მთავარი,სიახლეები

„გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი თავისი კაზინოებით, ბანკებით“ – ღარიბაშვილი

17.08.2021 • 9034
„გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი თავისი კაზინოებით, ბანკებით“ – ღარიბაშვილი

დღეს, 17 აგვისტოს, ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხელვაჩაურში, გონიოს ციხის ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, ზაზა დიასამიძე წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა სწორედ აქ განაცხადა, რომ გონიოში აშენდება ახალი ქალაქი კაზინოებითა და ბანკებით.

„აქვე არსებობს უნიკალური ადგილი, გონიოს ყოფილი პოლიგონი, რომელიც არის დაახლოებით 300 ჰექტარი, უფრო მეტიც. ჩემი დავალებით მთავრობა მუშაობს, მათ შორის აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი ბატონი თორნიკე, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად. გვაქვს შემდეგი ხედვა, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალურ ეკონომიკური ზონა თავისი ფინანსური ცენტრით. რეალურად ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება აღნიშნული პროექტი და იდეა.

ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კონცეფციაზე, რომელიც წლის ბოლოს იქნება დასრულებული. ჩვენი სურვილია, რომ ჩავრთოთ მაქსიმალურად ყველა, ყველა ის კომპეტენტური, საუკეთესო კომპანია და ორგანიზაცია, რომელიც ამ სფეროში არის სპეციალიზებული და გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით, ფინანსური ცენტრი უნდა შეიქმნას და რეალურად ახალი სიცოცხლე შევიტანოთ ამ მხარეში და ამ რეგიონში“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გონიოს ციხეში შეკრებილ საზოგადოებას.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მთავრობა აცხადებს, რომ გონიოს პოლიგონზე ინვესტიციების მოზიდვა იწყება. მაგალითად, აჭარის მთავრობა ჯერ კიდევ 2017 წელს აცხადებდა, რომ გონიოს პოლიგონის ტერიტორიაზე საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა.

იგივე განაცხადეს 2019 წელსაც.

თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ 2021 წლის მაისის დასაწყისში უთხრეს, რომ „მიმდინარე ეტაპზე ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელება არ განიხილება“.

___

ამავე თემაზე:

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: