ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმი თითო ავტობუსში 536 600 ლარს გადაიხდის – ქალაქი 65 ავტობუსს იყიდის

16.10.2022 • 2417
ბათუმი თითო ავტობუსში 536 600 ლარს გადაიხდის – ქალაქი 65 ავტობუსს იყიდის

ბათუმისთვის 65 ახალი ავტობუსის შესყიდვასა და მათი გეგმიური ფლობის მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. გამარჯვებულად გამოვლენილია შპს „ჯი-თი გრუპი“, რომელიც მერიას ერთ ავტობუსს 536 600 ლარად მიჰყიდის. ანუ, ჯამში ქალაქი 34 879 000 ლარს გადაიხდის 65 ავტობუსში [დღგ-სა და ყველა მომსახურების ჩათვლით].

კომპანია მერიას თურქული წარმოების, „ისუზუს“ ბრენდის 9,5 მეტრი სიგრძის ავტობუსებს სთავაზობს [ერთი ასეთი ავტობუსის ფასი კომპანიამ – 2021 წლის ივლისში – 569 370 ლარი დააფიქსირა. ტენდერში მხოლოდ ეს კომპანია მონაწილეობდა და  შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაც 569 370 ლარი იყო. ბათუმმა ამ ფასად შარშან 20 ასეთი ავტობუსი შეიძინა].

ამჯერად, ტენდერში მეორე კომპანიაც „თეგეტა თრაქ ენდ ბას“ მონაწილეობდა, რომელიც შემსყიდველს ერთ ავტობუსს 539 454 ლარად სთავაზობდა [ტენდერიდან არ ირკვევა რა ბრენდის ავტობუსებს სთავაზობდა ეს კომპანია შესყიდვების სააგენტოს].

დოკუმენტების მიხედვით, თურქული კომპანია Anadolu lsuzu Otomotiv Sanayi ve Ticaret A.S.-ი ადასტურებს, რომ „ჯი-თი გრუპი“ 2015 წლიდან არის მათ მიერ წარმოებული Isuzu-ს ბრენდის სატრანსპორტო საშუალებების ოფიციალური დილერი საქართველოში.

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტში ავტობუსების შესაძენად 7 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ტენდერის პირობის მიხედვით კი, გამარჯვებულმა კომპანიამ ქალაქის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ 65 ერთეული ავტობუსი უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 240 დღეში [8 თვეში].

65 ავტობუსის მთლიანი ღირებულება [34 მილიონ 879 ათასი ლარი] კი, ქალაქის მერიამ 2024 წლის 31 ივლისამდე უნდა დაფაროს.

ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შეძენაზე კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ჰქონდა გამოცხადებული.

კონსოლიდირებული ტენდერის პირობით, ერთი ავტობუსის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება [სატენდერო თანხა] მაქსიმუმ 561 140 ლარი იყო, დღგ-ს ჩათვლით:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/436144/?fbclid=IwAR0BZsJcJzBdxNcWUnNy-xhIViW4drdxGZAdTt0exaaLmJ_L03QpgePYezU

მთავარი ფოტო: ისუზუს ბრენდის ავტობუსები ბათუმში / 2021 წელი / ფოტო არქივიდან

გადაბეჭდვის წესი