მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

საქართველოში დღეში საშუალოდ 18 წუთს ხარჯავენ სწავლაში – კვლევა

09.12.2022 • 982
საქართველოში დღეში საშუალოდ 18 წუთს ხარჯავენ სწავლაში – კვლევა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა დღეში საშუალოდ 0.3 საათს, ანუ 18 წუთს ხარჯავს სწავლასთან დაკავშირებულ აქტივობებზე.

კვლევა აჩვენებს, რომ თბილისსა და სხვა ქალაქებში სწავლაზე დახარჯული საშუალო დრო დღეში 0.3 საათი, ანუ 18 წუთია. ეს მონაცემი მცირედით აღემატება სოფლის მოსახლეობის იმავე მაჩვენებელს (0.2 საათი ანუ 12 წუთი).

„თბილისში მცხოვრები ქალები ოდნავ მეტ დროს ხარჯავენ სწავლასთან დაკავშირებულ აქტივობებზე, ვიდრე კაცები. სოფლებში კი სურათი საპირისპიროა“ – ვკითხულობთ კვლევაში.

მოსახლეობის მიერ სწავლაზე დახარჯული საშუალო დრო, მოსახლეობის სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით, საათი დღეში

კვლევის თანახმად, როგორც ქალებში, ასევე კაცებში სწავლაზე დახარჯული საშუალო დრო ასაკის მატებასთან ერთად იკლებს – 24 წელზე მეტი ასაკის პირები სწავლაზე ცოტა დროს ხარჯავენ.

რაც შეეხება ახალგაზრდებს, კვლევა ამბობს, რომ 15-24 წლის ქალები სწავლაზე დღეში საშუალოდ ხარჯავენ 2.3 საათს, ხოლო კაცები დღეში საშუალოდ – 1.9 საათს.

თბილისსა და სხვა ქალაქებში ამ ასაკობრივი ჯგუფის [15-24 წლის] ქალები სწავლას უფრო მეტ დროს უთმობენ (ორივე ტიპის დასახლებაში – 2.5 საათი), ვიდრე კაცები (1.6 საათი და 1.9 საათი, შესაბამისად), ხოლო სოფლებში ახალგაზრდა კაცები შედარებით მეტ დროს ხარჯავენ სწავლაზე (2.1 საათი), ვიდრე ახალგაზრდა ქალები (1.9 საათი).

დახარჯული დროის ნახევარი ფორმალურ განათლებას ეთმობა, ხოლო მეორე ნახევარი საშინაო დავალების მომზადებას ან ფორმალურ განათლებასთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებს.

25 წლის შემდეგ სწავლის დრო მცირდება დაახლოებით 0.1 საათამდე და კიდევ უფრო ნაკლებია კაცების შემთხვევაში.

როგორც აღმოჩნდა სწავლასთან დაკავშირებულ აქტივობებზე ყველაზე დიდ დროს უმუშევარი მოსახლეობა ხარჯავს. უმუშევარი და არასრული დროით დასაქმებული კაცები სწავლას დღეში უთმობენ – 0.2 საათს ანუ 12 წუთს; უმუშევარი ან არასრული დროით დასაქმებული ქალების მიერ ამ აქტივობაზე დღეში 0.3 საათი ანუ 18 წუთი იხარჯება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო მომსახურებაში 4.9-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები.

კვლევის თანახმად ზოგადად, საქართველოს მოსახლეობა დროის 49 პროცენტს ხარჯავს აუცილებლობასთან დაკავშირებულ აქტივობებზე (ფიზიოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილება, ძილი, კვება, პირადი ჰიგიენა და ა.შ.), 16 პროცენტს – ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ აქტივობებზე (ანაზღაურებადი სამუშაო, რეგულარულ საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვა და ა.შ.), 12 პროცენტს – ვალდებულებებთან დაკავშირებულ აქტივობებზე (აუნაზღაურებელი საოჯახო და ზრუნვის მომსახურება, მოხალისეობრივი საქმიანობა და ა.შ.) და 23 პროცენტს – თავისუფალ დროსთან დაკავშირებულ აქტივობებზე (დასვენება, სოციალიზაცია და ა.შ.).

ვალდებულებებთან დაკავშირებულ აქტივობებზე ქალები კაცებზე დაახლოებით ოთხჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ხოლო ხელშეკრულებებთან და თავისუფალ დროსთან დაკავშირებულ აქტივობებზე უფრო მეტ დროს კაცები ხარჯავენ.

ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ აქტივობებზე კაცების მიერ დახარჯული დრო თითქმის ორჯერ აღემატება ქალების მიერ დახარჯულ დროს.

თავისუფალ დროსთან დაკავშირებულ აქტივობებზე კაცები დროის 27 პროცენტს, ხოლო ქალები დროის 21 პროცენტს ხარჯავენ. ვალდებულებებთან დაკავშირებულ აქტივობებზე დახარჯული დროის წილი ყველაზე დაბალი (10.9 პროცენტი) 15-24 წლის ქალებშია, ხოლო ყველაზე მაღალი (23.4 პროცენტი) 25-44 წლის ქალებში, რაც რეპროდუქციულ ასაკს შეესაბამება.

კვლევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, 2020-2021 წლებში ჩაატარა. ეს პირველი დროის გამოყენების პირველი კვლევაა საქართველოში, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოში დროის გამოყენების შესახებ სტატისტიკურად სანდო და საერთაშორისო დონეზე შესადარისი მონაცემების მიღება.

გამოკვლევისათვის, ქვეყნის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 680 შინამეურნეობა შეირჩა. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღეს 15 წლისა და უფროსი ასაკის პირებმა, რომლებიც დროის გამოყენების დღიურებში 10-წუთიანი ინტერვალით აღწერდნენ მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებს წინასწარ დადგენილი სრული ორი დღისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: