ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რატომ გაუქმდა შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის სისტემისთვის 60 მლნ ევრო სესხის შეთანხმება – სამინისტროს განმარტება

12.10.2020 • 2041
რატომ გაუქმდა შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის სისტემისთვის 60 მლნ ევრო სესხის შეთანხმება – სამინისტროს განმარტება

დაბა ხელვაჩაურისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობაში უნდა დახარჯულიყო 60 მილიონი ევრო სესხი, რაზედაც ხელშეკრულება გაფორმებული იყო. თუმცა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან [KfW] დადებული სასესხო შეთანხმება საქართველოს მთავრობამ გააუქმა. ამასთან, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების დაფინანსება გათვალისწინებული არ არის.

„სასესხო შეთანხმების გაუქმება არ გულისხმობს, რომ პროექტი [„ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა“] არ არის პრიორიტეტული. იგი კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად და კვლავ გაგრძელდება მისი დაფინანსების შესაძლებლობის განხილვა როგორც სხვადასხვა დონორებთან, ასევე გერმანულ მხარესთან, გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის კონტექსტში“, – მოგვწერეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან.

სამინისტროს „ბათუმელები“ მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ბათუმის მერიამ ჩვენს კითხვებს ამ საკითხზე არ უპასუხა.

რატომ არ ჩაითვალა პრიორიტეტად აღნიშნული პროექტი და რატომ შეწყდა სესხის ხელშეკრულება? არის თუ არა მოძიებული ალტერნატიული წყარო [ან მიმდინარეობს თუ არა დონორ[ებ]თან მოლაპარაკება და კონკრეტულად ვისთან] პროექტის დასაფინანსებლად? როდის იგეგმება ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურის პროექტის დაფინანსება – ანუ, იმ სამუშაოების, რაც ამ სესხით უნდა დაფინანსებულიყო? – ეს და სხვა კითხვები „ბათუმელებმა“ სამინისტროს 11 სექტემბერს გაუგზავნა, პასუხი კი, ერთი თვის შემდეგ, 12 ოქტომბერს მივიღეთ.

„პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყნისთვის სწრაფი ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, საჭირო გახდა ახალი პროგრამის მომზადება. კონსულტაციების შედეგად, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KFW) გამოხატა მზაობა საქართველოსთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად მოემზადებინა ახალი პროგრამა „საქართველოს ეკონომიკის კონკურენციის გაძლიერება და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება“, რომლის დაფინანსებაც 180 მილიონი ევროა.

გამომდინარე იქიდან, რომ KFW ვერ შეძლებდა მოკლე პერიოდში დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, ბანკის მიერ შემოთავაზებული იქნა არსებული ორი ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხების რეპროგრამირება, კერძოდ: KFW-სა და საქართველოს შორის 2019 წლის 7 ოქტომბერს ხელმოწერილი სასესხო შეთანხმება „ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა“ (გაფორმებული 60 მლნ ევროზე) და 2018 წლის 24 აგვისტოს KFW-სა და სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის ხელმოწერილი სასესხო შეთანხმება „სამგორის სამხრეთ ნაწილის მიწისქვეშა გაზის საცავისთვის“ (გაფორმებული 150 მლნ ევროზე. აღნიშნული დაფინანსებიდან მოხდა 120 მილიონი ევროს რეპროგრამირება).

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტის „ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა“ ფარგლებში დღემდე (სასესხო შეთანხმების გაუქმებამდე) არ განხორციელებულა თანხების ჩამორიცხვა, რამაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას გაუქმებულიყო სასესხო შეთანხმება და რესურსი მოხმარებოდა კრიზისის მიმართ ქვეყნის მდგრადობის გაძლიერებას“, – წერია საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ საპასუხო წერილში.

სამინისტროს იმ სასესხო შეთანხმებების ჩამონათვალიც მოვთხოვეთ, რომლებიც 2020 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში ახალი კორონავირუსის პანდემიის [ან სხვა მიზეზის] გამო შეწყდა, შემცირდა სესხის ოდენობა ან შეიცვალა სესხის მიზნობრიობა.

„2020 წლიდან დღემდე ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო (ან სხვა მიზეზით) არ შეწყვეტილა სახელმწიფოს სახელით ფინანსთა სამინისტროს მიერ გაფორმებული არცერთი სასესხო შეთანხმება, გარდა ზემოთხსენებული „ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა“ სასესხო შეთანხმებისა, ასევე არ შემცირებულა სესხის ოდენობა და მიზნობრიობა“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

სამინისტრომ ასევე არ მოგვაწოდა იმ [1 მილიონი და მეტი ღირებულების] პროექტების ჩამონათვალი, რომელთა დაფინანსება ახალი კორონავირუსის პანდემიის [ან სხვა მიზეზის] გამო შეწყდა ან შემცირდა დაფინანსება.

რაც შეეხება StopCoV ფონდში აკუმულირებულ თანხას, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ამ ეტაპზე StopCoV ფონდში მობილიზებულია 134.4 მლნ ლარი… დღეის მდგომარეობით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, 120 მილიონი ლარი მიმართულია 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის უზრუნველსაყოფად, ხოლო 5.7 მილიონი ლარი მიმართულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხაზით ზოგიერთი სახის საწმენდი და სადეზინფექციო მოწყობილობების შესყიდვისთვის“.

დაბა ხელვაჩაურისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები წლებია ელოდნენ პროექტის დაწყებას, რომელიც წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობას ითვალისწინებდა.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაში, ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების დაფინანსება გათვალისწინებული არ არის.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წელს ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციისთვის – IV ფაზა (KfW) – გათვალისწინებულია 40 მილიონი ლარი, ხოლო III ფაზის (EU, KfW) სამუშაოებისთვის – 3 მილიონ 235 ათასი ლარი.

მესამე ფაზა წყლისა და კანალიზაციის მოწყობას ბათუმში გულისხმობს ჯავახიშვილის ქუჩამდე, ხოლო მეოთხე ფაზის სამუშაოები – ჯავახიშვილის ქუჩიდან მდინარე მეჯინისწყლამდე ტერიტორიაზე.

რაც შეეხება დაბა ხელვაჩაურს, ასევე მახინჯაურს, მწვანე კონცხსა და სხვა, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებს, აქ საკანალიზაციო ქსელი პროექტის მეხუთე ფაზაში უნდა დაწყებულიყო, რომლის დაფინანსებაზე მთავრობამ უარი თქვა და ამჯერად ფული ხელახლა უნდა მოიძიოს. დაფინანსების მოძიების შემთხვევაშიც კი, ამ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოების დაწყება, მინიმუმ 2 წლით გადაიწევს.

ამ თემაზე: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/299388/

 

მთავარი ფოტო: ფრიდონ ხალვაშის გამზირი / „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: