მთავარი,სიახლეები

„მინიმუმ 5 წელი დასჭირდება“ – უბნები ბათუმში, სადაც კანალიზაცია არ არის

13.02.2022 • 2755
„მინიმუმ 5 წელი დასჭირდება“ – უბნები ბათუმში, სადაც კანალიზაცია არ არის

„მინიმუმ 5 წელი დასჭირდება, მაგრამ ჯერ არავითარი ხელშეკრულება არ არის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის მერის მრჩეველმა, ზაურ ფატლაძემ. მას ვკითხეთ ბათუმისთვის შემოერთებულ ტერიტორიაზე კანალიზაციის და სასმელი წყლის სისტემის მოწყობის შესახებ. ამ დრომდე არათუ კახაბერსა და მახვილაურში, არამედ ზღვასთან ახლოს – ადლიაში, ანგისაში, აეროპორტის დასახლებაში, ახალ ბულვარში აშენებულ მრავალსართულიან კორპუსებშიც კი, კანალიზაციის სისტემა არ არსებობს. 

ამ მაჟორიტარულ ოლქში მოსახლეობა 2 აპრილს ისევ არჩევნებზე უნდა წავიდეს. დასახლებაში, რომელიც თითქმის 15 წელია ქალაქია, როგორც აქ მცხოვრებმა ერთმა ქალმა გვითხრა, ნუმერაციის მინიჭების გარდა, ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მალე დაიწყება,“ – მისთვის ჩვეული ზოგადი აქცენტით უპასუხა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა „ბათუმელების“ კითხვას შემოერთებულ ტერიტორიაზე კანალიზაციის სისტემის მოწყობაზე. არჩილ ჩიქოვანმა არ დააკონკრეტა: რა ეტაპზეა შეთანხმება KFW-თან, რომლის სესხის ფარგლებშიც კანალიზაციის სისტემის მოწყობა იქნება შესაძლებელი, ან რა დრო დასჭირდება ამას?

ადგილობრივი ხელისუფლების ბოლო დაპირების მიხედვით, საკანალიზაციო სისტემა ბათუმს შემოერთებულ დასახლებაში 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. ამისთვის KFW-მ სესხის სახით 60 მილიონი ევრო მოგვცა კიდეც, თუმცა ეს ფული ბათუმის მერიამ საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში – ეგრეთ წოდებულ კოვიდბიუჯეტში გადარიცხა.

როდის დაიწყება კანალიზაციის მოწყობა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე? – ეს ის კითხვა აღმოჩნდა, რაზეც პასუხის მიღებას „ბათუმელები“ სხვადასხვა უწყებიდან ორი დღეა ცდილობს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ უბანში ბოლო არჩევნებში ენმ-დან ნუგზარ ფუტკარაძემ გაიმარჯვა და მისი გარდაცვალების შემდეგ, თვე-ნახევარში ისევ არჩევნებია, მთავრობა ასეთი გზავნილით ირჩევს ფონს გასვლას: „მიღწეულია სამთავრობო შეთანხმება“.

მაგრამ მთავრობა ვერ ამბობს: რა სახის შეთანხმება არსებობს? როდის დაიწყება სამუშაოები ადლიის და ანგისის დასახლებაში? როდის დასრულება წყალარინების სისტემის მოწყობა? – ამ კითხვებს არ უპასუხეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში [თანხას სესხის აღების შემთხვევაში აძლევენ ჯერ მთავრობას, შემდეგ – მუნიციპალიტეტს].

„მოლაპარაკებების ფარგლებში, უახლოეს პერიოდში, შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების ხელმოწერაა დაგეგმილი,“ – ეს თორნიკე რიჟვაძემ თქვა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, როცა ის საუბრობდა წყალარინების სისტემის მეხუთე ფაზის სამუშაოებზე ბათუმში.

ინფორმაცია არც ბათუმის მერიის პრესცენტრმა მოგვაწოდეს. პრესცენტრში განმარტეს, რომ დეტალები ზუსტდება და ამ ეტაპზე იმაზე მეტს ვერ გვეტყვიან, რაც არჩილ ჩიქოვანმა გვითხრა.

გამონაკლისი მერის მრჩეველი ზაურ ფატლაძე აღმოჩნდა, რომელსაც ამ მიმართულებით ბათუმში მუშაობს დიდი გამოცდილება აქვს. ზაურ ფატლაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც 60 მილიონი ევრო ბათუმმა ცენტრალურ ბიუჯეტს გადასცა, ჯერ კონკრეტული, ახალი ხელშეკრულება არ გვაქვს, თუმცა მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს.

მრჩეველი ამბობს იმასაც, რომ ამჯერად საუბარია 55 მილიონ ევროზე, საიდანაც 2 მილიონი ევრო გრანტი იქნება. „იმისთვის, რომ ამ დასახლებაში წყლის და კანალიზაციის სისტემა სრულად მოეწყოს, მინიმუმ ერთი ამდენის დამატება იქნება საჭირო, რაც მუნიციპალიტეტმა უნდა მოიძიოს,“ – აღნიშნა ზაურ ფატლაძემ.

ბათუმის მერის მრჩევლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ ოქმებით დასტურდება მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესი.

ზაურ ფატლაძე – ბათუმის მერის მრჩეველი

„საუბარია იმაზე, რომ სადღაც მაისის შემდეგ, ივნისში შესაძლოა ეს განხორციელდეს, თავდაპირველად პარლამენტმა უნდა მოახდინოს რატიფიცირება, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულება და შემდეგ გადმოსცემენ მუნიციპალიტეტს… ამ ეტაპზე მხოლოდ ოქმები არის, რომ საქართველოს მთავრობას გადაეცეს ეს თანხა ბათუმისთვის…

გათვალისწინებულია ამ თანხაში გამწმენდი ნაგებობაც და ჩაქვის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია…“ – გვითხრა ბათუმის მერის მრჩეველმა, ზაურ ფატლაძემ.

მრჩევლის თქმით, KFW-თან თანამშრომლობის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში ჩატარდა კვლევები იმისთვის, რომ განსაზღვრულიყო ამ დასახლებისთვის მოსაწყობი სისტემის საჭიროებები.

„თუკი მოგცემენ თანხას, ჯერ გასაკეთებელი იქნება პროექტები, შემდეგ რამდენიმე თვე ტენდერებს და სამშენებლო კონტრაქტებს დასჭირდება, სამი წელი მშენებლობას უნდა, ხუთწლიანია ეს პროგრამა.

ეს მოიცავს ძირითადად მეჯინისწყლის ირგვლივ ადგილებს – ადლიას, ანგისას, აეროპორტის დასახლებას, გონიოსა და კვარიათში უკვე მოვაწყვეთ ეს სისტემა, წყალი გავიყვანეთ, ქსელია დარჩენილი, რაც ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით უნდა გაკეთდეს,“ – აღნიშნა ზაურ ფატლაძემ.

„მიღწეულია შეთანხმება ბათუმისთვის 53 მილიონი ევროს სესხის გამოყოფის თაობაზე,“ – ამ ჩანაწერით მიიღო წერილობითი პასუხი ბათუმის მერისგან რეზო ხარაზმა, როცა მან იკითხა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე კანალიზაციის მოწყობის პრობლემაზე. რეზო ხარაზი ბათუმის საკრებულოს წევრია და მიიჩნევს, რომ მერის პასუხი არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან შეთანხმების დოკუმენტი არ არსებობს და დეტალებზე მერმა მისი შეკითხვები უპასუხოდ დატოვა.

„ეს 60 მილიონი არ უნდა გადაერიცხა ჩიქოვანს კოვიდბიუჯეტში, ეს იყო კორუფციული ბიუჯეტი რეალურად… ახლა არჩილ ჩიქოვანი გვეუბნება, რომ არსებობს შეთანხმება, მაგრამ არ გვეუბნება, რა პირობით ვიღებთ სესხს? როგორ ვიღებთ? რას ვაკეთებთ? არავითარი კონკრეტიკა არ არსებობს. გამოდის, სიტყვაზე უნდა ვენდოთ არჩილ ჩიქოვანს?“ – კითხულობს საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან.

რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“

დოკუმენტი არ უნახავს, მაგრამ საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნინო ცხვარაძე დარწმუნებულია, რომ შეთანხმება  მიღწეულია და დაპირება ამჯერად მაინც შესრულდება. „შეიძლება გვიან, მაგრამ მათ ექნებათ წყალი და კანალიზაციაც“, – გვითხრა მან.

ნინო ცხვარაძის ინფორმაციით, ჯამში 88 მილიონი ევრო დაიხარჯება მე-5 ფაზის ფარგლებში და ამ პროექტის ფარგლებში მივიღებთ სესხს ევროპის რეკონსტრუქციის ბანკისგან – 53 მილიონ ევროს.

„დანარჩენი თანხა უნდა მოიძიოს მუნიციპალიტეტმა და იმედია მოხერხდება ამ თანხის დროულად მოძიება… როგორც ვიცი, ხელი მოეწერება გაზაფხულზე და შემდეგ დაიწყება საპროექტო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოხდება როგორც წყალარინების, ისე წყალმომარაგების ქსელის გაუმჯობესება – რეაბილიტაცია. წყალმომარაგების ნაწილში იგეგმება, როგორც ჩაქვის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია-მშენებლობა, ძირითადი მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია. ასევე მეჯინისწყლის სატუმბი ნაგებობის გაფართოება და ახალი რეზერვუარის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს შემოერთებულ ტერიტორიებზე 24-საათიან უსაფრთხო წყალმომარაგებას… პროექტის ფარგლებში აეროპორტში, ინდუსტრიულ ზონაში და კახაბერში მოეწყობა წყლის და წყალარინების სისტემები,“ – გვიპასუხა ნინო ცხვარაძემ.

ნინო ცხვარაძე – ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“

რამდენად სწორად იმართება ქალაქი, როცა, მაგალითად, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ქვაფენილის ამოყრასა და ხელახლა ასფალტის საფარის დაგებაში 8 მილიონი ლარი იხარჯება, ათასობით ოჯახს კი, კანალიზაციაც არ აქვს? – ვკითხეთ საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“.

„მხოლოდ მოსახლეობის მოთხოვნა არაა საკმარისი, აუცილებელია ფინანსური რესურსიც… გასათვალისწინებელია, რომ ქუჩის კეთილმოწყობას ნაკლები თანხა სჭირდება, ვიდრე ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც გაცილებით მოცულობითი სამუშაოა“.

„ქართული ოცნების“ კრიტიკას ბათუმის მერის არც ის გადაწყვეტილება იმსახურებს, რომლითაც არჩილ ჩიქოვანმა KFW-გან გამოყოფილი 60 მილიონი ევრო კოვიდბიუჯეტში გადარიცხა.

„იმ ეტაპზე ალბათ ასე იყო საჭირო. კოვიდპანდემიის მართვას თანხა სჭირდება და ამის საჭიროება იყო ალბათ. ვფიქრობ, ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობაა“, – აღნიშნა ნინო ცხვარაძემ „ბათუმელებთან“.

მოსახლეობის კანალიზაციით და სასმელი წყლით უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი თანხის ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხვა კატეგორიულად მიუღებელია ნათია აფხაზავასთვის. ის „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელია და აქტიურად ადევნებს თვალს თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესებს.

„ცენტრალური ხელისუფლების გავლენის შედეგია ეს, თავსმოხვეული… რა თქმა უნდა, ადამიანების სიცოცხლის უსაფრთხოებაზე წინ არაფერია, მაგრამ ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა არის ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი უფლებამოსილება. მუნიციპალიტეტი უნდა იყოს დამოუკიდებელი მსგავს სიტუაციაში. ეს რეალობა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, აჩვენებს მოსახლეობის მხრიდან ზედამხედველობის სისუსტეს,“ – მიიჩნევს ნათია აფხაზავა.

ნათია აფხაზავა

ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“

ამ თემაზე საუბრისას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს ის წლები ახსენდება, როცა დისკუსიის საგანი ეს იყო: უნდა გახდეს თუ არა ბათუმი ანგისა, ადლია, გონიო და კვარიათი?

„ახლაც ვახსენებთ ფრაზას – ახლადშემოერთებული ტერიტორია, არადა თითქმის 15 წელი გავიდა მას შემდეგ. შემოერთების პროცესზე როცა იყო მსჯელობა, შემოერთების არგუმენტად სახელდებოდა ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება, მაგრამ ამ უბნებში არაფერი შეცვლილა, იგივე პრობლემებია: კანალიზაცია, სასმელი წყალი, შიდა გზები… არჩევნებიდან არჩევნებამდე ვისმენთ დაპირებებს, მაგრამ ძირითადი ნაწილი ისევ არ არის გაკეთებული. ეს სესხები და ვალდებულებები უსასრულოდ იწელება.

ვფიქრობ ასევე, რომ არასწორად ხდება პრიორიტეტების გადანაწილება, მაგალითად, როცა გმირთა ხეივნის რეაბილიტაციაზე იხარჯება მილიონები, ამ თანხით მინიმუმ ერთი უბნის რეაბილიტაცია შეიძლებოდა. ეს პრიორიტეტები, როგორც ყოველთვის, უფრო პარტიულ პიარსაა მორგებული, ვიდრე ადგილობრივ საჭიროებებს,“ – აღნიშნა ნათია აფხაზავამ.

საცხოვრებელი კორპუსის ეზო ადლიის დასახლებაში, რომლის ქვემოთაც კანალიზაციისთვის „შამბოა“ მოწყობილი. ამ დასახლებაში ძირითადად საკანალიზაციო ჭები აქვს მოწყობილი მოსახლეობას. სასმელი წყალიც ჭებიდან საქაჩ სისტემაზეა დამოკიდებული.

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე კანალიზაციის მოწყობაზე არაერთხელ იყო საუბარი, მაგალითად, 2017 წელს „ბათუმის წყალი“ სარეკლამო სტატიაში წერდა:

„ამჟამად ბათუმში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის მე-3 ფაზა მიმდინარეობს. აღნიშნული ფაზის ფარგლებში, ბათუმის უბნებში: ჭაობში, გოროდოკში, ბენზესა და ასევე, ბათუმს ახალშემოერთებულ ტერიტორიებზე, ჩატარდება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია“

„ბათუმელების“ არქივმა შეგვახსენა, რომ მოსახლეობას 2015 წელსაც ჰპირდებოდნენ ამ პრობლემის მოგვარებას:

„აღნიშნული პროცედურების გათვალისწინებით და დამატებით სესხის [„ბათუმელების“ ინფორმაციით, 30 მილიონამდე ევრო] აღების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, როგორც მერის მრჩეველი ამბობს, სამუშაოები 2016 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. რაც შეეხება დასრულების ვადებს, ჯაბა ტუღუშის თქმით, „ის, თუ რა პერიოდი დასჭირდება , შესწავლის შემდეგ გვეცოდინება. ზოგადად, მე-3 და მე-4 ფაზების დასრულებას 2018-2020 წლებში ვვარაუდობთ“, – ვკითხულობთ „ბათუმელების“ 2015 წლის ერთ-ერთ სტატიაში.

ადლიასა და ანგისაში რომ წყალი და კანალიზაცია უნდა მოეწყოთ, ეს ბათუმის მერიის 2018 წლის სტრატეგიული განვითარების გეგმაშიც ეწერა.

„ქ. ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების მაცხოვრებლები (ყოფილი ხელვაჩაური) ვერ სარგებლობდნენ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური ქსელით, რადგანაც აქამდე არ არსებობდა, დღემდე მოსახლეობა წყალმომარაგების მიზნით იყენებს მიწისქვეშა წყლებს…“, – ვკითხულობთ ბათუმის მერიის 2018 წლის სტრატეგიულ გეგმაში.

ამ თემაზე:

„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: