მთავარი,სიახლეები

ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლიდან ამოიღეს ფრაზა 100 ათას დაღუპულ უკრაინელ სამხედროზე

30.11.2022
ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლიდან ამოიღეს ფრაზა 100 ათას დაღუპულ უკრაინელ სამხედროზე

ევროკომისიის პრეზიდენტის ვიდეომიმართვიდან ამოღებულია ის ნაწილი, რომელშიც ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობდა, რომ „უკრაინაში უკვე დაახლოებით 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 ათასზე მეტი სამხედრო დაიღუპა“.

ევროკომისიის პრეზიდენტის მიმართვა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დღეს გამოქვეყნდა, თუმცა ის ძველ ბმულზე აღარ იძებნება. ურსულა ფონ დერ ლაიენის გვერდზე გამოქვეყნებულია ახალი პოსტი უკვე დარედაქტირებული ვიდეოთი და შესაბამისი ტექსტით.

ევროკომისიის პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ლაპარაკობს იმაზე, როგორ უნდა აიძულოს მსოფლიომ რუსეთი და რუსი ოლიგარქები, აუნაზღაურონ უკრაინას მიყენებული ზიანი.

„რუსეთის სამხედრო აგრესიამ მოიტანა სიკვდილი, განადგურება და ენით აღუწერელი ტკივილი. ჩვენ ყველას გვახსოვს ბუჩის საშინელება. უკრაინაში უკვე დაახლოებით 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 ათასზე მეტი სამხედრო დაიღუპა. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი სასტიკი დანაშაულებისთვის,“ – ამბობდა ევროკომისიის პრეზიდენტი, თუმცა შეცვლილ ვერსიაში ციტატიდან დაღუპულთა შესახებ მონაცემები ამოღებულია.

როგორც „უკრაინსკა პრავდა“ წერს, გამოცემამ ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ დასახელებულ მონაცემებზე მანამდე კომენტარი სთხოვა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, სადაც ჟურნალისტებს უპასუხეს, რომ გენშტაბი ამ რიცხვებს არ ადასტურებს.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავადასტუროთ ეს მონაცემები. აქვე ხაზს ვუსვამთ, რომ უკრაინის არმიის დანაკარგები იმ ტიპის ინფორმაციაა, რომლის გამოქვეყნებაც შეზღუდვებს ექვემდებარება,“ – უთხრა „უკრაინსკა პრავდას“ სამსახურის ხელმძღვანელმა ბოგდან სენიკმა.

შენიშვნა: მოგვიანებით ევროკომისიამ განმარტება გააკეთა. როგორც ევროკომისიის მთავარი სპიკერის მოადგილემ და პოლიტიკური კომუნიკაციების დირექტორმა დანა სპინანტმა „ტვიტერზე“ დაწერა, ვიდეოს თავდაპირველი ვერსია „არაზუსტ“ მონაცემებს შეიცავდა.

„მადლობა ყველას, ვინც მიგვითითა ვიდეოს წინა ვერსიაში მონაცემების უზუსტობაზე. სავარაუდო გათვლები გარე წყაროებიდან ეხებოდა საერთო დანაკარგებს – როგორც დაღუპულებს, ისე დაჭრილებს და მოყვანილი იყო რუსეთის სისასტიკის საჩვენებლად,“ – აღნიშნა ევროკომისიის სპიკერის მოადგილემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: