მთავარი,სიახლეები

ბათუმის უბნები, სადაც არც გზაა და არც კანალიზაცია – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებზე უნდა წავიდნენ

05.02.2022 • 6680
ბათუმის უბნები, სადაც არც გზაა და არც კანალიზაცია – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებზე უნდა წავიდნენ

„რა მოგიყვეთ? მოგიყვეთ, რომ არჩევნები არ გვეხება, კანალიზაციაც კი არ გაგვიკეთეს და მაინც ქალაქი დაგვარქვეს?“ – გვითხრა ბიჭიკო მალაყმაძემ კახაბრის დასახლებაში. ბიჭიკოს საკუთარი სახლის შესასვლელთან პატარა ჯიხური ჩაუდგამს და მუყაოს ქაღალდზე დაუწერია მსხვილად – „მარკეტი“.

„გაჭირვებაა დიდი და ამიტომ გავხსენით. ერთი თვეც არაა ჯერ გასული და ნისიებია. შვილები პოლონეთში წავიდნენ სამუშაოდ, ჩვენ რა გვექნა?“ – გვითხრა მან.

კითხვები ბიჭიკო მალაყმაძის მსგავსად სხვა ადამიანებსაც აქვთ კახაბრის დასახლებაში, ადლიასა და  აეროპორტის გზატკეცილზე.

ეს ის უბნებია, რომლებიც ბათუმს წლების წინ მიუერთეს, თუმცა პრობლემები იგივე დარჩა: კანალიზაციის სისტემა არ არსებობს, არც სანიაღვრე არხებია გაჭრილი, სასმელი წყალიც საკანალიზაციო თხრილებთან ახლოს მდებარე ჭაზეა დამოკიდებული, არც გარეგანათებაზე უზრუნია ვინმეს, გზებზე გავლა კი ისევ ისე რთულია, როგორც მაშინ, როცა აქაურობას ჯერ კიდევ სოფელი ერქვა. აქ 2 აპრილს არჩევნებია

ამ დასახლებაში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 296 ხმით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ ფუტკარაძემ მოიგო, თუმცა იგი გარდაიცვალა და აქ ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ხელახლა უნდა აირჩიონ.

კახაბრის დასახლება, ბათუმი

ბიჭიკო მალაყმაძის მარკეტი

ბიჭიკო მალაყმაძე მეუღლესთან ერთად

„სანიაღვრეების მოწყობა ახლა დაიწყეს, ჭაობი იყო მანამდე. ამინდიც ხელს არ  უწყობთ, თორემ გააკეთებდნენ აქამდე… ალბათ… იმედია,“ – გვიყვება ბიჭიკო და სახელდახელოდ მოწყობილ ჯიხურში მყიდველს ემსახურება პარალელურად.

ბიჭიკო მალაყმაძე სულ რამდენიმე თაროზე ჩამწკრივებულ, პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებს ყიდის.

„რა მაღაზია ესაა, 200 ლარის საქონელი თუ იქნება…“, – მზერას გვარიდებს ბიჭიკო და იღიმის. „მარკეტში“ მისი  ცოლი შემოდის. ისიც ამბობს, რომ ცხოვრება გართულდა, ორივე ბიჭი სამუშაოდ პოლონეთში გაუშვა, სადღაც ქარხანაში ვმუშაობთო, იწერებიან თურმე იქიდან და აქ ბებია-ბაბუა ზრდის შვილიშვილებს.

„აქედან გამოიარეთ, ასე სჯობს, არ დაისვრებით, ტალახია,“ – ხელით მანიშნებს სად სჯობს ქუჩაში გავლა ბიჭიკო მალაყმაძე. მას ვთხოვეთ ეჩვენებინა საკანალიზაციო ჭა, რომელიც აქ თითქმის ყველა ოჯახს აქვს.

ბათუმში, გასულ წელს, წინასაარჩევნოდ, ხელოვნური კუნძულის აშენება დააანონსა მთავრობამ, მილიონობით ლარი ქვაფენილების აყრასა და ხელახლა ასფალტის დასაგებად იხარჯება, თუმცა მთავრობას აქ მცხოვრები ათასობით ოჯახისთვის ჯერ არავის მოუცლია.

ზღვისპირა და ტურისტული ქალაქის ამ ნაწილში კანალიზაციის სისტემა საერთოდ არ არსებობს.

საკანალიზაციო თხრილი – ბათუმში არსებობს დასახლება, სადაც ამ დრომდე არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა

ბიჭიკო მალაყმაძეს საკანალიზაციო თხრილი კერძო სახლის უკან, ბოსტნის გვერდით მოუწყვია. გვიყვება, რომ ასე იყო წლების წინ და ასეა ახლაც. არაფერი შეცვლილაო, იმეორებს პერიოდულად ისე, რომ მოლოდინი არც აქვს, რომ ამ პრობლემას მოაგვარებს ვინმე.

„ასეა, ამოთხრი ღრმა მიწას და მიაერთებ მილს. მერე ორ-სამ თვეში ერთხელ უნდა გამოიძახო მანქანა, რომ ამოქაჩოს. ამოქაჩავენ, ფულს გადაიხდი და წავლენ, სუნი დგება ისეთი, უჰ,“ – სახე ემანჭება ბიჭიკოს და ისევ მაღაზიისკენ მიდის სწრაფი ნაბიჯებით მორიგ კლიენტთან შესახვედრად.

დასახლების პრობლემებზე ავტოსახელოსნოში მურმან გოგიაშვილსაც ვესაუბრეთ. ის უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი, ვიდრე ბიჭიკო და ამბობს, რომ, მაგალითად, სასმელი წყლის სისტემა წესრიგდება. ასევე, ჯერ არ ჩართულა, მაგრამ აწყობენ გარეგანათების სისტემასაც.

„არ ვარ არც ოპოზიცია და არც პოზიცია, გულისტკივილს რა დალევს, მაგრამ რაღაც კეთდება…“, – აღნიშნა მან. დასახლების პრობლემებზე ნაკლებად საუბრობს, მაგრამ ავტოხელოსანი ხაზს უსვამს, რომ საკრებულოს წევრს, ნუგზარ ფუტკარაძეს პირადად იცნობდა და მისი უშუალობა მოსწონდა.

„ნუგზარ ფუტკარაძე იყო გავლენიანი პიროვნება, ნუგზარის შვილს არ ვიცნობ [ენმ ამ დასახლებაში ნუგზარ ფუტკარაძის შვილის კანდიდატად დასახელებას განიხილავს], არც „ქართული ოცნების“ კანდიდატს ვიცნობ. მასში [ნუგზარ ფუტკარაძე] არ იგრძნობოდა ის, რომ თანამდებობის პირია, უბრალო კაცი იყო,“ – გვიყვება მურმან გოგიაშვილი და თავისი ხელით დამზადებულ ღუმელთან მივყავართ.

მურმან გოგიაშვილი ღუმელთან, რომელიც გადამუშავებულ ზეთზე მუშაობს

„ეს ღუმელი გადამუშავებულ ზეთზე მუშაობს, იუთუბში ვნახე ვიდეო და ჩემი ხელით შევადუღაბე, 5 ლიტრი სჭირდება დღე-ღამეში, რაც ორი ლარი ღირს. სახელოსნო მაქვს და სულ მაქვს ეს ზეთი, ხან ვყიდულობ და ასეა, “ – გვითხრა მურმან გოგიაშვილმა.

კახაბრის დასახლებაში გზას განვაგრძობთ. გზის ერთ ნაწილში ორმო გაუჭრიათ და უსაფრთხოებისთვის ლენტით შემოუსაზღვრავთ. ორმოს მიღმა დიდი სახლია, სახურავზე აღმართული საქართველოს დროშით. ჩანს, რომ სახლში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.

„მაქ ვინც ცხოვრობს, ის ნაციონალია და იმან აღმართა, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ, არჩევნები არ ვიცით,“ – ღიმილით მპასუხობს მაყვალა მამულაძე, რომელიც დროშიანი სახლის პირველ სართულზე ცხოვრობს. ის სახლის კედელზე ხელის მიდებით გვაჩვენებს, რა სიმაღლეზე იტბორება სახლი, როცა მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოდის.

მაყვალა მამულაძე

სახლში, რომლის წინაც ორმო გაუთხრიათ და მილებს აწყობენ სანიაღვრე წყლებისთვის, ოთხი ოჯახი ცხოვრობს

„ერთი თვის წინ აღმართა დროშა, რა ვიცი, ჯერ ვერ ადიოდა, მარა ბოლოს ავიდა,“ – ეს ქეთი ბოლქვაძემ გვითხრა. ის გონერი გელაძის ცოლია. გონერი შინ არ დაგვხვდა და მის ცოლს ვკითხეთ: როგორ და ვინ აღმართა დროშა სახლის სახურავზე, კახაბერში.

„აქ უნდა გენახეთ, როცა წყლით ვიყავით სავსე, არავის არაფერი არ აუნაზღაურებია… ახლა მოვიდნენ, ორი დღის წინ და ეს ორმო გათხარეს, მილებს აწყობენ, სანიაღვრე სისტემისაა, წყალს გაიწოვსო,“ – გვიყვება მაყვალა მამულაძე.

„ჰო, ზორი მიაწვა „ოცნებას“ და აკეთებენ ახლა,“ – დიალოგს კიდევ ერთი მეზობელი უერთდება აჭარული დიალექტით – ედო წიწნაძე. იგი იქვე, ღიმილიანი სახით განმარტავს, ზორი გაჭირვებას ნიშნავსო.

სახლის შესასვლელთან გამოდის ედოს ცოლიც – ნადია ჭელიძე. ის გვიყვება, რომ როცა წვიმს, ბავშვები სკოლაში ხელში აყვანილი მიჰყავს.

„სკოლა შორს არაა, მაგრამ როცა წვიმს, ან ნაწვიმარია, სულ ტალახია, უფროსი მეორე კლასშია, პატარა – პირველკლასელია. ისეთი ტალახია, ბავშვი ვერ გაივლის…

სოციალურად დაუცველები ვართ, სასადილოშიც უნდა მივიდე, რომ საკვები წამოვიღო. ყველგან გზა დაიგო, ჩვენ დავრჩით უგზოდ… ეზოშიც ისეთი ამბავია…ზაფხულში რამდენი გველი მარტო მე მოვკალი,“ – ამბობს ნადია და სახლში ბრუნდება.

ნადია ჭელიძე და ანა-მარია

რას შეცვლის არჩევნები? – ვეკითხები ეზოში დარჩენილებს.

„გაიმარჯვა ფუტკარაძემ და შეისწრეს კაცი, რა აზრი ჰქონდა? მთავრობაში ვინც არის, ის იმარჯვებს… ყველას ხმა უნდა, მერე არავის არაფერი აღარ ახსოვს, დაგვანებეთ თავი,“ – ბრაზი ეტყობა მაყვალა მამულაძეს, ორმოს გაჰყურებს, წვიმის დროს მშენებლებს რომ მიუტოვებიათ და ამატებს:

„31 წელია აქ ვარ მოსული და არაფერი შეცვლილა  ამ ორმოს მეტი…. მაშინ კოლექტივი იყო, მეურნეობა, ისიც დაიშალა,“ –  ლაპარაკ-ლაპარაკით მაყვალა მამულაძე სახლში შედის.

კახაბრის დასახლება, ბათუმი

ქალი კახაბრიდან: „პენსია ნახევარი ბანკს მიაქვს სესხად, ნახევარი გამაყუჩებელში არ მყოფნის. მტკივა, ვერ ვიძინებ და ვტირი…“ 

„ბათუმის მერიამ აი, ეს გაზის გამათბობელი გადმომცა და ტელევიზორი, მაგრამ რაზე ჩავრთო გაზი? ვიყინები, სახსრები მტკივა, ისე მტკივა, რომ ღამე ვერ ვიძინებ, სულ ვზივარ და ვტირი…გაზაფხულზე, 2 მარტს 60 წლის გავხდები, მე მარტო ვცხოვრობ,“ – ეს კახაბრის დასახლებაში მცხოვრებმა ნადიკო ცეცხლაძემ გვითხრა.

ნადიკო ცეცხლაძე 17 წელია თვითნებურად დაკავებულ ფართში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ მერიას დაკანონების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

„მანამდე რამდენიმე წელი აქ მეურნეობის საქათმე იყო და იქ მეძინა… ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, მოითმინო უნდაო, სულ ამას მეუბნებოდა ყველა: დედამთილი, მამამთილი, დედაც… ბოლოს, როცა თივის „ვილკა“ გამიყარა  ყელში ქმარმა და თვალი გადმომივარდა, ბავშვები, საკუთარი შვილებიც კი დავტოვე და გამოვიქეცი,“ – გვიყვება ნადიკო და ქოხის წინ მოწყობილ ონკანის სახელურს ატრიალებს – წყალი მოდის.

„რა კარგია, მოსულა წყალი,“ – უხარია ნადიკოს და ქოხში შევყავართ.

ნადიკო ცეცხლაძე

რადგანაც საკუთრება რეგისტრირებული არ აქვს, ნადიკო ცეცხლაძე ელექტროენერგიის, წყლის, თუ ბუნებრივი აირის აბონენტად ვერ რეგისტრირდება. ნადიკო გვიმხელს, კეთილი მეზობლები როგორ დაეხმარნენ და ელექტროსადენი დაუთმეს.

ნადიკოს ბავშვობიდან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონია. მას ხერხემალი აქვს დაზიანებული და ახლაც იღებს შშმ პირის პენსიას – თვეში 140 ლარს.

„ჩემი შემოსავალი ესაა და კიდევ 60 ლარს მაძლევენ, როგორც სოციალურად დაუცველს, მაგრამ 200 ლარიდან თითქმის ნახევარი ბანკს მიაქვს, სესხი მაქვს აღებული, კორონაც მქონდა… ისეთი ტკივილებიც მაქვს, დღეში 5 ლარის გამაყუჩებლები არ მყოფნის მარტო, მტკივდება ხერხემალი,“ – მორყეულ სავარძელში ჩაჯდომას ცდილობს ქალი და მერე აღწერს, როგორ ვერ წავიდა დღესაც უფასო სასადილოში, მისთვის განკუთვნილი საკვები რომ წამოეღო.

„ვსველდები და მერე სად გავაშრო ტანსაცმელი? უარესად მტკივდება ყველაფერი… ამიტომაც, აღარ წავედი დღეს, წვიმდა. გუშინდელი წამოღებული წიწიბურა მქონდა, კიდევ ბრინჯი, ერთმანეთში ავურიე და ეს არის. პური აღარ მეყო. ისეც ნახევარ პურს გვაძლევენ დღეში. ნახევარი პური როგორ მეყოს?“ – კითხულობს ნადიკო და პაუზის შემდეგ გვიყვება, როგორ დააღწია თავი ოჯახში ძალადობას.

„შვილები მყავს, მაგრამ ხუთ წელიწადში ერთხელ თუ შემოივლის რომელიმე, ისაა.

შვილების გამო არ მოვდიოდი ქმრის ოჯახიდან წლების განმავლობაში. ჩემს ყოფილ ქმარს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, არ ვამტყუნებ, მაგრამ მე რა მექნა?

ჩემს დროს კი არ იყო ასე ინტერნეტი, რომ დარეკავ და დაგეხმარება ვიღაც. აქეთ მეჩხუბებოდნენ, საქონელს ვერ უვლიო, ჩალა ვერ მოამზადეო… არ შემეძლო, მიჭირდა მეც ფიზიკურად.

რამდენჯერმე შვილები წამოვიყვანე და წამოვედი დედ-მამის სახლში, მაგრამ დედამაც მითხრა, ვერცერთი რძალი ვერ აგიტანს ასეო. მამაც, როცა გავთხოვდი, მეორე წელიწადს მომიკვდა.

მერე, სახლში დაბრუნებულს, შვილები წამართვეს და დავბრუნდი ისევ ქმრის ოჯახში. ბოლოს, როცა „ვილკით“ დამესხა თავს, დავყარე შვილებიც და გამოვიქეცი…

რამდენი ღამე ბაზრის კიბეებზე მეძინა. მერე სიგარეტებით ვაჭრობა დავიწყე დახლზე… აქ შემიფარეს და საქათმეში მეძინა. ოპერაციაც გავიკეთე და თვალებშიც გამოვიხედე, დაბრმავებული ვიყავი თითქმის,“ – დაასრულა ნადიკო ცეცხლაძემ და ქოხის ჭერს ახედა ერთ კუთხეში იმის სანახავად, ჩამოდიოდა თუ არა ისევ წვიმის წვეთები სახლში.

  • რას ჰყვებიან ადლიაში: „15 წელია ქალაქი ვართ, მაგრამ ნუმერაცია მოგვანიჭეს მარტო“

„მთავარი პრობლემაა კანალიზაციაა, სანიაღვრე არხები, წყალი…“, – ჩამოგვითვალა ნანული დიასამიძემ, რომელიც ადლიის ქუჩაზე ცხოვრობს და ვკითხეთ, რა პრობლემები აწუხებს ახლა ყველაზე მეტად.

ადლიის დასახლებაში ძირითადად კერძო სახლებია პატარა, ლამაზი ბაღებითა და ეზოებით. მცირე წვიმის დროს ამ დასახლების ქუჩებში გავლისას მარტივად საგრძნობია, რომ აქ ვერ გაუმჯობესდა ცხოვრება – ეზოებში, სახურავებთან ახლოს, რკინის ავზები სასმელი წყლისთვის ისევ უდგათ, ქუჩებში გავლა რთულია.

ნანული დიასამიძე

„მერიის პასუხი არის ეს, რასაც ხედავთ… უკვე 15 წელია ქალაქი ვართ, მაგრამ ნუმერაციის გარდა, აქ არაფერი შეცვლილა. ამჯერადაც გაიმარჯვებს ენმ არჩევნებში, ნუგზარ ფუტკარაძის ფაქტორი იყო, რა თქმა უნდა, წინა არჩევნებზე, მაგრამ ვფიქრობ, პარტიაა აქ მნიშვნელოვანი,“ – საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს ხაზს უსვამს ნანული დიასამიძე, აივანზე ჩერდება და ხელით ორ მშენებარე კორპუსს გვაჩვენებს, მის მეზობლად რომ შენდება.

მშენებარე კორპუსები, ადლიის ქუჩა, ბათუმი

„საინტერესოა, იქ როგორ უნდა მოეწყოს საკანალიზაციო სისტემა. გავიგე, თეთრი კარკასით ბარდებაო,“ – ნახევრად ირონიით ამბობს ნანული დიასამიძე.

ადლიის დასახლებაში შენიშნავთ მასობრივად დაუკრეფავ მანდარინის ბუჩქებსაც. ადლიელები ჰყვებიან, რომ მანდარინს ხარისხი გაუფუჭდა და დაკრეფა აღარ ღირდა.

ადლია

მანდარინის ბაღი ადლიაში, ბათუმი

ადლიის ქუჩა, ბათუმი

ადლიის დასახლების ქუჩებში ყურადღებას იქცევს მოსაცდელიც თავისი ფორმით და, მაგალითად, შეკრების ადგილი, იგივე სადისკუსიო, ან კარტის თუ დომინოს სათამაშო სივრცე, რომელიც წვიმის დროს ღია, მაგრამ ცარიელი დაგვხვდა.

მოსაცდელი ადლიაში, ბათუმი

„22 წელია აქ ვცხოვრობ და ისევ გვჭირდება ეს ავზები, რასაც ჩემს უკან ხედავთ. შუქი თუ წავიდა, უწყლოდ რჩები, საქაჩი არ მუშაობს. ამიტომაც საჭიროა ავზი,“ – ეს გასაუბრების დროს კიდევ ერთმა ადლიელმა გვითხრა, გოჩა ლომინაძემ.

„პრობლემაა სუნიც, რომელიც პერიოდულად ნაგავსაყრელიდან მოდის… არა და არ გვარდება კანალიზაციის პრობლემა. მე, მაგალითად, ორ თვეში ერთხელ ვიძახებ მანქანას საკანალიზაციო თხრილის გასაწმენდად. ერთი გამოძახება ყველაზე ცოტა 80 ლარი ღირს, ზოგჯერ 100 ლარსაც ითხოვენ.

გარეგანათებაც პრობლემაა. ბოლო 2 თვეა ადლიის ქუჩა ჩაბნელებულია. ქურდობაც დაიწყება ალბათ… მოგვარდებაო, სულ გვეუბნებიან წინასაარჩევნოდ, ახლაც გვეტყვიან ალბათ იგივეს და ვუცდით ჩვენც ცის გახსნას,“ – ნახევრად ირონიულად ამბობს გოჩა ლომინაძე.

გოჩა ლომინაძე, ადლია, ბათუმი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: