მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რატომ ლაპარაკობს პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე – ISW-ის შეფასება

10.12.2022
რატომ ლაპარაკობს პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე – ISW-ის შეფასება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს გამოიყენოს მოლაპარაკებების თემა, რათა ერთმანეთს დააშოროს კიევი და მისი დასავლელი პარტნიორები და საკუთარ ძალებს აღდგენის საშუალება მისცეს – ფიქრობენ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები.

ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ პუტინი წარმოაჩენს კიევს, როგორც „რეჟიმს“, რომელსაც კომპრომისზე წასვლა და მოლაპარაკებები არ სურს. დიპლომატიის შესახებ საუბრებს პუტინი იყენებს როგორც საშუალებას, უკრაინასა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის უთანხმოების გამოსაწვევად.

„ის ცდილობს, მოლაპარაკებების ნებისმიერი ფანჯარა და ცეცხლის შეწყვეტა გამოიყენოს იმისთვის, რომ რუსულ ჯარებს მისცეს ძალების აღდგენის შესაძლებლობა და შემდეგ გააგრძელოს ოპერაცია ისე, რომ უკრაინას ინიციატივა ჩამოართვას,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

თუმცა ექსპერტების აზრით, ისეთი შეთანხმების სწრაფად გაფორმება, რომელიც რუსეთის არმიას ზამთარში დასვენებისა და გადაჯგუფების საშუალებას მისცემდა, ნაკლებსავარაუდოა.

„მოლაპარაკებები ცეცხლის ხანგრძლივად შეწყვეტაზე საბრძოლო მოქმედებების ყველა ზონაში დროს მოითხოვს. რუსეთი და უკრაინა კი ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან საიმისოდ, რომ ამგვარ შეთანხმებას მიაღწიონ,“ – აღნიშნავს ISW.

ანალიტიკოსები დასძენენ, რომ პუტინი კვლავაც აშკარად მერყეობს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერასა და ომის მომხრე ნაციონალისტ ბლოგერების მოთხოვნებს შორის.

ISW-ის აზრით, პუტინი, სავარაუდოდ, ინარჩუნებს პოზიციას, რომლის დაკავებასაც ის მთელი თავისი მმართველობის განმავლობაში ცდილობდა –  როდესაც მან თითქოს ყველაფერი იცის რუსეთში შექმნილ პრობლემებზე, თუმცა უშუალო პასუხისმგებლობა თავად მას არ ეკისრება.

ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსმა ჩინოვნიკებმა გაამკაცრეს არსებული კანონმდებლობა ქვეყნის შეიგნით განსხვავებული აზრის ჩასახშობად;
  • აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ რუსეთი უპრეცედენტო სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას უწევს ირანს ირანული წარმოების სამხედრო სისტემების სანაცვლოდ;
  • რუსეთი ჯარებმა თავდაცვითი საზღვრები მოაწყვეს სვატოვოსთან, რუსული და უკრაინული ჯარები კი  კრემინნასთან შეტევებს განაგრძობდნენ;
  • რუსეთის არმია განაგრძობდა სახმელეთო შეტევებს ბახმუტისა და ავდეევკის მახლობლად;
  • რუსებმა, სავარაუადოდ, პოზიციები დაიკავეს ხერსონის დასავლეთით მდინარე დნეპრის ერთ-ერთ კუნძულზე;
  • უკრაინის სამხრეთში რუსეთის არმიის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება და საბრძოლო განწყობაც უკრაინელთა დარტყმების შედეგად შესამჩნევად გაუარესებულია;
  • პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს მობილიზაციის მეორე ტალღის დაწყებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: