მთავარი,სიახლეები

მოსამართლე მიქაუტაძის მიერ „ბავშვის ცემის საქმე“ – რას ეკითხება ევროსასამართლო მთავრობას

12.12.2022 •
მოსამართლე მიქაუტაძის მიერ „ბავშვის ცემის საქმე“ – რას ეკითხება ევროსასამართლო მთავრობას

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს 3 შეკითხვას უნდა უპასუხოს „მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის საქმეზე“. კითხვების ჩამონათვალი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსგან უკვე მიიღო საქართველოს მთავრობამ.

გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა, მანამდე იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო. 2016 წელს თამარ ხაჭაპურიძე ამბობდა, რომ თავის არასრულწლოვან შვილს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ გონიოს პლაჟზე მის თვალწინ სცემა.

გამოძიება მოზარდის ცემაზე იმავე დღეს დაიწყო, თუმცა ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას საღამოს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა – დააკავეს არასრულწლოვნის მშობლები: თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე.

ამ დრომდე გამოძიებას არაფერი დაუდგენია და ძიება არ დასრულებულა მოზარდის ცემის საქმეზე, სადაც, მშობლების თქმით, დამნაშავე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეა. მოზარდი უკვე სრულწლოვანი გახდა, მოზარდის მშობლებს კი, მხოლოდ ჯარიმის გადახდა დააკისრეს. ისინი ახლა დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ, სადაც მათ პოლიტიკური დევნილის სტატუსიც მიიღეს.

თამარ ხაჭაპურიძემ მეუღლესთან ერთად სტრასბურგის სასამართლოს 2022 წლის მარტში მიმართა. ევროსასამართლოს პირველი კითხვა, რასაც საქართველოს მთავრობამ უნდა უპასუხოს, ასეთია:

„გამოიყენება/შესაფერისია თუ არა კონვენციის მესამე მუხლი 2016 წლის 26 აგვისტოს ინციდენტის სავარაუდო არაეფექტურ გამოძიებასთან დაკავშირებით?“ პირველ რიგში, ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ცდილობს ახლა სტრასბურგის სასამართლო. ევროპული კონვენციის მესამე მუხლი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დაუშვებლობას გულისხმობს.

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს ასევე აინტერესებს, თავად საქართველოს მთავრობა რამდენად ეფექტურად მიიჩნევს გამოძიებას, როცა იგი 2016 წელს დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა. მეორე შეკითხვის ფორმულირება ასეთია: „თუ ასეა, გაატარეს თუ არა ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა ეფექტური გამოძიება აპლიკანტის საჩივართან დაკავშირებით?“

მესამე კითხვა კი, კონვენციის მე-8 მუხლს ეხება, რაც გულისხმობს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევის დაუშვებლობას.

„იჩენს თუ არა თავს პრობლემა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ნაწილში?“ – ესეც სტრასბურგის სასამართლოს მესამე შეკითხვა საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობამ 2023 წლის მარტის ბოლომდე უნდა უპასუხოს სტრასბურგის სასამართლოს შეკითხვებს.

„5 წელი მასამართლებდნენ იმისთვის, რომ შვილის სისხლის დანახვით აღელვებულმა დედამ წარმოვთქვი სიტყვები, რომლებიც თურმე მუქარას შეიცავდა. რაკი მეუღლესთან ერთად ვიმყოფებოდი, მუქარას ჯგუფური უწოდეს, რათა ბრალი დაემძიმებინათ და ისიც გაასამართლეს…“, – მოგვწერა მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძემ 2022 წლის აპრილში, როცა ევროსასამართლომ მისი სარჩელი დასაშვებად მიიჩნია. – „გვემუქრებოდნენ 10 წლამდე პატიმრობით, რათა დაეფარათ მაშინდელი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის მიერ ჩემი 13 წლის შვილის ცემისა და დაზიანების ფაქტი.

კიდევ ერთხელ გაოცდება სტრასბურგის სასამართლო, თუ რა ბინძური და უკანონო მეთოდებით დაგვიპირისპირდა მე და ჩემს ოჯახს სახელმწიფო მანქანა, პროკურატურა, სასამართლო, იკადრეს ყველაფერი, შეთითხნილი ბრალი, მტკიცებულებების გადამალვა, დაშინება, მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმა და ა.შ. ჩემი შვილიც კი არ დაკითხეს სასამართლოზე, რათა მას არ ეთქვა, რომ მიქაუტაძემ დაარტყა“, – აღნიშნა თამარ ხაჭაპურიძემ.

———————–

გამოძიებას მოზარდის ცემის საქმეზე, რაც 6 წლის წინ დაიწყო, არაფერი გაურკვევია, სამაგიეროდ, თამარ ხაჭაპურიძე და მისი მეუღლე – კახა ხაჩიძე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში 2018 წელს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა გაასამართლა , გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ბრალდებულები 5 ათასი ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ ამ საქმეზე ხულიგნობა დაადგინა, შესაბამისად, არ დაადასტურა პროკურატურის ვერსია, რომ მოზარდის მშობლები მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ცდილობდნენ.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი, რომელმაც ეს საქმე 2018 წელს განიხილა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, 2019 წელს დაწინაურდა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა. საიას შეფასებით, რომელიც ამ საქმეში არასრულწლოვანის მშობლების ინტერესებს იცავდა, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა კოლეგიალობა კანონზე მაღლა დააყენა.

სასამართლო განხილვის დროს იუსტიციის საბჭოს მდივანი იყო გიორგი მიქაუტაძე. 2019 წელს იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა. 2020 წლიდან კი, გიორგი მიქაუტაძე უკვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე. გიორგი მიქაუტაძე სასამართლო ხელისუფლების გავლენიანი ჯგუფის წევრია, ამ ჯგუფს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მოიხსნებენ, როგორც კლანს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: