეირჩევა ჯერ 5 კომპანია, ამ ხუთიდან კი – ერთი, რომელიც შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალარინების ქსელის მოწყობის დეტალურ პროექტს შეიმუშავებს. თუმცა მანამდე უნდა დაიდოს შესაბამისი ხელშეკრულებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ბათუმის მერიას შორის [თანხის გადმოცემაზე], ასევე, KFW-სა და მერიას შორის [განსაკუთრებული ხელშეკრულება, თუ კონკრეტულად რა სამუშაოებს მოხმარდება ეს თანხა]. აქედან გამომდინარე, კონსულტანტი კომპანია დეტალურ პროექტირებაზე მუშაობას საუკეთესო ვარიანტში დაიწყებს ალბათ, 2020 წლის იანვრიდან. უშუალოდ სამუშაოების შესყიდვაზე კი ტენდერს, გეგმით, მომავალი წლის მეოთხე კვარტალში გამოვაცხადებთ, როცა იქნება პროექტი და ხარჯთაღრიცხვა“ – გვითხრა ჯაბა ტუღუშმა, ბათუმის მერის მრჩეველმა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში. მისივე თქმით, პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები რაღაც ეტაპზე პარალელურადაც განხორციელდება.

ჯაბა ტუღუშის ინფორმაციით, შემოერთებულ ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელის სრულად მოწყობისთვის საჭირო სამუშაოები გეგმით 2021-2022-2023 წლებში, ასევე, 2024 წელშიც გაგრძელდება: „ამ პროექტის განხორციელებით კი ბათუმის [შემოერთებული ტერიტორიების ჩათვლით] წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა – სათავე და გამწმენდი ნაგებობებით – 95 პროცენტით მოწყობილი და რეაბილიტირებული იქნება“.

სესხის ხელშეკრულება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის 2019 წლის 7 ოქტომბერს გაფორმდა.

მთავარი ფოტო: მდინარე მეჯინისწყალი ბათუმსშემოერთებულ ტერიტორიაზე /2018 წ./ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/207906/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: