მთავარი,სიახლეები

„გიორგი მიქაუტაძის საქმის“ განმხილველი მოსამართლე დააწინაურეს

16.07.2019 • 2757
„გიორგი მიქაუტაძის საქმის“ განმხილველი მოსამართლე დააწინაურეს

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე – ხვიჩა კიკილაშვილი დააწინაურეს. იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმუშავებს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. ხვიჩა კიკილაშვილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან დღეს, 16 ივლისს გაათავისუფლა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომლის მდივანიც გიორგი მიქაუტაძეა. „მიქაუტაძის საქმის“ განხილვა გასულ წელს დაასრულა ხელვაჩაურის სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების – თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის თქმით, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, ბავშვს პლაჟზე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. იმავე საღამოს დააკავეს არასრუწლოვნის მშობლები. მოგვიანებით პროკურატურამ ცალკე დაიწყო ძიება პლაჟზე არასრუწლოვნის ცემის ფაქტზე.

2016 წლის ზაფხულიდან დღემდე გამოძიებას არ უთქვამს, სცემა თუ არა მოსამართლემ არასრულწოვანს – ოფიციალურად ძიება გრძელდება. სამაგიეროდ, მალევე დასრულდა ძიება და უკვე გაასამართლეს კიდევ ბავშვის მშობლები, რომლებსაც, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ჩვენების საფუძველზე, პროკურატურა მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებოდა. ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ფაქტი საბოლოოდ არ დადასტურდა და ბრალდებულ მშობლებს ხულიგნობის მუხლით შეუფარდეს ჯარიმის გადახდა. მსჯავრდებულები დიდ ბრიტანეთში არიან და თავშესაფარს ითხოვენ – ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს და საზღვარგარეთ წავიდნენ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამ საქმეში არასრუწლოვნის მშობლების ინტერესებს იცავდა. საქმის მსვლელობის დროს, საია-ს შეფასებით, მოსამართლე – ხვიჩა კიკილაშვილმა კოლეგიალობა კანონზე მაღლა დააყენა.

„გონიოს პლაჟის ინციდენტმა“ყურადღება მიიქცია იმითაც, რომ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის უვადოდ გამწესებაში მონაწილეობდა იუსტიციის საბჭოს მდიოვანი – გიორგი მიქაუტაძე.  მან აცილების საკითხი მას შემდეგ დააყენა, როცა საჯაროდ უთხრეს, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.

ხვიჩა კიკილაშვილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეა 2016 წლიდან. მანამდე, სამი წლის განმავლობაში იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო. ხვიჩა კიკილაშვილმა მოსამართლედ მუშაობა სიღნაღში დაიწყო. მან მოსამართლის მანტია 2006 წელს მოირგო. მანამდე 12 წლის განმავლობაში ხვიჩა კიკილაშვილი პროკურატურის სისტემაში მუშაობდა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხვიჩა კიკილაშვილის თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება 9 ივლისს მიიღო, თუმცა საბჭოს ამ დრომდე არ უმსჯელია იმ კუთხით, რომ კიკილაშვილი ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარეც იყო.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: