ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმში 52 მილიონად აშენებულ ნაპირდამცავ ნაგებობას პატრონი არ ჰყავს

09.09.2022 • 2765
ბათუმში 52 მილიონად აშენებულ ნაპირდამცავ ნაგებობას პატრონი არ ჰყავს

ბათუმის ახალ ბულვართან 1700 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ნაგებობის მოვლა-პატრონობაზე თითქმის 3 თვეა არავინ ზრუნავს. ამ ნაგებობის პოტენციური მეპატრონე ბათუმის მერიაა, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ქალაქის მერია ობიექტს, უკვე მესამე თვეა არ იბარებს.

ნაპირდამცავი ნაგებობიდან ალაგ-ალაგ მორღვეული ლოდები ზღვაში ყრია, ნაგებობის გასწვრივ კი, პლაჟი უმეტესწილად წარეცხილია. ამ ნაგებობაში სახელმწიფოს მიერ აღებული სესხი – 52,2 მილიონი ლარია დახარჯული.

ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმში / 8.09.2022

ბათუმში ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

„ფონდმა ობიექტი და შესაბამისი დოკუმენტაცია სრულად გადასცა ბენეფიციარს – ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც პასუხისმგებელია დასრულებული ობიექტის ფლობაზე, სარგებლობაზე, ექსპლუატაციაზე, მოვლა-პატრონობაზე, შემოწმებასა და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხზე“, – მოგვწერეს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2022 წლის 8 სექტემბერს.

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2022 წლის 9 ივნისს მიწერეს ობიექტის ჩაბარებაზე:

„გაცნობებთ, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით დასრულდა ბათუმის ნაპირდაცვის და სანაპირო ზოლის მოწყობის პროექტის სამუშაოები და დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი. საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2022 წლის 3 მაისის ბრძანებით ობიექტი ექსპლუატაციაში იქნა მიღებული.

გთხოვთ, ჩაიბაროთ პროექტის ფარგლებში შექმნილი ინფრასტრუქტურა და გაუწიოთ შესაბამისი ექსპლუატაცია. დამატებით, გთხოვთ, განსაზღვროთ მერიის პასუხისმგებელი პირი, რომელიც ხელს მოაწერს მიღება-ჩაბარების აქტს“, – აღნიშნულია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მიერ ბათუმის მერისთვის 2022 წლის 9 ივნისს გაგზავნილ წერილში.

„მიღება-ჩაბარების აქტი ჯერ გაფორმებული არ არის. შესაბამისად, ობიექტი მერიას ჯერ არ ჩაუბარებია. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, – უთხრეს 8 სექტემბერს, „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში.

ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმში / 21 აგვისტო, 2022 წელი

ნაპირდამცავ ნაგებობასთან ზღვამ პლაჟი რომ წარეცხა, „ბათუმელები“ 2 წლის წინაც წერდა:

მაშინ „ბათუმელები“ არკვევდა, ვის უნდა შეეტანა ხრეში სანაპიროზე ხელოვნური პლაჟის აღსადგენად, იყო თუ არა დეფექტი ის, რომ ნაპირდამცავი ნაგებობიდან მორღვეული ლოდები ზღვაში აღმოჩნდა, ასევე, ვის უნდა მოევლო ამ კონსტრუქციისთვის. მაშინ ფონდიდან მოგვწერეს, რომ ნაგებობას მშენებელი კომპანია მოუვლიდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდისგან „ბათუმელებისთვის“ 2022 წლის 8 სექტემბერს მოწოდებულ ინფორმაციაში კი, აღნიშნულია:

  • „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს [ADB] შორის 2015 წლის 26 ოქტომბრის საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, სამშენებლო კომპანიამ [„სტრუიჯკ გრუპ“ ჰოლანდია] 2020 წლის თებერვალში დასრულდა ბათუმის ნაპირ-დაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოები.
  • 2022 წლის თებერვალში, დასრულდა ე.წ. „დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი“, რომლის განმავლობაში კონტრაქტორი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯით აღმოეფხვრა ობიექტზე გამოვლენილი ყველა შესაძლო ხარვეზი“.

ბათუმის ნაპირდამცავი ნაგებობიდან მორღვეული ლოდები ზღვაში / 21.08.2022

„შესაბამისად, 2022 წლის 21 თებერვალს კონტრაქტორის [„სტრუიჯკ გრუპ“ ჰოლანდია], ზედამხედველის [“ტექნიტალი” იტალია], ფონდის, ბათუმის მერიისა და სსიპ „ბათუმის ბულვარის“ წარმომადგენლების მონაწილეობით შედგა საბოლოო ინსპექტირების [თანდართული] ანგარიში, რომლის მიხედვითაც სამუშაოები ხარვეზების გარეშე [დეფექტებზე არც ფონდს და არც სახელმწიფოს არ გაუწევია რაიმე დამატებითი ხარჯი] შესრულებულია დეტალური პროექტის, მოქმედი სტანდარტებისა და მშენებლობის ნებართვის პირობების სრული დაცვით. რაც შეეხება პროექტის საბოლოო ღირებულებას, იგი შეადგენს 52 224 432 ლარს“, – მოგვწერეს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 8 სექტემბერს.

ბათუმის ნაპირდამცავი ნაგებობა და არარსებულ პლაჟზე ჩასასვლელი / 21 აგვისტო, 2022 წელი

ბათუმის ბულვარის ინსპექტირების საბოლოო ანგარიშიდან, რომელიც 2022 წლის 21 თებერვლითაა დათარიღებული და ბათუმის ნაპირდაცვის პროექტს ეხება. ფონდმა საინსპექციო ვიზიტების ანგარიშების ასლები რატომღაც არ მოგვაწოდა.

„დეფექტების აღმოფხვრისა“ და იმის მიუხედავად, რომ „დამატებითი დეფექტები ვიზუალურად აღმოჩენილი არ არის“, ლოდები ისევ ისე ყრია ზღვაში. ასე იყო გასულ წელსაც. ამასთან, არც პლაჟია მოწყობილი ნაგებობის გასწვრივ, როგორც ამას პროექტი ითვალისწინებდა. რატომ? – მიზეზი ისევ ფონდს ვკითხეთ.

„ფონდმა სრულად შეასრულა პროექტთან დაკავშირებული მისი უფლება-მოვალეობები და ობიექტის ექსპლუატაციის მიმდინარე საქმიანობაში ჩარევა სცილდება მის კომპეტენციას“, – მოგვწერეს ფონდიდან 2022 წლის 8 სექტემბერს.

„ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას“, ბათუმის მერია რატომღაც არ ჩქარობს.

ამავე თემაზე:

„ნუ აძვრებით ქვებზე“ – უსაფრთხოა თუ არა ნაპირდამცავი ნაგებობა ახალ ბულვარში

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: