ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის მერია 80-მილიონიან პროექტს იწყებს – კანალიზაცია შემოერთებულ ტერიტორიებზე

09.12.2022 • 1961
ბათუმის მერია 80-მილიონიან პროექტს იწყებს – კანალიზაცია შემოერთებულ ტერიტორიებზე

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოსაწყობად სამუშაოებს ქალაქის მერია 2023 წლიდან დაიწყებს. სამუშაოები, ძირითადად, KfW ბანკის სესხით და ქალაქის ბიუჯეტით უნდა დაფინანსდეს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს [KfW] შორის გაფორმდა სასესხო და საგრანტო შეთანხმებები [ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, ფაზა V]. შეთანხმებების მიხედვით, ქვეყნისთვის გამოიყოფა 53 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი სესხი, ხოლო 2 მილიონი ევრო გრანტი“.

„V ფაზის ფარგლებში ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურისა და მეჯინისწყლის ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემები მოეწყობა“, – აცხადებს ქალაქის მერია.

ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, V ფაზის ფარგლებში დაგეგმილია:

„ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება; ა და ბ სატუმბი სადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია; აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის დასახლებების წყალარინება; ინჯალოს წყლის სამარაგე რეზერვუარის, წყალსადენის და სასმელი წყლის მკვებავი ხაზის მშენებლობა; მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმადობის გაზრდა; ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია ჩაქვის გადამცემი მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაცია; ხელვაჩაურის და აეროპორტის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა.“

ამ სამუშაოებისთვის კი, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯამში 80 მილიონი ევრო დაიხარჯება: 53 მილიონი ევრო – შეღავათიანი სესხი KFW ბანკიდან, 25 მილიონი ევრო – თანადაფინანსება ბათუმის ბიუჯეტიდან და 2 მილიონი ევრო თანმდევი მომსახურებისთვის – გრანტი KFW ბანკიდან.

თანადაფინანსების თანხები ქალაქის ბიუჯეტიდან მერიას შემდეგნაირად აქვს გადანაწილებული:

  • 2023 წელს – 3,5 მილიონი ლარი [პროექტის ფარგლებში დღგ-ს და სხვა გადასახდელების თანადაფინანსება; KfW ბანკთან შეთანხმების შესაბამისად პროექტის დამატებითი თანადაფინანსება],
  • 2024 წელს – 8,5 მილიონი ლარი,
  • 2025 წელს – 32 მილიონი ლარი,
  • 2026 წელს – 32 მილიონი ლარი.

მერიის გათვლებით, უშუალოდ 2023 წელს დაგეგმილია:

  • საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება – აღმასრულებელ კონსულტანტთან
  • სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მინიმუმ ერთი დიზაინის მომზადება
  • სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება; ტენდერის ჩატარება და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება.

თუ ეს ყველაფერი მერიამ მოახერხა 2023 წელს, სამუშაოები შემოერთებულ ტერიტორიებზე, დიდი ალბათობით, 2024 წელს დაიწყება.

ბათუმის მერიაში დღეს გვითხრეს, რომ დაგეგმილი სამუშაოების დაწყება-შესრულება დამოკიდებულია თანხის ბათუმის ბიუჯეტში გადმორიცხვისა და სხვადასხვა [მათ შორის სატენდერო] პროცედურებზე.

დაბა ხელვაჩაურისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობის სამუშაოები 2024 წელში დასრულებული უნდა ყოფილიყო.

შესაბამისი თანხაც – 60 მილიონი ევრო – გამოყოფილი იყო [მერიას სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2020 წლის ბოლო კვარტალში უნდა გამოეცხადებინა, სამუშაოები კი, იმდროინდელი გეგმით, 2021-2022-2023 წლებში, ასევე, 2024 წელშიც უნდა გაგრძელებულიყო.]

თუმცა, 60 მილიონ ევროზე KfW-თან დადებული სასესხო შეთანხმება საქართველოს მთავრობამ 2020 წელს გააუქმა.

ხელშეკრულების გაუქმებას მაშინ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანიც დათანხმდა, თუმცა რატომ? – ამ კითხვაზე მერიაში „ბათუმელებს“ არ უპასუხეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კი, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად პანდემია დაასახელა:

დაბა ხელვაჩაურისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები მინიმუმ 12 წელია, რაც აღნიშნული პროექტის დაწყებას ელიან.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

ამავე თემაზე:

კორპუსები კანალიზაციის გარეშე ბათუმში, ახალ ბულვართან – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: