მთავარი,სიახლეები

მურუსიძის მანევრი – რატომ მობრუნდა მოსამართლე კლანის ლიდერად?

24.10.2022 • 1166
მურუსიძის მანევრი – რატომ მობრუნდა მოსამართლე კლანის ლიდერად?

„მურუსიძის დაბრუნება ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი არ იყო,“ – თავისი ვერსია აქვს ლევან მურუსიძის დაბრუნებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს ნაზი ჯანეზაშვილს. იგი მიიჩნევს, რომ დიმიტრი გვრიტიშვილის და ლევან მურუსიძის დაბრუნება სასამართლო კლანის მანევრი იყო კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად.

ლევან მურუსიძე 2013 – დან 2017 წლამდე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, დიმიტრი გვრიტიშვილი კი, რომელიც გუშინ, 23 ოქტომბერს ასევე დაბრუნდა იუსტიციის უმაღლეს საბჭო წევრად, საბჭოს წევრი იყო 2017 – 2021 წლებში. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ის ორგანოა, რომელიც მხოლოდ თანამდებობაზე კი არ ამწესებს მოსამართლეებს, თანაც უვადოდ, არამედ მათი სახლში გაშვებაც შეუძლია.

„ვიყავი ჩუმად, წყნარად, ვიხილავდი საქმეებს, მაგრამ რატომღაც არ მოისვენეს,“ – გავლენის სადავეების რომ მის ხელშია, ამის ჩვენება მკაფიოდ სცადა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ, რაც მოსამართლეთა კონფერენციაზე ვერცერთმა მოსამართლემ კანდიდატის დასახელება ვერ გაბედა, ვერც წინააღმდეგ დააფიქსირა ხმა იმის მიუხედავად, რომ კენჭისყრა ფარულია.

თსუ-ს შემდეგ უკონკურენტო არჩევნები უკვე მოსამართლეებმა ჩაატარეს გუშინ, 23 ოქტომბერს. კონფერენციაზე სულ 279 მოსამართლე შეიკრიბა, თუმცა ნაზი ჯანეზაშვილი შენიშნავს, რომ მოსამართლეების საერთო რაოდენობის დაახლოებით 20 % კონფერენციაზე ამჯერად არ გამოცხადდა.

„არასამთავრობო სექტორი იქნებოდა, თუ სხვადასხვა პოლიტიკოსი, ექსპერტი, ხშირად ატრიალებდნენ ჩემს სახელს… 21-ე საუკუნეა, თორემ ცეცხლზეც დაგვაწვავდნენ არასამთავრობოები… თუ უნდათ ბრძოლა, ვიბრძოლოთ,“ – აღნიშნა სასამართლო კლანის ლიდერად მიჩნეულმა ლევან მურუსიძემ მისი არჩევნების შემდეგ, რომელსაც, მაგალითად, საია ფაქტობრივად „ფორმალურ არჩევნებს“ უწოდებს და „მოჩვენებით კონსენსუსს“, რომელიც სერიოზული რისკის წინაშე აყენებს ქვეყნის ევროპულ არჩევანს.

  • რა იცვლება ლევან მურუსიძის დაბრუნებით? 

„ე.წ. კლანი საბრძოლო მზადყოფნაშია – ეს გზავნილია მურუსიძის და გვრიტიშვილის დაბრუნება,“ – გვიყვება ნაზი ჯანეზაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლო გუშაგის“ დამფუძნებელი. – „ვერ ვიტყვი, რომ ამით კლანი გაძლიერდა, ან რამე არსებითად იცვლება. რანაირად უნდა გაძლიერდეს მეტად, მეტი გაძლიერება წარმოუდგენელია უბრალოდ… სვლები შეცვალეს, რომ საჭირო ადგილზე იყოს საჭირო დროს…“

ნაზი ჯანეზაშვილის ვერსიით, სასამართლო კლანი პარლამენტის მიერ არჩეულ ახალ, არამოსამართლე წევრებთან დასახვედრად ემზადება, რომელთა შორის, შესაძლოა რამდენიმე კრიტიკული ადამიანი იყოს და კლანის მყუდროება დაირღვეს.

„შესაძლოა, შეხვდა კიდეც ხელისუფლების წარმომადგენელი მურუსიძეს, ან არ შეხვდა, რადგან ისედაც გასაგებია – არამოსამართლე წევრების შერჩევას 90 ხმა სჭირდება და „ოცნებას“ ამ პროცესში ოპოზიციის მხარდაჭერა დასჭირდება. შესაძლოა, უთხრეს მურუსიძეს, რომ ხუთივე წევრი მისთვის მოსაწონი ვერ იქნება, ან უთხრეს ის, რომ ასე დიდხანს ვერ იქნება, რომ პარლამენტმა არ აირჩიოს არამოსამართლე წევრები. მურუსიძე კიდევ ეტყოდა, რომ ის იმოქმედებს შესაბამისად და მოქმედებს კიდეც.

მურუსიძე ჩათვლიდა, რომ საჯარო ოპონირებისთვის ეს გზა იქნებოდა ყველაზე ხელსაყრელი – მისი დაბრუნება. ჩემი აზრით, ეს არ აწყობდა ხელისუფლებას, მაგრამ სასამართლოს ეს ჯგუფი უმართავია პრაქტიკულად, მათ თავიანთი პირობები აქვთ და დღის წესრიგი. ლევან მურუსიძის ეს ნაბიჯი ხელისუფლების სიურპრიზი არ იქნებოდა, მაგრამ ეს არ აწყობდათ, რადგან ლევან მურუსიძის დაბრუნებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო ისევ ხდება მოვლენების ეპიცენტრში. გამოდის, რომ სასამართლო აგრესიულ პოლიტიკას განაგრძობს.

ეს არ იყო ხელსაყრელი განსაკუთრებით ევროკავშირთან 12-პუნქტიანი ვალდებულებების შესრულების კუთხით. თავისთავად დაინახავენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ ერთი და იგივე ადამიანები ინიშნებიან, ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ,“ – გვითხრა ნაზი ჯანეზაშვილმა.

„შემაშფოთებელია ეს ტენდენცია, როცა ორ ვაკანტურ პოზიციაზე წარმოდგენილი იყო ორი კანდიდატი, ეს იყო მოჩვენებითი კონსენსუსი… ფაქტობრივად ფორმალური არჩევნები გამოვიდა,“ – ამბობს ნანუკა ყრუაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდამჭერი პროგრამის დირექტორი. საია-ს ვკითხეთ: რამდენად დგება რისკის წინაშე არამხოლოდ ევროინტეგრაციის კუთხით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც გულისხმობს სასამართლოს დამოუკიდებლობას, არამედ მთლიანად პროცესი, თუ ჩანს, რომ მოსამართლეებიც ვერ ახერხებენ, ჰქონდეთ არჩევნები?

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასამართლო სისტემის შიგნით არიან მოსამართლეები, რომლებსაც აქვთ ამბიცია, გახდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მაგრამ არავინ აყენებს კანდიდატურას… ეს აჩვენებს, რამდენად ჩაკეტილ წრესთან გვაქვს საქმე, როცა რამდენიმე პირი მართავს რეალურად კლანს. ამ სისტემას ფესვები აქვს უკვე გადგმული, მოსამართლეებს აღარც კი უჩნდებათ კანდიდატის დაყენების სურვილი, გრძნობენ, ეს რამდენად ფორმალური იქნება.

ეს არჩევნები წინასწარ იყო დაგეგმილი… თავისთავად ეს უკან გადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის პროცესში,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი ნანუკა ყრუაშვილი.

ნანუკა ყრუაშვილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ შესაძლოა კლანს შიგნითაც იყო ერთგვარი დაპირისპირება და მოსამართლეების მეტი კონტროლისთვის დააბრუნეს იუსტიციის საბჭოში ლევან მურუსიძე.

ნაზი ჯანეზაშვილის დაკვირვებით კი, სისტემა პოლიტიკური ამოცანის შესაბამისად უკვე „დალაგებულია,“ მოსამართლეების 80 %-ზე მეტი უკვე უვადოდ არის გამწესებულია, დაკომპლექტებულია უზენაესი სასამართლოც, რაც სამოქალაქო სექტორის გარდა, ევროპელი პარტნიორების მწვავე კრიტიკასაც იწვევდა.

„შესაბამისად, დიდი არაფერი ოპონირებისთვის აღარ იქნება, თუ იქნება კრიტიკა და განსხვავებული აზრები, ჩათვალეს, რომ ამისთვის გვრიტიშვილი და მურუსიძე ორივე გამოცდილია და გამოცდილი მეთოდებით იმუშავებენ,“ – დასძინა ნაზი ჯანეზაშვილმა „ბათუმელებთან“.

  • რას აჩვენებს მოსამართლეების არჩევნები არჩევანის გარეშე? 

ნაზი ჯანეზაშვილი ორგანიზაციიდან „სასამართლოს გუშაგი“ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მოსამართლეთა წლევანდელ კონფერენციაზე მოსამართლეთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 20 %, ზუსტად კი, 19, 36 % კონფერენციას არ დაესწრო.

2022 წელს მოსამართლეთა კონფერენციას 279 მოსამართლე დაესწრო [სულ გვყავს 346 მოსამართლე], „სასამართლოს გუშაგის“ მონაცემებით, 2020 წელს მოსამართლეთა კონფერენციას 293 მოსამართლე დაესწრო, 2017 წელს – 298.

„არ ვიცი, ზუსტად, მაგრამ მგონია, რომ ამ 20 %-ის დიდი ნაწილი არის ლევან მურუსიძის და, ზოგადად, ეგრეთ წოდებული კლანის წინააღმდეგი.

ასე რომ, წინააღმდეგობა არ გაუწიეს, მაგრამ ეს წინააღმდეგობა არსებობს… კონფერენციაზე ვინც მივიდა, მან გულწრფელად აირჩია ლევან მურუსიძე, რადგან ასე ფიქრობს, ან ლოიალური დამოკიდებულება აქვს. თვლის, რომ უნდა მიყვეს სისტემას,“ – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

საიას-ს იურისტი, ნანუკა ყრუაშვილი კი მიიჩნევს, რომ რაც ახლა მოსამართლეების თავს ხდება, „ჩრდილოვან შეთანხმებიდან“ იწყება, 2013 წელს რომ გაფორმდა ბიძინა ივანიშვილსა და ლევან მურუსიძეს შორის.

„ის განწყობილია ისე, როგორც მე, მკვეთრად, რომ ყოველგვარი გავლენისგან გაათავისუფლოს სასამართლო,“ – უთხრა 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა ლევან მურუსიძეს, „გირგვლიანის საქმის“ განმხილველ მოსამართლეს. საქმის, რაც ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია იყო წინა ხელისუფლების წინააღმდეგ.

  • „გირგვლიანის საქმის“ გარდა, კიდევ რას ახსენებენ მურუსიძეს? 

მიქიაშვილის საქმე“, მაგალითად, ერთ-ერთი პირველი გახმაურებული საქმეა, რაც მოსამართლე ლევან მურუსიძემ განიხილა 2005 წელს, როცა ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გახდა – რესტორნიდან გამოსულ ფეხბურთელ, გიორგი მიქიაშვილს პოლიციელებმა სცემეს, ექსპერტიზა კი, ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის თქმით, ლევან მურუსიძემ კანონით განსაზღვრული 24 საათის ნაცვლად 50 დღეში დანიშნა.

საინტერესოა, რომ 2005 წლამდე ლევან მურუსიძეს მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა, 2006 წლიდან კი, ანუ მოსამართლედ მუშაობის მხოლოდ ერთწლიანი გამოცდილებით, იგი პირდაპირ უზენაეს სასამართლოში გადაიყვანეს. 2016 წლამდე ლევან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, 2016 წლიდან – სააპელაციო სასამართლოს უვადოდ გამწესებული მოსამართლე.

2015 წლის ბოლოს, ვიდრე ლევან მურუსიძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ გაამწესებდნენ, ჰკითხეს „მიქიაშვილის საქმეზეც“.

„მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა, პირობები არ მქონდა,“ – უთხრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მაშინ ლევან მურუსიძემ და დაგვიანებული ექსპერტიზა თანაშემწეს დააბრალა, რომელმაც საქმის მასალები დროულად არ მიაწოდა.

„გირგვლიანის საქმეზე“ კი ლევან მურუსიძემ თქვა, რომ მას სხვაგვარად მოქმედების საშუალებას კანონი არ აძლევდა: სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მიეღო სხვა გადაწყვეტილება – თქვა ლევან მურუსიძემ 2019 წელს, თუმცა უფლებადამცველები მანამდე და ამ განცხადების შემდეგაც რამდენიმე კანონიერ და სამართლიან გზას ასახელებენ, რომელსაც უნდა დასდგომოდა სამართლიანი მოსამართლე, მათ შორის: განსხვავებული აზრის დაწერა, განაჩენის სააპელაციო სასამართლოსთვის უკან დაბრუნება, სადავო სამართლებრივი ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება.

„გირგვლიანის საქმე“ როცა ლევან მურუსიძის ხელში მოხვდა, ამ დროს ის უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. მან ეს საქმე „სრულყოფილად გამოძიებულად“ ჩათვალა და მსჯავრდებულებს 6 – 6 თვით შეუმცირა თავისუფლების აღკვეთა, შემდეგ კი, სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილება წაიკითხა, სადაც ეს წერია:

„სასამართლო გაოცებულია სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოების, მათ შორის, ადგილობრივი სასამართლოების მიერ პროცესის არასწორად წარმართვით…“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღწერილია, როგორ დაირღვა ქართულ სასამართლოებში, როგორც მტკიცებულებების გაცნობის, ასევე შეჯიბრებითობის პრინციპი.

ლევან მურუსიძის „ანგარიშზეა“ ასევე „მეამბოხე მოსამართლეების“ საქმე, ან კიდევ: „სულხან მოლაშვილის საქმე“, სადაც, მაგალითად, ასევე უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლე ნუნუ კვანტალიანმა განსხვავებული აზრი დააფიქსირა და მიიჩნია, რომ ეს საქმე სააპელაციოს უნდა დაჰბრუნებოდა.

  • რატომ მიიჩნევენ ლევან მურუსიძეს სასამართლო კლანის მეთაურად? 

თავად ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ის მხოლოდ სასამართლო სისტემის ერთ-ერთი „ლიდერია“, სადაც არ არსებობს კლანი. თუმცა სისტემიდან წასული მოსამართლეები, მაგალითად, ანა ღელეყვა, რომელიც სამუშაოდ აშშ-ში წავიდა, 2022 წლის სექტემბერში იხსენებს, რომ ლევან მურუსიძე მართავდა სისტემას.

„…როცა არ დამნიშნეს, საბჭოს მდივანთან ვითხოვე შეხვედრა. იმ დროს მურუსიძე გახლდათ და ვკითხე, რატომ? ამდენი წლის თავდაუზოგავი შრომა რატომ არ უნდა გაითვალისწინო? ძალიან პირდაპირ და გულწრფელად მიპასუხა: იმიტომ, რომ შენ გვერდით არ დაგვიდექი კონფერენციაზე საბჭოს წევრად ჩვენი კანდიდატის არჩევის დროსო. აბა, რაღა არჩევნებია, თუ ჩემი ნების შესაბამისად არ ვიმოქმედე-მეთქი? სხვებს, ვინც გვერდით დაგვიდგნენ, რა პასუხი გავცეთო – მომიგო. მომავალში რა მოტივაცია ექნებათ [სხვა მოსამართლეებს] მხარდასაჭერადო? საერთოდ არ დაუმალავს ეს ამბავი,“ – აღნიშნავს ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა courtwatch.ge-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მანტიას რომ არ სჯერდებოდა, ეს ლევან მურუსიძემაც დაადასტურა ირიბად, როცა 2022 წლის სექტემბერში სოსო გოგაშვილის მუქარაში დაადანაშაულა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანი. მაშინ ლევან მურუსიძემ თქვა, რომ გოგაშვილი მას დაუკავშირდა და განუცხადა, რომ თუ არ მოხდებოდა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლა, მასზე, მიხეილ ჩინჩალაძესა და მთლიანად სასამართლოზე მადისკრედიტებელ მასალებს გაავრცელებდა.

საინტერესო ამ ამბავში ისაა, რომ სოსო გოგაშვილის საქმე ჯერ კიდევ თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება, ლევან მურუსიძე კი, იმ დროისთვის სხვა ინსტანციის სასამართლოს რიგითი მოსამართლე იყო.

„სოსოს მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა. შესაბამისად, როდესაც დაკავებული იყო და უნდა განხილულიყო სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების საკითხი, ის დამიკავშირდა და [მითხრა], თუ არ მოხდებოდა ჩემი მხრიდან მის მიმართ დახმარება და არ შეიცვლებოდა აღკვეთის ღონისძიება, ანუ არ იქნებოდა გამოშვებული, ის გადადგამდა ყველანაირ ნაბიჯს და სასამართლო სისტემას, მე და მიხეილ ჩინჩალაძეს დააბრალებდა რაღაცებს და მოახდენდა სასამართლოს მაქსიმალურად დისკრედიტაციას“.

ლევან მურუსიძის აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა სოსო გოგაშვილის ფეისბუკპოსტი, სადაც აცხადებდა, რომ სუს-ის მოთხოვნით მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძემ მოსამართლე ბესარიონ ალავიძეზე ზეწოლა განახორციელა.

  • რა ქონება დაუგროვდა ლევან მურუსიძეს? 

2022 წლის ივნისში ლევან მურუსიძის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციას თუ გაეცნობით, ნახავთ, რომ ლევან მურუსიძე მხოლოდ ერთ ბინას ფლობს თბილისში ავტოფარეხითურთ, ასევე მიწის ნაკვეთს მცხეთაში და ერთ ავტომანქანას.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან მურუსიძემ ბინა თბილისში 2009 წელს იყიდა – 100.03 კვადრატული მეტრი 40 ათას აშშ დოლარად, ასევე ავტოფარეხი 5 ათას აშშ დოლარად.

მიწის ნაკვეთი მცხეთაში, სოფელ ძეგვში, 10 500 აშშ დოლარად არის შეფასებული და ის მოსამართლეს 2019 წელს შეუძენია. 2020 წელს კი, ლევან მურუსიძეს ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“ შეუძენია 102 420 ლარად.

ლევან მურუსიძის წლიური ანაზღაურება 2021 წელს 72 681 ლარი იყო [თვე – 6 056 ლარი]

კიდევ ერთი დეტალი: მოსამართლე დეკლარაციაში მიუთითებს, რომ მას ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე აქვს აღებული სესხი 30 ათასი ამერიკული დოლარი 2018 წლიდან და 2021 წელს ამ სესხის დასაფარად 10 ათასი აშშ დოლარი დასჭირდა.

ლევან მურუსიძეს დეკლარაციაში ოჯახის სხვა წევრებს არ ასახელებს. სტუდია „თავისუფლების მონიტორმა“ კი გაარკვია, რომ ლევან მურუსიძეს თანაცხოვრება აქვს ლელა ჭანიასთან, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსია. მისი ჯამაგირი თვეში 2750 ლარია და 2015-2016 წლებში, მხოლოდ ორ წელიწადში – 166 200 აშშ დოლარის ღირებულების ქონება შეიძინა – 3 ბინა [თბილისსა და ბათუმში] და 2 მიწის ნაკვეთი.

ამასობაში, არამხოლოდ საქართველოს სამოქალაქო სექტორი, რომელსაც „ბრძოლით“ ემუქრება იუსტიციის საბჭოში დაბრუნებული მოსამართლე ლევან მურუსიძე, არამედ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი – აშშ-ც კი ამ ტერმინით საუბრობს: „მოსამართლეთა კლანი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: