მთავარი,სიახლეები

მოსკოვი ირანულ რაკეტებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის გამოიყენებს – ბრიტანეთის დაზვერვა

10.12.2022
მოსკოვი ირანულ რაკეტებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის გამოიყენებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, მოსკოვისა და თეირანის თანამშრომლობა თავდაცვით სფეროში სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.

უწყება ვარაუდობს, რომ ირანის დახმარება რუსეთისთვის მომავალ თვეებში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება: მოსკოვი ცდილობს, მიიღოს მეტი შეიარაღება, მათ შორის ასობით ბალისტიკური რაკეტა.

„უკრაინაში შეჭრის შემდეგ ირანი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მხარდამჭერი გახდა. დიდი ალბათობით, ამის სანაცვლოდ, რუსეთი ირანს უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას უწევს, რაც ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს,“ – წერს დაზვერვა 10 დეკემბრის რელიზში.

უწყების შეფასებით, რუსეთმა SS-26 „ისკანდერების“ საკუთარი მარაგი მთლიანად ამოწურა. ეს არის ახლო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც 500 კილოგრამიანი ქობინის 500 კილომეტრზე გადატანა შეუძლია.

„თუ რუსეთი შეძლებს დიდი რაოდენობით ირანული ბალისტიკური რაკეტებით შეიარაღების შევსებას, ამ რაკეტებს, სავარაუდოდ, გამოიყენებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გასაგრძელებლად და კიდევ უფრო გასაფართოებლად,“ – ასკვნის ბრიტანეთის დაზვერვა.

ირანიდან შეიარაღების მიღებაზე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა გუშინდელ სადაზვერვო ცნობარშიც წერდა. უწყება აღნიშნავდა, რომ სავარაუდოდ, რუსეთმა ირანისგან ლეტალური უპილოტო საფრენი აპარატების ახალი პარტია მიიღო.

დაზვერვის ეს ვარაუდი დაფუძნებულია კიევის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში, უკრაინაში პირველად გამოჩნდა ირანული წარმოების „შაჰედები“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: