მთავარი,სიახლეები

პუტინი ირწმუნება, რომ დასავლეთმა უკრაინა კოლონიად აქცია, მისი ხალხი კი საზარბაზნე ხორცად

09.12.2022
პუტინი ირწმუნება, რომ დასავლეთმა უკრაინა კოლონიად აქცია, მისი ხალხი კი საზარბაზნე ხორცად

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის გაჩაღებაში დასავლეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დონბასში გენოციდი სწორედ დასავლეთმა წაახალისა, ახლა კი უკრაინას თვითმკვლელობისკენ უბიძგებს.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერებისადმი ვიდეომიმართვაში პუტინი ეკონომიკური სანქციების გამოც გამოთქვამს უკმაყოფილებას.

მისი თქმით, დასავლეთი აწესებს „უკანონო ეკონომიკურ და სავაჭრო სანქციებს“, „აჩაღებს სამხედრო კონფლიქტებს მთელ მსოფლიოში“ და „ცდილობს მისთვის არასასურველი ხელისუფლებების დამხობას“.

„მათი მოქმედების მძიმე შედეგებს ვხედავთ ახლა უკრაინაში. წლების განმავლობაში დასავლეთი ურცხვად უწევდა ექსპლუატაციას მის რესურსებს. წაახალისა გენოციდი და ტერორი დონბასში. ფაქტობრივად, კოლონიად აქცია ეს ქვეყანა და ახლა ცინიკურად იყენებს უკრაინელ ხალხს, როგორც საზარბაზნე ხორცს და ტარანს რუსეთის წინააღმდეგ“, – აცხადებს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი, რომელიც განაგრძობს უკრაინისთვის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მიწოდებას და იქ „დაქირავებულ მებრძოლებს აგზავნის“, უკრაინას თვითმკვლელობისკენ უბიძგებს.

________________

გუშინ ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციას უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების მორიგი, მე-9 პაკეტი დაუწესა.

ევროკავშირი კრძალავს რუსეთისთვის დრონების/უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვას; დრონების ექსპორტი იკრძალება ირანშიც, – რომელიც რუსეთს ამ იარაღით ამარაგებს, – და აკრძალვა ასევე ეხება „მესამე ქვეყნებს, რომლებმაც შესაძლოა დრონები რუსეთს მიაწოდონ“

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, პაკეტი ასევე მოიცავს „ექსპორტის კონტროლს, – განსაკუთრებით ორმაგი დანიშნულების საქონელს, რომელსაც შესაძლოა რუსეთის სამხედრო მანქანა იყენებდეს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: