ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმი 65 ახალ ავტობუსს მომავალი წლის მაისამდე ელოდება

09.12.2022
ბათუმი 65 ახალ ავტობუსს მომავალი წლის მაისამდე ელოდება

ბათუმი 65 ახალ ავტობუსს 2023 წლის მაისამდე ეტაპობრივად მიიღებს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ უთხრეს.

კომპანიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსებით ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.

ბათუმის ავტოტრანსპორტის ავტოპარკში ამ დროისთვის 154 ავტობუსია, თუმცა ქალაქში გარკვეულ საათებში მუნიციპალური ტრანსპორტი გადაჭედილია. ეს განსაკუთრებით დილით, სკოლებში მეცადინეობის დაწყებამდე და გაკვეთილების დასრულების შემდეგ პერიოდშია საგრძნობი.

„ბათუმელებს“ ერთ-ერთი მოქალაქე დაუკავშირდა კიდეც და გვითხრა, რომ მისი ბავშვები ქალაქის მე-2 საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში სწავლობენ, დღეს, 9 დეკემბერს კი, საღამოს 6 საათის შემდეგ ვერც N11 ავტობუსში მოახერხა ასვლა და ვერც N13-ში:

„ბავშვებთან ერთად რთულია და ვერც მოვახერხე ავტობუსში ასვლა. ორი 11 ნომერი გავუშვი, შემდეგ გადმოვედი გორგილაძეზე და 13 ნომერიც გადავსებული იყო ხალხით“.

ხალხით გადაჭედილი N11 და N13 ავტობუსები ბათუმში / 9.12.2022 / მოქალაქის მიერ მოწოდებული ფოტოები

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, რომ, როცა 65 ახალ ავტობუსს მიიღებენ და „ძველ“ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ, პარალელურად დაიწყება როგორც ძველი ავტობუსების ტექნიკური ექსპერტიზა, ასევე სამარშრუტო ხაზების ოპტიმიზაციაზე მუშაობა.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ ოთხი თვის წინ მოწოდებული ინფორმაციით, ავტოპარკში შემდეგი ავტობუსები აქვთ:

  • 60 ერთეული „ზონდა“ – ე.წ. ყვითელი ავტობუსები [რომლებიც მთლიანად ჩასანაცვლებელია];
  • 40 – „ისუზუ“ [ლურჯი, ახალი]
  • 40 – „ისუზუ ატამან“ [ლურჯი, ახალი]
  • 8 – ელექტროავტობუსი
  • 6 – „ბოგდანი“ [საგარეუბნო]

რაც შეეხება ახალი ავტობუსების ყიდვას:

ბათუმისთვის 65 ახალი ავტობუსის შესყიდვასა და მათი გეგმური ფლობის მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „ჯი-თი გრუპმა“, რომელიც მერიას ერთ ავტობუსს 536 600 ლარად მიჰყიდის.

ჯამში ქალაქი 34 879 000 ლარს გადაიხდის 65 ავტობუსში [დღგ-სა და ყველა მომსახურების ჩათვლით].

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/442471/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: