მთავარი,სიახლეები

„არ მეშინია პროკურატურის“ – მოსამართლე, რომელსაც პლაჟზე არასრულწლოვნის ცემას ედავებიან 

03.08.2019 • 3099
„არ მეშინია პროკურატურის“ – მოსამართლე, რომელსაც პლაჟზე არასრულწლოვნის ცემას ედავებიან 

„მე ვარ ძალიან დამოუკიდებელი. ცოტა ხნის წინ უვადოდ გადავინიშნე, ამიტომ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, არ მეშინია პროკურატურის და არც რომელიმე საგამოძიებო ორგანოსი, მით უმეტეს, ხანდაზმული საქმის გამოყენების, ეს არის წარმოუდგენელი რაღაც,“ – ასე უპასუხა მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ ნაზი ჯანეზაშვილის ერთ-ერთ შეკითხვას. გიორგი მიქაუტაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს. ნაზი ჯანეზაშვილმა კი მას სამი წლის წინანდელი „გონიოს პლაჟის ინციდენტი“ შეახსენა და ჰკითხა: რატომ არ აწუხებს მოსამართლეს ის ამბავი, რომ პროკურატურას ამ დრომდე საქმე გამოძიებული არ აქვს და, შესაძლოა, ხელისუფლებამ ამ გზით მის დამოუკიდებლობას პრობლემა შეუქმნას.

„უკვე გასულია ხანდაზმულობის ვადა, გამოძიება ისევ მიმდინარეობს დარღვევით. თქვენ რით ახსნით ამას? ეს არ უქმნის საფრთხეს მოსამართლის იმიჯს? ესეც ხომ შეიძლება იყოს ბერკეტი მოსამართლის წინააღმდეგ?… თქვენ არ მოგიმართავთ საბჭოსთვის ამ თემაზე, იქნებ დაცვა სჭირდება მოსამართლეს. იქნებ, ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა რამე საქმეზე, რომელშიც ფიგურანტი არის მოსამართლე? ასე შეიძლება თქვენ 65 წლს გახდეთ და ისევ არ იყოს საქმე გამოძიებული…“, – აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.

„დიახ, თეორიულად ეს შესაძლებელია,“ – დასძინა გიორგი მიქაუტაძემ.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების – თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის თქმით, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, ბავშვს პლაჟზე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. იმავე საღამოს დააკავეს არასრულწლოვნის მშობლები. მოგვიანებით პროკურატურამ ცალკე დაიწყო ძიება პლაჟზე არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე. სწორედ ამ საქმის გამოძიების დაუსრულებლობაზე იკითხა ნაზი ჯანეზაშვილმა.

2016 წლის ზაფხულიდან დღემდე გამოძიებას არ უთქვამს, სცემა თუ არა მოსამართლემ არასრულწლოვანს – ოფიციალურად ძიება გრძელდება. სამაგიეროდ, მალევე დასრულდა ძიება და უკვე გაასამართლეს კიდეც ბიჭის მშობლები, რომლებსაც, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ჩვენების საფუძველზე, პროკურატურა მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებოდა. ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ფაქტი საბოლოოდ არ დადასტურდა და ბრალდებულ მშობლებს ხულიგნობის მუხლით შეუფარდეს ჯარიმის გადახდა. მსჯავრდებულები დიდ ბრიტანეთში არიან. მათ უკვე მიიღეს პოლიტიკური თავშესაფარი და მათთან ერთად არასრუწლოვანი ბიჭიც, რომელიც მოსამართლეს პლაჟზე ფიზიკურ ძალადობას ედავება.

გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთან გასაუბრების დროს აღნიშნა, რომ არასრუწლოვანი, რომელიც ამ ეტაპზე გამოძიებას დაზარალებულად მიჩნეული არ ჰყავს, საგამოძიებო ორგანოში არ ცხადდება.

„თუ გაქვთ ეს დოკუმენტი, რომელიც პროკურატურიდან იყო გადმოგზავნილი, იქ არის განმარტებული, რომ არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც რამდენჯერმე იყო გამოძახებული, არ გამოცხადდა ჩვენების მისაცემად და რეალურად დაკითხული არ არის. პირი, რომელიც შეიძლება მოიაზრებოდეს დაზარალებულად, საგამოძიებო ორგანოში არ ცხადდება… რატომ არ იღებენ  გადაწყვეტილებას ამა თუ იმ საკითხზე, მე პროკურატურის ორგანოებთან არ მქონია ამ თემაზე არანაირი კომუნიკაცია, არც დავინტერესებულვარ და ეს არასწორი იქნებოდა. მე რომ დავიწყო წერილების გაგზავნა და რეკვა, იმის გარკვევა, არიქა, ჩემს საქმეს ყურადღება მიაქციეთ-მეთქი, ეს შეიძლება აღქმული იყოს სხვაგვარად…“ – უპასუხა გიორგი მიქაუტაძემ ნაზი ჯანეზაშვილს.

მოსამართლემ ასევე თქვა, რომ დაპირისპირებულ მხარესთან, ანუ არასრულწლოვანსა და მის მშობლებთან შერიგება სცადა, თუმცა უშედეგოდ.

„არ  ვარ გამოუცდელი იურისტი და ზუსტად ვიცი, რომ ვერავინ ზიანს ვერ მომაყენებს ამ საქმიდან გამომდინარე. მე სწორად მოვიქეცი მაშინაც… დაზარალებული მე ვიყავი რეალურად და მე დიდი სურვილი მქონდა, რომ შერიგების მსგავსი მომხდარიყო… ინტერნეტში დამონტაჟებული ვიდეოებია გამოქვეყნებული. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არის თხოვნა, ელემენტარული ობიექტურობის შენარჩუნების მიზნით, გაჩვენონ თქვენ სრული ვიდეო, ეს არის მეათედი და არის ამოჭრილი. მე მივიტანე ეს ჩანაწერი და საგამოძიებო ორგანოებს ჩავაბარე, ახლა რომც მთხოვოთ, არც მაქვს… ოდესმე უნდა დასრულდეს ეს საქმე,“ – აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ [ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა არასრულწლოვნის მშობლების ინტერესებს. მათ გამოძიება მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ედავებოდა].

„პროკურატურაც და მიქაუტაძეც ცრუობენ, როდესაც აცხადებენ, რომ გამოძიება ჭიანურდება იმიტომ, რომ ბავშვი არ არის დაკითხული. ბავშვის დაკითხვის ოქმი ორ წელზე მეტია, რაც საქმის მასალებშია. გარდა ამისა, ჩვენმა ადვოკატმა არაერთხელ შეატყობინა, რომ განმეორებითი დაკითხვა შესაძლებელია სკაიპით, ნებისმიერ დროს, მაგრამ არავინ დაგვკავშირებია ამ საკითხზე,“ – ამბობს თამარ ხაჭაპურიძე, რომელიც ახლა დიდ ბრიტანეთშია. ჩვენ მას სოციალური ქსელში დავუკავშირდით.

არასრუწლოვანი, ვიდრე ის ქვეყანას დატოვებდა, ადვოკატმა გამოკითხა. გამოკითხვის ოქმი უკვე არსებობს საქმეში. თამარ ხაჭაპურიძე ეჭვობს, რომ პროკურატურა მიზანმიმართულად არ ასრულებს ამ საქმის გამოძიებას: „იმისთვის, რომ მიქაუტაძეზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდეთ“ .

საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე იხსენებს, რომ არასრუწლოვნის მშობლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების დროს, პროკურატურას სულ 48 საათი დასჭირდა ბრალის წარსადგენად. არასრულწლოვნის ცემის საქმეში კი, სადაც მოსამართლეა ფიგურანტი გმირი, გამოძიებამ ორი წლისთავზე შედეგი ვერ დადო და არც სამი წლისთავზე ამბობს, რომ გამოძიება შეწყდა. საია-ს იურისტი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ ამ შემთხვევაში საპროცესო კანონმდებლობა დაარღვია.

„ფიზიკური ძალადობის მუხლზე დაწყებული გამოძიების შემთხვევაში, პროკურატურას საქმის გამოძიებისთვის 2 წლიანი ვადა აქვს. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, გამოძიება უნდა შეწყდეს. კანონის ამ მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურას არც საქმის ძიება შეუწყვეტია… ამ საქმეში არსებობდა არასრულწლოვნის გამოკითხვის ოქმი, მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნაც. ამის მიუხედავად, პროკურატურას არ დაუწყია სისხლისსამართლებრივი დევნა,“ – გვითხრა საია-ს იურისტმა, პაატა დიასამიძემ.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: