მთავარი,სიახლეები

ღარიბაშვილი გონიოში ისევ ახალი ქალაქის აშენებაზე საუბრობს, აჭარის მთავრობა კი ინფორმაციას მალავს

12.12.2022
ღარიბაშვილი გონიოში ისევ ახალი ქალაქის აშენებაზე საუბრობს, აჭარის მთავრობა კი ინფორმაციას მალავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გონიოში ახალი ქალაქი აშენდება. პრემიერმა დღეს აღარ ახსენა კაზინოები, რომელთა შესახებაც ბოლოს, ზუსტად ერთი წლის წინ, 2021 წლის 18 დეკემბერს ისაუბრა.

იხილეთ: ღარიბაშვილი გონიოში კაზინოების მოწყობას აანონსებს

„ვგეგმავთ მსხვილი დეველოპერული პროექტების შეთავაზებას ინვესტორებისთვის. გონიოში გამოიკვეთა რამდენიმე ინვესტორი. რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება. გონიოში გვინდა აშენდეს ახალი ქალაქი, შეიძლება ეს იყოს ფინანსური ცენტრიც, გოლფის მოედნები, ვილები და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი დასახლება შეიქმნას გონიოში,“ – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 12 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე.

გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე, ახალი ფინანსური ცენტრის აშენებაზე ირაკლი ღარიბაშვილმა  2021 წლის 17 აგვისტოსაც ისაუბრა: წინასაარჩევნოდ აჭარაში ჩამოსული პრემიერი გონიოს ციხეში გამართულ პარტიული კანდიდატების წარდგენაზე გონიოელებს ისევ დაჰპირდა, რომ გონიოში ახალ ქალაქს ააშენებდა. 300 ჰექტრის განაშენიანება პრემიერის წინასაარჩევნო დაპირებათა ნუსხიდან ერთ-ერთი იყო.

ამ დაპირებიდან წელიწადი და 4 თვე გავიდა, თუმცა რეალურად არაფერი არ არის გაკეთებული და დღეს პრემიერი ისევ დაპირებით გამოვიდა.

„ბათუმელებმა“ 2022 წლის 21 სექტემბერს საქართველოს მთავრობისგან და აჭარის მთავრობისგან ერთდროულად გამოითხოვა ინფორმაცია გონიოში დაგეგმილი პროექტების შესახებ.

გვაინტერესებდა რა ეტაპზე იყო გონიოში დაგეგმილი სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა? ასევე გვაინტერესებდა როდის დაიწყებოდა პრემიერის მიერ დაანონსებულ გონიოს ეკონომიკურ ზონაში ფინანსური ცენტრის, სასტუმროებისა და კაზინოების მშენებლობა.

არც საქართველოს მთავრობამ და არც აჭარის მთავრობამ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

17 ოქტომბერს „ბათუმელებმა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სადაც აღნიშნული საჯარო ინფორმაციის მოწოდებას ვითხოვდით.

18 ოქტომბერს ადმინისტრაციული საჩივარი სამინისტრომ აჭარის მთავრობის აპარატს გამოუგზავნა.

მას შემდეგ თითქმის 2 თვე გავიდა, მაგრამ აჭარის მთავრობას ადმინისტრაციული საჩივარი არ განუხილავს.

„ბათუმელებს“ პრემიერის დღევანდელი განცხადების შემდეგაც ჰქონდა აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან ინფორმაციის მიღების მცდელობა, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: